აგენტურიდან ოკუპაციამდე, ანუ ბინძური რუსული თამაშები

მცოცავი ოკუპაციის პარალელურად, ოკუპანტი რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს სეპარატისტებთან ერთად ატარებს. ამის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

„წვრთნების ამოცანას მთასა და ზღვის სანაპიროზე პირობითი მტრის დანაყოფების შეპყრობა და განადგურება წარმოადგენს. წვრთნებში 1000-მდე სამხედრო მოსამსახურე და 150 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, საბრძოლო ვერტმფრენი „ალიგატორი“ და მრავალფუნქციური ვერტმფრენი „ტერმინატორი“, _ ნათქვამი იყო ზემოხსენებულ ინფორმაციაში.
ზოგადად, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კრემლი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს ატარებს. ასე, მაგალითად, კრემლმა აფხაზეთში სამხედრო წვრთნა მიმდინარე წლის გაზაფხულზეც, კერძოდ, აპრილშიც ჩაატარა. მაშინ ამას თბილისში გამოხმაურება მოყვა. ყოველ შემთხვევაში, პროდასავლურმა ოპოზიციამ ამ წვრთნებს კრემლის მიერ ძალის მორიგი დემონსტრირება უწოდა. სხვათა შორის, ეს ის შემთხვევა გახლდათ, როცა ოპოზიციას ხელისუფლებაც დაეთანხმა და თქვა, რომ ოფიციალური მოსკოვი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევდა.
„არც იმაშია ახალი არაფერი, რომ მსოფლიო მასშტაბის გლობალური დაპირისპირება მიმდინარეობს, სადაც საქართველო და კავკასიის რეგიონი არის ერთ-ერთი სერიოზული სეგმენტი. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს პოლიტიკა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თავს, როგორც სტაბილურობისკენ ორიენტირებულს. არ მგონია, რომ ეს მარტო ჩვენი შეფასება იყოს. საერთაშორისო თანამეგობრობა ასეთ პოლიტიკას უჭერს მხარს, სადაც რუსეთთან საუბარსაც აქვს გარკვეულ შევიწროებულ ფორმატში ადგილი და ასევე ინტენსიურ სვლას დასავლეთის ინტეგრაციის გეზით.
ასე რომ, ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია ამ მიმართულებით უნდა იყოს უცვლელი.
რაც შეეხება რუსეთის აგრესიული პოლიტიკის თემას, იგი კვლავ დღის წესრიგშია და ვფიქრობ, მისი ეკონომიკისთვის სერიოზულ შედეგებს განაპირობებს. მსოფლიო დამოკიდებულება საკმაოდ აგრესიულია და სამართლიანია ასეთი პოლიტიკის მიმართ, რაც რუსეთს აქვს“, – უთხრა მაშინ მედიას „ოცნების“ ერთ-ერთმა მთავარმა სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
სხვათა შორის, ახლანდელისგან განსხვავებით, აპრილში ჩატარებული რუსული სამხედრო წვრთნები გაცილებით მასშტაბური იყო, ანუ მაშინ სამხედრო სწავლებაში 3000-მდე რუსი და აფხაზი ჯარისკაცი, ასევე 400-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა. ამას გარდა, სწავლებაში ავიაცია და საზღვაო ფლოტიც იყო ჩართული.
მოკლედ, ყოველივე ეს მოწმობს, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში იმას აკეთებს, რაც მოეპრიანება და აქედან გამომდინარე, შესაძლოა, საგანგაშო არც ახლანდელი წვრთნები იყოს, მაგრამ პოლიტიკაში, როგორც ცნობილია, დიდი მნიშვნელობა აქვს კონტექსტს. ეს კონტექსტი კი, აპრილისგან განსხვავებით, ძალიან დამაფიქრებელია, ანუ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ წვრთნების პარალელურად, რუსეთის პრემიერი, დიმიტრი მედვედევი, კიდევ ერთხელ დაგვემუქრა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება საფრთხის შემცველია და დასძინა, ქვეყანა, რომელსაც შიდა კონფლიქტები აქვს, ნატომ არ უნდა მიიღოსო.
„საქართველოსა და უკრაინაში ვითარება მარტივი არ არის. არავინ უარყოფს, რომ რუსეთს საკუთარი უსაფრთხოების დაცვა სურს. ჩვენ დიდი და ბირთვული ქვეყანა ვართ და ჩვენს საზღვრებთან ნატოს ბაზების განთავსება გვაშფოთებს. ჩვენ ამას სამხედრო და პოლიტიკური გზით ვუპასუხებთ.
