დიმიტრი შაშკინი: „ხელისუფლებაში პარაზიტების „სასტავია!“

ქვეყნის მოქმედი მთავარი პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის საპარლამენტო „დაკითხვამ“ ქვეყანა დაშოკა. მეტიც თადუმაძის უდიპლომობამ და იმან, რომ არ იცის, „დიდოსტატის მარჯვენა“ ვინ დაწერა, ლაპარაკის ხალისი თავად „ოცნების“ მხარდამჭერებსაც დაუკარგა. შალვა თადუმაძეს ცხადია, ოპოზიციონერი დიმიტრი შაშკინიც ამხელს.
ამასთან, განათლების ყოფილი მინისტრი „ქრონიკა+“-სთან საუბრისას იმასაც ხსნის, თუ რას ემსახურება უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ისეთი ადამიანების დანიშვნა, რომელთაც არც დიპლომი აქვთ და არც _ განათლება, ანუ შაშკინის თქმით, ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, კოლექტიური „შოთაძეები“ იმიტომ სჭირდება, რომ მისი ნებისმიერი დავალება უსიტყვოდ შესრულდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კიდევ ერთ საფრთხეზე მიანიშნებს, კერძოდ, ჩვენი რესპონდენტი სახელმწიფო იდეოლოგიაზე აკეთებს აქცენტს და განმარტავს, რომ თადუმაძის და სხვა უდიპლომოების აღზევება მომავალი თაობისთვის ცუდი მაგალითია, რადგან ახალგაზრდები ხედავენ, შეიძლება, გაუნათლებლები იყვნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, თანამდებობაზეც დაინიშნონ და ფულიც იშოვონ.

სხვათა შორის, თემის აქტუალობიდან გამომდინარე, „ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რა განათლება აქვს დიმიტრი შაშკინს და გაარკვია, რომ ყოფილი ჩინოვნიკი კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, თუმცა მანამდე თსუ-ში სწავლობდა.
რომელი ცნობილი ადამიანები არიან დიმიტრი შაშკინის თანაკურსელები? _ ამას წინამდებარე ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ ბატონო დიმიტრი, ცხადია, საუბარი უნდა დავიწყოთ იმ ე. წ. საცირკო სანახაობით, რაც გასულ კვირას _ არც მეტი, არ ნაკლები _ საქართველოს პარლამენტში ვნახეთ, ანუ ქვეყნის მოქმედმა მთავარმა პროკურორმა და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას უმიზნებს, „ქოცებიც“ კი დაშოკა _ გარდა იმისა, რომ გაურკვეველ სასწავლებელში სამოსანი ყოფილა, თადუმაძემ, როგორც თქვა, ისიც კი არ იცის, „დიდოსტატის მარჯვენა“ ვინ დაწერა. მოკლედ, რა ვითარებაა, რა მდგომარეობაა?
_ ეს, სამწუხაროდ, ჩვენი ცხოვრების ნაწილია _ ეს არც პირველია და, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, არც ბოლო მაგალითი იქნება. ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ადამიანები დამისახელოთ, რომლებსაც კარგი განათლება აქვთ მიღებული და რომლებიც „ოცნებაში“ გამორჩეულები არიან. ასეთ ადამიანებს, უბრალოდ, ვერ დამისახელებთ!
სამწუხაროდ, ახლა ქვეყანაში იმ ფასეულობების კულტივაცია ხდება, რომელიც საქართველოსა და 21-ე საუკუნეს აბსოლუტურად არ შეესაბამება! დიახ, „ოცნება“ იმას ასხივებს, რომ ადამიანს განათლება არ უნდა ჰქონდეს და არც წარმატებული უნდა იყოს. დღეს მთავრობაში ან საჯარო სექტორში რომ იმუშაო, საამისოდ მთავარია, ქვეყნის არაფორმალური მმართველის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება გქონდეს!
_ ისე, ნიშანდობლივია, რომ დიპლომის პრობლემა თადუმაძის ერთ-ერთ წინამორბედს, ოთარ ფარცხალაძესაც ჰქონდა. ამასთან, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის კვალიფიკაციაც ეჭვქვეშ დგას. თქვენი აზრით, ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე უდიპლომოები რატომ ინიშნებიან? „ოცნება“ საზოგადოებას და იგივე ოპოზიციას სალაპარაკოს რატომ აძლევს?
