ლადო ბოჟაძე: „ამომრჩეველმა იცის, _ 2020 წელს მის ერთ ხმასაც კი ოქროს ფასი ექნება“

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის განხილვები დაწყებულია და პროცესი აქტიურ ფაზაშია გადასული. ცვლილება ითვალისწინებს უკვე 2020 წელს საარჩევნო ბლოკების გაუქმებას.
პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აუცილებელი გახდება კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება, თუმცა ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ კოალიციური მმართველობისა და ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება.

რა მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ კოალიციური მთავრობის პირობებში ურთიერთთანამშრომლობა? არის თუ არა ივანიშვილის ხრიკი ნულოვანი საარჩევნო ბარიერი და რაც მთავარია, არსებოს თუ არა რეალური საფრთხე იმისა, რომ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ მოხერხდეს?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, „ქრონიკა+“ „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელ ლადო ბოჟაძეს ესაუბრა:

_ ბატონო ლადო, ექსპერტების ნაწილის აზრით, არსებობს ალბათობა, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ვერ მოხერხდეს, რადგან უმრავლესობამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს, რამდენად რეალურია ეს სცენარი?
_ დავიწყოთ იმით, რომ სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ, 2017 წელს მივიღეთ (კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც წერია). სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდით, უბლოკო საარჩევნო სისტემა და 5%-იანი ბარიერი იქნებოდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კომპრომისი მაშინ შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის: ერთი მხრივ, დარჩებოდა შერეული საარჩევნო სისტემა, ანუ ხელისუფლება გამოიყენებდა ამ ბუნებრივ უპირატესობას, რაც მაჟორიტარული სისტემაა, სამაგიეროდ ერთჯერადად იქნა დაშვებული ბლოკების არსებობა და 3%-იანი ბარიერი. ეს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში ახლაც გვიწერია. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ მაინც შეაგროვა 200 ათასი ხელმოწერა იმ მოთხოვნით, რომ გაუქმებულიყო შერეული საარჩევნო სისტემა, მაგრამ დარჩენილიყო ერთჯერადად ბლოკების არსებობა და 3%-იანი საარჩევნო ბარიერი. რაც შეეხება 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ნამდვილად არ ვიცი, ვინ ურჩია ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ იქნება პროპორციული საარჩევნო სისტემა, 0.67%-იანი ბუნებრივი ბარიერი, რაც, დაახლოებით, 14-15 ათასი ხმაა. ეს რაოდენობა აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ 1 მანდატი მიიღოს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოცხადდა არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთანაც. აღნიშნული საკონსტიტუციო ინიციატივა უკვე დარეგისტრირებულია. საერთო სახალხო განხილვების დროს ჩვენ ორივე პროექტს განვიხილავდით, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიერ წარდგენილს, რომლის თანახმადაც ბარიერი 3% უნდა ყოფილიყო. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება მიღებულია იმაზე, რომ ჩვენ 0%-იანი ბარიერი მივიღოთ. ხელისუფლებას აღარ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამიტომ ამ პროცესში ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდება. ეს თავად ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის, მაგრამ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ ყოფილა, რომელიც ამ პროცესს არ მიესალმა და მხარი არ დაუჭირა. ამიტომ ხელისუფლებას არგუმენტად, რომ მას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამიტომ ვერ გადავალთ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე, არ გამოადგება. ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“ და მეტიც, დამოუკიდებელი დეპუტატები: ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარები არიან, ყველანი ამ პროცესს მხარს უჭერენ. ხელისუფლებას ახლა პოზიორობა აღარ გამოუვა იმ თვალსაზრისით, რომ მას საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს. მით უმეტეს პოლიტიკური მიზანი, რომ 2020 წელს არჩევნები ჩავატაროთ პროპორციული სისტემით და 0%-იანი ბარიერით, გაცხადებული და შეთანხმებულია ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან. ტექნიკურად უკვე იმაზეც არის საუბარი, რომ ჩვენ შევძლოთ ახალ წლამდე ამ ყველაფრის კონსტიტუციის დონეზე მიღება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმ 27 რეკომენდაციაზე, რომელიც ეუთომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაგვიტოვა და ეს ყველაფერი უკვე საარჩევნო კოდექსში უნდა გაიწეროს. სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში ამ თემაზე შეხვედრა იქნება პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით. გარდა ამისა, ვმუშაობთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესზე და ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მიიღებს, ხმების მიხედვით აიღებს კონკრეტულ დაფინანსებას. ეს მოდელი ასეა წარმოდგენილი: 50 000 ხმამდე დაფინანსება, თითოეულ ხმაზე იქნება 15 ლარი, 50 000-დან 200 000-მდე _ 10 ლარი, ხოლო 200 000-ზე ზევით _ 5 ლარი, ანუ რაც უფრო მეტი აქვს პარტიას ხმა, მით უფრო ძლიერია და უფრო ნაკლები დაფინანსება აქვს, მცირე პარტიებისთვის კი პირიქით _ 15-ლარიანი ტარიფია განსაზღვრული და ესეც შეიძლება გაიზარდოს, სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა 2020 წლიდან 2024 წლამდე საკუთარი დაფინანსებით, უფასო პოლიტიკური დროით და დამოუკიდებლად შესული საპარლამენტო მანდატით გამოიყენონ ეს დრო იმისთვის, რომ უკეთესად მოემზადონ 2024 წლის არჩევნებისთვის. ჩვენ ცალსახად ვიცით, რომ 2024 წელს გვექნება 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. საფრთხე, რაც ჩვენ 1992 წელს დაგვემართა, რა თქმა უნდა, არსებობს, როცა 2%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო, 24 პარტია შევიდა, კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ კი, როცა უკვე ბარიერი 5% იყო, მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა. სავარაუდოდ, ჩვენ გვეყოლება 8-10 პოლიტიკური პარტია, რომელიც შეძლებს ამ ბუნებრივი ბარიერის გადალახვას. „ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი დრო აქვს საარჩევნო კამპანიისთვის, რომ სრული მობილიზება გააკეთოს და შეძლოს დამოუკიდებლად მთავრობის ჩამოყალიბება, მაგრამ, სავარაუდოდ, ჩვენ მაინც გვეყოლება კოალიციური მთავრობა.
_ სწორედ ეს შეიძლება განვიხილოთ ივანიშვილის ხრიკად, რომ მან კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებისთვის გამოიყენოს სატელიტი პარტიები. ვის მოიაზრებთ სატელიტი პარტიების რიგებში?
_ ეს არის „კონსერვატიული პარტია“, რომელიც ახლაც უმრავლესობაშია, ოღონდ არა როგორც პოლიტიკური პარტია, თუმცა ის კოალიციაში იყო 2012 წელს „ქართულ ოცნებასთან“. მათ უკვე განაცხადეს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებენ მონაწილეობას. ასეთი შეიძლება იყოს „მრეწველთა“ პარტია, რომელიც, სავარაუდოდ, საარჩევნოდ გააქტიურდება. რაც შეეხება არჩევნების შემდეგ, ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ შეიძლება ერთჯერადად შეუქმნას თემატური უმრავლესობა იმისთვის, რომ მან ჩამოაყალიბოს მთავრობა, მაგრამ არ წაჰყვეს კოალიციურ მთავრობაში და არ წამოიღოს მინისტრის პორტფელი. ეს უმრავლესობა, შესაბამისად, არ იქნება მყარი და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოუწევს თანამშრომლობის რეჟიმში ყოფნა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ივანიშვილის გადაწყვეტილებაში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, არის ის, რომ თუ ჩვენ ვერ ჩამოვაყალიბეთ მთავრობა და შემდეგ ვერ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იქნება პოლიტიკური კრიზისი, რის გამოც დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ეს არჩევნები კი ჩატარდება 5%-იანი საარჩევნო ბარიერით, ამიტომ პოლიტიკური პარტია, რომელიც კარგად გაზომავს თავის რეიტინგს და რომელსაც ძალიან მცირე პროცენტი ექნება მიღებული, ასეთი პარტიები არ იტყვიან უარს თანამშრომლობაზე, რადგან, შესაძლოა, 5%-იანი ბარიერის გადალახვა შემდეგ არჩევნებზე საერთოდ ვერ მოახერხონ, _ ბლოკები აღარ გვექნება, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე მერეც.
_ რეალურად, რას გვაძლევს ბლოკების არარსებობა?
