პეტრე მამრაძე: „ოცნებაში“ ერთადერთი დამოუკიდებელი ფიგურა თბილისის მერია“

დედაქალაქის მერის საქმეები კარგად არ მიდის. გარდა იმისა, რომ მას ოპოზიცია გამუდმებით აკრიტიკებს, მის წინააღმდეგ „ოცნების“ ტროლებიც აფუსფუსდნენ. მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ერთ დღესაც შეიძლება, მათი გზები გაიყოს.
პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციის უფროსი, სტრატეგიისა და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მმართველი პარტიიდან კალაძის განკვეთა, პირველ რიგში, „ოცნებას“ დააზარალებს.

რა გარიგება შედგა მმართველ პარტიასა და კახა კალაძეს შორის? რატომ არ მიულცა ივანიშვილმა მას თბილისის მერად არჩევა? რატომ გაუქმდა სინამდვილეში ენერგეტიკის სამინისტრო? რა საქმეების გამოძიება შეაჩერა პროკურატურამ? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს პეტრე მამრაძე ესაუბრება:

_ მას შემდეგ, რაც პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია დაინიშნა, აშკარად ჩანს, რომ კახა კალაძეს გვერდით წევენ. თქვენ რას იტყვით ამაზე, თქვენც ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
_ „ოცნების“ სხვა წევრებისგან განსხვავებით კალაძე თავისუფლებით გამოირჩევა. ის არც განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას ერიდება. რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ გუნდში თავიდანვე სკეპტიკური დამოკიდებულება იყო სალომე ზურაბიშვილის მიმართ.
_ დაახლოებით იგივე განცხადება გააკეთა მან საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მაშინ თბილისის მერმა თქვა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ „ოცნება“ სხვა კანდიდატურას შეარჩევდა.
_ მაშინაც ღიად თქვა სათქმელი. შეიძლება, სხვაც ასე ფიქრობდა, მაგრამ სათქმელი მხოლოდ კახა კალაძემ თქვა.
„ქართული ოცნება“ არ გახლავთ პოლიტიკური პარტია. პოლიტიკური პარტიები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, საქართველოში დღემდე არ შექმნილა. ნიშნებიც არ არის, რომ პოლიტიკური პარტია მომავალში მაინც შეიქმნება.
ახლა ის ვთქვათ, თუ ვინ არიან „ქართულ ოცნებაში“: ამ გუნდის ნაწილს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდნენ „ქართუში“, მათ დიდი სიკეთე ნახეს ივანიშვილისგან და დღემდე მისი ერთგულები არიან;
ამ გუნდში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ბიძინას ხათრით იყვნენ მაღალ თანამდებობებზე. ასეთი იყო დავით სერგეენკო. ყველამ იცოდა, ის თავიდანვე ეხვეწებოდა ივანიშვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაეშვა მინისტრობიდან;
„ოცნებაში“ იყვნენ ისეთებიც, როგორიც ღარიბაშვილია, მის გარშემო უცბად მთელი კლანი შეიქმნა. ცოლის ნათესავები თავადაც ვერ გააკონტროლა. იმით შემოიფარგლებოდა, რომ კახური გაგებით ამბობდა, _ ცოლის ნათესავი ნათესავი არ არისო. ივანიშვილმა ერთ დღესაც ეს კლანი გვრდით გაწია, ღარიბაშვილი კი აიძულა, პრემიერობიდან წასულიყო.
კახა კალაძე სულ სხვა შემთხვევაა. ის საქართველოში თავიდანვე ცნობადი და პოპულარული ადამიანი იყო. ხუმრობა საქმე არ არის, რომ ფეხბურთელი „მილანში“ თამაშობს. იქ თამაშის დროს მან მილიონები იშოვა.
ის „ოცნებაში“ არ მისულა, როგორც ივანიშვილის ხელქვეითი. ის თითქმის ივანიშვილის თანასწორი იყო. მართალია, მასავით ბევრი ქონება და რეიტინგი არ ჰქონდა, მაგრამ „ოცნების“ სხვა წევრებზე ბევრად მაღლა იდგა.
არ მინდა, მკითხველმა კალაძის ფანად აღმიქვას, მე მხოლოდ ფაქტებით ვლაპარაკობ და ისიც კარგად მახსოვს, თუ როგორ დანიშნეს იგი ენერგეტიკის მინისტრად.
