გივი ხაჭაპურიძე: „საზოგადოებას პატრიარქის გარშემო შექმნილი ვითარება აღელვებს“

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და ეკლესიაში არსებული პრობლემების ფონზე საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე „ქრონიკა+“ Pღ საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელ გივი ხაჭაპურიძეს ესაუბრა:

_ როდესაც სახელმწიფოს წინაშე უამრავი გამოწვევაა, როგორია საზოგადოებრივი განწყობები?
_ ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოების განწყობები უკიდურესად კრიტიკულია. თითქოს ქვეყანა ჩიხშია და აქედან გამოსავალი ვერ მოიძებნა. საზოგადოებაში არჩევნების მოლოდინიც კი დიდი ცვლილებების განცდას არ ტოვებს. 20 ივნისი და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები, პრეზიდენტის არაერთი გაურკვეველი ნაბიჯი მისი არჩევის დღიდან, საპატრიარქოში განვითარებული პროცესები და ბოლოს, კინოჩვენების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი საზოგადოებაში ქაოსს ქმნის.
პრეზიდენტმა ინაუგურაციის შემდეგ რაც გააკეთა, დავითგარეჯაში ჩასვლა და ახალი კონფლიქტის გაღვივება მოახერხა, თითქოს, გამაერთიანებლის იმიჯის შესაქმნელად, რეალურად კი რელიგიურ ნიადაგზე მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობა დაძაბა. არადა, მისი უფლებამოსილება მომრიგებლობა უნდა იყოს. გაამწვავა ვითარება ქვეყნებს შორის, საზოგადოება აამხედრა და, პრაქტიკულად, გაქრა. შემდეგ სკანდალური შეწყალებით შეგვახსენა თავი, რომლის შესახებაც ახსნა-განმარტებაზეც უარი განაცხადა. სავარაუდოდ, კიდევ უნდა ველოდოთ მისგან რაიმე განსაკუთრებულ სიურპრიზებს. იმედია, პირდაპირი წესით არჩეული ქვეყნის ბოლო პრეზიდენტი გამოუსწორებელი შეცდომით არ დაგვამახსოვრებს თავს.
_ გვერდს ვერ ავუვლით „გავრილოვის ღამეს“ და საზოგადოებრივ განწყობებს…
_ გავრილოვის ჩამოსვლამ და 20 ივნისის მოვლენებმა საზოგადოება აღაშფოთა და მივიღეთ ის, რაც წლების წინათ გვინდოდა, დაგვესრულებინა, რომ პარლამენტის წინ არავინ დაშავებულიყო. თუმცა ეს ვერ ავიცილეთ თავიდან, რამაც პირადად გიორგი გახარიას მიმართ განწყობები მკვეთრად შეცვალა. მას ამ მოვლენებამდე ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერად მიიჩნევდნენ და მისი გაპრემიერებაც მისაღები იყო საზოგადოებისთვის. მართალია, ის დარჩა ლიდერად პოლიტიკურ სივრცეში, მაგრამ მისი რეიტინგი დაეცა.
ეს და სხვა მოვლენები აბსოლუტურად გადაფარა საპატრიაქოს თემამ. ყველაზე მაღალი ნდობის ინსტიტუტზე ასეთი დარტყმა, პრაქტიკულად, არ გვახსოვს. ბევრისთვის დაუჯერებელი რამ გამოიფინა და საზოგადოება აგონიაშია. ახლა ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, საზოგადოებას დაანახოს, თუ როგორ იცავს პატრიარქს და უმზერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ყველასთვის ცნობილია, რომ 80% სანდოობის მქონე ინსტიტუტის დაცვა შესაძლოა, მათ ხმებში აისახოს არჩევნებზე.
_ არჩევნებს ახსენებ და მისი კონტურები თუნდაც პროპორციული სისტემის მხრივ ჯერაც ბუნდოვანია.
_ მსგავსი დაძაბულობების ფონზე პროპორციული საარჩევნო სისტემის რაობა საზოგადოებისთვის, ჯერ კიდევ, გაუაზრებელი რჩება. უბარიერო საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, რთულია საარჩევნო კამპანიის ისე წარმართვა, როგორც აქამდე. ანუ საზოგადოების პოლარიზაცია რთული იქნება, თუ ამომრჩეველი გაიაზრებს პროპორციული არჩევნების შესაძლებლობებს, რომ ქვეყანას რეალური მრავალპარტიული პარლამენტი ჰყავდეს. შესაბამისად, თუ მსგავსი ტიპის დაძაბულობები მოიხსნება და ქვეყანა მშვიდ ვითარებაში დაიწყებს სვლას არჩევნებისკენ, ელექტორატს დაკარგავს როგორც მმართველი გუნდი, ასევე _ „ნაციონალური მოძრაობა“.
