პეტრე მამრაძე: „ქართულ ოცნებას“ ამერიკის შეთავაზებულ ელჩის კანდიდატურაზე უარი არ უნდა ეთქვა“

საქართველოს ხელისუფლება მორიგ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. ამჯერად სკანდალი დიპლომატიურია. გასულ კვირას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ფიონა ჰილსმა ოფიციალურად დაადასტურა ის ჭორები, რაც საქართველოში ადრიან გაზაფხულზე გავრცელდა. საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ ბრიჯიტ ბრინქსის კანდიდატურის დაბლოკვაზე.

კონგრესში გამოკითხვისას ჰილსმა კითხვაზე, იყო თუ არა მის კარიერაში შემთხვევა, როდესაც ელჩის დანიშვნისას რომელიმე ხელისუფლების მხრიდან ჩაერივნენ, ასეთ პრეცედენტად საქართველო დაასახელა. ჰილსის განმარტებით, ბრინქსის კანდიდატურა „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ დაბლოკა, რომ მას სააკაშვილთან დაახლოებულ პირად მიიჩნევდა.
არის თუ არა ეს საერთაშორისო სკანდალი? რატომ ვერ ააწყო „ქართულმა ოცნებამ“ ნორმალური საგარეო პოლიტიკა? რა როლს ასრულებს ბიზნესელიტა ხელისუფლების შეცვლაში? რა ურთიერთობა აქვთ მათ ივანიშვილთან? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, მართვის სტრატეგიული ცენტრის ხელმძღვანელი, პეტრე მამრაძე:

_ აშშ-ს კონგრესში მოსმენისას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ფიონა ჰილსმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბრიჯიტ ბრინქსის კანდიდატურა დაბლოკა. ოპოზიციის შეფასებით ეს არის საერთაშორისო სკანდალი. თქვენი აზრით, გაეხვია თუ არა საქართველო დიპლომატიურ სკანდალში?
_ ეს სკანდალი ნამდვილად არ არის, მაგრამ უსიამოვნო ფაქტი კი გახლავთ. მე პირადად ვიცნობ ქალბატონ ბრიჯიტ ბრინქსს. ის მაშინ გავიცანი, როცა აშშ-ს საელჩოში მუშაობდა. თავიდან ის არ იყო მაღალ თანამდებობაზე. მისი კარიერული წინსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ის აშშ-ში დაბრუნდა.
მასთან არაერთხელ მისაუბრია და შემიძლია გითხრათ, რომ ის კვალიფიციური და წესიერი დიპლომატია. ნორმალური იყო, რომ აშშ-მ მასზე შეაჩერა არჩევანი, ბრინქსმა საქართველო ძალიან კარგად იცის.
_ და რადგან ის მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობდა, „ქართულმა ოცნებამ“ მისი კანდიდატურა დაბლოკა.
_ როდესაც ვამბობთ დაბლოკვას, აუცილებლად უნდა განვმარტოთ, თუ რატომ დაბლოკა. პასუხზე იქნება დამოკიდებული, შეფასდება თუ არა ეს დიპლომატიურ სკანდალად. წყაროებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ კარგად ვიცი, თუ რა მოხდა ბრინქსის შემთხვევაში.
წლების მანძილზე მისი უშუალო უფროსი აშშ-ში იყო ვიქტორია ნულანდი. ამ ადამიანს სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტი ეჭირა . ის კურირებდა აღმოსავლეთ ევროპას, მათ შორის, საქართველოს. ეს ქალბატონი მაიდნის დროს კიევში იყო ჩასული. მან მაიდანზე მყოფებს ღვეზელები დაურიგა. მალევე გამოქვეყნდა ჩანაწერი, სადაც ის ვიღაცებს ეუბნებოდა, _ კლიჩკო ასე მოიქცეს, იაცენუკი _ ისე.
ეს ნულანდი ქართველ დიპლომატებთან და ნებისმიერ შეხვედრაზე აცხადებდა, რომ მიშა სააკაშვილი ჩემი პირადი მეგობარიაო. ამ განცხადებებს ის მაშინაც აკეთებდა, როცა მიშა აღარ იყო პრეზიდენტი და მის წინააღმდეგ საქმეები აღიძრა.
