„ვარდების რევოლუციიდან“ „ოცნების“ ნოემბრის კრიზისამდე

ისტორიას პარალელები უყვარს. შესაბამისად, წლევანდელი პოლიტიკური კრიზისი, ვინმეს მოსწონს თუ არა იგი, 16 წლის წინანდელ, ანუ 2003 წლის ნოემბრის მოვლენებთან ილინკება. სხვათა შორის, მაშინაც, ახლანდელის მსგავსად, ყველაფერი არჩევნების საბაბით დაიწყო, ანუ ოპოზიციამ მიიჩნია, რომ 2 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები შევარდნაძის ხელისუფლებამ გააყალბა და საკუთარ მარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. ისე, 2003 წელი დადგა თუ არა, ყველა ხვდებოდა, რომ შევარდნაძის ხელისუფლება ბოლო ჟამს ითვლიდა. შეიძლება, რევოლუციას ბევრი არ ელოდა, მაგრამ პოლიტიკურ კულუარებში დაუფარავად ამბობდნენ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ხელისუფლებას, დიდი ალბათობით, ახალგაზრდა რეფორმატორებს გადააბარებდა და, პრაქტიკულად, ასეც მოხდა.

სხვათა შორის, პოლიტიკურ კულუარებში ხელისუფლების გადაბარების სცენარზე ახლაც აპელირებენ, თუმცა ბიძინა ივანიშვილი ედუარდ შევარდნაძე არ არის, ანუ აწგანსვენებული პრეზიდენტისგან განსხვავებით, „ოცნების“ თავმჯდომარე პოლიტიკაში მაინცდამაინც კარგად ვერ ერკვევა, თუმცა თავის გადარჩენის ინსტინქტი, როგორც ცნობილია, ყველა ცოცხალ არსებას აქვს. ჰოდა, გამორიცხული არ არის, რომ „ოცნებასაც“ სწორედ ეს ინსტინქტი აუმუშავდეს და „ვარდების რევოლუციის“ რიმეიკის მომსწრენი გავხდეთ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პროგნოზი უმადური საქმეა, „ქრონიკა+“ იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება რეალობა, თავს შეიკავებს და მხოლოდ 16 წლის წინანდელი მოვლენების გახსენებით შემოიფარგლება.
მოკლედ, „ვარდების რევოლუციის“ დეტალებს ახლანდელი ვითარების კონტექსტში გადავავლოთ თვალი.
შეთქმულების თეორიების ერთგვარი ხერხემალი სისხლია. ჰოდა, თუ გავყვებით ვერსიას, რომ „ვარდების რევოლუცია“ წმინდა „შეთქმულების თეორია“ იყო და მეტი არაფერი, მაშინ ამ მოვლენაში სისხლის კვალიც უნდა ვეძებოთ. კერძოდ, 2003 წლის ნოემბრის მოვლენებამდე ერთი წლით ადრე უშიშროების საბჭოს მდივანს საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილს პოულობენ და მაშინვე ჩნდება ვერსია, რომ ნუგზარ საჯაიამ თავი მოიკლა. თვითმკვლელობის მიზეზად კი ის დასახელდა, რომ საჯაიამ მედიაში მის წინააღმდეგ აგორებულ „შავ პიარს“ ვერ გაუძლო.
ზოგადად, არავინ იცის, ადამიანის ქვეცნობიერი როდის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაშინდელ საგამოძიებო უწყებებს ზერელედ მაინც უნდა დაესვათ კითხვა: უშიშროების საბჭოს მდივანი ხომ არ მოკლეს?
დავუშვათ, რომ საჯაია მოკლეს, მაგრამ ვის და რატომ აწყობდა უშიშროების საბჭოს მდივნის მოკვლა?
