თამარ ჩხეიძე:„ხელისუფლება იმდენს ბედავს, რამდენის უფლებასაც მას საზოგადოება აძლევს“

რა დავალებებს უსრულებს მოსკოვს ბიძინა ივანიშვილი? რატომ არის მისთვის და რუსეთისთვის მიუღებელი საქართველოს პატრიარქი? რა გეგმები აქვს საქართველოს არაფორმალურ მმართველს 2020 წლისთვის? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე, თამარ ჩხეიძე ესაუბრება:
_ ქალბატონო თამარ, რა ხდება ჩვენს თავს, გავხდით უკვე რუსეთის გუბერნია თუ ვრჩებით დამოუკიდებელ სახელმწფოდ?
_ ღვთის წყალობით, იურიდიულად რუსეთის გუბერნია არ ვართ და იმედია, არც არასდროს გადავიქცევით. პრაქტიკულად კი დღეს საქართველოს რუსეთი მართავს და ამას ჩვენი ხელისუფლების ხელით აკეთებს.
_ რასაც ჩვენი ხალხი ეგუება.
_ სამწუხაროდ, ხალხი ბევრ რამეს ეგუება, მაგრამ არა ყველაფერს. ძნელია იმის განსაზღვრა, თუ როდის დადგება მომენტი, როცა ხალხი ასეთ რამეს აღარ შეეგუება. ჩვენი მოსახლეობა ამ ყველაფერს რომ არ ეგუებოდეს, ქვეყანაში ამდენი პრობლემა არ გვექნებოდა.
ხელისუფლება ყოველთვის ბედავს იმდენს, რამდენის უფლებასაც მას საზოგადოება აძლევს.
_ თქვენ დიდხანს იბრძოდით დამოუკიდებლობისთვის და როცა ქვეყანამ ნანატრი დამოუკიდებლობა მოიპოვა, თუ წარმოიდგენდით, რომ კიდევ დადგებოდა დრო, როცა საქართველო რუსეთის მიერ იქნებოდა მართული?
_ ამას, ალბათ, ვერ გამოვრიცხავდი. ყველა ეპოქაში, რასაც მე შევესწარი, მცირე გამონაკლისის გარდა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ. ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე მიმაჩნდა, რომ საქართველოში პროცესები არასწორად მიდიოდა. აქედან გამომდინარე, ოპტიმისტური მოლოდინები არ მქონია.
საბოლოო ჯამში, მაინც ოპტიმისტი ვარ და მწამს, რომ ეს ქვეყანა აუცილებლად დადგება ნორმალურ გზაზე.
_ ამ ხელისუფლებისა და ამ საზოგადოების პირობებში შესაძლებელია ნორმალურ გზაზე დადგომა?
_ ამ ხელისუფლების პირობებში ნორმალურ გზას ნამდვილად ვერ დავადგებით. მე უფრო საზოგადოების იმედი მაქვს, რომ იგი გამოფხიზლდება.
_ ახალგაზრდობაზე რა აზრის ხართ? მათზე, ალბათ, ვერ ვიტყვით, რომ გამოფხიზლება უნდათ.
_ გავრილოვის ვიზიტის დღეს და მის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დამარწმუნა, რომ ჩვენ კარგი ახალი თაობა გვყავს. ახალგაზრდები ძალიან აქტიურები არიან და აშკარაა, რომ მათთვის ქვეყნის ბედი სულერთი არ არის. წინა წლებში ახალგაზრდობა ასეთი აქტიური არ ყოფილა. რაც არ უნდა ეცადონ ქართული სახელმწიფოს ჩამოშლას, ბოლომდე ეს მაინც არ გამოუვათ.
_ რა გაძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ რუსეთი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას ვერ შეძლებს?
_ ახლა საზოგადოება ჩვენს საშინაო საქმეებში რუსეთის ჩარევას ეგუება. ადრე თუ გვიან, ჩვენს ერში აუცილებლად იჩენს თავს მოქალაქეობრივ-ეროვნული პასუხისმგებლობა.
უიმედოდ როგორ უნდა ვიყო, როცა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ამდენმა ადამიანმა გაწირა თავი. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ განვითარებული მოვლენები დიდ იმედებს მაძლევს.
_ „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ახალგაზრდობა ძალიან აქტიური იყო, მაგრამ მათმა ბრძოლამ შედეგი არ გამოიღო. ის ადამიანი პრემიერად დანიშნეს, ვის გადადგომასაც ახალგაზრდები ითხოვდნენ.
