ეკლესია _ გლობალური ცვლილებების დასაწყისში

უკანასკნელ ხანს საბოლოოდ აირია მონასტერი ეკლესიასა და საპატრიარქოში _ მთელი ეს ძლევამოსილი სტრუქტურა მოიცვა სკანდალებმა, დაპირისპირებამ და დაუნდობელმა კლანურმა გარჩევებმა.
ამ სამყაროში ყველაფერი ერთხელაც ბრუნდება თავის ადგილზე და იღებს ბუნებრივ ფორმას _ შეიძლება ათწლეულებისა და ასწლეულების მანძილზე სიწმინდის, მაღალი ზნეობისა და პატიოსნების იმიტირება, თუმცა, საბოლოო ჯამში, გველების გავსებული სერპენტარი მაინც დაემსგავსება იმას, რასაც უნდა დაემსგავსოს _ გველებით სავსე სერპენტარს.

ბევრი საუბრობს იმაზე, რომ დღეს ეკლესიაში კრიზისია, თუმცა ეს არ არის სწორი ფორმულირება _ „კრიზისი“ ნიშნავს რაღაც საგანგებოს, ნორმიდან აშკარა გადახვევას, რომლის გამოსწორებაც შესაძლებელია.
ამ თვალსაზრისით არავითარი „კრიზისი“ ეკლესიაში არ არსებობს _ დღეს ის იმყოფება თავის ბუნებრივ მდგომარეობაში. ის დომხალი, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ _ სწორედ ის არის ნორმალური მდგომარეობა, რომელიც უბრალოდ დიდი ხნის მანძილზე იმალებოდა.
ქართულ ეკლესიას ჰყავს ძალიან ავტორიტეტული მეთაური _ პატრიარქი ილია მეორე და სწორედ ის, თავისი უსაზღვრო გავლენით, ახერხებდა იმას, რომ გველების შერკინება, როგორც წესი, ხალიჩის ქვეშ რჩებოდა. დღეს კი ის მოხუცდა, ავადაა, ვერ აკონტროლებს სიტუაციას და შედეგად _ ის, რაც ადრე დაფარული იყო, დღეს გაცხადდა.
არც არის გასაკვირი _ ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოში თითქმის ყველამ და ყველაფერმა განიცადა სერიოზულ ტრანსფორმაცია: შეიცვალა სახელმწიფო ინსტიტუტები, შეიცვალა ადამიანების დამოკიდებულება კანონისადმი, შეიცვალა ურთიერთობების წესი, ქალის როლი საზოგადოებაში, დამოკიდებულება უმცირესობებისადმი. დღევანდელი საქართველო თითქმის არაფრით ჰგავს 80-90-იანი წლების საქართველოს _ დრომ, გაჭირვებამ და ღია საზღვრებმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა.
ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც არ შეიცვალა არც ერთი მილიმეტრით არათუ 30 წლის, არამედ 1600 წლის მანძილზე _ არის სწორედ ეკლესია.
დღეს რომ ვუყურებთ ჩვენს სამღვდელოებას, ვხედავთ როგორი იყო ეს ქვეყანა 500 წლის წინ და იმასაც, რომ „დათა თუთაშხიას“ პერსონაჟები არქიფო სეთური და თაბაგარი სულაც არ იყვნენ მხოლოდ ლიტერატურული ფანტაზიის შედეგი.
ასევე ბოლო პერიოდში მოკრძალებულად ამბობენ, რომ ეკლესიაში არსებობს „გარკვეული პრორუსული ლობი“, რაც ასევე ძალიან რბილი ნათქვამია _ არავითარი „პრორუსული ლობი“ ეკლესიაში არ არსებობს, რადგანაც ის მთლიანად, როგორც ერთიანი ინსტიტუტი და სისტემა, არის პრორუსული.
პირიქითაც, ეკლესიაში შეიძლება იყოს მცირერიცხოვანი და სუსტი „პროდასავლური ლობი“, რომელიც იმდენად უმნიშვნელოა, რომ ვერ ახდენს ვერანაირ სერიოზულ გავლენას საპატრიარქოს პოლიტიკაზე.
დღეს ეკლესია არის მძლავრი ბიზნესკორპორაცია _ ტერმინოლოგიას დაუკვირდით _ სამეურნეო ნაწილი, წესდება, სინოდის წევრები, ორი მესამედი გადაწყვეტილებების მისაღებად, პროცედურები, მდივნები, ბიუჯეტი, მიწები, უძრავ-მოძრავი ქონება, საწვავის ხარჯები და ა. შ.