აწგანსვენებული შევარდნაძე, როგორც ამბობენ, საჯაიას უპირობოდ ენდობოდა. ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივანი ყველა ძალოვან უწყებას აკონტროლებდა, ანუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პულსზე ედო ხელი, რაც ვიღაცებს, ალბათ, არ აწყობდათ. შესაბამისად, შეიძლება გაჩნდეს გონივრული ეჭვი, რომ მედიაში წარმოებული „შავი პიარის“ მიზანიც სწორედ ის შედეგი იყო, რომელიც დადგა. ასე იყო თუ ისე, საჯაიას გარდაცვალების შემდეგ ყველას, ვინც პოლიტიკაში, მეტ-ნაკლებად, ერკვევოდა, გაუჩნდა განცდა, რომ ქვეყანა ასაფეთქებლად გამზადებულ ნაღმს დაემსგავსა.
სხვათა შორის, საჯაიას გარდაცვალების პერიოდშივე კიდევ ერთი მოვლენის თვითმხილველნი გავხდით, რომელსაც ზოგი ანალიტიკოსი „მინი რევოლუციასაც“ უწოდებს _ 2001 წლის ნოემბერში „მოქკავშირის“ ე. წ. რეფორმატორების ფრთა ედუარდ შევარდნაძეს ღიად გაემიჯნა და ამ გამიჯვნის საბაბი თავისუფალი სიტყვის დაცვა გახდა, ანუ 2001 წლის ნოემბერში „რუსთავი 2-ში“ უშიშროების საგამოძიებო სამსახური შევიდა, რასაც ხალხის მღელვარება მოყვა _ რუსთაველის გამზირი მომიტინგეებით გაივსო. დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დაცვა თანდათან პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა _ პროტესტანტები შს მაშინდელი მინისტრის, „რკინის კაცად“ სახელდებული კახა თარგამაძის გადაყენებას სკანდირებდნენ. ანტითარგამაძისეული კამპანიის ავანგარდში სააკაშვილ-ჟვანია და სხვა რეფორმატორები იდგნენ. ჟვანია, რომელიც პარლამენტის მოქმედი თავმჯდომრე გახლდათ, მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და ულტიმატუმი დააყენა: თუ შევარდნაძე თარგამაძეს მოხსნის, მზად ვარ, სპიკერობიდან მეც გადავდგეო. პრეზიდენტს ულტიმატუმის შესასრულებლად ძალიან ცოტა დრო მიეცა და შევარდნაძეც, როგორც იტყვიან, პირველ საბედისწერო შეცდომას უშვებს _ კახა თარგამაძეს შს მინისტრობიდან ხსნის. სიტყვას ჟვანიაც ასრულებს და სპიკერობას ტოვებს.
კახა თარგამაძის შემცვლელად „ოცნების“ ამჟამინდელი სახე, კობა ნარჩემაშვილი ინიშნება; იცვლება გენპროკურორიც.. მართალია, ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე აღარაა, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებს მაინც მართავს, ანუ კარგ გათვლას აკეთებს _ სპიკერის პოსტზე ნინო ბურჯანაძის კანდიდატურას ასახელებს, რომელიც მაშინ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობის სურვილი ცხონებულ ჯემალ გოგიტიძესაც აქვს და _ ექსსახელმწიფო მინისტრ ვაჟა ლორთქიფანიძესაც.
რეფორმატორი ახალგაზრდები საკანონმდებლო ორგანოში საპროცედურო ომს იწყებენ და მრავალსაათიან ბრძოლას იგებენ _ ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე ხდება.
ასე მთავრდება „ვარდების რევოლუციის“ ე. წ. პირველი ფაზა. სხვათა შორის, „ქრონიკა+“-ს ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ქართული პოლიტიკის კულუარებს 90-იანი წლების დასაწყისიდან ძალიან კარგად იცნობს, ეუბნება, რომ „ვარდების რევოლუციის“ პირველი ფაზა, ჯერ კიდევ, 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებით დაიწყო.
