გიგლა ბარამიძე: „ივანიშვილი თავისი გარემოცვის ტყვეობაშია!“

შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გარშემო რაინდ ვასაძისა და სხვა მსგავსი სუბიექტების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გუნდიც ემიჯნება. ყოველ შემთხვევაში, „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი სართველოს“ ლიდერი, გიგლა ბარამიძე, „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ ყველაფერ იმით, რაც კინოთეატრებთან ხდებოდა, ზემოხსენებული ფილმი რეკლამირდა. მეტიც, გიგლა ბარამიძე აპირებს, რომ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ნახოს და აქვე განმარტავს, რომ საქართველოში იმაზე მძიმე პრობლემები არსებობს, ვიდრე გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმია. ამ კონტექსტში ჩვენი რესპონდენტი გარეჯს ახსენებს და იმით ინტერესდება, თუ რას აკეთებს საზღვრის დამდგენი კომისია.

ამასთან, გიგლა ბარამიძეს ისიც აინტერესებს, თუ ვინ არიან ამ კომისიის წევრები და, საერთოდ, რატომ კეთდება იმით აპელირება, რომ საქართველო მეზობელ აზერბაიჯანზე ენერგომატარებლებით არის დამოკიდებული და ამიტომ, დავითგარეჯასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღება.
ყველაფერ აქედან გამომდინარე, ბარამიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების წყალობით, საქართველო, როგორც სახელმწიფო, პრაქტიკულად, აღარ არსებობს და მთავრობა მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაზეა გადაული.
სხვათა შორის, ჩვენს გამოცემასთან საუბრისას გიგლა ბარამიძე არც იმის თქმას ერიდება, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გარემოცვას ტყვეობაში ჰყავს.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს გიგლა ბარამიძესთან:

_ ბატონო გიგლა, რა ვითარებაა, რა მოქმედებაა, ანუ თქვენი შეფასებით ქვეყანაში რა ხდება და სად ვართ?
_ მგონი, თვითონ სახელმწიფომ არ იცის, სად ვართ!
_ ასე რატომ გგონიათ?
_ სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს და ამასთან, სახელმწიფო ვერ აცნობიერებს, ქვეყნისთვის მთავარი რა არის და რა _ მეორეხარისხოვანი. ეს უდღეური და პამპულა მინისტრები დარბიან და მათი უმთავრესი ამოცანა „მადლობა, ბატონო ბიძინას“ ძახილია. ამასობაში კი ყველაზე დიდბიუჯეტიანი სამინისტროს პირველი პირი გამოდის და იმის ნაცვლად, რომ ინვესტიციები მოიზიდოს, ქვეყნის არაფორმალურ მმართველს მადლობას უხდის, აი, თქვენ ერთი ქალაქის შესყიდვას აპირებთო.
მოკლედ, დღევანდელი სამარცხვინო ხელისუფლებისა და პარლამენტის უმრავლესობის ერთადერთი საზომი ის კი არაა, ქართველ ხალხს როგორ ასიამოვნოს და სახელმწიფო როგორ ააშენოს, არამედ ისაა, ერთ კაცს როგორ ასიამოვნოს. ჰოდა, ამიტომაც ვამბობ, რომ ეს სახელმწიფო არ არის და ხუხულასავითაა ჩამოშლილია!
ქვეყანაში, გარდა იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ტერიტორიების 22 პროცენტია წაღებული, საზღვართან კიდევ სხვა ბევრი პრობლემაა. ამ დროს კი სამარცხვინო საგარეო საქმეთა მინისტრი დალასლასებს, დასუნსულებს, დაწანწალებს და ბოდიალობს, ორმხრივი კომისია მუშაობს და დავითგარეჯაზე ხმა არ ამოვიღოთო. სინამდვილეში კი ჩვენთან არაფერი კეთდება, იქითა, ანუ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიდან სერიოზული ქმედებები ხორციელდება.
