გია ნოდია: „არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ერთიანობისთვის სააკაშვილი ნეგატიური ფაქტორია“

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საარჩევნო კამპანია, შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთთავდასხმებით დაიწყეს. მათი ღია დაპირისპირების კულმინაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას მისამართით გაკეთებული განცხადება იყო. სააკაშვილმა ბოკერია ანტიქრისტიანულ და ანტიეკლესიურ საქმიანობაში დაადანაშაულა.
ამ პროცესების პარალელურად კი ივანიშვილმა მისი მორიგი პაიკი, პარლამენტის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი გაწირა და მას საკანონმდებლო ორგანო დაატოვებინა.

დაიწყო თუ არა ივანიშვილმა „ახლების“ წმენდა? უშლის თუ არა ხელს სააკაშვილის ფაქტორი ოპოზიციის კონსოლიდაციას და რა პოლიტიკური მოცემულობა გვექნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა:

_ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „მთავარ არხზე“ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „ანტიქრისტიანულ და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო“ ქმედებებში დაადანაშაულა. რამდენად სწორი პოლიტიკური სვლა იყო ეს სააკაშვილის მხრიდან?
_ ჩემი აზრით, სააკაშვილის ეს განცხადება მიზანმიმართული იყო. ის, რაღაცნაირად, თავისი პარტიისთვის ხმების მოპოვებას ცდილობს. მან ჩათვალა, რომ მისთვის ასეთი განცხადება სასარგებლო იქნებოდა, რომ ამ განცხადებით სააკაშვილი უფრო მეტად მოახდენდა დისტანცირებას „ევროპული საქართველოსგან“. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ის ფიქრობს, რომ 2012 წელს არჩევნები, გარკვეულწილად, იმიტომ წააგო, რომ ეკლესიური თუ ტრადიციული ამომრჩეველი დაუპირისპირდა, ზოგადად ეკლესია დაუპირისპირდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 2012 წელს არჩევნები წააგო, ეს იყო კონფლიქტი ეკლესიასთან. აქედან გამომდინარე, ასეთი დასკვნა გამოიტანა, რომ მან სხვა თამაში უნდა ითამაშოს და თუ ეკლესია მაშინ არ იყო კმაყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“, ეს ბოკერიას გადააბრალოს. თუ რამე აწყენინა ეკლესიას ან საზოგადოების ეკლესიურად განწყობილ ნაწილს, სააკაშვილს უნდა, ეს ბოკერიას გადააბრალოს და თვითონ სუფთა გამოვიდეს. ეს მისი ანგარიში იყო ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სწორი იყო ეს პოლიტიკური ნაბიჯი, არ მგონია, რომ ეს მისთვის მომგებიანი იყოს, რადგან ამ განცხადებით მაინცდამაინც არ შემობრუნდება ხალხი მისკენ. ვინც მას იცნობს, ყველამ იცის, რომ სააკაშვილი დიდად ეკლესიური და რელიგიური ადამიანი არ არის, ანუ აქ აშკარად ფარისევლობის ელემენტია, რაც ბევრს შეიძლება არ მოეწონოს, თუმცა არის ვიღაც, ვისზეც შეიძლება ამან იმუშაოს. ვიღაცას, შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერაში სწორედ ის აჩერებს, რომ იგი არაეკლესიურია, ტრადიციებს ებრძვის და ა. შ., ამიტომ არის სეგმენტი ამომრჩევლისა, ვისთანაც სააკაშვილს ეს განცხადება დაეხმარება, მაგრამ ბევრ ამომრჩეველს პირიქით, განიზიდავს.
_ საბოლოო ჯამში, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, სააკაშვილს ეს განცხადებები უფრო აზიანებს თუ სარგებელი მოაქვს მისთვის?
_ ასე რომ ავწონ-დავწონოთ, ძნელი სათქმელია, თუმცა ჩემი შთაბეჭდილებით უფრო აზიანებს.
_ ამ განცხადებით საბოლოოდ გაავლო თუ არა ხაზი სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის და რომელმა პარტიამ იზარალა უფრო მეტად?
