მურმან დუმბაძე: „ოცნების“ ლიდერი თანაპარტიელებს კომპრომატებით აშანტაჟებს“

„ქართულ ოცნებასთან“ საომარ მდგომარეობაში მყოფმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფირებით აშანტაჟებენ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე შანტაჟის ქვეშ ოთხი კანონმდებელი იმყოფება, აქედან სამი ქალია და ერთი _ კაცი. თავის მხრივ, „ოცნების“ საპარლამენტო გუნდი აცხადებს, რომ მათ არავინ აშანტაჟებს.
მურმან დუმბაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, ის ივანიშვილთან დაახლოებული პირი იყო და კარგად იცის ამ პარტიის სამზარეულო. მისი თქმით, ამ გუნდში ადამიანების კომპრომატებით დაშანტაჟება ჩვეულებრივი ამბავია. იგი ამბობს, რომ წლების წინათ ივანიშვილი მასზეც ითხოვდა კომპრომატების მოგროვებას.

რა პროვოკაცია მოუწყვეს მაჟორიტარობისას დუმბაძეს? როგორ ახერხებს ივანიშვილი თანაპარტიელების გაჩერებას და რატომ ემუქრებოდა იგი ირაკლი ალასანიას განადგურებით? რატომ აღარ აქვს ეკა ბესელიას კივილს ფასი? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი, მურმან დუმბაძე:

_ ბატონო მურმან, თქვენ „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და ივანიშვილთან დაახლოებული პირი იყავით, შესაბამისად, კარგად იცით ამ პარტიის შიდა სამზარეულო. ეკა ბესელიას განცხადება სიმართლესთან ახლოს დგას, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ფირებით აშანტაჟებენ? ასეთი რამე შეიძლება, მართლაც მოხდეს?
_ ეკა ბესელიას განცხადება უფრო სიმართლეა, ვიდრე მოგონილი ამბავი. კომპრომატების მეშვეობით ადამიანების მის მხარეს გადაბირება ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციაში ძალიან მალე წავედი და მას მერე დაიწყო ჩემზე ტოტალური კონტროლი. სუსი და ივანიშვილთან დაახლოებული პირები თითქმის ყველა ჩემს ნაბიჯს აკონტროლებდნენ.
დახურულ შეხვედრებზე არაერთხელ ყოფილა იმაზე საუბარი, თუ რა გზებით შეიძლებოდა ჩემი საწინააღმდეგო კომპრომატების მოძიება. პირდაპირ ითხოვდნენ, რომ ჩემზე ან ჩემი ოჯახის წევრებზე რამე ეპოვათ.
ამ ყველაფრის კულმინაცია იყო 2015 წელი, როცა ჩემს სამაჟორიტარო ბიუროში (იმ დროს ისევ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი) ბრგე მოქალაქე შემოვიდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა.
მან მითხრა, ჩემი 10.000 დოლარი ვალი გაქვს და უკან დამიბრუნეო. ეს ადამიანი მანამდე თვალითაც არ მენახა, წარმოდგენაც არ მქონდა მის შესახებ და ვალს მთხოვდა. მაშინვე მივხვდი, რომ პროვოკაცია იყო. დავაკავეთ, პოლიცია გამოვიძახეთ და მას გადავეცით.
გამოძიებაც დაიწყო. ინციდენტიდან რამდენიმე წელია გასული, მაგრამ პასუხი არ ისმის. ხშირად ვაწუხებ პროკურატურას, მაგრამ საქმეზე არაფერს მეუბნებიან _ არც მე გავუმართლებივარ და არც ის გაუმტყუნებიათ ან პირიქით.
დარწმუნებული ვარ, ეს ივანიშვილისა და იქაური უშიშროების დაგეგმილი პროვოკაცია იყო. აჭარის უშიშროებას მაშინ ივანიშვილის უახლოესი ნათესავი ხელმძღვანელობდა.
_ რომელი ნათესავი?