„ვარდების რევოლუციამ“ სტარტი XX საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში აიღო და ეტაპობრივად ვითარდებოდა. არსებობდა ალბათობა, რომ შევარდნაძის რეჟიმის კაპიტულაცია 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარიყო და საამისოდ რამდენიმე ტრიუკი განხორციელდა, მაგრამ მოულოდნელად „ოპერაცია“ შეწყდა, რადგან „შეთქმულება“ ვიღაცამ გასცა… ისე, 1992 წლის 7 მარტს საქართველოში ჩამოსული საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ალბათ, ყასიდადაც ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ზვიად გამსახურდიას ბედს გაიზიარებდა. ამაში გასაკვირიც არაფერია, რამეთუ იმხანად ზურაბ ჟვანია არცთუ ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ფიგურა იყო, მიხეილ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე კი „შორს ბუზისტოლადაც არ ჩანდნენ“. მიუხედავად ამისა, მოვლენები დრამატულად განვითარდა და დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჟვანიას აღზევებით შევარდნაძემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა.
მართალია, „მწვანეთა მოძრაობა“ საზოგადოებრივ ორბიტაზე მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა, მაგრამ იმდროინდელი პოლიტიკური ვერტიკალი ზურაბ ჟვანიას, ცოტა არ იყოს, ირონიულად უყურებდა… 1988 წელს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი უნდა აგვერჩია. სულ ორი კანდიდატურა იყო _ პარმენ მარგველაშვილი და გიგა ლორთქიფანიძე. ჟვანია და, საერთოდ, „მწვანეები“ ბატონ პარმენს უჭერდნენ მხარს. ერთ-ერთ შეხვედრაზე „მწვანეები“ დროშების ფრიალით მოვიდნენ და რაღაცებს გაჰყვიროდნენ. ვერ მივხვდით, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან იმხანად საქართველოში ეროვნული მოძრაობის ბუმი იყო და ეკოლოგიურ პრობლემებზე სასაუბროდ არავის ეცალა. ქართველ „მწვანეებს“ მაინცდამაინც არც 1991-92 წლების მოვლენების დროს უაქტიურიათ. ყოველ შემთხვევაში, გვეგონა, რომ საქართველოში დაბრუნებული შევარდნაძე „სტავკას“ ედპ-ზე, ავთო მარგიანზე, ჯაბა იოსელიანსა და ქართლოს ღარიბაშვილზე გააკეთებდა. პროგნოზი ნაწილობრივ ახდა. ყოველ შემთხვევაში, ბლოკი „მშვიდობა“ მის დავალებებს უსიტყვოდ ასრულებდა. პარალელურად, შევარდნაძის პოზიციებს ედპ-ც ამყარებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სახელმწიფო საბჭოში „ჩეპე“ მოხდა და, ყველასთვის მოულოდნელად, ასპარეზზე ზურაბ ჟვანია გამოჩნდა. „მწვანეთა“ ლიდერის შესახებ საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა, მაგრამ ამ ფაქტისთვის შევარდნაძეს ყურადღება არ მიუქცევია და ამ „სხვანაირად მოზროვნე“ ადამიანით სერიოზულად დაინტერესდა. მაშინ აშშ-ზე თითქმის არავინ ლაპარაკობდა, ჟვანია კი მთლიანად დასავლეთზე იყო ორიენტირებული, თან „მწვანეთა“ ევროსტრუქტურის თავმჯდომარეც გახლდათ. შევარდნაძე გრძნობდა, რომ ევროპის მხარდაჭერის გარეშე „შორს ვერ გაფრინდებოდა“. ისიც კარგად გათვალა, რომ ჟვანიას ანალიტიკური უნარი კრიტიკულ სიტუაციებშიც გამოადგებოდა და ამიტომაც ეს უკანასკნელი, პირდაპირ თუ ირიბად, თავის „მარჯვენა ხელად“ გამოაცხადა. ჟვანიას „დაწინაურება“ შესაძლოა, ბევრს არ ესიამოვნა, მაგრამ შევარდნაძის არჩევანი არავის გაუპროტესტებია. სხვათა შორის, არც ირინა სარიშვილს და არც _ ვახტანგ რჩეულიშვილს. ამასობაში „მოქკავშირიც“ შეიქმნა და 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებიც დადგა. იმაზე კამათი არ ღირს, რომ „მოქკავშირი“ კომპარტიის ღირსეული მემკვიდრე იყო. სხვა თუ არაფერი, 1995 წელს ე. წ. შევარდნაძის პარტია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის (161 დეპუტატი), თუმცა 1995 წლის არჩევნების წინ შევარდნაძის გარემოცვაში გარკვეული ბზარი უკვე არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, ცალკეული სუბიექტები ცდილობდნენ, რომ ჟვანიას „მოქკავშირზე“ კონტროლი დაეკარგა და, შესაბამისად, ურთიერთობა შევარდნაძესთანაც გაფუჭებოდა. ამ მოსალოდნელი უსიამოვნებების შესახებ ჟვანია კარგად იყო ინფორმირებული და კონტრშეტევისთვისაც ემზადებოდა.