_ პოლიტიკა ისეთი რამე არ არის, რომ საბოლოოდ გაავლონ გამყოფი ხაზი და გამარჯობა აღარ უთხრან ერთმანეთს. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაცონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ბევრი მტკივნეული რამ უთქვამთ ერთმანეთისთვის, მაგრამ შემდეგ ივანიშვილისა და არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში მაინც შეთანხმებულან, ასე რომ, მსგავსი რამ მომავალშიც შესაძლებელია. რაც შეეხება, ვინ უფრო იზარალა სააკაშვილის ამ განცხადებით, მგონია, რომ სააკაშვილმა უფრო იზარალა, რადგან არათანმიმდევრული გამოვიდა მისი ნათქვამი მის ქმედებებთან შედარებით.
_ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტი „დატოვა“. როგორ ფიქრობთ, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ივანიშვილმა გუნდში წმენდა დაიწყო?
_ ეს ივანიშვილმა მოიფიქრა და შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება იყო. არა მგონია, ვინმეს დაეჯერებინა, რომ ზარდიაშვილმა თავისით მიიღო გადაწყვეტილება. საკმაოდ მოულოდნელი იყო ეს. გასაგებია, რომ ბესელია აკრიტიკებდა ზარდიაშვილს, მაგრამ იგი ბევრ სხვასაც აკრიტიკებდა. ივანიშვილმა, რატომღაც, ჩათვალა, რომ მისთვის რაღაცნაირად არ იყო მომგებიანი ზარდიაშვილის მის პოლიტიკურ გუნდში ყოფნა. რატომ ჩათვალა ეს, არ ვიცით, მაგრამ ფაქტია. პრობლემა უდავოა _ ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა _ ყველაფერი ერთ ადამიანზეა დამოკიდებული. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჯერ ქუცნაშვილს, შემდეგ ზარდიაშვილს, პრაქტიკულად, აიძულეს პარლამენტიდან წასვლა, თუმცა, რა თქმა უნდა, კანონით ეს ექსტრაორდინალური შემთხვევაა, როდესაც პარლამენტში არჩეული ადამიანი თავისი ნებით ტოვებს პარლამენტს, ე. ი. ივანიშვილის ძალაუფლება თავის გუნდზე დიდია, ანუ ერთი ადამიანის ხელში რამდენად დიდი ძალაუფლებაა, მათ შორის, თავისი გუნდის წევრებზე, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ივანიშვილის ძალაუფლების ავტორიტარულ ბუნებას.
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პარლამენტი მამუკა მდინარაძემ და სოფო კილაძემაც დატოვონ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება „ახლების“ გუნდის უკანა პლანზე გადაწევა იყოს?
_ არ მგონია, რომ ეს ასე მოხდეს, ასეთ შემთხვევაში ივანიშვილი აღიარებს, რომ ბესელია სწორი იყო, შესაბამისად, ვფიქრობ, ამას არ გააკეთებს. შეიძლება ჩათვალო, რომ კონკრეტულად ზარდიაშვილი არ მოეწონა, _ როგორც იცის ხოლმე ივანიშვილმა, თავიდან ვიღაცას ენდობა და შემდეგ უკვე მის მიმართ ნდობას კარგავს. რაღაცით გააღიზიანა, გააბრაზა ზარდიაშვილმა ივანიშვილი, რის შემდეგაც ის გაუშვა. ჩვენ შეიძლება ვერც ვერასდროს მივხვდეთ მიზეზს. ის, რომ ივანიშვილმა ზარდიაშვილს პარლამენტი დაატოვებინა, არ ნიშნავს, რომ ის ხალხი, რომელიც იმ ქვეგუნდში მოიაზრება, სადაც ზარდიაშვილი იყო, ისიც უნდა გაუშვას. ყოველ შემთხვევაში, არ ჩანს, რომ ეს შეიძლება ივანიშვილის ინტერესებში იყოს.
_ ამის პარალელურად, პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებების სერია გრძელდება და ამ ფაქტით თავად „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები ძალიან გაღიზიანებულები არიან. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რამდენად უარყოფით გავლენას მოახდენს სალომე ზურაბიშვილის ქმედებები „ქართული ოცნების“ რეპუტაციაზე?
