ნორა კვიციანი: „ვინც მე და ირაკლი ბათიაშვილი დამნაშავეებად გამოგვაცხადა, ახლა ის წავიდეს ციხეში“

სტრასბურგის სასამართლომ უშიშროების ყოფილი მინისტრი, ირაკლი ბათიაშვილი, გაამართლა. ევროსასამართლომ საქართველოს ბათიაშვილისთვის მორალური ზარალის ანაზღაურებაც დააკისრა. ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას საკუთარ გამარჯვებადაც მიიჩნევს ყოფილი პოლიტპატიმარი ნორა კვიციანი. ის და ირაკლი ბათიაშვილი 2006 წელს ერთსა და იმავე დღეს დააპატიმრეს.
ყოფილი პოლიტპატიმარი „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ ახლა ის მოსამართლეები უნდა წავიდნენ ციხეში, რომლებმაც ის და ბათიაშვილი საპყრობილისთვის გაიმეტეს.

რატომ არ აქვს გიგა ბოკერიასა და სხვა „ნაციონალებს“ ხმის ამოღების უფლება? რას ვერ პატიობს ირაკლი ოქრუაშვილს, რისთვის დაიჭირეს 13 წლის წინ ირაკლი ბათიაშვილი და რაზე ესაუბრებოდა ის სინამდვილეში ემზარ კვიციანს? _ ამ თემებზე ნორა კვიციანი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილი გაამართლა. ევროპულ სასამართლოში თქვენც აპირებდით სარჩელის შეტანას, მაგრამ გადაიფიქრეთ. არ ნანობთ, რომ გადაიფიქრეთ?
_ არ ვნანობ, მთავარი ჩემთვის ის არის, რომ ჩემი სიმართლე უკვე დავამტკიცე. ჯერ აქ მინდოდა სიმართლის დამტკიცება და მაგიტომ არ მივმართე სტრასბურგის სასამართლოს.
კარგად მიცნობ და იცი, რომ წლების განმავლობაში იარაღით ხელში ვიცავდი საქართველოს. მეუხერხულებოდა, რომ ევროსასამართლოში ჩემი სარჩელი ასე წასულიყო: „ნორა კვიციანი საქართველოს წინააღმდეგ“.
სხვა გზა რომ არ მქონოდა, ალბათ, მივმართავდი სტრასბურგს, მაგრამ ახლა რაღა აზრი აქვს? _ ჩემი სიმართლე ყველამ იცის.
დარწმუნებული ვარ, რომ მიმემართა, მეც ისევე გამამართლებდნენ, როგორც ირაკლი ბათიაშვილი გაამართლეს. ირაკლის გამართლება ჩემი გამართლება და გამარჯვებაც არის. კიდევ ერთხელ გავმართლდი და დავამტკიცე, რომ 2006 წელს ბინძური ღალატისა და შეთქმულების მსხვერპლი ვიყავი.
საინტერესოა ის ამბავიც, რომ მე და ირაკლი ერთ დღეს დაგვაკავეს, ერთმანეთს „მოდულის“ შენობაში შევხვდით. ირაკლიმ არ იცოდა, რომ მეც დაჭერილი ვიყავი. თავის მხრივ, არც მე ვიცოდი მისი ამბავი.
როცა „მოდულის“ შენობაში დავინახე, ვიყვირე, _ შენ აქ რა გინდა-მეთქი?! ამაზე გაიცინა და მკითხა, _ თავად შენ რა გინდა აქო? ახლა ღიმილით ვიხსენებ ამ ისტორიას, მაგრამ მაშინ ძალიან მძიმე დღეში ვიყავით _
ორივე ჩვენგანს სახელმწიფო გადატრიალებაში გვდებდნენ ბრალს და, ლამის, მოღალატეებადაც შეგვრაცხეს, ამიტომ ორმაგად მიხარია, რომ ირაკლი გამართლებულია. ვიმეორებ: ეს ჩემს გამარჯვებასაც ნიშნავს.
