შემზარავი სტატისტიკა _ რამდენი ექიმი გარდაიცვალა, რამდენს ამოკვეთეს საშვილოსნო და სხვა ორგანოები?!

„უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ რადიოლოგი ექიმები სასიკვდილო საფრთხის წინაშე იმყოფებიან. შემზარავი სტატისტიკა „ქრონიკა+“-ს გადმოსცა ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციამ „დაიცავი ექიმი“.

„ქრონიკა+“ ამ საკითხთან დაკავშირებით „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუას დაუკავშირდა:

_ „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ სხივური თერაპიის განყოფილება, რომლის თანამშრომლებსაც სისტემატურად უწევთ რადიოაქტიურ ნივთიერებებთან შეხება, სასიკვდილო საფრთხის წინაშე იმყოფებიან. აქ არის ორი მიმართულება _ ბრახითერაპია, ანუ ღრუს შიდა თერაპია, რომელიც იმ ქალებისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც საშვილოსნოს სიმსივნე აქვთ. ამ დროს თვითონ ღრუში ხდება რადიოაქტიური ნივთიერების შეტანა. ეს გახლავთ ირიდიუმი. რადიოაქტიური ნივთიერებით ზემოქმდებისას იშლება ატომის ბირთვი და ამ გამოსხივებული ენერგიით კიბოს უჯრედებს მკურნალობენ. თვითონ სხივს ჰქვია გამა სხივი. გამა სხივი კლავს კიბოს უჯრედებს და მას გამრავლების საშუალებას არ აძლევს. ვინაიდან ბირთვის თავისთავადი დაშლა ხდება, ეს შეუქცევადი პროცესია. მისი შეჩერება ადამიანს არ შეუძლია, ამიტომ მუდმივად არის განყოფილებაში რადიაციული ფონი, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნეა. ამას ჰქვია სწორედ ღრუს შიდა თერაპია. მეორე გახლავთ სხივური მკურნალობის დისტანციური თერაპია, რომლის დროსაც გარეგანი დასხივება მიმდინარეობს. აქაც გამოიყენება რადიოაქტიური ნივთიერება კობალტი. კობალტის შემთხვევაშიც ატომის ბირთვი თავისთავად იშლება, რომლის კონტროლიც შეუძლებელია.
_ კი მაგრამ, რადიაციული ფონი არ მოწმდება?
_ რა თქმა უნდა, დოზიმეტრისტის მხირდან რადიაციული ფონი ყოველთვის მოწმდება და როდესაც ნიშნული იწევა, საგანგაშო მდგომარეობა ცხადდება. თუმცა ეს იშვიათად ხდება, ვინაიდან ძირითადად ეს ყველაფერი კონტროლდება. მაგრამ მომსახურე პერსონალი მუდიმვად იმყოფება ამ სხივების ქვეშ, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნებელია. ადრე მათ 24 სამუშაო დღე და პლუს ათი კალენდარული დღე ჰქონდათ შვებულების სახით, ასევე შემცირებული სამუშაო დღე (რვა საათის მაგივრად 6 საათი), რძის ტალონები ეძლეოდათ პროფილაქტიკისთვის. ყოველდღიურად უნდა მიეღოთ ერთი ლიტრი რძე. ანუ მათ უწევდათ განსაკუთრებით მავნე და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში მუშაობა და ამ თვალსაზრისით ეკუთვნოდნენ „ა“ კატეგორიას.
_ რა დამცავ მექანიზმებს გთავაზობთ სახელმწიფო?
_ აბსოლუტურად არაფერს. ახლა აქვთ მხოლოდ ერთადერთი შეღავათი _ ეს არის 24 სამუშაო დღე პლუს 10 კალენდარული დღე. ეს 10 კალენდარული დღეც დიდი ბრძოლით მოიპოვა პერსონალმა. ლადო ჭიპაშვილის ჯანდაცვის მინისტრობის დროს გამოვიდა სპეციალური დადგენილება, შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით და იქ ექვსი პუნქტია ჩამოთვლილი, თუ ვის ეხება და ვინ ითვლება განსაკუთრებით მავნე ნივთიერებებთან მომუშავედ. მაგრამ თუ რა შეღავათებია ეს, არსად წერია. მაგალითად, რადიოლოგების განყოფილებაში, წინა წლების მონაცემებიდან, 60 მომუშავე პერსონალიდან, 15 სიმსივნით არის გარდაცვლილი. დანარჩენს შორის თითქმის ნახევარი სიმსივნითაა დაავადებული და მკურნალობს. გამომწვევი არის სწორედ ეს რადიაციული გარემო. ამ ეტაპზე რადიოლოგები, რომლებიც 30-40 წელია, განყოფილებაში მუშაობენ (უმეტესწილად ქალები), 80%-ს საშვილოსნო და საკვერცხეები ამოჭრილი აქვს.