_ იმდენად ბევრი რამ აყენებს „ქართული ოცნების“ რეპუტაციას ზიანს, რომ ძნელია გამოითვალო, სალომე ზურაბიშვილისგან მიღებული ზიანი რამდენად წონადი იქნება. დამატებითი ზიანი ნამდვილად მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებებით, მაგრამ პრეზიდენტისგან დისტანცირება სცადეს, რომ ის მათი არ არის. ეს ცხადია, ძალიან არადამაჯერებელია, რადგან ზურაბიშვილი ივანიშვილის გადაწყვეტილებით და „ქართული ოცნების“ ძალიან დიდი მხარდაჭერით გახდა პრეზიდენტი. ასე რომ, ამ პასუხისმგებლობას, ბუნებრივია, ის ვერ ჩამოიხსნის, რაც არ უნდა ისაუბროს იმაზე, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. ზიანი მაინც მიადგება, მაგრამ ეს არ იქნება ცენტრალური პრობლემა, რის გამოც „ქართული ოცნების“ რეპუტაცია მცირდება.
_ მაშინ რას ხედავთ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ პრობლემად?
_ „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა არის სწორედ ის, რომ ხალხი ვერ ხედავს, რისი გამკეთებელია მმართველი გუნდი. ხელისუფლებაში ძალიან დიდი დაპირებებით მოვიდნენ, რამდენიმე წელი ხალხი ელოდა ამ დაპირებების შესრულებას და მაინც იმედი ჰქონდა. უკვე 7 წლის შემდეგ ხალხი ირონიით და დაცინვით უყურებს ამ დაპირებებს, ხალხი ასევე ირონიით უყურებს „ქართულ ოცნებას“, როგორც ძალას, რომელსაც არაფერი შეუძლია და არაფრის გამკეთებელი არ არის. ეს არის ის იმიჯი, რომელიც შეიქმნა „ქართულმა ოცნებამ“.
_ ივანიშვილმა საპრეზიდენტო მეორე ტურის წინ მოსახლეობას ერთი წელი სთხოვა მდგომარეობის უკეთესობისკენ შესაცვლელად. ერთი წელი თითქმის იწურება. ხედავთ თუ არა რაიმე პოზიტიურ ცვლილებებს ამ ერთი წლის განმავლობაში?
_ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ერთი წელი გასულია. თავიდანვე ცხადი იყო, მაგრამ დადასტურდა, რომ არსებითად რაიმე ახლის გამკეთებელი ივანიშვილი არ იყო. თუ მას გარკვეული აზრები და შეხედულებები ჰქონდა, მას ასევე ჰქონდა იმის რესურსი, რომ ამ აზრებისთვის ხორცი შეესხა. ასევე საპრეზიდენო არჩევნებამდეც 6 წელი ჰქონდა დრო. თუ ამ 6 წლის განმავლობაში რაღაც ვერ გააკეთა, იმას 1 წელში ვერ გააკეთებდა იმიტომ, რომ ისევ ის არის, რაც 6 წლის განმავლობაში იყო, ისევ ის მეთოდები აქვს, რაც ჰქონდა და ისევ ის გუნდი ჰყავს. ე. ი. ამ ერთ წელიწადში არ არის იმის გამკეთებელი, რაც 6 წლის მანძილზე ვერ გააკეთა. ამიტომ გასაგებია, რომ იმ მომენტში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ივანიშვილმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა სათქმელი და ამიტომ თქვა, რომ ერთი წელი მაცადეთ და მერე მე ვიციო. რეალურად, მას არ აქვს იდეები, მონდომება. რომც ჰქონდეს, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი რამის შესაცვლელად, მას უნდა ჰქონდეს ხედვა. მას ამაზე მეტი არ შეუძლია.
_ ამ მოცემულობაში რამდენად რეალურია ის, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წელს უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში და როგორი კონფიგურაცია გვექნება პარლამენტში?
