საქართველოს კონსტიტუცია – რა უფლებები აქვთ პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს?

10708423_10204142769144874_1630393382_nww

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის დათხოვნით იმუქრება. მოიყვანს თუ არა ამ მუქარას სისრულეში, არავინ იცის… თუმცა ერთიცაა, კაცს რომ გაეროში ბუნების დაცვის ღონისძიებაზე ხელის მოსაწერადაც არ უშვებენ, პარლამენტის დაშლას როგორ მოახერხებს, ცოტა გაუგებარია. სამაგიეროდ, ამ კინკლაობებით მხოლოდ ის ხდება გასაგები, რომ სახელისუფლებო კრიზისი ვარაუდზე მეტად რეალობაა. საინტერესო ის არის, კრიზისი რამ გამოიწვია? არის თუ არა მთავარი დამნაშავე ამ დაუსრულებელ დავაში საქართველოს კონსტიტუცია? კონსტიტუცია, რომელიც, თავის დროზე, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ავთანდილ დემეტრაშვილის წყალობით, უმოწყალოდ გააბახა. ჩნდება მთავარი კითხვაც, _ არის თუ არა სახელისუფლებო კრიზისი ამ გაბახების პირმშო?!

 

ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს ესაუბრება კონსტიტუციონალისტი ალექსი კობაიძე:

_ დიახ, მიმაჩნია, რომ რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ნამდვილად შეიცავს პოლიტიკური კრიზისის ელემენტებს. 2004 წლის 6 თებერვლიდან შესული  ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ თავთან, ანუ საქართველოს კონსტიტუციასთან მისი მე-6 და 106-ე მუხლების მიხედვით და კონკრეტულადაც მოგახსენებთ, თუ რატომ.

_ ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბროთ. ჯერ მოდით, იმ დავის რაობაზე გავაკეთოთ აქცენტი, რაც მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს შორის სახეზეა. პირდაპირ მიპასუხეთ: ვის უნდა მოეწერა ხელი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, ან ვინ უნდა წავიდეს გაეროს სხდომაზე?

_ ვინ უნდა წავიდეს და პრემიერ-მინისტრი, მაგრამ საქმე ის არის, ბატონო დავით, რომ ასეთი პირდაპირი პასუხი დასაბუთებას მოითხოვს. ჩვენ რომ დღეს ვითომ კონსტიტუცია გვაქვს, უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მთლიანობაში, სწორედ ეს არის ხსენებული კრიზისის სათავე. დღეს მოქმედი კანონმდებლობით მთავრობის მეთაური არის პრემიერ-მინისტრი. მთავრობაში შედის თავისთავად საგარეო საქმეთა სამინისტროც. ყველა ქვეყანა, რომელიც აქამდე არსებობდა და არსებობს, მისი მთავრობის მეთაური ვინც არის, საერთაშორისო საკითხებზე ის იღებს გადაწყვეტილებებს. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს დავის საგნად იქცა, არის საქართველო და შევეცდები აგიხსნათ, რის გამო მოხდა ეს?

