შაქრო ტერტერაშვილი: „7 მილიარდის პატრონი ოლიგარქის სიტყვას ერთი თეთრის ფასიც აღარ აქვს“

მმართველი პარტია მართალია, ამომრჩეველს დანაპირებს ვერ უსრულებს, მაგრამ ისეთ განცხადებებს აკეთებს, ყველაზე დიდი მხარდამჭერიც კი შეიძლება, შოკში ჩააგდოს. ამ დღეებში იმაზე იყო ატეხილი ამბავი, თუ რამდენ პროცენტს აიღებს მომავალ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის პარტია.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გვითხრა, რომ მათი გამარჯვება გარდაუვალია, რადგანაც „ქართულ ოცნებაზე“ გულწრფელი და მშრომელი პარტია ბუნებაში, თურმე, არ არსებობს. ამ განცხადებას ბევრი გულწრფელი გინება და არაგულწრფელი ლაიქი მოყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შაქრო ტერტერაშვილი ამბობს, რომ „ოცნება“ თუნდაც იმიტომ ვერ იქნება გულწრფელი ძალა, რომ საკუთარ თავს ყველაზე მშრომელ პარტიად მიიჩნევს.

რაში გამოიხატება შრომისმოყვარეობა და გულწრფელობა? რით განსხვავდება საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტოსგან? რატომ არის სახიფათო „ოცნებისთვის“ 2020 წელი? სად გაქრა ივანიშვილის დაპირებული ელიტური კარტოფილის თესლი? ვინ ჩაიგდო ხელში კახეთი? _ ამ თემებზე შაქრო ტერტერაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ბატონო შაქრო, ბიძინა ივანიშვილმა დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები მისმა პარტიამ უნდა მოიგოს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ეს ასეც იქნება, რადგანაც „ქართულ ოცნებაზე“ გულწრფელი და მშრომელი პარტია ბუნებაში არ არსებობს. თქვენ რას იტყვით ამაზე?
_ ერთია, რას ამბობს მამუკა მდინარაძე და მეორეა ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მათი ლიდერი ამბობდა, ოღონდ ახლა ხმა მოგვეცით და ქვეყანაში სიტუაციას გავაუმჯობესებთო. ერთი წელი გავიდა ამ დაპირებიდან, მაგრამ გაუმჯობესება არაფერს ეტყობა. ყველაფერი უკან-უკან მიდის.
ნაკეთები საქმეებით თუ ვიმსჯელებთ, არც მშრომელები არიან და არც _ გულწრფელები. მათი „გულწრფელობა“ ბევრჯერ გამოჩნდა. ხელისუფლებაში მოსვლამდე მათი ლიდერი ლამის კარდაკარ დადიოდა. სოფლებში ხალხს ელიტური კარტოფილის თესლის დარიგებას და იაფ ფულს ჰპირდებოდა.
ელიტური კარტოფილის თესლი თვალით არავის უნახავს, ფულს რაც შეეხება, იაფი ვერა, მაგრამ გაუფასურებული ფული კი ნამდვილად მივიღეთ მათი წყალობით.
ამ „დამსახურებისთვის“ „ოცნება“ არჩევნებზე აუცილებლად მიიღებს ხალხისგან საკადრის პასუხს. განცხადებები იმაზე, რომ ისინი 2020 წელს ამომრჩეველთა ხმების 60%-ს აიღებენ, სხვა არაფერია, თუ არა ერთმანეთის შეგულიანება.
სანამ 60%-ს იტყოდნენ, აცხადებდნენ, რომ მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა დასჭირდებოდათ. ეს განცხადებები არ მოეწონა ლიდერს და ქვეშევრდომები დატუქსა. ახალი გეგმა შეიმუშავეს და ახლა ხმებს ავრცელებენ, 60%-ს ავიღებთო. ასე რომ არ თქვან, ის მომხრეები, ვინც შემორჩათ, დაეფანტებიან.
