„ნაჯახებს ავიღებთ და ვენახს გავჩეხავთ!“

ხელისუფლება თავს იწონებს, მართალია, შარშანდელივით _ არა, მაგრამ წლევანდელი რთველიც წარმატებული იყოო, თუმცა ეს ის შემთხვევაა, რომელზეც ამბობენ ხოლმე, ფიცი მწამს, ბოლო _ მაკვირვებსო. ყოველ შემთხვევაში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში ჩასულ „ქრონიკა+“-ს აბსოლუტურად სხვა რეალობა დახვდა.
როგორია ეს რეალობა? _ მარტივად რომ ვთქვათ, მწარე, ანუ გლეხები იმას უჩივიან, რომ ყურძენს ფასი არ აქვს, ე. ი. სახელმწიფო ღვინის ქარხნები წვალებით მოყვანილ ერთ კილოგრამ ყურძენში 70 თეთრზე მეტს არ იხდიან!

ისე, მოკლე მეხსიერება პოლიტიკოსებს აქვთ, თორემ ხალხს არაფერი ავიწყდება და ცხადია, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდიც, ე. ი., ის დრო კარგად ახსოვს, როცა „ოცნება“ კარდაკარ დადიოდა და, იაფ ფულსა თუ სხვა სიკეთეებთან ერთად, გლეხებს იმასაც ჰპირდებოდა, როგორც კი ხელისუფლებაში მოვალ, ყურძენი ლარი აღარ ეღირებაო.
შვიდი წელია, „ოცნება“ ხელისუფლებაშია, მაგრამ ყურძენი კი არ გაძვირდა, პირიქით, გაიაფდა და ამის დასტურად წლევანდელი რთველიც გამოდგება _ როგორც ზემოთ ვთქვით, წელს ერთ კილოგრამ საფერავს ღვინის ქარხნები 70 თეთრად იბარებდნენ და ეს მაშინ, როცა 2012 წელს იგივე რაოდენობის ყურძენში ლარს იხდიდნენ, რასაც სუბსიდიაც ემატებოდა.
სხვათა შორის, წელს ყურძნის ფასი თავად სახელმწიფომ დააგდო, ანუ ერთ კილოგრამ საფერავში 70 თეთრის გადახდა სახელმწიფო ღვინის კომპანიებმა დაიწყეს და კერძო კომპანიებმაც, ბუნებრივია, მათ მხარი აუბეს.
ყველაფერ აქედან გამომდინარე, თოხლიაურის მოსახლეობა ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ვაზი გაჩეხოს.
სხვათა შორის, გლეხების უმეტესობა პრობლემებზე ღიად საუბრისგან თავს იკავებს და მიანიშნებს, რომ თუ საკუთარ გასაჭირს საქვეყნოდ იტყვის, ამის გამო პრობლემები შეექმნება. ამ მხრივ უშიშარი არც ჩვენი რესპონდენტი, 50 წელს გადაცილებული ქალბატონია, თუმცა მან გაბედა და მაინც დაგველაპარაკა.
მაშ, ასე! „ქრონიკა+“ კახელი ქალის გულისტკივილს შეულამაზებლად გთავაზობთ.
ქეთევანი:
_ გლეხი ცდილობს, ყურძენი ცოტა მეტად გაყიდოს, რომ იქნებ, ხარჯი მაინც აანაზღაუროს.
ვენახის წამალი ძალიან ძვირი ღირს და წელიწადში რვა-ცხრაჯერ იწამლება. თითო წამლობა, ჰექტარი, 600 ლარი ჯდება და თუ გლეხმა მოსავალი ცოტა სარფიანად არ გაყიდა, არაფერი რჩება.
_ ყურძენს სარფიანად ვერ ყიდით?
_ ვერა.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ მარანი ყურძენს აღარ იბარებს.
_ რატომ არ იბარებს?
_ არ ვიცი… ალბათ, საკმარისი რაოდენობის მიიღო, თუმცა ისეთი შემთხვევებიც არის, როცა ფასებს აგდებენ.
