მიშა კაჭკაჭიშვილი: „ივანიშვილი „ოცნებას“ ბოლომდე არ ჩაჰყვება“

იმ დროს, როდესაც ერი და ბერი საეკლესიო სკანდალზეა გადართული, მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. „ქართული ოცნება“ ბრჭყვიალა დაპირებებით ცდილობს სკანდალებისგან დაოსებული ამომრჩევლის გულის მოგებას.
„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მიშა კაჭკაჭიშვილი, მიიჩნევს, რომ „ოცნებამ“ არჩევნებისთვის მზადება „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დაიწყო. მისი თქმით, ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების სცენარსაც განიხილავს. ამბობს, რომ ამ სცენარისთვის ოპოზიციის ნაწილიც ემზადება და ისინი ხელისუფლებასთან დიდი ვაჭრობაში არიან.

რაზე ევაჭრება ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას? რატომ არ უნდათ მათ ოქრუაშვილის ციხიდან გამოსვლა? რა ცრუ ინფორმაციები მიაქვთ „ოცნების“ წევრებს ივანიშვილთან? ჩაჰყვება თუ არა „ოცნების“ ლიდერი თანაპარტიელებს პოლიტიკურ სამარეში? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს მიშა კაჭკაჭიშვილი ესაუბრება:

_ ბატონო მიშა, „ქართულმა ოცნებამ“ აშკარად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. ამ დროს ოპოზიცია სხვა თემებზეა გადართული. მაგალითად, საეკლესიო სკანდალზე. ხომ არ გაგვიანდებათ საარჩევნო კამპანიის დაწყება?
_ სხვა ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი როგორია, ვერ გეტყვით. ძირითადად, სასამართლო პროცესებზე გვიწევს სიარული. მოგეხსენებათ, ჩვენი ლიდერი დაკავებულია. ასევე დავდივართ გავრილოვის სხვა პატიმრების სასამართლოებზეც.
საეკლესიო სკანდალში ჩვენი პარტია არ მონაწილეობს. მონაწილეობაში შეფასებებისა და კომენტარების გაკეთებას ვგულისხმობ. ძალიან ბევრი რამე ვიცი, მაგრამ ამ თემაზე საუბარი საჭიროდ არ მიმაჩნია.
ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანია დიდი ხანია, რაც დაიწყო. 20 ივნისის დარბევისთანავე დაიწყეს მათ ეს კამპანია. გახარიას გაპრემიერების შემდეგ ეს კამპანია უკვე ღია გახდა.
მესმის მათი სიჩქარის. მაქვს ინფორმაციები, და არცთუ უსაფუძვლო, რომ არჩევნები შეიძლება, არა მომავალი წლის შემოდგომაზე, არამედ გაზაფხულზე ჩატარდეს.
_ ფიქრობთ, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება?
_ „ოცნებაში“ ეს სცენარიც აქტიურად განიხილება. შემთხვევითი არაა, რომ „ოცნებამ“ ასე ადრე დაიწყო არჩევნებისთვის მზადება.
_ ე. ი. კიდევ უფრო დაუგვიანია ოპოზიციას გააქტიურება.
_ სხვა რას აკეთებს, არ ვიცი და არც მაინტერესებს, რადგან მათი ქმედებებით კმაყოფილი არ ვარ. მათგან არანაირ სოლიდარობას არ ვგრძნობთ. მათთვის მთავარია, რომ ნებისმიერ ფასად ჩაიდონ ჯიბეში პარლამენტის წევრის მანდატები, ჩვენს პარტიას კი ასეთი ამოცანა არ აქვს.
სათქმელი ბევრია, მაგრამ მირჩევნია, არ ვილაპარაკო. ყველაფრის მიუხედავად, მათ კრიტიკას მოვერიდები.
_ კრიტიკას მოვერიდებიო, კი ამბობთ, მაგრამ ხაზს უსვამთ იმ გარემოებას, რომ ოპოზიცია თქვენ მიმართ სოლიდარული არ არის.
_ ამას მარტო მე არ ვამბობ, ამას ყველა ხედავს. ოპოზიციას არ აინტერესებს ის ხალხი, ვინც „გავრილოვის ღამის“ საქმეზე დააკავეს.
_ არადა, ამ ღამეს ხშირად ახსენებს ხოლმე ოპოზიცია ხელისუფლებას.
