მორიგი ომი საქართველოში _ და ჩვენ ვიტირეთ, მაგრამ ვიცეკვებთ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა უმეტესობა, მობობოქრე ერის ნაწილი, თვით თეოლოგების ერთი ჯგუფი, მკვეთრად გამოხატული და მალული ჰომოფობები, ხელისუფლებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების წევრთა უმეტესობა _ ფარისევლები არიან, სწორედ ისინი, რომლებმაც ჯვარს აცვეს ქრისტე. ეს ადამიანები ქრისტეს ეკლესიისა და წესრიგის ნაწილი კი არა, ძვველი აღთქმის _ პოლიტიკური სისტემის პირმშონი გახლავთ. ძველი აღთქმა 2000 წლის წინ დასრულდა. ამიტომ არ მჯერა ძველაღთქმელების არც პატრიოტიზმისა და არც ნაციონალიზმის. ქრისტეს რელიგია ეფუძნება სიყვარულს და არა სიძულვილს, ძალადობას.
დაასვენეთ ქვეყანა, რომელსაც თქვენი ვნებებისა და დღის წესრიგის გარდა, უამრავი გამოწვევა აქვს.
ბარემ, აქვე, ვიდრე მთავარ სათქმელამდე გადავალ, ვიტყვი: ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვებთ“ არავითარი პორნოგრაფია არ არის. ესაა სოციალური ფილმი _ ჩვენი რეალობა და დრამა. ფილმი სიყვარულზე. უფრო სწორად, სიყვარულზე, რომლის ნებართვას ადამიანების ერთი _ დიდი თუ მცირე ნაწილი, ამას მნიშვნელობა არ აქვს _ არ იძლევა!


ყველაფერი გაცხადდა და დალაგდა. პროცესები, რომელიც ჩვენ ირგვლივ მიმდინარეობს, არავითარი საეკლესიო სკანდალი არ არის. ეს არის ომი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ!
ომი, რომლის ფარგლებში მტერმა ისევ ფილიგრანულად გამოიყენა ორად და, ცალკეულ შემთხვევაში, მეტ ნაწილად გაყოფილი ქართული საზოგადოება თუ პოლიტიკური სპექტრი. ომი, რომლის პრელუდიაში დაამარცხა ხელისუფლება და მთავარი ოპოზიციური აქტორები და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოსთვის, ვერც „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკური ლიდერები, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და მისი ლიდერები ვერ ხვდებიან, რომ დღეს მათი სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება ეკლესიის გარშემო ხელოვნურად პროვოცირებული პროცესია. პროცესი, რომელიც ქართული სახელმწიფოს დასამარცხებლად არის გამიზნული.
შევეცდები, ჩემი მოსაზრებები ფაქტებზე დაყრდნობით გაგიზიაროთ:

  1. ელადის ეკლესიამ (ახლა უკვე ალექსანდრიის საპატრიარქომაც) აღიარა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, რაც რუსეთმა უდიდეს პოლიტიკურ და მორალურ დარტყმად განიხილა. პარალელურად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას _ მეუფე მელქისედეკი, მეუფე გრიგოლი, მეუფე პეტრე. ამავე კონტექსტში ზის მეუფე ანანიას განცხადება. იმის მიუხედავად, რომ ერთი შეხედვით დროში გაწელილად წარმოაჩინა ვითარება, მანაც ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ მხარს უჭერდა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხს. მთლიანობაში სონოდის წევრების რაოდენობა, რომელიც მხარს უჭერდა საკითხის დადებითად გადაწყვეტას, 17-18 ეპოსკოპოსს შეადგენდა. თუ ამას დავამატებთ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს, გაჩნდა უდიდესი რისკი: ა) სინოდის სხდომაზე საკითხის კენჭისყრაზე დასმის შემთხვევაში, შესაძლოა, მხარდამჭერთა ჯგუფს დამატებოდა 7-8 ეპისკოპოსი, რაც ავტომატურად ნიშნავდა საკითხის დადებითად გადაწყვეტას და ეს იქნებოდა ყველაზე დიდი დარტყმა „მესამე რომისთვის“, _ ფაქტობრივად, ქართული ეკლესიის მიერ რუსული გავლენისგან თავის დაღწევა და „მესამე რომის“ უძლეველობის მითის მსხვრევა. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის არც ერთი აღიარება ისე ძვირად არ უღირს რუსეთს, როგორც საქართველოს ეკლესიის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი; ბ) საკითხის ჩავარდნის შემთხვევაში, მოხდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდში რუსული იდეოლოგიის მსახური მღვდელმთავრების ლუსტრირება, რასაც მოჰყვებოდა მათი სრული დისკრედიტაცია. ამ შემთხვევაში არგუმენტად ვერ გამოდგებოდა აფზახეთის საკითხი, რომელიც, თურმე, როგორც დადგინდა და ამაზე ამ ეტაპზე მაინც დუმილს ამჯობინებენ, სამართავადაა გადაცემული რუსეთისთვის საქართველოს ეკლესიის _ სინოდის თანხმობის გარეშე; რაც ასევე კიდევ უფრო გაამწვავებდა საკითხს პრორუსი მღვდელმთავრების მიმართ და არ იყო გამორიცხული, მრევლის აღშფოთება, რომელიც ამ მეუფეების მისამართით და მთლიანად ეკლესიის წინააღმდეგ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო;
  2. მეუფე იაკობის განცხადება. მედია, პოლიტიკური სპექტრი შეეცადა და დღესაც ცდილობს მისი განცხადების უმთავრესი ვექტორი ხელისუფლების მისამართით წარმართოს. იმთავითვე გამოვთქვი მოსაზრება, რომ ეს იყო მეუფე შიოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება. რაც შეეხება მეუფე პეტრესა და დეკანოზ მამალაძის სახელების გაჟღერებას, მეუფე იაკობმა ყველაზე უკეთ იცის, როგორ გამოიყენეს „ციანიდის სკანდალში“ ეს, რომლის დეტალებსაც მალავს. მას სჯერა, რომ ამ სკანდალის მონაწილე არის მეუფე დიმიტრი და მისი სიძე სოსო ოხანაშვილი. მეუფე პეტრეს, როგორც მეუფე დიმიტრისთან დაახლოებულ პირს, იგი ასევე განიხილავს მხარედ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილი ჭყონდიდელი ეპისკოპოსი იმთავითვე დეკანოზის ინტერესების დამცველთა რიგებში აღმოჩნდა. მეუფე იაკობისთვის ასევე ცნობილია, რომ რუსეთის გარდა მეუფე შიოს ლობისტი პატრიარქთან მეუფე დიმიტრი იყო და იმის შესახებაც, რომ თავად დიმიტრის პატრიარქობა რეალურად არც არასოდეს განიხილებოდა კათოლიკოსის მიერ. პირად ამბიციებზე არაფერს ვამბობ (სხვათა შორის, მეუფე იაკობიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარმდამჭერთა რიგებშია). მეუფე იაკობისთვის ცნობილი ხდება იმის შესახებ, რომ რუსეთი კატეგორიულად გამორიცხავს სინოდის სხდომაზე უკრაინის საკითხის დასმას, რასაც შესაძლოა, ვერ შეეწინააღმდეგოს კათოლიკოს-პატრიარქი. სწორედ ამ ვითარებაში ახდენენ მის პროვოცირებას და აწვდიან ინფორმაციას, რომ ხელახლა იგეგმება პატრიარქის გადაყენება და საპატრიარქო ტახტზე მეუფე შიოს აყვანა, რაც აბსოლუტურად შეესაბამება რეალობას. თუმცა ინფორმაცია ნაკლულია, ანუ არ არის სრულყოფილი. იგი ამ ქმედებას უკავშირებს ხელისუფლებას. მეუფე მიიჩნევს, რომ მიტროპოლიტ შიო მუჯირის გაპატრიარქება და ილია მეორის ტახტიდან ჩამოცილება დაუშვებელია. ნუ დაგვავიწყდება, რომ მეუფე შიოსა და მეუფე იაკობს შორის ისედაც დაძაბული ვითარებაა. ამიტომ იგი საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის, რომ შიო არის ხელისუფლების ფავორიტი და ხელისუფლება ცდილობდა და ცდილობს პატრიარქის ტახტიდან გადაყენებას; რადგან ახალი პერიპეტიები მისთვის დეტალურად უცნობია, იგი არგუმენტისთვის იხსენებს ძველ შეხვედრებს (ამაზე ქვემოთ ვიტყვი);