_ ვერ ვიტყოდი, რომ ბრძოლამ შედეგი არ გამოიღო. მთავარი შედეგი ისაა, რომ ხალხისთვის დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება ყველაზე მთავარი აღმოჩნდა. მარტო ის რად ღირს, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ პუტინი გააწბილა.
რუსეთის პრეზიდენტს ეგონა, რომ ქართველი საზოგადოება დამოუკიდებლობაზე უარს იტყოდა. ბოლომდე ამაში დარწმუნებული არ იყო, მაგრამ იმედი ჰქონდა. სიტუაციის შესასწავლად აქ გავრილოვი გამოუშვა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ხელისუფლება და ივანიშვილი მას ემსახურებიან, ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის მომხრეა. ივანიშვილმა ბოლომდე ვერ შეასრულა ის საშინაო დავალება, რომელიც მას რუსეთმა მისცა.
_ რა საშინაო დავალება მისცა მოსკოვმა „ოცნების“ ლიდერს?
_ მას უნდა გაეკეთებინა ისე, რომ ჩვენი ხალხი რუსეთის მიერ ქართული მიწების მიტაცებას შეჰგუებოდა. ასე რომ, ახალგაზრდების ბრძოლა უშედეგო არ ყოფილა. სასურველი იქნებოდა, უფრო სერიოზული შედეგი დამდგარიყო.
როგორც კი ახალგაზრდების საპროტესტო განწყობები მინელდა, ივანიშვილმა არნახული თავხედობა გამოიჩინა და ქართველ როდიონოვად წოდებული გახარია პრემიერ-მინისტრად დანიშნა.
ამის მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ _ ყველამ დაინახა, რომ ჩვენი საზოგადოება ოკუპაციას არ შეეგუება.
შედეგი იყო ისიც, რომ ივანიშვილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას დასთანხმდა. ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ პროპორციულ სისტემასთან ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ.
_ რატომ არის საფრთხილო პროპორციული არჩევნები?
_ იმიტომ, რომ არჩევნებზე ხელისუფლება ყველაფერს იკადრებს. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში მოსყიდვებით და შანტაჟით გაყვანილ ხალხს ივანიშვილი პარლამენტში კიდევ ძალიან ბევრს მიამატებს.
ასე რომ, ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გამარჯვება მას დარჩება. ეს ასე ნამდვილად არ არის.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ძალიან მძიმე მოსაგები იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ ბრძოლაში ივანიშვილი მარტო არ არის. მას რუსეთის ხელისუფლება უმაგრებს ზურგს.
ამხელა სატანისტური ძალის დაძლევა, რასაც რუსეთი წარმოადგენს, ძალიან ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი.
_ ოპოზიციაზე რას გვეტყვით, მზადაა ის ამ მძიმე ბრძოლისთვის?
_ ვერ გეტყვით. ბოლო არჩევნებში, რომელიც ერთი წლის წინ გაიმართა, ოპოზიციას თავი ცუდად არ წარმოუჩენია. პირველ ტურში ისინი კარგად გამოვიდნენ. ბოლომდე ვერ გააკონტროლეს პროცესები, მაგრამ მთლიანობაში მათი მუშაობა დადებით შეფასებას იმსახურებს. მეორე ტურზე ამას ვერ ვიტყვით.
ოპოზიცია ძალიან ძლიერიც რომ იყოს, მარტო ოპოზიციის მუშაობა საქმეს არ უშველის. აქ ხალხის აქტიურობაც არის საჭირო. მოსახლეობამ კარგად უნდა გააცნობიეროს თავისი ვალდებულებები.
_ რას გულისხმობთ?
_ ჩვენმა ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ არჩევნებზე წასვლა აუცილებელია. ხალხმა უნდა შეიგნოს ერთი რამე _ ქვეყნის ბედი მათ ხელთ არის.
ჩვენ ძალიან დიდ და სერიოზულ ძალას ვუპირისპირდებით, მაგრამ მოსახლეობის აქტივობა თუ იქნა, ამ ძალის გადატეხაც შესაძლებელია.
_ არის ჰორიზონტზე ისეთი ოპოზიციური ძალა, რომელიც გარდამტეხ როლს შეასრულებს?
_ ასეთი ძალა არ ჩანს, მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია, ამ საშინელებიდან გამოვიდეთ და ნათელ გზაზე გავიდეთ. ახლა ბევრი რამე საზოგადოებაზეა დამოკიდებული.
_ საშინელება ახსენეთ და დღევანდელ საქართველოში ყველაზე საშინელ მოვლენად რას მიიჩნევთ?
_ დღეს რა პროცესებიც მიდის ქვეყანაში, ყველა ერთი მეორეზე საშინელია. არც კი ვიცი, რომელი გამოვყო.