_ მისი საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიძაშვილი იყო აჭარის უშიშროების სამსახურის უფროსი. ადამიანი, რომელიც მე არარსებული ვალის დაბრუნებას მთხოვდა, თავიდან მეუბნებოდა, გარეთ გავიდეთ, იქ უნდა გელაპარაკოო.
_ გარეთ გასვლას რატომ გთხოვდათ?
_ მითხრა, _ ეს კაბინეტი ისმინება და არ მინდა, ჩვენი საუბარი მთავრობაში მოისმინონო. ვუთხარი, _ აქ მხოლოდ სახელმწიფოებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ და რამდენიც უნდა, იმდენი ისმინონ-მეთქი.
მას იმედი ჰქონდა, რომ გარეთ გავიდოდით და იქ მომთხოვდა ფულის დაბრუნებას. ბრგე და ახოვანი ახალგაზრდა კი იყო, მაგრამ არ მოვუთმენდი და ჩვენ შორის შეხლა-შემოხლა, აყალ-მაყალი მოხდებოდა. ივანიშვილს იქვე ეყოლებოდა უშიშროების თანამშრომლები დაყენებული, ისინი ამას გადაიღებდნენ.
ძალიან მალე ტელევიზიით გავიდოდა ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ ხულიგნობს საქართველოს პარლამენტის წევრი. ამით მოსახლეობას დაარწმუნებდნენ, რომ ჩემი დეპუტატობა შეცდომა იყო. არ დაგავიწყდეთ, რომ მაშინ მე პარლამენტის ვიცე-სპიკერიც ვიყავი.
ეს ფაქტიც დასტურია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის უცხო არ არის შანტაჟის ენით საუბარი. ვისაც ისეთი ცხოვრება აქვს, რომ შეიძლება შანტაჟს დაექვემდებაროს, მის ხაფანგში ხვდება, ვისაც არაფერი აქვს დასაშანტაჟებელი, ის ჩემსავით თავისუფლად დადის.
_ შანტაჟსაც ხომ გააჩნია. პირადი ცხოვრების ამსახველი ფირებით დაშანტაჟება რა უბედურებაა?
_ ეს ფირები წინა ხელისუფლების დროს არის გადაღებული. ფარული თვალთვალი და ვიდეო-გადაღებები, ძირითადად, მათ დროს ხორციელდებოდა. ამის მიუხედავად, არ მაგონდება არც ერთი ისეთი შემთხვევა, როდესაც წინა ხელისუფლებას ეს მასალები გარეთ გამოეტანოს. სამაგიეროდ, მოქმედმა ხელისუფლებამ გამოიყენა მშვენივრად ეს ფარული უკანონო ჩანაწერები.
ხშირად გვეუბნებიან, _ ჩვენ ვიპოვეთ 28.000 ფაილი. ეს ფაილები საჯაროდ გაანადგურეს. კაცმა არ იცის, ფაილები მართლა ამდენი იყო თუ ამაზე ბევრად მეტი… ანდა ეს ჩანაწერები სრულად განადგურდა? იქნებ, რაღაც ნაწილი შეინახეს? ეს არავინ იცის.
ასე რომ, როცა ბესელია გვეუბნება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ფირებით აშანტაჟებენო, უნდა ვენდოთ, ეს ამბავი სიმართლეს ჰგავს.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ივანიშვილს ადამიანების შანტაჟის გზით გადაბირება ახასიათებსო. ყოფილი ხელისუფლების წევრებიც შანტაჟით გადაიბირა თუ ფულით იყიდა?
_ ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ გეტყვით. „ოცნების“ ლიდერი ადამიანების გადაბირებისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებს. შეუძლია, ადამიანს თანამდებობაზე დანიშვნას დაჰპირდეს და ასე მიიმხროს.
ზოგიერთმა მისგან უშუალო საჩუქარი აიღო და ამით დავალებული გახდა. მაგალითად, მე ერთმა ცნობილმა დეპუტატმა მითხრა, როდესაც ოჯახში დიდი გაჭირვება მქონდა, ივანიშვილი ძალიან მომეხმარა და მის ოპოზიციაში ვერასდროს წავალო. ეს ადამიანი დღედაღამ ოპოზიციაში იყო, ახლა კი საკმაოდ მაღალი თანამდებობა უკავია და ძალიან კარგად გრძნობს თავს.