ამერიკელებმა საქართველოს ხელისუფლებას აცნობეს, რომ ისინი საქართველოში აშშ-ს ელჩის პოსტზე ბრინქსის კანდიდატურის წარდგენას აპირებდნენ. აქედან მათ მიიღეს კითხვა, რომ ის თუ მიშას მეგობარია, რანაირად უნდა იყოს საქართველოში ელჩი? აქ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმეებია აღძრულიო.
ეს იყო ზეპირი საუბარი და როცა ამერიკულმა მხარემ ქართველების პოზიცია მოისმინა, მათ ბრინქსის კანდიდატურას თავი გაანებეს.
მთავარი ამ ამბავში სხვა რამეა, _ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ის უწყება რომ ყოფილიყო, რაც ადრე იყო, სულ სხვაგვარად წარიმართებოდა პროცესები. ამერიკელი დიპლომატები და პოლიტიკოსები თავად აცხადებენ, რომ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ სახელმწიფო დეპარტამენტის სრული პარალიზება მოახდინეს. როდესაც ბრიტანეთში აშშ-ს ელჩი პროტესტის ნიშნად ტოვებს თანამდებობას და აცხადებს, რომ დარჩენილ დროს ტრამპის პოლიტიკასთან ბრძოლას მოახმარს, უკვე ყველაფერი გასაგებია.
ეს რომ არა, ჩვენთან დაკავშირებით სულ სხვანაირად იქნებოდა საქმე. სახელმწიფო დეპარტამენტი მოისმენდა ქართული მხარის პოზიციას, მაგრამ ელჩის პოზიციაზე კვლავ ბრინქსის კანდიდატურას წარადგენდა. საქართველოს შეეძლო მასზე უარი ეთქვა, რასაც, ალბათ, ვერ გააკეთებდნენ, რადგანაც მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელიც აშშ-ს მიერ დასახელებულ ელჩის კანდიდატურას დაბლოკავს.
ეს არ ყოფილა დაბლოკვა, ეს იყო კანდიდატურის განხილვის შეჩერება. აშშ-ს დღემდე არ ჰყავს ძალიან ბევრ ქვეყანაში ელჩი. ეს ქვეყნები ჩვენზე უფრო დიდები და ძლიერები არიან. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მთლიანად მოშლილია.
სხვაგვარად იქნებოდა ვითარება, ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო. ამ პარტიამ მოახერხა, რომ ევროპის სახალხო პარტია გადაიმტერა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე წევრმა ხელი მოაწერა ერთ ცნობილ წერილს. ევროპელებს ჩვენმა ხელისუფლებამ საპასუხო წერილი მისწერა.
ამაზე ევროპელი პარლამენტარები გაგიჟდნენ. ისინი ამბობდნენ, წერილს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი აწერდა ხელს და საქართველოს მთავრობამ მთელი კლუბი გადაიმტერაო. ევროპის სახალხო პარტია ხომ არ არის მარტო პარტია _ ეს არის ევროპული პარტიების ნაკრები.
საქართველოში ნორმალური ხელისუფლება რომ ყოფილიყო, ბრინქისის კანდიდატურაზე არ იტყოდა, მიშას მეგობარიაო, რადგანაც მიშას მეგობარი არა ის, არამედ მისი ყოფილი უფროსი, ვიქტორია ნულანდია. ბრინქსზე იტყოდნენ, მიშას მეგობარიც რომ იყოს არაფერია, ეს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენსო.
_ „ოცნება“ უკვე მერვე წელია, რაც ხელისუფლებაშია და ამდენ შეცდომას რატომ უშვებს? შეგნებულად აკეთებენ? გამოცდილება არ აქვთო, ვეღარ ვიტყვით.
_ მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერ კიდევ არიან პროფესიონალი კადრები, ეს უწყება ეფექტიანად მაინც ვერ მუშაობს. ეს, ისევ და ისევ, პატრონყმური სისტემის შედეგია.