ამას გარდა, პროდუქტებზე _ კვერცხიდან დაწყებული, ხორცითა და მედიკამენტებით დამთარებული _ ფასები იზრდება. ხელისუფლებასთან დაახლოებული ბოტასების ქურდი კი, დღგ-ს სახით, მილიონებს იპარავს და სადღაც ქრება, მაგრამ ამაზე ხმას არავინ იღებს. აი, ყველაფერ ამის გამო ვამბობ, რომ ქვეყანაში საქმე ცუდადაა!
_ და რადგან ქვეყანაში საქმე ცუდად არის, ამის გადაფარვას ხელისუფლება საეკლესიო სკანდალით ცდილობს, ანუ ცნება _ „პური და სანახაობა“ ისევ აქტუალურია?
_ ასე ვერ ვიტყვი.
_ აბა, როგორ იტყვით?
_ წინა რეჟიმს ახასიათებდა, რამე რომ მოხდებოდა, უცბად მეორე ფაქტს გამოაგორებდა, რათა პირველი გადაფარულიყო, თუმცა ყველაფერი ეს ახლანდელმა ხელისუფლებამაც კარგად გადმოიღო. ისე, მათ რაღაც მაინც ააშენეს, ამათ კი ესეც ვერ გააკეთეს!
მოკლედ, გადაფარვას კი არა, საპატრიარქოში მიმდინარე სკანდალს უფრო სპეცოპერაციას ვარქმევ, რომელიც „ციანიდის საქმით“ დაიწყო. ფაქტები არ მაქვს, რომ ხელისუფლება დავადანაშაულო, მაგრამ ნათელია: არც კომუნისტების, ანუ 70-იან წლებში, არც _ გამსახურდიას, არც _ შევარდნაძის და არც თვით სააკაშვილის დროსაც კი ეკლესიას ასეთი მძიმე დარტყმები არ მიუღია. ამიტომ ხელისუფლება ხელს ნუ აფათურებს, ეკლესიას თავი დაანებოს და აღარც მთვრალი თუ ფხიზელი ქორეპისკოპოსი გამოვა და ხელისუფლების პირველ პირებს ხელს არ დაადებს.
_ ყველა ქმედებას თავისი მიზანი აქვს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას ეკლესიაში სპეცოპერაციის ჩატარება რისთვის აწყობდა?
_ ფაქტები არ მაქვს, მაგრამ ჩანს, რომ მთავრობა ხელს აფათურებს და ამის მიზანი, შესაძლოა, ისაა, რომ ხელისუფლებას, ისევე როგორც ძალიან ბევრ სხვა ორგანიზაციას, უწმინდესისა და უნეტარესის ასეთი ავტორიტეტი არ სიამოვნებს!
ყოველ შემთხვევაში, ამას არ გამოვრიცხავ. ფაქტი კი ისაა, რომ უმაღლესი იერარქი, ანუ ქორეპისკოპოსი, გამოდის და ამბობს, ხელისუფლებას უწმინდესის განადგურება და თავისი კაცის მოყვანა უნდაო. ეს ჯერ ნასვამმა თქვა, მერე ფხიზელმაც გაიმეორა. ამის მიუხედავად, ეს უდიპლომო სასიძოსავით რომ გვყავს, გაუგებარი მთავარი პროკურორი და გაიძახის, ეს განცხადება მტკიცებულება არ არისო, ამაზე დიდი ანეკდოტი რაღა გინდათ?! ყველაფერი ეს ბევრი რამის მანიშნებელია.
_ ყველაფერ ამის გათვალისწინებით ქვეყანა სერიოზულ ჩიხშია, ბატონო გიგლა?
_ აუცილებლად!
ჯერ კიდევ ერი და ხალხი ვართ, ამასთან, საქართველო, როგორც გეოგრაფიულ-ტერიტორიული ერთეული, არსებობს, მაგრამ სახელმწიფო, თავისი ნიშნებით, არ არსებობს!