როდესაც ნატო იმ ქვეყნების მიერთებას ცდილობს, რომლებსაც შიდა კონფლიქტები აქვთ, ეს თავად ნატოს წესდებას ეწინააღმდეგება და ამან სერიოზული შედეგები შეიძლება მოიტანოს“, _ თქვა მედვედევმა სერბული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ისე, შეიძლება, ზოგი გამოვიდეს და რიტორიკულად იკითხოს, _ ამ ნატოს რას გადაეკიდეთ, ხომ ხედავთ, მაინც არ გვიხსნის კარს და რუსეთს ტყუილად რატომ აღიზიანებთო?! შეიძლება, ამ მოსაზრებაში ვინმემ ლოგიკა დაინახოს, მაგრამ ეს ლოგიკა თითიდან გამოწოვილი იქნება, რადგან რუსეთი, ვინმეს მოსწონს თუ არა, ოკუპანტია, შესაბამისად, მასთან „პოლიტიკური კურკური“ უფრო მეტ საფრთხეს გვიქმნის, ვიდრე, ვთქვათ, ნატოსკენ და, ზოგადად, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვა. თუმცა „ზევით“, როგორც ჩანს, ყველა ასე არ ფიქრობს და ალბათ, ამიტომაც ვერ ხედავს მავანი პრობლემას, ვთქვათ, საქართველოსა და რუსეთის საგარეო მინისტრების შეხვედრაში, ან იმაში, რომ „დუმელი“ გავრილოვი საქართველოში ჩამოვიდა და ჩვენი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში „უპარდონოდ“ ჩაბრძანდა, ანუ გავრილოვის ამ ნაბიჯმა კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ კრემლი საქართველოს თავის გუბერნიად მიიჩნევს და ისე მოიქცევა, როგორც მოეპრიანება.
აი, სწორედ ამ კონტექსტებიდან გამომდინარე საგულისხმოა ის, რაც აფხაზეთში ხდება. პარალელურად, არც შიდა ქართლში შექმნილი ვითარება უნდა დავივიწყოთ, სადაც ე. წ. მცოცავი ოკუპაცია უკვე მასშტაბურ სახეს იღებს და ერთ არამშვენიერ დღეს შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ოკუპანტები _ არც მეტი, არც ნაკლები _ პირდაპირ მცხეთასთან განლაგდნენ. აი, საკითხავია, როგორ მოვიქცევით ასეთ დროს და, ზოგადად, უნდა გვქონდეს თუ არა ცივილიზებული დასავლეთის იმედი?
ჯობია, რეალობას თვალი გავუსწოროთ და პირდაპირ ვთქვათ, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. არ არსებობს თუნდაც იმიტომ, რომ იგივე დასავლეთს ან, სულაც, აშშ-ს თავისი პრობლემები აქვს, ანუ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, „ჩრდილოეთურ დერჟავასთან“შესაძლოა, არავინ გაიფუჭოს საქმე.
სწორედ ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ქართული ინტელექტუალური საზოგადოების უდიდესი ნაწილი გონივრულ ეჭვს გამოთქვამს, რომ თუ კარდინალური ცვლილებები არ გატარდა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების კულმინაცია თბილისის თავზე რუსეთის ფედერაციის დროშის აფრიალებით დასრულდება. ეს ვინმესთვის, შესაძლოა, ხატოვანი ნათქვამია, მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რუსული ე. წ. მცოცავი აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. მეტიც: უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე თვლის, რომ ქართული მხარის ცალკეული განცხადებები კრემლის გეგმების ფარული ხელშეწყობაა.
რა გეგმა აქვს პუტინს და რას ნიშნავს ამ გეგმის ხელშეწყობა? – ამ კითხვის საპასუხოდ უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე „ქრონიკა+“-ს ეუბნება, რომ ოკუპაციაზე საუბრის დროს მხოლოდ მედია კი არა, პოლიტიკური ვერტიკალიც სერიოზულ შეცდომას უშვებს, ანუ ფორჩხიძის თქმით, არასწორია, როცა ე. წ. საზღვრის გადმოწევაზე საუბრობენ.