მშრომელები არ არიანო, მთლად ასეც ვერ ვიტყვით, ქვეყნისთვის ეზარებათ შრომა, თორემ ბიძინა ივანიშვილის საქმეების გასაკეთებლად 24 საათი მზადყოფნაში არიან. „ოცნების“ ლიდერმა საყდრისის აფეთქება რომ მოინდომა, 12-მა უწყებამ ერთ დღეს იმუშავა შეხმატკბილებულად და სასწრაფო წესით გასცა ნებართვა.
ახმეტის წყალი, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა გაკეთებულიყო, მეხუთე წელია, ვერ გააკეთეს. გადათხრილია ქუჩები და ქალაქი მტვერში იხრჩობა. სხვა რეგიონებშიც ბევრგან არის ასეთი სიტუაცია. პროექტების ნახევარი შუა გზაზეა გაჩერებული.
ასეთი ყოჩაღები თუ არიან, მაშინ ეკონომიკა რატომ ვერ ვითარდება? ლარი ყოველდღე უფასურდება, ადამიანები ქვეყნიდან გარბიან.
გულწრფელობას რაც შეეხება, როგორ შეიძლება, ფარცხალაძის მშობელი პარტია გულწრფელი იყოს. გაქანებული მაფიოზები არიან თავიდან ბოლომდე. მთავარი მაფიოზი ივანიშვილია. დანარჩენი ქვევითაა _ ყველას თავისი კუნძული აქვს შექმნილი.
ერთს ამბობენ, მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ, ახლა მითხარით, რანაირი გულწრფელობაა ეს? გულწრფელობას სხვანაირი განმარტება აქვს. იყო გულწრფელი, ნიშნავს უარი უთხრა ფარისევლობასა და მონობას. არც ოკუპანტს უნდა მოუხარო ქედი.
_ ოკუპანტის მიმართ გულწრფელები არიან. თქვეს, რომ რუსეთისგან მტრის ხატს აღარ შექმნიდნენ და ასრულებენ ამ დანაპირებს.
_ ოკუპანტების მიმართ მართლა გულწრფელები არიან. დახურულ შეხვედრებზე, ალბათ, გულწრფელად ეუბნებიან, თუ რას გააკეთებენ მათთვის.
როგორ შეიძლება, ამ ხალხს გულწრფელი უწოდო, რომელიც ნებისმიერ წუთს იცვლის პოზიციას? ღარიბაშვილი პრემიერობიდან რომ წავიდა, ხომ გახსოვთ, უმრავლესობამ ეგრევე დაიწყო მისი ლანძღვა. ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრად მოიყვანეს და ახლა იგივე ხალხი მას აქებს.
ასევე იყო კვირიკაშვილთან მიმართებითაც. გადადგომამდე ერთი კვირით ადრე ამ კაცზე ამბობდნენ, ასეთი კარგი თანამდებობის პირი ამ სამყაროში ჯერ არ დაბადებულაო. როდესაც ბატონმა კვირიკაშვილი გააკრიტიკა, იგივე ხალხი დაეწყო და იმას ამტკიცებდა, თუ რა ცუდი ყოფილა ეს ადამიანი. აღშფოთებას გამოთქვამდნენ, როგორ მოიპარა 700 მილიონიო.
_ დღეს ეს 700 მილიონი აღარავის ახსოვს.
_ რაღაც გამოძიება დაიწყეს და გაჩერდნენ. აქედანაც ჩანს მათი გულწრფელობა. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ არც ერთი დაპირება არ შეასრულეს.
_ ახლა ივანიშვილი წყალტუბოს რეაბილიტაციას გვპირდება. ბევრმა მისი დაპირება დაიჯერა.
_ ამ კაცისგან ასეთი დაპირებები პრობლემა არ არის. გამოისვრის რაღაც სისულელეს და ჰგონია, რომ ამომრჩეველი დაუჯერებს. რატომ უნდა დავუჯეროთ წყალტუბოს რეაბილიტაციაზე ზღაპარს, როცა დღემდე ვერ აუშენებიათ თბილისში 32 საზოგადოებრივი ტუალეტი. არადა, 2016 წელს ეს მათი საარჩევნო დაპირება იყო.
