სალომე სამადაშვილი: „უკვე 7 წელია, ქართულ საზოგადოებას რევანშს უღებს ბიძინა ივანიშვილი“

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, გარდა იმისა, რომ პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება, მთავარი გამოწვევა იქნება ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისთვის. ამ პროცესში კი აუცილებელია, პოლიტიკურმა პარტიებმა ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა შეძლონ, რომლის პირობებშიც საერთო ენის გამონახვას შეძლებენ. თუმცა ამავე პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ცალკეულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შეძლონ საკუთარი ინტერესების გვერდზე გადადება და საერთო ინტერესებით მოქმედება.

შეუშლის თუ არა ხელს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აქტიურობა ოპოზიციის კონსოლიდაციას? რა იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ნიშა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და რას დაუპირისპირებენ ისინი ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ რესურსს?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დეპუტატ სალომე სამადაშვილს ესაუბრა:

_ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა, რა გამოიკვეთა ამ პროცესების შედეგად?
_ კარგია, რომ პროცედურა შეიცვლა და შესაძლებლობა გვაქვს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კომიტეტზე მოვუსმინოთ. ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიური მოვლენაა, _ ადრე საზოგადოებას არ ჰქონდა შესაძლებლობა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის მოესმინა, თუმცა შედეგები, რაც ამ პროცესში დავინახეთ, უმძიმესია _ მცდელობაა, უზენაესი სასამართლო მთლიანად ივანიშვილის მორჩილი კადრებით დაკომპლექტდეს, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის. ეს ქვეყნის სასამართლოსთვის მიყენებული კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა და დაკარგული შანსია, რადგან უკეთესი მოსამართლეობის კანდიდატები არ განიხილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პოსტზე.
_ „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ ინფორმაციით, გენერალური პროკურორის დიპლომში მითითებულია, რომ მან სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. ამასთან დაკავშირებით დეპუტატებმა ბევრი კითხვა დაუსვით თადუმაძეს პარლამენტში მოსმენის პროცესში. გენერალური პროკურორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გადაყვანის შემთხვევაში, დაექვემდებარება თუ არა ის იმპიჩმენტის პროცედურას?
_ დიდი ალბათობით ის მონაწილეობდა დოკუმენტის გაყალბებაში. რა თქმა უნდა, ამას მე ვერ დავადგენ, რადგან არ ვარ გამომძიებელი, თუმცა ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს. ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში შალვა თადუმაძე მოხსნიდა საკუთარ კანდიდატურას განხილვის პროცესიდან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუ ივანიშვილს საკუთარ გეგმებში შეყვანილი აქვს თადუმაძის დანიშვნა უზენაეს სასამართლოში, მიუხედავად ყველაფრისა, ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მაინც მიიღებს. შემდგომში, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სერიოზული საფუძველი იქნება ბატონი თადუმაძის, უკვე როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, იმპიჩმენტისთვის.
_ პარლამენტი დატოვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა. უკავშირებთ თუ არა მის ამ გადაწყვეტილებას ბესელიასთან ბოლო კონფლიქტს? გააგრძელებს თუ არა ივანიშვილი ნაკლებად პოპულარული სახეების წმენდას?
_ ყველა ხედავს, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ დაკარგა სახე. ეს პროცესი 20 ივნისის შემდეგ საკმაოდ დაჩქარებულად მიმდინარეობს. ალბათ, ასეც გაგრძელდება. რაც შეეხება პარლამენტს, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა, შემდეგ კობახიძის გადაყენება მოუწია, ახლა უკვე კონკრეტული დეპუტატები ტოვებენ საკანონმდებლო ორგანოს. ეს ერთადერთ რამეს აჩვენებს, _ ბიძინა ივანიშვილი ღრმა კრიზისშია, რომელიც უფრო გამწვავდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად. რაც შეეხება, ზარდიაშვილს, მასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა დაისვა. ეტყობა, ჩათვალეს, რომ აღარ უნდა ყოფილიყო მასზე საუბარი და უთხრეს, რომ სახლში წასულიყო.
_ პარლამენტში მიმდინარე პროცესების პარალელურად, პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებების სერია გრძელდება. რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავად პრეზიდენტმა და მმართველმა გუნდმა ამ საკითხთან დაკავშირებით?
_ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არავინ გამოიძიებს იმას, თუ რას აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, თუმცა როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ამის შესაძლებლობა იქნება და ყველა საკითხი შეისწავლება. ძალიან აბსურდულ მოცემულობაშია ქვეყანა შესული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო მმართველობასთან დაკავშირებით ხელისუფლებას საქმეები აქვს აღძრული, „პიჯაკების საქმეს“ ვგულისხმობ და თემურ ჯანაშიას ბრალი აქვს წაყენებული უკვე მრავალი წელიწადია, ამ დროს კი დღევანდელი პრეზიდენტის განცხადება გვესმის, რომ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიიღო ხარჯების გაწევის მოთხოვნა და ვალდებულია, ეს ხარჯები გაწიოს. ანუ ერთი და იგივე ქმედებაა, თუმცა წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით ამ ქმედებაზე საქმეა აღძრული. ჩუბინიძე ღიად აცხადებს, რომ იმას აკეთებს, რისთვისაც სისხლის სამართლის საქმე აქვთ აღძრული წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ადამიანებზე. ეს არის სამართლებრივად აბსურდული მოცემულობა.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებს არავინ გამოიძიებს, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც აკრიტიკებდნენ პრეზიდენტის ამ საქციელს, ასევე აღნიშნავდნენ, რომ ის დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. რამდენად უხსნის ეს არგუმენტი პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას?
_ ასეთი სისულელის თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც არ სჯერათ, მათ, უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ აქვთ და ამიტომ ამბობენ ამას. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვისი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო სალომე ზურაბიშვილი, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, როგორც შეწყალებებთან დაკავშირებით, ასევე სხვა საქმეზეც. დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი კიდევ ძალიან ბევრ უხერხულ მდგომარეობას შეუქმნის „ქართულ ოცნებას“ საკუთარი საპრეზიდენტო ვადის პირობებში.
_ 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში, ექსპერტების აზრით, „ქართული ოცნება“ აქტიურად გამოიყენებს მის ჩვეულ მესიჯს: „არა ნაცებს, არა ბოროტებას“. ამჯერად, რას დაუპირისპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ სლოგანს?
_ ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა, ხედვა, როგორ უნდა შეიცვალოს რაც შეიძლება სწრაფად ქვეყანაში არსებული ვითარება შემდეგი არჩევნების შემდეგ. საქართველოს ყველა მოქალაქეს უკვე დიდი ხანია, ყელში ამოუვიდა როგორც ბიძინა ივანიშვილი, ასევე თავისი იაფფასიანი პიარი. ამ შემთხვევაში ხელისუფლება სრული კრახისთვის არის განწირული, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო ის არჩევნები, რომლითაც ხელისუფლება იცვლებოდა, ამ საპარლამენტო არჩევნებს კი თან ძალიან სერიოზული პოლიტიკური შედეგი მოსდევს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ხელისუფლება სრულიად გაშიშვლდა. ბიძინა ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის რეალური სახე საზოგადოებამ დაინახა, ამიტომ საერთოდ სხვა მოცემულობაში, სხვა პოლიტიკურ რეალობაში შევედით. ამ პოლიტიკურ რეალობაში ვაპირებთ, ქართველ ხალხს ავუხსნათ, თუ რატომ არის მათი არჩევანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად საუკეთესო, ქვეყნის იმ უმძიმესი კრიზისიდან გამოსაყვანად, რომელშიც შეიყვანა ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილი და მისი უნიჭო პიარმრჩევლები რას გააკეთებენ, ამაზე ფიქრის დრო ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს.
_ რას სთავაზობთ იმ ამომრჩეველს, რომელზეც უარყოფითად მოქმედებდა მესიჯი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშით დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში?
_ ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ: ქვეყნის განვითარების გეგმას, სასამართლო რეფორმირების გეგმას, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, ასევე ეკონომიკურ რეფორმას და ახალ ძალას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების განსახორციელებლად. რაც შეეხება რევანშს, საერთოდ არ მესმის, რა რევანშზე და ვისთან მიმართებით არის საუბარი. უკვე 7 წელიწადია, ქართულ საზოგადოებას რევანშს უღებს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დაანგრია სახელმწიფო ინსტიტუტი, გააღატაკა ქართველი ხალხი, გააუფასურა ეროვნული ვალუტა და კერძო სახელმწიფოდ გადააქცია ჩვენი ქვეყანა. სწორედ ეს არის რევანში ქართველ ხალხზე, რომელსაც ივანიშვილი მე-7 წელიწადია, ახორციელებს. ჩვენ რევანშისთვის კი არ მოვდივართ, არამედ რუსეთისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფოსთვის გამოცხდებული რევანშის დასასრულებლად.
_ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. თუ „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში ვერ მოვა, მას მოუწევს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება. საშუალება ექნება, პატარა პარტიებთან ივაჭროს. ექსპერტების ნაწილი ამას ივანიშვილის ხრიკად მიიჩნევს, რომ ის სატელიტი პარტიებით მოახერხებს უმრავლესობაში მოსვლას. რა შემთხვევაში დაკარგავს ძალას ეს ხრიკი?