1995 წლის ზაფხულში ჟვანიას შევხვდი. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. მიხეილ სააკაშვილის არსებობის შესახებ პირველად მაშინ გავიგე… ჟვანიამ უთხრა, სასწრაფოდ თბილისში უნდა ჩამოხვიდე, მაგრამ მანდ ჩვენებს უნდა უთხრა, რომ ამათზე ზეწოლა მოახდინონ და სიაში კვოტა გაგვიზარდონო. ამის შემდეგ ჟვანიამ საუბარი ინგლისურად გააგრძელა. არ ვიცი, რას ამბობდა, მაგრამ რამდენჯერმე კონგრესი ახსენა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჟვანია შევარდნაძეზე „ამერიკულ ზეგავლენას“, ჯერ კიდევ, 1995 წელს ახდენდა, მაგრამ შევარდნაძე მალე მიხვდა, რომ ჩიხში შედიოდა. პარალელურად, პრეზიდენტის კანცელარიული გარემოცვაც გააქტიურდა, რომელიც შევარდნაძეს არწმუნებდა, რომ თუ გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებდა, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა და, აშშ-ის დახმარებით, ჟვანიას, შესაძლოა, საპრეზიდენტო ამბიციებიც გასჩენოდა. ამიტომ კანცელარიამ ბრძანება გასცა, რომ მთავრობისგან კონტროლირებად მედიას ანტიამერიკული კამპანია დაეწყო. ამ ბრძანების მეორე პუნქტი კი ჟვანიას პერსონის დისკრედიტაციას ითვალისწინებდა. ამ დროს შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ჟვანიას თითქოს თეთრმა სახლმაც აქცია ზურგი. ეს მოსაზრება 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ უფრო ძლიერდება. ყოველ შემთხვევაში, კანცელარია დარწმუნებულია, რომ ჟვანიასგან ანტიეროვნული გმირი უკვე შექმნა, თუმცა „თავს იზღვევს“ და ერთობ არაეთიკურ ავანტიურაზე მიდის: მოსახლეობაში ფარულად გადაღებული ვიდეოკასეტები ვრცელდება და მოსახლეობას ჟვანია-სააკაშვილის ხსნებაზე გული ერევა. ვეჭვობ, ამ „ეროტიკული კასეტებით“ გუბერნატორებმა და სხვა ჩინოვნიკებმა ფულიც „გაათეთრეს“.