აქედან გამომდინარე, გაუცნობიერებელი ამომრჩეველი და დაბნეული საზოგადოება უფრო მომგებიანი ჩანს დღევანდელი გადასახედიდან. ამით სხვა პოლიტიკურ ძალებსაც გაუჭირდებათ საზოგადოებისთვის თავის წარდგენა, მედია ისევ დარჩება ლიდერი პოლიტიკური ძალების მიმდევარი, ხოლო ამომრჩეველი ისეთივე არჩევანს გააკეთებს, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ვიხილეთ.
_ საკმაოდ თამამი პროგნოზია. და ამ ვითარებაში საინტერესოა, ყველაზე მეტად რა აწუხებს საზოგადოებას, ხალხს, ქვეყნის მოსახლეობას?
_ ყველაზე მეტად საპატრიარქოს, უფრო სწორად, პატრიარქის გარშემო შექმნილი ვითარება აღელვებს. ახლა რომ კვლევა ჩავატაროთ, ალბათ, პირველ ადგილზე საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები გავა და არა უმუშვერობა და სამუშაო ადგილები ან კონფლიქტები.
მიმდინარე მოვლენების პარალელურად ოკუპანტი ისევ აგრძელებს თავის საქმეს _ ე. წ. საზღვრების დემარკაციას, ხოლო ჩვენ იმას ვარჩევთ, ვინ არის კინოთეატრში და ვინ _ კინოთეატრთან. ლევან ვასაძის გამოჩენა, ახლაც და ადრეც, მგონია, რომ ელექტორატის გაზომვას ემსახურება. თბილისში შესაძლებელია, ეს ელექტორატი ცოტაა, მაგრამ რა ხდება რეგიონებში? შესაძლოა, ვასაძეს რეიტინგიც კი გაეზომოს ახლო მომავალში.
საზოგადოებას აღელვებს, რა იქნება 2020 წლის არჩევნებზე. მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება და იცვლება, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ან რჩება, ან იმატებს. შეიძლება ამბობდეს, რომ ჩამოყალიბებულია თავის არჩევანში, მაგრამ არ არის მტკიცე. მიმდინარე მოვლენები, გაურკვევლობა და ქაოსი ლოიალობას ზრდის რუსეთის მიმართ, რადგან პროდასავლური პროპაგანდა ძალიან დაბალია.
_ ანუ?
_ კვლევები გვიჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, რუსეთის მიმართ განწყობები დადებითისკენ იხრება, რაც ძალიან სახიფათოა. ამის შედეგად, შესაძლოა, მომავალ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ მსგავსი ძალების რაოდენობა გაიზარდოს და თუ მათ მთავრობის ფორმირების პროცესში შეეძლებათ მონაწილეობა, ჩავთვალოთ, რომ მინისტრის რამდენიმე პორტფელი მათ ხელში აღმოჩნდება.
_ მძიმე პროგნოზია. როგორ აისახება საზოგადოებრივი განწყობები ქართულ პოლიტიკურ კლასზე სიმპათიებისა თუ ანტიპათიების კუთხით?
_ 20 ივნისის მოვლენებმა, ლარის კურსმა, ფასების ზრდამ და პრეზიდენტის ჩადენილმა „გმირობებმა“ მმართველი გუნდი დააზარალა და მის მიმართ ნეგატიურმა განწყობებმა იმატა. რეალურად, საზოგადოება ხედავს, რომ ქვეყანა თვითდინებით მიდის და მკვეთრი ნახტომები უკეთესობისკენ არ გვაქვს. პრაქტიკულად, არჩევნებიდან არჩევნებამდე ვცხოვრობთ არა იმ გაგებით, რომ რამე შეიცვლება, არამედ ვებრძვით „ნაციონალური მოძრაობის“ აჩრდილს.
ერთადერთი, რაც რჩება, ეს არის საპატრიარქოს მოვლენების გამოყენება ელექტორატის მოსაზიდად. გვახსოვს პეტრე ცაავას საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდამჭერი განცხადებები. ამ სენსიტიური თემის მიმართ საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებულია და ხელისუფლების განცხადებებიც მოქმედებს საზოგადოების განწყობებზე. შესაბამისად, რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში იქნება ეს თემა აქტუალური, მით მეტად შეეცდება ხელისუფლება ამის სათავისოდ გამოყენებას.