_ საქმე ისაა, რომ „ოცნებას“, უფრო კონკრეტულად, საქართველოს არაფორმალურ მმართველს, განათლებული კი არა, ისეთი ადამიანები სჭირდება, რომლებიც, როგორც გითხარით, მის მიმართ ლოიალურად იქნებიან განწყობილნი და, შესაბამისად, ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებენ!
_ ბრძანებები შესაძლოა, დიპლომიანმა და განათლებულმა ადამიანმაც შეასრულოს.
_ სანამ უკანონო ბრძანებას შეასრულებს, ნასწავლი და განათლებული ადამიანი აუცილებლად დაფიქრდება! ისეთი ადამიანისთვის კი, რომელიც ნაკლებადაა განათლებული, უკანონო ბრძანების შესრულება მარტივია!
სათქმელი უნდა ითქვას _ ჩვენ, რეალურად, იმ შავბნელ 90-იან წლებს დავუბრუნდით, როცა არც განათლება ფასობდა და არც _ ჭკუა! მაშინ მთავარი იყო, ვინმესთვის რამე, თუნდაც, ქვეყნის ინტერესების ფასად გამოგეგლიჯა! ახლაც ზუსტად იგივე ხდება, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ XXI საუკუნეა!
_ 90-იანი წლების სტანდარტების დამკვიდრებით „ოცნება“ რას მიაღწევს? ამით პრობლემები, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დასავლელ პარტნიორებთან შეექმნება?
_ სხვათა შორის, ძალიან კარგად მახსოვს, რომ მსგავსი კითხვა ადრეც დამისვით, ანუ მკითხეთ, „ოცნებას“ რა უნდაო? „ოცნება“ რამეზე გრძელვადიან პერიოდში არ ფიქრობს, ანუ საზოგადოება ყველაფერ ამას სააკაშვილის პრიზმით უყურებს.
_ უკაცრავად, სააკაშვილი რა შუაშია?
_ როცა მაშინ მთავრობა რამეს აკეთებდა, ხალხისთვის მნიშვნელოვანი იყო, ხუთ თუ ათ წელიწადში რა იქნებოდა, ანუ ყველაფერი, რაც 2003-დან 2012 წლამდე კეთდებოდა, რაღაცას ემსახურებოდა.
მაგალითად, ბათუმი იმისთვის შენდებოდა, რომ მეტი ტურისტი შემოსულიყო. სიღნაღის აღდგენასაც ეს მიზანი ჰქონდა. იგივე ქუთაისის აეროპორტის მშენებლობასაც კონკრეტული მიზანი ჰქონდა.
მოკლედ, „ნაციონალური“ ხელისუფლების დროს ყველაფერს თავისი მიზანი ჰქონდა. ახლა კი ქვეყანას მიზანი, უბრალოდ, არ აქვს! შეგიძლიათ, „ოცნების“ ლიდერებს ჰკითხოთ, თუ რა არის ქვეყნის იდეა, ანუ ეს ქვეყანა რისთვის არსებობს ან თვითონ რა უნდათ? გიპასუხებენ, რომ მათი მიზანი ერთადერთია _ ხელისუფლებაში იყვნენ, ქვეყანა ძარცვონ, გამდიდრდნენ, მეათე, მეოცე და ოცდამეათე სახლი აიშენონ, მეოცე მანქანა იყიდონ და მეტი არაფერი.
_ ყველაფერ ამის გაკეთება ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ისე შეუძლია, რომ თანამდებობის პირები არ გაამასხარაოს.
_ ისინი ასე არ ფიქრობენ, ანუ თქვენც ცდილობთ, რომ ივანიშვილის მოქმედება ლოგიკურად შეაფასოთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ის ყველაფერს სხვანაირად უყურებს. სიმართლე გითხრათ, „ოცნების“ ქმედებების ლოგიკურ ახსნას დიდი ხანია, თავი დავანებე იმიტომ, რომ ყველაფერი ის, რასაც აკეთებს, ნორმალური ადამიანების ლოგიკაში არ ჯდება!
„ოცნების“ წევრებს თავიანთი ლოგიკა აქვთ და ეს ლოგიკა ის გახლავთ, რომ სანამ მომენტია, ფული იშოვონ და მნიშვნელობა არ აქვს, ამ ფულს რის ფასად იშოვიან! ისინი ფიქრობენ, რომ სწორ მომენტში სწორ ადგილას მოხვდნენ და ახლა, უბრალოდ, ამ შანსს იყენებენ!