ის კონსტიტუცია, რომელიც დღეს გვაქვს, მიღებულია 2004 წლის 6 თებერვალს. მასში იყო შეტანილი ახალი პუნქტები, რომელიც გახლდათ ბატონ ავთანდილ დემეტრაშვილისა და მისი გუნდის მიერ შედგენილი და ამ ჩასწორებებით კონსტიტუცია ამოქმედდა გაცილებით გვიან _ 2013 წელს. საინტერესო ის არის, რომ ბატონ ავთანდილ დემეტრაშვილს ანალოგიურად შედგენილი კონსტიტუცია ადრე დავუწუნეთ, საუბარია 1995 წელზე, რადგან მისი წარმოდგენილი პროექტი კონსტიტუცია კი არა, აჯაფსანდალი იყო. მე მაშინ პარლამენტშიც ზუსტად ასე ვუწოდე. ფინანსთა სამინისტროდან რევიზიაზე რომ აგზავნიან, ინსტრუქციას აძლევენ, რა უნდა გააკეთოს რევიზორმა იმისთვის, რომ რაღაც აღმოაჩინოს.  პლენარულ სხდომაზეც ზუსტად ეს მაგალითი მოვიყვანე, რომ პროექტი იყო ინსტრუქცია და არა კონსტიტუცია. მაშინ მე გახლდით პარლამენტის იურიდიული კომისიის სასამართლო რეფორმების ქვეკომისიის თავმჯდომარე და პირდაპირ მეხებოდა კონსტიტუციის საკითხიც.  სასამართლო ხელისუფლებაც ხომ უნდა განხორციელებულიყო და მთლიანობაშიც ხელისუფლების შტოების განაწილების საკითხი მაშინ დადგა. ამიტომ  პარლამენტის გადაწყვეტილებით ვიყავი დანიშნული კონსტიტუციის შემთანხმებელ კომისიაში. ხუთი კაცი ვიყავით მაშინ ამ კომისიაში. რუსუდან ბერიძე იყო ხელმძღვანელი. ქართლოს ღარიბაშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ლია ცინდელიანი და მე გახლდით საკონსტიტუციო კომისიის წევრები. მოკლედ, დავიწუნეთ მაშინ და არ მივიღეთ ჩასწორებები, რომელიც შემოგვთავაზა ავთანდილ დემეტრაშვილმა და  ვიმეორებ მიზეზსაც: ეს იყო აჯაფსანდალი და არა კონსტიტუციური ცვლილების დოკუმენტი.

_ დემეტრაშვილის კონსტიტუციის ე. წ. აჯაფსანდლობა რაში გამოიხატებოდა, რა აკლდა?

_ სწორედ დემეტრაშვილმა შემოიღო ერთი კაცის დესპოტური მმართველობა. ვისი დაკვეთით გააკეთა ეს, ძნელი მისახვედრი არ არის. სწორედ მის კონსტიტუციაშია ჩადებული ინსტიტუციების რღვევა და ძალაუფლების ერთი კაცის ხელში თავმოყრის პრინციპები. მაგალითად,  არსებობდა 91-ე მუხლი, სადაც ეწერა, რომ პროკურატურა არის სასამართლო დაწესებულება და ამით სასამართლო თავის ადგილზე მყარად იდგა. საკუთარი ძალა ჰქონდა და არავის დიქტატს არ სცნობდა. ეს მუხლი გააუქმეს და შემოიღეს 76-ე პრიმა მუხლი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პროკურატურა არ იქნება სასამართლო დაწესებულება, სასამართლო პროკურატურაზე არ განახორციელებს ზედამხედველობას. სასამართლოს სივრციდან გასვლამ შემდგომში რა ძალაუფლება მიანიჭა პროკურატურას, რომელიც ვერტიკალზე ისევ იმ ერთ კაცს დაუქვემდებარა, თქვენ ამის შესახებ კარგად მოგეხსენებათ. მსგავსად მოხდა სხვა საკვანძო საკითხებთან დაკავშირებითაც. დემეტრაშვილს კარგად ვიცნობ, პატივსაც ვცემ, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას გაურიგდა აშკარად. ისინიც გაურიგდნენ, ვინც მის საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობდნენ.

_ მოკლედ, ერთხელ უარი უთხარით, მერე რა მოხდა?

_ ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია დემეტრაშვილის ჩასწორებების გარეშე, რომელმაც 2004 წლის თებერვლამდე იმუშავა. მერე ხდება ის, რომ „ნაციონალებმა“ ის კონსტიტუცია, რომელშიც მართლაც დემოკრატიულად იყო გადანაწილებული სამშტოიანი ხელისუფლების ურთიერთობის საკითხი, გააუქმეს და დაიყვანეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დონემდე. ეს გააკეთა დემეტრაშვილმა, სააკაშვილმა და მათმა ჯგუფმა. მიზანი იყო ის, რომ გაზრდილიყო შეუზღუდავად ერთი პირის უფლებები.   მოგეხსენებათ, ხელისუფლების სამ შტოში იგულისხმება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. აღმასრულებელი დარჩა, როგორც მთავარი განმკარგულებელი და მისი მეთაური იყო პრეზიდენტი. სასამართლო უფუნქციოდ დატოვეს, იმიტომ რომ პროკურატურა გაიყვანეს კონსტიტუციის გარეთ და დაუნიშნეს ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტი ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც ისე შეცვალა კანონმდებლობაში ყველა მიმართულება, რომ მხოლოდ ერთი კაცის ნებას მოარგო, საკანონმდებლო ორგანოში კიდევ რა მდგომარეობაც იყო, ეს უკვე ყველას კარგად მოგეხსენებათ.

_ კონკრეტულად პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სახელისუფლებო ჭიდილი რატომ გამოიწვია ამ კონსტიტუციამ, ნუთუ ასე ბუნდოვნად არის შედგენილი?

_ იმიტომ, რომ დღეის მდგომარეობით მთავრობის მეთაური არის პრემიერ-მინისტრი. ეს არის ის ადამიანი, რომელიც საერთოდ ყველაფერში უნდა მონაწილეობდეს. ასე გადაწყვიტა თუნდაც თვითონვე პრეზიდენტმაც, როდესაც ის დაასახელა პრემიერ-მინისტრად. ამის შემდეგ ფორმალურადღა დარჩა პრეზიდენტი, როგორც მხოლოდ საგარეო ურთიერთობის საკითხებში ხელმძღვანელი.

_ აი, ყველაზე საინტერესო საკითხს მივადექით: საგარეო ურთიერთობაა ასოცირების ხელმოწერაც და გაეროს სხდომაც. ამ შემთხვევაში მარგველაშვილი მართალი ყოფილა.

_ ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას. საქმე ის არის, რომ თუ პრეზიდენტი აღიარებს და მართლაც მისი წარდგენილია პრემიერ-მინისტრი, აქედან გამომდინარე, ყველა საკითხი, რაც სახელმწიფო მოწყობას ეხება, დელეგირებული აქვს პრემიერ-მინისტრს, რადგან ეს ასეა და პრემიერ-მინისტრი არის ჩვენთან მთავარი ფიგურა, ასევე მთავარია საერთაშორისო ურთიერთობებშიც და შიდა საკითხებშიც, იმიტომ რომ მას ექვემდებარება ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, რომელშიც პროკურატურაც მოიხსენიება და რადგან ასეა, ყველა საკითხი, რომელიც წყდება, ასოცირების ხელშეკრულება იქნება თუ თუ ამერიკაში ვიზიტი, პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის გადასაწყვეტია და მოსაწესრიგებლი. მით უმეტეს, კიდევ ვამბობ, პრეზიდენტმა თავის დროზე წარადგინა ეს ადამიანი. ეს გარემოება მოიაზრება, როცა საუბარია საგარეო ურთიერთობებზე.

_ გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღა ფუნქცია აქვს პრეზიდენტს?

_ პრეზიდენტს, პრინციპში, არავითარი ფუნქცია არ აქვს, მხოლოდ და მხოლოდ, დარჩა სიტყვა პრეზიდენტი. ეს იმიტომ კი არა, რომ ვინმეს სურს ასე, უბრალოდ, დღეს მოქმედი კანონმდებლობით მას არავითარი სხვა ფუნქცია არ აქვს იმის გარდა, რომ სიტყვა პრეზიდენტი არის ჩვენს კონსტიტუციაში ნახსენები.

_ მაგრამ თვითონ პრეზიდენტი გაიძახის, რომ მას აქვს ამის უფლება. ეტყობა, თქმის საბაბი არსებობს.