_ პოლიტიკური აქტორები, _ როგორია ძალთა ბალანსი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ლამის ყველა პოლიტიკური პარტია 2020 წლის არჩევნებში საკუთარ გამარჯვებაზე საუბრობს?
_ მოვლენები ისე ვითარდება, რომ პოლიტიკურ ძალებად შეიძლება უკვე ერთკაციანი პარტიებიც მოგვევლინონ და ისინი პარლამენტშიც შევიდნენ. მთავარი მოვლენები მას შემდეგ დაიწყება, რაც ბევრი აღმოაჩენს, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდება. განსაკუთრებით მაჟორიტარები, რომლებსაც ფინანსური რესურსი აქვთ. პარლამენტში მოსახვედრად 13 000 ხმის მიღება მარტივი ხდება. მაგალითად, ოქრიაშვილისა და მისთანებისთვის ეს მიღწევადია. თუნდაც ერთი ადამიანი რომ შეიყვანოს პარლამენტში ამა თუ იმ პარტიამ, მათთვის დიდი ასპარეზია. პარტია საკმაოდ დიდ დაფინანსებას იღებს და კვალიფიციური სუბიექტი ხდება, პარტიის ლიდერი პარლამენტის წევრი ხდება და 4 წლის განმავლობაში გარანტირებულია.
ვფიქრობ, პარლამენტში, დაახლოებით, 10 პარტია შეძლებს შესვლას და უმრავლესობის აღებას ვერც ერთი მათგანი ვერ მოახერხებს. „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობის შესაქმნელად სხვების ხმები დასჭირდება. თუმცა მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ეს სხვა?! „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ევროპული საქართველოს“ დახმარებით ამის გაკეთება, პრაქტიკულად, ლუსტრაციად ჩაითვლება საზოგადოების მხრიდან, ხოლო „პატრიოტთა ალიანსთან“ კოალიცია საერთაშორისო დონეზე ქვეყანას ძალიან დააზარალებს. შემდეგი შესაძლებელია იყოს „ლელო“ და მამუკა ხაზარაძე. აქ შეიძლება ვიფიქროთ დათმობებზე ორივე მხრიდან. თუ „ლელოს“ უმრავლესობის შექმნაში მონაწილეობის მიღება შეეძლება, ის აუცილებლად ივაჭრებს ბიძინა ივანიშვილთან და შესაძლოა, ეს შეთანხმება შედგეს. თუმცა, ვფიქრობ, მხოლოდ „ლელოს“ მანდატები არ იქნება საკმარისი უმრავლესობისთვის და სხვა პატარა პარტიებიც გახდება საჭირო, რომელიც სიხარულით მიიღებს ამ შემოთავაზებას.
ვვარაუდობ, რომ „ქართული ოცნება“ ხმების, დაახლოებით, 35%-ს, 50-55 მანდატს მიიღებს და თუ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოსთან“ კოალიციას გამოვრიცხავთ, მხოლოდ ერთი პარტიის მანდატები არ იქნება საკმარისი უმრავლესობისთვის. აქ „ქართული ოცნების“ გარდა, მინიმუმ, 2-3 პარტიის რესურსი გახდება საჭირო.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, პარლამენტში მოხვედრა უკვე დიდი გამარჯვებაა მათთვის. საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შანსები აქვთ ლეიბორისტებს, „შენების მოძრაობას“, „გირჩს“, კახა კუკავას და ნინო ბურჯანაძესაც.
_ ხშირად საუბრობენ ახალ პოლიტიკურ ცენტრზე, რომლის შექმნის კონტურები ამ დროისთვის, ფაქტობრივად, არ ჩანს. თუმცა ცალკეული პერსონები აცხადებენ, რომ მესამე ძალა იქნება „ლელო“. რამდენად შეძლებს ეს ძალა, მესამე ძალის მისია იტვირთოს?