ამ ადამიანებს პარაზიტებს ვეძახი!
_ რატომ?
_ აი, მაგალითად, არსებობს მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც მზადაა, შხამ-ქიმიკატებით მიწის კონკრეტულ ნაკვეთზე იმაზე ათჯერ მეტი მოიყვანოს, ვიდრე ჩვეულებრივ მოდის, თუმცა ამ ჯგუფმა კარგად იცის, რომ შხამ-ქიმიკატების გამოყენების შემდეგ მიწის ამ ნაკვეთზე არაფერი მოვა.
ხელისუფლებაში ზუსტად ასეთი „სასტავია“, რომელსაც არ აინტერესებს, ვთქვათ, ეკონომიკა 10-20 წლის შემდეგ რა მდგომარეობაში იქნება. მთავარია, რომ ამ „სასტავს“ შეუძლია, ახლა ფული ჯიბეში ჩაიდოს და აი, სწორედ ამას აკეთებს!
_ ბატონო დიმიტრი, ყველაფერი ეს მომავალ თაობაზე, ალბათ, მოქმედებს, არა? _ ახალგაზრდები ხედავენ, რომ კონკრეტულმა პიროვნებამ არ იცის, „დიდოსტატის მარჯვენის“ ავტორი ვინაა, არც დიპლომი აქვს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ თანამდებობაზე დაინიშნოს! ერთი სიტყვით, განათლება უფასურდება?
_ რა თქმა უნდა! მხოლოდ განათლების სისტემა კი არა, იდეოლოგიაც განადგურებულია, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია!
სხვათა შორის, ჩვენ გვინდოდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა წარმატების ისეთი იდეოლოგია ყოფილიყო, როგორიც, მაგალითად, აშშ-შია.
მოგეხსენებათ, აშშ-ს სიძლიერე დგას პრინციპზე _ ისწავლე, მიიღე მაგარი განათლება, მერე იმუშავე, მიიღე კუთვნილი ანაზღაურება და გახდი წარმატებული ადამიანი! ერთიანი ეროვნული, საატესტატო გამოცდებითა თუ უცხოეთში სწავლის დაფინანსებით ახალგაზრდებს სწორედ ამას ვთავაზობდით. ეს ხელისუფლება კი ახალგაზრდებს ეუბნება, განათლება არ გჭირდებათ, რად გინდათ, მთავარია, ერთი ადამიანის მიმართ ლოიალურები იყოთ, სხვა ყველაფერი გეპატიებათ და ფულსაც იშოვითო!
_ ქვეყანაში შექმნილი ეს ვითარება, თქვენი აზრით, ოპოზიციამ სათავისოდ როგორ უნდა გამოიყენოს?
_ ოპოზიცია ხალხთან მუშაობს და, ბუნებრივია, რომ 2020-ში „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოგების შანსი აღარ ექნება, თუმცა, სამწუხაროდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ხელისუფლება არჩევნებით არ შეიცვალოს და არჩევნების შედეგები გააყალბოს, თუმცა მოსახლეობა ამის საშუალებას არ მისცემს და ეს ხომ ორჯერ-ორი ოთხია!
_ საიდან ან რის საფუძველზე ასკვნით, რომ „ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპირებს?
_ ყველა მოქმედება, რომელიც ახლა დაიწყო, იმაზე მეტყველებს, რომ 2020-ში „ოცნება“ არჩევნების გაყალბებას შეეცდება, თუმცა ვიმეორებ: ამის შესაძლებლობას ხალხი ზუსტად ისევე არ მისცემს, როგორც, თავის დროზე, ედუარდ შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეს არ მისცა!
_ ისე, „ოცნებამ“ ხალხთან შეიძლება, თავის მართლება დაიწყოს და თქვას, აი, გუნდის გადახალისება დავიწყეო და ამის დასტურად პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის გაშვება მოიყვანოს.
_ ეს გადახალისება არ არის.
_ აბა, რა არის?
_ უბრალოდ, მაფიოზურ დაჯგუფებაში ჭიდაობა ძალაუფლების გადანაწილებაზე მიდის და არა _ იმაზე, რომ ქვეყნისთვის რამე სიკეთე გაკეთდეს!
