ზურა ოდილავაძე: „ქართველები სიცრუეს იმდენად მივეჩვიეთ, რომ სიმართლის მთქმელი უკვე გვძულს კიდეც“

საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე „ქრონიკა+“ მწერალ ზურა ოდილავაძეს ესაუბრა:

_ ზურა, დიდი ხანია, ჩვენს მკითხველთან არ გისაუბრიათ. ამ ხნის განმავლობაში, როგორც იტყვიან, მრავალმა წყალმა ჩაიარა. თუმცა იმ ვითარებაში, რომელიც ახლა ჩვენს ქვეყანაშია, თქვენზე უკეთესი რესპონდენტი ძნელად საპოვნია. არც ეკლესიაა უცხო თქვენთვის და შიგნიდან იცით, რაც მის წიაღში ხდება, არც _ კულტურა და მით უფრო, სახელმწიფოსთან დამოკიდებულებაშიც გაქვთ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია. ამიტომ საუბარი ზოგადი შეფასებიდან დავიწყოთ. რა ხდება ქვეყანაში?
_ დღეს ჩვენ, არც მეტი, არც ნაკლები, ვცხოვრობთ აპარტეიდში, რომელიც მიზნად ისახავს „შავკანიანთა“ საზოგადოებრივი ცხოვრებისგან იზოლირებას. ადამიანები დაყოფილი არიან ორ ჯგუფად: „თეთრკანიანებად“ – 20% და „ზანგებად“ – 80%. გაბატონებული რასის ერთადერთი მიზანია – არჩევნების გაყალბების გზით ძალაუფლებისა და მაღალი ხელფასების შენარჩუნება. „ზანგები“ ბატონებისთვის არც არსებობენ – ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით და უზენაესი ბრძანებით შეგვიძლია, ან თანდათან დავიხოცოთ, ან ქვეყნიდან გავიქცეთ.
სახელმწიფოს ფუნქციონირებას სუსი, შსს და პროკურატურა უზრუნველყოფს. ქვეყანაში მხოლოდ სამი სისტემა მუშაობს ეფექტიანად – პროპაგანდა, დაშინება და მოსყიდვა. ცნობილია – სოციალური სტაბილურობისთვის აუცილებელია, უმაღლესი ფენის შემოსავლები არ აღემატებოდეს ყველაზე დაბალი ფენისას 5-6 ჯერზე მეტად. ჩვენში კი მხოლოდ ხელფასით ზედა ფენა 50-60-ჯერ უსწრებს ქვედას! ცხადია, 200-ლარიანი „ზანგი“ მუდამ რევოლუციის იდეით იქნება შეპყრობილი და ეცდება, 10 000-ლარიანი ბატონი ჩამოაგდოს.
დღეს არჩევნების მოახლოებასთან ერთად ბელადმა კვლავ გააცოცხლა „კლასობრივი ბრძოლის გამწვავების“ კონცეფცია. წარმოებს სიძულვილისა და აბსურდამდე მისული სიცრუის გამაყრუებელი პროპაგანდა! „ნაცები“ და სხვა „საბოტაჟნიკები“ არ აცლიან ბელადს კომუნიზმის აშენებას. მითების მთელი ინდუსტრია მუშაობს – ესაა დღეს სახელმწიფოს მთავარი საქმე! ბელადის დასაყრდენია „თეთრკანიანთა“ სამი ჯგუფი – დაობებული ელიტა, სამღვდელოება და „შავები“, ანუ კრიმინალი. შესაბამისად, სწორედ ეს, სუსისა და „ფსბ-ს“ მიერ დაორგანიზებული სამი ჯგუფი აბრუებს მოსახლეობას სიძულვილის მითებით.
_ ჩვენ არაერთხლ გვისაუბრია ეკლესიაში არსებულ ვითარებაზე. თუმცა როდესაც ამ თემაზე ერთეულები ლაპარაკობდნენ, სხვები ვითომც ღვთის შიშით ამ ერთეულებს ლამის ერეტიკოსებად გვაცხადებდნენ. ბოლო დროის მოვლენებმა დამაფიქრა: რა ფენომენია ეს _ ღვთის შიში, როდესაც, მეორე მხრივ, ვამბობთ, რომ ქრისტე სიყვარულია. რეალურად, რას ემსახურება მრევლისა და ხალხის დაშინება ღმერთით?