მინისტრმა, მინისტრის მოადგილეებმა იციან, რომ არის საკითხები, რომელზედაც „ხაზეინის“ გადაწყვეტილებას უნდა დაელოდონ, ჩუმად არიან და ელოდებიან, თუ როდის გამოვა რაღაც ამბავი „ხაზეინისგან“.
_ „ხაზეინი“ ბიძინა ივანიშვილია, ალბათ, და არა პრემიერი.
_ ეს საკმაოდ რთული სისტემაა. პასუხი უნდა მოვიდეს ან ბიძინა ივანიშვილისგან, ან მასთან ძალიან ახლოს მდგომი ადამიანისგან. ამ ადამიანს ივანიშვილისგან აქვს მინიჭებული მანდატი, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ნდობით აღჭურვილი პირი იღებს.
_ ივანიშვილი რატომ არ იღებს გადაწყვეტილებას?
_ მას ეს არ აინტერესებს. ის პოლიტიკაში თავისი ნებით არ მოსულა. წინა ინტერვიუშიც გითხარით, რომ ამ ადამიანს ბევრი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული, მაგრამ მისი მთავარი ქველმოქმედება იყო ის, რომ პოლიტიკაში მოვიდა. ამით მან საკუთარი ოჯახის უსაფრთხოება დააყენა რისკის ქვეშ. დღეს მის მიმართ ბევრი პრეტენზია მაქვს, მაგრამ ერთ რამეს ყოველთვის ვიტყვით, _ 2012 წელს მან საქართველო გადაარჩინა.
მერე როგორ წარმართა საქმიანობა, ეს სხვა საქმეა. მას არ უყვარს გადაწყვეტილებების მიღება. ამას ნდობით აღჭურვილ პირებს ავალებს. ასეთი მანდატი რამდენიმეს აქვს. ხშირ შემთხვევაში ისინიც „ოცნების“ ლიდერს უთანხმებენ გადაწყვეტილებას.
ასე იყო „გავრილოვის ღამესაც“. მაშინ გახარია კი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მაგრამ მას არ გაუცია დარბევის ბრძანება. მისთვის არც უკითხავთ რამე, ისე გაიცა ეს ბრძანება.
პოლიციაზე საათნახევრიანი შტურმის შემდეგ რუსთაველზე გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ივანიშვილისგან გზავნილი მიიტანა და დარბევა დაიწყო. ამის შესახებ არც გახარიამ იცოდა რამე და არც იმჟამინდელმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.
_ ანზორ ჩუბინიძეზე საუბრობთ, ალბათ. ის მივიდა რუსთაველზე მოგვიანებით.
_ ამბობენ, რომ ჩუბინიძე იყო. ეს დაზუსტებით არ ვიცი. მე ის ვიცი, რომ ივანიშვილისგან რამდენიმე ადამიანს აქვს მანდატი, რომ ივანიშვილის ნაცვლად გადაწყვეტილება მიიღოს. პატრონყმური სისტემა ხელისუფლებას ძალიან აზიანებს. ამიტომაც გვაქვს ჩავარდნა ყველა სფეროში.
ასეთ ვითარებაში წინსვლა ვერც იქნება, რადგანაც თანამდებობაზე მყოფი ადამიანები მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობენ _ ისეთი რამე თქვან, რაც ბიძინა ივანიშვილს მოეწონება. ამომრჩევლის აზრი მათ არ აინტერესებთ. მათთვის მთავარია, იმ ერთს მოეწონოს. ასე ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებშიც.
ბობოხიძეები, გოგორიშვილები, ბარამიძეები თავისი გამოსვლებით და ქცევით კლავდნენ და ანადგურებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ სააკაშვილი ისეთ ფაზაში იყო, რომ ასეთი რამე მოეწონებოდა. მისი ხელქვეითებისთვისაც ეს იყო მთავარი.
_ მართლა იგივე მეორდება და ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის მმართველობის ბოლო ფაზა დაიწყო?
