ლაშა ჩხარტიშვილი: „როგორმე არჩევნებამდე უნდა მივაღწიოთ“

არჩევნების წინ ქართველი პოლიტიკოსები საოცრად მორწმუნენი ხდებიან ხოლმე. რელიგიურ დღესასწაულებშიც უყვართ კამერების წინ დიდრონი სანთლებით ხელში პოზიორობა. გასულ კვირას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, „ევროპული საქართველოსა“ და გიგა ბოკერიას წინააღმდეგ, ფაქტობრივად, ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყო. მან ყოფილი თანამებრძოლი ლამის ანტიქრისტედ გამოაცხადა.

რატომ ხდებიან არჩევნების წინ პოლიტიკოსები ღვთისმოსავები? რამდენად სერიოზულია ყოფილი ხელისუფლების წევრებს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დავა? რა უფლებით ქადაგებენ პოლიტიკოსები ამბიონიდან? რაში მიუძღვის ხალხს ბრალი? _ ამ თემებზე „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი, „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ მიხეილ სააკაშვილმა გიგა ბოკერია, ლამის, ტარტაროზად შერაცხა და განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი პირჯვრის გადაწერასაც კრძალავდა. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე?
_ დღეს რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება, თავიდან ბოლომდე სპექტაკლია. სპექტაკლია ეს დაპირისპირებაც. როგორც მოქმედი, ასევე წინა ხელისუფლება თავის ანასხლეტებით, ფრთებით, ფეხებითა თუ ბარკლებით პოზიციებს იმის მიხედვით იცვლის, თუ როგორი პოლიტიკური ამინდია ქვეყანაში.
მიხეილ სააკაშვილი, ჯერ კიდევ, ცოტა ხნის წინ ლიბერალური ღირებულებების მატარებლად მიიჩნევდა თავს და, მოულოდნელად, კონსერვატორად მოგვევლინა და ლამის ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო.
ბიძინა ივანიშვილი თავს კონსერვატორად წარმოაჩენდა და უცბად კანაფის პლანტაციების გაშენება მოითხოვა.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობას პრინციპები საერთოდ არ გააჩნია. ანდა ეს პრინციპები მათთვის მეორეხარისხოვანია და მხოლოდ ამომრჩევლის ნაწილის გულის მოგებაზე არიან ორიენტირებული.
აქედან გამომდინარე, ამომრჩეველს ვურჩევდი, რომ არჩევანის გაკეთების წინ ცოტა მაინც დაძაბოს გონება და გაიხსენოს, რას აკეთებდნენ ეს პოლიტიკოსები რამდენიმე წლის წინ. ასევე გაიხსენონ, რა აქვს გაკეთებული ამ ხალხს ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ სამი ხელისუფლება გვყავდა _ შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის პარტიები ერთიმეორეზე უარესები გამოდგნენ. სამივე სახელისუფლებო პარტია საქართველოს მოსახლეობას მწარედ დაამახსოვრდა.
_ რაში გამოიხატება მწარედ დამახსოვრება, სააკაშვილის დროს ზოგი შევარდნაძეს მისტიროდა, ივანიშვილის მმართველობის ხანაში კი სააკაშვილს მისტირიან. ივანიშვილი რომ წავა პოლიტიკიდან, მასზეც დაიწყებენ ტირილს.
_ წესით და რიგით, არც ერთ მათგანს არ უნდა ჰყავდეს ამომრჩეველი, მაგრამ ხალხს, ეტყობა, რაღაცები ავიწყდება. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ყველაფრის მიუხედავად, მხარდამჭერების შენარჩუნება შეძლო.
რაც იმ ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა, სააკაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის. არანაკლები წვლილი აქვს შეტანილი ამ საქმეში „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ანასხლეტს, რომელსაც ახლა „ევროპული საქართველო“ ჰქვია. ისინი დღეს აცხადებენ, რომ ცალკე არიან.
ახლა ცალკე არიან, მაგრამ წლების განმავლობაში ერთ გუნდს წარმოადგენდნენ. პარტიის ლიდერებს ძალიან უყვარდათ ამ ფრაზის წარმოთქმა: ჩვენ ერთი გუნდი ვართ.
მართლა ერთი გუნდი იყო და ერთად აქვთ ნაკეთები „საგმირო“ საქმეები. ასე რომ, ამაში მარტო ბოკერიას ან სააკაშვილის დადანაშაულება არ გამოვა. იმ 9 წელზე როცა ვსაუბრობთ, არც ივანიშვილი უნდა დავივიწყოთ. ისიც მათთან ერთად იდგა, ისიც მათი გუნდის წევრი გახლდათ.