_ საბჭოეთი დაინგრა – უკიდურესი გასაჭირი და ომი. ხალხი სულის მანუგეშებელ ნავსაყუდელს ეძებდა. მისი როლი ეკლესიამ წარმატებით შეასრულა. იმხანად უამრავმა გაუნათლებელმა და საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანმა ეკლესიის მეშვეობით იშოვა საქმე და შემოსავლის წყარო. მათ შეავსეს იერარქიული პირამიდა და შეუდგნენ კომუნისტური იდეოლოგიის რწმენით ჩანაცვლებას. რათა ახლად შემოსულ, აშკარად უპირატეს ცხოვრების დასავლურ წესს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში არ გაემარჯვა, საჭირო გახდა მტრის ხატის შექმნა. თუ გავიხსენებთ რუსეთთან მჭიდრო ეკლესიურ კავშირსა და ჩვენი იერარქების ზაგორსკისეულ განათლებას, საკმაოდ ადვილი დასანახია ამ მტრის ხატის რუსული ფესვები. მოკლედ, მოძღვრები შეუდგნენ საბჭოურ-რუსული მითების დანერგვასა და დასავლეთის დემონიზებას. წარმოიშვა გაქვავებულ დოგმებსა და წეს-ჩვეულებებზე დამყარებული „ახალი ქრისტიანობა“ – რელიგია სიყვარულისა და თავგანწირვის გარეშე, ავტორიტეტებისადმი უკრიტიკო, მონური მორჩილებით, ორმაგი ფარისევლური სტანდარტებით – „ტაძრული რწმენა“. სარწმუნოებამ არა მხოლოდ ჩაანაცვლა კომუნისტური იდეოლოგია, არამედ თვით იქცა ტოტალიტარულ იდეოლოგიად. ახლა უკვე ეს იდეოლოგიად ქცეული „მართლმადიდებლობა“ აღარ კმაყოფილდება ხალხის სულიერი წვრთნით და ერევა პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ცხოვრების ყველა სფეროში. ასე გამოიყურება სარწმუნოებრივ-იდეოლოგიური წნეხი საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ყველაზე ცუდი კი ცალკეული ადამიანის „პრევენციული“ შიში გახლავთ, რათა თავს არ დაატყდეს ეკლესიის რისხვა – ასეთია ეკლესიური რეპრესიების სავალალო შედეგი.
_ პირდაპირ მინდა გკითხო: ჩვენი ეკლესია ცხოვრობს ახალი აღთქმის პრნციპებით? იცი, რას ვგულისხმობ, იცხოვრო ახალი აღთქმით და მუდმივად, ადამიანების სამართავად თუ ხელისუფლებების დასაშანტაჟებლად მოიშველიო ძველი აღთქმის პასაჟები, რამდენად მართებულია? ისიც ხომ ცხადია, რომ სწორედ ძველი აღთქმის პოლიტიკურმა და რელიგიურმა პრინციპებმა აცვა ქრისტე ჯვარს…
_ მრევლისა და სამღვდელოების გაუნათლებლობამ და მისგან გამომდინარე რელიგიურმა ფანატიზმმა საბოლოოდ დაასრულეს სარწმუნოების ტოტალიტარულ იდეოლოგიად გადაქცევის პროცესი. საპატრიარქო აღმოჩნდა „მუდამ მართლის“ პოზიციაში, ის პოლიტიკური მოთამაშეცაა და, ამავე დროს, უკრიტიკო ველში ცხოვრობს. დახურულ სისტემაში მოქცეული, კრიტიკის გარეშე დარჩენილი იერარქები ადვილად ინარჩუნებენ უზენაესი არბიტრისა და შეუცდომელი ადამიანების სტატუსს.
მიწიერმა კერპებმა შეითავსეს ზეციური ღმერთების ფუნქცია, იქცნენ ყოვლისმცოდნე არსებებად, რომლებიც აქვე, დედამიწაზე არიგებენ ზეციური სასუფევლის საგზურებს ან სჯიან მთელ ერებს! ასე გადააქციეს მათ ღმერთი საკუთარი აღმატებულობის წარმოსაჩენ ობიექტად.