_ ბოლო ფაზა დაიწყო თუ არა, ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ მაშინაც პატრონყმური სისტემა იყო და ახლაც ასეა. სხვა მხრივ ვერანაირად შევადარებ უნიათო და არაეფექტიან „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის სადისტურ კლეპტოკრატიას. სააკაშვილისგან განსხვავებით ივანიშვილს სძულს ძალადობა.
_ წინ გვაქვს საპარლამენტო არჩევნები. საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე ღიად ეუბნება ივანიშვილს, რომ აქ არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს. თქვენი აზრით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში განმეორდება თუ არა 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“?
_ იმედი მაქვს, რომ რევოლუცია არ იქნება. ოპოზიციას არ აქვს იმის ადამიანური რესურსი, რომ არჩევნების შედეგები მძლავრად გააპროტესტოს. ამასთან არ გამოვრიცხავ, რომ იგივე მოხდეს, რაც 2012 წელს.
მინდა გაგახსენოთ ბიძინა ივანიშვილის ერთი ინტერვიუ, რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა, „ოცნების“ ლიდერმა მისთვის ჩვეული გულახდილობით განაცხადა: „ჩვენ ვიცით, რომ ამ არჩევნებზე ვერ გავიმარჯვებთ. ჩვენ ვიქნებით ოპოზიცია, ძლიერი ოპოზიცია“. იქვე დაამატა, არ გამოვრიცხავ, რომ ხმების 40% ავიღოთო.
ამ ინტერვიუდან მალევე ტელეეთერით ციხის კადრებს აჩვენებენ, რასაც საერთო-სახალხო პროტესტი მოყვა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „ოცნებამ“ ქუჩაში 300.000-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანა.
ამან ადმინისტრაციული რესურსის ძალიან დიდი ნაწილის პარალიზება გამოიწვია. რეგიონებში ხელისუფლების წარმომადგენლები თავჩაქინდრულები იყვნენ, გარეთ ვერ გამოდიოდნენ, არადა, მათ უნდა უზრუნველეყოთ არჩევნებზე „ნაციონალებისთვის“ სასურველი შედეგი.
უცხოელი ექსპერტების შეფასებით, ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ „ნაციონალებისთვის“ განკუთვნილი ხმების 20% „ოცნებისკენ“ წავიდა. მანამდე თუ „ოცნებას“ 40% უჭერდა მხარს და „ნაცებს“ _ 60%, ციხის კადრების შემდეგ ხმები პირიქით გადანაწილდა.
შედეგად „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. ისინი ამისთვის მზად არ იყვნენ და არც სავარაუდო მინისტრთა კაბინეტი ჰყავდათ გამზადებული.
_ იქნებ, ეს ყველაფერი თამაში იყო?
_ გეუბნებით, რომ არ იყო თამაში. ივანიშვილი არ გახლდათ ხელისუფლებაში მოსასვლელად მზად. მზად რომ ყოფილიყო, იმას არ იტყოდა, რაც არჩევნების მოგების შემდეგ გამართულ ერთ-ერთ პირველ პრესკონფერენციაზე თქვა. ამან უცხოელები გააოგნა.
არჩევნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც დასავლეთის წამყვანი მედიასაშუალებები ესწრებოდნენ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოცნებამ“ გაიმარჯვა და სააკაშვილი უნდა წავიდესო.
უცხოელმა ჟურნალისტებმა ივანიშვილს ჰკითხეს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთ წელზე მეტი დროა დარჩენილი და რატომ უნდა წავიდესო?
ივანიშვილმა ამაზე უპასუხა, _ მერე რა, ჩვენ ვაიძულებთ, რომ წავიდესო. გადაირივნენ უცხოლები, _ რას ნიშნავს აიძულებთ, აბა, კონსტიტუცია რატომ არისო? ამაზე ივანიშვილმა უპასუხა, _ ჩვენ გავიმარჯვეთ და უნდა წავიდესო.