როგორი რეაბილიტაცია შეუძლია ივანიშვილს, ამაზე ლაგუნა ვერე მეტყველებს. ეს ობიექტი ივანიშვილის საკუთრებაშია. ობიექტი დედაქალაქის ცენტრშია და ყველას შეუძლია მისი ნახვა.
„ოცნების“ ბატონი ხალხს დაჰპირდა, რომ მთავრობაში ახალ სახეებს მოვიყვანო და თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი მოიყვანა. ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ამ დროს თავდაცვის მინისტრად ისეთ კაცს ნიშნავ, რომელსაც თავდაცვაზე წარმოდგენაც არ აქვს.
_ არც დანარჩენი მინისტრები გამოირჩევიან დიდი პროფესიონალიზმით.
_ რაში სჭირდებათ პროფესიონალიზმი, მაინც ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს. მინისტრებსა და დეპუტატებს პატარ-პატარა კუნძულები აქვთ გამოყოფილი და იმ არეალში უნდა იმოქმედონ. სახელმწიფოს მართვაში ნუ ჩაერევიან და შეუძლიათ, მსუყე ლუკმა იშოვონ.
_ მსუყე ლუკმის შოვნაში თავისუფლება აქვთ?
_ მათთვის გამოყოფილ კუნძულებს არ უნდა გასცდნენ. ამ კუნძულზე ყველაფრის კეთება შეუძლიათ. სახლის აშენებისა და აუზში წყალის ჩასხმის უფლებასაც აძლევს ივანიშვილი. სხვა დანარჩენი ყველაფერი მაგან უნდა გადაწყვიტოს. ამასობაში კი დაგვემხო ეკონომიკა თავზე.
_ ეკონომიკა თავზე რომ დაგვემხო, ამას „ოცნება“ ოპოზიციას აბრალებს. ლამის, „გავრილოვის ღამეს“ დააბრალეს ლარის გაუფასურება.
_ ვთქვათ და ეს მართლა ოპოზიციის ბრალია, მაშინ ასეთ კითხვას დავსვამ, _ ოპოზიცია ასეთ რამეებს რომ სჩადის, სადაა ხელისუფლება? ხელფასს რაში ვუხდით? ხელისუფლებაში ყოფნა მარტო განცხადებების კეთებას არ ნიშნავს.
ყველაფერს რომ ამ „გავრილოვის ღამეს“ აბრალებენ, მანამდე ქვეყანა ყვაოდა? არც ლარი ყოფილა სტაბილური და ინფლაციაც დაწყებული იყო. ხალხიც მანამდე გარბოდა ამ ქვეყნიდან. და საერთოდ, ეგ გავრილოვიც მაგათ ჩამოიყვანეს.
საქმის კეთება არ შეუძლიათ, მაგრამ თავისი გაფუჭებულის სხვისთვის გადაბრალებაში მართლა ძალიან ყოჩაღები არიან. ამდენი პრობლემა შეუქმნეს ქვეყანას და დღემდე არც ერთს არ აღიარებენ.
_ პრობლემა მართლა უამრავია. თქვენი აზრით, დღეს მთავარი პრობლემა რა არის?
_ ოლიგარქიული მმართველობა. ეს არის ყველა უბედურების სათავე. პრემიერიდან დაწყებული, რიგითი მინისტრით დამთავრებული, ისეთი კადრები ჰყავთ შერჩეული, ვისაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. მათ ამის სურვილიც კი არ აქვთ.
ყველა თანამდებობის პირი ოლიგარქიულ ფერხულშია ჩაბმული და რასაც იტყვიან, იმას ასრულებენ. ვთქვათ, თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხე უნდა გადაიტანოს და ამისთვის დასაგებია 10 კილომეტრი გზა. ამ გზას ერთ კვირაში მოაასფალტებენ. ახმეტაში თუ 500-600 კომლი გადათრხილი ქუჩებით შეწუხდება, 4 და 5 წელი ისე გაივლის, ამ პრობლემის მოგვარებაზე არავინ იფიქრებს.
_ ახმეტლებმა რომ მოიტყუონ და თქვან, ამ ქუჩის ბოლოში ხე დგას, რომლის გადატანაც ივანიშვილს სურს, იქნებ, ეს გზაც მოაასფალტონ.