_ არადა, ხელისუფლება ამბობს, წელსაც, შარშანდელივით, რთველი წარმატებული იყოო.
_ არანაირი წარმატებული არ ყოფილა!
საერთოდ, გლეხი კაცისთვის წარმატებული არასოდეს არაფერი არ არის!
ხალხი გზაზე დგას, ათენებს და აღამებს, რომ კლიენტი დაიჭიროს და ცოტა მეტი მოგება დარჩეს.
_ სახელმწიფო ღვინის ქარხნები ყურძენს წელს რამდენად იბარებდნენ?
_ 70 თეთრად, თუმცა შეიძლება, ეთქვათ, სიტკბო არ აქვსო და უფრო დაბალ ფასადაც ჩაებარებინათ.
_ ანუ ისედაც დაბალ ფასს ხელოვნურად აგდებდნენ?
_ დიახ.
_ ამას რით ხსნით, ეს რამე მაფიაა?
_ ალბათ, არ ვიცი…
საერთოდ, ხალხი ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ყველაფერს ხმამაღლა ნამდვილად ვერ ვიტყვი.
_ რატომ ვერ იტყვით, გეშინიათ?
_ ჩვენს თქმაზე არაფერი არ არის და ლაპარაკს რა აზრი აქვს?..
ვენახები შაჰ აბასმა ვერ გაჩეხა და ახლა იმდენს იზამენ, რომ ხალხი თვითონ გაჩეხავს!
_ თუ ასე მოხდა, ამაში დამნაშავე ვინ იქნება?
_ ხელისუფლება!
_ ხელისუფლება რა შუაშია?
_ თუ ხელისუფლებამ ხელი არ შეუწყო, ხალხმა რა ქნას? _ ეს მოსავალი რომ მოიყვანა, სად წაიღოს?
_ ქალბატონო, შეგიძლიათ, ამიხსნათ, ხელისუფლება მევენახეებს ხელს რატომ არ გიწყობთ?
_ სახელმწიფო მარანი ყურძენს არ იბარებს და აი, ამიტომ.
_ სახელმწიფო მარანი რას გეუბნებათ, ყურძენს რატომ არ ვიბარებო?
_ გვეუბნება, კილოში 10-20 თეთრი რომ დაგრჩეთ, მეტი რაღა გინდათო?
_ ისე, 2012 წელს, როცა ხელისუფლება მოდიოდა, „ოცნება“ ამბობდა, ყურძენი, მინიმუმ, ერთი ლარი უნდა ღირდესო…
_ აბა, ღირს? ფაქტი ჯიუტია, რომ ყურძენი ლარი არ ღირს.
_ თქვენ, როგორც გლეხს, ხელისუფლებისთვის სათქმელი რა გაქვთ?
_ გლეხის შრომა ცოტა მეტად დააფასოს! გლეხს მეტი არაფერი უნდა!
თუ ჩემი მუშაობა არ დაფასდა, რა გავაკეთო? ყურძენი კაკალი ხომ არ არის, მომავალი წლისთვის რომ შევინახო?
ყურძნის მოყვანა იმდენად სანერვიულო არ არის, რამდენადაც დაკრეფა და ჩაბარება. ამაზე ძალიან ვნერვიულობთ…
მოკლედ, ხალხის შრომა ცოტა მეტად უნდა დაფასდეს!
_ ე. ი., ვენახს გლეხისთვის შემოსავალი არ მოაქვს?
_ ნამდვილად არა!
ხომ გითხარით, ვენახი შაჰ აბასმა ვერ გაჩეხა და შეიძლება, ხალხმა ახლა „ტაპორები“ აიღოს და გაჩეხოს!
საწვავია და, იმხელა ფასებზე ავარდა, რომ… ერთი ლიტრი „სალიარკა“ 2 და 40 ღირს. ხალხმა ადგილები რით უნდა დაამუშავოს? კარგი, დაამუშავა, მაგრამ მოსავალს ხომ დაბინავება უნდა? საჭიროა, რომ საწვავის ფასმა ცოტა მაინც დაიწიოს.