ივანიშვილს, როგორც ქველმოქმედსა და ჩვენს გადამრჩენს, უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მან ისიც კი არ იცოდა, რომ კონსტიტუციის მიხედვით სააკაშვილი თანამდებობაზე კიდევ ერთი წელი და ერთი თვე უნდა ყოფილიყო. რატომ არ იცოდა? იმიტომ, რომ ვერ გაუბედეს თქმა. ჯერ ერთი, მასთან ყველას არ აქვს წვდომა და მეორეც, ეშინიათ. ეშინიათ, რომ თუ ეტყვიან, ვაითუ, გაბრაზდეს და უთხრას, რას მეუბნებითო?! ასეთ შემთხვევაში დამნაშავე გამოდის არა კონსტიტუცია, არამედ ის ადამიანი.
შემთხვევით არ გავიხსენე 2012 წლის არჩევნები. არ გამოვირცხავ, რომ არჩევნების წინ სკანდალი აგორდეს, რომელიც ხალხის დარაზმვას გამოიწვევს. ამ ეტაპზე ამის ალბათობა ძალიან მცირეა. არადა, „ოცნებას“ ბევრი იდიოტობა აქვს ჩადენილი.
იდიოტობები, რასაც აქამდე „ოცნება“ აკეთებდა, აუცილებლად შემცირდება. ვიღაც-ვიღაცებმა მიიღეს მანდატები, რომ ფრთხილად იყვნენ და არ დაუშვან ის, რაც აქამდე იყო. ხალხის დარაზმვა იმიტომაც არ მოხდება, რომ ფინანსური და ბიზნესელიტები ივანიშვილის მმართველობით კმაყოფილები არიან.
ვიცით, რომ კაზინოების ჯამური შემოსავალი წელიწადში 13 მილიარდზე მეტია. ბიტკოინის წარმოებაში საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. ის ხალხი, ვინც ამის უკან დგას, რატომ დაუპირისპირდება ივანიშვილს?
დამისახელეთ მამუკა ხაზარაძის გარდა მულტიმილიონერი ქართველი, რომელიც „ოცნებისა“ და მისი ლიდერის წინააღმდეგ გამოვიდა. მე ასეთ სხვას არ ვიცნობ.
_ არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი და არავინ იცის, რა მოხდება.
_ კი ბატონო. საქართველო იმ ქვეყნად რჩება, სადაც არჩევნების ბედი შეიძლება არჩევნებამდე ერთი თვით ან ორი კვირით ადრე მომხდარმა ამბავმა გადაწყვიტოს, ამიტომ ახლა მაკროანალიზის გაკეთება მხოლოდ „თუ“-ებით შეიძლება.
თუ „ოცნება“ იდიოტობებს არ ჩაიდენს, მას არჩევნების მოგების რეალური შანსები აქვს. პოლიტიკური ველი სრულად მოწმენდილია. უბრალო უმრავლესობის აღება ნამდვილად შეუძლიათ.
დღეს პატრონყმური მმართველობის ალტერნატივა მხოლოდ კლეპტოკრატიული ავტოკრატიაა. ტოტალიტარული რეჟიმი საქართველოში უკვე იყო და ვიცით, ეს რასაც ნიშნავს.
არ დაგვავიწყდეს ბიზნესელიტის ლოიალური დამოკიდებულება ხელისუფლებასთან. შემთხვევით არ მიხსენებია კაზინოები, რომელთა მფლობელები ახერხებენ იმას, რომ პარლამენტმა მათ რეგულაციები არ დაუწესოს. თან ამას ისე აკეთებენ, რომ ამას არც გიგა ბოკერია აპროტესტებს და არც _ რომან გოცირიძე.
_ ეს გასაკვირი არაა, კაზინოების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქსელის მეპატრონე იმ პარტიასთან ძალიან ახლოს იყო, რომლის პირმშოებიც ბოკერია და გოცირიძე არიან. ამ ადამიანს აქვს უნარი, ყველა ხელისუფლებას მოერგოს.