_ ეს ხერხი არ გაჭრის. ბიძინა ივანიშვილს ახმეტა და მთლიანად კახეთი არ აინტერესებს. თავად აქ ჩამოსვლასაც კი არ კადრულობს. სამაგიეროდ, თავისი ძმა გამოგვიგზავნა.
_ ვინ ძმა გამოგიგზავნათ?
_ ადიკო გამოგვიგზავნა და ის არის ახლა კახეთის ბატონი.
_ ხუმრობთ?
_ რას ვხუმრობ. ადიკო ივანიშვილი არის დაპატრონებული კახეთს და ეგ განსაზღვრავს აქ ყურძნის ფასს. მამუკა მდინარაძის გამოცხადებული მშრომელობა და ყოჩაღობა იმაში გამოიხატა, რომ კახეთში ყურძნის ფასი მყისიერად დააგდეს.
წელს ყურძნის ფასი მინიმუმ 30%-ით დაეცა. ერთი კილოგრამი ყურძენი 70 თეთრი ღირდა. 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლამდე, ივანიშვილი ამბობდა, რომ მიუღებელია, როცა ერთი კილოგრამი ყურძენი ერთი ლარი ღირსო. მაშინ თუ ლარი არ იყო მისაღები, შვიდი წლის თავზე რატომ შემცირდა ეს თანხა და 70 თეთრი რატომ გახდა? ისიც უნდა გავითვალისწინოთ, მაშინ რა ღირდა დოლარი და ახლა რა ღირს. ახლა რატომ არ გამოდის ივანიშვილი და არ აპროტესტებს ამას? დარწმუნებული იყავით, არც გააპროტესტებს.
_ რატომ არ გააპროტესტებს?
_ საამისოდ საპატიო მიზეზი აქვს. მისმა ძმამ დაგდო ყურძენზე ფასი. ეგ ყიდულობს ყურძენს და აწარმოებს სპირტს. ადიკოს ერთი ლარი რომ გადაეხადა ერთ კილოგრამ ყურძენში, უფრო მეტის გადახდა მოუწევდა და ნაკლები მოგება ექნებოდა.
დააგდო ყურძნის ფასი, ნაკლებს გადაიხდის და მოგება ბევრი დაჩება. ამას ოლიგარქი როგორ გააპროტესტებს?
ოლიგარქს ურჩევნია, მის ძმას დარჩეს ფული, კახელი გლეხი როგორ დაზარალდება, ეს მას საერთოდ არ აინტერესებს.
_ ე. ი. დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში ბიძინაა გაბატონებული, აღმოსავლეთში _ მისი ძმა.
_ მთელ აღმოსავლეთ საქართველოს არ მოსდებია, ჯერ მარტო კახეთს დაეპატრონა. ამაზე, ალბათ, არ შეჩერდება.
_ კახეთში ადიკო ივანიშვილი მარტო ყურძნის ბიზნესშია, თუ სხვა სფეროებსაც დაადო ხელი?
_ სხვა რამეებსაც დაადებდა ხელს, მაგრამ ესენი დიდად არ ჩანს. ყურძენი კი კახეთისთვის და კახელი გლეხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ხალხი ყურძნით ცხოვრობს, ამით ჭამს პურს.
წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა ხალხი, როცა ყურძნის ფასი 30%-ით შეამცირეს. ერთი ლარიც კი დაბალი ფასი იყო. ჩვენ უფრო განვითარებული ქვეყანა რომ ვიყოთ, ყურძენი, მინიმუმ, 2 ლარი უნდა ღირდეს.
_ კახელები ყოველთვის მეამბოხეები იყავით და ამას ასე მშვიდად რატომ ეგუებით?
_ როდის ვიყავით მეამბოხეები? დინჯები ვართ კახელები.
_ იმხელა ბახტრიონის აჯანყება მოაწყვეთ და რაღა დინჯები იყავით.