_ ნამდვილად ვერ ავუვლი ამ თემას გვერდს, რადგან თურმე ეს საკითხი გახდა ერის პატრიოტული გამოხატულება და ნაციონალური გადარჩენის უმთავრესი ფაქტორი _ ბრძოლა უმცირესობებთან. ამას წინათ ჩემმა ახლობელმა ადამიანმა ერთ განსწავლულ თეოლოგს ჰკითხა, _ მანახეთ ოთხთავში ადგილი, სადაც ქრისტე დევნის სექსუალურ უმცირესობებსო. არადა, ცხადია, იუდეასა და გალილეაში მათი ნაკლებობა იმ პერიოდში არ იყო. თეოლოგს ფრიად გაუჭირდა, აღიარა, რომ ასეთი ადგილები ოთხთავში არ არის და კვლავ ძველ აღთქმასა და სოდომს დაუბრუნდა. თუმცა სოდომის თემასაც კი ღვთისმეტყველთა შორის ინტერპრეტაციები აქვს. როგორც მწერალი და ამ საკითხის ფრიად კარგად მცოდნე, როგორ ახსნი ამ დევნის პოლიტიკურ და რელიგიურ მოცემულობას და, ამავე დროს, იქნებ, განმარტო, რა მოხდა რეალურად სოდომში და რატომ არ დევნის ქრისტე უმცირესობებს?
_ ჩვენ ცივილიზებული სამყაროსკენ მიმავალი გზა ავირჩიეთ და, იმავდროულად, დახურულ საზოგადოებად ვრჩებით, რომელსაც უცხოტომელის ეშინია და ყოველივე ახალს უფრთხის. ადამიანს მუდმივად უწევს განსხვავებულ ინდივიდებთან ურთიერთობა. შესაბამისად, პირველი რიგის ამოცანა, რომელიც მის წინაშე დგება, ამ უცხოსთან საკუთარი თავის შედარებაა. არსებობს ორი გზა, გაუტოლდე შეფასების ობიექტს: პირველი – ჩაიხედო სარკეში და თქვა, მე არათუ არ ვარ სრულყოფილი, არამედ ჩამოვრჩი კიდეც, ამიტომ დიდი გარჯა მომიწევს, რათა დავეწიო სხვას; მეორე, ადვილი გზა – მდგომარეობს უცხო ადამიანის ნეგატიურ წარმოჩენაში, მისგან მტრის ხატის შექმნაში. ამ შემთხვევაში შენ ავტომატურად, უშრომლად ხდები სხვაზე კარგი. საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებიდან ძალადობამდე კი ერთი ნაბიჯიღაა. სხვა – ცუდია, შენ – კარგი! შეფასების ეტაპის შემდეგ მოქმედების დრო დგება. მასებში წარმოებს პიროვნებების, სექსუალური ჯგუფების, მთელი ერების საბჭოურ-რუსული გემოვნებით არჩევითი დემონიზაცია. მორწმუნეებს წესად ექცათ, აგრესიულად ამტკიცონ საკუთარი უპირატესობა. ჩვენ, დანარჩენი – „უგუნურები“, „უწმინდურები“, „უვიცები“ და „ამორალურები“ ვართ! სწორედ ეს აღმატებულობის განცდა ათრობს ამ ადამიანებს და აგრესიულებს ხდის მათ – ჩვენ ხომ არ ვთვლით ამორალურად ღორის დაკვლასა თუ ცხენის გაშოლტვას…
ახლა რაც შეეხება კონკრეტულად სოდომის თემასა და მის დღევანდელობაზე პროეცირებას: შეგახსნებთ, რომ აბრაამი და ლოტი ემუდარებიან უფალს, დაინდოს სოდომი და გომორა თუნდაც ამ ქალაქებში მცხოვრები მართლების ხათრით და ღმერთისგან იღებენ პირობას, რომ ის შეიცოდებს მოსახლეობას, თუ მათში თუნდაც ათი მართალი აღმოჩნდება – სულ ათი წესიერი!.. შესაბამისად, ჩემი აზრით, ამ ამბის თანამედროვე ინტერპრეტაცია ასეთი უნდა იყოს. ჩვენთვის დიდი ხანია, ტყუილისა და თვალთმაქცობის ჭაობში არსებობა ცხოვრების წესად იქცა – ქართველები სიცრუეს იმდენად მივეჩვიეთ, რომ სიმართლის მთქმელი უკვე გვძულს კიდეც. ამის გამო ჩვენ მკაცრად დავისაჯეთ და ეს არ გახლავთ მისტიკური კეკლუცობა, არამედ არსებული რეალობაა! ამიტომაა ჩვენში გამეფებული უკიდურესი ნიჰილიზმი – ქართველები ქვეცნობიერად ვგრძნობთ, რომ საკუთარი უწესობისთვის ვისჯებით, მაგრამ უკვე ძალა აღარ შეგვწევს, რაიმე შევცვალოთ და გამოვსწორდეთ – ჩვენ „მკვდარი თევზებივით დინებას პასიურად მივყვებით“ და სწორედ ნების პარალიზებაა მიზეზი სრული უიმედობისა… რა თქმა უნდა, დაცემა დღეს არ დაწყებულა. თუნდაც მხოლოდ კომუნისტების მიერ ერის საუკეთესო შვილების განადგურება და მლიქვნელი „ცახესების“ წინ წამოწევა რად ღირს! ასე გამოიწრთო და მოწინავე პოზიციებზე გამაგრდა დღევანდელობის გმირი – თვითკმაყოფილი ვირთხა. ჩვენ ამ შედეგისკენ მიზანსწრაფულად მივდიოდით და მივიღეთ ზუსტად ის, რაც უნდა მიგვეღო…
_ ცოდვა… რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეკლესია ცოდვის რაობასაც ვერ უხსნის მის მრევლს. არც იმას ეუბნება, რომ გულწრფელ სინანულს მყისიერი მიტევება მოყვება, იგივე საკითხს თუ საერო პრიზმაში შევხედავთ და ცოდვასა და დანაშაულს გავაიგივებთ, თუნდაც ჰომოსექსუალიზმი საერო ცხოვრებაში დასჯადი ქმედება არ არის, სხვა დანაშაულთან მიმართებით კი არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი _ როდესაც დამნაშავე ისჯება. მაგრამ რელიგიური და მორალური კონტექსტით რატომ აშანტაჟებენ ცოდვით ადამიანებს?
_ ფსალმუნში ნათქვამია: „არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“. მაშასადამე, შეცდომა, უწესობა და ბოროტება ადამიანის ბუნებაში დევს… მაგრამ არის დამდაბლება და სინანული. როდესაც პირველად შევიტყვე დავით მეფსალმუნის შეცოდების შესახებ, გავოგნდი! მოგეხსენებათ, მეფე მოიხიბლა ურიას მეუღლით – ბერსაბეთი, დააფეხმძიმა ის, ხოლო ცოდვის დასაფარად ურია ბრძოლის წინა ხაზზე გაგზავნა, საიდანაც ის ცოცხალი აღარ უნდა დაბრუნებულიყო და ბოლოს, ქალიც ცოლად შეირთო. ძნელია, ამაზე ამაზრზენი ბოროტება წარმოიდგინო!.. მაგრამ დავითმა გულწრფელად მოინანია და ღმერთმა ის შეიწყალა. იმავე დამდაბლების მაგალითს ვხედავთ დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანიში“, სადაც მეფე გადმოგვცემს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს. მოკლედ, მთავარია სინანული და გამოსწორება. სინანულია, როდესაც ჩადენილი ბოროტება მუდამ გაწუხებს და არ გასვენებს. შესანიშნავი სიტყვაა – სინდისის ქენჯნა, რომელიც გამოხატავს უწესობის გამო გულის წუხილს – თითქოს მას ვიღაც ქვიშით ხეხავს… ჩვენი მოძღვრების შემთხვევაში კი ისევ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და ადამიანის დაშინება-დამორჩილებასთან გვაქვს საქმე.
_ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმ სახით, როგორადაც ახლა არსებობს, მისი კონცეპტუალური გააზრებით, არის სტალინის მიერ დაარსებული ეკლესია. ამ პირობებში უმთავრეს კითხვად რჩება შემდეგი: რატომ არ და ვერ მოიხსნა ეკლესიამ საბჭოთა სტალინური მემკვიდრეობა მხრებიდან და არ ჩადგა ერის, ქვეყნის სამსახურში?