კარგად იცი, როგორი მორწმუნე ადამიანი ვარ და არავის განკითხვას არ ვაპირებ. ამასთან, ძალიან მაინტერესებს იმ ხალხის მოსმენა, ვინც წლების წინათ ჩვენ მოღალატეებს გვეძახდა.
დავიჯერო, არ რცხვენიათ, ასე რომ გაგვწირეს? არ შეიძლება, ადამიანებს ყველაფერი დააბრალო, ციხეში ტყუილად გაატარებინო წლები და ბოდიშიც კი არ მოუხადო ამისთვის.
_ წლების წინათ მოღალატეებად თქვენ გიგა ბოკერიაც მოგიხსენიებდათ. ახლა ის ამბობს, რომ ბათიაშვილის საქმე ყველა ხელისუფლებისთვის მაგალითი უნდა იყოს. ეს არ არის ბოდიში?
_ ბოკერია მაშინ რატომ არ საუბრობდა ასე, როცა ხელისუფლებაში იყო? მაშინ აქტიურად ამტკიცებდა, რომ ჩვენ მოღალატეები ვიყავით. ახლა რაკი სტრასბურგმა დადო გადაწყვეტილება, პოზიცია შეიცვალა? არ გამოვა, არავინ დაიჯერებს მის სახეცვლილებას. ყველას ძალიან კარგად ახსოვს მისი წარსული და მისი განცხადებები.
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბოკერია გულწრფელი არ არის. მან მაშინაც კარგად იცოდა, რომ ირაკლი უდანაშაულო იყო, მაგრამ ხმა არ ამოუღია მის დასაცავად.
არც ჩემზე დასცდენია ერთი სიტყვა. ემზარს საერთოდ ვერ იტანს და დღემდე მოღალატეს ეძახის.
_ ემზარის მიმართ მას მართლა განსაკუთრებული აგრესია აქვს. თქვენი აზრით, ამის მიზეზი რა არის?
_ მიზეზი ისაა, რომ ემზარმა სიმართლე იცის. ამათ კიდევ სიმართლის ეშინიათ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩემს ძმას პროვოკაციები მოუწყონ.
ნახავდით ერთხელ, როგორ დახვდნენ პარლამენტთან და წყობილებიდან გამოიყვანეს. მისგან პასუხი რომ მიიღეს, მერე მისი დაჭერა მოითხოვეს.
ძალიან მინდოდა, როცა ეს აქციები მიმდინარეობდა, მივსულიყავი და აქციის ზოგიერთი მონაწილისთვის მეკითხა, თუ რა უფლებით მართავდნენ ისინი აქციებს. რა ნამუსით გმობდნენ რუსულ ოკუპაციას, როცა თავად გადასცეს რუსებს ხელიდან ხელში კოდორის ხეობა _ ხეობა, რომელსაც ჩვენ წლების მანძილზე კბილებით ვიცავდით! ხეობა, რომელიც იმედს გვიტოვებდა, რომ აფხაზეთში დავბრუნდებოდით. გადაცემა თუ არ ჰქონდათ ჩაფიქრებული, რატომ უწოდეს იქაურობას 2006 წელს ზემო აფხაზეთი? ამით კოდორის ოკუპაციისთვის საფუძველი მოამზადეს.
გიგა ბოკერია ყველაფერს აკეთებს ემზარის დისკრედიტებისთვის. სამწუხაროა, რომ ჩემი ძმის მიმართ ხელისუფლების ნაწილიც ცუდად არის განწყობილი.
_ ეს რაში გამოიხატება?
_ ბევრ რამეში. ემზარმა დღემდე ვერ დაიბრუნა ის ქონება, რომელიც მას უკანონოდ ჩამოართვეს.
_ რატომ არ უბრუნებენ, რას ეუბნებიან?
_ მიზეზები არ ელევათ: ხან სასამართლოს გადადებენ, ხან რაღაც სხვა მიზეზს იგონებენ, მაგრამ წართმეულს არ უბრუნებენ. ამ ადამიანს ისედაც ბევრი უბედურება დაატეხეს თავს და იმის ღირსიც აღარაა, თავისი ქონება დაუბრუნონ? ასე როგორ შეიძლება?!