„ეს საზღვარი კი არა, საოკუპაციო ზოლია, თუმცა ჩვენები ამას ყურადღებას არ აქცევენ და გაიძახიან, საზღვარიო. ე. ი., თუ საზღვარია, მაშინ ოფიციალური თბილისი კრემლისგან ოკუპირებული ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სუვერენიტეტს აღიარებს?“ – კითხულობს უსაფრთხოების ექსპერტი და ამ კონტექსტში ე. წ. აფხაზეთის რკინიგზის თემასაც ეხება, რომლის თაობაზეც ბოლო დროს, პრინციპში, განცხადებები არ კეთდება:
„რკინიგზა სახმელეთო ოკუპაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დასაყრდენია. კი ბატონო, აფხაზეთი ოკუპირებულია და, ძალიანაც რომ მოგვინდეს, იქ ვერაფერს შევცვლით, მაგრამ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენას თავისი მისია აქვს. უფრო სწორად, ეს ტესტია – თუ ამას საქართველოს ხელისუფლება „გაატარებს“ და ხმას არ ამოიღებს, საერთაშორისო საზოგადოებამ რამდენიც უნდა აპროტესტოს, პუტინი იტყვის, თქვენ რა განაღვლებათ, ქართველები არაფერს ამბობენო.
ისე, როცა აფხაზეთში რუსეთის სამხედრო წვრთნებზე ვსაუბრობთ, რკინიგზასთან ერთად, ერთ რამესაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ანუ, ჩემი აზრით, აფხაზეთში სამხედრო წვრთნები ანტურაჟია და მთავარია შავი ზღვის აკვატორია. დიახ, მგონია, რომ ამ წვრთნებს დაზვერვითი სახე აქვს, ანუ კრემლს სურს შექმნას ილუზია, რომ მთელ შავ ზღვას აკონტროლებს და ამით უნდა, მხოლოდ საქართველოს კი არა, უკრაინის ხელისუფლებაც მორალურად გატეხოს“.
სიტყვამ მოიტანა და აფხაზეთის რკინიგზაზე, რომელიც ბოლო დროს აქტუალური არ არის, „ქრონიკა+“-ს კულუარებში ეუბნებიან, რომ ამ საკითხზე ოფიციალურ თბილისსა და ოფიციალურ მოსკოვს შორის შესაძლოა, გარკვეული გარიგება დიდი ხნის წინ დაიდო, რაც, საბოლოო ჯამში, დიდ ბიზნესინტერესებს უკავშირდება.
„ოცნებაში“ რუსეთზე მომუშავენი ბევრნი არიან. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ როგორც სააკაშვილის დროს, ახლაც, სახელმწიფო უწყებები „ფსბს“ აგენტებით არის სავსე. მაქვს პირველადი ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანი გამოვიდა ინიციატივით, მოსკოვში წავალ და სიტუაციას დავალაგებო. თუმცა, როგორც ვიცი, ეს მცდელობა არცთუ წარმატებული აღმოჩნდა“, – ეუბნება „ქრონიკა+“-ს ინფორმირებული ადამიანი, რომელიც, გარკვეული მოსაზრებების გამო, გვთხოვს, რომ მისი ვინაობა არ დავასახელოთ.
იმას, რომ ხელისუფლებასა და, ზოგადად, მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რუსული გავლენების ქვეშ მყოფი პერსონები არიან, ამას არც უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე უარყოფს. მეტიც, ფორჩხიძის თქმით, იმ დროს, როცა საქართველოს დასავლეთისა და ნატოსკენ სწრაფვა აქვს დეკლარირებული, თავდაცვის სამინისტრო რუსეთის აგენტებით არის გამოტენილი“.
კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს უცხო, ამ შემთხვევაში, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი რუსეთის აგენტის გამოვლენა, კონსტანტინე ფორჩხიძე გვპასუხობს:
_ ამაზე სპეცსამსახურებმა უნდა იზრუნონ.
_ ანუ აგენტის გამოვლენის მზა რეცეპტი არ არსებობს?
_ არა.
საერთოდ, კონტრდაზვერვა ერთჯერადი აქტი კი არა, პროცესია…
_ ისე, პირადად თქვენ, როცა უშიშროებაში მუშაობდით, რომელიმე უცხო ქვეყნის აგენტი თუ გამოგივლენიათ?