_ ფაქტობრივად, მოსალოდნელია, რომ პარლამენტში სამი მხარე იქნება: ერთი „ქართული ოცნება“, მეორე „ნაციონალური მოძრაობა“ და მესამე _ სხვები. რა თანაფარდობით იქნებიან, ამის თქმა ძნელია. ყოველ შემთხვევაში, თუ შესრულდა დაპირება და წმინდა პროპორციული წესით ჩატარდა არჩევნები, ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს ან 50%-ზე მეტი მიიღოს. ასევე ძნელია იმის წარმოდგენა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგოს. ამ პირობებში ვაჭრობა იქნება, ერთი მხრივ, ოპოზიციური კოალიციის შექმნაზე და მეორე მხრივ, იმაზე თუ ვინ შეუერთდება „ქართულ ოცნებას“. ვინ აჯობებს ამ ვაჭრობაში, ამის თქმა ძნელია. გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს ვაჭრობისთვის საკმაოდ ძლიერი რესურსები აქვთ, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება, „ქართული ოცნება“არაპოპულარული იყოს, ასე რომ, მასთან კოალიციაში შესვლა მაინც ბევრმა არ ისურვოს. აქედან გამომდინარე, ორივე ვარიანტი, თავისთავად, რეალისტურია, _ ან „ქართული ოცნების“ გარშემო შეიქმნას კოალიცია, ან _ ოპოზიციის გარშემო.
_ რამდენად ეფექტიანი იქნება მესიჯი „არა ნაცებს, არა მიშას“, რასაც აქტიურად იყენებდა „ქართული ოცნება“ ყოველი არჩევნების წინ?
_ სხვა მესიჯი, ჯერჯერობით, არ აქვს „ქართულ ოცნებას“. არ მიმაჩნია, რომ ახლა ჭკვიანურია ასეთი მესიჯის გაგრძელება, რადგან ბევრი სხვა ძალა იქნება, რომელიც არასდროს ყოფილა „ნაციონალურ მოძრაობაში“. შეიძლება, „ევროპულ საქართველოს“ დააბრალონ, რომ ეგენი ხომ იგივე „ნაციონალები“ არიანო, მაგრამ, მაგალითად, ხაზარძის „ლელოს“ ან ელისაშვილის გუნდს ვერ ეტყვიან, რომ ისინი „ნაციონალები“ არიან. თუმცა, პარალელურად, მაინც ამას იტყვის „ქართული ოცნება“, რადგან სხვა მესიჯი არ აქვთ და სხვას ვერ მოიფიქრებენ, მაგრამ ეს ქმედითი არ იქნება. საპრეზიდენტო არჩევნებში შედარებით ქმედითი იყო, განსაკუთრებით მეორე ტურში, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ გახლდათ ძირითადი მოწინააღმდეგე, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში ეს ნაკლებად იმუშავებს, თუმცა არ მგონია, რომ ამაზე უარი თქვას „ქართულმა ოცნებამ“.
_ ხაზარაძის პოლიტიკური მოძრაობა „ლელო“ ახსენეთ. ახლა უკვე ცნობილია მისი მთავარი მესიჯები. ასევე მან ახალ სახეებზე გააკეთა აქცენტი, თუმცა პოლიტიკურად გამოუცდელ ფიგურებზე. რამდენად მომგებიანი იქნება ეს და რა შანსები აქვს „ლელოს“?
_ თავისთავად ახალ სახეებზე აქცენტის გაკეთება ცუდი არ არის, ბევრს ეს შეიძლება მოეწონოს, ყოველ შემთხვევაში, გარკვეულწილად, მომგებიანია. მაგრამ ჯერ ძნელია იმის თქმა, რამდენად დიდ წარმატებას მიაღწევს. ჯერჯერობით, არ არის საკმარისად აქტიური, შეიძლება უფრო მეტად გააქტიურდეს და ჩემი აზრით, გარკვეული შანსები ექნება არა გამარჯვების, მაგრამ მასზე იყოს დამოკიდებული უფრო ოპოზიციური კოალიცია. ეს იქნება უფრო სახელისუფლებო უმრავლესობა. ამის მიღწევა შეუძლია. რაც შეეხება მის უარყოფით მხარეს, ალბათ, ბანკირობა მისი მინუსი იქნება, რადგან ხალხს ხშირ შემთხვევაში არ უყვარს ბანკები. ამიტომ არ ველი, რომ ხაზარაძე გაიმარჯვებს. მისი ამოცანა ამ ეტაპზე არის ის, რომ ანგარიშგასაწევი ძალა იყოს პარლამენტში. თუ ხმების 7-10% მიიღო, ეს საკმაოდ ბევრია იმისთვის, რომ ანგარიშგასაწევ, წონად ძალად ჩაითვალოს.
