რამდენად გაიზარდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შრომის ანაზღაურების ხარჯები 2014 წლიდან დღემდე?

2017 წლის 15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით საკრებულოს თანამდებობის პირთა წრე გაიზარდა და მას ახალი თანამდებობა _ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე დაემატა. მოქმედი კანონით საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები საკრებულოს თანამდებობის პირები არიან. ეს პირები, განსხვავებით საკრებულოს სხვა წევრებისგან, შრომის ანაზღაურებას იღებენ.

საკრებულო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელსაც შესაბამისი ტერიტორიის მოსახლეობა ფარული კენჭისყრით ირჩევს. საკრებულოს დეპუტატი შეიძლება იყოს არჩეული როგორც პროპორციული (ანუ პარტიული სიით), ისე მაჟორიტარული სისტემითაც (ინდივიდუალურად). მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის უფლება კონკრეტულ პარტიასაც აქვს და _ საინიციატივო ჯგუფსაც. საინიციატივო ჯგუფები უპარტიო, დამოუკიდებელ კანდიდატებს წარადგენენ. საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, სულ მცირე, 21 წლის უნდა იყოს.
არჩევნებში გამარჯვებისთვის საკრებულოს დეპუტატებს საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ სჭირდებათ. პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებულად ის პარტია და, შესაბამისად, კანდიდატი ითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს რეგიონებში კერძო და არასამთავრობო სექტორი ნაკლებადაა განვითარებული, საკრებულოს დეპუტატები ხშირად ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცნობილი ექიმები, მასწავლებლები, ცნობილი ბიზნესმენები ან სკოლების დირექტორები არიან.
საკრებულოს წევრი საკუთარ უფლებამოსილებას სამსახურისგან მოუწყვეტლად ახორციელებს და დამსაქმებელს უფლება არ აქვს, შეზღუდოს მისი, როგორც მუნიციპალიტეტის წევრის უფლება მონაწილეობა მიიღოს კომისიის, ფრაქციისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. დაუშვებელია ამ საფუძვლით პირის სამსახურიდან განთავისუფლება ან დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანა. შესაბამისად, საკრებულოს წევრობა, გარკვეულწილად, მოხალისეობრივ პრინციპებზეა დაფუძნებული.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს არჩევის წესს საარჩევნო კოდექსი არეგულირებს. საკრებულოს წევრთა რაოდენობას კოდექსის 140-ე მუხლი განსაზღვრავს. კანონის მიხედვით ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულო 15 პროპორციულად არჩეული წევრით და ამ თემში გაერთიანებული ადმინისტრაციული ერთეულებიდან არჩეული მაჟორიტარებით შედგება. თვითმმართველ ქალაქში საკრებულო 15 პროპორციული წესითა და 10 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატით კომპლექტდება.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრის შრომის ანაზღაურება, რომელიც არ არის თანამდებობის პირი, განისაზღვრება თავად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ხოლო მის სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაზე საქართველოს კანონმდებლობით საჯარო მოსამსახურის მივლინების ხარჯების ანაზღაურებისთვის დადგენილი წესები ვრცელდება.
დავუბრუნდეთ ზემოხსენებულ ცვლილებებს _ მათ თანახმად საკრებულოს ყველა ფრაქციის თავმჯდომარეს აქვს უფლება, ჰყავდეს ერთი მოადგილე, ხოლო იმ ფრაქციას, რომლის წევრთა რაოდენობა ცხრაზე მეტია _ ორი მოადგილე. აღნიშნული წესი მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე არ ვრცელდება. ფრაქციის შექმნისთვის საკრებულოს, მინიმუმ, სამი წევრის გაერთიანებაა საკმარისი.
აღნიშნულ კვლევაში გაიგებთ, თუ რამდენად გაზარდა 2017 წელს მიღებულმა ცვლილებებმა იმერეთის მუნიციპალიტეტებში შრომის ანაზღაურების ხარჯები და ვის ვუხდით ხელფასს ბიუჯეტის ხარჯზე. კვლევას იმერეთის თითოეული მუნიციპალიტეტისთვის ცალ-ცალკე შემოგთავაზებთ.
მოცემულ სტატიაში განვიხილავთ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთათვის მიმდინარე და წინა მოწვევის თანამდებობის პირთათვის გაღებულ შრომის ანაზღაურების ხარჯებს.
ჭიათურის წინა მოწვევის (2014წ.) საკრებულოში ექვსი ფრაქცია მუშაობდა: „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო“, „ქართული ოცნება _ კონსერვატორები“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ჭიათურის მომავლისთვის“, „სოფლის მომავალი“ და „ჭიათურელი“. თითოეული ფრაქცია, გარდა „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოსა“, სამი წევრისგან შედგებოდა. ფრაქციებს ჰყავდათ თავმჯდომარეები, რომელთა შრომის ანაზღაურება 1800 ლარს შეადგენდა.
საერთო ჯამში, ჭიათურის წინა მოწვევის საკრებულოში ფრაქციების თავმჯდომარეთა შრომის ანაზღაურებაზე თვეში 10 800 ლარი იხარჯებოდა, წელიწადში კი _ 129 600.
2017 წლიდან, კანონის ცვლილებასთან ერთად, ჭიათურაში ახალი მოწვევის საკრებულომ დაიწყო მუშაობა. მკვეთრად შეიცვალა ვითარებაც _ ექვსი ფრაქციის ნაცვლად ახალი მოწვევის საკრებულოში ახლა ხუთი მუშაობს: „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართელო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება _ კოსნერვატორები“, „ქართული ოცნება _ მრეწველები“ და „ქართული ოცნება _ „მწვანეები“. ფრაქციების თავმჯდომარეთა ხელფასი 1860 ლარია. თითოეულ თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავს. გამონაკლისს „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო“ წარმოადგენს _ ორი თავმჯდომარის მოადგილით. მოადგილეების შრომის ანაზღაურება 1200 ლარია, რაც დამატებით ყოველთვიურ 8400 ლარის ხარჯს შეადგენს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაიზარდა ფრაქციის თავმჯდომარეთა შრომის ანაზღაურება, მაგრამ ფრაქციათა რაოდენობის შემცირების გამო ამას დამატებითი ხარჯი არ გამოუწვევია. ჭიათურის საკრებულო ხუთი ფრაქციის თავმჯდომარეს თვეში 9300, ხოლო წლიურად 111 600 ლარს უხდის, რაც წინა მოწვევის ხარჯზე 18 000 ლარით ნაკლებია.
საერთო ჯამში, ჭიათურის საკრებულო ფრაქციების თავმჯდომარეთა და მათ მოადგილეთა შრომის ანაზღაურებისთვის წლიურად 212 400 ლარს ხარჯავს. ეს თანხა წინა მოწვევის საკრებულოს წლიურ ხარჯთან შედარებით 82 800 ლარით მეტია.

ცხრილი #1: ჭიათურის მუნიციპალიტეტის წინა და ახლანდელი მოწვევის საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების თანამდებობრივი სარგოს ცვლილება

წყარო: ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაცია

ამავე სტატიაში გაგაცნობთ პირებს, რომლებიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებს ხელმძღვანელობენ.

ფრაქცია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მიმდინარე მოწვევის საკრებულოში ვაჟა სამხარაძეა. მისი მოადგილეები ავთანდილ ვაშაძე და მალხაზ ხუციშვილი არიან. მათი დეკლარაციების მიხედვით ბიზნესსაქმიანობას არც ერთი არ ეწევა, მათ „ანგარიშზე“ არც რაიმე განსაკუთრებით დიდი კაპიტალია.

პროკოფ ჩიკვილაძე და ვლადიმერ კუპატაძე ჭიათურის საკრებულოში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ. ჩიკვილაძის „ანგარიშზე“ ჭიათურაში ორი ბინაა; მისი მეუღლე მაია კალანდაძე კი 2018 წლის ბოლომდე „ჯორჯიან მანგანეზის“ ინჟინერი გახლდათ.
დეკლარაციის მიხედვით ორი ავტომობილი და ორი საცხოვრებელი სახლი აქვს ენმ-ს თავმდჯომარის მოადგილეს. კუპატაძის მეუღლე ჭიათურის ერთ-ერთი სოფლის სკოლის მასწავლებელია.

ფრაქცია „ქართული ოცნება _ კონსერვატორების“ თავმჯდომარე ბესარიონ ნადირაძეა, ხოლო მისი მოადგილე _ ბადრი ჩინჩალაძე.
განსაკუთრებული ქონებითა და კაპიტალით არც ერთი მათგანი გამოირჩევა.

ზაზა ჯოხაძე და გიორგი ვაშაძე ფრაქცია „ქართული ოცნება _ მწვანეების“ თავმჯდომარე და მოადგილე არიან. ჯოხაძე რამდენიმე მიწის ნაკვეთს, ბინასა და მარანს ფლობს, თუმცა ეს კაპიტალი მას მემკვიდრეობით ერგო. მის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ფრაქციის თავმჯდომარე ორი მანქანის მფლობელია, მისი მეუღლე თეა ასანიძე კი ინდივიდუალური მეწარმეა.
მიწის ნაკვეთების სიმრავლით გამოირჩევა გიორგი ვაშაძე. როგორც დეკლარაციაში ჩანს, მას ეს მიწები მემკვიდრეობით ერგო. ვაშაძის „ანგარიშზე“ ერთი ავტომობილია. მისი მეუღლე ინგა ბარელაძე კი 2018 წლის ბოლომდე სოფელ პერევისის ადმინისტრაციაში სპეციალისტად მუშაობდა. რამდენიმე მიწის ნაკვეთი სწორედ ამ სოფელში ბარელაძესაც ეკუთვნის.

ჭიათურის საკრებულოს ფრაქციების ხელმძღვანელთა შორის მხოლოდ ერთი ქალია _ მარინა სამხარაძე _ ფრაქცია „ქართული ოცნება _ მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილე. ფრაქციის თავმჯდომარე ნესტორ ნოზაძე გახლავთ.
ნოზაძის ოჯახი რვა მიწის ნაკვეთს, ორ საცხოვრებელ სახლს, ერთ ბინასა და ერთ კომერციულ ფართს ფლობს. ორი საცხოვრებელი სახლი, ერთი ბინა და ორი მიწის ნაკვეთი გახლავთ ნოზაძის მოადგილის _ მარინა სამხარაძის ოჯახის მფლობელობაში. არც ერთი მათგანი ბიზნესსაქმიანობას არც ახლა და არც წარსულში არ ეწეოდა.

შეგახსენებთ, რომ „ქრონიკა+“ პერიოდულად გაგაცნობთ, თუ როგორ მოიმატა კანონის ცვლილებასთან ერთად 2014 წლიდან დღემდე იმერეთის საკრებულოებში ფრაქციების თავმჯდომარეთა და მათი მოადგილეების შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილმა ხარჯმა.

შორენა ლაღაძე