არის შემთხვევები, როცა ადამიანი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ჰყავს დაშანტაჟებული. ასეთი ფირები არაერთხელ გავრცელდა. ამას ივანიშვილის ნებართვის გარეშე ვერავინ გაბედავდა.
ეკა ბესელიას ნამდვილად ვეთანხმები, რომ პოლიტიკოსებს აშანტაჟებენ, მაგრამ იმაზე რას იტყვის, ამ შანტაჟის თანამონაწილე თავადაც რომ იყო? ამაზე მანაც უნდა აგოს პასუხი.
_ რას ნიშნავს, შანტაჟის თანამონაწილე იყო?
_ იმას, რომ მთელი ეს წლები ივანიშვილის ახლო გარემოცვას წარმოადგენდა. ბესელია ოპოზიციაში 2019 წელს კი არა, 2016 წელს უნდა წამოსულიყო. მაშინ უნდა დაეტოვებინა „ოცნება“, როცა დაინახა, რომ მმართველმა პარტიამ ზარდიაშვილი საარჩევნო სიაში ჩაწერა.
მაშინ რატომ არ გამოთქვა პროტესტი, როცა ზარდიაშვილი მის მოადგილედ აირჩიეს? ამ ადამიანის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას თავად ბესელიამ მისცა ხმა.
ისიც კარგად მახსოვს, როგორ მიიღო „ოცნების“ პარლამენტმა მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც „ნაციონალების“ კანონზე უარესია. კანონი რომ ასეთი სახით მიიღეს, ამაში ეკა ბესელიამ დიდი წვლილი შეიტანა.
მე ეკას მიმართ სოლიდარული ვარ. მიმაჩნია, რომ მას ძალიან ცუდად მოექცნენ, საშინელება გაუკეთეს და გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანის კრიტიკაც ულამაზოდ მეჩვენება. ამის მიუხედავად, არსებობს სიმართლე, რომელიც უნდა ითქვას.
ეკა ბესელია რომ ამ დღეში ჩავარდა, ეს თავად მისი დამსახურებაა, რადგან ის აქამდე ყველაფერზე ტაშს უკრავდა „ქართულ ოცნებას“. ხშირად მონაწილეობდა გადაწყვეტილებების მიღებაში. ის ამ პარტიის რიგითი წევრი არ ყოფილა, ის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.
თუნდაც მამუკა ხაზარაძე, _ მან პოლიტიკაში შემოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მის პირად უსაფრთხოებას შეექმნა საფრთხე. ისე არ იფიქროთ, რომ ვინმეს პოლიტიკაში მოსვლის წინააღმდეგი ვარ. პირიქით, რაც მეტი ახალი სახე შემოვა პოლიტიკაში, მით უფრო სერიოზული იქნება კონკურენცია.
დარწმუნებული ვარ, ის 17 მილიონი, რის გამოც ახლა ხაზარაძეს ედავებიან, ივანიშვილს მასთან ნახსენები ექნება. ამას მას შემდეგ შეახსენებდა, რაც ამ უკანასკნელმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. ეკა ბესელიასაც ეტყოდა, _ შენზე რაღაც მასალები ჰქონიათ და ფრთხილად იყავი, არავინ გამოგიქვეყნოსო.
ერთმაც გაბედა ურჩობა და _ მეორემაც. შესაძლოა, სხვებმაც გაბედონ. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი ბევრს აშანტაჟებს. არ იფიქროთ, ყველას წინააღმდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები აქვს. ადამიანების დასაშანტაჟებლად უამრავი გზა არსებობს. ეს გზები და მეთოდები „ოცნების“ ლიდერმა ძალიან კარგად იცის.