ამ ხელისუფლებამ თავისი მოღვაწეობა დაიწყო უნიკალური, მსოფლიო მასშტაბის ძეგლის _ საყდრისის აფეთქებით. ამას პირადად ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. ასეთ რამეს ხელისუფლებას არც ერთი ქვეყნის საზოგადოება არ აპატიებდა.
მერე ნახევარი დასავლეთ საქართველო გადათხარა, რაც ასევე დიდი ტრაგედიაა. ულამაზესი ადგილები დაბომბილ ტერიტორიას დაამსგავსა. საქართველოს ქონების დიდი ნაწილი მიითვისა.
ივანიშვილი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე ამბობდა ისეთ რამეებს, რომ თავიდანვე ჩანდა, თუ ვინ მოდიოდა სათავეში. ის აცხადებდა, რომ საქართველოს საკითხმა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობას ხელი არ უნდა შეუშალოს.
ასევე თავიდანვე გააკეთა ანონსირება, რომ თურმე საქართველოს დაუწყია აგვისტოს ომი; თურმე რუსებს არაფერი დაუშავებიათ, მათ ნასროლს რაღაც კედელი დაუნგრევია მხოლოდ; არა, კი არ დაუნგრევია, დაუზიანებია. არაფერს ვაჭარბებ, პირდაპირ ამ სიტყვებით თქვეს… და საქართველოს, თურმე, ამ დაზიანებული კედლის გამო დაუწყია ომი.
ყველაზე საშინელი, რა თქმა უნდა, ეს თემაა, მაგრამ დანარჩენი საკითხიც არანაკლები უბედურებაა.
საარჩევნო დაპირებები არ შეუსრულა ხალხს, თორემ რაც რუსეთმა დაავალა, ყველაფერი გააკეთა. ივანიშვილის წყალობით მოხდა საერთაშორისო დონეზე საქართველოს საკითხის დეაქტუალიზაცია. ესეც, ეტყობა, პირობაში იდო და ამიტომაც მოიყვანა მოსკოვმა ის საქართველოს ხელისუფლებაში.
კრემლს უნდა გაეგრძელებინა საქართველოს შემდგომი ოკუპაცია. ამაზე საქართველოს ხელისუფლებას ხმა არ უნდა ამოეღო. ოფიციალური თბილისი, ბუნებრივია, ამას ღიად მხარს ვერ დაუჭერდა, მაგრამ რუსებისთვის მაქსიმალური კომფორტი უნდა შეექმნა. ოკუპაციის პროცესს ჩვენი მხრიდან მინიმალური წინააღმდეგობა უნდა შეხვედროდა.
ამიტომაც მოხსნეს ყველა ის საგუშაგო, რაც გამყოფ ზოლზე იდგა. საოკუპაციო ხაზთან დაცვა აუცილებელია. ეს ყველაფერი მოსპეს და ცდილობენ, ოკუპაციის თემაზე მინიმალურად იხმაურონ. ამაზე მხოლოდ მაშინ იღებენ ხმას, როცა დასავლეთი აკეთებს განცხადებებს.
მოკლედ, მაქსიმალური კომფორტით აძლევენ რუსებს ქართულ მიწებს. ეს ძალიან ტრაგიკული მხარეა. „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო და მსოფლიო ახალ რეალობას შეაგუოს.
თავისი მოქმედებით და უმოქმედობით გვეუბნებიან, რომ რუსეთი ამ მიწებს წაიღებს. ფაქტობრივად, ოკუპაციის ლეგალიზება ხდება.
რუსებს ხშირად უყვართ ამ ფრაზის გამოყენება, _ ახალი რეალობა, _ ჰოდა, გვაგუებენ ამ ახალ რეალობას.
ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ოკუპაციის ლეგალიზება არ დავუშვათ. სხვა ბევრი მთავარი ამოცანაა ჩვენ წინაშე, მაგრამ ეს მართლაც უმთავრესია.
მიმდინარეობს საშინელი შეტევა ყველა ინსტიტუტზე. რაც ღირებულია და ადამიანური ფასეულობა აქვს, ყველაფერს ანგრევენ, რაც ნაწილობრივ მაინც არ ემორჩილება ივანიშვილს. ასეთია ეკლესიაზე შეტევა.
_ რაკი ამ თემაზე გადავედით, თქვენი აზრით, რა ხდება ეკლესიაში და მის გარშემო?
_ რა ხდება და ივანიშვილი რუსეთის დავალებას ასრულებს. თავიდანვე ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ივანიშვილი პატრიარქს ვერ იტანდა.
