ყადაღა დამთავრდა, ყადაღის გეშინოდეთ!!!

saxx

ენდე, თუ არ აღდგა სამართლიანობა? ეკა კვესიტაძის გადაცემის მერე მაინც არ გჯერათ, რომ ამ ქვეყანაში სამართალმა პური ჭამა? დაიხ, აღდგა ის, რაც იყო და რაც თქვენ მიგაჩნდათ სამართლიანობად! რასაც მისტიროდით და მიბღაოდით! აღდგა, დიახ, აღდგა! კანონიერი ქურდების მიერ დამყარებული წესრიგი აღდგა – ქურდები, „მაყურებლები“ არ ზარმაცობენ და სისტემატურად იმართება ხანგრძლივი სატელეფონო კონფერენციები – ვირტუალური „სხოდკები“, საქმეებიც ირჩევა, „ობშიაკიც“ იკრიბება, მაყურებლებიც ინიშნებიან, ანგარიშსაც იბარებენ. მობილურებითაც ჩვეულებრივ სარგებლობენ, მობილურის აღმოჩენის შემთხვევაში, პატიმრებსა და ადმინისტრაციას შორის ყველაფერი ჯიგრულად გვარდება, წამალიც იხარშება, იჩხირება, ქალებიც შეიყვანება გარედან და ზემოთაც აიყვანება უფროსის კაბინეტში და იტყ…ბა კიდეც. გარეთაც იგეგმება ძვლების მტლაშა-მტლუში…

 

ეს არ გინდოდათ? უამისობას არ განიცდიდით, ამაზე არ გოდებდით? ამაზე გოდებდით, თორემ რაღაც ვერ ვნახე მალევიჩის შავი კვადრატები ცემაში მოკლული პატიმრების გამო. დიახ, „3 დღეში დაღუპული 3 პატიმარი, ამას გარდა, ციხეებში გარდაცვლილი ადამიანები: ლევან კორტავა, გიგა ფარტენაძე, გოგა ძველაია, ჯიდო ფირცხელიანი, გელა ჯაყელი. კორტავასა და ფარტენაძის შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ისინი პატიმრებმა ცემით მოკლეს. დანარჩენ სამთან დაკავშირებით კი მათ ოჯახებს სერიოზული ეჭვები აქვთ“, _ ასე დაიწყო კვესიტაძემ „განსხვავებული აქცენტები“, მაგრამ თქვენი აქცენტები სადაა?

დიახ, ციხეში ყველაფერი კარგადაა, ციხე „პატრონმა“ დაიბრუნა! ის კი არა, რაც უკვე ითქვა, როცა უნდათ, პატიმრები გვიან ღამით აქუბარდიასთანაც რეკავენ შოუში, კითხვასაც უსვამენ ბიძინას და ეს ბიძინას ძალიან მოსწონს და თვითონ კრიმინალური ავტორიტეტებიც არ მალავენ აღტაცებას ბიძინათი. „ზვიადისტები რომ არიან, ხო იცი, ეგრე ვარ ბიძინისტი“… „მაგარი კაცი გაიჩითა, სიმონ, მაგარი“…

მოკლედ, ყველა კმაყოფილია. მერე რა, რომ ბიუჯეტი გარღვეულია და კასრებიც ცარიელდება?! აბა, რომ არ ცარიელდებოდეს, მეგის ქარდავას ქორწილი რა გასაშვები იყო? ბარემ, „ჯიმი, ჯიმი… აჯა, აჯათი“ გადაფარეთ ეკა კვესიტაძის გადაცემა. რა იხამუშეს მეგის ქარდავას ქორწილში? სკამზე შემდგრები რომ ადღეგრძელებენ სააკაშვილს? ალბათ. ჰო, ალბათ, თვითონ ამას ვერ ბედავენ, მუხლმოდრეკილებს უწევთ ბიძინას სადღეგრძელოს სმა და ეგ აცოფებთ, _ ნახეთ, „ნაცების“ თავხედობა, სკამზე შეხტომასაც ბედავენო.