_ დინჯები კი ვართ, მაგრამ სულ ბრძოლაში გვიწევს ყოფნა. ისე, ერთი ბახტრიონი საპრეზიდენტო არჩევნებზეც მოვუწყვეთ „ქართულ ოცნებას“. ამ არჩევნებზე კახეთმა თავისი სიტყვა მართლა თქვა.
2020 წელს კი უფრო მკაფიოდ ვიტყვით ჩვენს სათქმელს. ყურძნის ფასის დაგდება არ არის ის თემა, რომელსაც კახელები ასე გაატარებენ.
დინჯები კი ვართ კახელები, მაგრამ ტყუილებს და გადაგდებებს ეგრე ადვილად არავის ვპატიობთ, არც ივანიშვილს ვაპატიებთ.
_ საპრეზიდენტო არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ „ოცნება“, ალბათ, კახეთზე ზეწოლას გააძლიერებს. ამაზე რას ფიქრობთ?
_ ზეწოლის სურვილი ექნებათ, მაგრამ არა მგონია, რომ რაიმე გამოუვიდეთ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ვერ გამოიღო ზეწოლამ შედეგი და საპარლამენტოზე უფრო არ გამოიღებს.
_ ეს რას ნიშნავს, საპრეზიდენტოზე უფრო ძლიერი ზეწოლა იყო, ვიდრე საპარლამენტოზე იქნებაო?
_ თავისთავად. საპარლამენტო არჩევნების დროს ხელისუფლებას ხალხზე ზეწოლა ძალიან უჭირს. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები სულ სხვადასხვა რამეა.
შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემთან ხშირად მოდიოდნენ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები. ისინი მეუბნებოდნენ, _ ვთქვათ, დაგიჭირეთ მხარი და გაიმარჯვა ვაშაძემ, რას მიშველი, თუ ხელისუფლება პრობლემებს შემიქმნის? ვეუბნებოდი, _ ვერაფერს გიშველი იმის გარდა, რომ წამოვალ და ფიზიკურად შენ გვერდით დავდგები.
ტყუილის თქმა არ მიყვარს და ადამიანს იმის გარანტიას ვერ ვაძლევდი, რომ თუ ვაშაძე პრეზიდენტი გახდებოდა, „ოცნება“ მას პრობლემებს არ შეუქმნიდა.
ადამიანები ფიქრობდნენ, „მეოცნებეები“ კიდევ ორი წელი იქნებიან ხელისუფლებაში და ამ დროში სულს ამოგვხდიანო. ამიტომაც აღარ აქტიურობდნენ.
ვინც ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებდა, მან ძალიან კარგად იცოდა ხალხის ასეთი განწყობა.
საპრეზიდენტო არჩევნების დროს ღიად მიდიოდა ყალბი ბიულეტენების ჩაყრა. მაგრამ ამაზე ბევრი თვალს ხუჭავდა. იცოდნენ, რომ კიდევ ორი წელი იქნებოდა „ოცნება“ ხელისუფლებაში და ამ დროში მათ პრობლემები შეიძლებოდა შექმნოდათ.
საპარლამენტო არჩევნები სულ სხვა რამეა. ეს არის არჩევნები, როცა არ იცი, თუ ვინ იქნება მეორე დღეს ხელისუფლებაში.
ეს მოქმედმა ხელისუფლებამაც იცის. ამიტომ გამყალბებლები, შემშინებლები უფრო ფრთხილად იქცევიან.
„ოცნებასაც“ სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს 2020 წელს. თან გავითვალისწინოთ, რომ „ოცნებას“ აღარც ძველი რესურსი აქვს და აღარც ხალხი აღიქვამს ამ პარტიას სერიოზულად.
_ რატომ გგონიათ, რომ ხალხი სერიოზულად არ აღიქვამს „ოცნებას“?
_ ეს ძალიან ნათლად ჩანს. სოციალურ ქსელებში უკვე ღიად დასცინიან მათ. ცოტა ხნის წინ ივანიშვილი გამოვიდა და დაპირებების ახალი ტალღა გამოუშვა _ ამას და ამას გაგიკეთებთო. მისი დაპირებები ქილიკის საფუძველი გახდა. ტროლების ქარხნის წარმომადგენლების გარდა 7 მილიარდის პატრონს მთელი ქვეყანა დასცინის.