ხაზს ვუსვამ იმას, რომ არც მე მომწონს ბევრი რამ, რაც დღეს ეკლესიაში ხდება. ჩემს ყველაზე დიდ უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ მათ დღემდე არ უღიარებიათ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. არც ის მომწონს, რომ დღემდე დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეუწყალებიათ.
იქ კიდევ სხვა უარყოფით პროცესებსაც ვხედავთ. ეს იმის შედეგია, რომ ეკლესია რუსეთის გავლენებს განიცდის.
დღიდან საქართველოს დაპყრობისა რუსეთმა თავის მთავარ მტრად საქართველოს ეკლესია მონიშნა. ასე იყო მეფის რუსეთის დროს, ასე გააგრძელეს კომუნისტებმა. მათ დროს ყველაფერს ათეიზმი და ბოლშევიზმი დაემატა.
რუსეთისთვის ქართული ეკლესია ახლაც მთავარი მტერი და სამიზნეა. მოსკოვი სულ ებრძოდა ქართულ ეკლესიას, მაგრამ ეს ბრძოლა განსაკუთრებით ივანიშვილის პერიოდში გამძაფრდა.
„ციანიდის საქმეც“ ამ ბრძოლის გამოხატულება იყო. უნდოდათ, ეკლესიისთვის დარტყმა მიეყენებინათ.
_ ეკლესია იყო ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ხალხის ნდობით სარგებლობდა. ყველა გამოკითხვა ამაზე მიუთითებდა. ახლა მისი რეიტინგი მკვეთრად დაეცა.
_ სამწუხაროა, რომ ანტისაეკლესიო პროპაგანდაში ხელისუფლების გარდა სხვებიც ჩაერთნენ, მათ შორის, ე. წ. ლიბერალები. ეს ადამიანები საკუთარ თავს, რატომღაც, ლიბერალებს უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში ლიბერალიზმთან მათ საერთო არაფერი აქვთ. ანტირელიგიურ და ანტისაეკლესიო კამპანიას საზოგადოების რაღაც ნაწილიც აყვა.
ეკლესიისთვის ძირის გამოსათხრელად იქ შეგზავნილ აგენტურას იყენებენ. ასე რომ, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს შიგნიდანაც და გარედანაც.
_ ეკლესიაში როგორც ამბობენ, საკმაოდ სერიოზული აგენტურაა შეგზავნილი. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
_ არ ვიცი, აგენტურა უმრავლესობაა თუ უმცირესობა. ამდენ ინფორმაციას არ ვფლობ. ერთი რამე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, იქ აგენტურა საკმაოდ მრავლად არის.
ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო მეუფე პეტრეს განცხადებები. ეს ადამიანი პროდასავლურ ძალად ითვლებოდა, მაგრამ, სინამდვილეში, სულ სხვანაირად მოიქცა. ძალიან არ მომეწონა მისი ბოლო ქმედებები. სინოდის სხდომაზე და მისი დამთავრების შემდეგაც ძალიან ცუდად მოიქცა.
მისი ქცევა იყო ოდიოზური და თუ მის განცხადებებს კარგად დავუკვირდებით, ადვილი ამოსაცნობია, რატომ მოიქცა ასე.
_ რას გულისხმობთ, რატომ მოიქცა ასე?
_ რატომ მოიქცა ასე და ეს თავად აღიარა: მან ტვ პირველის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს ხვდებოდა და ისინი ერთად მსჯელობდნენ ეკლესიის რეფორმირებაზე.
_ ამას რა აღიარება უნდოდა, ყველამ იცოდა, რომ ის და ივანიშვილი ერთმანეთს ზუგდიდის მერის ვადამდელი არჩევნების წინ შეხვდნენ.
_ ეს ერთი შემთხვევა იყო, მაგრამ როგორც მეუფის განცხადებებიდან ჩანს, ის და ივანიშვილი სხვა დროსაც ხვდებოდნენ ერთმანეთს.
ამ გამოსვლაში მან ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, დავით აღმაშენებელს შეადარა და მათი მსჯელობა ეკლესიის რეფორმაზე ისე გამოიყვანა, როგორც აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელის შეხვედრა.
ეს შეფასება ჩემთვის ძალიან აღმაშფოთებელი და მიუღებელია. განსაკუთრებით იმ ბილწი ბრალდებების მერე, რაც მან მოხუც პატრიარქს წაუყენა.
ილია მეორეს აქვს უარყოფითი მხარეები, მაგრამ მას ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის. მას შეიძლება სიმტკიცე აკლდეს, მაგრამ პეტრეს ბრალდება მიუღებელი და ბილწია და რაც მთავარია, ის სიმართლეს არ შეეფერება.