  3. ხელისუფლება და მეუფე შიო _ ალბათ, გახსოვთ პერიოდი, როდესაც ქართულ საზოგადოებასა და მედიაში გააქტიურდა საუბრები „გასაღებისა“ და „ანდერძის“ შესახებ. ამ პერიოდამდე, რეალურად, არანაირი ანდერძი არ არსებობდა. პარალელურად მიდიოდა აქტიური ჭორაობა და მსჯელობა იმაზე, რომ პატრიარქი „მემკვიდრედ“ ტოვებს მეუფე დიმიტრის, რაც ასევე არ იყო სინამდვილე. სწორედ ამ დროს პატრიარქი იღებს გადაწყვეტილებას ანდერძის თაობაზე. ანდერძში მოსაყდრედ და არა მემკვიდრედ, ანუ გარდაუვალ მომავალ პატრიარქად, ფიქსირდება მეუფე შიო. მეუფე შიო მეუფე დიმიტრის ფავორიტია. ამავდროულად, ის აბსოლუტურად მისაღებია რუსეთისთვის. დავაკონკრეტებ: როდესაც ვსაუბრობ მეუფე შიოს ბმაზე რუსეთთან, აქ, პირველ რიგში, ვგულისხმობ მის მსოფლმხედველობრივ, იდეოლოგიურ თანხვედრაზე რუსულ ნეოიმპერიალისტურ იდეოლოგიასთან, რაც ბევრად უფრო ღირებულია რუსეთისთვის და საშიში _ საქართველოსთვის, ვიდრე ჯიბეში უბის წიგნაკი რომელიმე სპეცსამსახურების რიგებში ყოფნის დასტურად. 2017 წლის ადრეულ შემოდგომაზე რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი ილარიონ ალფეევი პირდაპირ უსახელებს პატრიარქს სასურველ და გამორჩეულ პერსონად მეუფე შიოს. ეს ფაქტი პატრიარქმა გაიაზრა, როგორც იძულება და იგი ამის შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს ხელისუფლებას. ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პირობებში ხდება შეთანხმება, რომ სასურველ კანდიდატზე გადაწყვეტილებას მიიღებს კათოლიკოს-პატრიარქი და თუ ხელისუფლების რამე სახით დახმარება გახდება საჭირო, ის მზად იქნება. თუმცა ნათლად ჩანს, რომ პატრიარქს რუსეთის იძულება არ მოსწონს და სწორედ ზეწოლის გამო მეუფე შიოს კანდიდატურა არ აწყობს. პატრიარქისგან ხელისუფლებას მისდის გზავნილი, რომ იგი გადაწყვეტილებას სხვა პერსონასთან დაკავშირებით მიიღებს შობის დღესასწაულისთვის. ამ პირობებში საქართველოში კვლავ ჩამოდის ილიარიონ ალფეევი მოკლე ვიზიტით და, ყველასთვის მოულოდნელად, 2017 წლის 23 ნოემბერს, პატრიარქი მოსაყდრედ მეუფე შიოს ასახელებს. ხელისუფლებაში გამოითქვა აბსოლუტურად გასაგები გულისწყრომა: „რა საჭირო იყო ეს სპექტაკლი ჩვენთან, თუ მაინც შიოს შეარჩევდა?!“ ამის შემდეგ მიდიოდა განხილვა და მსჯელობა იმის თაობაზე, თუ ასევე მოულოდნელად გადადგებოდა პატრიარქი, ვინ იყო ის პერსონა, რომელიც საქართველოში ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის საჭეთმპყრობელი გახდებოდა? სწორედ ერთი ან რამდენიმე ასეთი განხილვის მონაწილეა მეუფე იაკობი. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში და, არა მხოლოდ, უნდა ახსოვდეთ მოსაზრება, რომელიც მას არაერთხელ უთქვამს: სამჯერ მომატყუა საპატრიარქომ (სავარაუდოდ, უნდა ვიგულისხმოთ პატრიარქიც) _ ერთხელ სამებისთვის ნაყიდი ოქრო საქართველოში ჩამოსვლამდე რომ მოიპარეს და თავიდან მაყიდინეს, მეორედ _ მოსაყდრის საკითხში გამაპამპულეს და მესამედ _ „ციანიდის საქმეზე“ მამალაძის შეწყალების შუამდგომლობაზე გადამაგდესო. მოკლედ, არ იყო და არ არის მეუფე შიო ხელისუფლების „დადგენილი“ და ხელისუფლებას შეტენილი აქვს არსებული მოცემულობა. ვისაც უკვირს (განსაკუთრებით პოლიტიკური სპექტრიდან) ეს ქმედება, კარგად გაიხსენოს, რამდენჯერ გაუცურებია ისინი საპატრიარქოს;