_ და ეს ნიშნები რა არის?
_ სახელმწიფო თავის დანიშნულებას ვერც სტრატეგიული თვალსაზრისით ასრულებს, ვერც _ გეოპოლიტიკური და რაც უმთავრესია _ საკუთარ ხალხს ვერ უვლის და ეს სახედაკრგული მთავრობა ყველა პირობას ქმნის, ქართველმა კაცმა, თავი რომ გადაირჩინოს, საქართველო დატოვოს! დიახ, ყველაფერს აკეთებენ, საქართველოში ქართველი კაცი არ იყოს!
_ აბა, ვინ უნდა იყოს? თუ ქვეყანა ხალხისგან დაიცლება, ხელისუფლებაც ხომ ცაიტნოტში აღმოჩნდება?
_ უნდათ, რომ მხოლოდ თვითონ იყვნენ და უცხოეთიდან მუშახელი შემოიყვანონ.
_ ეს, მგონი, კონსპირაციის თეორიაა, ბატონო გიგლა.
_ აბა, სხვა რა უნდა დავარქვათ? ახალგაზრდებს ერთი სული აქვთ, გაიქცნენ, იგივე სურვილი აქვს საშუალო ასაკის ხალხსაც. ხელისუფლება ხალხზე არ ზრუნავს და ყველაფერი ის, რაც ჩამოვთვალე, განა, ცოტა რამეა?!
ხელისუფლება ერის გაჯანსაღებაზე, მასობრივ სამეცნიერო და სტუდენტურ კვლევებზე უნდა ფიქრობდეს, მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ იმაზე ფიქრობს, ერთი საკითხი მეორით როგორ გადაფაროს, როგორ მოიპაროს და გამდიდრდეს!
დიახ, თანამდებობის პირებს მხოლოდ ორი მიზანი აქვთ: ჯერ ერთი, როგორ გასკდნენ და მუცლები ამოიყორონ. მეორეც, თავიანთ პატრონს ფეხები როგორ დაუბანონ! ამ ჩინოსნებს მეტი ფუნქცია არ გააჩნიათ!
_ სხვათა შორის, ახლახან ივანიშვილი „ოცნების“ თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლებს კაჭრეთში შეხვდა და, როგორც ითქვა, ისინი სერიოზულად დატუქსა. ამ შეხვედრის შემდეგ განათლების მინისტრი გადადგა. მოკლედ, ხომ არ შეიძლება დავუშვათ ვერსია, რომ ივანიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმშია და გარემოცვა ატყუებს?
_ აუცილებლად! მეტსაც გეტყვით.
_ მეტი რაღა უნდა მითხრათ?
_ მართალია, ესენი ივანიშვილს მონებივით შესცქერიან, მაგრამ ივანიშვილი თავისი გარემოცვის ტყვეობაშია!
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ?
_ ჯერ ერთი, რეალური ინფორმაცია არ აქვს; მეორეც, ისეთი წრე დაარტყეს და ისეთ ალყაში ჰყავთ ამ მონური ლიქნით, რომ ვერ ხვდება, ვინ უნდა მოიცილოს და ვინ მიიყვანოს! დიახ, ეს ტყვეობაა! ივანიშვილი პოლიტიკურ ტყვეობაში ჰყავთ და აქედან გამომდინარე, ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს!
მინისტრები და პრემიერები კი იცვლებიან, მაგრამ შედეგი ერთმანეთზე უარესია, რადგან ივანიშვილი საზოგადოებასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ვერ ფლობს _ ინფორმაციას სპეცსამსახურები, მინისტრები და ასევე უახლოესი გარემოცვა არ აწვდის! ჩვენ ყველაფერი ვიცით, რაც მარცხნივ და მარჯვნივ ხდება, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს ასეა!
ეს კაცი შეიძლება, ვინმეს მოსწონს ან არა, მაგრამ ფაქტია: ეს კაცი ჭკვიანი და ნიჭიერია.