_ საერთაშორისო გაიდლაინებით ეს პროცესი როგორ რეგულირდება?
_ დასავლეთში კობალტის აპარატი მხოლოდ ჩეხეთში დგას, ანუ მოძველებულ აპარატად ითვლება. კობალტით აღარ მუშაობენ. იქ არის თანამედროვე ამაჩქარებლები და როდესაც აპარატი ირთვება, მხოლოდ მაშინ იფრქვევა ელექტრონები. ისიც საშიშია, მაგრამ კობალტის შემთხვევაში მუდმივად ხდება ბირთვის დაშლა. იმასაც გეტყვით, რომ კობალტით მკურნალობის შედეგები ძალიან მაღალია და არ ჩამორჩება ამაჩქარებელს, რაც შეეხება უსაფრთხოების პირობებს, იგივეს ვერ მოგახსენებთ. სწორედ ამიტომ ჩვენი ასოციაცია უახლოეს მომავალში აპირებს დააყენოს საკითხი, რომ მათი სამუშაო საათები 6 სთ-მდე შემცირდეს. სხვათა შორის, უნივერსალური ცენტრის რადიოლოგებს შრომით ხელშეკრულებაში 8 საათი უწერიათ, მაგრამ მათ ეს გააპროტესტეს და წინა დირექტორატი ამას დაეთანხმა. ამ ეტაპზე, ახალი დირექტორატის მმართველობაში, ვინაიდან ოფიციალური ბრძანება არ არსებობს, 8-საათიან გრაფიკზე აბრუნებენ.
_ სანამ თქვენს ასოციაციას მომართავდნენ, მედპერსონალმა ვინმეს თუ მიმართა?
_ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა არჩილ კაპანაძემ ოფიციალური წერილი გააგზავნა პარლამენტში შრომის კოდექსში ცვლილებების შესატანად. ძირითადი მოთხოვნა იყო არა მარტო შრომის საათების შემცირება, არამედ ის, რომ ხალხი, ვინც წლების განმავლობაში ასეთ პირობებში მუშაობს, განსხვავებული პენსია ჰქონდეს.
_ დაუკმაყოფილეს?
_ არა, რა თქმა უნდა. უარი მოუვიდათ.
_ ასეთი სერიოზული პრობლემის ფონზე ექიმთა აქციების მიზეზი მაინც უხელფასობა გახდა. როგორც ვიცი, ექიმთა დაცვის ასოციაციამ სწორედ ამ კუთხით მოგმართათ. როგორ განვითარდა მოვლენები აქციების შემდეგ?
_ „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ პერსონალმა ექიმთა დაცვის ასოციაციას ოქტომბერში მომართა, მას შემდეგ, რაც გამაფრთხილებელი აქცია გამართა სახელფასო დავალიანების მოთხოვნით. მოკლედ მოგახსენებთ, რა მოხდა ამის შემდეგ: „ექიმთა დაცვის ასოციაცია“ ამ პროცესში ჩაერთო. პირველი, რაც გავაკეთეთ, ორი მიმართულებით წავედით _ დავუკავშირდით საპარტნიორო ფონდის კლინიკების მართვის სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ. ამავე დროს, ცალსახად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ყოველგვარი ექსცესებისა და ვითარების დაძაბვის გარეშე, იმ შემთხვევაში, თუ კლინიკის მედპერსონალი არ დაკმაყოფილდებოდა, მხედველობაში მაქვს 7-თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვა, ჩვენი არასამთავრობო ექიმების უფლებების დასაცავად სამართლებრივ გზას მიმართავდა.
_ სასამართლოს გულისხმობთ?
_ რა თქმა უნდა. ამის შესახებ ჩვენ გავავრცელეთ კიდეც ინფორმაცია და, ჩვენდა გასაკვირად, ჯანდაცვის სამინისტრო ამ პრობლემით დაინტერესდა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრ ეკა ტიკარაძეს, რომელიც პირადად ავიდა ონკოლოგიურ კლინიკაში, შეხვდა მედპერსონალს და აღნიშნული პრობლემის მოგვარებას შეჰპირდა.