დაამატეთ ისეთი სიტყვები, როგორიც არის „აქციონერები“, „დირექტორთა საბჭო“, „ობლიგაციები“, „აქციები“ და დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ საქმე გაქვთ რაღაც ტრანსნაციონალურ კორპორაციასთან.
დღეს ეკლესია არ ასრულებს არავითარ პოზიტიურ ფუნქციას _ ის გადასულია ფულის კეთებაზე, ემსახურება მტერ-სახელმწიფოს, თესს შუღლს, ზიზღსა და აგრესიას. ის ვერაფრით პოულობს საკუთარ ადგილს ცვალებად სამყაროში და ცდილობს, ისტორიის ბორბალი უკან შეაბრუნოს.
ის ასევე არ ასრულებს თავის მთავარ მისიას _ ადამიანების აღზრდასა და მათში დადებითი თვისებების ჩამოყალიბებას. ტაძრები სავსეა, ყველას ჰყავს მოძღვარი, ნახევარი ქვეყანა მარხულობს და, ამავე დროს, მკვლელობების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე არის 4-ჯერ მეტი, ვიდრე ათეისტურ ჩეხეთსა და მსუბუქად მორწმუნე საბერძნეთში.
რა აზრი აქვს ეკლესიაში სიარულსა და საყოველთაო მარხვას ამ ვითარებაში?
რაც შეეხება მუდმივ კონფლიქტებს მის წიაღში _ ესეც ბუნებრივია. ეკლესია არის ქართული ტრადიციონალიზმის მთავარი სიმბოლო და ტრადიციულ ქართველებს, როგორც წესი, ახასიათებთ კონფლიქტის არაფრიდან შექმნის საოცარი უნარი, ბავშვური ბუტიაობა, უსაზღვრო ამპარტავნება და ამბიციები.
გახსოვთ ანეკდოტი იმაზე, რომ ბუენოს-აირესში ცხოვრობს მხოლოდ ორი ქართული ოჯახი და ისინიც კი ნაჩხუბრები არიან? არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მხოლოდ ანეკდოტია.
ასეა თუ ისე, მუდმივი ჩხუბი, საქმის გარჩევები და ბუტიაობა არის ქართული ტრადიციონალიზმის განუყოფელი ნაწილი და რა გასაკვირია, რომ ყველაფერ ამას ასეთი დიდი დოზით ვხედავთ ეკლესიაში?
ეკლესია, დღევანდელი ფორმით, 1600 წლის შემდეგ, შედის ჩიხში. დღეს მისი ავტორიტეტი ჩამოკიდებულია მხოლოდ 1 კაცზე _ პატრიარქზე. მთავარი არგუმენტი ნებისმიერ კამათში არის: „როგორ ბედავთ ამის თქმას?! ვის ეკამათებით? პატრიარქი ხომ ბრძენია!!!“
ერთი წამით, წარმოიდგინეთ ახალი პატრიარქი _ ვინმე იტყვის: „რას ბედავთ, შიო ხომ ბრძენია?“
დღეს ეკლესიის 90%-ანი რეიტინგი არის პირადად ილია II-ის ნდობის მაჩვენებელი და მისი ავტორიტეტი ავტომატურად გადადის ეკლესიაზე _ ისევე როგორც მიშას ავტორიტეტი არის „ნაციონალების“ და ბიძინას _ „ქოცების“.
შეიძლება, ვიღაცას ეხამუშოს ეს შედარება, თუმცა ეკლესიაზე იგივე კანონზომიერება ვრცელდება, რაც ქართულ საზოგადოებაზე _ უკიდურესი პერსონიფიცირება.
„ეკლესიის ავტორიტეტი“, სინამდვილეში, ვირტუალური რამ არის. ქართველების უდიდესი ნაწილი კერპთაყვანისმცემელია და მათი სარწმუნოება ზედაპირული და რიტუალურია. ყველა ლაპარაკობს პატრიარქის სიბრძნეზე, თუმცა ვერავინ გეტყვით, რას ეხებოდა მისი ეპისტოლე წინა კვირას.
ქართული რწმენა ისეთივე მოჩვენებითია, როგორც პატრიოტიზმის, ოჯახის პატივისცემა, ქალის კულტი და ა. შ.
ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, მათ შორის, ეკლესია, რომელიც ერთხელაც უნდა გახდეს დღევანდელი ეპოქის შესაფერისი.
ზუსტად ამ ძალიან რთული და მტკივნეული პროცესის დასაწყისს ვხედავთ ჩვენ დღეს.

თენგიზ აბლოთია