25 გარდაცვლილი პაციენტი, საკვების სანაცვლოდ დალაგებული ტუალეტები და დაშოკილი ევროკომიტეტი!

როდესაც „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა, „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ არსებული მდგომარეობის შესახებ სკანდალური ანგარიში წარადგინა. ეს იყო ერთი წლის წინ. 2019 წელს კი უკვე ომბუდსმენის სპეციალური ჯგუფი შედის აღნიშნულ დაწესებულებაში.

ცნობისთვის: ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სახელმწიფოსი არ გეგონოთ, კერძოა! 2016 წლის 20 იანვარს განხორციელდა „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ პრივატიზაცია და ცენტრის 95%-იანი წილი კერძო ინვესტორს გადაეცა. პრივატიზაციის შემდეგ ცენტრში ის ცვლილებები განხორციელდა, რომელიც, ძირითადად, მატერიალური პირობების გაუმჯობესებას უკავშირდებოდა, თუმცა (როგორც შემდგომში შემოწმებამ უჩვენა) პრობლემად დარჩა პაციენტთა მკურნალობისა და მოვლის ხარისხი. აქვე დავძენთ, რომ ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის თანახმად, კერძო მფლობელობაში გადასვლის შემთხვევაშიც, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტების უფლებების დაცვა, პირველ რიგში, სახელმწიფოს ეკისრება. შესაბამისად, აუცილებელი იყო, რომ საქართველოს მთავრობას კონტროლის განხორციელების გზით უზრუნველეყო ინვესტორის მიერ მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
მოხდა კი ასე?!
„ქრონიკა+“ გთავაზობთ დაწესებულების თავშესაფრისა და მამაკაცთა მე-2 და ქალთა მე-7 განყოფილებებში არსებული უკიდურესად მძიმე ვითარების მიმოხილვას, რაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით წარმოადგენს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.
დიახ! დიახ! ომბუდსმენის 2019 წლის დასკვნაში სწორედ ეს ტერმინებია გამოყენებული _ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა.
ახლა ვნახოთ, რა იმალება ამ განმარტების უკან:
რამდენიმე თვის წინ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დელეგაციის ვიზიტისას, მამაკაცთა განყოფილებაში, პირობები გაუარესებული იყო. წყალმა მნიშვნელოვნად დააზიანა ჭერი, კედლები და იატაკი. დანარჩენ განყოფილებაში სიტუაცია თითქმის უცვლელი გახლდათ (პალატები გადატვირთული, ბინძური, ბუზებით სავსე, უავეჯოდ; დარღვეული პრივატულობა, დაზიანებული საწოლები თხელი მატრასებით ან თეთრეულის გარეშე). კომიტეტის მიერ საავადმყოფოს განყოფილებებში არსებული საცხოვრებელი პირობები კვლავ შეფასებულია, როგორც დამამცირებელი და არაადამიანური. საწოლების ნაწილი არის ხის, მაგრამ ძირითადი ნაწილი _ რკინის და ძველი; განყოფილებები არ არის უზრუნველყოფილი ხელოვნური განათებით, არ ხდება ხელოვნური ვენტილაცია, არ არის გათბობა; შენობაში არ არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები; პალატები გადატვირთულია. ყველგან დგას მძიმე და მძაფრი სუნი. არსებული გარემო არ არის უსაფრთხო პაციენტებისთვის. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული ვიზიტის დროს დაწესებულების თავშესაფარში, მამაკაცთა მე-2 და ქალთა მე-7 სამოქალაქო განყოფილებებში მოთავსებული ბენეფიციარებისთვის, განსაზღვრულია დღეში ერთი საათით სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ გამონაკლისს წარმოადგენენ თავშესაფარში მოთავსებული ქალები, რომლებსაც კარგ ამინდში აქვთ შესაძლებლობა, უფრო დიდხანს ისარგებლონ სასეირნო დროით. აღსანიშნავია, რომ დაწესებულების ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი წვიმიან ამინდში სასეირნოდ.
