იმერეთი საქართველოს რეგიონებს შორის სიმსივნით გარდაცვლილთა მაჩვენებლით პირველ ადგილზეა

ონკოლოგიური დაავადებები საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ჯანმრთელობის ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიშის მიხედვიით, საქართველოში სიკვდილიანობის 94% არაგადამდები დაავადებებითაა გამოწვეული. ამასთან 14% ონკოლოგიურ დაავადებებზე მოდის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და კიბოს პოპულაციური რეგისტრის ინფორმაციით, 2014 წლიდან მოყოლებული, სიმსივნით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და იმერეთშია. იმერეთის რეგიონში 2017 წელს სიმსივნით გარდაცვალების 1077 შემთხვევა დაფიქსირდა, 1860 ადამიანი დაიღუპა იმავე მიზეზით დედაქალაქში. აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონში სიმსივნით მამაკაცების უფრო დიდი რაოდენობა იღუპება, ვიდრე _ ქალების. საინტერესოა დაავადებულთა გადანაწილების არეალიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საშუალოდ, 400-დან 1 ადამიანი იმერეთში კიბოთი იღუპება. სიმსივნური დაავადებები რეგიონში გარდაცვალების ყველაზე დიდი მიზეზია. შედარებით მცირეა სხვა დაავადებებით დაღუპულთა რაოდენობა.
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 100 000 მოსახლეზე გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით რეგიონებში პირველი,, თბილისის შემდეგ, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია.
კიბოს გამოწვევის ერთ-ერთ მიზეზად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ ანგარიშში, სხვა ფაქტორებთან ერთად, კანცეროგენებით დაბინძურებული გარემო სახელდება. აქვე ვკითხულობთ, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს სრული ინფორმაცია სამუშაო ადგილებზე არსებული კანცეროგენებისა და იმ მუშების შესახებ, რომლებიც მავნე ელემენტების ექსპოზიციას განიცდიან.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სიმსივნური დაავადებები ზრდის ტენდენციით ხასიათდება. თუმცა, ძირითადად, მაჩვენებლის ზრდას არა შემთხვევების მატებას, არამედ დაავადებათა რეგისტრაციის გაუმჯობესებას უკავშირებენ. 2015 წელს უწყებამ მონაცემთა მოპოვების მეთოდოლოგია შეცვალა. ყველა სამედიცინო დაწესებულება, სადაც ონკოლოგიური დიაგნოზი ისმება, ვალდებულია, თითოეული შემთხვევა ე. წ. კიბოს პოპულაციურ რეგისტრში დააფიქსიროს. კიბოს პოპულაციურ რეგისტრს ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აწარმოებს.