გარდა ამისა, მას ყველანაირად უშლიან ხელს, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცოს. ემზარმა მოითხოვა, პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც 2006 წლის კოდორის მოვლენებს შეისწავლის.
ამ კომისიას ცოცხალი თავით არ ქმნიან. სამაგიეროდ, ბოკერიას უფლებას აძლევენ, სხვას მოღალატეები ეძახოს.
მოღალატეს უწოდებს სხვას, როცა თავად არის მოღალატე და თავად მიუძღვის ბრალი კოდორის დაკარგვაში. მას კიდევ მრავალი ცოდვა აწევს კისერზე.
ვთქვათ, ემზარი რუსეთის კაცი იყო და მათ ის უშლიდა ხელს ხეობის დაცვაში. კითხვა არავის გასჩენია, რატომ ჩააბარეს მისი გაგდების შემდეგ ხეობა რუსეთს? გავრილოვზე რომ ლაპარაკობენ, ჯერ თავიანთი რუსული საქმეები გაიხსენონ.
მორწმუნე ადამიანი ვარ და არ მინდა, ციხეში მყოფზე ცუდი ვთქვა, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილს რატომ არ მოსთხოვეს პასუხი. ის ჩვენ მიმართ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა.
წლების წინათ, ემზარი რომ ციხეში იყო, მასზე ბევრი ცუდი რამე თქვა: 2006 წლის ზაფხულში მისი ლიკვიდაციის ბრძანება გავეცი და დრო რომ დაბრუნდეს, იგივეს გავაკეთებო.
ახლა თავადაც ციხეში ზის და რას იგრძნობს, მასზე რომ ცუდი რამე თქვან? არადა, კოდორის ჩაბარებაში მასაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი.
_ კოდორი რომ დაიკარგა, ის ხელისუფლებაში აღარ იყო საქართველოდან წასული გახლდათ.
_ სამაგიეროდ, 2006 წელს გააკეთა თავისი გასაკეთებელი. მაგას რომ არ დაეწყო, არაფერიც არ მოხდებოდა.
_ რას გულისხმობთ? რა დაიწყო ოქრუაშვილმა?
_ მაგან გააუქმა ბატალიონი „მონადირე“, რომელც ხეობას იცავდა. თავიდან ეს სახალხო ლაშქარი იყო, მერე ის თავდაცვის სამინისტრომ დაიქვემდებარა. ოქრუაშვილმა ბატალიონი ყველასთვის მოულოდნელად გააუქმა და აუარება იარაღი ხალხს ხელში შერჩა. ბატალიონ „მონადირის“ წევრები უკანონო ფორმირების წევრებად გამოცხადდნენ. არადა, ამ ხალხს უკანონობა არაფერი ჰქონდა ჩადენილი. ისინი თავის კუთხეს, სამშობლოს იცავდნენ.
_ ბატალიონ „მონადირის“ გაუქმების მთავარი ინიციატორი გივი თარგამაძე იყო. ის ამ ინიციატივით 2004 წელს გამოვიდა.
_ კოდორის საქმეების შემსწავლელი კომისია რომ შეიქმნას, მასაც მოეთხოვება პასუხი და კიდევ ბევრ ვინმეს.
ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი, ვინც ჩვენი სისხლით შენარჩუნებული ხეობა მტერს უბრძოლველად ჩააბარა.
ეტყობა, ამაში „ქართული ოცნებაც“ მონაწილეობდა. სხვანაირად ვერ ვიგებ, თუ რატომ არ უნდა შეექმნათ პარლამენტში სპეციალური კომისია, რომელიც კოდორის ამბებს გამოიძიებდა?
ირაკლი ბათიაშვილის გამართლება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ იქ საქართველოს ხელისუფლებამ უკანონობა ჩაიდინა და ეს საქმე შესასწავლია. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
_ თქვენ ირაკლი ბათიაშვილს კარგად იცნობთ, ხომ?