აი, გარღვეული ბიუჯეტის გავსებას კი, თუ ქალაქის თავს, ნარმანიას ჩავეკითხებით, მიშას და მისი ოჯახის წევრების დაყადაღებული ქონების გაყიდვით აპირებენ. თქვენ იმხელაზე გადაგერღვათ ბიუჯეტი, ჩემო კარგებო, ნამდვილად არ გეყოფათ 17 წლის „ჰონდა აკორდის“, 10 წლის „ტოიოტა რავ 4“-ის, 75 კვადრატულმეტრიანი სახლის, სანდრას სახლის, მანსარდისა და მიშას ბებიის მშენებარე ბინის, ასევე მთელი ოჯახის საკუთრებაში არსებული – ჯამში, არც კი 3 ჰა მიწის გაყიდვა. მთელი ამ ქონების განიავება ხადურის ერთ სუფრას თუ ეყოფა, თორემ ხადურისხელაზე გადარღვეულ ბიუჯეტს რას შემატებს?!

ყადაღა დამთავრდა! ყადაღის გეშინოდეთ, ბატონებო! დიახ, გეშინოდეთ, იმიტომ რომ ყადაღა ერთნაირად ედება 75 კვ.მ. სახლუკასაც და სასახლეებსაც – გინდა, ხის იყოს, გინდა, ქვის და გინდაც – ბროლის. ნურც მთლად მიშას მიმტევებლობის იმედზე იქნებით, იგივეს – უკადრებელს არ იკადრებსო, რა იცი, რა ხდება? – ეშმაკი შუშისფერია. მე თქვენ გეტყვით და დღევანდელ დამყადაღებელს – ბიძინა ივანიშვილს – ცოტა არ ჰქონდეს დასაყადაღებელი? აგერ, თამარ ჩერგოლეიშვილმა იმხელა სია გაშალა, მაგხელა მზთვის წიგნი არ ჰქონია არც ერთ ბატონიშვილს.

მარტო ბერა ივანიშვილს 30 მიწის ნაკვეთი აქვს ოზურგეთის რაიონში – ნატანებსა და შეკვეთილში (12 უშუალოდ ნატანებში, 18 – შეკვეთილში), ეს 30 ნაკვეთი, ჯამში, 40 ჰა-მდეა (394 498 კვ.მ.); ამის გარდა, ასევე ბერას სახელზეა კიდევ ერთი 20 ჰა-იანი მიწის ნაკვეთი, ასევე ნატანებში; ასევე ბერას სახელზეა 8227 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი! ასევე ბერას სახელზეა ნატანებში აღნუსხული 20 საცხოვრებელი სახლი, ჯამში, 922.2 კვ.მ., ანუ რამხელა სახლიც მიშას დაუყადაღეს ყვარელში, იმაზე ოდნავ პატარა სახლები მარტო ბერას აქვს ნატანებში 20 ცალი.  ამ პატარა სახლუკების გარდა, ისევ ნატანებში ბერას სახელზეა სრა-სახლები – 8 სასახლე – ჯამში – 14115 კვ.მ.!!!

არ იფიქროთ, რომ მარტო ნატანებშია აკუმულირებული ბერას ქონება. ჭორვილაში 6 მიწის ნაკვეთია ბერას სახელზე – ჯამში, 15 ჰა-ზე მეტი (153 877 კვ.მ.); ასევე ბერას სახელზეა 10 სახლი ჭორვილაში – საერთო ფართი – 9621 კვ.მ.!!!

ბერას გარდა, ჭორვილაში ნახევარ ჰა-ზე მეტი მიწა აქვს თვითონ ბიძინა ივანიშვილს (ორი ნაკვეთი – ჯამში, 6852 კვ.მ.); ასევე სახლი – 1194 კვ.მ.-იანი; ამის გარდა, ბიძინას 9 ჰა-მდე მიწა აქვს ბაკურიანში, ასევე ნაკვეთი აქვს წყნეთში;

ეკატერინე ხვედელიძეს ნახევარ ჰა-მდე მიწა აქვს საჩხერეში, სოფელ საირხეში, ნახევარ ჰა-ზე მეტი მიწა საგურამოში, ნახევარ ჰა-მდე მიწა და სახლი ჭორვილაში – 261 კვადრატულმეტრიანი; ასევე 70 კვადრატულმეტრიანი ბინა თბილისში კრილოვის ქუჩაზე. ჰა-ზე მეტი მიწა აქვს ეკატერინე ხვედელიძეს მოსკოვში (12 107 კვ.მ.); ასევე 615 კვადრატულმეტრიანი სახლი. ეს არასრული ჩამონათვალია; ამას დაუმატეთ ბიძინას სრა-სახლი თაბორის მთაზე, სხვადასხვა ანგარიშები, აქტივები და მიხვდებით, რომ შურისძიებაზე თუ მიდგა საქმე, არც მთლად პრაგმატული ნაბიჯი გადაუდგამს მიშას და მისი „ბაბუშკის“ ქონების დაყადაღებით.