  4. მცხეთის სერობა. პატრიარქის მცხეთაში გაყვანას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. პირველი იყო ხელისუფლებასთან შერიგება, რომელიც დააზიანა მეუფე იაკობის განცხადებებმა. შეხვედრაზე პატრიარქს გაახსენებდნენ, რომ არასოდეს ყოფილა საუბარი მის გადაყენებაზე და თავად მისთვის გადასარევად არის ცნობილი პერიპეტიები. ამიტომ ეკლესიას ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიეღო, რომელიც გააბათილებდა მეუფე იაკობის გადაწყვეტილებას. იაკობის დასჯის საკითხი საპატრიარქომ გააჟღერა და რადგან საქმე მის წინააღმდეგ შესაძლო გახლდათ მხოლოდ ცილისწამებაზე აღძრულიყო და აქ გამარჯვებული არავინ გამოვიდოდა, საპატრიარქოს ბოდიში მიიღეს. აქვე გაცხადდა, რომ სინოდზე დადგებოდა დეკანოზის შეწყალებაზე შუამდგომლობის საკითხი. არ გამოვიცხავ, რომ ამავე შეხვედრაზე საპატრიარქომ გააჟღერა მეუფე პეტრეს საკითხიც, როგორც ურჩი მღვდელმთავრის. სავარაუდოდ, ცალკეულმა ძალებმა იმუშავეს და ტყუილ-მართალი მეუფეს სასურველ კონტექსტში მიაწოდეს. რეალურად, ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერც ხვდება, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით მცხეთის სერობაზე საპატრიარქომ მას კიდევ უფრო წონადი და დამაზიანებელი პრობლემები შეუქმნა. მით უფრო იმ პირობებში, რომ „ციანიდის საქმის“ ტვირთს ხელისუფლება ვერ მოუვლის და ამ კონტექსში იგი ხდება „უხილავი ხელის“ მოკავშირე, ნებსით თუ უნებლიეთ. რატომ? ამაზე საკუთარ სინდისსა თუ საქმის შემკერავ პერსონებს დაეკითხონ;
  5. მეუფე პეტრე _ დიდი ალბათობით, მეუფე პეტრესაც მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სინოდზე მისი დასჯა იგეგმებოდა. მით უფრო, რომ მას უკვე წინასწარ ჰქონდა მომზადებული და გადადგმული ნაბიჯები პატრიარქისთვის დარტყმის მისაყენებლად. ვგულისხმობ საუბრებს ეპისკოპოსებთან, რაც თავად გაახმოვანა. მისთვის პასუხი უნდა მოეთხოვათ პატრიარქის მორალურ-ზნეობრივ კონტექსტში არასასურველად მოხსენიების (ანუ რაც წინასწარ ჰქონდა ნათქვამი ცალკეული მეუფეებისთვის), „მწყემსი კეთილისა“ და საპატრიარქოს წინააღმდეგ გაკეთებული მკვეთრი განცხადებების გამო. სონოდზე იგი უნდა დაესაჯათ. შესაბამისად, მეუფე პეტრემ გათვალა, რომ მის წინააღმდეგ ბომბი აფეთქდებოდა, რომელიც დიდ ხმაურს გამოიწვევდა და გააგრძელებდა უკვე პროვოცირებული მეუფე იაკობის მიერ დაწყებულ ხმაურს. მეუფემ დაუშვა, რომ სინოდი „ერთსულოვანი“ იქნებოდა მის დასჯაში. ისიც ცნობილი იყო, რომ შენდობის, პატიების თხოვნა მისთვის ავტომატურად ნიშნავდა უკვე გაკეთებული განცხადებების უკან წაღებას. ვგულისხმობ მორალურ-ზნეობრივ თემას. ამიტომ ის ერთგვარ ცუნგცვანგში აღმოჩნდა. ან უნდა წასულიყო ვა-ბანკზე, ან მოეხდინა საკუთარი თავის დისკრედიტება (ერთია, რა მოხდა სინოდზე და მეორეა, რა მოხდა მის მიღმა. არ შევალ სინოდში განვითარებული პერიპეტიების განხილვაში, მაგრამ კვლავაც გავიმეორებ, რომ იმ ფორმით, როგორც გარეთ გაჟღერდა ინფორმაცია, ჩემთვის მიუღებელია, არასწორი საქციელია). მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) სინოდის