არასერიოზულია, როცა ხელმძღვანელი პირი ყველაფერს ქვეშევრდომებს აბრალებს, ისინი კი, თავის მხრივ, ხელმძღვანელს სდებენ ბრალს. ამიტომ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ 2020 წელს ელემენტარული ლოგიკა ჩართონ და ყველაფერი გაიხსენონ.
იმაზე ვთანხმდებით, რომ ყველამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა მივცეთ ხმა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ძალა ავირჩიოთ, რომელსაც „ოცნებაზე“ არანაკლები უბედურებები აქვს ჩადენილი.
შედარებების კონკურსი _ ივანიშვილი თუ სააკაშვილი, სააკაშვილი თუ ბოკერია, _ არის აბსურდი და მეტი არაფერი.
საქართველოში მათ გარდა კიდევ არსებობენ პოლიტიკოსები და პარტიები, არჩევანი საკმაოდ დიდია.
_ არჩევნების წინა პერიოდში პოლიტიკოსები ამომრჩეველზე გავლენის მოსახდენად ხშირად ჩნდებიან ეკლესიებში დიდრონი სანთლებით ხელში. სად გაგონილა ასეთი რამ, რომ ღმერთი მარტო საარჩევნოდ გაახსენდეთ?
_ ესაა ქართული პოლიტიკა. ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა. კამერების წინ სანთლებით ხელში გამოჩენას ტრიპაჩობას დავარქმევდი.
ღმერთი ჩვენ, „ლეიბორისტებსაც“ გვწამს, მაგრამ არ ვკადრულობთ, რომ ამომრჩევლის რელიგიურ გრძნობებზე ვითამაშოთ. რელიგიით მანიპულირება სწორი საქციელი არ არის.
საქართველოს ისტორიაში ქრისტიანულ რელიგიას გადამწყვეტი როლი ჰქონდა. თავადაც მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, მაგრამ ყოველთვის მახსოვს, რომ ჩემს ქვეყანაში სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანებიც ცხოვრობენ და მათაც უნდა ვცე პატივი.
რელიგიური გრძნობებით თამაში შეიძლება, ხიფათის შემცველიც კი იყოს. სულ მცირე, ეს არასერიოზულია.
ვინ, ვინ და სააკაშვილი, ივანიშვილი და ბოკერია ღრმადმორწმუნეობაზე თავს არ უნდა დებდნენ. მათი განვლილი გზის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არც ერთი მათგანი არაა მორწმუნე.
_ ბოკერიას ამაზე არც არასდროს ჰქონია პრეტენზიები და არც ახლა აქვს. ალბათ, არც მომავალში ექნება.
_ იმ ორს ხომ აქვს. ერთი ამბობს, _ სამება ავაშენეო, მეორე ამბობს, _ 600 ეკლესიაო. ამომრჩეველმა ასეთ განცხადებებს ყურადღება აღარ უნდა მიაქციოს. დროა, ჩვენც ვისწავლოთ არჩევანის გაკეთება და პოლიტიკოსების საქმიანობა მხოლოდ სიტყვებით არ შევაფასოთ. ყველა და მით უმეტეს, პოლიტიკოსი, ნაკეთები საქმეებით ფასდება.
ამომრჩეველს თუ ძალიან უნდა მორწმუნე ხელისუფლება, მაშინ ისევ მეხსიერება უნდა დაძაბოს და წარსული გაიხსენოს. გააანალიზონ და საკუთარ თავს ჰკითხონ, 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევა იყო თუ არა ქრისტიანული საქციელი, თუ 2019 წლის 20 ივნისის სისხლიანი ღამე იყო მართლმადიდებლობის ზეიმი?
რაღაც არ მახსოვს, მორწმუნე სააკაშვილს დაეგმოს 7 ნოემბერს ანდა 26 მაისს დაღვრილი სისხლი. ასეთი რამ არც ივანიშვილს გაუკეთებია 20 ივნისის დარბევაზე. ასეთი ადამიანები გამოდიან და ხალხს აჯერებენ, რომ ღრმადმორწმუნეები არიან. რელიგიური გრძნობებით ადამიანების მანიპულირება დანაშაულის ტოლფასია.