ერთ მაგალითს მოვიყვან: 2012 წელს, როცა „ოცნებას“ ხელისუფლება გადავეცით, რკინიგზა ერთ მილიარდად იყო შეფასებული. ახლა კი რკინიგზა, თუ არ ვცდები, 200-დან 300-მილიონამდე ღირს, ანუ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში რკინიგზის ფასი სამჯერ შემცირდა.
_ უკაცრავად, ამით რისი თქმა გინდათ?
_ რკინიგზის გარდა გადახედეთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სხვა საწარმოებს, რომლებიც ჩვენ დროს ნახევარი მილიარდის მოგებას წერდნენ. ახლა კი 9-მილიონიან წაგებაზე არიან და ეს ციფრები ჩემი მოგონილი კი არაა, არამედ ოფიციალური სტატისტიკაა! სხვაობას ხომ ხედავთ?
_ კი ბატონო, ვხედავ, მაგრამ თქვენი აზრით, „ოცნებას“ სახელმწიფო საწარმოები წაგებაზე მიზანმიმართულად, ასე ვთქვათ, გაჰყავს?
_ შეუძლებელია, რომ ქვეყანაც განვითარდეს და კონკრეტული კორუმპირებული ადამიანების ჯიბეც გასქელდეს!
ან ქვეყანა უნდა განვითარდეს, ან რამდენიმე კორუმპირებული ადამიანის ჯიბე გასქელდეს!
„ოცნების“ რეალური გაწმენდა და გადახალისება ზარდიაშვილის პარლამენტიდან გაშვება კი არა, ის იქნებოდა, ეჩვენებინათ, თუ ვისი ბრალია, რომ ნახევარმილიარდიანი საწარმოს მოგება მინუსებში წავიდა, მაგრამ რომელ წმენდაზეა საუბარი, როცა ქურდების დავალებით ადამიანებს კლავენ!
_ სიტყვამ მოიტანა და „ოცნების“ მომხრეები რუსთავში მომხდარ საზარელ მკვლელობას იმით „აპრავებენ“, რომ იმ პოლიციელებმა, რომლებმაც ადამიანი ქურდებს მოსაკლავად გადასცეს, ძალოვან უწყებაში მუშაობა „ნაციონალების“ დროს დაიწყეს!
_ მაპატიეთ, მაგრამ, ჯერ ერთი, 7 წლის წინ პოლიციაში უამრავი ადამიანი მუშაობდა. მეორეც, ჩვენ დროს ასეთი რამ ხომ არ ხდებოდა? ამის თქმა სოფიზმის ლოგიკაა და ამაზე მეტი უნამუსობა რაღა უნდა იყოს? იქნებ, ბრალი იმაშიც დაგვდონ, რომ ეს პოლიციელები ჩვენს დროს დაიბადნენ! ადამიანი, რომელიც შსს-ში ჩვენს დროსაც მუშაობდა და ახლა დანაშაულს სჩადის, ეს ჩვენი ბრალია?
_ ბრალს არაფერში გდებთ, უბრალოდ, „ქოცების“ არგუმენტი მოვიყვანე.
_ მესმის, მაგრამ ეს ხომ არგუმენტი არ არის?! ეს არგუმენტი კი არა, უნამუსობაა! ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს დაბადებულმა ადამიანმა დანაშაული რომ ჩაიდინოს, ესეც ჩვენი ბრალი იქნება?
_ ცხადია, არა! ბატონო დიმიტრი, წეღან თქვით, „ოცნებაში“ მაფიოზური ბრძოლა მიდისო, ანუ ამ ბრძოლას მწვანე შუქი თავად ივანიშვილმა აუნთო და „ოცნების“ გარკვეული დაჯგუფებების ჩაძირვას ცდილობს?
_ ხომ გესმით, რომ ერთი ადამიანის მიერ ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელია, ანუ არაფორმალურ ლიდერს ყოველთვის სჭირდება ადამიანები, რომლებიც მის დავალებებს შეასრულებენ! დავალებების შესრულებაში კი რაღაცას იღებენ.
ივანიშვილის გარშემო ასეთი ადამიანების რამდენიმე წრეა და ახლა სწორედ მათ შორის მიდის იმაზე დავა, თუ ვის უფრო დიდი ლუკმა დარჩება ამ ქვეყნის გაპარტახების შედეგად!