_ თუ არ იცის, საზოგადოებასა და ქვეყანაში რა ხდება, ნიჭიერი როგორღაა, ბატონო გიგლა?
_ ამდენი წელია, ქვეყანას ისე მართავს, როგორც მეფე.
_ მეფე რა შუაშია?
_ ის უფლებები მეფეებს არ ჰქონდათ, რაც მას აქვს!
_ ივანიშვილმა გარემოცვიდან ვინ უნდა მოიცილოს, რომ ტყვეობისგან განთავისუფლდეს?
_ მთავარი ერთი ან ორი კაცი არ არის, არამედ სისტემაა, რომლითაც გარემოცვასა და მინისტრებს არჩევს, ანუ თავად უნდა მონახოს ძალა, რომ ეს სისტემა შეცვალოს, თორემ იგი მოახრჩობს, გაგუდავს და გაანადგურებს!
_ როგორც ჩანს, ივანიშვილს ეს სისტემა მოსწონს და ამიტომაც არ ცვლის.
_ ჰოდა, საქმეც ეს არის: როცა ლიდერს სისტემა მოსწონს და კმაყოფილია, მისი განადგურების პროცესი აი, სწორედ მაშინ იწყება, მაგრამ ამას ვერ ვხვდება. ეს სისტემა იმიტომ მოსწონს, რომ რეალური ინფორმაცია არ აქვს _ ეკონომიკური სტაგნაციაა, ლარი გაუფასურებულია, მაგრამ ჰგონია, რადგან თბილისში ბევრი მანქანა დადის, თურმე, ხალხი კმაყოფილია და კარგად ცხოვრობს, მაგრამ ასე არ არის და ამას ვამბობ არა როგორც ოპოზიციონერი, არამედ როგორც მეათე თაობის თბილისელი კაცი და მოქალაქე, რომელსაც ქვეყანაზე გული სტკივა!
ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავს მიხედავს ან ვერ მიხედავს _ ეს სხვა პრობლემაა, მაგრამ რადგან პროცესებს ჯერ კიდევ ის მართავს, ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებში, მინდა, რომ რეალობას ხედავდეს, მაგრამ ვიმეორებ: ივანიშვილი რეალობას ვერ ხედავს, თორემ მინისტრებად ამდენ უგუნურს ვერ ვნახავდით!
თუ ვინმე უტვინო, უცოდინარი, უბიოგრაფიო და აბსოლუტურად უსახოა, ივანიშვილს ყველა თანამდებობაზე ჰყავს და ესენი რისი გამკეთებლები არიან?!
_ ბატონო გიგლა, ყველაფერი ეს მსოფლიოს თვალში სახელმწიფოს, მათ შორის, ოპოზიციის იმიჯზეც ხომ მოქმედებს?
_ რა თქმა უნდა. სახელმწიფო რომ არაა, ეს ყველა მიმართულებით ჩანს _ საქართველო სათვალავში არსად წერია, არც ერთ პოლიტიკურ პანელსა და დიპლომატიურ შეხვედრაზე. დაშლილ და სახედაკარგულ უკრაინას კიდევ ახსენებენ, რადგან დიდი ტერიტორია აქვს და მოსახლეობაც ბევრი ჰყავს, საქართველო კი სადმე ხსენებაში არის?!
ნახეთ, ევოპასა და აშშ-დან ჩამოსული ჩინოვნიკები ან ყოფილი ჩინოვნიკები როგორ გვეპყრობიან.
_ როგორ გვეპყრობიან?
_ ისე, როგორც კოლონიის წარმომადგენლებს!
ისე, რატომ ხდება, რომ საზღვარი ყოველთვის საქართველოს საზიანოდაა გავლებული და ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩრდილოეთს არ ვგულისხმობ. გამაგებინეთ, ყველგან რუსეთი ხომ არაა და ასე რატომ ხდება?
_ უკაცრავად, რაზე საუბრობთ?