_ ძალიან კარგად ვიცნობ. ის ბევრჯერ არის ჩემს ოჯახში სტუმრად ნამყოფი. საუკეთესო ადამიანია და მასზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა. მის გამარჯვებას საკუთარ გამარჯვებად მივიჩნევ.
_ თქვენი აზრით, მაშინ რატომ დააკავეს ბათიაშვილი? ის იმ დროს აქტიურად არ მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში.
_ მიტინგებს არ აწყობდა, მაგრამ მწვავე განცხადებებს აკეთებდა. ხელისუფლებას აღიზიანებდა მისი პოზიციები, მისი სიმართლე.
როცა კოდორის ამბები მოხდა და ბათიაშვილის დაკავების საბაბი მიეცათ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს. ერთი მხრივ, არასასურველი ადამიანი მოიშორეს, მეორე მხრივ, ემზარის თანამზრახველი „გამოავლინეს“, უფრო რომ გაემუქებინათ სურათი და ხალხს დაეჯერებინა, რომ მართლაც სახელმწიფო გადატრიალება იყო.
როცა კოდორში ის უბედურება დაიწყო, ირაკლი დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ემზართან დაკავშირებას. მან შემთხვევით გაიგო, კოდორში რაც ხდებოდა და ემზარის დამშვიდებას შეეცადა.
ჩემს ძმას ტელეფონი გამორთული ჰქონდა და ირაკლიმ მე დამირეკა, _ ნორა, ემზარს ვერ ვურეკავ, ეს რა ხდება, გამაგებინეო.
ვუთხარი, რომ თავადაც არაფერი ვიცოდი, ხოლო ემზარი ისეთ დღეში იყო, კაცი ვერ დაელაპარაკებოდა. ბათიაშვილმა მითხრა, როცა გამოჩნდება, უთხარი, სისხლი არ დაღვაროსო.
ცოტა ხანში ემზარი გამოჩნდა, _ ტელეფონი ჩართე, ირაკლი ბათიაშვილი გეძებს-მეთქი. ირაკლიმ, როგორც იქნა, დაურეკა მას და იგივე უთხრა, რაც მე, _ სისხლი არ დაღვაროო.
ამის გამო მისთვის მადლობა უნდა ეთქვათ, ის კი დაიჭირეს, როგორც ემზარის თანამზრახველი.
_ მას კვიციანისთვის ინტელექტუალური მხარდაჭერა ედებოდა ბრალად.
_ სისულელეა! თავიდან იმის დაბრალება უნდოდათ, თითქოს ირაკლი და ემზარი შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
ირაკლის პროცესზე მოწმის სახით ვარ დაკითხული. იქ ყველაფერი ვთქვი, მაგრამ ჩემი ჩვენება არავინ გაითვალისწინა.
სრულიად უდანაშაულო ადამიანს ჯურღმულში საშინელი წამება გამოატარეს. მე მასზე ბევრად დიდი ხანი ვიჯექი ციხეში, მაგრამ მისი მდგომარეობა უფრო მძიმე იყო. არც მე მილხინდა. კარგად იცი, ერთ წელიწადზე მეტი ზუგდიდის „კრიტში“ ვიჯექი.
ჩემთვის ყველაზე გამაოგნებელი იყო, რომ ირაკლის პოზიციების დაკავებაზე მოსდეს ბრალი.
_ რა პოზიციების დაკავებაზე? ამის შესახებ არაფერი ვიცი.
_ სატელეფონო საუბრის დროს პოზიციები ახსენეს. ასეთი ფრაზა იყო ნათქვამი, _ პოზიციები დაიკავეთო.
ხელისუფლებამ ეს ისე შეფუთა, თითქოს ემზარი და ირაკლი საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ პოზიციების დაკავებაზე საუბრობდნენ.