_ ახლა ასე ხშირად აღარ ახსენებს. მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, რომ გავრილოვის გამო ადამიანები ციხეში არიან. ირაკლი ოქრუაშვილს რაც შეეხება, პირდაპირ გეტყვით, ოპოზიციის დიდ ნაწილს არ უნდა, რომ ის გარეთ გამოვიდეს. მისი გარეთ გამოსვლის შემთხვევაში ოპოზიცია წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ირაკლი იმდენად დამოუკიდებელი მოთამაშეა, მასთან რაიმე გარიგება გამორიცხულია. მას აქვს საკმაოდ მაღალი რეიტინგი, მას შეუძლია, ოპოზიციის ხმები წაიღოს, ამიტომაც არ უნდა ოპოზიციას, რომ ის გარეთ გამოვიდეს.
მინდა დავარწმუნო ეს ხალხი, რომ ირაკლი მათ მაინც წაართმევს ხმებს. მან ციხეში ყოფნის პერიოდში იმაზე მეტი მომხრე მოიპოვა, ვიდრე თავისუფლებაზე ყოფნის დროს ჰყავდა. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა.
მან საკუთარი თავის სრული რეაბილიტაცია მოახდინა. ის საბრძოლველად მზადაა და არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
დათმობაზე წასვლას არც ჩვენ ვაპირებთ, გვაქვს გეგმა და ამ გეგმით ვიმოქმედებთ. ახლაც ამ გეგმით ვმუშაობთ. ირაკლი პატიმრობაში თუ დატოვეს, ასეთ შემთხვევაშიც შეგვიძლია, ნებისმიერ მომენტში გადავიდეთ საარჩევნო რეჟიმზე.
ჩვენი ამოცანა არაა, პარლამენტში ფრაქცია გავიყვანოთ. ვინც ამისთვის ყველაფერს აკეთებს, მათ თავიანთ გულებში და სინდისში ჩაიხედონ. პირდაპირ ვიტყვი, ისინი პარლამენტში ვერ შევლენ.
ტყუილად აქვთ იმის იმედი, რომ თუ ხელისუფლებას ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით გაურიგდებიან, პარლამენტში მოხვდებიან. ჩვენთვის ცნობილია, რომ ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას ევაჭრება, ოქრუაშვილი ციხეში დატოვონ. ჩვენ ამ ადამიანების ვინაობაც ვიცით.
ამ თემებზე ახლა საუბარი არ მინდა, ამაზე თავის დროზე ირაკლი ისაუბრებს. ციხიდან რომ გამოვა, ის ყველას გასცემს პასუხს. მანამდე ოპოზიციას გავუმეორებ, რომ ამ გარიგებებით პარლამენტში ვერ მოხვდებიან.
პარლამენტში ვერ მოხვდებიან, იმიტომ რომ „ოცნებას“ თავისი თავი გასჭირვებია და სხვა პარტიების გაყვანას ვეღარ შეძლებს. ამის გაკეთება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუკი არჩევნებს გააყალბებენ. ასეთ შემთხვევაში შტურმს მიიღებენ. ოღონდ ისეთს კი არა, 20-21 ივნისის ღამეზე რომ ამბობენ, ეს იქნება ნამდვილი შტურმი.
_ ხელისუფლება ამბობს, რომ ეკლესიაზე იმ ხალხმა მიიტანა იერიში, რომელმაც 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტზე შტურმი განახორციელაო.
_ ეკლესიაზე საუბარი არ მინდა, პარლამენტზე კი შტურმი არავის მიუტანია. არც არეულობა ყოფილა ჩვენი თვითმიზანი. ჩვენ მხოლოდ უმსგავსობა გავაპროტესტეთ.
არეულობა რომ მდომოდა, ლამის ყოველ მეორე დღეს შევდივარ პარლამენტში, მოსამართლეების მოსმენას ვესწრები და იქ მოვაწყობდი არეულობას.
_ ამ მოსმენებს მართლა მშვიდად ადევნებთ თვალს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ „ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს კაბინეტში შეუვარდით და იმის გამო ეჩხუბეთ, რომ ვანო ზარდიაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯომარის მოადგილედ დაინიშნა. მართალია ეს ინფორმაცია?
_ მართალია. ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, რომ ამის გამო „ოცნების“ წევრებს ვეჩხუბე. მე იქ ბევრი მეგობარი მყავდა და ყველას ვეჩხუბე. ამ პარტიაში მეგობრები დღემდე მყავს, ჩვენ ერთად ვებრძოდით სააკაშვილის რეჟმს.
_ ახლა თუ გრძელდება თქვენი მეგობრობა? გამუდმებით ხელისუფლებას აკრიტიკებთ.