_ დასაწყისში შეგახსენებ პატრიარქისა და სხვა იერარქების სიმპათიას რუსეთისადმი და სტალინისადმი… კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას შემდეგ საქართველოს ეკლესიის იერარქიაში პროსაბჭოურმა ფრაქციამ გაიმარჯვა. ერთ სარწმუნოებას, მისი „სიწმინდის დასაცავად“ შექმნილ მტრის ხატსა და საზიარო მითოლოგიას საფუძვლად უდევს საერთო პოლიტიკური და რელიგიური მიზნები. „მესამე რომის“ იდეოლოგიის თანახმად, რუსეთის იმპერია დედამიწის ზურგზე ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც გლობალური მასშტაბით, „მსოფლიო მასონიზმი ებრძვის“, კერძოდ კი „ინგლის-ამერიკა ცდილობს მის განადგურებას“! ამ სახელმწიფოებში ხედავს რუსეთის იმპერია ძირითად ისტორიულ კონკურენტს მსოფლიო ჰეგემონობაზე. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სამღვდელოების დიდი ნაწილის სულიერ და მენტალურ ერთობას რუსეთთან, საკმაოდ ადვილი შესამჩნევია ამ მითებისა და მათგან წარმოებული მტრის ხატის არა მხოლოდ რუსული ფესვები, არამედ მათი მიზანმიმართული პედალირება რუსეთის იდეოლოგიური მანქანის მიერ. გაუგებარია მხოლოდ ერთი რამ – ჩვენ რას გვარგებს ცივილიზებულ სამყაროსგან გამიჯვნა, რას აძლევს ქართველ ხალხს რუსეთისგან სარწმუნოების იმპორტი და დასავლეთთან მტრობა? საკითხავი, აი, ეს არის.
_ სიმართლე გითხრათ, არ მინდა დავიჯერო, რომ ეკლესიაში ყვლაზე დიდი პრობლემა ჰომოსექსუალიზმია, როგორადაც დღეს წარმოგვიდგენენ. შენი აზრით, რა არის მაინც ის უმთავრესი პრობლემების ჯაჭვი, რომლისგანაც აუცილებლად და პირველ რიგში უნდა განთავისუფლდეს ეკლესია?
_ ფუნდამენტურ მიზეზებზე, როგორებიცაა: რუსული გავლენა, რწმენის იდეოლოგიზება, ეკლესიის უკრიტიკო ველში მოქცევა – ზემოთ ვთქვი. ამჯერად დღევანდელ ვითარებაზე ვისაუბრებ:
სულ რამდენიმე წლის წინ არავის აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ პატრიარქის თაყვანისცემასა და მის გავლენას რამე დაემუქრებოდა. მომავალი უღრუბლოდ გამოიყურებოდა – ყველა გამოკითხვით ილია II-ისა და ეკლესიის რეიტინგი 70%-ს აღემატებოდა. ცნობილი იყო პატრიარქის შემცვლელიც – მისი ძმისშვილი, მთავარეპისკოპოსი დიმიტრი შიოლაშვილი…
ხელისუფლებაში მოვიდა მესიანიზმის მანიით შეპყრობილი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არ ცნობს ავტორიტეტს, გარდა საკუთარი თავისა. ბელადს განუსაზღვრელი ძალაუფლება სწყურია. ამიტომ მისი ოცნებაა – ამ გზიდან ერთადერთი კონკურენტის – პატრიარქის ჩამოშორება… დასაწყისში ბელადმა ეკლესიასთან და მის მეთაურთან ურთიერთობები თითქოს „დაალაგა“, მაგრამ რა იცი, ხვალ რა იქნება – უწმინდესმა რომ დამოუკიდებელი თამაში დაიწყოს? მართლაც, საკმარისია პატრიარქის სულ ერთი სიტყვა და ხალხი ივანიშვილს ერთ წამში წალეკავს!