არადა, ვინც მაშინდელი კოდორი იცის ემახსოვრება, რას ვეძახდით პოზიციებს. პოზიციები გვქონდა ჩვენ ე. წ. საზღვართან, რომ მოწინააღმდეგე არ გადმოსულიყო. ათეულობით ბრძოლა გადავიტანეთ, რომ ის პოზიციები შეგვენარჩუნებინა, ათეულობით ჩვენიანი დაიღუპა იმ პოზიციების დასაცავად.
ვიმეორებ: ირაკლი და ემზარი როცა პოზიციებზე საუბრობდნენ, გულისხმობდნენ ე. წ. საზღვართან მყოფი პოზიციების გამაგრებას, რათა მოწინააღმდეგეს არ ესარგებლა იქ არსებული ვითარებით და ხეობაში არ შემოსულიყო.
მერე დავინახეთ, რომ მოწინააღმდეგეს ხეობაში შემოსვლა სხვა დროისთვის ჰქონია ჩაფიქრებული. იმ დღეებში რუსები იქ არც აპირებდნენ შემოსვლას.
ეს ყველაფერი რუსებთან რომ არ ყოფილიყო შეთანხმებული, ჩვენს შენაერთებს რუსი სამშვიდობოები არ გამოატარებდნენ. კოდორში ისე ვერ მოხვდებოდით, მათი საგუშაგოები რომ არ გაგევლოთ.
კარგად იცი, რომ პროდუქტი ხეობაში თბილისიდან და ზუგდიდიდან უნდა შეგვეტანა. რუსი სამშვიდოებოები თავიდან ბოლომდე გვჩხრეკდნენ, რომ იარაღი არ შეგვეტანა.
1994 წელს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ხეობაში ვერც შეიარაღებული ფორმირება შევიდოდა, 2006 წელს კი რუსებმა ჩვენი ჯარი უპრობლემოდ შემოუშვეს. იბადება კითხვა, _ რატომ? ამ კითხვაზე პასუხი 2008 წელს მივიღეთ, როცა ხეობა რუსებს გადასცეს.
სასამართლოზე განვმარტე, თუ რას გულისხმობდა ბათიაშვილი, როცა პოზიციებზე საუბრობდა, მაგრამ არ მოისმინეს. არც მოსამართლემ გაითვალისწინა ჩემი ჩვენება, არც _ პროკურომა. მათ ზევიდან ჰქონდათ ასეთი ბრძანება მიღებული, რომ ირაკლი და ემზარი მოღალატეებად უნდა გამოეცხადებინათ.
ამ ყველაფრის მერე „ნაციონალები“ სხვის უსამართლობაზე როგორ საუბრობენ? როცა აქციებს მართავდნენ, ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მივსულიყავი. ერთხელაც იქნება და მივალ, ვკითხავ, _ არ რცხვენიათ, ასე რომ იქცევიან ან სხვას რომ განიკითხავენ? საკუთარ დანაშაულზე აგეს პასუხი? ჯერ მათი დანაშაულები შევისწავლოთ და მერე _ სხვების.
არ მინდა გამომრჩეს მოსამართლეების ამბავი. მოსამართლეების დანიშვნა მეც ძალიან მაწუხებს. მიმაჩნია, რომ ასე არ შეიძლება.
_ რა არ მოგწონთ და რაზე ამბობთ, რომ ასე არ შეიძლება?
_ ახლა, ფაქტობრივად, იმ მოსამართლეებს აწინაურებენ, რომლებმაც ჩვენ ციხისთვის გაგვწირეს.
„ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ 200-მდე მსჯავრდებულს მიენიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი. ისინი დაუყოვნებლივ გამოვიდნენ ციხიდან. მათი მოსამართლეები ახლა უვადოდ ინიშნებიან. როგორ შეიძლება, ადამიანებს ასეთი მოსამართლეების იმედი ჰქონდეს?! მე კი გავმართლდი, მაგრამ უამრავი ადამიანი ითხოვს სამართალს. მოსამართლეები, რომლებიც „ნაციონალების“ დაკვეთას ასრულებდნენ, არასდროს იქნებიან სიმართლის მსახურები.