სხდომაზე მომზადებული მივიდა და მისი გადასახედიდან მან ეკლესიის პრობლემების მხილება ყველაზე სენსიტიური თემით დაიწყო. რატომ ამ თემით? როგორც ვუყურებ და ამაზე ერთობლივად უნდა შევთანხმდეთ _ რუსეთის გავლენები, კორუფცია, მართვა-გამგეობის დებულება, მოსაყდრის გამორჩევა საეკლესიო წესების დარღვევით არ არის ის თემები, რაზედაც ჩვენი ეროვნულ-პატრიოტული მოტივებით აღვსილი საზოგადოება თუ სამღვდელოების დიდი ნაწილი წუხს. მაგრამ ჰომოფობიურ საზოგადოებაში მეუფე პეტრეს განცხადება აღმოჩნდა უმწვავესი თავისი ეფექტით და ვფიქრობ, სწორედ ეს გახლდათ „უხილავი ხელის“ მიზანიც. აქ ვერაფრით დავიჯერებ, რომ ამ თემის ასეთი სახით გარეთ გამოტანა არ ემსახურება პოლიტიკურ-რელიგიურ მიზნებს. და ვერც იმას დავიჯერებ, რომ იგი ამ მიზნების რეალიზების გზაზე მარტო მოქმედებს. პირველ რიგში, პატრიარქის ფორსირებულ ტემპებში შეცვლას ვგულისხმობ;
  6. მოვლენების განვითარება, რაც „ცოდვაზე“ კონცენტრირებული საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება და რაც უმთავრესია კვანძის გასახსნელად. თუ პოლიტიკურ სპექტრში ამ დრომდე გრძელდება დაპირისპირება და ურთიერთგადაბრალება, ვისი დავალებით მოქმედებდა მეუფე პეტრე და „პრობლემას“ მხოლოდ ამ პრიზმაში უყურებენ, ეძებენ ამ ყველაფერში ხელისუფლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩართულობას და ეს ძალები კვლავაც განაგრძობენ ურთიერთთავდასხმას, „უხილავი ხელი“ მოქმედებს. „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ 5 ნოემბერს თავს ესხმის მეუფე გრიგოლს და მას ლამის ბრალს სდებს ეკუმენისტობასა და ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებაში. ამავე განცხადებაში მმკ გვარების დასახელების გარეშე ასევე თავს ესხმის მეუფე ზენონს, მეუფე აბრაამსა და მეუფე მელქისედეკს. ოთხივე ეპისკოპოსი მიიჩნევა პროქართული ორიენტაციის წევრებად საქართველოს ეკლესიაში და რეფორმატორებად, უკრაინის საკითხის მხარდამჭერებად. ახლა რაც შეეხება მეუფე ანანიას. „ცნობა“, რომელზედაც ქილიკებს სოციალური ქსელი, მოპოვებულია საგამოძიებო ორგანოების მიერ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. და, აბა, გაგებედათ რომელიმე მოქილიკეს საბჭოთა პერიოდში და იგივე ქმედებისთვის არ მიგემართათ, როდესაც თვალხილული და ცნობილი იყო ფაქტები, რაც განვითარდა მეუფეების მახარაძისა და ანანიაშვილის მიმართ. მესმის, რომ არსებულ ფონზე ასეთი ქმედებები ან მხილება „კარგი ტონია“, მაგრამ მიმაჩნია, რომ აქ გარკვეული სიფრთხილეა საჭირო _ იმაზე დაფიქრება, ხომ არ აკეთებს მავანი საკუთარი გულწრფელობით „უხილავი ხელის“ საქმეს? იგივე ხდება მეუფე ზოსიმესთან დაკავშირებითაც _ გასაგებია, რომ მის გარშემო არსებული პრობლემები დიდი ხნისაა, მაგრამ რატომ მაინცდამაინც ის, რომელიც ასევე მხარს უჭერდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას? ამ წნეხის ქვეშ არ ვიცი, როგორ შეიცვლება მისი პოზიცია, თუმცა დამოკიდებულება ხომ იმთავითვე ცნობილი იყო? ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეუფე ზოსიმეს საქმეში მთავარმა ფიგურანტმა საერთოდ არ ისურვა ამ თემაზე საუბარი. ჩემთვის ცნობილი ხდება, რომ მორიგი სამიზნე მეუფე იობია, რომელიც „შემჩნეულია“ მეუფე პეტრეს ქებაში ორიოდე თვის წინ, გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღესასწაულზე. როგორც მეუბნებიან, მეუფე იობის მიმართ ძირითადი ბრალდება ეკლესია-მონასტრების იერსახის დამახინჯება და მისი კორუფციაში მხილების მცდელობა იქნება. ასევე დაგეგმილია პროქართული ჯგუფის სხვა წევრების (რომელთა სახელებს წინასწარ არ ჩამოვთვლი) მაქსიმალური დისკრედიტება. ამ ვითარებაში თუ ვინმე დაუგეგმავად „მოყვება“ მათ რიგებში, ეს „უხილავ ხელს“ არ ადარდებს. მოკლედ, ამ დროისთვის პირდაპირი და ირიბი დარტყმები მიტანილია ეკლესიაში ქართული სულისკვეთების ღვთისმსახურებზე: მეუფე იაკობზე, მეუფე პეტრეზე, მეუფე გრიგოლზე, მეუფე აბრაამზე, მეუფე ზენონზე, მეუფე მელქისედეკზე, მეუფე ანანიაზე, მეუფე ზოსიმეზე, მეუფე იობზე… მთავარი არ გახლავთ ფორმები და არც ქმედებები, მთავარია შედეგი;
  7. 6 ნოემბერს, საპატრიარქოს რუპორი და იდეოლოგიური მხარდამჭერი საჯარო სივრცეში, ნანა კაკაბაძე, აკეთებს განცხადებას და პირდაპირ მინიშნებას, რომ საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესების უკან მსოფლიო საპატრიარქო და პატრიარქი დგანან, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება „უხილავი ხელის“ განზრახვა ეკლესიის წინააღმდეგ „გარყვნილი დასავლეთის“ შეთქმულების წარმოსაჩენად. ქართული ორიენტაციის მღვდელმთავრების ნაწილის ეკუმენიზმში დადანაშაულებაც ამ სცენარში ჯდება, რათა საზოგადოებას წარუდგინონ ჯგუფი, რომელიც ცდილობს ეკლესიის გაყოფას და დედაეკლესიისთვის უდიდესი დარტყმის მიყენებას (ცნობისთვის: სულაც სამი ეპისკოპოსია საკმარისი ახალი ეკლესიის შესაქმნელად). თან ეს ხდება იმ ვითარებაში, როდესაც საპატრიარქოსთვის ცნობილია, რომ მსოფლიო საპატრიარქო არავითარ შემთხვევაში არ აპირებს არსებულ სიტუაციაში საქართველოს ეკლესიის საქმეებში ჩარევას და მავანთა საცვლებში ქექვას;
  8. საპატრიარქო _ დეკანოზ შალვა კეკელიას „შინაგანი პათოსი“, „ტვ პალიტრის“ ეთერში, არსებული მდგომარეობისა და წამოჭრილი პრობლემის წინა ხელისუფლებისთვის გადაბრალება იყო. იმის მიუხედავად, რომ მან ღიად დაადანაშაულა „წინამძღვრები“ ცოდვებში და, ფაქტობრივად, აღიარა, რის წინააღმდეგაც ცალკეული ღვთისმსახურები და მათი ზომბირებული მრევლი ქუჩებში ტაბურეტებითა და კომბლებით დასდევს, პოლიტიკური კონტექსტი, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის იყო დამაზიანებელი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცალკე საკითხია ის ზეწოლა, რაც მის განცხადებაში გაჟღერდა ციხის კადრების კონტექსტში, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ყველაფრის წინა ხელისუფლებისთვის გადაბრალება ემსახურებოდა დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტებას. და აი, რატომ: საპატრიარქომ შალვა კეკელიას მეშვეობით საზოგადოებას უთხრა, რომ ჩვენ მხარს გვიჭერს ხელისუფლება და რაც ეკლესიაში ხდება, ეს ყველაფერი მასთან არის შეთანხმებულიო. იქნებ, „ქართულ ოცნებაში“ ძალიანაც მოსწონთ და საამურად ესმით განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ მონსტრობის შესახებ, მაგრამ თუ სწორად დაფიქრდებიან, უნდა მიხვდნენ, რომ ისინი ავტომატურად ხდებიან ეკლესიაში ქართული ძალების განადგურების ხელმშემწყობები და „უხილავი ხელის“ გეგმის რეალიზატორები.