მაგრამ შედგება კი შურისძიება? აგერ, ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები იმუქრებიან, რომ არ დაუშვებენ „ნაციონალების“ ხელახლა მოსვლას ხელისუფლებაში. მათ ბიძინა ემაგარკაცებათ, სიმონ… აგერ, ვაკეში საპროტესტო აქცია მოაწყვეს და იმათაც არ სჯერათ, რომ ხელისუფლებამ არ იცის, რას აკეთებს პოლიცია და შველას და შემწეობას ისევ ბიძინას სთხოვენ. აბა, რა, რაც მიშას დროს ხდებოდა – ყველაფერი მიშას ბრალი იყო, ყველაფერი მიშას ბრძანებით, მეტიც, იძულებით ხდებოდა; ახლა კი ბატონი ბიძინა კეთილია და ეს პოლიცია მამაძაღლობს!

ამ საზოგადოებას ის კი არ აღელვებს, რომ პოლიცია ნარკოტიკებს უდებს და ისე იჭერს ხალხს, არამედ ის, რომ პოლიციამ ეს მათ და მათიანს აკადრა, თორემ გუნავას რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, არც ვაკეში სტკენია ვინმეს და არც ელისაშვილს. ელისაშვილს მას შემდეგ სტკივა აღიარება, რომ პოლიცია ისევ ძველი მეთოდებით მოქმედებს, რაც თენგო ერისთავს ჩაუდეს ნარკოტიკი…

ვაკეს არ სტკენია, დათო კოდუას ცემაზე დაჭერილი ნოშიკო ნამორაძე რომ გირაოთი გარეთ გამოუშვეს. მერე რა, რომ მთელმა ქვეყანამ ნახა, რა უმოწყალოდ იყო ნაცემი დათო კოდუა. რა პრობლემაა? მერე რა, რომ სცემა? ნოშიკო გარეთ უნდა იყოს, „ვეიკურ“ სამართალს ასე შია და რა გაეწყობა?

მოკლედ, სამართალი აღდგა, ციხე ქურდებისა და ავტორიტეტების ხელშია, უბრალოდ, ეს „ნაციონალები“ და ეს „რუსთავი 2“ ახურებს, თორემ ყველაფერიც კარგადაა. არ ისვენებენ „ნაციონალები“ და აგერ, ძიძიგური გაიძახის, – „ნაციონალებს“ უნდათ ისტერიული ფონის შექმნაო, რაფალიანცის საქმით ისტერიკას აწყობენო. ახლა აღარ გინდათ რაფალიანცის საქმე? ის კარგი იყო, ქვეყანა რომ დააქციეთ, ღვინიაშვილმა ბავშვი მოკლაო? ზედ არჩევნების წინ ადამიანს უაპელაციოდ ბავშვის მკვლელობა დააბრალეთ და ახლა გახდა ეს მკვლელობა პოლიტიკური? მანდ რომ ღვინიაშვილი ყოფილიყო გარეული, აქამდე ციხეში დააძმარებდით… გამოირიცხა ღვინიაშვილი და აღარ აქვს პოლიტიკური კონტექსტი? თუ სწყალმა ბავშვმა მავრივით თავისი საქმე გააკეთა და აღარაა სახსენებელიც კი? აგერ, ბატონო, ღარიბაშვილი, რომელმაც არჩევნების წინ სიუჟეტი დააშეარა და წააწერა კიდეც, _ ესაა სააკაშვილის რეჟიმის სახეო, ახლა არ უსმენთ, რას გაიძახის? – უზნეო ადამიანები რაფალიანცის გარდაცვალებით სპეკულირებენო. ეს შემთხვევა „ნაციონალების“ დროს მოხდა და მათ 25 დღე ჰქონდათ გამოძიებისთვის, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, გამოძიება ჩიხში იყო უკვე შეყვანილი, ცხელ კვალზე ეგენი უნდა გასულიყვნენ და არაფერი გააკეთესო.