პირველი მკვეთრი სიგნალი „ციანიდის საქმე“ გახდა. სუსი ოდნავ კი „დაიწვა“, თუმცა მთავარ მიზნებს მაინც მიაღწია: პატრიარქი დააშინეს და ალყაში მოაქციეს – უკვე გერმანიაშივე დაცვა სუსის რაზმით ჩაანაცვლეს; მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ საპატრიარქო ტახტზე უარი განაცხადა და დადუმდა; მღვდელი მამალაძე ყველამ გაიმეტა, ხოლო ეკლესიისა და პატრიარქის ავტორიტეტი დიდად დაზარალდა… ამავე დროს, უწმინდესის მოხუცებულობის გამო რუსეთში გადაწყვიტეს – მოვლენების გაუთვალისწინებელი სცენარით განვითარების პროფილაქტიკისთვის, დროზე გამოეცხადებინათ მისი მემკვიდრე. იმპერიის ბრძანება უცებ შესრულდა: დაშინებულმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ყველასთვის მოულოდნელად, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მოსაყდრედ გამოაცხადა… რუსეთისა და ბელადის მიზნები აქაც დაემთხვა – ორივე მხარემ საქმის დროზე მოყომარება გადაწყვიტა. ხელისუფლებისა და სუსის მხრიდან პატრიარქზე წნეხი მისი გადადგომის მოთხოვნით გაასმაგდა… რა გამოსავალი ჰქონდა უწმინდესს ამ ჩიხური მდგომარეობიდან? მხოლოდ ხმამაღლა, სახალხოდ ყვირილი!.. ეს მისია პატრიარქის ქორეპისკოპოსმა – მეუფე იაკობმა (იაკობაშვილი) იკისრა. მეუფე იაკობის გამოსვლის არსი ხომ შემდეგია: 1. პატრიარქს აიძულებენ, გადადგეს და ტახტი რუსეთის „სტავლენნიკ“ მიტროპოლიტ შიოს დროზე დაუთმოს; 2. წინააღმდეგ შემთხვევაში, კათოლიკოსს სიცოცხლის განადგურებით ემუქრებიან… მოკლედ, ბელადს პატრიარქი დატყვევებული ჰყავს – მან უწმინდესს მიწიერი ჯოჯოხეთი მოუწყო! თუ პატრიარქი გაბედავს, ხმას აღიმაღლებს და დაუფარავად განაცხადებს მასზე განხორციელებული შანტაჟისა და ძალადობის შესახებ და დახმარებისთვის ხალხს მოუხმობს, ივანიშვილი და მისი მარიონეტები თვალის დახამხამებაში გაქრებიან. თუმცა, სამწუხაროდ, პატრიარქის ამჟამინდელი მდგომარეობიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ასეთი გამბედაობა ნაკლებად სავარაუდოა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები…
_ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მალე ქართველებს მსოფლიოს მუზეუმშიც კი არ შეგვიშვებენ ჩვენი ჰომოფობიური გამოხტომების გამო. თუმცა ეს ხუმრობით. სერიოზულად მინდა ვიკითხო: რა არის ის ინსპირაცია, რომელიც საზოგადოების რაღაც ჯგუფს აიძულებს, ქუჩაში იმ ფორმით, როგორადაც ვიხილეთ, გააპროტესტოს ფილმი, რომელიც არ უნახავს?
_ ამ გაშმაგების ძირითად მიზეზზე – ეკლესიაში დანერგილ წარმოსახვითი უპირატესობის ჩვევაზე – ზემოთ უკვე ვისაუბრე. ახლა, კერძოდ, ფილმი „თჰენ ჭე Dანცედ“. XIX საუკუნეში ფრანგმა მონარქისტებმა ცეკვა „კანკანის“ კლუბი იმავე გარყვნილების პროპაგანდის მიზეზით ააფეთქეს. ასე რომ, ჩვენ, სულ რაღაც, ორი საუკუნით ჩამოვრჩით…
მომხდარი იყო გამოცდილება, რომელიც არ გახლდათ აუცილებელი, თუმცა, ალბათ, მაინც სასარგებლო გამოცდილება…
_ როგორია სახელმწიფოს (აქ არ ვმიჯნავ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, საზოგადოებას) როლი ეკლესიასთან მიმართებით და თუნდაც იმ მავნე და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელ ქმედებებზე, რომელსაც ზემოთ შევეხეთ? რატომ ვერ ვყალიბდებით რეალურად სეკულაურ სახელმწიფოდ?
_ უკანასკნელი წლებია, ეკლესიის ავტორიტეტი განუხრელად ეცემოდა, რაც გამოწვეული იყო მასში გაბატონებული ამპარტავნებით, ფარისევლობით, ვერცხლისმოყვარეობით, ქსენოფობიით, პოლიტიკანობით, კრიტიკის მიუღებლობითა და მრევლში უკრიტიკო აზროვნების დამკვიდრებით. ამ მხრივ ბოლო წვეთი იყო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, როდესაც ეკლესიამ პატიმრის შეწყნარებისა და დაცვის ნაცვლად, როგორც ამას ქრისტეს მცნებები მოითხოვს, მღვდელი ზიარებისგან განაყენა და განაცხადა: „ჩვენ პროკურატურის გამოძიებას ვენდობით“…
საკმარისი გახდა, ქართულ ეკლესიას ეპიზოდურად ამოეღო ხმა მარიხუანის კულტივაციისა და სალომე ზურაბიშვილის რუსული შეხედულებების წინააღმდეგ, რომ ხალხმა შვებით ამოისუნთქა, რადგან დაინახა, რომ ეკლესიის სხეული ცოცხალია და უცებ დაივიწყა წარსული წლების ნეგატივი.