ხალხი ბევრს არ ითხოვს _ კი ბატონო, ყურძნის ფასი გინდაც ლარი იყოს, რქაწითელი მაინც.
_ ე. ი., ხელისუფლებას ხალხი ფეხზე კიდია?
_ დიახ, ფეხზე კიდია! პირდაპირ ვიტყვი და, რა ვქნა, თუ ამაღამ სახლში ვინმე მამივარდა.
_ რატომ უნდა მოგივარდეთ?
_ რა ვიცი…
_ ხალხში შიშია?
_ შეიძლება…
შვილიშვილების პატრონი ვარ და ვინმე რაიონიდან მოვიდეს და ბავშვები დამიწიოკოს, ასეთი რამ ნამდვილად არ მინდა.
_ ანუ ამის საფრთხე რეალურად არის?
_ კი…
არ ვიცი, რანაირად ვთქვა, მაგრამ კი ბატონო, ის სააკაშვილი არ ვარგოდა, გიჟია, გიჟიაო, ეგრე ნათლავდნენ, მაგრამ თუ რამე კარგი იყო, მე მახსოვს, რომ იმის გაკეთებული იყო შევარდნაძის მერე _ გზები დაიგო.
მახსოვს, მანამდე უშუქობაში ვიყავით და დენი რომ მოვიდოდა, ბავშვები სიხარულისგან ხტუნაობდნენ. მოკლედ, თუ რამე გაკეთდა, მაგის დროს გაკეთდა, ახლა კი არაფერი კეთდება.
_ ქალბატონო, პენსიონერი ხართ?
_ არა, ჯერ 54 წლის ვარ, მაგრამ ვნატრულობ, რომ პენსიამდე მალე მივიდე _ სამუშაო ადგილები არ არის და პენსია ხომ მაინც მექნება? კი ბატონო, მინდორში ვმუშაობთ, მაგრამ ჯერ ერთი, ეს სეზონური სამუშაოა, მეორეც, დღეში ყურძნის კრეფაში 30 ლარს გვიხდიან და ეს არაფერია. ამით ადამიანი ოჯახს ვერ შეინახავს.
_ უკაცრავად, თქვენი ოჯახის შემოსავალი რა არის?
_ არაფერი! აი, ჩემი მეუღლეც აქ მუშაობს.
_ ისიც ყურძენს კრეფს?
_ არა.
_ აბა?
_ ის გატანაზე მუშაობს.
_ „გატანა~ რას ნიშნავს?
_ დაკრეფილი ყურძენი „ვედროებით“ გააქვს.
_ მასაც 30 ლარს უხდიან?
_ არა, 40-ს…
შვილები გვეხმარებიან. აბა, სხვა რა ვქნათ, მშივრებს ხომ არ დაგვხოცავენ? შვილები ხომ არ გადაგვყრიან?
ჩვენი ქართველი საზღვარგარეთ რატომ უნდა იყოს წასული? ორ-ორი შვილი მყავს, მაგრამ ერთი ყაზახეთშია, ერთიც _ იტალიაში. საქართველოში იმის პირობები რატომ არ უნდა იყოს, რომ ახალგაზრდამ იმუშაოს და თავისი ოჯახი შეინახოს?
სოციალურზე დავწერე განცხადება, მაგრამ 152 ათასი ქულა მომივიდა და დახმარება არ გეკუთვნისო. არის შემთხვევა, რომ ასეთ ქულებზე დახმარებას ბავშვებს მაინც აძლევენ, მაგრამ მე ბავშვებზეც არ მომცეს. ვთხოვე, _ ბავშვებს მაინც დაუნიშნეთ სოციალური-მეთქი, _ არა, არ გეკუთვნითო. ათასში ერთხელ უცხოეთიდან გზავნილები მაქვს და, თურმე, სოციალური ამის საფუძველზე არ მეკუთვნის!
_ საკუთარი ვენახი გაქვთ?