_ ფარულ ჩანაწერებზე ვსაუბრობთ და ხელისუფლებაშიც ამ ჩანაწერებით მოვიდა. ციხის კადრებმა ბევრი რამე შეცვლა მაშინ საქართველოში. მანამდე იყო მისი დაცვის წევრის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები. საუბარია აუდიო ჩანაწერზე, სადაც ირაკლი ალასანია და ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ.
_ ესეც საინტერესო ამბავი იყო. თინა ხიდაშელი ღირსეულად გახდა იმ წელს საქართველოს პარლამენტის წევრი. მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი, რომ არჩევნებში „ოცნებას“ გაემარჯვა. ამის მიუხედავად, მას მე ნაკლებ პატივს ვცემ. ნაკლებ პატივს ვცემ იმიტომ, რომ ის ღარიბაშვილის მთავრობაში მინისტრის პოსტის დაკავებას დასთანხმდა.
ამას მე არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი, განსაკუთრებით იმ ჩანაწერის შემდეგ, რომელიც ზემოთ ახსენეთ. თუ მკითხველმა არ იცის, იმ ჩანაწერში ღარიბაშვილი ხიდაშელს ძალზე უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
_ ისე, მაშინ ბოროტი ხმები ამბობდნენ, რომ ამ საუბრის გავრცელება თავად ივანიშვილის ინტერესებში იყოო.
_ მაგაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ის ფაქტია, რომ ეს ჩანაწერი ივანიშვილისა და ღარიბაშვილის მხარდამჭერებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
_ ამ ჩანაწერში ირაკლი ალასანია უცენზუროდ მოიხსენიებს ივანიშვილს. როგორც ამბობენ, „ოცნების“ ლიდერი მას ამის შემდეგ გადაეკიდა. თქვენ რა იცით ამაზე?
_ არაფერი ვიცი. ალასანიას რომ ვერ იტანდა, ამის შესახებ 2012 წლის 2 ოქტომბერს გავიგე. ივანიშვილმა ჩემთან საუბარში პირდაპირ თქვა, ირაკლი ალასანიას გავანადგურებო.
_ რატომ გავანადგურებო, რა დაუშავა ამისთანა?
_ ალასანიას სამეგრელოს რეგიონი ჰქონდა ჩაბარებული, თავად ზუგდიდის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. ივანიშვილი გაბრაზებული იმიტომ იყო, სამეგრელო მაგრად წააგოო, იქ ყველა რაიონში „ნაციონალების“ კანდიდატებმა მოიგეს.
ამბობდა, ალასანიას სამეგრელოში დასახარჯად ბევრი ფული მივეცი, მაგრამ იმ ფულის შესაბამისი შედეგი არ მაქვსო. ეჭვობდა, რომ ირაკლიმ ფული არ დახარჯა. ნამდვილად ვერ გეტყვით, მისცა თუ არა მან ირაკლის ფული,
_ არ გჯერათ, რომ მან ალასანიას ფული მისცა?
_ იმიტომ მიჭირს ამის დაჯერება, რომ ჩემთვის არანაირი თანხა არ მოუცია. არადა, მე აჭარა მქონდა ჩაბარებული და ბათუმის მაჟორიტარად ვიყრიდი კენჭს. შეიძლება, სხვებს ეუბნებოდა, რომ მეც დიდი ფული მომცა. როგორც მითხრა, ალასანიას დიდი ფული მივეციო.
ზუსტად რა მოხდა მათ შორის, არ ვიცი, მაგრამ ალასანიაზე ძალიან გაბრაზებული იყო და როგორც გითხარით კიდეც, მას განადგურებით ემუქრებოდა.
_ თუმცა მან ალასანია თავდაცვის მინისტრად და ვიცე-პრემიერად დანიშნა.
_ ეს მეც ძალიან გამიკვირდა. ცოტა ხანში ალასანიამ ივანიშვილს ურჩობა დაუწყო. ის ეურჩებოდა ღარიბაშვილსაც, რომელმაც პრემიერის პოსტზე ივანიშვილი შეცვალა.