7 ნოემბრის დარბევის შემდეგ ორმა მოსამართლემ და შვეიცარიაში საქართველოს ელჩმა თანამდებობები დატოვეს. 20 ივნისის შემოქმედი ივანიშვილი ახლა ტყუილად გმობს „ნაციონალების“ დარბევებს. ის მიშას 7 ნოემბერსაც ტაშს უკრავდა და 26 მაისსაც.
მარტო ტაშის დამკვრელი არ ყოფილა. მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ იმ სპეცრაზმელებს, რომლებიც 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილეობდნენ, პირადად მან ჩაურიცხა პრემიები.
სააკაშვილს მას შემდეგ გაემიჯნა, რაც წილებზე და სხვა რაღაცებზე ვერ შეთანხმდნენ. რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ უნდა გავიმეორო: ამომრჩეველმა არჩევანის გაკეთების წინ მეხსიერება ცოტა უნდა დაძაბოს და გაიხსენოს, წლების წინ ვინ სად იყო.
რწმენაზე საუბრით თავს დიდად არ იკლავს, მაგრამ გაჭირვებულ ადამიანებზე საუბრით შემოვიდა პოლიტიკაში მამუკა ხაზარაძე. გამოგვიცხადა, სადაც გაჭირვებული ადამიანია, მეც იქ ვიქნებიო.
_ „ლეიბორისტებს“ მამუკა ხაზარაძე გამორჩეულად არ გიყვართ და შანსს არ უშვებთ ხელიდან, რომ მას კბილი არ გაჰკრათ.
_ ჩვენ პროდასავლური ორიენტაციის პარტია ვართ და მიგვაჩნია, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ივანიშვილი ამ ანაკლიის პორტის გამო რუსეთის დაკვეთით სდევნის ყოფილ ბანკირს.
ამ ეტაპზე ხაზარაძე ივანიშვილის მსხვერპლია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს. რომ მისი ადგილი პოლიტიკაშია. მით უმეტეს, ხელისუფლების სათავეში არ არის მისი ადგილი.
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ოლიგარქები ხელისუფლების სათავისკენ მხოლოდ ერთი მიზნით მიისწრაფიან _ საკუთარი ბიზნესებისა და გავლენების გაფართოება სურთ.
ოლიგარქები რომ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ და ხალხი საერთოდ არ აინტერესებთ, ეს ჩვენ კარგად დაგვანახა ბიძინა ივანიშვილმა.
იმედი მაქვს, ასეთ შეცდომას ხალხი მეორედ აღარ დაუშვებს. პოლიტიკაში ოლიგარქების ადგილი საერთოდ არ უნდა იყოს.
ოლიგარქებს რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონდეთ, მათი მადა უზარმაზარია, ხალხი კი ღარიბდება და ღარიბდება.
_ ყოველი არჩევნების მოახლოების წინ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის ძალიან მალე ჩამოვა საქართველოში. ამით მესამე პრეზიდენტი „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ივანიშვილის ხალხი კივილს იწყებს, _ ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, „ნაციონალები“ დაბრუნდებიანო. რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს სააკაშვილი?
_ ვერ ვიტყვი, რომ სააკაშვილი ასე შეგნებულად იქცევა და „ოცნებას“ ხელს უწყობს ხალხის მის წინააღმდეგ დაშინებაში, _ მგელი მოდის, მგელი მოდისო. მაგრამ ვერსად წავუვალთ იმას, რომ ის, ნებსით თუ უნებლიეთ, „ქოცების“ წისქვილზე ასხამს წყალს.
სააკაშვილმა რაც არ უნდა ამტკიცოს, მორწმუნე ვარო, საზოგადოების ნაწილის თვალში მაინც ბუად რჩება. ბუად რჩება გიგა ბოკერიაც. მათ შორის დაპირისპირების დიდად არ მჯერა. ამ ყველაფერს რაღაც ხელოვნური იერი დაჰკრავს.
ისინი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან. მათ შორის ჩვეულებრივი, პოლიტიკური კონკურენციაა. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ სააკაშვილის ამ განცხადებების შემდეგ კიდევ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, მიშა ჩამოვაო.
ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ასეთი მეზღაპრეობა და უკვე მერამდენედ ვამბობ ამ ინტერვიუში, რომ ყველამ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ უნდა მისცეს ხმა.
„ოცნების“ დასრულება ქვეყნისთვის აუცილებელია, მაგრამ კიდევ ორ რამეს უნდა მივაღწიოთ: უნდა დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა. ერთპარტიულობა და ბოლშევიზმი რომ ქვეყანას ანადგურებს, ეს ჩვენ მრავალგზის ვნახეთ.