_ დაინახეს, რომ საქართველოს მებრძოლი და გულშემტივარი თანამდებობის პირები არ ჰყავს!
_ ვთქვათ, ასეა, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომას რომ ითხოვთ, ამით პრობლემები მოგვარდება?
_ ზალკალიანი უსახური ფიგურაა.
_ უსახური რატომაა?
_ ალბათ, გახსოვთ, ალასანიას დროს რომ გარბოდა, მაგრამ მერე, ალბათ, ფოჩიან კანფეტებს დაჰპირდნენ და უცებ უკან დაბრუნდა, ანუ ჯერ გაიძახოდა, საქართველო პროევროპული არააო, მერე კი მოეფერნენ და თქვა, არა, შემეშალა, პროევროპული ყოფილაო.
მოკლედ, ზალკალიანი ამ დეგრადირებული აღმასრულებელი სტრუქტურების სახეა.
_ ჰოდა, მისი გადადგომით რა შეიცვლება?
_ მეომარი და მებრძოლი მინისტრი საგარეო კუთხით საკითხებს დააყენებს. ეს კი ყველაფერს ფარცხავს და გატრუნულია.
კიდევ ერთხელ ვკითხულობ: რატომ არ ვიცით, სადემარკაციო კომისია ყოველდღიურად რას აკეთებს _ ამ კომისიაში ვინ არიან და რა მასალებს ეყრდნობიან?
საერთოდ, საზღვარი და ტერიტორია „ქართულ ოცნებას“ ვინ დაუთმო? საქართველოს მიწა თქვენი, ჩემი და ყველასია და რატომ არ ვიცით, ეს კომისია რას აკეთებს, გატრუნული რომ არის?
ვიმეორებ: აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარია და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ მეგობრობა ცალმხრივი ხომ არ არის?! გაიძახიან, აი, ენერგორესურსებზე ვართ დამოკიდებულნიო. კი მაგრამ, აზერბაიჯანი არაა საქართველოზე დამოკიდებული? თუ არა საქართველო, ევროპაში ენერგორესურსებს საიდან გაიტანს _ სომხეთიდან, ირანიდან, ყაზახეთიდან თუ რუსეთიდან? მოკლედ, ორმხრივი ინტერესია.
_ ანუ, ბატონო გიგლა, გგონიათ, რომ ჩვენი ხელისუფლება გარეჯთან დაკავშირებით რამე გარიგებაზეა წასული?
_ გარიგებაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ვიცი, რომ აზერბაიჯანი თავის ქვეყანას კარგად უვლის. ჩვენ კი იმის პრობლემა გვაქვს, რომ დავითგარეჯა მოვილოცოთ და ჩვენი ხელისუფლება იმას ვერ ამტკიცებს, რომ ის ტერიტორია, სადაც ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრებია, ისტორიულად საქართველოს ეკუთვნის და საბჭოთა რუკებშიც საქართველოს ტერიტორია იყო!
_ მოკლედ, სანამ საქართველოში „სექსების აჟიოტაჟია“, ამასობაში, შესაძლოა, დავითგარეჯა დავკარგოთ?
_ მხოლოდ დავითგარეჯაზე არ ვლაპარაკობ. აქეთ უარესი მდგომარეობაა _ ოსები და რუსები ყოველ კილომეტრსა და მეტრზე გადმოდიან. სხვა მიმართულებითაც უამრავი პრობლემაა.
დემოკრატიაზე არაფერს ვამბობ, მაგრამ დემოგრაფიასა თუ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით კატასტროფული მდგომარეობაა _ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ახალგაზრდები მომრავლდნენ.
ასევე უმძიმესი მდგომარეობაა განათლების სისტემაში _ ათასობით ადამიანი სკოლიდან გამოდის და არ ამთავრებს, მოშიმშილე ბავშვების რაოდენობა კი ასი ათასს ასცდა.