1999 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე ჟვანიას სპიკერობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. კანცელარიამ სპეციალური სცენარიც დაამუშავა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის პირველ სხდომაზე, სავარაუდოდ, დავით გამყრელიძე ჟვანიას ალტერნატივას „გააჩენდა“ და სპიკერის პოსტზე ნიკო ლეკიშვილის კანდიდატურას წარადგენდა. ნიკო შევარდნაძისთვის ყოველთვის „გაჭირვების ტალკვესი“ იყო… ჟვანია-შევარდნაძის ურთიერთობამ კულმინაციას 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიაღწია. მართალია, შევარდნაძის საარჩევნო კამპანიას ჟვანია ხელმძღვანელობდა, მაგრამ იგი სიტუაციას რეალურად აფასებდა და პრეზიდენტს ეუბნებოდა, რომ მისი რეიტინგი არცთუ სახარბიელო იყო, ამიტომაც უმჯობესი იქნებოდა, რომ შევარდნაძეს 59%-ით გაემარჯვა. შევარდნაძის კანცელარიული გარემოცვა გრძნობდა, რომ თუ ჟვანია პრეზიდენტს საბოლოოდ გაემიჯნებოდა, მათი დრო დადგებოდა. ამიტომაც პრეზიდენტს არწმუნებდნენ, რომ მისი პოპულარობა თანდათან იზრდებოდა. მეტიც, მათ შევარდნაძესთან თითქოს მოსახლეობის წერილებიც მიჰქონდათ. ამ წერილების პათოსი, დაახლოებით, ასეთი იყო, _ ბატონო ედუარდ, ჩვენი ღმერთი ხართ! აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ არჩევნები შევარდნაძის სრული ტრიუმფით დამთავრდებოდა და გამოცხადდებოდა, რომ მას მოსახლეობის 91-მა დაუჭირა მხარი, მაგრამ მერე გაახსენდათ, რომ ედუარდ შევარდნაძე ზვიად გამსახურდია არ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას მთელი ერი ნდობას არ გამოუცხადებდა და ამიტომაც პროცენტები 79-მდე დაწიეს.
„2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერე კანცელარიამ ჟვანიასა და მისი გარემოცვის კონფრონტაცია უკვე ღიად დაიწყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ რეფორმატორებმა აღმასრულებელი ხელისუფლების დატოვება დაიწყეს“, _ უყვება „ქრონიკა+“-ს კარგად ინფორმირებული ადამიანი, რომელიც საუბარზე მხოლოდ იმ პირობით დაგვთანხმდა, რომ მის ვინაობას კონფიდენციალურად დავტოვებდით. ჩვენ ამ პირობას, ცხადია, ვასრულებთ.
ყველაფერ აქედან გამომდინარე, ზურაბ ჟვანია, ალბათ, ფიქრობდა, რომ ოდესმე საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდა, მაგრამ „ვარდების რევოლუციამ“ ახალი ლიდერი შვა და ეს ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ.
ზოგადად, „ვარდების რევოლუციის“ შემქმნელებად მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და აწგანსვენებული ზურაბ ჟვანია ითვლებიან, თუმცა რომ არა ეროსი კიწმარიშვილი და, შესაბამისად, „რუსთავი 2“, ცხონებული შევარდნაძე, ალბათ, „სახლში არ წავიდოდა“. დიახ, ეროსი, რომელმაც, ნუგზარ საჯაიასი არ იყოს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დამთავრა, „ვარდების რევოლუციის“ „რუხი კარდინალი“ გახლდათ და ამას არც თავად უარყოფთა. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც კიწმარიშვილი გარდაიცვალა, ინტერნეტმედიაში მისი მემუარების ნაწილი გამოქვეყნდა, სადაც ვკითხულობთ:
„ნინო ბურჯანაძის როლი 2003 წლის ნოემბრის მოვლენებში, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოვანესი იყო. ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ის პარლამენტის თავმჯდომარედ და სახელმწიფოში მე-2 უმაღლესი თანამდებობის პირად რჩებოდა, ხოლო შევარდნაძის გადადგომის შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, ნინო ბურჯანაძე შეასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას. ეს კი ოპოზიციას საშუალებას მისცემდა, გარდამავალ პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლება კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა და არჩევნები ხელსაყრელ გარემოში ჩაეტარებინა, რაც გამარჯვების შანსებს ძალიან მაღალს გახდიდა. 22 ნოემბერს, ახალი პარლამენტის დამტკიცების შემთხვევაში, სპიკერი, უდიდესი ალბათობით, შევარდნაძის სიის პირველი ნომერი და ბადრი პატარკაციშვილის უახლოესი მოკავშირე, ვაჟა ლორთქიფანიძე გახდებოდა და თუნდაც იმავე დღეს, ხალხის ზეწოლის შედეგად, შევარდნაძის გადადგომაც კი სააკაშვილს დიდად ვერ წაადგებოდა _ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა პოლიტიკური ძალა მის წინააღმდეგ გაერთიანდებოდა. ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილება, პარლამენტის სხდომა არ გამართულიყო, ერთი მხრივ, მისი პრაგმატულობის დემონსტრირება იყო _ ის იბრძოდა პროცესებში საკუთარი მნიშვნელობის მაქსიმალური გამოყენებისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, მიუთითებდა შევარდნაძე-პატარკაციშვილის ალიანსის სისუსტეზე. მათ ვერ მოახერხეს ბურჯანაძისთვის ისეთი გარანტიების შეთავაზება, რომ სააკაშვილ-ბურჯანაძის პოლიტიკური წყვილი არ ჩამოყალიბებულიყო, წყვილი, რომელმაც, საბოლოოდ, წერტილი დაუსვა მათ რამდენიმეწლიან მცდელობას, გარიგებების გზით მოეძებნათ შევარდნაძის მემკვიდრე და გაეპრეზიდენტებინათ… საინტერესო იყო, როგორ მოახერხა სააკაშვილმა ნინოსთან ჟვანიას ზურგს უკან სეპარატული ალიანსის შეკვრა, როცა ამ გაერთიანებით, პრეზიდენტი, 100%-იანი ალბათობით, სააკაშვილი ხდებოდა, რაც, რა თქმა უნდა, ნინო ბურჯანაძის გეგმებში თავდაპირველად არ იყო და ის და მიშა, 22 ნოემბრამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, უმწვავეს პოლიტიკურ დაპირისპირების რეჟიმში აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას? იყო მინიმუმ ორი სუბიექტური მომენტი: 1. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას კარგად ჩანდა ბურჯანაძე-დემოკრატების ალიანსის ხელოვნურობა, ჟვანიას გუნდის მხრიდან ბურჯანაძის მიმართ არსებული ზოგადი უნდობლობა და მიუღებლობა, რასაც არ შეიძლებოდა ნინოს მხრიდან, გრძელვადიან პერსპექტივაში, საპასუხო გაღიზიანება არ გამოეწვია; 2. მიხეილ სააკაშვილთან ბურჯანაძის მეუღლის, ბადრი ბიწაძის ნათესაური კავშირი. წლების შემდეგ ბადრი ბიწაძე მიყვებოდა, _ ჭიათურის რაიონში, მათ სოფელში, ბავშვობაში, მიშა მდინარეში იხრჩობოდა და გადავარჩინეო. ნათესაური კავშირზე დამყარებული ნდობა, დიდი ალბათობით, მათი პოლიტიკური გარიგების საფუძველი გახდა, რომელიც, როგორც ბევრი სხვა შეთანხმება, სხვა პარტნიორებთან მიმართებით, სააკაშვილმა 2008 წელს დაარღვია და ყველაზე თანმიმდევრული და ერთგული უკანასკნელი პარტნიორი „გადააგდო“.