ბოლშევიზმის დასრულებასთან ერთად აუცილებელია, რომ პოლიტიკაში სანდო წარსულის ადამიანები მოვიყვანოთ.
_ სანდო წარსულის მქონე ადამიანებში ვის გულისხმობთ?
_ იმ ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებიც ქარის დაბერვაზე არ იცვლიან პოლიტიკურ შეხედულებებს.
_ ისევ პოლიტიკოსების ღვთისმოსაობას მინდა დავუბრუნდე. ოპოზიციის დიდი ნაწილი ხაზს უსვამს, რომ მორწმუნეა. თუ ასეთი მორწმუნე პოლიტიკოსები გვყავს, რატომ არის ქვეყანაში ამდენი მშიერი და გაუბედურებული ადამიანი? ქრისტიანობა ხომ იმას გვასწავლის, რომ გაჭირვებულს უნდა დავეხმაროთ.
_ დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი, გარკვეულწილად, საზოგადოების სახეა. ზოგი საკუთარი პასიურობით და მიამიტობით ხელს უწყობ იმას, რომ ქვეყნის სათავეში ისეთი ძალა მოვიდეს, როგორიც „ქართული ოცნებაა“.
ამომრჩევლის დიდი ნაწილი გაბრაზებულია და არჩევნებზე არ მიდის. ისინი იმ ადამიანებზე არანაკლებ დანაშაულს სჩადიან, რომლებიც ახლა ივანიშვილის მხარდამჭერები არიან, თავის დროზე კი მიხეილ სააკაშვილის პარტიას მისცეს ხმა.
არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ნაწილს ისე უჭირს, რომ მზადაა, 3 კილოგრამი ხახვისა და 5 კილოგრამი კარტოფილის სანაცვლოდ „ოცნების“ კანდიდატებს მისცეს ხმა.
ეს არ ეხება ყველას, მაგრამ ჩვენ გვერდით ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ვერ უძლებს ზეწოლას თუ გაჭირვებას და იმას ირჩევს, ვინც არ უნდა აირჩიოს.
ასე რომ, არც საზოგადოება გამოირჩევა განსაკუთრებული ქრისტიანული პრინციპებით. ყველა ასეთი არაა, მაგრამ ძალიან ბევრი ფარისევლობს. იგივენაირად იქცევიან პოლიტიკოსებიც.
ქრისტიანობა, ელემენტარულად, ათი მცნების დაცვას ნიშნავს. კაცი არ უნდა მოკლა და არ უნდა მოიპარო. ქრისტიანობა ასევე გვასწავლის, რომ გაჭირვებულს უნდა დავეხმაროთ. ქვეყნის ინტერესები რომ უნდა დაიცვა, ესეც ქრისტიანობაა.
სამაგიეროდ, ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს იმას, რასაც ქართველი პოლიტიკოსები აკეთებენ _ დიდ რელიგიურ დღესასწაულებზე კამერების წინ სანთლებით ხელში დგანან.
პოლიტიკოსებისა და ოლიგარქების დიდი ნაწილი ეკლესიებში სანთლებით ხელში პოზიორობს, გარეთ გამოსული არ არის, რომ იპარავს და ათას სისაძაგლეს სჩადის. ადამიანებს ხან გაზით ხოცავენ და ხან _ ტყვიით. ასეთი ხალხის ეკლესიაში სიარულს აზრი არ აქვს. ჯობია, საერთოდ არ წავიდნენ და სახლში დარჩნენ.
ბოლო დროს ერთ რაღაცას მივაქციე ყურადღება: ხშირად ადიან პოლიტიკოსები ამბიონზე და იქიდან ქადაგებენ. რატომ უშვებს ამას ეკლესია?! _ ეს არ მესმის!
_ ამბიონზე ასვლა რატომ გიკვირთ, ჩვენს პრეზიდენტს საერთოდ წმინდა ნინოობაზე გაუჩნდა პრეტენზია და მისი გზა გაიარა.
_ პილიგრიმობა კიდევ მესმის, თუმცა ის, რაც პრეზიდენტმა გააკეთა, მატრაკვეცობა იყო.
ეს ნაკლები ცოდვაა იმასთან შედარებით, რასაც პოლიტიკოსების ამბიონზე ასვლა და იქიდან ქადაგება ჰქვია. არა მგონია, ეს დოგმატურადაც სწორი იყოს.