საქართველოს ენერგეტიკის დარგში უამრავი კარგი სპეციალისტი ჰყავს და ბუნებრივია, გაჩნდა უკმაყოფილება, როცა კალაძეს ეს სფერო ჩააბარეს. ის პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ან სპორტის მინისტრი რომ გამხდარიყო, არაფერს იტყოდნენ. მერე უცბად ვგებულობთ, რომ მას ენერგეტიკის სფეროში თავისი ინტერესები აქვს. მთელი რიგი ფირმები ჰქონია. ამაზე სკანდალი ატყდა, ყველა ამბობდა, რომ ეს არის ინტერესთა კონფლიქტი. რამდენიმე კვირა ისე გავიდა, კალაძე არსად გამოჩენილა. ის იმდენად დარწმუნებული იყო საკუთარ ძალებში, რომ ამ კანონდარღვევას არად დაგიდევდა.
ცოტა ხანში მედიაში ცნობა გამოჩნდა, რომ ყველაფერი გაყიდაო, თუმცა იქვე ითქვა, რომ უბრალოდ ეს ყველაფერი სხვაზე გადააფორმა.
_ საქართველოში ქონების სხვაზე გადაფორმება ჩვეულებრივი ამბავია.
_ ეს ილეთი ქართველ ჩინოსნებს კარგად გამოსდით. ჩვენ ისიც გვახსოვს, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც კალაძეს მერის კანდიდატად უპირებდნენ წარდგენას. გამოვიდა ინფორმაცია, რომ „ოცნების“ შტაბ-ბინაში ბოლო წუთამდე ელოდებოდნენ, ივანიშვილი რას იტყოდა, თუკი მისი გუნდი თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძეს წარადგენდა.
ივანიშვილმა ამაზე არავის დაურეკა. წარდგენამდე 5 წუთით ადრე ვიღაცამ ამბავი მიიტანა, რომ „ოცნების“ ლიდერი თანახმაა ამ კანდიდატურაზე.
მერის არჩევნების დღეს მთელი მედია ივანიშვილს დახვდა საარჩევნო უბანზე. ის არჩევნებზე ყოველთვის აკეთებდა კომენტარებს. იმ დღეს ჟურნალისტების კითხვას არც კი უპასუხა, შებრუნდა და წავიდა.
რამდენადაც ვიცი, ივანიშვილს კახა კალაძისთვის მერად არჩევა არ მიულოცავს. საჯაროდ ეს ინფორმაცია არ გაჟღერებულა. ეს იმდენად თვალსაჩინო ამბავი იყო, რომ კალაძესაც ჰკითხეს ამის შესახებ ჟურნალისტებმა.
მისი პასუხი ასეთი იყო: რას ჰქვია, მომილოცა, მე ბერლუსკონიმაც მომილოცა. ბერლუსკონიმ მას ნამდვილად მიულოცა, თბილისის მერი იტალიის ყოფილ პრემიერს კარგად იცნობს.
ბიძინა თავისებური ადამიანია და თუ ვინმესგან რაღაც ეწყინა, იმას არც მიულოცავს და არც სხვა დათმობაზე წავა.
კალაძის მერად არჩევის შემდეგაც საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. ამ ადამიანმა ენერგეტიკის სამინისტროში თავის ნაცვლად ილია ელოშვილი დატოვა, რომელიც მისი მარჯვენა ხელიც იყო და მარცხენაც. ძალიან უნდოდა, ამ სფეროზე კონტროლი გაეგრძელებინა.
ამაზე მთავრობას ასეთი პასუხი ჰქონდა, _ ენერგეტიკის სამინისტრო გააუქმეს და რაღაც სამსახურად შეუერთეს ეკონომიკის სამინისტროს. ამის პასუხად კალაძე ელოშვილს ხელს ჰკიდებს და მერიაში მოადგილედ მიჰყავს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, „ოცნება“ მასთან გამიჯვნას არ ცდილობდა. იმ ფონზე, როცა „ოცნებისა“ და ივანიშვილის რეიტინგი დაეცა, კალაძე ერთადერთი სახეა „ოცნებისა“, რომელსაც რეალური, პირადი პოზიტიური რეიტინგი აქვს.
ასეთ შემთხვევაში კალაძის პარტიული თანამდებობიდან გადაყენება მხოლოდ თბილისის მერისთვის იქნებოდა მომგებიანი.
ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ივანიშვილმა უკან დაიხია და გადაწყვეტილება სისრულეში არ მოიყვანა.
_ პარტიიდან კალაძის განკვეთას აპირებდა?
_ აპირებდა, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალა. მას ეტყობა აუხსნეს, რომ კალაძის გაშვება „ოცნების“ რეიტინგზე კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა იქნებოდა.
სამაგიეროდ, „ოცნებიდან“ გაძევება თბილისის მერს პოპულარობას შეჰმატებდა, რაც „ოცნების“ ლიდერის ინტერესებში არ შედიოდა.
აშკარაა ისიც, რომ მათ შორის რაღაც გარიგება შედგა. მმართველი პარტია და თბილისის მერი შეთანხმდნენ.
_ რა გარიგებაზე საუბრობთ?
_ დეტალურად არც მე ვიცი. ამ გარიგებაზე ინფორმაციები ჩემამდე ფრაგმენტულად მოდიოდა. კალაძემ და „ოცნებამ“ ერთმანეთს უთხრეს, შენ ასე მოიქცევი და ჩვენ, _ ასეო.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თბილისის მერს ინდივიდუალური თამაშისგან თავის შეკავება მოსთხოვეს და ფინანსურ საკითხებსაც შეეხნენ.
კალაძემ გარანტია მიიღო, რომ პროკურატურა რაღაც საქმეების ქექვას არ დაიწყებს.
მათ შორის რომ საქმე კარგად არ არის, ეს ბერას ქორწილშიც გამოჩნდა. იქ კალაძე არ გვინახავს. არადა, ბერა თბილისის მერის ბავშვის ნათლიაა, ბიძინა ივანიშვილი კი ის კაცია, ვინც ნათელ-მირონობას დიდ პატივს სცემს. მათ შორის დაპირისპირება რომ არ ყოფილიყო, დედაქალაქის მერი ამ ქორწილს აუცილებლად დაესწრებოდა.
„ენდიაის“კვლევით კალაძე არის ინდივიდუალურად პოპულარული ადამიანი. არ მეგულება სხვა რომელიმე პირი, რომელიც ასოცირებული იყოს „ოცნებასთან“ და ამხელა რეიტინგი ჰქონდეს.
რაც მთავარია, ის არის არჩევით თანამდებობაზე, არჩევითი თანამდებობა კი ბევრ რამეს ნიშნავს, _ კახა კალაძემ სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მერის პოსტზე კენჭისყრა. ეს მისი მხრიდან გონივრულად გადადგმული ნაბიჯი იყო. მან კარგად იცოდა, რომ გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა, თუნდაც „ოცნების“ მხარდაჭერის გარეშე. ისიც იცოდა, რომ როცა არჩეული იქნებოდა, მას მმართველი პარტია ვეღარაფერს დააკლებდა.
კალაძე არ არის ის პიროვნება, ვისაც ივანიშვილი დაურეკავს და ეტყვის, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს.
თავის დროზე ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე მყოფ ღარიბაშვილს არცკი დაურეკა, სხვისი პირით შეუთვალა, გადადექიო.
_ როგორც ამბობენ, მაია ცქიტიშვილის პირით შეუთვალა. თქვენც ასე იცით?
_ ამბობენ, რომ ასე იყო. მთელი დღე მედია ინფორმაციას ავრცელებდა, რომ ღარიბაშვილი გადადგა. კანცელარია ამას არ ადასტურებდა. ბოლოს საღამოს ღარიბაშვილმა მარტოსულმა გააკეთა გადადგომის შესახებ განცხადება.
მთავრობის აპარატიდან ვიცი, რომ ღარიბაშვილი ამბობდა, თავად ივანიშვილმა დამირეკოს და გადავდგებიო. ის კი არ ურეკავდა. ისიც გამიგია, რომ იქით დაურეკა ღარიბაშვილმა გადადგომამდე, მაგრამ იმან ყურმილი არ აიღო.
კალაძეს რომ დაურეკოს ივანიშვილმა და უთხრას, გადადექიო, ეს მისთვის არანაირი დირექტივა არ იქნება.
კალაძე ერთადერთია მთელ გუნდში, რომელიც ივანიშვილს არ ემორჩილება. „ოცნების“ ლიდერს მის წინააღმდეგ სანქციების გამოყენების ბერკეტი არ გააჩნია. ასეთივე დაუმორჩილებელი იყო ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია.