_ ამ ადამიანებს ასეთი უნარი ნამდვილად აქვთ. ერთ ამბავს გავიხსენებ: კონტრ და ბიზნესელიტებმა, ბობოლებმა სააკაშვილთან ჯერ კიდევ მაშინ მოაწყვეს ფარული შეხვედრა, როცა ის შევარდნაძის მთავრობაში იუსტიციის მინისტრი იყო. ეს ყველაფერი აწგარდაცლილმა რამაზ კლიმიაშვილმა მოყვა ერთ-ერთ ინტერვიუში. ინტერვიუ, თუ არ ვცდები, 2008 წლის მაისში გამოქვეყნდა.
რამაზი დეტალურად ყვებოდა, თუ რა ხდებოდა ამ შეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის წყალობით შოულობდა ფულს, ეს სისტემა ყელში ჰქონდათ ამოსული და მისი შეცვლა სურდათ.
როგორც გითხარით, მიშა მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო. მას პირდაპირ ჰკითხეს, _ გაქაჩავო? თუ გაქაჩავ თავიდან ბოლომდე გვერდით დაგიდგებითო. ეს შეხვედრა დიდი სუფრით დაგვირგვინდა. რამაზ კლიმიაშვილი როგორც იხსენებდა, სუფრის თამადა პარლამენტის ყოფილი წევრი ელდარ კვერნაძე იყო.
გავიხსენებ იმ ამბავსაც, რომელიც ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს მოხდა. ყველას გვახსოვს, თუ როგორ მივიდა ტელევიზიასთან კიტოვანი. იქ ჩემი რამდენიმე მეგობარიც მივიდა და მივუვარდი, რათა პროტესტი გამომეხატა.
ტელევიზიასთან ასეთი სურათი დამხვდა: ჟურნალისტები სხედან კიბეებზე, ტელევიზის წინ ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე შავი ვოლგა გაჩერდა, საიდანაც გადმოდიან სხვანაირ პიჯაკებში ჩაცმული ღიპიანი მამაკაცები.
ისინი კიტოვანთან მივიდნენ და საუბარი დაუწყეს. ერთმა კიტოვანს უთხრა, _ „ბაწია“ (ასე ეძახიან კიტოვანს ახლობლები), ამ პატიოსან ხალხს ხომ სჭირდება პრემია და ხელფასები, ამაზეც ხომ უნდა ვიზრუნოთო. მას მხედველობაში ჰყავდა კიბეებზე ჩამომსხდარი ჟურნალისტები.
იქიდან კიტოვანი თბილისის ზღვაზე წავიდა. იქ ჩემი მეგობრებიც იყვნენ. ვეკითხებოდი, _ საჭმელი ხომ გინდათ, რით არსებობთ-მეთქი? მითხრა, _ მაცივარი გავსებული გვაქვს და ყოველდღე მოგვდის პროდუქტებიო.
ვინ აკეთებდა ამას? ძალიან მალე გავიგე. ამაზე მაშინ მოვკარი ყური საუბარს, როცა უკვე პარლამენტის წევრი ვიყავი. პარლამენტში პარლამენტის წევრები ასე მსჯელობდნენ, _ რაც საჭირო იყო, „გვირაბმშენმა“ დადო, რომელიღაც კომბინატმა დადო, თქვენ ამხელა საწარმო იყავით და არაფერი დადეთ.
ეს ის ხალხი იყო, რომელიც გამსახურდიას, ჯერ კიდევ, მანამდე ემსახურებოდა, სანამ ის და „მრგვალი მაგიდა“ ხელისუფლების სათავეში მოვიდოდა.
როგორც ჩანს, მაშინ უკვე გაკეთებული იყო ფსონი, რომ 1990 წლის არჩევნებს ის მოიგებდა. ისინი თავიდანვე შეეცადნენ, მასთან ურთიერთობა აეწყოთ.
ხოლო როცა სამტრედიასთან რკინიგზა გადაიკეტა, ეს ხალხი აქეთა მხარეს გადმოხტა და კიტოვანის დაფინანსება დაიწყო.