…2003 წლის 22 ნოემბრის 17 საათზე სააკაშვილი და ბურჯანაძე, მომხრეებთან ერთად, პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. აი, როგორ იგონებს ამას, 2008 წელს, რუს ჟურნალისტ პაველ შერემეტთან საუბრისას ნინო ბურჯანაძე:
„_ პარლამენტისკენ წასვლისა და სხდომათა დარბაზში შესვლის გადაწყვეტილება ბოლო წუთს, მას შემდეგ მივიღეთ, როცა ტელევიზიით დავინახეთ, რომ შევარდნაძეს კვორუმი უჩნდება და ის პარლამენტის სხდომას ხსნის. ჩვენ გადავწყვიტეთ, პარლამენტში ჯგროდ არ შევვარდნილიყავით, სწრაფად გამოვყავით ხალხი, რომელმაც ოფიციალური მონაცემებით მიიღო პარლამენტის მანდატები და ისინი წინ გავუშვით“.
სააკაშვილის ვერსია იგივე პავლე შერემეტთან 2008 წელს მიცემულ ინტერვიუში ზუსტად ემთხვევა ჩემს ზემოთ ნათქვამს რევოლუციის სამზადისთან დაკავშირებით:
_ ვინ გადაგაწყვეტინათ სხდომათა დარბაზში წასვლა?
_ მე თვითონ გადავწყვიტე.
_ ეს როგორ? იჯექით, იჯექით, გადაწყვიტეთ და წახვედით?
_ …ჩვენ ვცდილობდით მოლაპარაკებას. შევარდნაძის გადაყენების საკითხი ბოლო წამს დადგა, როცა მას არ სურდა ელემენტარულის შემჩნევა, რომ ჩვენ, უბრალოდ, გვქონდა უფლება იმაზე, რაც ამომრჩევლებმა მოგვცეს. მეტს ჩვენ არ ვითხოვდით _ მხოლოდ იმას, რაც დავიმსახურეთ. მოეცათ ჩვენთვის პირველი ადგილი და ის კიდევ წელიწად-ნახევარი იქნებოდა ხელისუფლებაში, ალბათ, საკუთარ მემკვიდრესაც გაიყვანდა პრეზიდენტად“.
დღეს უაპელაციო საზოგადოებრივი აზრია, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მხარდაჭერით და მონაწილეობით დაიგეგმა და ეს რევოლუცია კავკასიის რეგიონში რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ განახორციელეს ზოგადად ამერიკელებმა, ასევე ჯორჯ სოროსმა და საქართველოში მათგან მხარდაჭერილმა პოლიტიკურმა ძალებმა. ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და პროდასავლური განწყობების ფორმირებაში, რა თქმა უნდა, უდიდესი იყო. 1993 წლიდან მოყოლებული, აშშ-ის საელჩოს, ასევე UშAID-ისა თუ სხვა ინსტიტუტების ამ მიმართულებით გაწეული ხარჯები და აქტივობები ნამდვილად შთამბეჭდავი იყო და შედეგიც მოჰქონდა, ასევე დიდი მხარდაჭერა განახორციელა ჯორჯ სოროსმა, თავისი ფონდის _ „ღია საზოგადოება _ საქართველოს“ საშუალებით, რომელსაც ხალხში „სოროსის ფონდს“ ეძახდნენ. ამ ფონდის დაფინანსებამ, 1991-94 წლების სამოქალაქო ომის შემდგომ, ულუკმაპუროდ დარჩენილი უამრავი გამოჩენილი მეცნიერი, ჟურნალისტი თუ კულტურის მოღვაწე ელემენტარული, მცირე, მაგრამ აუცილებელი შემოსავლით უზრუნველყო, განახორციელა ბევრი მნიშვნელოვანი სამეცნიერო, კულტურული თუ მედიაპროექტის დაფინანსება, რამაც, საერთო ჯამში, საზოგადოების განწყობების ფორმირებაში დიდი წვლილი შეიტანა. მაგრამ, აი, რევოლუციის „მთავარი გმირი“, სააკაშვილი, 2003 წლის 24 ნოემბერს, რევოლუციიდან მეორე დღეს, „რუსთავი 2-ის“ ეთერში გამოსვლისას, აცხადებს, რომ მადლობელია იგორ ივანოვის (იმ დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) და, ზოგადად, რუსეთის, ოპოზიციასა და შევარდნაძეს შორის დაპირისპირების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. ის