_ ერთმანეთს გამარჯობას ვეუბნებით, გამარჯობას ქართველი კაცი მტერსაც კი ეუბნება. მათთან ურთიერთობაში წყალგამყოფი აღმოჩნდა მოსამართლეთა სია. კარგია, რომ მოსამართლეები ღია კენჭისყრით აირჩევიან. ასე ყველა ვნახავთ, თუ ვინ უჭერს მხარს მოსამართლეებს.
ამის მიხედვით გააკეთებს ხალხი 2020 წელს არჩევანს. ეს არჩევანი „ოცნების“ სასარგებლოდ არ გაკეთდება.
_ „ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებაში მესამე ვადით მოვლენ.
_ ამაში სააკაშვილიც დარწმუნებული იყო. გაიხსენეთ, რა განცხადებებს აკეთებდა ის მაშინ. ყველაფერი იცვლება. ერთ მშვენიერ დღეს მოწმენდილ ცაზეც კი შეიძლება მეხი გავარდეს.
„ოცნებას“ არანაირი შანსები არ აქვს. სხვა ყველაფერს გუნდის შიგნით არსებული პრობლემებიც ემატება. რამდენიმე ჯგუფად არიან დაყოფილი და ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ. ვიღაცები მოდიან კიდევაც იქიდან. ამ დროს ჩვენი პარტია უფრო ძლიერდება. ჩვენს პარტიას მალე შემოურთდება ის ხალხი, რომელიც ცოტა ხნის წინ ირაკლის აკრიტიკებდა… მაგრამ ახლა მათ აზრი შეიცვალეს.
_ ვინ არიან ეს ადამიანები?
_ ცნობილი სახეები არიან: ზოგი ხელოვანია, ზოგი _ მწერალი, ზოგი _ საზოგადო მოღვაწე. მათ ამ ქვეყნისთვის ბევრი რამე აქვთ გაკეთებული და კიდევ ბევრს გააკეთებენ.
_ თქვენთან რატომ მოვიდნენ ეს ადამიანები?
_ სიმართლე სადაც არის, ხალხიც იქით მიდის. ჩემი ამოცანა მარტო პარლამენტში მოხვედრა რომ ყოფილიყო, სხვა გზით ვივლიდი, მაგრამ მე სისტემის შეცვლა, სამართლიანობის აღდგენა და სამართლიანი სასამართლო მინდა. ამიტომაც ვარ იქ, სადაც ახლა ვარ.
არ მინდა, რომ ქვეყანაში გაჭირვება იყოს. ჩვენი მოსახლეობა ლამის გამათხოვრებულია. ბავშვები ქუჩაში დგანან და მათხოვრობენ. ამის ატანა ძალიან ძნელია. ლარის გაუფასურების გამო ყველას გაუჭირდა. წარმოიდგინეთ, რა ხდება სოციალურად დაუცველ ოჯახებში.
სახელმწიფოს ეს არ აინტერესებს. მათთვის მნიშვნელოვანია, ყველა პრობლემა გადაიფაროს. საეკლესიო სკანდალმა სრულად გადაფარა ოკუპაციის თემა, არადა, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.
„ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოგების გარდა სხვა არაფერი აინტერესებს. დაწყებული აქვთ საარჩევნო კამპანია და შეეცდებიან, ისევ მოსყიდვით და მოტყუებით მიიყვანონ ხალხი არჩევნებზე, მაგრამ ხალხი აღარ მოტყუვდება.
ოპოზიციას შეუძლია, ამით ისარგებლოს, მაგრამ არ სარგებლობს. ოპოზიცია იმისთვის არაფერს აკეთებს, რომ ეს ხალხი თავის მხარეს გადაიყვანოს.
_ სამაგიეროდ, ხელისუფლებასთან ვაჭრობენ. ამაზე ჩვენც ვიცით, ჟურნალისტებმა და თქვენც აღნიშნეთ ზემოთ.
_ რა თქმა უნდა, ყველა ვაჭრობს. ასე ევაჭრებოდა ოპოზიციის ნაწილი, თავის დროზე, მიშა სააკაშვილს. ახლა ივანიშვილს ევაჭრებიან. ვინც 2012 წელს სააკაშვილთან ივაჭრა, გარეთ დარჩა, ვინც არა _ პარლამენტში შევიდა. ახლაც ასე იქნება.
საინტერესო ისაა, რომ ივანიშვილს იგივე ხალხი ევაჭრება, ვინც მიშასთან ვაჭრობდა. ეს მათი ბიზნესია და მათ არც ქვეყანა და არც მისი მოსახლეობა არ ანაღვლებთ.