რა არის ამ ყველაფრის მიზანი?
თავი დავანებოთ იმას, პერსონების დონეზე ვის რა ამოცანები აქვს. ვისაუბროთ გლობალურ მიზანზე, რომელიც ასე გამოიყურება:
ა) ეკლესიის წიაღში ქართული _ რეფორმატორული ძალების განადგურება, მათი დისკრედიტაცია ან ფსიქოლოგიურ-მორალური იძულება, დატოვონ სინოდის შემადგენლობა;
ბ) სექსუალური სკანდალების ფონზე დისკრედიტებული ღვთისმსახურების გაძევება ეკლესიის წიაღიდან და საზოგადოებაში კეთილგანწყობის მოპოვება;
გ) ცალკეული მეუფეების განკვეთის და/ან ნებაყოფლობით გადადგომის შემთხვევაში სინოდში რეაქციული და რუსული იდეოლოგიის გამტარებელი ღვთისმსახურების დაწინაურება;
დ) უკრაინის საკითხის განხილვის გადადება გაურკვეველი ვადით;
ე) აფხაზეთის საკითხის გაყინვა არსებულ მოცემულობაში;
ვ) პატრიარქის იძულება, გადადგეს 23 ნოემბერს ან 7 იანვარს _ რაც წარმოჩნდება ხელისუფლების ნებად;
ზ) პატრიარქის ტახტზე „ჰეტეროსექსუალი“ შიოს აყვანა;
თ) პატრიარქის გაჯიუტების _ არგადადგომის შეთხვევაში _ ეკლესიის მართვის სადავეების მეუფე შიოს ხელში მოქცევა სრულად და უპირობოდ.
ეს ყველაფერი დასრულდება რუსული იდეოლოგიის გამტარებელი, ბნელი და რეაქციული ძალების მიერ საქართველოს ეკლესიის ხელში ჩაგდებით.
დიახ, მესმის _ ჩვენ ის საზოგადოება ვართ, რომელიც 40 კილომეტრში მდგარ მტერს ვერ ხედავს. შესაბამისად, მთავარია, სეირი გვქონდეს, თორემ სულაც არ გვანაღვლებს, ვინ და რა ძალებმა უნდა მართონ საქართველოს ეკლესია. მავანისთვის, იქნებ, ძნელად გასააზრებელია, რაც დავწერე, მაგრამ ეს არის ფაქტი და ჩვენ აქეთ მივდივართ. „უხილავი ხელის“ _ რუსეთის _ ამ გეგმის რეალიზებაში ვინ ითამაშა სასარგებლო იდიოტის როლი და ვინ _ არა, ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისიც მესმის, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ცდილობს, ამ პროცესიდან მისთვის სასარგებლო ვითარება და შედეგი გამოწველოს, მაგრამ ორივე ძალა მწარედ დამარცხდება _ ამ ურთიერთქიშპით და ერთმანეთზე გამარჯვების უკიდეგანო სურვილით დიდ ომს წააგებს სახელმწიფო. მერწმუნეთ, ეს იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში რუსეთთან განცდილი ყველაზე დიდი მარცხი.