_ დღეს ყველა ამ ბრალდებაზე საუბრობს და არავინ კითხულობს, ეს სიმართლეა თუ არა.
_ მეუფე პეტრემ ამიტომაც წაუყენა მოხუც პატრიარქს ეს ბილწი ბრალდება, რომ ყველას ამაზე ესაუბრა. ეკლესია დღეს სერიოზული დარტყმის ქვეშ მოექცა. ამით, პირველ რიგში, რუსეთია გახარებული.
_ მიაღწია რუსეთმა თავის მიზანს ეკლესიასთან ბრძოლის საქმეში?
_ ნაწილობრივ მიაღწია. ღმერთმა ნუ ქნას, მთლიანად მიაღწიოს მიზანს. მე გამაოცა და შემზარა ჭყონდიდის ეპარქიიდან რეპორტაჟმა. ეს რეპორტაჟი ერთ-ერთი არხის მეშვეობით გადაიცემოდა.
ჩემი აზრით, ეს რეპორტაჟი სხვა ეპოქიდან შემოჭრილ ამბავს და ისტორიას ჰგავდა. ეს იყო არა XXI საუკუნე, არამედ გასული საუკუნის 37 წელი.
_ 37 წელს რით ჰგავდა ეს ყველაფერი?
_ დაუსაბუთებელ და სასაცილო ბრალდებებს აყენებდნენ. გვიყვებოდნენ, რომ თურმე მთელი საქართველოდან ახალგაზრდები ურეკავენ, რომლებიც პატრიარქისგან არიან შევიწროებული. ზოგიერთ მათგანს თურმე პატრიარქისგან ფიზიკური ზიანიც კი მიადგა. ის, რაც ხდება, ტრაგიკული რომ არ იყოს, ძალიან სასაცილო იქნებოდა.
საინტერესო იყო ისიც, რომ ეს რეპორტაჟი მიდიოდა ანაფორაში გამოწყობილი პავლიკ მოროზოვის მონაწილეობით.
_ ვის გულისხმობთ ანაფორიან პავლიკ მოროზოვში?
_ იმ პიროვნებას, რომელიც გაგვაცნეს, როგორც პატრიარქის ბიძაშვილი. ეს იყო ამაზრზენი. ეს არ შეიძლება, ადამიანმა სერიოზულად მიიღოს.
ცოტა ძნელია იმის დაჯერება, რომ XXI საუკუნეში ასეთ მეთოდებს იყენებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილმა ეს მეთოდები გამოიყენა.
ის ყველა მოწინააღმდეგის მიმართ იყენებს ასეთ მეთოდებს. მამუკა ხაზარაძისა და ანაკლიის პორტის წინააღმდეგაც ასე მოიქცა; დამოუკიდებელ ტელევიზიებსაც ასე ებრძვის.
ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი და სამიზნე მისთვის არის ეკლესია. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენმა ეკლესიამ მაინც შეინარჩუნა ის სახე, რომელიც რუსეთისთვის მიუღებელია. და რახან რუსეთისთვის არაა მისაღები, ის ივანიშვილისთვისაც მიუღებელია. ამიტომ მიმართავს ყველა ხერხს. უნდა, რომ ეს ინსტიტუტი ბოლომდე გაანადგუროს.
ჩვენ შეიძლება, მოქმედ პატრიარქზე უკეთესი გვინდა, აი, ისეთი, როგორიც ამბროსი ხელაია იყო, მაგრამ ვინც გვყავს, ივანიშვილისთვის ისიც მიუღებელია. ცდილობენ მის ჩანაცვლებას სხვა ადამიანით. სამარცხვინო ბრძოლა მიდის მოხუცებულის მიმართ.
_ ალბათ, არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ეს ბრძოლა არჩევნების წინა წელს გამძაფრდა.
_ შემთხვევითი კი არა, პირდაპირ კავშირშია ამ არჩევნებთან. ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ 2020 წლისთვის ჯიბის პატრიარქი და ჯიბის ეკლესია ჰყავდეს. ის ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს კადრულობს.
დღეს მას ჰყავს ჯიბის სასამართლო, ჯიბის პროკურატურა, ჯიბის მთავრობა, ჯიბის პარლამენტი, ახლა უნდა, რომ საპატრიარქოც ჯიბეში ჩაისვას.
_ საქართველო თუ გადაიქცევა მისი ჯიბის ქვეყნად?
_ თითქმის გადაქცეულია. რაღაც-რაღაც სეგმენტებია დარჩენილი და მის წინააღმდეგაც სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, მე მაინც მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად გავალთ სწორ გზაზე.

შორენა მარსაგიშვილი