_ ქობულია რამდენიმე თვის წინ გაუშვეს.
_ ქობულია გაუშვეს იმიტომ, რომ არ დაემორჩილა. მოქმედი კანონმდებლობით, როდესაც მინისტრს ბრძანებით უშვებ, ჩამოყალიბებული უნდა იყოს, თუ რატომ ათავისუფლებ მას თანამდებობიდან.
ქობულია წლების განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კომპანიაში მუშაობდა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. მას ეუბნებონენ, რომ თავი ვერ გაართვა. ის განმარტებას ითხოვდა.
ქობულიამ საინტერესო რამე თქვა, _ ქვეყანა არ უნდა იმართებოდეს მონოპოლისტური გარიგებებით. საქართველოში მონოპოლისტური გარიგებები რომ არსებობს, ეს ყველამ ვიცით.
ერთ წელიწადში, როცა კაზინოების შემოსავალი 8 მილიარდი ლარით გაიზარდა და პარლამენტი კატეგორიულად არ ბეგრავს სათამაშო ბიზნესს, გასაგებია, თუ რაც ხდება.
არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საინტერესო სურათი მივიღეთ მმართველ გუნდში. ცალკეა კახა კალაძე და ცალკეა ივანიშვილი დანარჩენ გუნდთან ერთად.
ყველა ისეთია ამ გუნდში, ივანიშვილმა ერთი რომ უთხრას, უნდა წახვიდეო, კობახიძესავით წავლენ. მათგან განსხვავებით კახა კალაძე არსად წავა. მოხსნით ვერავინ მოხსნის, არჩევითი თანამდებობა უკავია.
_ ე. ი. რაც არ უნდა ჩაიდინოს, მას ივანიშვილი ვერაფერს მოუხერხებს?
_ ერთადერთი, რაც ახლა „ოცნებას“ მის წინააღმდეგ შეუძლია, არის სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.
_ რამე დანაშაული აქვს ჩადენილი?
_ არ ვიცი, ამ დანაშაულზე არაფერი მსმენია. მე მხოლოდ თეორიულ შანსებზე ვსაუბრობ. თეორიულად კალაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა შეიძლება. ივანიშვილი დაავალებს პროკურატურას და რაღაცას მონახავენ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ესეც თბილისის მერის წისქვილზე დაასხამს წყალს.
_ რატომ დაასხამს მის წისქვილზე წყალს?
_ იმიტომ, რომ ხალხში პოპულარობით სარგებლობს. საქმეს თუ აღუძრავენ, ჩაითვლება, რომ „ოცნება“ მას ებრძვის. ამას კარგად ხვდება ივანიშვილი და ამ ნაბიჯს, ალბათ, არ გადადგამს. მას ვერც პარტიიდან გარიცხავენ. არ დაგვავიწყდეს, რომ თბილისის მერი „ოცნების“ გენერალური მდივანია. ამასაც დიდი რეაქცია მოჰყვება.
ის, სულ მცირე, არჩევნებამდე დარჩება პარტიის გენერალურ მდივნად, მაგრამ „ოცნებისგან“ განცალკევებით იქნება. ამასთან, დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს განცხადებებსა თუ გადაწყვეტილებებში.
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უდიდეს პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს. ვიცნობ ამ ადამიანს და თამამად ვიტყვი, რომ ის საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედია. უფრო დიდი, ვიდრე ყველა ქართველი ქველმოქმედი ერთად აღებული.
ეს ის ადამიანია, რომელმაც პოლიტიკაში შემოსვლით გაწირა როგორც საკუთარი თავი, ასევე ოჯახი.
იმ პერიოდში მან ბევრი რამე გადაიტანა: მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მის ბიზნესცენტრში შეჭრილიყო, მის დაცვას იარაღი ჩამოართვეს, ბიზნესცენტრს წყლისა და დენის მიწოდება შეუწყვიტეს. ივანიშვილი მტკიცე ბუნების ადამიანია და შანტაჟს არ დაექვემდებარა.
არადა, მას ეხვეწებოდნენ, ქვეყანას გასცლოდა. მის წასაყვანად თვითმფრინავიც მზად იყო. ვერაფრით დაიყოლიეს.
_ ვინ ეხვეწებოდა, ქვეყანას გაეცალეო, გარემოცვა?