_ არა, არ მაქვს. იმის საშუალება არ არის, რომ ადგილი ვიყიდო, თუმცა ახლა ვცდილობ, ადგილი შევიძინო და გაზაფხულიდან ჩვენც რამე დავიწყოთ.
_ ხომ მითხარით, ვენახი შემოსავლიანი არ არისო და რად გინდათ, რომ ადგილი შეიძინოთ?
_ ვიცი, რომ ვენახს აზრი არ აქვს, მაგრამ, აბა, სოფელში სხვა რა გავაკეთოთ? _ ვაზი გავჩეხოთ და ის უეკლო მაყვალი დავრგათ? „მალინა“ მოვიყვანოთ? ისე, იმას უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე _ ვენახს…
სოფელში რომ ხარ, რამე უნდა გააკეთო, მაგრამ საქონელიც არაო.
_ რატომ?
_ საძოვრები გაყიდულია, თან დაბეგრილია.
_ რას ნიშნავს, დაბეგრილია?
_ ერთ სულ საქონელზე თანხა უნდა იხადო. რით გადავიხადოთ, რით რა გავაკეთოთ?
_ ქალბატონო, აი, ახლა შეგიძლიათ, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ წრეებს მიმართოთ და პირდაპირ უთხრათ, რასაც ითხოვთ!
_ ცოტა გლეხი ხალხისთვისაც იფიქრონ!
_ თუ არ იფიქრებენ?
_ არ იფიქრებენ და მოვა არჩევნები, როგორც მოიყვანა ხალხმა, ისე გადააყენებს!
_ ამ ქვეყანაში ხალხი რამეს წყვეტს?
_ აქამდე არ წყვეტდა, მაგრამ უკვე იმ დონემდეა, რომ ხალხს ბევრი რამე შეუძლია და გააკეთებს!

***
სხვათა შორის, ის, რომ წელს ყურძნის ფასი დაბალი იქნებოდა, ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ, რთველის დაწყებამდე ივარაუდა და ამ ვარაუდის საფუძვლად რუსეთის ბაზრის ჩაკეტვა დაასახელა.
„წელს რთველის მიმდინარეობას შესაძლოა, გარკვეული გამოწვევები შეექმნას, რადგან ბოლო პერიოდში მეღვინეობა-მევენახეობის დარგში არაერთი ნეგატიური მოლოდინი გაჩნდა, რამაც, საბოლოოდ, კერძო სექტორის აქტივობაზე შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს. კერძოდ, 2019 წლის ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შედეგად, რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე მოსალოდნელი, შესაძლო სანქციების დაწესებამ გამოიწვია ქართული ღვინის ყველაზე დიდ საექსპორტო ბაზარზე _ რუსეთის მიმართულებით ექსპორტის შემცირება და გააჩინა მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის რთველის პროცესში ღვინის მწარმოებლების, კერძო კომპანიების მხრიდან ყურძნის შესყიდვის მოთხოვნა შესაძლოა, ნაკლები იყოს“, – ეს განცხადება ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ, მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში გააკეთა.
ამასთან, აგვისტოშივე, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებას ამცნო, რომ რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი, მაისთან შედარებით, ივლისში 27%-ით შემცირდა.
რუსული ფაქტორი გასაგებია, მაგრამ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ყურძნის ფასი წელს მიზანმიმართულად დააგდო. ყოველ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ყურძნის ფასის ხელოვნურად დაწევას ე. წ. სპირტის ბიზნესს უკავშირებს და ამბობს, რომ ყველაფერ ამის უკან ივანიშვილის ძმა დგას.
ამ თემაზე საუბარი კი ბოტკოველმა ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო.
„ყურძნის ფასის დაწევით ივანიშვილმა გადაწყვიტა, სამაგიერო გადაუხადოს კახელ გლეხს იმ შედეგის გამო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გასული წლის არჩევნებზე მიიღო.
ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ეზრუნა და ხელი შეეწყო გლეხისთვის, რომ გლეხს შეექმნა საკუთარი ღვინის წარმოება, მიეცა იაფი კრედიტი, პირიქით, მთლიანად დამოკიდებული გახადა მონსტრ ქარხნებზე, რომლებიც პირდაპირ ადგენენ ფასებს და არ აინტერესებთ, რა ჯაფა გასწია გლეხმა წლიდან წლამდე…
გვახსოვს 2012 წელი, როდესაც ივანიშვილი თავის შანტრაბასთან ერთად, კარდაკარ დადიოდა და კახელ გლეხს ეუბნებოდა, რომ, თურმე, დაცინვა იყო, როდესაც 2012 წელს თეთრი ყურძენი 1 ლარი ღირდა.
წელს თეთრი ყურძნის მაქსიმალური ფასი კილოგრამზე 60-70 თეთრი იქნება. დღეს გვეუბნებიან, სუბსიდია არ იქნება და, უბრალოდ, გამოყოფენ 20 მილიონ ლარს, ისიც სახელმწიფო ქარხნისთვის, სადაც უკვე დარჩენილ ყურძენს შეიძენენ სასპირტედ. ეს 20 მილიონი ნიშნავს, რომ დარჩენილ ყურძენს სახელმწიფო შეიძენს 40-50 თეთრად, რომლისგანაც სპირტს დაამზადებს.
კახელი გლეხი ნამდვილად არ დაგაჩაგვრინებთ თავს, აუცილებლად მიიღებთ პასუხს. კახელები და მთელი საქართველო აუცილებლად გაგცემთ პასუხს იმ ღალატისთვის, რომელსაც სჩადიხართ გლეხის მიმართ. თქვენ არ გაინტერესებთ გლეხის შრომა და ქართველი გლეხი აუცილებლად პასუხს გაგცემთ ამ ყველაფრისთვის“, _ აცხადებდა ბოტკოველი რთველის დაწყების წინ.
სამთავრობო უწყებებმა ოპოზიციის განცხადებას, რომ ხელისუფლებამ წელს ყურძნის ფასი ხელოვნურად დაწია, იმთავითვე სპეკულაციური უწოდეს და რთველი დაიწყო თუ არა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა:
„სპეკულაციები, ყურძენზე ფასის კლებასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური ძალების ან მიზანმიმართულად არასწორად ინფორმირებული მევენახეების მხრიდან მოდის და სრულიად უსაფუძვლოა.
სახელმწიფოს ყველა რესურსი მობილიზებული აქვს, მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ. სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ქარხნები გახსნილია მთელი კახეთის მასშტაბით, რაც იმის გარანტიაა, რომ ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ იქნება.
ფასებს რაც შეეხება, წელს შარშანდელ მინიმალურ ფასზე ქვემოთ ფასები არ ჩამოსულა. მოგეხსენებათ, ბოლო წლებია, ყურძენზე ფიქსირებული ფასი აღარ არსებობს. მიკროზონების, ხარისხის, სახეობის მიხედვით ყურძნის ფასი სხვადასხვაა. მათ შორის, საფერავის ფასი არის, მინიმუმ, ლარ-ნახევარი, ორი ლარი ან მეტი ადგილწარმოშობის მიხედვით, რაც მაღალია ყველა წინა წელთან შედარებით, თუ არ ჩავთვლით 2018 წელს, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნით და რეკორდული ფასებით. შარშანაც რქაწითელთან დაკავშირებით ჩვენ სუბსიდიის რეჟიმიდან გამოვედით, მაგრამ ჩაუბარებელი ყურძენი არ დავტოვეთ. მინიმალური სტანდარტი სახელმწიფომ იმ არაკონდიციურ ყურძენზე შექმნა, რომელსაც ჩაბარების პრობლემა ჰქონდა და 70 თეთრი ღირდა. წელს ვითარება ანალოგიურია, ამიტომ სპეკულაციები ფასის კლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად უსაფუძვლოა“.

***
ზოგადად, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კახელი გლეხები ყურძნის დაბალ ფასს უჩივიან. ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც, როცა რთველს პოლიცია აკონტროლებდა.