_ ე. წ. მესამე ძალის ჩამოყალიბება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მით უფრო, პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში. მეტიც: გაერთიანებული ოპოზიციაც აზრს კარგავს და ამას მათი ლიდერიც ხედავს, რადგან იქ გაერთიანებული პარტიები, საპარლამენტო სიაში მოწინავე ადგილებზე, მინიმუმ, თითო კაცს მოითხოვენ. ჩემთვის რთული წარმოსადგენია, მიხეილ სააკაშვილი იმას დასთანხმდეს, რომ თავისი ერთგული წევრების წინ ნიკა მაჭუტაძე, პაატა დავითაია, ზურაბ ხარატიშვილი და სხვები დააყენოს და დააწინაუროს. გარდა ამისა, ეს საფრთხეს შეუქმნის თავად „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან თუ პირველი ათეული სხვადასხვა პარტიის ლიდერით დაკომპლექტდება, ამ შემთხვევაში რამდენი მანდატის აღებას შეძლებს თავად ეს გაერთიანება? სავარაუდოდ, 15 მანდატის, საიდანაც გამოდის, რომ მინიმუ 9 სხვა პარტიის წევრია, რომელმაც შესაძლოა, დამოუკიდებელი თამაში წამოიწყოს.
სააკაშვილს კარგად ახსოვს 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები და „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა, რის შედეგადაც ის უმრავლესობის გარეშე დარჩა. იგივეს განმეორებას სააკაშვილი არ დაუშვებს. შესაბამისად, მათი დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობა უფრო რეალურად მესახება, ვიდრე გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი სიით. ამას ემატება დაფინანსების საკითხი, რომელიც 10 პოლიტიკურ სუბიექტს შორის აუცილებლად იქცევა განხეთქილების საბაბად.
რაც შეეხება თავად „ლელოს“, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება ფაქტორი, თუ კოალიციის შექმნაში მონაწილეობის მიღების შანსი მიეცემა. სხვა მხრივ მის მაღალ კონკურენტუნარიანობას ვერ ვხედავ. მესმის, რომ არჩევნებამდე თითქმის ერთი წელი რჩება და ხაზარაძე ფრთხილობს, ბურჭულაძის ბედი არ გაიზიაროს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, „ლელო“ მოწინავე პოზიციებზე ვიხილოთ. თუმცა იგი საუკეთესო ხუთეულის ბოლო პოზიციებზე მოხვედრას მოახერხებს.
ამ პარტიის მომავალი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ანაკლიის პორტთან მიმართებით. თუ ეს პროექტი სახელმწიფომ გადაიბარა, აქაც გამოჩნდება ბიძინა ივანიშვილი და ისევე როგორც „ბლექ სი არენას“, „აბასთუმნის“, „წყალტუბოსა“ და ა. შ. შემთხვევებში, აქაც გააკეთებს განაცხადს, რომ თავად დააფინანსებს ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს. ყველას გვახსოვს მისი ინტერვიუ, სადაც მან ისაუბრა, რომ ეს პროექტი კომერციულად მომგებიანი არ არის.
_ მედია და მისი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე _ იმ პირობებში, როდესაც რამდენიმე ტვ არხის შექმნას ვხედავთ, გახდებიან თუ არა ისინი მთავარი მოთამაშეები საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მხრივ?
_ ახალი არხების გამოჩენამ, პრაქტიკულად, კრისტალიზაცია მოახდინა იმისა, თუ რამდენი პროცენტი იყო „ქართული ოცნების“ მიმართ რადიკალურად განწყობილი „რუსთავი 2-ის“ მაყურებელთა შორის. 10%, რეალურად, „მთავარ არხზე“ გადავიდა, ხოლო დანარჩენი აღმოჩნდა „რუსთავი 2-ის“, როგორც ბრენდის, ერთგული. ამას უფრო ჩვევა ჰქვია, ვიდრე _ ერთგულება. ბოლო მონაცემებით, „მთავარი არხი“ მე-3 ადგილზეა და „რუსთავი 2-ს“ 2-3%-ით ჩამორჩება.
თავდაპირველად „რუსთავი 2-დან“ ჟურნალისტების წასვლამ დადებითად იმოქმედა „ტვ პირველის“ რეიტინგზე, მაგრამ „მთავარი არხის“ ჩართვისთანავე მან ეს რეიტინგი დაკარგა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში „მთავარმა არხმა“ შეძლო 10%-ის მობილიზება და ახლა უკვე დგება ურთულესი პროცესი _ ბრძოლა მეორე ადგილისთვის. გამორიცხული არ არის, რომ მან „რუსთავი 2-ს“ რეიტინგით გაუსწროს, მაგრამ „იმედის“ კონკურენტობა ძალიან გაუჭირდება.
საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თვალსაზრისით მხოლოდ ეს რეიტინგი არ არის ბევრის მაუწყებელი. მთავარი გადაცემების რეიტინგებია. თავის დროზე, როდესაც „რუსთავი 2“ და „იმედი“ ძალიან ახლოს იყვნენ რეიტინგებით, გადაცემების კუთხით საინტერესო ვითარება გვქონდა. რეალურად, „იმედის“ გადაცემებიდან მხოლოდ გასართობი გადაცემები და სერიალები გვხვდებოდა მოწინავე პოზიციაზე და ეს დღესაც ასე რჩება, ხოლო „რუსთავი 2-ის“ შემთხვევში _ საინფორმაციო გამოშვებები და ტოქშოუები. შესაბამისად, „რუსთავი 2-ის“ გავლენა საზოგადოებრივ აზრზე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე _ „იმედის“. მოგეხსენებათ, რომ თურქული სერიალები ვერ იქონიებდნენ გავლენას მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობებზე. ანუ „რუსთავი 2-ის“ კონტენტს, თავის დროზე, გაცილებით მეტი გავლენა ჰქონდა, ვიდრე _ „იმედის“.
კონკრეტული მონაცემები არ მაქვს და, შესაბამისად, ციფრებით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ, დიდი ალბათობით, „მთავარი არხის“ გადაცემები მალე იქნება მოწინავე პოზიციაზე, ანუ გვარამიას კონტენტი საზოგადოებრივ განწყობებზე მეტად გავლენადი გახდება. პრაქტიკულად, 20%-ანი რეიტინგის მქონე „იმედს“, საინფორმაციოსა და ტოქშოუების რეიტინგში 10%-იანი „მთავარი არხი“ ეპაექრება და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ახდენდეს.
აქედან გამომდინარე, „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებამ დიდი ვერაფერი მოუტანა „ქართულ ოცნებას“. მართალია, ამ არხზე დარჩენილი მაყურებელი არასასურველ კონტენტს ვერ ნახავს, მაგრამ ვფიქრობ, მხოლოდ ეს არ იყო „რუსთავი 2-ისთვის“ ბრძოლის მიზანი.
რატომ გააჩერა საინფორმაციო გამოშვებები „რუსთავი 2-მა“, ჩემთვის დღემდე გაუგებარია. სტრასბურგის გადაწყვეტლების შემდეგ ხომ ცხადი იყო, რომ რაღაც მსგავსი შეიძლებოდა მომხდარიყო, რასაც მენეჯმენტი მზად უნდა დახვედროდა. ჟურნალისტების წასვლის შემდეგ რეიტინგი მაშინვე არ დაცემულა და უმოკლეს ვადებში საინფორმაციოს ეთერში გაშვების შემთხვევაში, მცირედით, მაგრამ არხი მაინც შეინარჩუნებდა მაყურებელს. მოქმედი არხი იმდენი ხნით იყო გაჩერებული, რომ გვარამიამ ახალი არხის ეთერში გაშვება შეძლო. თუ „რუსთავი 2-ის“ გაჩერებით ვინმე ფიქრობდა, რომ „იმედის“ რეიტინგი აიწევდა, რბილად რომ ვთქვა, ცდებოდა. როგორ შეიძლება, ვინმემ წარმოიდგინოს, რომ „რუსთავი 2-ის“ მაყურებელი „იმედის“ კონტენტით დაკმაყოფილდება? მეტიც: ის „ტვ პირველის“ კონტენტითაც კი არ დაკმაყოფილდა.
ფაქტია, რომ ამ გაყოფით ხელისუფლებამ გაიგო რადიკალური მოწინააღმდეგეების წილი სატელევიზიო აუდიტორიაში, თუმცა ვერ გათვალა საინფორმაციოს რეიტინგი და მისი გავლენა საზოგადოებაზე. დღეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე „მთავარი არხი“ უფრო ახდენს გავლენას, ვიდრე _ „იმედი“.
_ სოციალური მედია და ტრადიციული მედიასაშუალებები, _ აქ როგორია ძალთა ბალანსი? მით უფრო, როდესაც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ტროლებზე, ფეიკნიუსებზე. უფრო საით იხრება დაინტერესებული პირების არჩევანი?
_ სოციალური მედია დღეს დიდი გავლენით სარგებლობს და ეს გავლენა დღითი დღე იზრდება, რაც განსაკუთრებით იგრძნობა თბილისში, თუმცა რეგიონებშიც ძალიან მზარდია. განსხვავება ისაა, რომ დედაქალაქში ე. წ. ფეიკნიუსის იდენტიფიცირებას უფრო ახდენს მოსახლეობა, ვიდრე _ რეგიონებში. სოციალურ ქსელებს გავლენა აქვს ქვეყნის მასშტაბით. მუშაობს ტროლებიც, ფეიკნიუსებიც და იმუშავებს მანამ, სანამ საზოგადოება არ ისწავლის გარკვევას, რა არის სიმართლე და რა _ ფეიკნიუსი.