ძალიან უხერხულია, რომ 7 მილიარდის პატრონის სიტყვას ერთი თეთრის ფასიც კი არ აქვს. ერთ დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს _ მეორეს. ხალხს ვინ ჩივის, თავისიანებმაც კი აღარ იციან, რა უნდა ამ კაცს.
_ შეიძლება, მის სიტყვას ფასი არ აქვს, მაგრამ მას აქვს დიდი ფული და ამომრჩევლის ყიდვა შეუძლია.
_ ესეც ამოწურვადი რესურსია. თავი დავანებოთ იმას, რომ ბევრი არ გაიყიდება. ისიც ძნელი განსახორციელებელი იქნება, რომ მთელ საქართველოს ჩამოუარო და ფული დაარიგო.
ასევე ამოწურვადი რესურსია ხალხის შეშინებაც. ყველას ვერ შეაშინებენ. ასე რომ, დიდმა ფულმა შეიძლება, ვეღარ გაჭრას. შეიძლება კი არა, ვეღარ გაჭრის.
ჩემი გათვლებით, 2020 წელს მოსყიდვებით, დაშინებითა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ივანიშვილის პარტია 25%-ზე მეტს ვერ აიღებს.
_ აბა, 60%-ის იმედი რატომ აქვთ?
_ ვინ გითხრათ, რომ აქვთ? მაგათ ყველაზე კარგად იციან, რასაც მიიღებენ არჩევნებზე. 60%-ს ხალხის გასაგონად ამბობენ. სიმართლე რომ თქვან და აღიარონ, რომ 25%-ზე მეტის იმედი არ აქვთ, ამომრჩეველს სულ დაკარგავენ. ახმეტაში, მაგალითად, 20 კინკილა მხარდამჭერი ჰყავთ და მაგათაც დაკარგავენ.
პიარტექნოლოგია კარგად იციან და ამიტომ ამბობენ ამხელა ციფრს. ამით თავისიანებს ატყუებენ, _ აი, რამდენი მხარდამჭერი გვყავსო.
მაგათი გულწრფელობა აქედანაც ჩანს. საკუთარი ამომრჩევლების მოტყუებასაც არ ერიდებიან, სხვას რას უზამენ!
ამათში ერთადერთი გულწრფელი ჩუგოშვილი და კობახიძე იყვნენ, ისიც მცირე ხნით. თავიდან თქვეს, კოალიციის შექმნა მოგვიწევსო, მერე როცა შენიშვნა მიიღეს ამაზე, გამოვიდნენ და ნათქვამი გადააკეთეს _ 60%-ს ავიღებთო.
ამ პროცენტების გამოცხადებაში იგივე არ მოუვიდეთ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოუვიდათ. შამპანურები გახსნეს გამარჯვების აღსანიშნავად და ძალიან მალე ეს ჭიქები ხელში შერჩათ.
ყველაფერთან ერთად ხალხი ხელისუფლებას საეკლესიო სკანდალის გამოც შეაქცევს ზურგს. ხალხს გამუდმებით ვხვდები და ყველა ამბობს, რომ ამის უკან „ქართული ოცნება“ დგას.
ხელისუფლება შეეცდება, რომ ეს ოპოზიციას დააბრალოს, მაგრამ ვეღარ გაჭრის ეგ მეთოდი, ხალხს უკვე აქვს ამაზე თავისი აზრი.
დღეს ქვეყნის ბატონ-პატრონი ტყუილების გუდამოკიდებული კაცია. ერთხელ შეიძლება მოატყუო ადამიანი, ათჯერ შეიძლება მოატყუო… შეიძლება ერთი ადამიანი მთელი ცხოვრება ტყუილში აცხოვრო, მაგრამ მთელ ქვეყანას გამუდმებით ვერ მოატყუებ. ეს არავის გამოუვიდა და არც ივანიშვილს გამოუვა. მაგის ტყუილებსაც აღარ აქვს ფასი.

შორენა მარსაგიშვილი