_ რა თქმა უნდა, ივანიშვილს ამის მცდელობა ექნება. ეს თამაში ყველასთვის გასაგებია. ძალიან ხმამაღლა უნდა განაცხადოს ყველამ, ვისთან აპირებს ალიანსს არჩევნების შემდეგ. ასევე არ არის მარტივი ახალი პოლიტიკური ძალების შექმნა და მათი დამკვიდრება პოლიტიკურ ცხოვრებაში იმ დრომდე, რაც საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩა. 20 ივნისი შოკი იყო ბიძინა ივანიშვილისთვის და ამიტომაც მოუწია ამ დათმობაზე წასვლა, დათანხმდა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას. მისი გათვლაა, რომ ნულოვანი ბარიერი გამოიყენოს, მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლებას ჩაებღაუჭოს და არ გაუშვას ხელიდან, თუმცა ეს გათვლა მცდარია. გამოკითხვებით ჩვენს ქვეყანაში არც ერთ ისტორიულ მომენტში არ ყოფილა მმართველი პარტიის რეიტინგი ისეთი დაბალი, როგორიც დღეს არის ივანიშვილის ხელისუფლების რეიტინგი, შესაბამისად, ეს ძალიან ნათელი ნიშანია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს.
_ თქვენ ახსენეთ, რომ 20 ივნისი შოკი იყო ივანიშვილისთვის, თუმცა დღეს იმჟამინდელი შს მინისტრი პრემიერია. რით აიხსნება გახარიას დანიშვნა პრემიერად?
_ გახარიას დანიშვნაც იგივე პრინციპს ეფუძნება, რომ ივანიშვილმა ხალხზე ძალადობით, დაშინებით, როგორც წინა არჩევნებზე, საკუთარი პოზიციების დაცვა მოახერხა სამეგრელოში, ზუსტად იგივე მეთოდებით აპირებს ბრძოლას ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამიტომაც მისცა გახარიას ეს პოსტი. თუმცა, გარდა იმისა, რომ გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მოსკოვი მიესალმა, ჩემი აზრით, ეს ივანიშვილს სწორედ იმიტომ აწყობს, რომ ის პოლიტიკურად საკმაოდ დაზიანებულია, რომ საფრთხე არ შეუქმნას თავად ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს უნდობლობა ახასიათებს, განსაკუთრებით საკუთარი გუნდის წევრების მიმართ. გახარია ახლა იმდენად დაზიანებული პოლიტიკოსია, რომ ის ბიძინა ივანიშვილის კონტროლიდან ადვილად ვერ გავა და ალტერნატივას ვერ შექმნის. ჩვენ ვიცით, რომ თავად ივანიშვილიც ძალიან მაღალი ნეგატივით სარგებლობს საზოგადოებაში.
_ 2012 წლიდან დღემდე, რაც არჩევნები ჩატარებულა, ყველა არჩევნებზე არჩევანი ასე იდგა: ბიძინა ივანიშვილი Vშ მიხეილ სააკაშვილი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი მნიშვნელოვანი იქნება ოპოზიციის კონსოლიდაცია. პოლიტოლოგი გია ნოდია „ქრონიკა+“-სთან აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ერთიანობისთვის სააკაშვილი ნეგატიური ფაქტორია. თქვენი აზრით, სააკაშვილის აქტიურობა უშლის თუ არა ხელს ოპოზიციის კონსოლიდაციას?
_ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის თანამშრომლობა და კოალიციური მთავრობის შექმნა თავისთავად არის პრობლემა, მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში, სადაც კოალიციური მმართველობის გამოცდილება არ გვაქვს. თუ რამე კოალიციის სახით იქმნებოდა, შემდეგ ვხედავდით, როგორც მთავრდებოდა, _ თავის დროზე „ქართული ოცნებაც“ სხვადასხვა მოთამაშის კოალიცია იყო. კოალიციური მმართველობის გამოწვევა არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსი, არამედ კოალიციური მმართველობის პოლიტიკური კულტურაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც აპირებს, რომ კოალიციური მთავრობის წევრი იყოს, მოუწევს ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა, რაც არ არის მარტივი ამოცანა.
_ მზად არიან პოლიტიკური პარტიები ამ პოლიტიკური კულტურის შესაქმნელად?
_ რამდენად მზად არიან პოლიტიკური პარტიები ამისთვის, ეს გამოჩნდება, როგორც არჩევნების წინა პერიოდში, ასევე არჩევნების შემდეგ. სხვა ალტერნატივა ჩვენი სახელმწიფოს გადასარჩენად არ არის. უნდა გაიგოს ყველა შესაბამისმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომ უშუალოდ საკუთარი ინტერესები, გარკვეულწილად, გვერდზე გადადოს საერთო ამოცანების მისაღწევად. მოხერხდება თუ არა ეს, გამოჩნდება.