_ ახლა ამბიონიდან ქადაგება გიორგი გახარიას უწევს, პრემიერი ეგაა და ეკუთვნის.
_ ეგეც იქადაგებს, რა პრობლემაა. ეკლესია რატომ აძლევს პოლიტიკოსებს ამის უფლებას? თორემ პოლიტიკოსები ქულების დასაწერად ყველაფერს რომ კადრულობენ, ეგ უკვე აღარ მიკვირს.
ძალიან მინდა, რომ ამას გაუგებრობა დავარქვა, მაგრამ, სამწუხაროდ, აქ უფრო თანამშრომლობასთან გვაქვს საქმე.
_ ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობა სამწუხარო ფაქტია?
_ იმ თანამშრომლობაზე, რომელზეც მე ვსაუბრობ, მხოლოდ სამწუხარო შეიძლება ვთქვათ. როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალები“ იყვნენ, სასულიერო პირებს მიშა უყვარდათ, ახლა უკვე ივანიშვილი უყვართ.
_ „მოქკავშირი“ რომ იყო ხელისუფლებაში, მაშინ ედუარდ შევარდნაძე უყვარდათ ძალიან.
_ ახალი ძალა რომ მოვა ხელისუფლების სათავეში, მერე მის ლიდერს შეიყვარებენ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს თანამშრომლობა სამწუხარო ფაქტია.
სასულიერო პირების ნაწილი ხელისუფლებასთან სიახლოვეს ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის არ იყენებს. ისინიც მხოლოდ პირად სარგებელზე ფიქრობენ.
ხალხი ამ ყველაფერს ხედავს და მერე ეკლესიაზე გული უცრუვდება. ეკლესიები მრევლისგან დაცარიელდა. ცოტა ხანში იქ მხოლოდ პოლიტიკოსები ივლიან, ისიც დიდი რელიგიური დღესასწაულების დროს.
რაც ერია, ის ბერიო. ამათ არჩევაში ჩვენ მიგვიძღვის წვლილი. კეთილი ვინებოთ და გამოვასწოროთ ეს სიტუაცია.
_ როგორ უნდა გამოვასწოროთ?
_ არჩევნებზე ყველა უნდა წავიდეს. გადაწყვეტილება ემოციებით აღარ უნდა მივიღოთ. მეხსიერება დავძაბოთ და ყველა და ყველაფერი გავიხსენოთ.
მოსახლეობამ თავისი ინტერესების დაცვაზე თავადვე უნდა იზრუნოს. მათ სხვა ადამიანების ინტერესებიც უნდა დაიცვან და დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამზე არ უნდა გაცვალონ. უნდა ახსოვდეთ, რომ ეს დღევანდელი კვერცხი მათ დიდი ხნის მანძილზე არ გასწვდება.
_ ისევ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს მინდა, დავუბრუნდე. გაბედავს იგი საქართველოში ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობას? ბევრჯერ თქვა, მოვდივარო, მაგრამ საზღვარს აქამდე არასდროს მოსდგომია.
_ სააკაშვილის მოლოდინში ვართ მთელი ქვეყანა. მაგის ჩამოსვლის იმედად ჩემი მტერი იყოს. ჩამომსვლელი რომ ყოფილიყო, აქამდე ჩამოვიდოდა. ვერ ვიტყვი, რომ მას აქ ჩამოსვლა არ უნდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ ჩამოდის.
ჯვაროსნული ლაშქრობისა და გოდოს მოლოდინის ფონზე მოქალაქეებს ვურჩევდი, რომ უფრო რეალურ პრობლემებზე გადაერთონ და სისხლიან პოლიტიკოსებს ხმა არ მისცენ.
არც იმათ უნდა დავუჯეროთ, რომლებმაც მას შემდეგ აღმოაჩინეს, სასამართლო რომ ცუდია, რაც უმრავლესობიდან მიაბრძანეს.
არჩევანი რომ გავაკეთოთ, ამისთვის არჩევნებამდე უნდა მივაღწიოთ. ბევრი მიმართულებით მოგვიწევს ბრძოლა. ცალკე ბუნება უნდა დავიცვათ განადგურებისგან და ცალკე _ ადამიანები. ამასთან, არც პოლიტპატიმრები უნდა დავივიწყოთ. ისინი ციხეში მხოლოდ იმიტომ სხედან, რომ საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლა გააპროტესტეს.

შორენა მარსაგიშვილი