ისიც გვახსოვს, კახელმა გლეხმა ვენახი რომ გაჩეხა. ეს ამბავი 2007 წელს მოხდა. გლეხი კი, რომელმაც მაშინ ვენახი გაჩეხა, გურჯაანის მკვიდრი ავთანდილ ყალაბეგაშვილი გახლდათ, რომელიც მოგვიანებით იხსენებდა:
„ვენახი მქონდა, მაგრამ 2007 წელს, იძულებული გავხდი, შვილივით ნაფერები ვაზი გამეჩეხა, რაც მაშინდელმა გაუსაძლისმა მდგომარეობამ გადამაწყვეტინა.
სანამ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა, ერთი კილო საფერავი ყურძნის ღირებულება 1 ლარი და 80 თეთრი იყო. ამის შემდეგ კი დაიწყო ჩვენი უბედურება. იმის მაგიერ, რომ ფასი შენარჩუნებულიყო ან პირიქით, მომატებოდა, ყოველწლიურად 40 თეთრი აკლდებოდა. სააკაშვილს ყველაფერი თვითონ ჰქონდა კონტროლზე აყვანილი და ცალკე ბიზნესი არ არსებობდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემი ნაშრომ-ნაწვალები ჩემივე ხელით გამენადგურებინა…
არ ვიცი, მაშინ დაჭერას როგორ გადავურჩი, ალბათ, ღვთის ნება იყო. ამბობდნენ, სოლიდური თანხა აიღოო. არადა, იმიტომ გავჩეხე, რომ ზარალის მეტი არაფერი მოჰქონდა, ჩემი შრომა არ ფასდებოდა. რასაც ვხარჯავდი, იმასაც ვერ ვიღებდი. საფერავის მოვლა ძალიან შრომატევადია, ორჯერ უნდა გაფურჩნა, თორემ ისე მოსავალს ვერ მიიღებ, თან რქაწითელთან შედარებით ნაკლებმოსავლიანია. წონაც ნაკლები აქვს“.
როგორც ჩვენი რესპონდენტის საუბრიდან შეიტყვეთ, შესაძლოა, 2007 წლის ისტორია ახლაც განმეორდეს, ანუ არ არის გამორიცხული, რომ კახელმა გლეხმა ვენახის გაჩეხვა ისევ გადაწყვიტოს და, როგორც მაშინ, ახლაც ყველაფერი ეს ხელისუფლებამ ოპოზიციას დაუკავშიროს, მაგრამ გლეხებს არც ოპოზიცია აინტერესებთ და არც _ მმართველი გუნდი. მათ ერთი მოთხოვნა აქვთ: გლეხის შრომა დაფასდეს და ქვეყანაში ისეთი პირობები შეიქმნას, რომ ადამიანმა ლუკმა-პურის ჭამა საკუთარი შრომით შეძლოს!
ყველაფერ აქედან კი ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება _ ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, გლეხისთვის კი არაფერი იცვლება. ყოველ შემთხვევაში, ყურძნის დაბალი ფასი აქილევსის ქუსლია, რომლის მოგვარებასაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ თუ არ ახერხებს!
ამასობაში კი გლეხები იმისთვის იბრძვიან, რომ შიმშილით არ მოკვდნენ. ამის მიუხედავად, ხელისუფლება ხალხს თვალში მაინც აყრის ნაცარს და უმტკიცებს, გაჭირვებას იგონებ, თორემ ყველაფერი კარგად არისო. ჰოდა, სწორედ ამ ცინიზმის გამოა, რომ კახელებმა „ოცნებას“ „ნატვრა“ შეარქვეს და იმაშიც არ ეპარებათ ეჭვი, რომ „ოცნება“ მხოლოდ საკუთარი წევრების ნატვრა-ოცნებებს ასრულებს, თორემ ხალხის მდგომარეობა სულ არ აინტერესებს და გლეხიც იმ ობლის როლშია, რომლის კვერიც არასოდეს გამოცხვება!

გიორგი აბაშიძე