თავშესაფარში ჰყავთ ეტლით მოსარგებლე ექვსი პირი, რომლებიც პალატებში იკმაყოფილებენ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს. მათ ბიოლოგიური მასის გატანაში სხვა ბენეფიციარები ეხმარებიან. განყოფილებებში შხაპის ოთახი ჩაკეტილია. ბენეფიციარებსა და პაციენტებს მხოლოდ მათი მოთხოვნის შემთხვევაში უღებენ საშხაპის კარს. მათ არ აქვთ სუფთა თეთრეული და ტანსაცმელი. არ არიან უზრუნველყოფილი პირადი ნივთების შესანახი ტუმბოებით. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი (როგორც სამედიცინო, ისე _ დამხმარე). საკვების მიეწოდებათ დღეში სამჯერ, მაგრამ პაციენტებს არ ეძლევათ ხილი. ნაწილმა აღნიშნა, რომ საკვების ულუფა არასაკმარისია, ამასთან _ უგემური.
ცენტრში არსებული უკიდურესად მძიმე პირობების ფონზე ევროპულმა კომიტეტმა დაუყოვნებლივ მოსთხოვა მთავრობას დეტალური ინფორმაციის კვარტალურად მიწოდება დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. განყოფილებებში არსებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობის ფონზე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, წლების განმავლობაში, კვლავ რჩებიან პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, მაგრამ სურვილის მიუხედავად, სტაციონარს ვერ ტოვებენ, რადგან თემში არ არის საჭირო სერვისები. დაწესებულების მენეჯმენტის განმარტებით, დაახლოებით 60-70 პაციენტი სტაციონარში არ უნდა იმყოფებოდეს, მაგრამ გაწერას ვერ ახერხებენ მხარდამჭერი სერვისების არარსებობის გამო.
დაწესებულებაში პაციენტების ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე დროულად არ რეაგირებენ, რაც პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და ზოგიერთ შემთხვევაში მათ გარდაცვალებასაც იწვევს. სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 24 აპრილის ჩათვლით გარდაცვლილი პაციენტების 25 სამედიცინო ბარათის მოძიება და შესწავლა შეძლო. აქედან 7 პაციენტი გარდაიცვალა დაწესებულებაში, ხოლო 18 _ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანიდან მოკლე, ერთი დღიდან ორ კვირამდე პერიოდში.
სამედიცინო მომსახურების გაწევაზე წერილობით ინფორმირებული თანხმობის ფორმას პაციენტები ხელს ისე აწერენ, რომ არ გააჩნიათ სათანადო ინფორმაცია მომსახურების შესახებ და ცხადია, არც არიან მკურნალობის პროცესში ჩართულნი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაწესებულებაში არსებული ქაოსური გარემოს ფონზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს პაციენტთა შორის ძალადობა, რაც ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს პაციენტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
პაციენტთა შორის ძალადობის გავრცელებული ფორმებია: სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა. პაციენტებს შორის კონფლიქტები ძირითადად უკავშირდება ერთი პაციენტის მიერ მეორისთვის პირადი ნივთების მოპარვას ან წართმევას. გაირკვა, რომ მე-2 და მე-7 განყოფილებაში უმეტეს პაციენტს არ აქვს პირადი ნივთების შესანახი სათავსები, ხოლო ტუმბოები, რომლითაც ერთეული პაციენტები სარგებლობენ, არ იკეტება და აღნიშნულის გამო ამ განყოფილებებში ხშირია პირადი ნივთების მოპარვის შემთხვევები.
ზოგიერთი პაციენტი საკვების დამატებითი პორციის სანაცვლოდ ალაგებს ტუალეტს, ეზოს და ა. შ. პაციენტები იძულებული არიან, დასთანხმდნენ ამ სამუშაოების შესრულებას საკვებისა და სიგარეტის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად; ხოლო, მეორე მხრივ, განყოფილებებში პერსონალის დეფიციტის გამო პაციენტები თავს მორალურად ვალდებულად თვლიან, დაეხმარონ სხვა პაციენტებს. ორივე შემთხვევაში ეს მათი ექსპლუატაციაა!
დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ძალადობის მაღალი რისკის მქონე პაციენტების ქცევის მართვის მიზნით მათთან არ მიმდინარეობს ფსიქო-თერაპიული მუშაობა და მხოლოდ ფარმაკოთერაპიული საშუალებები გამოიყენება. მათ მედიკამენტები გაზრდილი დოზით მიეწოდებათ. პაციენტების უმრავლესობამ იცის, რომ საჩივრების ყუთში შეუძლიათ ჩააგდონ საჩივრები, თუმცა ისინი იშვიათად იყენებენ ამ უფლებას, რადგან არ აქვთ პრობლემების მოგვარების იმედი.
წინა წლების მსგავსად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების ნებას მათ საწინააღმდეგოდ იყენებენ. კერძოდ, 2018 წლიდან 2019 წლის 24 აპრილამდე ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვა გამოიყენეს ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ. აღნიშნულ მანკიერ პრაქტიკაზე ასევე მიუთითებს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, რომელიც 2018 წელს საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად უზუსტობები გამოვლინდა ქიმიური შეზღუდვის შესახებ ჩანაწერებში. კერძოდ, გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პაციენტთან მიმართებით განსხვავებულია ექთნის დღიურისა და სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერები მედიკამენტებთან დაკავშირებით. ასევე დადგინდა, რომ პაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაწესებულებაში მოიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის, პოლიციის ან ოჯახის წევრის თანხლებით, პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ; გამოვლინდა პაციენტზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები ხელმოწერაზე დაყოლიების მიზნით. მაგალითად: ერთ-ერთმა პაციენტმა დაადასტურა ინფორმირებული თანხმობის ფურცელზე ხელის მოწერის ფაქტი, მაგრამ განაცხადა, რომ თანხმობის ფორმაზე ექიმების შიშით მოაწერა ხელი, რადგან მათ უთხრეს, რომ თუ არ მოაწერდა, სასამართლოს მიმართავდნენ და ნახევარი წლით დატოვებდნენ დაწესებულებაში.
გამოკითხული პაციენტების ნაწილმა საერთოდ არ იცის თავისი დიაგნოზი და დანიშნული მედიკამენტების დასახელება. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით დასვენების დღეებში, პაციენტის მწვავე მდგომარეობის მართვისა და სწრაფი შედეგის მიღების მიზნით მორიგე ექიმი, დანიშნულების გარეშე იყენებს ანტიფსიქოზური მედიკამენტების საინექციო ფორმებს. ასევე დადგინდა, რომ დაწესებულებაში, მედიკამენტური მკურნალობის პროცესში, გვხვდება ზედოზირების შემთხვევები. ამ დროს თითოეული პაციენტისთვის დოზა უნდა შეირჩეს უმცირესი ცნობილი ეფექტიანი დოზის ფარგლებში. დოზა უნდა მოემატოს მხოლოდ პრეპარატის მიღების დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ _ მას მერე, რაც პრეპარატის უშედეგობა გამოვლინდება.
განსაკუთრებით საყურადღებოა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგის გარეშე, პრეპარატ „ზოპინის“ გამოყენების პრაქტიკა. „კლოზაპინი“ (იგივე „ზოპინი“) გამოიყენება სისხლის ანალიზის ჩაუტარებლად. ევროპულ კომიტეტს მიაჩნია, რომ ვინაიდან „კლოზაპინს“ გვერდითი ეფექტის სახით ახასიათებს სისხლის თეთრი უჯრედების სასიკვდილო შემცირება (გრანულოციტოპენია), აუცილებელია მიიღონ საგანგებო ზომები სისხლის ანალიზის რეგულარულად ჩატარების უზრუნველსაყოფად.
ასე და ამრიგად, დაწესებულებაში ფსიქიატრიული შემთხვევები ადეკვატურად არ იმართება; მომსახურება არ არის ორიენტირებული გამოჯანმრთელებასა და აღდგენაზე; მეტიც: რიგ შემთხვევებში განხორციელებული ინტერვენცია პაციენტს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს; დაწესებულებაში არ წარმოებს გარდაცვალების სტატისტიკა; პაციენტის სტაციონარული სამედიცინო ბარათი მოიცავს მხოლოდ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერი პაციენტის მდგომარეობის გართულებამდე ან გარდაცვალებამდე არ კეთდება. გარდაცვლილი პაციენტების სამედიცინო ბარათებში რეფერალური კლინიკების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების (ფორმა #100) შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ პაციენტებს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდათ ზოგადი პროფილის საავადმყოფოში მოთავსებამდე რამდენიმე დღით ადრე; ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში არსებულ სამედიცინო ბარათებში კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტი მხოლოდ გადაყვანის დღეს არის აღწერილი.
გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემების გართულება, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო პაციენტის სომატური მდგომარეობის გაუთვალისწინებლობით, ანტიფსიქოზური მედიკამენტების ზედოზირებით ან დანიშნული მედიკამენტების სარისკო კომბინაციით, მაგალითად როგორიცაა „ზოპინის“ („კლოზაპინი“) სხვა ანტიფსიქოზურ მედიკამენტთან ერთად დანიშვნა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოქმედებს ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა, ჰყავთ კონსულტანტი ფტიზიატრი, რომელიც ამბულატორიულად ემსახურება პაციენტებს; საჭიროების შემთხვევაში კი რენტგენოგრაფიისთვის გადაჰყავთ ზოგადი პროფილის საავადმყოფოში. მიუხედავად ამისა, დაწესებულებაში არ ტარდება პაციენტების ყოვლისმომცველი სკრინინგი, ფტიზიატრი პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვება, როდესაც დაწესებულების პერსონალი საეჭვო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ხშირ შემთხვევაში ადრეული დიაგნოსტიკის ეს მეთოდი არაეფექტიანია. თუმცა პაციენტთა გარდაცვალების სამ შემთხვევაში ზოგადი პროფილის საავადმყოფოში ტუბერკულოზის დიაგნოზი დაისვა. არადა, ცენტრის სამედიცინო ბარათში დიაგნოზი ან ეჭვი ტუბერკულოზის არსებობაზე არ არის დაფიქსირებული. ფტიზიატრთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია ამ პაციენტების შესახებ. ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, კონკრეტული პრეპარატის მაქსიმალური თერაპიული დოზაა დანიშნული, მეორე ანტიფსიქოზური პრეპარატის თუნდაც საშუალო ან მინიმალურ თერაპიულ დოზასთან და ზოგჯერ მესამე ანტიფსიქოზურთან, მათ შორის, „ზოპინთან“ კომბინრებულად.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა: ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვა თერაპიული მედიკამენტებით მკურნალობასაც გულისხმობს. დაწესებულებაში მოთავსებულ პაციენტებს თერაპიული მედიკამენტების შეძენა საკუთარი ხარჯით უწევთ. ხშირად პაციენტებს არ აქვთ მედიკამენტების შეძენისა და დანიშნული მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა. მაგალითად, ერთ-ერთი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით 2018 წლის ივლისში მოათავსეს ზოგადი პროფილის კლინიკაში. კლინიკიდან გაწერისას მას ანტიბიოტიკოთერაპიის გაგრძელების რეკომენდაცია მიეცა. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში პაციენტის სამედიცინო ბარათში ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარების ფაქტი არ ფიქსირდება. აღნიშნული პაციენტი 2 თვის შემდეგ კვლავ პნევმონიის დიაგნოზით განმეორებით დააწვინეს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც იგი გარდაიცვალა.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით მოსარგებლე პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურება ანაზღაურდება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში, გეგმური სამედიცინო მომსახურება კი თანადაფინანსებას ითვალისწინებს, რისი ფინანსური რესურსიც პაციენტებს არ გააჩნიათ.
პრობლემას წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების საკითხიც, რომელიც დამატებით ხარჯებს მოითხოვს.
დაწესებულებას არ ჰყავს თერაპევტი ან ოჯახის ექიმი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტთა ჯანმრთელობის მონიტორინგს. ამ დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სხვადასხვა ექიმ სპეციალისტთან, მაგრამ მათი მომსახურებაც ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. აღნიშნულ პრობლემაზე მიუთითებს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიშში. ევროპული კომიტეტისთვის მიუღებელია, სტაციონარში მოთავსებულმა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებმა, რომელთაც არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, იზრუნონ საკუთარ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და სახელმწიფოს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

თამარ როსტიაშვილი