მოკლედ, ეს ჩვეულებრივი მაფიოზური რეჟიმია, რომლის წევრებიც ერთმანეთს იმისთვის ებრძვიან, რომ უფრო დიდი ლუკმა დარჩეთ!
_ ბატონო დიმა, გკითხეთ და ზერელედ მიპასუხეთ, ამიტომ ჩაგეკითხებით: „ოცნების“ შიგნით დაწყებული ბრძოლა ოპოზიციამ სათავისოდ როგორ უნდა გამოიყენოს? მე თუ მკითხავთ, ოპოზიცია უფრო მობილური და, როგორც იტყვიან, „სმარტი“ უნდა იყოს, მაგრამ შიდა განხეთქილება, ალბათ, ოპოზიციაშიც არის, არა?
_ სახელმწიფოში ოპოზიცია თავის როლს ასრულებს. ბუნებრივია, ვიღაც ფიქრობს, რომ ოპოზიცია უფრო აქტიური უნდა იყოს, ვიღაცისთვის მისაღებია, რომ ოპოზიცია უფრო აგრესიული უნდა იყოს, მაგრამ საბოლოო სიტყვა ხალხს ეკუთვნის, ანუ საბოლოო სიტყვა ოპოზიციამ კი არა, ხალხმა უნდა თქვას!
რა მოთხოვნაც ხალხს ექნება, ოპოზიცია იმ მოთხოვნას შეასრულებს!
საერთოდ, შეუძლებელია, რომ ყველა ყველაფრით, მათ შორის, ოპოზიციით კმაყოფილი იყოს.
_ რა თქმა უნდა, მაგრამ კონკრეტულად მიპასუხეთ: ოპოზიციაში განხეთქილება არის თუ არა? აი, მაგალითად, „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ესხმის თავს და ეს ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატზე ხომ უარყოფითად მოქმედებს?
_ დაახლოებით, ერთი წლის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას აბსოლუტურად სწორი მესიჯი შესთავაზა.
_ რომელ მესიჯს გულისხმობთ?
_ ამ მესიჯს „გაერთიანებული ოპოზიცია“ ჰქვია. „ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობისთვის ახლაც ღიაა ყველა იმ ძალასთან, რომელსაც ქვეყანა უყვარს და უნდა, რომ ეს ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს!
შეიძლება, სხვა პატარა პარტიებს სურთ, რომ „ნაცმოძრაობაზე“ იერიშის მიტანით დაიმკვიდრონ თავი, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს მათთვის რამის მომტანი იქნება, თუმცა ეს მათი პოლიტიკური გემოვნების საქმეა.
_ თავის დამკვიდრების ნიშნებს ვხედავთ თუ „ოცნებასთან“ გარიგების?
_ ბოდიში ჟარგონისთვის, მაგრამ სანთელი არ მჭერია და გარიგებაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტია: როცა წამყვან ოპოზიციურ ძალას, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე 800 ათასი ხმა აიღო, დანარჩენი ხმები კი მოპარეს, აბსოლუტურად უაზრო და აბსურდული ბრალდებებით უპირისპირდები, გასაგებია, რომ ან შენი რაღაც გაურკვეველი ინტერესები გაქვს, ან ვიღაცის დავალებას ასრულებ!
ვიმეორებ: სანთელი არ მჭერია, მაგრამ ფაქტია: ის, რაც ხდება, არასწორია, თუმცა როგორც გითხარით, ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხია და მეტი არაფერი!
_ ბატონო დიმიტრი, ყველაფერ იქიდან გამომდინარე, რაზეც ვისაუბრეთ, 2020-მდე მივალთ თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია?
_ თქვენს შეკითხვას ერთი მილიონი დოლარის ფასი აქვს!
_ რატომ?
_ „ქართული ოცნება“ თავისი მავნებლობითაა გამორჩეული, ამიტომ იმის პროგნოზირება, ხვალ რა მოხდება, შეუძლებელია!