კიდევ ერთხელ ვამბობ: ბევრი რამე ვიცი, მაგრამ ახლა არ მინდა ამ ვაჭრობაზე ლაპარაკი. ირაკლი ოქრუაშვილის თხოვნაა, რომ ჯერ არ ვილაპარაკოთ. ყველაფერს ძალიან მალე დაერქმევა თავისი სახელი.
უკვე გითხარით, რომ ვიცით, თუ როგორ ევაჭრება ოპოზიციის ნაწილი „ოცნებას“ იმაზე, რომ ოქრუაშვილი გარეთ არ გამოუშვან. ეს ძალიან ცუდი ფაქტია. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ რაც არ უნდა კონსპირაციული იყოს ასეთი ვაჭრობა, ამის შესახებ, ადრე თუ გვიან, მაინც გამოვა გარეთ ინფორმაცია. ირაკლიც გამოვა ციხიდან და ყველას სათითაოდ გასცემს პასუხს.
ის ბიჭებიც კი აღარ ახსოვთ, „გავრილოვის ღამის“ საქმეზე რომ დააკავეს. მხოლოდ ელენე ხოშტარია იღებს ხმას. ძალიან გვეხმარებიან ახალგაზრდა იურისტებიც. სულ ეს არის. სხვას ეს თემა არ აინტერესებს.
ვერ ვიტყვი, რომ ეს თემა საეკლესიო სკანდალმა გადაფარა. ძალიან ადრე დაივიწყა ოპოზიციამ ეს ხალხი. საეკლესიო სკანდალი ძალიან მალე გაივლის, რომც არ გაიაროს, წინ არჩევნებია და ყველა პოლიტიკაზე გადაერთვება.
„ქართული ოცნება“, ბუნებრივია, ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში. მათი მაქსიმალური შედეგი 30%-ია.
_ ასეთი ცოტა?
_ თუ მთელი ოპოზიცია არ მიეყიდა, 30%-ზე მეტი მათ არ ექნებათ.
_ თავად 60%-ს ვარაუდობენ.
_ 60% გამორიცხულია
_ რატომ არის გამორიცხული?
_ ძალიან კარგად ვიცი, თუ როგორ მუშაობს „ქართული ოცნების“ საარჩევნო მანქანა. არ დაგავიწყდეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ოცნების“ საარჩევნო შტაბში ვიყავი. ასე რომ, ჩემთვის კარგად არის ცნობილი, თუ როგორ ატარებს ეს პარტია არჩევნებს.
შეიძლება, ვიღაც საქმეში ჩაუხედავი ადამიანი მოატყუონ, მაგრამ მე არ მოვტყუვდები. არ მესმის, რით უნდა აიღოს 60% „ქართულმა ოცნებამ“. შარშან გაცილებით დიდი რესურსი ჰქონდათ, მაგრამ მაშინაც ვერ დადეს ასეთი შედეგი.
ახლა მხარდამჭერებიც დააკლდათ. მათ რეიტინგს ჯერ მოსამართლეების სიამ დაარტყა, მერე _ 20-21 ივნისის ღამემ.
არჩევნების მოსაგებად არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ამის მიღწევა მხოლოდ არჩევნების გაყალბებით შეუძლიათ. არჩევნების გაყალბებას კი არ ვურჩევ, ასეთ შემთხვევაში მიიღებენ მუშტს ცხვირში. და როგორც უკვე აღვნიშნე, მაშინ მართლა ნახავენ, თუ როგორ აწყობს ხალხი შტურმს.
_ ზემოთ გვითხარით, რომ „ოცნებაში“ რამდენიმე ჯგუფია და მათ შორის დაპირისპირებაც არისო. რამდენად რეალურია, რომ ამ ჯგუფების ნაწილი მმართველი გუნდიდან წამოვიდეს?
_ დაპირისპირება ძალიან დიდია, მაგრამ არა მგონია რომ ამ ეტაპზე რომელიმე ჯგუფმა „ქართული ოცნება“ დატოვოს.
ყველა ცდილობს, როგორმე ივანიშვილის კალთას შეეფაროს, გარანტიები მიიღოს და პარლამენტში მოხვდეს.
გუნდში ახლა გავლენების გადანაწილებისთვის მიდის ბრძოლა, ეს ბრძოლა ძალიან სერიოზული და დაუნდობელია.
_ ვის მხარეს დაიკავებს ივანიშვილი?