_ ფაქტზე არავინ დამიკავებია, მაგრამ არსებობდა ფიქსირებული ვიდეო-აუდიო მასალები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ესა თუ ის პირი რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირზე იმყოფებოდა. შესაბამისად, მის მიმართ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ვატარებდით.
_ „პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება“ რას მოიცავს?
_ თუ ასეთი „ტიპი“ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს, მისი ჩამოცილება უნდა მოხდეს, რითაც აგენტის გავლენა შემცირდება და ძირგამომთხრელი საქმიანობის შანსიც ნაკლები იქნება.
_ უცხო ქვეყნის აგენტი, უეჭველი, სახელმწიფო სამსახურში უნდა მსახურობდეს?
_ არა, მაგრამ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის აგენტი ღირებული მაშინაა, როცა მას საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა აქვს და მისი დამუშავება შეუძლია.
_ აგენტურაში ე. წ. დონეები არსებობს? ვთქვათ, პირველი კლასის აგენტი და ა. შ.?
_ არა…
სპეცსამსახური ჩვეულებრივი კონფიდენციალური წყაროს, გნებავთ, აგენტის გარეშე ვერ იარსებებს, თუმცა არსებობს გარკვეული გრადაცია _ არსებობენ ერთჯერადი ინფორმაციის მომპოვებელი აგენტები, ასევე „დამუშავებაში შესაყვანი“ აგენტები და ა. შ.
მთავარი არაა ოპერატიული კავშირის დამყარება _ ადამიანი შეიძლება, გადაიბირო, მაგრამ თუ არ აღზარდე, ანუ არ ასწავლე, ინფორმაცია როგორ უნდა მოიპოვოს და დაამუშაოს, არაფერში გამოგადგება. ასევე აგენტმა ის მეთოდიც უნდა იცოდეს, თუ როგორ არ უნდა გაიშიფროს…
_ ყოფილი აგენტები არსებობენ?
_ არა.
არსებობს ტერმინი „არქივული აგენტი“ _ თუ ადამიანი გარდაიცვალა ან რაღაცის გამო აღარ მუშაობს, სპეცსამსახური ურთიერთობას წყვეტს, თუმცა მის საქმეს აარქივებს…
_ აგენტი სპეცსამსახურმა შეიძლება, მხოლოდ ერთხელ გამოიყენოს და „შეეშვას“?
_ არა.
სხვათა შორის, წინა ხელისუფლებაში საბჭოთა „სუკის“ არაერთი „არქივული აგენტი“ იყო და ვინმე დამარწმუნებს, რომ „კაგებეს“ სამართალმემკვიდრე „ეფესბე“ მათ არ იყენებდა?
ისე, „დუბლიაჟიც“ ხდებოდა.
_ „დუბლიაჟი“ რა არის?
_ იმ საქმის ერთი „დუბლიკატი“, რომელიც საქართველოში იკერებოდა, მოსკოვში იგზავნებოდა და იქ ინახებოდა.
ამიტომაც ვამბობ, ვერავინ დამარწმუნებს, რომ „ეფესბე“ ამ „არქივულ აგენტებს“ არ იყენებს!
საერთოდ, „გერეუს“ აგენტურა საქართველოს უშიშროების სამსახურისთვის უცნობია.
_ „გერეუ“, უხეშად რომ ვთქვათ, რუსეთის სამხედრო დაზვერვაა, არა?
_ დიახ.
_ „გერეუსთან“ კავშირზე მხოლოდ სამხედროები არიან?
_ არა.
მაგალითად, „გერეუსთან“ კავშირზე საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების გარშემო მცხოვრები მოსახლეობაც იყო…
_ ისე, ბატონო კოტე, აგენტს გარეგნულად ეტყობა, რომ აგენტია?
_ მიამიტური კითხვაა.
_ ვიცი, მაგრამ იქნებ, მიპასუხოთ.
_ არა, რა უნდა შეეტყოს?!

როგორც ფორჩხიძე გვეუბნება, ოკუპაცია და აგენტურის მუშაობა პირდაპირ კავშირშია, ანუ რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირზე მყოფი ადამიანების მეშვეობით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება ან საზოგადოებრი აზრი ფორმირდება, თუნდაც ოკუპაციასთან შეგუება. შესაბამისად, ოკუპაციაზე მხოლოდ ლაპარაკი არაფრის მომტანია, თუ ამას ქმედითი ნაბიჯები არ მოყვება.