ქართველები კიდევ უფრო შეიყვარებენ და პატივს მიაგებენ ეკლესიას, თუ ის მუდამ ხალხისა და არა ხელისუფალთა მსახურებაში იდგება და პრორუსული გავლენისგან სრულად განთავისუფლდება. მგონი, ასეთია ერისა და ბერის გაერთიანების გზა და მას ალტერნატივა არ გააჩნია.
_ ეს კითხვა აუცილებლად უნდა დაგისვა, _ გვეშველება რამე? სად ხედავ გამოსავალს? მხოლოდ განათლება, ვგონებ, ამ საკითხებისა და პრობლემების გადაწყვეტას ვერ უშველის.
_ განათლებასთან ერთად აუცილებელია გამბედაობა. ცოდვები მოინანიე და გამოსწორდი, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ახლა უნდა შეუდგე პროტესტს – დაიწყო სიცრუისა და ბოროტების მხილება. სწორედ ქრისტეა მეპროტესტე რევოლუციონერის ყველაზე მაღალი მაგალითი! ის უპირისპირდება ისრაელის ყველაზე მოწინავე ფენას – მწიგნობრებსა და ფარისევლებს – ე. ი. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, „ელიტურ „კუტოკებს“, რომლებიც მტყუან-მართალს ადგენენ.
პროტესტი კი, თავის მხრივ, მოითხოვს: 1. გამბედაობას; 2. წესიერებას, რომ შენი მხილება სარწმუნო იყოს და დაგიჯერონ; 3. ცოდნას, რომ კეთილი და ბოროტი გაარჩიო. „იყავით გონიერნი, როგორც გველები და უმანკონი, როგორც მტრედები“, – ე. ი. ქრისტიანული განმარტებით ცოდნა წესიერებისა და მორალის, კეთილი საქმეების გარეშე, მინიმუმ, ფუჭია…
ასე მიდის ადამიანი პიროვნულ თავისუფლებამდე და ხდება საკუთარი თავის უფალი. მაგრამ რადგან უფალი – ე. ი. „ღმერთი“ ხარ, მხოლოდ კეთილის კეთება შეგიძლია და არა ბოროტების. მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ – თავისუფლება არის უწესობისგან და ბოროტებისგან განთავისუფლება. შენ აღარ ხარ ცოდვისგან დამოკიდებული და მთელი შენი ძალისხმევა კეთილი საქმეებისკენ და სიყვარულისკენ უნდა მიმართო, უნდა აიძულო თავი ამისკენ – „სასუფეველი ხომ იიძულების“… ასე წარმომიდგენია მე „პრაქტიკული ქრისტიანობა“, როგორც გზა ცოდვის მონობიდან – თავისუფალ ინდივიდამდე და არა, როგორც გაქვავებულ დოგმებსა და წეს-ჩვეულებების მშრალ აღსრულებაზე დაფუძნებული სწავლება. სწორედ ამაშია მოციქულ პავლეს გენია, რომ მან ღმერთზე სწავლება ანტიკური ჰუმანიზმთან შესაბამისობაში მოიყვანა და იქადაგა ქრისტიანობა, რომელიც მიმართული იყო არა მხოლოდ ებრაელებისადმი, არამედ მთელი კაცობრიობისადმი. ამიტომ დაიპყრო ქრისტიანობამ მსოფლიო, ამის გამო გახდა ის არა მხოლოდ რელიგია, არამედ მთელი ცივილიზებული კაცობრიობის მსოფლმხედველობისა და კულტურის საფუძველი. ამაში მდგომარეობს ქრისტიანობის მომხიბვლელობა და არა იმაში, რასაც დღეს ეკლესიებში გვასწავლიან – სჯულის კანონს.
დაბოლოს! თომა აქვინელი ამბობს: „როდესაც ღმერთზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ შეგვიძლია დავადგინოთ, რა არის ის, არამედ მხოლოდ – რა არ არის ის“. ასე რომ, ღმერთი არ არის ვინმეს მიერ გაცხადებული აბსოლუტური ჭეშმარიტება, არამედ ის არის მარადიული კითხვა. მხოლოდ ასეთი მიდგომა – მუდმივი ეჭვი და კვლევა არის ჯანსაღი და ამ გზით გვეშველება.

გეგა სილაგავა