ძალიან გულდასაწყვეტია, რომ დამნაშავე პროკურორებიც თავის ადგილზე სხედან, ბევრი დააწინაურეს კიდეც.
„ნაციონალები“ ხმას რომ ვერ უნდა იღებდნენ, უკვე აქციებს მართავენ და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.
დღეს მათგან მხოლოდ რამდენიმე იხდის სასჯელს. მარტო მერაბიშვილი, ახალაია და ოქრუაშვილი არ ყოფილან დამნაშავეები. ბევრი იმსახურებს ციხეში ყოფნას. სამართლიანობა უნდა აღდგეს, სამართლის გარეშე ცხოვრება გაგვიჭირდება.
ბევრი მცდელობის მიუხედავად, ჩემმა ძმამ ვერ მიაღწია იმას, რომ პარლამენტში კოდორის საქმეების შემსწავლელი კომისია შეექმნათ. აშკარაა, რომ კოდორის დაკარგვაში „ოცნების“ მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილსა და ოქრუაშვილს კოდორის საქმეზე დაკითხავდნენ.
_ არ დაუკითხავთ?
_ არავინ სწავლობს ამ საქმეს და რაზე დაკითხავდნენ? ორივე ისე იქცევა, თითქოს, აქაც არაფერი. არადა, მერაბიშვილმა და ოქრუაშვილმა ჩააბარეს ხეობა.
_ ოქრუაშვილზე ძალიან ხართ გაბრაზებული.
_ გაბრაზებული ვიქნები, აბა, არ ვიქნები? ჯერ ემზარზე რეები ილაპარაკა და მერე რა ჩაიდინეს ხეობაში.
რა დამავიწყებს ოქრუაშვილის ბრძანებას, ნორა და ემზარ კვიციანის სახლები გადაბუგეთ და მიწასთან გაასწორეთო.
მფრინავებმა უარი თქვეს ჩხალთის დაბომბვაზე. ასე გადარჩა ჩვენი სახლები. მერე ისე შევიდნენ იქ, თითქოს რამე მნიშვნელოვანი ობიექტი აეღოთ. დროშა კი აღმართეს ზედ.
მარტო იმის გამო არ ვარ გამწარებული, რომ ჩვენ გვდევნიდა. იმაზე ვწუხვარ, რომ მათმა ქმედებებმა ხეობა გაწირა.
არ მინდა, უსამართლო ვიყო და მარტო მას დავაბრალო ყველაფერი. ამაში მთავარი დამნაშავე სააკაშვილი იყო. ოქრუაშვილი და მერაბიშვილი მისი დავალებების შემსრულებლები იყვნენ.
კოდორზე გია ბარამიძეც უნდა დაიკითხოს. მან შემოიტანა ხეობაში დიდი ოდენობით იარაღი, რომელიც მერე ჩვენ შეგვატოვეს ხელში. ბარამიძე თავდაცვის მინისტრი რომ იყო, მაშინ შემოგვიტანა იარაღი. ჩვენ უკანონო ფორმირების შექმნა და იარაღის უკანონო ფლობა დაგვბრალდა. არადა, ეს იარაღი საწყობში იყო და ბატალიონ „მონადირეს“ ეკუთვნოდა.
სიმართლის დასადგენად ბევრი ვინმე უნდა დაიკითხოს. მე ვიბრძოლებ, რომ ეს ამბავი გამოიძიონ. გამართლებული კი ვარ, მაგრამ რამდენი წელი ვატარე მოღალატის სახელი? იცით, ეს რა გრძნობაა? თან ჩემთვის ათმაგად მძიმე იყო, _ კარგად იცი შენც და სხვა ჟურნალისტებმაც, რომ როცა ხეობას უჭირდა, იარაღიც მჭერია ხელში.
ახლა სიმართლის დადგენას ვითხოვ: ის მოსამართლეები წავიდნენ საპატიმროში, რომლებმაც მე და ირაკლი ბათიაშვილი ციხისთვის გაგვიმეტეს.

შორენა მარსაგიშვილი