_ არსებულ ოპოზიციურ სპექტრში რამდენად ხედავთ იმის რესურსს, რომ 2020 წელს არჩევნების გზით შეძლებენ ივანიშვილის დამარცხებას?
_ შანსი რეალურია. ოპოზიციაშიც შეიძლება ბევრი რამ არ მოგვწონდეს, მაგრამ „ქართულ ოცნებასაც“ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. ასე რომ, არ არის აუცილებელი, ოპოზიცია იდეალური იყოს იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუგოს. რაც შეეხება იმას, რომ ყველა გაერთიანდება ერთის წინააღმდეგ, ეს გაერთიანება შეიძლება მოხდეს მხოლოდ არჩევნების შემდეგ. ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ ოპოზიცია არჩევნებამდე გაერთიანდეს. მით უმეტეს, წმინდა პროპორციულზე გადასვლა, ბლოკების შექმნის გარეშე, ისეთი სისტემაა, ჩანაფიქრშივე გათვლილია იმაზე, რომ ოპოზიცია დაიქსაქსოს და არ გაერთიანდეს.
_ არსებობს ასეთი სცენარიც, რომ ივანიშვილი შექმნის სატელიტ პარტიებს, რომლის მეშვეობითაც კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს. იქნება თუ არა ეს ოპოზიციისთვის ერთგვარი გამოწვევა? შეიძლება თუ არა ეს სცენარი განვიხილოთ ივანიშვილის ხრიკად?
_ შეიძლება, ეს იყოს ივანიშვილის ხრიკი, მაგრამ ასეთი რამის დამალვა ცოტა რთულია და არ მგონია, ამით ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი ძალებიც შეიძლება გამოჩნდეს. უკვე არსებობს „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც თითქოს ოპოზიციურია, მაგრამ თან „ქართული ოცნების“ მოკავშირეა. შეიძლება კიდევ შეიქმნას რაღაც ახალი „პატრიოტთა ალიანსის“ მსგავსი, მაგრამ არ მგონია. მეორე მხრივ, ივანიშვილმა, არჩევნების შემდეგ, შეიძლება, რომელიმე ოპოზიციური ძალის მოხიბვლა შეძლოს რაღაც დაპირებებით და ეს ოპოზიციური ძალა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში შესვლის ნაცვლად, „ქართულ ოცნებასთან“ შევიდეს კოალიციაში.
_ 2018 წლის საპრეზიდენტო და 2019 წლის შუალედურ არჩევნებზეც ოპოზიციისგან გვესმოდა, რომ ივანიშვილმა არჩევნები იყიდა. 2020 წელსაც ივანიშვილს იგივე ფინანსური რესურსი ექნება. რა შეიძლება ჰქონდეს ამის საპირწონედ ოპოზიციას?
_ ივანიშვილის დიდი ფინანსური რესურსის საპირწონე ოპოზიციის მხრიდან შეიძლება იყოს ორგანიზაციულობა და აქტიური მუშაობა. ივანიშვილს აქვს ფული და უღირს ხელისუფლების შენარჩუნება, შესაბამისად, ამ ფულს გამოიყენებს ხელისუფლების შესანარჩუნებლად, მათ შორის, უკანონო გზებით. ოპოზიცია ამას დიდად ვერ გააჩერებს. შესაბამისად, ხელისუფლებას ამის გამო აქვს ფორა, მაგრამ როდესაც ხელისუფლება კარგავს პოპულარობას, ეს ფორა აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ არჩევნები მოიგოს.