ირაკლი ალასანიას დასავლეთში ბევრად მეტი გავლენა და ნაცნობები ჰყავდა, ვიდრე _ ივანიშვილსა და ღარიბაშვილს ერთად.
_ ეს გასაკვირი არაა, სხვა თუ არაფერი, ის წლების მანძილზე გაეროში საქართველოს ელჩი იყო.
_ ალასანიას სანაცნობო წრე ივანიშვილმა ვერ აიტანა და მას გაუკეთეს ის, რაც გაუკეთეს. ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ ივანიშვილს პოლიტიკურ კონკურენციაში შესვლა არ შეუძლია. კომპრომატების გამოყრა და შანტაჟია მისი მთავარი იარაღი.
ეს რუსეთში ძალიან გავრცელებული მეთოდია. გასული საუკუნის 90-იან წლებში ქვეყნის გენერალურ პროკურორს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნეს. ეს პროკურორი პუტინისა და მისი გარემოცვის საქმიანობას სწავლობდა. ფირების გავრცელების შემდეგ მან გენპროკურორის თანამდებობა დატოვა, პუტინს კი გზა გაეხსნა და ის დღემდე რუსეთის უმაღლესი ხელისუფალია.
ივანიშვილს რუსეთი ევროპას არ ურჩევნია, მაგრამ მისი პრობლემა ისაა, რომ რუსული მეთოდები მოსწონს. ახლა საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა ამ რეჟიმში ცხოვრება.
არჩევნებისთვის ის ბევრ კომპრომატსა და ფულს გამოყრის. ახლა აპირებენ, რომ ხალხის მოსასყიდად ბიუჯეტი გამოიყენონ. პრემიერმა გიორგი გახარიამ გვითხრა, რომ 2020 წლის ივლისში პენსია გაიზრდება.
ნახეთ, რა ოსტატურად შეარჩიეს ივლისი _ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ამის გაკეთება კანონით დაუშვებელია. ეს შეფასდება, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა, ამიტომაც შეარჩიეს ივლისი. არჩევნები ოქტომბერში ტარდება და პენსიის გაზრდა არჩევნებამდე სამი თვით ადრე გამოვა, რაც ამომრჩევლის მოსყიდვად აღარ ჩაითვლება.
მომავალ წელს ასევე იგეგმება ხელფასების გაზრდა. ეს არვითარი პენსიისა და ხელფასების მატება არ არის. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, საბიუჯეტო სახსრებით საჯარო მოხელეები იყიდოს. ზოგს იყიდის, ზოგს დააშანტაჟებს და ჰგონია, რომ ასე შეინარჩუნებს ხელისუფლებას.
ისიც ფაქტია, რომ ივანიშვილს დიდად არც ხელისუფლება აინტერესებს. ხელისუფლებაში ყოფნა რომ სდომოდა, ის 2013 წელს პრემიერის პოსტს არ დატოვებდა.
მას ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ უნდა, რომ თავისი კაპიტალი გაზარდოს. 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე „ქართუ ბანკის“ აქციები 400 მილიონი იყო, ახლა 2 მილიარდზე მეტია. წელიწადში ის 300-350 მილიონს იგებს.
იმ ქვეყანაში იგებს წელიწადში 300 მილიონს, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ღატაკია.
თბილისში 40.000 ადამიანი ჭამს უფასო სასადილოებში; 10.000-ზე მეტი რიგში დგას. წარმოიდგინეთ, რა ხდება რეგიონებში, სადაც არაფერი მუშაობს. ამ დროს ივანიშვილის კაპიტალი იზრდება და იზრდება.
ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლიდან 7 წლის თავზე ჩვენ მივიღეთ უზარმაზარი ნიჰილიზმი. ამ პერიოდში სქართველოდან მილიონამდე ადამიანი გავიდა.
სიღარიბიდან ხომ ვერ გამოგვიყვანეს, ამას ვინ ჩივის, პოლიტიკური რეფორმებიც არ ჩაატარეს. რას ნიშნავს ჩინჩალაძისა და მურუსიძის აღზევება? რატომ უნდა იყოს მურუსიძე სასამართლოს სახე?