_ საპარლამენტო მოდელებში, როგორც წესი, ბლოკების შექმნა საერთოდ აკრძალულია. პარლამენტში შესვლის შემდეგ უნდა შეიქმნას კოალიცია და არა მანამდე, რომ ვინმე სხვის ხარჯზე არ შევიდეს პარლამენტში. მეორე მოდელია, როდესაც პოლიტიკურ პარტიასა და ბლოკს აქვს განსხვავებული საარჩევნო ბარიერი, ბლოკებს აქვს უფრო მაღალი იმიტომ, რომ პარტიების გაერთიანებაა და ერთი პარტიის წინააღმდეგ არათანაბარ პირობებში არ აღმოჩნდეს. ეს მოდელიც არსებობს ევროპაში. ჩვენს შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მაგალითი რომ ავიღოთ, იგივე „რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომელსაც ჰყავდა 2 მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შემდეგ დამოუკიდებლად საარჩევნო ბარიერის გადალახვა ვეღარ მოახერხა. იგივე შეიძლება ითქვას „თავისუფალ დემოკრატებზეც“, ანუ როდესაც პარტია ბლოკშია, რაც არ უნდა რესურსი ჰქონდეს, დამოუკიდებლად ვერ ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ცალკე დაფინანსება აქვს, მინისტრიც ჰყავს, გაძლიერებას ვერ ახერხებს და ამომრჩეველი დეზორიენტირებულია, უჭირს გარკვევა, რეალურად ვისი ამომრჩეველია, _ ბლოკის თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის? კიდევ უფრო ცუდი სურათი გვაქვს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში იმ თვალსაზრისით, რომ იგივე „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელმაც 6 პარტიული ბლოკი გააკეთა, ამ პარტიების ლიდერები, ერთის გარდა, არც ერთი ჩაწერა პროპორციულ სიაში. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული პოლიტიკური პარტიები მხოლოდ დაფინანსებას იღებენ და არ ვიცით, ეს პარტიები საერთოდ არსებობენ თუ არა? ამ პარტიების ლიდერებს განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ სოციალურ ქსელში და ჟურნალისტებისთვის. მიუხედავად ამისა, ისინი დაფინანსებას იღებენ, საკმაოდ სოლიდურსაც. ჩვენ გვახსოვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ყალბი საარჩევნო კანდიდატები ჰყავდათ, მაგალითად, გიორგი ვაშაძის პარტიას თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდა, ამ დროს კი გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის უფროსი იყო. იგივე სურათი ვნახეთ 2019 წლის შუალედურ არჩევნებზე, როდესაც ზუგდიდში ჰყავდათ ყალბი მერობის კანდიდატები, რომლებმაც საკუთარი პოლიტიკური დრო და ფინანსები „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუთმეს. გარდა ამ ფინანსური საკითხებისა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ბლოკი არ აძლევს პოლიტკურ პარტიას განვითარების საშუალებას. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ბლოკების გარეშე გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს, რეალუარად შეიძლება არ ჰქონდეთ რესურსი დამოუკიდებლად გადალახონ 0%-იანი საარჩევნო ბარიერი, თორემ პარტიული სიის კუთხით თუ წავალთ, საარჩევნო ბლოკია თუ პოლიტიკური პარტია, ერთი საარჩევნო სია იწერება, პარტიის ლიდერები ამ სიაში უნდა ჩაწერილიყვნენ და ისე წარედგინათ, ახლა ამ მცირე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეუძლიათ ჩაეწერონ „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში, არავინ უშლით. მაგრამ ესენი რომ დამოუკიდებლად გამოვიდნენ შეიძლება, ბარიერი ვერ გადალახონ და საერთოდ პარლამენტში ვერ მოხვდნენ. ასევე შეუძლიათ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანდნენ და ფორმალურად დაირქვან გაერთიანებული ოპოზიცია, ამას საარჩევნო კანონმდებლობა არ უკრძალავს. უბრალოდ, აქ არის ერთადერთი ფსიქოლოგიური ფაქტორი იმ თვალსაზრისით, რომ ამომრჩეველმა დაინახოს, რამდენი პარტია გაერთიანდა ვიღაც ერთის წინააღმდეგ, ამით ამომრჩეველს უნდა დაანახონ, რამდენად ცუდია ის ერთი, რომ მის წინააღმდეგ განსხვავებული იდეოლოგიისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიები გაერთიანდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ თვალსაზრისით, ასევე საინტერესოა ის, რომ ვისაც საჭიროდ ჩათვლიან, იმას დაუძახებენ თავის გუნდში, ყველა დანარჩენ პარტიას კი ან „ქართულ ოცნებაზე“ მიყიდულად, ან მოღალატედ გამოაცხადებს. „ქართულმა ოცნებამ“ როგორი საარჩევნო კამპანიაც არ უნდა ჩაატაროს, მას აქვს თავისი განსაზღვრული რესურსი, თუ როგორ წაიღებს ხმებს, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირების ფონზე თუ დადებითი საარჩევნო კამპანიის მეშვეობით, მისი რესურსი განსაზღვრულია. „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში, ოპოზიციური ხმები უკვე იყოფა, რადგან თუ, მაგალითად, ამომრჩეველი საერთოდ არ მოდიოდა არჩევნებზე იმის გამო, რომ ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც მხარს უჭერს, მაინც ვერ გადალახავდა საარჩევნო ბარიერს, ან მაინც ძლიერ ოპოზიციურ ძალაზე აკეთებდა აქცენტს იმის გამო, რომ მცირე პარტიებს შესვლის შანსი არ ჰქონდათ, ახლა უკვე ამომრჩეველს ეს ამოცანა აღარ აქვს. ამომრჩეველმა იცის, რომ 2020 წელს მის ერთ ხმასაც კი ოქროს ფასი ექნება იმიტომ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც შეძლებს მინიმალური ხმების აღებას, უკვე პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. ეს, რა თქმა უნდა, არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან მას მოუწევს შეინარჩუნოს ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალის სტატუსი და, სავარაუდოდ, ყველაზე მეტ ხმას ოპოზიციური პარტიებიდან „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებს, მაგრამ მას უფრო მეტი რესურსი ექნებოდა ბლოკის არსებობის შემთხვევაში. სამართლებრივად ამის გაკეთების რესურსი აღარ აქვს. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იძულებულები იყვნენ, რომელიმე დიდ პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებულიყვნენ იმისთვის, რომ საარჩევნო სიაში მათი წარმომადგენელი ჩაეწერათ, ახლა მათ ეს ამოცანა აღარ აქვთ, თუ ფიქრობენ, რომ რაღაც წონა გააჩნიათ საზოგადოებაში, უკვე შეუძლიათ დამოუკიდებლად მოვიდნენ. მეორე მხრივ, თუ პარტიას არ შეუძლია 0.67%-ის აღება, ასეთი პარტია ბლოკში რაში სჭირდებათ ან თუ შეუძლია ამ ხმების აღება, მაშინ დამოუკიდებლადაც შევა პარლამენტში. ამ განხილვების დროსაც, როგორც საარჩევნო და პოლიტიკური სუბიექტი, მოსახლეობის ნაწილი, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერდა მხარს, სწორედ მათი მხრიდან იყო პრობლემა ბლოკების აკრძალვაზე, თორემ ეს არ არის მნიშვნელოვანი, არც „ევროპული საქართველოსთვის“ და არც „პატრიოტთა ალიანსისთვის“. იმ საპარლამენტო პარტიებისთვის, ვინც დღეს პარლამენტში არის წარმოდგენილი, ბლოკების გაუქმება არ არის ის თემა, რის გამოც შეიძლება მათ ამ პროცესს მხარი არ დაუჭირონ. ამიტომ, ფაქტობრივად, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელს ჩვენ ნულოვანი საარჩევნო სისტემა გვექნება. აღარაფერს ვამბობ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც ასევე მხარს უჭერენ ამ სისტემას. ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც კი გამოცხადდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მხრიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება, ქუჩაში პროტესტი შეწყდა და დარჩა გარკვეული ჯგუფი, დანარჩენმა კი ხელები დაიკაპიწა და მზადება დაიწყო 2020 წლისთვის. ყველამ დაინახა, რომ ეს არის შანსი, დამოუკიდებლად მოხვდნენ პარლამენტში და დაბრუნდნენ აქტიურ პოლიტიკაში.
_ რა იქნება დამცავი მექანიზმი იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება კოალიციური მთავრობის პირობებში პარტიების ურთიერთთანამშრომლობა? გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში პარტიებს შორის თანამშრომლობის პოლიტიკური კულტურა არ არსებობს.