_ გარემოცვა არა, ვანო მერაბიშვილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მან მაშინ ბევრი რამ გადაიტანა, მაგრამ ზეწოლას გაუძლო, ამის გამო ძალიან დიდ პატივს ვცემ.
ივანიშვილისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ პოლიტიკაში იგი სრულიად არაადეკვატურია.
_ პოლიტიკაში მისი არაადეკვატურობა რაში გამოიხატება?
_ „ქართული ოცნების“ იმ ნაწილში, რომელიც პირადად მის გუნდად აღიქმება, მის გარეშე ნაბიჯს არ დგამენ. ისეთ წვრილმანებს არ წყვეტენ დამოუკიდებლად, რომ გაგეცინებათ.
იმას კიდევ არ უნდა არაფერი, ის თავისთვის არის, არც წვრილმანებზე ამბობს რამეს და არც _ მსხვილმანებზე.
ალალად თქვა, კვირიკაშვილს რომ ხსნიდა მაშინ, _ აგერ ის და მითხრას, რამდენჯერ დავურეკე იმ წლებში, როცა პრემიერ-მინისტრი იყოო.
_ თქვენ გჯერათ მისი და გინდათ თქვათ, რომ კვირიკაშვილს არ ურეკავდა და მას სრული თავისუფლება ჰქონდა?
_ მე მჯერა მისი. დამიჯერეთ, მართლაც ასე იყო. ჭირივით ეზარება ასეთ საქმეებთან გაკარება. მას ურჩევნია, თავისთვის იყოს.
_ თუ თავისთვის არის და ეს ყველაფერი ჭირივით ეზარება, რატომ მიდის საუბარი იმაზე, რომ ის არის ქვეყნის არაფორმალური მმართველი და ყველა წვრილმანი მასთან თანხმდება?
_ ივანიშვილი არ ითხოვს, რომ გნებავთ, წვრილმანი და გნებავთ, მსხვილმანი საკითხები მასთან შეათანხმონ. კარგად ვიცი მისი დამოკიდებულება და გეუბნებით, ჭირივით ეზარება მას ეს საქმე.
ქვეყნის მართვა თქვენ იოლი გგონიათ. მართვას უნდა ყოველდღიურად, მინიმუმ, ათსაათიანი მუშაობა. ეგ ამბავი მე მკითხეთ. შევარდნაძის დროს კანცელარიის უფროსი ვიყავი. იქ შევდიოდი, დილის 9 საათს რომ 10 წუთი უკლდა და იქიდან, ლამის, 12 საათზე გამოვდიოდა. მხოლოდ კვირა დღეს შემეძლო ცოტა ხნით ოჯახთან ერთად გავლა.
ასევე იყო შევარდნაძე. სანამ ფორმაში გახლდათ, ასეთი ტემპით და რეჟიმით მუშაობდა.
შარშან ზაფხულში, როცა კვირიკაშვილის საკითხი წყდებოდა, ივანიშვილმა თქვა, „იუნისეფის“ განცხადება რომ წავიკითხე, საქართველო გაღატაკდა და ბავშვები შიმშილობენო, სამი დღე ცუდად ვიყავიო.
ამ განცხადებიდან 3 თვეში ამბობს, ახლა რომ აყვავებაა, ასეთი არ ყოფილა, ასეთ შედეგს ჩვენ თვითონ არ ველოდებოდითო. ისიც დაამატა, საკმარისია, „რუსთავი 2“ გამოვრთოთ და ყველა დაინახავს ამ შედეგსო. შე კაი კაცო, სამი თვის წინ ამბობდი, რომ სამი დღე ცუდად ვიყავი, ბავშვების შიმშილობის ამბავი რომ გაიგე და სამ თვეში როგორ გამოსწორდა ეს ამბავი? ხომ ბუნებრივად ჩნდება ეს კითხვა? ივანიშვილი ორივე შემთხვევაში გულწრფელად ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა.
_ რანაირად არის ორივე შემთხვევაში გულწრფელი?
_ დამიჯერეთ, ორივე შემთხვევაში ალალი იყო, მას ასე დაანახეს სურათი. მისი განცხადება გულწრფელი იყო.
ივანიშვილი, ერთგვარი, ფენომენია და ამის დამადასტურებლად რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ:
მიმდინარე წლის 20-21 ივნისის ღამე ხომ გახსოვთ, რას უშვრებოდნენ პოლიციას, თავში ურტყამდნენ არმატურებს, ართმევდნენ ფარებსა და ხელკეტებს. მერე თავად პოლიცია გამოათრიეს, ამცირებდნენ და ასე აბრუნებდნენ უკან.