_ გარდა ამისა, ივანიშვილის ფინანსური რესურსი მუდმივად არის ოპოზიციის პრობლემა, რას უპირისპირებთ ამას?
_ არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ფინანსური რესურსი თამაშობს გადამწყვეტ როლს. მთავარი არის პოლიტიკური იდეები _ მას ვერ იყიდი. მთავარი ამოცანა, მათ შორის, პოლიტიკური ლიდერებისთვის, არის სწორედ ერთიანი პოლიტიკური იდეის გარშემო გაერთიანება. რაც შეეხება ივანიშვილის ფინანსურ რესურსს, ფინანსების ხარჯვას თავისი ლოგიკური ზღვარი აქვს, ანუ რამდენიც არ უნდა დახარჯოს, ყოველ დამატებით დახარჯულ ლარს სულ უფრო ნაკლები შედეგი აქვს. ამ მდგომარეობას ქვეყნის პოლიტიკურ ბაზარზე ივანიშვილმა უკვე მიაღწია. შესაბამისად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ივანიშვილის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობები იქნება, მაგრამ ადამიანებმა ძალიან კარგად გაიგეს, რომ ხელისუფლებამ არჩევნების შემდეგ ქვეყნის ცხოვრებაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვალა, პირიქით უარესობისკენ წავედით. ამ განწყობით და გამოცდილებით მიდის ხალხი შემდეგ არჩევნებზე და ყოველ მომდევნო არჩევნებზე ივანიშვილის ფულით ზეგავლენის არეალი სულ უფრო მცირდება.
_ ყოველი არჩევნების წინ აქტუალური ხდება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხი. მისი წასვლის შემდეგ ის პერიოდულად აანონსებს ჩამოსვლას, თუმცა, ჯერჯერობით, ეს დაპირებად რჩება. ფიქრობთ თუ არა, რომ მისი ეს პერიოდული განცხადებები ჩამოსვლასთან დაკავშირებით და შემდეგ შეუსრულებელი დაპირება, მას ამომრჩევლის თვალში ნდობას უკარგავს და რამდენად მნიშვნელოვანია მისი ჩამოსვლა 2020 წლის არჩევნებამდე?
_ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, როდის უნდა დაბრუნდეს საქართველოში, როდესაც ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია პოლიტიკური პატიმრობის საფრთხესთან, ეს კონკრეტული ადამიანის გადასაწყვეტია და ძალიან გამიჭირდება კომენტირება სხვის გადაწყვეტილებაზე ან შეფასებაზე, როდის იქნება მისთვის მისაღები ჩამოსვლა. სააკაშვილი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ დევნილობაშია. თუ ვსაუბრობთ მხარდამჭერების რაოდენობაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰყავს, ის დღემდე არის ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი პოპულარული ოპოზიციური ლიდერი, ქვეყნის შიგნით იქნება, თუ ქვეყნის გარეთ. მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე. ცალსახაა, რომ ივანიშვილი დღემდე მიიჩნევს სააკაშვილს ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამოწვევად. სწორედ ამიტომ არის დღემდე სააკაშვილი პოლიტიკური დევნილი.
_ ის ფაქტი, რომ სააკაშვილი ამომრჩეველს მუდმივად ჰპირდება ჩამოსვლას და ეს მხოლოდ დაპირებად რჩება, უკარგავს თუ არა ამომრჩეველს მისდამი ნდობას?
_ თუ ვიმსჯელებთ, რომ მისი მხარდამჭერების რაოდენობა საკმაოდ სტაბილურია, ასევე დღეს უკვე იკვეთება ახალგაზრდების ჯგუფები, რომლებისთვისაც სააკაშვილი საინტერესოა, როგორც პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ, ის აქტუალური და საინტერესოა, როგორც ძველი მხარდამჭერებისთვის, ასევე პოტენციურად ახალი მხარდამჭერებისთვისაც. ამას ვხედავთ ჩვენ გარშემო და დაკვირვებაც ამას აჩვენებს.
_ „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გუნდის განახლებას ახალი სახეებით?
_ განახლება ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის სიცოცხლისუნარიანობას ნიშნავს და „ნაციონალური მოძრაობაც“ არ არის გამონაკლისი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მუდმივი განახლება ყველა პოლიტიკურ ძალას ესაჭიროება, _ ეს პროგრესისა და აქტუალურობის ნიშანია. თუ მომავლის პოლიტიკური ძალა ხარ, განახლების რესურსი უნდა მოძებნო.

ნენე ინჯგია