გამოსავალი არის ორი: ა) ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დახურულ ფორმატში დასხდნენ და განიხილონ ყველა დეტალი, არა საკუთარი სარგებლის, არამედ რეალური საფრთხის გათვალისწინებით; მინიმუმ ის პრინციპი გაიხსენონ, რომ მტრის მტერთან მეგობრობა თუ არა მოლაპარაკება შეიძლება. ახლა საპატრიარქოსა და რუსეთისთვის ორივე ძალა მტერია და ორივე განწირულია, რამდენიც არ უნდა აქონ ეკლესია, საპატრიარქო და აპელირება მოახდინონ საკუთარ პატრიოტიზმზე;
ბ) ამის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია მეუფე იაკობისა და მეუფე პეტრეს პოზიციები. მათ უნდა ეყოთ გონიერება და გაიაზრონ საფრთხე, რომლის პროვოცირების ინდიკატორებიც თავად აღმოჩნდნენ. არ მინდა დავიჯერო, რომ მათი ამოცანა ეკლესიაში შავი და რეაქციული ძალების გაბატონება იყო.
სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ და თუ ეს ყველაფერი ასე მოხდა, მაქვს უფლება, ბრალი დავდო საქართველოს ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც, მედიასაც, რომლებიც ვერ ზომავენ საფრთხეებს და სექსსეირით აღტყინებულ საზოგადოებასაც, რომლისთვისაც საერთოდ გაუგებარია, რა ხდება არათუ ეკლესიაში, არამედ _ სახელმწიფოში.
შეგნებულად არ შევედი უამრავ დეტალში, თუნდაც ჩემი არგუმენტების გასამყარებლად. ძალიან დიდი მოკრძალებით შემოგბედავთ, _ ქრისტიანულ პრიზმაში ქრისტე იქ არის, სადაც სიმართლეა. ხოლო საერო გადასახედიდან, _ გახსოვდეთ, წინ უდიდესი მოთამაშე გყავთ საპატრიარქოსა და რუსეთის სახით.


კინო? _ არც არაფერი, რეაქციული ძალების მორიგი დათვალიერება გახლდათ. ეს იყო, პირველ რიგში, ეკლესიის მხრიდან ძალის დემონსტრირება ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. იმის ჩვენება ხალხისთვის, რომ ჩვენ სახელმწიფოსთან _ „პოლიციასთან“ დაპირისპირების არ გვეშინია.
მხოლოდ ერთი პასაჟი ამ საკითხზე: ჰომოსექსუალიზმი არ ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. კანონის განმარტება ნახეთ, თავად სიტყვა კანონი რას ემყარება და ეფუძნება. ახლა ამ თემით სახელმწიფოს მუდმივი დაშანტაჟება (და აქ არ ვგულისხმობ უკვე ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ხალხს, როგორც ხელისუფლების წყაროს) ვის ინტერესებშია?
ვიმეორებ: დიდი ომი მძვინვარებს ახლა საქართველოში, იმაზე ბევრად ძლიერი, ვიდრე ეს იყო დამოუკიდებლობის რომელიმე ეტაპზე და თუნდაც 2008 წლის აგვიტოში.
წავაგებთ ამ ომს? წავაგებთ სახელმწიფოს, თორემ ქვეყანა _ საქართველო _ ჯალალედინმა და თემურ ლენგმა, გნებავთ, შაჰ-აბასმა და მურვან ყრუმ ვერ მოინელეს.
იქნებ, ახლა მაინც გავიგოთ ორი გზის არსი, რომელზედაც ზვიად გამსახურდია მიუთითებდა, იქნებ, ახლა მაინც წავიდეთ ქრისტეს გზით და ისევ ბარაბას გზას ნუ შევუყვებით.
ურაპატრიოტებსა და ეკლესიის ღირსების, საკუთარი ეროვნული სტანდარტისა და ფასეულობების განმსაზღვრელ ადამიანებს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ ქრისტეს კი არა, „მესამე რომის“ სამსახურში არიან, ვეტყვი, _ ქრისტე ცოდვილთა ღმერთია… და მე მჯერა მისი.


ცოდვილთა ღმერთი… და მაშინ რატომ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ფილმის ყურების შემდეგ „ჩვენ ვიტირეთ“… იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში სიბნელე უნდა დასრულდეს და დასრულდეს ის, პირველ რიგში, ეკლესიაში!

გოჩა მირცხულავა