აღნიშნავს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საპროტესტო მიტინგზე მისვლით, პრაქტიკულად, მხარი დაუჭირა შევარდნაძის მოწინააღმდეგეებს, იყო ოპოზიციის უსაფრთხოების გარანტი მხარეების მოლაპარაკების დროს. სააკაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საქართველოში მომხდარ რევოლუციაში რუსეთმა უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ვიდრე _ აშშ-მ და ეს ნამდვილად ასე იყო: აშშ-ის ელჩი საქართველოში, რიჩარდ მაილსი და მთელი ამერიკული დიპლომატია, 2003 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ნოემბრის მოვლენებში, ყველანაირად ცდილობდნენ კრიზისის განმუხტვას და ღიად უჭერდნენ მხარს ედუარდ შევარდნაძეს. ბეიკერის შევარდნაძესთან შეხვედრაც და ამ პერიოდის სხვა ამერიკული აქტივობები მიზნად არ ისახავდა ე. წ. „რეჟიმის შეცვლას“, არამედ მიმართული იყო მშვიდობიანი, ევოლუციური, საარჩევნო გზით პოლიტიკური პროცესის შემდგომი განვითარებისკენ. ამიტომ ეს რევოლუცია მათთვის სრულიად მოულოდნელი და დაუგეგმავი რისკი აღმოჩნდა, თუმცა შემდგომი ნაბიჯებით მათ უსწრაფესად მოახერხეს სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემობრუნება, ახალ ხელისუფლებაზე სასურველი ზემოქმედება და გავლენის მოპოვება და საბოლოოდ, რუსეთს წარმატების შემდგომი განვითარების საშუალება აღარ მისცეს“.
რაც შეეხება წლევანდელი ნოემბრის კრიზისს, შეიძლება, ახლანდელ და 16 წლის წინანდელ მოვლენებს შორის პირდაპირი პარალელი არ არსებობდეს, მაგრამ თუ ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ვთქვით, კარგად გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ სცენარი, დაახლოებით, ერთნაირია. ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილის მასშტაბურმა ტყუილმა ძალიან ბევრ ადამიანს დეჟავიუს განცდა გაუჩინა. დეჟავიუა ისიც, რომ 2003 წელს ახალგაზრდული მოძრაობა „კმარა“ აქტიურობდა; ახლა კი პოლიტიკურ სცენაზე ასევე ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეა“.
ისე, ივანიშვილისთვის თავის პიარ და პოლიტმრჩევლებს 2003 წლის პერიპეტიები დეტალურად რომ მოეყოლათ, „ოცნების“ ლიდერს, შესაძლოა, ის საბედისწერო შეცდომა არ დაეშვა, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ჰქვია, მაგრამ ამაზე საუბარი უკვე უაზრობაა, რადგან მოხდა ის, რაც მოხდა, ანუ „ოცნებამ“ ხარაკირი გაიკეთა. შესაბამისად, მისი პოლიტიკური მომავალი გადაწყვეტილია _ ხელისუფლებას გამოემშვიდობება, თუმცა ეს „გამომშვიდობება“ დროის ამბავია და მეტი არაფერი.
სხვათა შორის, 2003 წლის ნოემბერში გაბრაზებული ხალხი ქუჩაში ორი კვირა იდგა და ყველაფერი 23 ნოემბერსვე დამთავრდა. 23 ნოემბერი კარსაა მომდგარი. ჰოდა, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ 2019 წლის გიორგობაზეც საქართველოში ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეიცვალოს.
ასეა თუ ისე, ფაქტია: ნოემბერი ქართული მმართველი ელიტებისთვის ძალიან, ძალიან საკრალური თვეა და კარგი იქნება, თუკი ამას მომავალი ხელისუფლებებიც გაითვალისწინებენ!

გიორგი აბაშიძე