ჰოდა, ამ ვითარებაში ქართველი კაცისთვის მთავარი, თურმე, ის ყოფილა, რომ დეფაქტო საზღვართან შარვალი ჩაიხადოს ან პედერასტია. საქართველოს ამის მეტი პრობლემა, თურმე, არ აქვს!
_ ჰომოფობიურ თემებს ოპოზიცია, უფრო სწორად, ოპოზიციის ერთი ფრთა, კერძოდ, ვასაძე ააქტიურებს ხოლმე, ბატონო გიგლა.
_ ჯერ ერთი, ვასაძე პოლიტიკური ძალა არაა. მეორეც, გამოხატვისა და სადღაც დგომის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს, მათ შორის, ვასაძესაც, მაგრამ ძალადობა და მუშტი-კრივი არ შეიძლება.
ისე, ეს ფილმი არ მინახავს, მაგრამ, ალბათ, ვნახავ _ მაინტერესებს, რა არის, თუმცა იმით, რაც კინოთეატრებთან ხდებოდა, ამ ფილმის უფასო რეკლამა უფრო გააკეთეს, ვიდრე ის, რომ ეს ფილმი არ ეჩვენებინათ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავინახე.
_ ამასობაში თქვენი პოლიტიკური ძალა, როგორც ვატყობ, ძალიან გააქტიურდა.
_ დიახ, ასეა. კონფერენციებსა და ყრილობებს ვატარებთ. რაც მთავარია, ამ ფონზე ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა და მუდმივად მოდიან ართუ მხოლოდ მხარდამჭერები, არამედ გაწევრიანების მსურველები და ყოველ კვირა ორი-სამი დღე მანდატების გადაცემას ეთმობა. აი, აჭარაში ვიყავით, ახლა იმერეთში მივდივართ, მერე _ კახეთში.
საერთოდ, ჩვენი ამომრჩეველი და საზოგადოება არასოდეს მოგვიტყუებია და იმას ვამბობთ, რაც რეალობაა და რისი გაკეთებაც გვინდა.
_ ბატონო გიგლა, ხალხის განწყობა როგორია?
_ აჭარაში პარტიის რეგიონული და რაიონული ხელმძღვანელები ავირჩიეთ, შეხვედრას ხუთასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა და, იცით, ხალხს როგორი განწყობა აქვს? _ ხელისუფლების გაგონება არავის უნდა! შეიძლება, ჩვენ არ გვიჭერდნენ მხარს, მაგრამ ადამიანებმა დაინახეს, რომ ეს ხელისუფლება მოსახლეობას ატყუებს _ რასაც დაჰპირდა, არაფერი გაუკეთა და, პირიქით, თვითონ გაზულუქდა!
ხალხი იმასაც ხვდება, რომ არ შეიძლება, რომელიმე ბერწადშობილ იდეას საფლავში ჩაჰყვეს.
_ ამით რისი თქმა გინდათ, ბატონო გიგლა?
_ აი, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, ნატო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ნატოს ტვინი მოკვდაო, ანუ, როგორც ჩანს, ევროპამ თავისი ძალები უნდა შექმნას. ჩვენ კი მაინცდამაინც ერთი იდეა აგვიჩემებია, მაგრამ ამ იდეის იქით არაფერი კეთდება!
ჩვენი პოლიტიკური გუნდი საქართველოს მოსახლეობას ყოველთვის რეალობას ეუბნება, არაფერს ვმალავთ და ხალხს არ ვეთამაშებით. ყველაფერი ეს ცხოვრებამ დაადასტურა.
ნინო ბურჯანაძემ რამდენჯერ თქვა, მოსკოვში ჩავალო, მაგრამ იქ ჩასვლა კი არ სიამოვნებს.
_ აბა, თუ არ სიამოვნებს, რატომ უნდა ჩავიდეს?
_ ჩვენ ბრიუსელშიც ჩავალთ და აშშ-შიც, მაგრამ მთელ რიგ რთულ საკითხებზე რუსეთთან რომ ურთიერთობა დასალაგებელია ამაზე „ოცნება“ და, მათ შორის, ოპოზიციაც ახლა ალაპარაკდა. ჩვენ კი ამას დიდი ხანია, ვამბობთ.
