რა მიზეზებით შეიძლება შეწყდეს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა 2020 წელს?!


დღეს ღიად საუბრობენ, რომ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის სისტემა 2020 წლიდან შეწყდება, უფრო სწორად, შედარებით უმტკივნეულო ტერმინოლოგიას რომ მივმართოთ _ შეიცვლება. მიზეზი დიდ ახსნა-განმარტებას არ მოითხოვს _ ფული აღარ არის! ქვეყნის ბიუჯეტი სრულ კოლაფსს განიცდის. დოლარს სამ ლარზე ძლივს იჭერენ, არადა, მთლიანი სადაზღვევო სისტემა სწორედ ამ ბალანსზეა დაფუძნებული.

სავარაუდოდ, ჯანდაცვის ამჟამინდელი მინისტრი, ეკა ტიკარაძე, ისევე ერკვევა ხსენებულ სისტემაში, როგორც თერმობირთვულ ფიზიკაში. სამინისტროს ის კონტინგენტი, რომელიც, მეტ-ნაკლებად, ერკვეოდა სადაზღვევო სისტემაში ან დახსნეს, ან დაიჭირეს. „ქრონიკა+“ ამ დაჭერების შესახებ წერდა, ამიტომ ახლა იმ სქემას შემოგთავაზებთ, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში 2020 წელს განვითარდება, თუ სასწრაფოდ არ შემუშავდა სხვა მოდელი (რომელიც, რა თქმა უნდა, არ შემუშავდება, რადგან „შემმუშავებელი“ არ არსებობს).
მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს, თუ როგორი ჯანდაცვის სისტემას უნდა ელოდნენ ახალი წლიდან, პრეისტორიით დავიწყებთ.
1991-1994 წლებში საქართველოში ინერციით მუშაობდა ჯანდაცვის ძველი, „სემაშკოს“ მოდელი. ქვეყანაში განვითარებულ ეკონომიკურ კოლაფსს შედეგად მოყვა არარეგულირებული სამედიცინო ბაზარი. იმ პერიოდში ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარაჯი ერთ სულ მოსახლეზე 65 თეთრს შეადგენდა. 1995-1997 წლებში სახელმწიფომ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემა შემოიღო, მოგვიანებით კი _ სოციალური დაზღვევის სისტემა. მაშინდელი მოდელი გახლდათ ე. წ. სამედიცინო დაზღვევის სავალდებულო შესატანი, რომელიც იგივე საბიუჯეტო გადასახადი იყო. 1995 წლიდან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს სრული ფინანსური დამოუკიდებლობა და მართვის თავისუფლება მიენიჭათ. ისინი გახდნენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კერძო მმართველობის მქონე კორპორაციები. 1997 წლისთვის სრულად იქნა პრივატიზებული სტომატოლოგიური სერვისების მიმწოდებელი და ფარმაცევტული დაწესებულებები.
2002 წლის ბოლოს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შესატანი შეიცვალა სოციალური დაზღვევის გადასახადით (დასაბეგრი თანხის 31%), ამასთან, თითოეულ ფიზიკურ პირზე თვეში არანაკლებ 16 ლარისა უნდა ჩარიცხულიყო. ამავე პერიოდში, შევარდნაძისეული დეცენტრალიზაციის შედეგად, განხორციელდა სამედიცინო მომსახურების დაგეგმვის, შესყიდვისა და მიწოდების განცალკევება.
2007 წელს დამტკიცდა „ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა“, რომლის მიხედვითაც ქვეყანას უნდა ჰქონოდა კერძო სექტორის მიერ მართული 100 ზოგადი და მრავალპროფილიანი საავადმყოფო 7800 საწოლით. თუმცა რეგიონებში, კერძო ინვესტორების ნაკლები დაინტერესების გამო, აღნიშნული ვერ განხორციელდა.