სამწუხაროა, რომ სოციალური ქსელების მართვის შესაძლებლობა ბევრ პოლიტიკურ პარტიას არ გააჩნია და მათი კონტენტი საინტერესო არ არის. ერთიან საკომუნიკაციო სტრატეგიაში არ არის მოქცეული სოციალური ქსელების მართვა და სპონტანურია მათი მოქმედებები. უმრავლესობას ისიც კი არ აქვს გაზომილი, როდის არის უფრო მეტი მომხმარებელი ქსელში და როდის ჯობს რაიმე ინფორმაციის გავრცელება ან გაზიარება.
ტროლები დღეს საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენენ. ვრცელდება უამრავი ფეიკნიუსი და ამ სიცრუის ტირაჟირებით, კომენტარების სიმრავლითა და თემის აწევით ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის რთულია სწორი ინფორმაციის გამორჩევა.
თუ პოლიტიკურ ძალას რამის მიღწევა სურს, მან სოციალური ქსელების ეფექტიანი მართვა უნდა შეძლოს. საკმარისი არ არის საუბარი და ყიჟინა იმაზე, რომ ხელისუფლებას „ტროლების ფაბრიკა“ აქვს. ამ „ფაბრიკის“ შექმნა ყველასთვის უფასოა. მესმის, რომ რეკლამის ფინანსური რესურსი არ აქვთ, მაგრამ პლატფორმა არსებობს და მას გამოყენება სჭირდება.
დღეისთვის გავლენიანი მედიასაშუალება მხოლოდ ტელევიზია და სოციალური ქსელია. პოლიტიკური ძალების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ წინასაარჩევნოდ არ აქვთ საეთერო დრო და ა. შ., უკვე წარსულია და არა მომავალი.
_ გვერდს ვერ ავუვლით საეკლესიო სკანდალს. როგორი აისახება იგი ეკლესიის ავტორიტეტზე? როგორია წინასწარი განწყობები?
_ განვითარებული მოვლენები ეკლესიის ავტორიტეტისთვის უპირობოდ დამაზიანებელია, შეიძლება ითქვას, _ დამანგრეველიც კი. NDI-ისა და IღI-ის კვლევის შედეგებშიც მოხვდება, თუ როგორ აისახა ბოლო დროის მოვლენები ეკლესიის რეიტინგზე. თუმცა, როგორც ვიცი, IღI-ის კვლევა, რომელიც დასრულებულია და მალე ვიხილავთ, უფრო ადრე ჩატარდა, ვიდრე ეს სკანდალი მოხდებოდა. ამიტომ მე NDI-ის კვლევას უფრო ველოდები.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამ მოვლენების სათავისოდ გამოყენება „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. ამით ელექტორატის მოხვეჭის შანსები ეზრდება. თუმცა თავად ეკლესიისა და საპატრიარქოს ავტორიტეტი დაეცემა. სამწუხაროდ, ლევან ვასაძეს, სადრო ბრეგაძესა და მსგავს პერსონაჟებს საშუალება მიეცემათ, ეკლესიის დაცვის მოტივით გააქტიურდნენ და მუდმივი დაძაბულობის ფონზე გავატაროთ საარჩევნო პერიოდი. არსებული ვითარება აწყობს „პატრიოტთა ალიანსსაც“.
საეკლესიო სკანდალის გადატანა პოლიტიკურ ჭრილში და ნარატივი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძვის საპატრიარქოსა და პატრიარქს, ხელისუფლებისთვის დადებითად მუშაობს, რაც საზოგადოების პოლარიზების კიდევ ერთი საშუალებაა. პროპორციული არჩევნების პირობებში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლით დაშინება და ამით ხმების მიღება დღეისთვის ამომრჩევლისთვის არადამაჯერებელია, რადგან იგი ხვდება, რომ მისი ხმა დღეს შესაძლოა, არ დაიკარგოს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ საფრთხედ გამოცხადება აღარ არის დამაჯერებელი, თუ მას რეალური საფუძველი არ უდევს. ამიტომ თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიების იმიჯს დაიმკვიდრებენ საზოგადოებაში, „ქართულ ოცნებას“ ელექტორატის დაბრუნების შანსები ეზრდება.

არმაზ მეტრეველი