_ პირველი რისკი იქნება მრავალპარტიული პარლამენტი და შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიებს გაუჭირდეთ ერთმანეთთან თანამშრომლობა, მით უმეტეს, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე ვსაუბრობთ, როცა პარლამენტს სერიოზული კონტროლი აქვს განსახორციელებელი მთავრობაზე. პარლამენტის რეგლამენტით თუ კონსტიტუციით ყველანაირი ბერკეტი აქვს პარლამენტს იმისა, რომ პრემიერი დაიბაროს და მუდმივად აკონტრილოს მთავრობა. ამ პირობებში კი არსებობს იმის საფრთხე, რომ თემატურადაც ვერ მოხერხდეს უმრავლესობის შეკრება, მაგრამ ამის ერთადერთი დამცავი მექანიზმი ის არის, რომ თუ პოლიტიკურ კრიზისამდე მივალთ, ვადამდელი არჩევნები გვექნება. ვადამდელი არჩევნები მაღალი საარჩევნო ბარიერით პოლიტიკურ ძალებს უფრო მეტი თანამშრომლობისკენ უბიძგებს. რიგგარეშე არჩევნები კი ყველა იმ პარტიას აწყობს, ვისაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეუძლია, მათ შორის, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“. როდესაც ვსაუბრობთ ისეთ პარტიებზე, როგორიც არის უსუფაშვილის, ხაზარაძის, ელისაშვილის პარტიები და „გირჩი“, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ მათ ყოველთვის ემახსოვრებათ, რომ პარლამენტის ქმედითუნარიანობისთვის აუცილებელია დიალოგის დაწყება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევთ სახლში წასვლა რიგგარეშე არჩევნების პირობებში. ამიტომ ერთადერთი სამართლებრივი და გონივრული მექანიზმი არის ის, რომ ამ საფრთხემ „აიძულოს“ პოლიტიკური პარტიები თანამშრომლობისთვის. მაგალითები გვაქვს, როდესაც ქვეყნებს მსგავსი ეტაპების გავლა მოუწიათ, მაგალითად იტალიის შემთხვევაში, ლამის ყოველ თვე არჩევნებს ატარებდნენ, მაგრამ ეს საფრთხე ჩვენ არ გვემუქრება, რადგან ნულპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად გვაქვს და თუ აღმოჩნდა, რომ პარტიებმა არჩევნების შემდეგ ერთმანეთთან საერთო ენა ვერ გამონახეს, პარლამენტი დაიშლება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. მერე უკვე ყველა შემთხვევაში გვეყოლება სტაბილური პოლიტიკური პარტიები, რადგან საუბარია 5%-იან საარჩევნო ბარიერზე.
თავად ბარიერის პრინციპიც და სისტემაც სხვადასხვანაირია, თურქეთში 10%, ყაზახეთში 7%, 3-დან 5 %-მდეა ევროპული სტანდარტი, ეს სწორედ იმიტომ არის, რომ პარლამენტში ის პოლიტიკური ძალები მოხვდნენ, რომლებსაც გარკვეული წონა აქვთ, თავიანთი მყარი ელექტორატი ჰყავთ, ასევე _ პარტიული და პოლიტიკური გამოცდილება. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, ყველა შემთხვევაში ძალიან სერიოზული ერთწლიანი საარჩევნო კამპანია გველოდება, ძალიან პოლარიზებული და ძალიან დაპირისპირებული.
_ პოლარიზებულ გარემოზე საუბრისას სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ ეს არის ხელოვნურად პროვოცირებული და აწყობს როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“. თქვენი გადმოსახედიდან რამდენად არის ეს ხელოვნურად შექმნილი?