2007 წლიდანვე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყო ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ახალი ტალღა, რომლის ძირითადი პრიორიტეტი იყო კერძო სადაზღვევო ბაზრის განვითარება. სადაზღვევო კომპანიებისთვის დაინერგა „წინასწარი გადახდის“ სქემები და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ყოველთვიურად ერიცხებოდათ პრემიები დაზღვეული მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად.
პრინციპში, ამ სისტემამ ცუდად არ იმუშავა და უკვე, 2010 წელს, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში კონკურსის წესით შერჩეულ სადაზღვევო კომპანიებს საავადმყოფოების მშენებლობა და რეაბილიტაცია დაევალა. ასევე დაიწყო საინვესტიციო პროექტების განხორციელება ქართველი და უცხოელი ინვესტორების მონაწილეობით. შედეგად, 2013 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში სრულად განახლდა 135-მდე სამედიცინო ცენტრი და ჰოსპიტალური სექტორის 90%-ზე მეტის პრივატიზება განხორციელდა.
2013 წლიდან ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში სახელმწიფოს კურსი მკვეთრად შეიცვალა. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ქვეყნისთვის მიეცა ის, რის უფლებასაც საკუთარ თავს ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც არ აძლევენ, მათ შორის, არც ამერიკის შეერთებული შტატები. საუბარია უფასო სამედიცინო დაზღვევაზე! 2013 წლის 28 თებერვლიდან დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობდა ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე მოსახლეობის მოცვას მინიმალური პაკეტით. პროგრამას მართავდა „სოციალური მომსახურების სააგენტო“, რომელიც პასიური შემსყიდველისგან აქტიური შემსყიდველი გახდა. 2013 წლის პირველი ივლისიდან კი დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი _ გაიზარდა პროგრამული სამედიცინო სერვისების მოცულობა ე. წ. ბაზისური პაკეტი. 2014 წლიდან პროგრამაში ინტეგრირდა მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის პროგრამები.
მხოლოდ წლების შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს იყო შეცდომა! საკუთრების ფორმის მიხედვით, ქვეყანაში არსებული ჰოსპიტალური ქსელის სურათი რადიკალურად განსხვავდება მსოფლიოს განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში არსებულისგან. ევროპის რეგიონის ქვვეყნებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კერძო, არამომგებიანი საავადმყოფოების ხვედრითი წილი მთლიან რაოდენობაში 60%-დან 75%-მდე მერყეობს, მაშინ როდესაც საქართველოში იგი 15%-ია. ანუ მოსახლეობას უფასოდ აზღვევ და სახელმწიფო საავადმყოფოები, ფაქტობრივად, არ გაგაჩნია. ეს არის სრული ეკონომიკური სიბეცე და გაუმართლებელი უვიცობა. სახელმწიფო საკუთრებაში, უმეტესწილად, იმყოფება სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებები (ფსიქიატრიული, ფთიზიატრიული, ნარკოლოგიური და სხვა სერვისები).
სულ ერთი წუთით გადავხედოთ აშშ-ს მაგალითს, რომელსაც დიდი რაოდენობით მუნიციპალური კლინიკის ქონის მიუხედავად, ჯანდაცვის საყოველთაო სისტემა არ გააჩნია! კონგრესის აზრით, ამერიკის ბიუჯეტი ვერ გასწვდება ამას. საქართველოში კი გასწვდება _ ასე ჩათვალა ივანიშვილმა, მოსვლისთანავე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, უმრავლეს ქვეყანაში ჯანდაცვა სახელმწიფო სახსრებიდან ფინანსდება. აშშ-ში ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში კერძო დაფინანსების წილი აღემატება სახელმწიფო დანახარჯების წილს. სახელმწიფო დანახარჯების წილი 2000 წელს შეადგენდა 43%-ს, ხოლო 2010 წელს _ 48%-მდე გაიზარდა. არ დაგავიწყდეთ, აშშ მსოფლიო ლიდერია ჯანდაცვის სფეროში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აშშ-ს პირველი ადგილი მიანიჭა ისეთ პარამეტრებში, როგორიცაა პაციენტის საჭიროებაზე მორგებული მომსახურება: პაციენტების კმაყოფილება ექიმის ან სამედიცინო დაწესებულების არჩევისას. აქვე აღსანიშნავია, რომ ერთ სულ მოსახლეზე გაწეული ჯანდაცვის ხარჯებით აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯანმრთელობის ეროვნული დაზღვევის იდეა ყოველთვის იდგა დღის წესრიგში, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკური მმართველი გუნდის აზრით, არსებული ეკონომიკური პრობლემებისა და ფედერალური ხარჯების მკვეთრი ზრდის ფონზე მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევა არარეალურია.