_ ვფიქრობ, ივანიშვილი გონიერებას გამოიჩენს და პოლიტიკურ სამარეში არ ჩაჰყვება იმ ჯგუფებს, რომლებმაც ის ისედაც უკვე ჩაიყოლეს.
_ რას ნიშნავს, ჩაიყოლეს?
_ გააკეთებინეს ის, რაც მას არ სურდა.
_ რა გააკეთებინეს?
_ ივანიშვილის მაქებარი არ ვარ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ მას ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერა არ სურდა, მაგრამ ის დაარწმუნეს, რომ ასე უნდა მოქცეულიყო.
_ ვინ დაარწმუნა, მათი ვინაობა იცით?
_ რა თქმა უნდა, _ ყველას სახელი და გვარი ვიცით.
_ არ გვეტყვით მათ ვინაობას?
_ ახლა არ დავასახელებ.
_ ის მაინც გვითხარით, ოპოზიციამ დაარწმუნა თუ უმრავლესობამ?
_ ოპოზიცია იმაზე თანამშრომლობს, რომ ირაკლი ციხიდან არ გამოუშვან. დარწმუნებით ხელისუფლების წევრებმა დაარწმუნეს ივანიშვილი, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის დაკავება აუცილებელი იყო.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ლიდერის დაკავება „ოცნების“ ლიდერის ინიციატივა არ ყოფილა. ის ამაში ერთმა ჯგუფმა დაარწმუნა. ეს ინფორმაციები თავად „ოცნებიდან“ მაქვს.
_ „ოცნებიდან“ ბევრი ინფორმაცია ჟონავს.
_ ძალიან ბევრი. სხვანაირად ვერ იქნება. ერთმანეთის მტრები არიან. ერთმანეთში რაღაცას რომ საუბრობენ ან რაღაცის მოწყობას გეგმავენ, მიდიან და ოპოზიციასთან მიაქვთ ამბები.
_ ოპოზიციასთან რატომ მიაქვთ ამბები?
_ ხვალ რომ ფეხი გადაუტრიალდეთ და მისასვლელი ხომ უნდა ჰქონდეთ. იმაზე არაფერს ვამბობ, რა ინფორმაციები მიაქვთ ერთმანეთზე ივანიშვილთან. მას ხშირად მცდარ ინფორმაციას აწვდიან.
ჩვენ არავისთან არც გარიგებაში შევალთ და არც რამეზე ვითანამშრომლებთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტია და ამოცანები. მალე ბევრი ადამიანი შემოუერთდება ჩვენს რიგებს.
_ უკვე ორჯერ ახსენეთ, რომ ახალი ხალხი შემოუერთდებაო. ვიღაცებმა ამასობაში დატოვეს თქვენი პარტია.
_ პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ვიღაცა წავა, ვიღაცა მოვა. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.
არც წასვლის გამო ვსაყვედურობ ვინმეს. ყველას თავისი გზა და თავისი არჩევანი აქვს. ისინი წავიდნენ და თუ სურვილი აქვთ, თავად გააკეთონ ამაზე განცხადებები. მე ამის სურვილი არ მაქვს.
ჩემი მოსაზრებები კი მაქვს, მაგრამ არ ვიტყვი. რაკი ფიქრობენ, რომ მათი კარიერისთვის ასე აჯობებს, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. ჩვენ ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებთ. ამ სისტემას აუცილებლად შევცვლით.
_ ყველაფრის მიუხედავად ოპტიმისტურ განწყობაზე ჩანხართ. ეს ასეა?
_ კი. მე საერთოდ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ამ შემთხვევაში ოპტიმიზმის საფუძველიც მაქვს. მოგეხსენებათ, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. „ქართული ოცნებაც“ მთავრდება.
_ დარწმუნებული ხართ, რომ მთავრდება?
_ დარწმუნებული ვარ. იმედი მაქვს, ივანიშვილს ეყოფა გონიერება, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს. ასეთ შემთხვევაში არჩევნები კარგად, დემოკრატიულად ჩატარდება. გონიერება თუ არ ეყოფა და არადემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს, ამას ძალიან ცუდი ამბები მოყვება.
_ თქვენი აზრით, როგორ მოიქცევა „ოცნების“ ლიდერი?
_ ახლა ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ვიღაცები ივანიშვილს აჯერებენ, რომ მათი პარტია 60%-ს აიღებს, რაც, უბრალოდ, გამორციხულია. დარწმუნებული ვარ, „ოცნების“ ლიდერს ამის არ სჯერა. იმედია, ის გონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს. ახალ წლამდე ბევრი რამე გაირკვევა.

შორენა მარსაგიშვილი