ბოლო დროს უცხოური ინვესტიციები ძალიან შემცირდა და ეს იმის შედეგია, რომ პროგნოზირებადი პოლიტიკა არ არსებობს, ანუ ქვეყანაში უცხოური ფული, ე. ი., მსხვილი ინვესტორი მაშინ შემოდის, როცა განვითარების პერსპექტივას ხედავს, მაგრამ ნებისმიერი განვითარებული ადამიანი ხვდება, რომ იმის თქმა, თუ რა იქნება საქართველოში ორ-ხუთ წელიწადში კი არა, ორ-ხუთ თვეში, არავის შეუძლია.
მართალია, იურისტი ვარ, მაგრამ კოლუმბიის უნივერსიტეტში ეკონომიკასაც ვსწავლობდი.
_ ვიმედოვნებ, კოლუმბიის უნივერსიტეტის დიპლომი გექნებათ, ბატონო დიმა!
_ რა თქმა უნდა, შემიძლია, დიპლომი გამოვაქვეყნო. სხვათა შორის, ჩემი თანაკურსელებიდან ზოგი ოპოზიციაშია, ზოგი კი _ მთავრობაში.
_ ვინაიდან ეს თემა აქტუალურია, მოდით, თქვენი სამი თანაკურსელი დამისახელეთ.
_ თსუ-ში ჩემი თანაჯგუფელი, მაგალითად, კახა კუკავა იყო, ასევე ნიკა გვარამია და მურთაზ ზოდელავა.
მოკლედ, მარტივად ავხსნი: ლარის გაუფასურება იმის ბრალია, რომ უცხოურ ვალუტაზე უფრო დიდი მოთხოვნაა, ვიდრე _ ეროვნულ ლარზე.
ამას გარდა, მეორე პრობლემაც არსებობს.
_ რომელი?
_ ბიზნესმენმა, ვთქვათ, მაღაზია გახსნა და შემოსავალი ლარში მიიღო, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყანაში ვითარება არაპროგნოზირებადია, ამ ლარს ახურდავებს, ანუ დოლარს ყიდულობს. შესაბამისად, ბაზრიდან უცხოური ვალუტის ამოღება ხდება და ამით ლარი კიდევ უფრო უფასურდება.
_ ყველაფერი ეს ვადამდელ არჩევნებთან რა კავშირშია?
_ თქვენს კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან არავინ იცის, „ქართული ოცნება“ რა მორიგ მავნებლობას გააკეთებს!
კოშმარულ სიზმარშიც ხომ ვერ ნახავდით, რომ გავრილოვს ჩამოიყვანდნენ და პარლამენტის სპიკერის სავარძელში დასვამდნენ?
_ დიახ, ამას ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა.
_ ისიც ხომ არ დაგესიზმრებოდათ, რომ „ოცნება“ უდიპლომო მთავარ პროკურორსა და მოსამართლეს დანიშნავდა?
_ ცხადია, არა, მაგრამ ახლა იმის გაგებას ვცდილობ, ოპოზიციისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ხელსაყრელია თუ არა?
_ მოვლენების ნებისმიერი განვითარება, რომელიც ამ ქვეყნის პროდასავლურ განვითარებას ხელს შეუწყობს, ოპოზიციისთვის მისაღებია, ანუ აქ იმაზე კი არაა საუბარი, ოპოზიციას რა აწყობს ან _ არა, არამედ საუბარია, რომ ქვეყანა იღუპება და ძალიან მივუახლოვდით იმ წერტილს, რომლის შემდეგაც უკან დატრიალების შესაძლებლობა არ არსებობს!
რკინა ჟანგდება და სტაბილურობის ის მარაგი, რაც 9 წლის განმავლობაში შეიქმნა, თანდათან იწურება _ რაღაც მომენტში ამ ქვეყანას დავკარგავთ! სამწუხაროდ, რაც დიდხანს იქნება „ოცნება“ ხელისუფლებაში, ეს მომენტი უფრო სწრაფად მოგვიახლოვდება!
_ ანუ ხელისუფლება სწრაფად უნდა შეიცვალოს?
_ დიახ, გამოსავალი „ოცნების“ მოშორებაა და მნიშვნელობა არ აქვს, ეს პოლიტიკური ძალა ვინმეს მოსწონს თუ არა! „ოცნება“ ხელისუფლებას იმიტომ უნდა მოშორდეს, რომ ქვეყანას ისე უყურებს, როგორც გამდიდრების მოკლევადიან წყაროს! სამშობლოს ვკარგავთ და ესაა მთავარი პრობლემა!

გიორგი აბაშიძე