დავუბრუნდეთ საქართველოს ჯანდაცვას! ორი წლის წინ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძემ ღიად მიუთითა მთავრობას, რომ ჯანდაცვის საყოველთაო დაზვევის მოდელში ან ხარჯები უნდა შეემცირებინათ, ან კურსი შეეცვალათ. იყო იქ საუბარი იმაზე, რომ რეფორმა შესაძლოა, ჩავარდნილიყო, მაგრამ სერგეენკოს არაფრის გაგონება არ სურდა. მედალს, რომლის მიხედვითაც დღეს ყველას უფინანსდება გარკვეული ტიპის სამედიცინო მომსახურება, აქვს მეორე მხარე _ ეს არის სამედიცინო სერვისების უხარისხობა! მეტიც, ჯანდაცვის საყოველთაო სისტემამ საქართველოში გაწეული სამედიცინო სერვისების ხარისხი მნიშვნელოვნად დაბლა დაწია. სტატისტიკას თუ მივმართავთ, არასწორად დასმული დიაგნოზები და ჰიპერდიაგნოსტიკა _ გვერდიგვერდ მიდის! არასოდეს ყოფილა ამდენი პაციენტის გადინება უცხოეთში საქართველოდან, როგორც დღეს _ 2019-2020 წლების მიჯნაზე.
იკითხავთ, ალბათ, _ სად არის ალტერნატივა? არსებობს უამრავი მშვენიერი მოდელი, რომელიც პოლიტიკური თამაშების იარაღი და საარჩევნო ბაირაღი კი არ იქნებოდა, არამედ რეალური სადაზღვევო სისტემა. მაგალითად, გერმანიაში მოქმედებს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სოციალური სამედიცინო დაზღვევის სისტემა, რომელიც 4 ნაწილად იყოფა: პირველი _ საპენსიო, მეორე _ სამედიცინო, მესამე _ უმუშევრობის და მეოთხე _ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის. სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემაში ჩართულია ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 90% (8% _ კერძო სამედიცინო დაზღვევას იყენებს და 2%-ს უხდის სახელმწიფო). სოციალური, ანუ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა ითვალისწინებს ავადმყოფობის დიაგნოსტიკას და პროფილაქტიკას; მკურნალობას ამბულატორულ და სტაციონარულ დაწესებულებებში; დახმარების თანხას შრომისუუნარობის დროს (6 კვირამდე იხდის დამსაქმებელი), დახმარებას დეკრეტის პერიოდში, სიკვდილის შემთხვევაში და ა. შ.
დასაქმებულის შენატანი უზრუნველყოფს თავად დასაქმებულისა და უმუშევარი ოჯახის წევრების დაზღვევას. სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში, შენატანის თანხა არ არის დამოკიდებული ოჯახში ბავშვების რაოდენობაზე. სავალდებულო დაზღვევის სისტემა ფუნქციონირებს არაკომერციული სადაზღვევო ორგანიზაციების _ სამედიცინო სალაროების მეშვეობით. ეს არის დამოუკიდებელი ორგანიზაციები, რომელთა სტრუქტურას კანონმდებლობა განსაზღვრავს. მათ საქმიანობაზე სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს კონტროლს.
აქ შეგვიძლია კიდევ ბევრი ქვეყნის მაგალითი მოვიყვანოთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება _ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემისთვის 2020 წლის ბიუჯეტში, სავარაუდოდ, ფული აღარ იქნება!

თამარ როსტიაშვილი