გრაფიკი 1: იმერეთში სიმსივნური დაავადებებით გარდაცვლილთა რაოდენობა, 2014-2017 წლები:
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ქალებში რეგისტრირებული ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების სტრუქტურა 2015-2017 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, იდენტურია. ყველა შემთხვევის 32%-ს შეადგენს სარძევე ჯირკვლის კიბო, ხოლო 10-15%-ს _ ფარისებრი ჯირკვლის კიბო. ქალებში ასევე გავრცელებულია კოლორექტიუმის, საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს ტანის კიბო. კაცებში რეგისტრირებული ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ახალი შემთხვევების საერთო რაოდენობაში 5 ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაცია თითქმის დაემთხვა ერთმანეთს. მამაკაცები იმერეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ყველაზე ხშირად ფილტვის, წინამდებარე ჯირკვლის, შარდის ბუშტის, კოლორექტიუმისა და ხორხის კიბოთი ავადდებიან.
კიბოს სიკვდილიანობა მაღალია იმ ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც ავადობა მაღალია _ სიკვდილიანობა მკვეთრად მატულობს 50 წლის ასაკის ზემოთ; კიბოთი გარდაცვლილთა ხვედრითი წილი ყველაზე მაღალი 70 წლის ასაკზე უფროს მოსახლეობაშია (44%), რომელსაც 50-69 წლების ასაკობრივი ჯგუფი მოსდევს (43%). სიკვდილიანობის ასაკობრივი განაწილება გასული საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით, გარკვეულწილად, შეიცვალა; კერძოდ, 70 წლის ასაკის ზემოთ გარდაცვლილთა ხვედრითი წილი 7%-ით გაიზარდა, მაშინ როცა 50-69 და 15-49 წლების ასაკობრივი ჯგუფებიდან თითოეულში სიკვდილიანობა 3-4%-ით შემცირდა. ბავშვებისა და 14 წლის ასაკამდე მოზარდების კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფზე საერთო სიკვდილიანობის 1% მოდის, ეს ნიშნავს 80 000 სიცოცხლეს, რომელიც შეწყდა ბავშვობისა და/ან მოზარდობის პერიოდში.
აქვს თუ არა სიმსივნის გავრცელების ლოკაციას კავშირი ინდუსტრიულ ზონებთან? _ ამ კითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის კვლევაში ვკითხულობთ, რომ გარკვეულწილად კი. მაგალითად, მამაკაცებში გავრცელებული ხორხისა და ფილტვის კიბოს ძირითადი მიზეზი მწეველთა მაღალი რიცხვია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ იმერეთის რეგიონში სიმსივნით დაავადებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საჩხერის, ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებზე მოდის, რაც, გარკვეულწილად, დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს ადგილები ინდუსტრიულ ზონებს განეკუთვნება, ადგილობრივები კი მაღალი რისკის შემცველ სამუშაოს ეწევიან. მაღალია ავადობის მაჩვენებელი ქუთაისშიც: 2018 წლის ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ზესტაფონთან, თბილისსა და ბათუმთან ერთად, ყველაზე დაბინძურებული ქალაქების სიაში მოწინავე ადგილს ქუთაისი იკავებს. მაგალითად, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ზესტაფონში 2017 წელს მანგანუმის დიოქსიდის კონცენტრაცია ჰაერში 1.5-ჯერ აღემატებოდა დაშვებულს. ამავე მონაცემებით გასულ წელს მაღალი იყო ჭიათურის ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა, ხოლო ქალაქში წყალი მანგანუმით გახლდათ დაბინძურებული. ისევე როგორც სხვა წლებში, გასულ წელსაც მაღალი იყო ქუთაისის ჰაერში მტვრის შემცველობა.
ჭიათურის ჰაერში აღმოჩენილი აზოტის დიოქსიდი ჰაერის ერთ-ერთი ძლიერი დამაბინძურებელია. იგი წარმოიქმნება შიდაწვის ძრავისა და სიგარეტის კვამლისგან. მისი მაღალი კონცენტრაცია იწვევს ფილტვების, სასუნთქი გზების დაავადებებს. ჯანმრთელობაზე მოქმედებს მანგანუმის დიოქსიდის მაღალი შემცველობაც. კვლევები აჩვენებს, რომ პირები, რომლებიც მანგანუმის საბადოებში მუშაობენ ან სუნთქავენ ამ ელემენტით დაბინძურებულ ჰაერს, ხშირად ავადდებიან პნევმონიით, სასუნთქი გზებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.

თემასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ იმერეთის ორგანიზაციის კოორდინატორს, ეკოლოგ თეიმურაზ კეპულაძეს ესაუბრა. კეპულაძე აღნიშნავს, რომ მამაკაცებში გავრცელებული ხორხისა და ფილტვის კიბოს ძირითადი მიზეზი სიგარეტის პასიური და აქტიური მწეველობაა, თუმცა არ შეიძლება გამოირიცხოს იმერეთში არსებული ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი. უკვე წლებია, ქუთაისი და ზესტაფონი ყველაზე დაბინძურებული ქალაქების სიაში ხვდება. ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ქუთაისში ავტომობილების გამონაბოლქვი და ქალაქთან ახლოს არსებული ნაგავსაყრელია. ზესტაფონი წლებია, ინდუსტრიულად აქტიური ზონაა, ფეროშენადნობთა ქარხნის გამონაბოლქვი ქალაქის მოსახლეობას სერიოზულად აზარალებს. თეიმურაზ კეპულაძე აღნიშნავს, რომ სიმსივნით დაავადებულთა მაღალი მაჩვენებელი მოდის ჭიათურა-საჩხერისა და ტყიბულის რაიონებზეც, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მაღაროსა და შახტაშია დასაქმებული. შრომის არასათანადო პირობები, მიწის ქვეშ წიაღისეულის მოპოვებაში გატარებული დღეები ადგილობრივების ჯანმრთელობაზე აისახება.
მამაკაცთა შორის ხუთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ონკოლოგიური დაავადების შეფასება-გამოვლენისას დასმული სტადიების მიხედვით, პირველ და მეორე სტადიაზე გამოვლენა განსაკუთრებით დაბალია ტრაქეას, ბრონქების, ფილტვისა და კუჭის კიბოს შემთხვევაში (9.1% და 13.7% შესაბამისად), რაც მიუთითებს მოსახლეობის ნაკლებ ინფორმირებულობაზე ონკოლოგიური დაავადების სიმპტომებისა და რისკის ფაქტორების შესახებ, ხოლო კოლორექტალური კიბოს დაგვიანებულ სტადიაზე გამოვლენა (მხოლოდ 19.2% იყო გამოვლენილი პირველ და მეორე სტადიაზე) ადასტურებს, რომ მოსახლეობა სკრინინგულ პროგრამებში არ მონაწილეობს. რაც შეეხება ქალთა შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებების ასაკობრივ თავისებურებებს, ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს ტანისა და კოლორექტალური (მსხვილი და სწორი ნაწლავების ავთვისებიანი კიბოს საერთო დასახელება, _ რედ.) კიბოს შემთხვევაში ის შესაბამისობაშია სხვა ქვეყნებში არსებულ ტენდენციებთან, თუმცა ფარისებრი ჯირკვლის კიბო გამონაკლისს წარმოადგენს, მისი საკამოდ ფართო გავრცელებით 20-35 ასაკობრივ ჯგუფში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით: 2018 წელს საქართველოს მასშტაბით, ავთვისებიანი სიმსივნე 9635 პაციენტს დაუდგინდა, რაც 100 ათას მოსახლეზე 258.5 ადამიანს შეადგენს. მათ შორის, აღნიშნული დიაგნოზი 0-დან 14 წლამდე 48 პაციენტს დაუსვეს.
ცენტრში აცხადებენ, რომ სტატისტიკის ზრდა არ ნიშნავს კიბოთი დაავადების მაჩვენებლის ავტომატურ ზრდას. ბოლო წლებია, მიმდინარეობს დაავადების შემთხვევების ინტენსიური აღრიცვხა, იმატა მიმართვიანობამაც. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს სტატისტიკის ზრდას.
უწყებაში აცხადებენ, რომ 2015 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში კიბოს პოპულაციური რეგისტრის დანერგვის შემდეგ, ონკოლოგიურ დაავადებათა მონიტორინგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სსიპ „ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მონაცემებით, საქართველოში ძუძუს კიბო ქალებში და ფილტვის კიბო მამაკაცებში ყველაზე გავრცელებულ ავთვისებიან სიმსივნეებს წარმოადგენს. ონკოლოგიური დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება. ამასთან, დაბალია 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი: პაციენტთა 30%-ზე ნაკლები ცოცხლობს დიაგნოზის დასმიდან 5 წლის მანძილზე ან უფრო დიდხანს. მაღალი სიკვდილიანობისა და დაბალი გადარჩენის მაჩვენებლების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კიბოს შემთხვევების დაახლოებით 60%-ის დიაგნოსტირება მესამე და მეოთხე სტადიაზე ხდება, რისი მიზეზიც კომპლექსურია და ძირითადად მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობის დონით და ამ პროცესებში ჯანდაცვის პირველადი რგოლის ნაკლები ჩართულობითაა განპირობებული.

ფილტვის მეოთხე სტადიის სიმსივნეს პიანისტ ნინო სამნიაშვილის მამა მეორე წელია, ებრძვის. ნინო ამბობს, რომ ოჯახმა მკურნალობის სახსრები სრულად ამოწურა და, მხოლოდ და მხოლოდ, კეთილი ადამიანების იმედად რჩებიან:
„მამას ინტენსიურად ესაჭიროება: იმუნო და ქიმიო თერაპია, ძვირადღირებული მედიკამენტები, ონკოლოგის გარდა სხვადასხვა სპეციალისტთან კონსულტაცია. ონკოპაციენტის მკურნალობა ჩვენთან ძალიან ძვირია. ვგეგმავდით მამას საზღვარგარეთ მკურნალობას, თუმცა გულის პრობლემამ ფრენაში ხელი შეგვიშალა. წლების წინ ის გზა, რასაც ახლა მამა გადის, მეც გავიარე. ახლა ჯანმრთელი ვარ და ვცდილობ, მამაც დავაყენო ფეხზე“.

სიმსივნეებთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია 2020 წლამდეა გაწერილი. მრავალ სხვა პუნქტთან ერთად ჯანდაცვის სისტემის მიზანი საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებზე ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური კანცეროგენების კონტროლიცაა.

შორენა ლაღაძე