_ ვიცით მინისტრის ეს დაპირება, რომ ონკოლოგიური ცენტრი უნდა გადაეცეს ჯანდაცვის სამინისტროს და ის მიხედავს შემდეგ ყველა პრობლემას სახელფასო დავალიანების ჩათვლით…
_ იცით, პრობლემას უცებ ვერ მიეხედება, ამისთვის მთელი რიგი სამუშაოებია ჩასატარებელი. პირველ ეტაპზე კარგია, რომ მინისტრი დაინტერესდა აღნიშნული პრობლემით და პირობა დადო, რომ მას მოაგვარებდა. არ მაქვს არანაირი საფუძველი, ეჭვი შევიტანო მის დანაპირებში… თუმცა კითხვები მიჩნდება. მაგალითად, რისთვის შეიქმნა საინიციატივო საბჭო, თუ მას არაფერში მიაღებინებდნენ მონაწილეობას და გადაწყვეტილებებსაც მის გარეშე მიიღებდნენ?
_ დაგვიკონკრეტეთ, რას გულისხმობთ?..
_ კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტის შემდეგ მან წამოაყენა ინიციატივა, რომ შექმნილიყო საინიციატივო საბჭო, რომელსაც „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლებით და მათი ნდობით აღჭურვილი პირებით დააკომპლექტებდა. ასეთი საბჭო შეიქმნა, მაგრამ როდესაც ორი კვირის შემდეგ მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო ჰოლდინგის შემადგენლობის შესახებ, სადაც ონკოლოგიური კლინიკაც უნდა შესულიყო, ამის შესახებ საინიციატივო საბჭოს წევრებმა ტელევიზიით გაიგეს. რისთვის შეიქმნა მაშინ ეს საბჭო, თუ მისი აზრი არავის აინტერესებს?!
_ ეს ყველაფერი ცალ კარში თამაშს ჰგავს?
_ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ექიმების უფლებებს და ასევე დიდი იმედი გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსი. ამ წლების განმავლობაში კლინიკების მართვის სააგენტომ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო და ბევრი რამ არ გაკეთდა, მიზეზებს გაარკვევს ჩვენი არასამთავრობო, ვინაიდან ჩვენი საინფორმაციო სამსახური ამ მიმართულებითაც მუშაობს.
_ კერძოდ?
_ ონკოლოგიური კლინიკა, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, „საპარტნიორო ფონდს“ 2015 წელს გადაეცა. მასთან ერთად გადაეცა „საპარტნიორო ფონდს“ რესპუბლიკური საავადმყოფო და ბავშვთა ინფექციური კლინიკა. „საპარტნიორო ფონდის“ ბაზაზე დაარსდა „კლინიკების განვითარების კომპანია“, რომელმაც შექმნა ახალი პროექტი. იგი მომზადდა ამერიკის ერთ-ერთ მსხვილ სამედიცინო კორპორაციასთან ერთად. ეს უკანასკნელი მზად იყო, პირველ ეტაპზე 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. პროექტი გულისხმობდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი, მრავალპროფილური, ულტრათანამედროვე კლინიკის შექმნას, სადაც განთავსდებოდა ონკოლოგიური კლინიკა და ბავშვთა ინფექციური კლინიკა. რაც შეეხება ონკოლოგიური კლინიკისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობებს, ამ ტერიტორიებზე დაგეგმილი ჰქონდათ სარეაბილიტაციო ცენტრების გაკეთება. მაქსიმუმ ორ წელიწადში უნდა დასრულებულიყო პროექტის განხორციელება. მაქვს კითხვა? _ სად არის ის ინვესტორი და ყველა დონეზე შეთანმხებული პროექტი?! სად გააქრეს? რატომ არავინ ამოიღო მაშინ ხმა იმის შესახებ? ონკოლოგიური ცენტრის ამ ადგილიდან გადატანა არ შეიძლება და ამას დღეს თანამშრომლებიც ეწინააღმდეგებიან.
ცნობისთვის: ასოციაციამ უკვე დაიწყო ექსპერტებთან ერთად რადიოლოგების სიკვდილიანობის სტატისტიკის შესწავლა და უახლოეს პერიოდში ბრიფინგის მოწყობას ვაპირებთ. სწორედ ამ ბრიფინგზე გავაჟღერებთ სკანდალურ ფაქტებს, რომელმაც საზოგადოება შეიძლება შოკში ჩააგდოს.

თამარ როსტიაშვილი