_ მუდმივად იყო საუბარი მესამე ძალაზე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელი რჩება. არის თუ არა იმის შანსი, რომ ახალი ძალა გამოჩნდეს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გადაუსწრებს და „ქართული ოცნების“ ჩანაცვლებასაც მოახერხებს?
_ არის რამდენიმე მესამე ძალა: „ევროპული საქართველო“, „ლელო“, ელისაშვილის პოლიტიკური გუნდი. რას აპირებს ანა დოლიძე, ჯერჯერობით, არ იკვეთება. ამ ეტაპზე მესამე ძალებს შორის ლიდერი „ევროპული საქართველოა“, მაგრამ სხვა მესამე ძალებიც ეცდებიან, რომ მეტ წარმატებას მიაღწიონ. ვინ იქნება ეს, ახლა ამის თქმა შეუძლებელია.
_ 2012 წლიდან ყველა ჩატარებული არჩევნები, საპრეზიდენტო იქნება თუ საპარლამენტო, არა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არჩევანს, არამედ ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არჩევანის გაკეთებას უკავშირდება. ამ მოცემულობით რომელს უფრო აქვს მორალური და პოლიტიკური უპირატესობა?
_ საზოგადოებაში ეს ორი ფიგურა გათანაბრდა, მაგრამ ივანიშვილს ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების თვალსაზრისით ფორა აქვს, ამის ხარჯზე შეიძლება, მარტო ივანიშვილი უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე მარტო სააკაშვილი. რაც შეეხება თავად სააკაშვილს, თავისი განცხადებებით ახდენს თუ არა საკუთარი თავის, როგორც პოლიტიკური ლიდერის, მარგინალიზაციას, ამას ჯერ ვერ ვიტყვით, მაგრამ ის ცდილობს, რომ ისე დააყენოს საკითხი, რომ მხოლოდ ის არის ნამდვილი ოპოზიცია. რეალურად, ეს ოპოზიციას ასუსტებს. გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ ისე უნდა წარმოადგინოს საქმე, რომ რაც კი ოპოზიციური ხდება, ეს ყველაფერი სააკაშვილია, რაც სინამდვილეში ასე არ არის, მაგრამ სააკაშვილი ცდილობს, ისე წარმოადგინოს, რომ ის არის ნამდვილი ოპოზიცია და დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ამ აზრით ორივეს საერთო ინტერესი აქვს, ასე წარმოადგინოს დღევანდელი ვითარება, რომ ეს არის ივანიშვილ-სააკაშვილის წინააღმდეგ და ამით ამოიწურება პოლიტიკური ინტრიგა საქართველოში, მაგრამ ეს ასე აღარ გახლავთ.
_ ანუ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს?
_ დიახ, ასე გამოდის. გასაგებია, რომ ერთიანი ოპოზიცია ვერ იქნება, მაგრამ იმისთვის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს, საჭიროა უფრო მეტი კოორდინაცია ან სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფის უფრო მეტი ლოიალური დამოკიდებულება ერთმანეთთან. ახლავე უნდა იყოს მზაობა, რაღაც დონეზე მაინც, კოალიციური ოპოზიციური მთავრობისთვის, სააკაშვილი კი თავისი რიტორიკით ამ მზაობას არ ავლენს.
_ ფიქრობთ თუ არა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირება ხელს შეუწყობს ოპოზიციის კონსოლიდაციას?
_ დიახ, ასეა. არსებობს ბაზა, რომლისთვისაც სააკაშვილი უპირობო ავტორიტეტია, მაგრამ არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ერთიანობისთვის სააკაშვილი ნეგატიური ფაქტორია _ ამომრჩევლისა და პოლიტიკური ლიდერების ნაწილისთვის სააკაშვილი არის ნეგატიური ფიგურა, შესაბამისად, სააკაშვილის ცენტრში ყოფნა გარკვეულად აფერხებს ამ პერსპექტივაში ოპოზიციის გაერთიანებას.

ნენე ინჯგია