რა შეიძლება იყოს ეს ქმედითი ნაბიჯები? _ ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ე. წ. მცოცავ ოკუპაციაზე საქართველომ _ როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ _ საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა ჩააყენონ საქმის კურსში, თუნდაც საოკუპაციო ხაზთან აქციების გამართვით სასურველი შედეგი არ დადგეს. ანუ კრემლი ის ჩიტი არ არის, რომ შეეშინდეს ატოციდან თუ სხვა სოფლებიდან ახალგაზრდების ჩასვლის და მათი სკანდირების: „რუსეთი ოკუპანტია!“
სხვათა შორის, როცა აგენტებზე ვსაუბრობთ, საყურადღებოა, რომ 2012 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა, რუსეთის ან რომელიმე უცხო ქვეყნის ინტერესებზე მომუშავე ადამიანი არ გამოვლენილა. არადა, იგივე სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ეს თემა ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.
თუ ასეა, ჩნდება ბუნებრივი კითხვა: რატომ არ ამხელენ უცხო ქვეყნის აგენტებს?
ზოგადად, აგენტომანია თანამედროვე საქართველოს ერთგვარი სენია, ანუ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, პოლიტიკური აქტიორები ერთმანეთს სწორედ აგენტობაში ამხელდნენ და ამხელენ. იგივე წინა კვირას ამ თემაზე პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამაც იჩხუბა. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მასზე გარკვეული ეჭვი მიიტანეს.
„ვცდილობ, თავი არ დავიკომპლექსო იმ ადამიანების შეგონებებით, რომლებიც რუსული ტანკი რომ დაიქოქება, იმ წუთას მანქანას აზერბაიჯანისკენ ქოქავენ. იმედია, თქვენთან არ არის ეს ამბავი“, _ ეს ფრაზა პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ თქვა, რასაც ბოკერიას რეპლიკა მოყვა:
„მოღალატეობას მაბრალებთ? სირცხვილია!“
„ბატონო გიგა, თქვენს თავზე რატომ იღებთ? შეურაცხყოფები თქვენ რომ იცით, ისეთი უნდა, თან უსაფუძვლო“, – უპასუხა კაკულიამ ბოკერიას.
სხვათა შორის, აგენტების თემაზე რამდენიმე წლის წინ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა „ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ. ამ სტატიაში ნათქვამი იყო:
„საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ქართველ პოლიტიკოსებს წესად ექცათ ერთმანეთის დადანაშაულება ყველა ამქვეყნიურ ცოდვაში. მართალია, 20 წლის წინათ შემოსული ზოგიერთი სტერეოტიპი ამჟამად მოდაში აღარ არის, მაგრამ ერთმანეთისთვის რუსეთის აგენტობის დაბრალება დღესაც აქტუალურია, რაც ხშირ შემთხვევაში სრულიადაც არ არის საფუძველს მოკლებული.
1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ძალაუფლებისთვის ბრძოლა გააჩაღეს, გუშინდელმა თანამებრძოლებმა ერთმანეთი ყველა მიწიერ ცოდვაში ამხილეს, დაწყებული სუკ-ის აგენტობით, დამთავრებული სამშობლოს მოღალატეობით.
1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს აწარმოებდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ქართველი პოლიტიკოსებისთვის, ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში იმავე რუსეთის სამხედრო ძალა და გავლენა გამოეყენებინათ. საქართველოს ხელისუფლებაში „მრგვალი მაგიდის“ მოსვლის შემდეგ, შეიარაღებული ოპოზიცია, „მხედრიონის“ სახით, სწორედ რუსების დახმარებით მოიშორეს თავიდან. შავნაბადაზე „მხედრიონის“ ბაზა შტურმით აიღეს რუსების სპეცდანიშნულების რაზმებმა ე. წ. ღამურების პოლკის მეთაურობით. ამ ოპერაციაში ათობით რუსული ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა მონაწილეობდა. როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ რუსებს ამ საქმეში ფულიც გადაუხადა.
მოსკოვმა მოახერხა სამაჩაბლოში ოსებსა და ქართველებს შორის სისხლისღვრის პროვოცირება. კრემლი აშკარად უჭერდა მხარს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში შექმნილ ფაშისტურ ორგანიზაციებს _ „ადამონ ნიხასისა“ და „აიდგილარას“ სახით.