რაღაც არ მახსოვს, ღარიბაშვილს ჩიხი ეხსენებინოს, როცა ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანა… და თუ ჩიხში იყო, რას გაიძახიან მთელი ეს ორი წელიწადი, გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიება მიმდინარეობსო? ვის ატყუებენ? რაფალიანცის ოჯახს თუ საზოგადოებას? ეს ახლა „შევიდა ჩიხში“, როცა ოჯახმა „ოცნების“ დადანაშაულება დაიწყო?

მე ვანგა არ ვარ და არ ვიცი, ვინ და რა ვითარებაში მოკლა ბავშვი, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, – ღვინიაშვილი რომ ამ საქმეში ოდნავ მაინც ყოფილიყო გარეული, უკვე თეთრ დათვებთან და პინგვინებთან იჯდებოდა – ანტარქტიდაზე. დანაშაულს რომ უაპელაციოდ აბრალებდით, ის სულაც არ იყო სპეკულაცია? აა, უი, მაღალზნეობრივი აქტი იყო, არა? ასეთ მკვლელობას რომ დაგაბრალებენ, მერწმუნეთ, 2 წლის მერე არც გედის ბოდიში უშველის, არც გედის სიმღერა…  და რა არის სპეკულაცია? საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა? 25 დღეზე გამახსენდა, რამდენადაც მახსოვს, ეროსი კიწმარიშვილი ამ ზაფხულს იპოვეს მკვდარი. მას მერე რამდენი 25 დღე გავიდა? რა გახსნა ცხელ კვალზე?

თუ ამჯერადაც ყველაფერი იმ კაცის ბრალია, რომელსაც ხან პლანტაციებში უშვებენ, ხან „შარვალ-კასტუმს“ ედავებიან, ხან ქონებას უყადაღებენ და ხან „წარსულის ექსპონატად“ იხსენიებენ?.. ბატონო პრემიერო, თუ სააკაშვილი წარსულის ექსპონატია, რატომ გელანდებათ ყველაგან და მარად? და რას იყურებით გამუდმებთ უკან? თუ ამას მარტო მე გეუბნებით? ერიკ რუბინი სხვა რამეს გეუბნებათ? – გვაწუხებს ის, რომ ამდენი ყურადღება და ენერგია იხარჯება წარსულზეო. გეუბნებიან, ის, რასაც სააკაშვილს უკეთებთ, დააზიანებს საქართველოს ძალისხმევას, იაროს წინ და შექმნას ნამდვილი დემოკრატიაო. გეუბნებიან, წინ იყურეთ, თვალები უკან ნუ გრჩებათო, მაგრამ გესმით?

არც არაფერი გესმით, სამწუხაროდ. აგერ, დგახართ და გვიმტკიცებთ, რომ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა, პრაქტიკულად, განახევრდაო. რანაირად განახევრდა? დაიხოცა? გამდიდრდა და აღარაა ღარიბი? თუ თქვენ მიერ აგუგუნებულ ქარხნებში დასაქმდა? თუ სიღნაღში „ახალგახსნილ“ სასტუმრო „კაბადონში“ ნებივროვენ, აი, „ახალგახსნილში“, ახლახან რომ მოინახულეთ და ახალგახსნილად გაასაღეთ, რომელიც 2 წლის წინ გახსნა ვერა ქობალიამ? ჰო, „წარსულის ექსპონატის“ ვერა ქობალიამ.

და კიდევ, მიშას ბებიის ქონების დაყადაღება რომ გიხარიათ, დავიჯერო, არ გყავთ ბებიები? ოჯახის სხვა წევრებზე რომ არაფერი ვთქვათ? იმედი მაქვს, ასევე სიხარულით შეხვდებით საკუთარი ბებიის ქონების დაყადაღებასაც. ნუ, თქვენ თუ არა, სხვებს გაუხარდებათ, რა პრობლემაა?..

 

                                                                                     რეზო შატაკიშვილი