დღეს ბიზნეს და კონტრელიტა კმაყოფილია და ის ხელისუფლების შეცვლის მიზნით არავის დააფინანსებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ, ეს უკვე სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა: მთავრობის მეთაური ჟვანია იყო. მაშინ მთავრობის სხდომებს ვესწრებოდი ხოლმე. ეს ის პერიოდია, ყოველდღე რომ ვიღაცებს იჭერენ. ეს დაჭერები პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.
მთავრობის დახურულ სხდომაზე ერთ-ერთმა მინისტრმა პრემიერს უთხრა, _ ბატონო ზურაბ, ესა და ეს კორუმპირებული ჩინოსნები რომ დააკავეთ, ძალიან კარგია, მაგრამ კიდევ უფრო კორუმპირებულებს რატომ არ იჭერთო? მან გვარებიც ჩამოთვალა და დაამატა, რომ ესენი უფრო დასაჭერები არიან, ვიდრე ისინი, ვინც დაიჭირეთო. ის მინისტრი წუხდა, რომ არც კი იყო საუბარი იმაზე, რომ მათ დაიჭერდნენ.
ამაზე ჟვანიამ ჩვეული ხმით უპასუხა, _ ჩემო კარგო, სრულ გარანტიას მოგცემ, რომ ვინც შენ ჩამოთვალე და კიდევ ვიღაც-ვიღაცებს არავინ არასდროს დაიჭერსო.
_ მათ ვინაობას არ გვეტყვით?
_ ვინაობას არ გეტყვით, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ადამიანები იმ სუფრას ესწრებოდნენ, რომლის შესახებაც ზემოთ გიამბეთ.
_ ამ ჩამონათვალში თუ იყო ვანო ჩხარტიშვილი? მის დაჭერას ყველა ხელისუფლება ერიდება.
_ თქვენი კითხვა ლოგიკურია, მაგრამ გვარებს არ დავასახელებ, ისევე როგორც არ ახსენეთ თქვენ იმ კაზინოს მეპატრონის გვარი, რომელიც ყველა ხელისუფლებასთან ახერხებს საერთო ენის გამონახვას.
_ მისი გვარის დასახელება რა პრობლემაა, ეს კაცი თემურ უგულავაა.
_ დიახ, თემურ უგულავა ჯერ კიდევ ზვიადის დროს იყო კაზინოს მეპატრონე. ყველა ხელისუფლებასთან კი ჰქონდა კარგი ურთიერთობა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, მისი დამსახურებაა, თავის დროზე, ივანიშვილმა ჯანყარაშვილისა და თამაზაშვილის კლანი რომ ძალიან ჩააჩოჩა.
_ იმ ამბავზე საუბრობთ, ეს კლანი უგულავას ფულს რომ სთხოვდა, მან ეს საუბარი ჩაიწერა და ივანიშვილს თავისი მეგობრის, ნიკუშა შენგელაიას ხელით გაუგზავნა?
_ დიახ, დიახ. ეს ადამიანი ხელისუფლებასთან კარგ დამოკიდებულებაში კი იყო, მაგრამ როცა ასეთი რამე დაინახა, სადაც საჭირო იყო, იქ თქვა.
_ ამ ადამიანს ყოველთვის შეეძლო დამდგარიყო იქ, სადაც საჭირო იყო. მას „მხედრიონთანაც“ შეეძლო, საჭირო სიტყვა ეთქვა.
_ ეს ასე იყო. თემურ უგულავას გარდა კიდევ ბევრი იქცევა ასე და არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ საქართველოს ნოუჰაუა. ასეთი რამეები ისეთ ქვეყნებშიც ხდება, სადაც კანონის უზენაესობა არ არის.
ასეთ ქვეყნებში ბიზნესმენებს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეუძლიათ გადარჩნენ _ დროულად დაამყარონ საჭირო ურთიერთობა ხელისუფლებაში მყოფ პირებთან.
ვენესუელაში ჩვენზე ბევრად უარესი მდგომარეობაა. 30 წლის წინ იტალიაშიც დაახლოებით იგივე ხდებოდა, რაც ახლა საქართველოში ხდება.

შორენა მარსაგიშვილი