_ ბატონო გიგლა, ჩვენი საუბრის რეზიუმე გავაკეთოთ.
_ კი ბატონო.
_ „ოცნება“ 2012 წელს ხელისუფლებაში ხალხის დიდი ნდობით მოვიდა, მაგრამ ეს მანდატი აღარ აქვს. მოსახლეობის ნდობა რატომ გაფლანგა და ხალხს იმედი რატომ არ გაუმართლა?
_ ეს მანდატი „ოცნებას“ რეალურად აღარ აქვს. კი გაიძახის, 60 პროცენტიო, მაგრამ ეს იმის მანიშნებელია, ისევ გაყალბებას აპირებს, მაგრამ ამის უფლებას არც ჩვენ მივცემთ და არც _ უპირველესად, საერთაშორისო ორგანიზაციები.
რაც შეეხება მანდატის გაფლანგვას, ამის ერთი მიზეზი არაპროფესიონალიზმია, მეორე _ სიმხდალე, ანუ სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯები ვერ გადადგა და მესამე _ კოჰაბიტაციაში ძალიან ტკბილად იგრძნო თავი. მდაბიოები მოვიდნენ, გამდიდრდნენ და ოღონდ წყნარად იყვნენ, არც გარეჯი ადარდებთ, არც _ ატოცი.
_ ბატონო გიგლა, „ოცნება“ ხელისუფლებაში მოსასვლელად იქნებ, მზად არ იყო და ყველაფერი ის, რაზედაც საუბრობთ, ამიტომაც დაემართა?
_ დიახ, მზადაც არ იყო. იმას არ ვამბობ, რომ „ნაციონალები“ ანგელოზები იყვნენ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, „ოცნებას“ თავიდანვე კოალიციური მთავრობა უნდა შეექმნა და პროფესიონალები და წესიერი ხალხი მოეყვანა. ასეთი ადამიანი საქართველოში ძალიან ბევრია. ასევე უცხოეთში მყოფი ქართველი სპეციალისტები უნდა ჩამოეყვანა და საქმე უკეთესად იქნებოდა.
სხვათა შორის, შემიძლია, „ოცნებას“ ერთ დღეში ჩამოვურიგო ადამიანების სია, რომლებიც ათასჯერ უკეთესები არიან, ვიდრე მთავრობაში მყოფი მინისტრები!
_ ანუ გამოსავალი ეს არის?
_ დიახ, ამას უნდა მოყვეს სისტემური ცვლილებები, ეკონომიკაში სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამ, ასეთ მოსამართლეებს არ მოიყვან და ქვეყნის მშენებლობა მეტი რაღაა?
ამ ზალკალიანს რას გადავეკიდე, მაგრამ როცა მთავრობაში ასეთი მკვდრები გყავს, რა გინდა, რომ გააკეთო? ეს კაცი გაეროში დიპლომატიურ პანელზე იდგა და ლავროვს ეხვეწებოდა, _ შემხვდიო. შეხვდა და მერე, ვაიმე, რამე არ დამწამონო, ტყუილს ამბობდა, _ არა, შეხვედრა მე არ მინდოდა და თვითონ შემხვდაო, ანუ თავი შეირცხვინა.
_ მოკლედ, ბატონო გიგლა, წინ მძიმე 2020 გველოდება, არა?
_ დიახ, მძიმე იქნება, რადგან ამათ იმის დათმობა არ უნდათ, რაც ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ გამორიცხულია, არ გავატანინებთ. პოლიტიკაში ასეთი ტერმინი არსებობს _ „ვინ ვის!“ ეს ძალადობრივი კი არა, პოლიტიკური ტერმინია. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამათ არჩევნების გაყალბების უფლებას ხალხი აღარ მისცემს!

გიორიგი აბაშიძე