ან რაღა ამათ მივადექი, ის ადამიანები დაასაქმეს, რომლებიც 2012 წლამდე „ნაცობდნენ“. ამაში სააკაშვილის მხარდაჭერას არ ვგულისხმობ. ადამიანი თავისუფალია და ვისაც უნდა, იმას დაუჭერს მხარს. იმ ადამიანების დასაქმებას ვაპროტესტებ, რომლებიც „ნაცობდნენ“ და მზად იყვნენ, ყველაფერი „გაეპრავებინათ“, რასაც სააკაშვილი ჩაიდენდა.
ამის ნათელი მაგალითია ბათუმის ყოფილი მერი, რომელიც ახლა ციხეშია წამოსკუპებული. ის ახალაიების მარჯვენა ხელი იყო, მაგრამ „ოცნებამ“ დააწინაურა. იცით, რატომ? _ ღარიბაშვილთან გამონახა საერთო.
ერმაკოვის მამა პოლიციელი იყო. ის ღარიბაშვილის სიმამრს იცნობდა და ასე დაუახლოვდა ბათუმის ყოფილი მერი თავდაცვის მოქმედ მინისტრს.
_ ერთი ამბავი გქონდათ ატეხილი, როცა ერმაკოვი მერად დაასახელეს. ვისაც თქვენ გადაეკიდეთ, ყველამ ცუდად დაამთავრა: აბაშიძე და სააკაშვილი ქვეყნიდან არიან გაქცეულები, ერმაკოვი ციხეშია. ივანიშვილმა დიდხანს გაგიძლოთ.
_ ეგეც მალე დამთავრდება. ჩვენი მოსახლეობა 2020 წელს უარს ეტყვის „ქართულ ოცნებას“. იმ ხელისუფლებას არავინ აირჩევს, რომელიც საკუთარ ხალხზე ხელს აღმართავს.
„ოცნება“ ხშირად იწონებდა თავს, რომ ხალხი არ დაურბევია და ქუჩაში არავინ დაუხოცავს. ამით თავს ვეღარ მოიწონებენ. მათსა და „ნაციონალებს“ შორის უკვე ტოლობის ნიშანია.
მითხარით, რომ ყველამ ცუდად დაამთავრა, ვისაც მე გადავეკიდე. იმიტომ კი არ დაამთავრეს ცუდად, რომ მე გადავეკიდე, თავად იქცევიან ცუდად. რაც შემეხება მე, ყოველთვის სიმართლეს ვამბობ.
უსამართლოდაც არავის გადავკიდებივარ. სიმართლე ერთია და მეც მხოლოდ სიმართლეს ვამბობ.
ვერ ვიტან მლიქვნელ ხალხს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს. ეს მლიქვნელობა აზარალებს ქვეყანას, ქვეყანა როცა ზარალდება, ეს მლიქვნელსაც აზარალებს.
ფსიქოლოგია ხუთიანზე ვიცი და კარგად მომეხსენება, მლიქვნელობა როგორ მოქმედებს ადამიანზე. ჩემი თუ არ გჯერათ, ვოლსკის სახეს დააკვირდით. გიას სულ სხვა სახე ჰქონდა 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე.
ახლა მის სახეს რომ შეხედოთ, გული გაგისკდებათ. დარწმუნებული ვარ, ყოველ საღამოს 280 აქვს წნევა და გამუდმებით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
იცით, რატომ აქვს ასეთი სახე და რატომ აქვს წნევა? იმიტომ, რომ ტყუილების ლაპარაკი უწევს.
სახე ბიძინა ივანიშვილსაც დაეხოკა, იმასაც ტყუილების ლაპარაკი უწევს. ტყუილად იტანჯავენ ტყუილებით თავს. „ქართული ოცნება“ მალე დაადგება „მოქალაქეთა კავშირისა“ და „აღორძინების“ გზას.

შორენა მარსაგიშვილი