_ რა თქმა უნდა, ხელოვნურადაც არის პროვოცირებული იმ თვალსაზრისით, რომ ორივეს აწყობს, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაციონალურ მოძრაობას“იმიტომ აწყობს, რომ ჩანდეს _ ის არის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა და მხოლოდ მას აქვს ხელისუფლების შეცვლის რესურსი, რომ თავიანთი შეცდომებისა და დანაშაულებების გარდა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს წარმატებები ჰქონდათ, ამიტომ ხალხს ეუბნებიან, რომ „ქართულ ოცნებაზე“ უკეთესები იყვნენ. მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თუ ამომრჩეველი მათ არ დაუჭერს მხარს, შესაძლოა, ის პოლიტიკური ძალა დაბრუნდეს, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ასე რომ, ეს პოზიცია და პოლიტიკური გარემოს პოლარიზება ორივესთვის მომგებიანია. მესამე ძალა, რასაც ჩვენ უკვე ვეძებთ 30 წელია, ზუსტად ამიტომ არ ჩანს, რომ ამ ორ დომინანტ ძალას შორის არის დაპირისპირება, ხელოვნურად თუ ბუნებრივად ხდება პოლარიზება, მათ შორის, მედიაშიც, ხელოვნებაშიც, სპორტშიც და თავად საზოგადოებაშიც. ფაქტია, რომ ეს ორი ძალა კვებავს ერთმანეთს, რათა პოლიტიკურ ველზე იყვნენ. სხვათა შორის, ეს პოლარიზება, გარკვეულწილად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის „დამსახურებაცაა“, როდესაც 50%-იანი ბარიერის პირობებში „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებდა გამარჯვებას, მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობა“ მიჰყვებოდა. 2016 წელს გვქონდა ასეთი მაგალითი, როდესაც 73 ოლქიდან 50 ოლქში ჩატარდა მეორე ტური, სადაც ოპოზიციური ხმები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წაიღო. იგივე საპრეზიდენტო არჩევნები რომ გავიხსენოთ, მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებს მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ ხმები დაემატა. უსუფაშვილის, „გირჩისა“ და სხვა პოლიტიკური პარტიების ამომრჩევლებმა ან საერთოდ არ მიიღეს მონაწილეობა, ან ზურაბიშვილის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი. ეს რიცხვებში ძალიან კარგად ჩანს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მისი მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მოახერხა ხმების გაორმაგება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი ვერ შეძლო ოპოზიციური ელექტორატის მობილიზება. დაახლოებით ეს სურათი გვექნება 2020 წელს. თუ ამომრჩეველს „ოცნება“ არ მოსწონს, აუცილებელი აღარ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შემოხაზოს. ამომრჩეველს შეუძლია, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია აირჩიოს და, თავის მხრივ, ამ პარტიას პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს. ეს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის მთლიანად ცვლის სურათს. ამომრჩეველს მრავალფეროვანი არჩევანი აქვს…
_ ამომრჩეველს შეუძლია თქვას, რომ არც „ოცნება“ მოსწონს და არც „ნაციონალური მოძროაობა“, მცირე პარტიები კი პოლიტიკურ ამინდს ვერ ცვლიან. ამის რისკიც არსებობს. ამ მოცემულობაში რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მაღალი აქტივობა იქნება?
_ 2012 წელს გვახსოვს, რომ 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მოვიდა არჩევნებზე, დაახლოებით იგივე რაოდენობას ველოდები 2020 წელსაც, სწორედ იმიტომ, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს შანსი მოხვდეს პარლამენტში და ყველა ეს ძალა ეცდება არჩევნებზე საკუთარი ამომრჩევლის მიყვანას. მეორე პრობლემა, რაც გვქონდა, რის გამოც ამომრჩეველი ვერ მოდიოდა არჩევნებზე, ეს არის, დაახლოებით, 650 ათასი ამომრჩეველი, რომელსაც ფაქტობრივი მისამართი აქვს სხვაგან, ხოლო იურიდიული მისამართი სხვაა. უახლოეს შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტს წარვუდგენთ ჩვენს ინიციატივას ხმის გადატანასთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს: ამომრჩეველს კენჭისყრამდე 30 დღით ადრე და არა უგვიანეს 15 დღისა ჰქონდეს საშუალება, მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას იქ, სადაც უნდა, რომ ხმა მისცეს მისი ფაქტობრივი მისამართის მიხედვით, რათა უფრო გაუადვილდეთ ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობა და აღარ მოუწიოს რეგიონებში ჩასვლა. თუ ეს მექანიზმი პარლამენტმა გაითვალისწინა, ამომრჩეველი უფრო აქტიური იქნება. რეალურად, თუ ვისაუბრებთ იმაზე, რამდენად აქტიურია ამომრჩეველი, სიაში გვყავს 3 მილიონ 500 ათასი, მაგრამ 800 ათასზე მეტი საზღვარგარეთ ცხოვრობს, სადაც მხოლოდ საელჩოებსა და დედაქალაქებში იხსნება საარჩევნო უბნები და ყველა ვერ ახერხებს მისვლას, რუსეთში კი საერთოდ არ ტარდება, რადგან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს. ის, რომ 2020 წელს ამომრჩეველმა არ აქტიუროს, ამის საფრთხეს ვერ ვხედავ.

ნენე ინჯგია