შემდეგ იყო „გეკაჩეპეს“ ამბოხება მოსკოვში და საქართველოს ეროვნული გვარდიის გაუქმება იმდროინდელი პრეზიდენტის მიერ, რასაც ამ გვარდიის ამბოხება და თბილისის ომი მოყვა, რომელშიც რუსები იარაღით ამარაგებდნენ მოწინააღმდეგეებს და ამბოხებულებს უჭერდნენ მხარს.
თბილისში სამხედრო გადატრიალების წარმატების შემდეგ, როდესაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ იყო განწყობილი, რუსებმა კარგი საბაბი გამონახეს საქართველოში მდგომარეობის შემდგომი დესტაბილიზაციისთვის.
მოსკოვი სამაჩაბლოში უკვე არსებული დაპირისპირების პარალელურად აფხაზი სეპარატისტების ხელით აწარმოებდა სამეგრელოში დაუმორჩილებლობის მოძრაობის მხარდაჭერას. ასეთ ვითარებაში საქართველოს სახელმწიფო საბჭომ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო და, ოფიციალური ვერსიით, აფხაზეთში სატრანსპორტო მაგისტრალების დასაცავად შეიარაღებული დაჯგუფებები შეიყვანა. ამას მოყვა სისხლიანი დაპირისპირება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან, რომლებიც კრემლის ხელში უბრალო იარაღად გადაიქცნენ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომში. საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად, სოხუმის დაცემის შემდეგ, საქართველოში ახალი ძალით განახლდა სამოქალაქო ომი, რომელიც იმავე რუსების ჩარევით შევარდნაძის ხელისუფლების გამარჯვებით დამთავრდა. სამაგიეროდ, რუსეთის საოკუპაციო ჯარებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გაეროს სამშვიდობოების მანდატით მოქმედების საშუალება მიეცათ, საქართველომ კი დსთ-ში ამოჰყო თავი.
ამის შემდეგ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების სათავეში პირდაპირ რუსების აგენტები მოვიდნენ და უკვე ღიად ლაპარაკობდნენ საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების 25 წლით დატოვების შესახებ. რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის შედეგებმა განაპირობა კიდეც მოსკოვის პოლიტიკური კურსის კრახი სამხრეთ კავკასიაში და ამ რეგიონში დასავლეთის სახელმწიფოების უფრო აქტიური მოქმედება. საქართველო გადაიქცა უცხოეთის სპეცსამსახურების გაძლიერებული ინტერესის ობიექტად.
ამის შემდეგ საქართველოში, ფაქტობრივად, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის არარსებობის გამო, საერთოდ შეუძლებელი გახდა იმის გარკვევა, ვინ ვისი აგენტი იყო, თუმცა პარტიებს შორის მიმდინარე ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში რუსეთის აგენტობაში დადანაშაულება კვლავაც ერთ-ერთ მრისხანე იარაღად რჩებოდა.
სამწუხარო ფაქტია, რომ თავის დროზე ძალაუფლებისთვის ბინძური ბრძოლის ფარგლებში საქართველოში არ დარჩენილა პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთის აგენტობაში არ დაედანაშაულებინათ… აფხაზეთში ომის წაგებისა და რუსეთის ხელისუფლებასთან მომხდარი გარიგების წყალობით, ხელისუფლების სათავეში დარჩენილი შევარდნაძეც კი თავის ოპონენტებს სამშობლოს ღალატის ბრალდებით აპატიმრებდა“.
ერთი სიტყვით, ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ ოკუპაცია და აგენტურა განუყოფელი ცნებებია. ასე რომ, თუ გვინდა, რომ რუსულ ჩექმას თავი ოდესმე დავაღწიოთ, მინიმუმ, ბალტიისპირეთს უნდა მივბაძოთ და თუ საბჭოთა აგენტურას საჯაროს არ გავხდით, ის მაინც უნდა შევძლოთ, კრემლთან კავშირზე მყოფი სუბიექტები საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ვერ მოხვდნენ. სხვა შემთხვევაში, რუსები სამხედრო წვრთნებს აფხაზეთში კი არ ჩაატარებენ, არამედ, ალბათ, მართლაც, მცხეთამდე მოვლენ და თავიანთ ბლოკპოსტებს მტკვრისა და არაგვის შესართავთან განალაგებენ!

გიორგი აბაშიძე