ამას პოლიცია უყურებს, არაფერს აკეთებს და ამით კანონს არღვევს. პოლიცია ვალდებულია, რომ როცა კანონსაწინააღმდეგო მოქმედება ხდება, მაშინვე მიიღოს ზომები და უკანონობა აღკვეთოს.
აბა, ნახეთ, რას უშვრებიან დემონსტრანტებს საფრანგეთსა და ესპანეთში. აბა, გაეკარე ან პოლიციელისთვის ხელის მოკიდება გაბედე.
ვიღაც იკითხავს, _ გახარიამ რატომ არ იმოქმედაო? მართალია, შს მინისტრი იყო, მაგრამ იმ მომენტში მას არავინ არაფერს ეკითხებოდა. ყველა ივანიშვილისგან ელოდა მითითებას.
მისგან მოვიდა დაშლის ნებართვა, მან დაუბარა თავის მინისტრებს, რომ საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ, რეზინის ტყვიებიც გამოეყენებინათ.
მაშინ პოლიციამ ძალიან სპონტანურად იმოქმედა, მეგაფონებით არ გააფრთხილა ხალხი, ისე დაიწყო დაშლა. მაშინდელმა პრემიერმა ბახტაძემ წინდაუხედავი განცხადება გააკეთა დაშლამდე შვიდი წუთით ადრე, _ ჩვენ არ ვართ სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს რეზინის ტყვიებს ესვრისო.
ასეთივე გაუაზრებელი იყო პანკისში შესვლაც. იმ დღეს საქართველო დიდ უბედურებას გადაურჩა.
სუიციდური იყო მარიხუანის კანონზე საუბრის დაწყება საპრეზიდენტო არჩევნების წინ. დამიჯერეთ, ამაში ივანიშვილს არანაირი დაინტერესება არ ჰქონია.
_ დაინტერესება როგორ არ ჰქონდა? თავად არ იყო კანაფის კულტივაციის ინიციატორი?!
_ დამიჯერეთ, არ ჰქონდა. გუნდთან სანდო კაცი მივიდა და იმან უთხრა უმრავლესობას, _ ბიძინა ამას მხარს უჭერს და კანაფის კულტივაცია საქართველოს დიდ სარგებელს მოუტანსო. ივანიშვილს არც კაზინოებთან და არც ამ კანონთან ფინანსურად საერთო არაფერი აქვს.
ვიღაცას ხომ უნდა ეთქვა ივანიშვილისთვის, _ ბიძინა, გადავაგოროთ საპრეზიდენტო არჩევნები და მერე დავიწყოთ ამ თემაზე საუბარიო. ამის გაკეთება ვერავინ აიღო საკუთარ თავზე. მათ რაკი სანდო კაცისგან მოისმინეს ეს ამბავი, ჩათვალეს, რომ „ხაზეინს“ ასე უნდა, ამიტომ შეწინააღმდეგება ან რჩევის მიცემა ვერავინ გაბედა.
ივანიშვილისთვის სიმართლის მთქმელი არავინ არის, ეს მისთვის დამღუპველია, მაგრამ ვერაფერს იზამ, ეს მისი ხასიათიდან გამომდინარეობს.
_ არ უყვარს როცა სიმართლეს ეუბნებიან?
_ აქ მარტო სიყვარულზე არაა საუბარი. მას სიმართლის თქმას ვერავინ უბედავს. ამ მხრივ რადიკალურად განსხვავებული იყო შევარდნაძე. ის მირეკავდა და მეუბნებოდა, _ ხომ იცი, გენდობი და სიმართლე მითხარი, არ დამზოგოო. ასე ურეკავდა კიდევ რამდენიმე სანდო პირს. მერე შეგვკრებდა და უკვე ერთად გვესაუბრებოდა იმ თემაზე.
„ქართულ ოცნებაში“ მსგავსი არაფერი ხდება. ივანიშვილმა რომც იკითხოს, როგორ არის საქმეო, მაგაზეც არ უპასუხებენ. ჩუმად არიან, რადგანაც არ იციან, რა უთხრან. იმაზე ფიქრობენ, ნეტავ, რისი მოსმენა უნდა უფროსს.

შორენა მარსაგიშვილი