_ პრეზიდენტს ასე ჰგონია, რომ აქვს ამის უფლება, მაგრამ კონსტიტუცია არ აძლევს ამის უფლებას. აქაც კონსტიტუციის ორაზროვნებაა დამნაშავე. პრეზიდენტს უფლება კი უწერია, მაგრამ მისი განხორციელების მექანიზმები და სამსახურები მას არ გააჩნია. ან რა უნდა განახორციელოს, როცა არ ექვემდებარება არც ერთი სამინისტრო თუ სხვა უწყება? მაგალითად, ფინანსთა სამინისტრო მისი არ არის, იუსტიციის სამინისტრო მისი არ არის და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

_ ეს ლაფსუსი არ არის?                                                                    

_ როგორ არ არის! ერთ შემთხვევაში პრეზიდენტს გაუდიდეს უფლებამოსილებანი იმ დროს, როდესაც სჭირდებოდათ სააკაშვილისთვის და მეორე შემთხვევაში სააკაშვილს რომ ამზადებდნენ პრემიერ-მინისტრად, პრეზიდენტს ჩამოართვეს ეს უფლებამოსილებები, მაგრამ ნახეთ, ლაფსუსი სად არის _ მხოლოდ რეალურად ჩამოართვეს უფლებამოსილებანი, თორემ იურიდიულად კი დარჩა ჩანაწერი, რომ ის არის საგარეო ურთიერთობების წარმომადგენელი, მაგრამ ეს ყველაფერი, რომელიც კონსტიტუციის მე-4 თავშია გაწერილი, როგორიც ახლა არის, ამ სახით 2013 წლის არჩევნებიდან შევიდა ძალაში. `ნაციონალებს~ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ იმ გაგებით, რომ სააკაშვილმა ვეღარ გააგრძელა პოლიტიკური მოღვაწეობა პრემიერ-მინისტრის რანგში. ეს იყო მთავარი ჩანაფიქრი ამ ცვლილებისთვის, რომელიც ძალით გაატანინეს ამ პარლამენტს „ნაციონალებმა“.

მოკლედ, ეს ყველა დანაშაული, ჩადენილიც და კონსტიტუციაში ჩადებულიც, არის „ნაცისტებისგან“ და რადგან მათი კაცი არ არის პრემიერ-მინისტრი, ვითომ ამიტომ იცავენ ახლა პრეზიდენტის უფლებებს.

_ რატომ უჭირს პრეზიდენტს იმის გაგება, რომ ის არ უნდა წავიდეს, ვთქვათ, გაეროში და რატომ უწევს ზაქარია ქუცნაშვილს კონსტიტუციით ხელში სიარული მარგველაშვილთან? პრეზიდენტის სასახლეში სხვა კონსტიტუცია აქვთ, თუ რა ხდება? სასაცილო იერს იღებს ყველაფერი…

_ სხვა კონსტიტუციაზე ვერაფერს მოგახსენებთ, ეგღა გვაკლდა, რომ ყველას თავისი კონსტიტუცია ჰქონდეს, მაგრამ რასაც მე ვლაპარაკობ, იმის სათქმელად მივიდოდა მარგველაშვილთან ქუცნაშვილიც. აუხსნიდა, რომ მხოლოდ ფორმალურად აქვს ეს უფლებები, იმიტომ რომ კონსტიტუციაში ასეთი მექანიზმი ჩადეს „ნაცებმა“, ანუ მიშას უნდოდა, ერთპიროვნულად ემართა ქვეყანა უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში და ამ საქმეში  პრეზიდენტი რომ არ ჰყოლოდა შემცილებელი, ყველანაირი უფლება წაართვა.

_ კი მაგრამ, ეს ხომ შეიძლება ისეც გაკეთებულიყო, რომ მკაფიოდ გაეწერათ კონსტიტუციაში. პრეზიდენტსაც აღარაფრის ილუზია ექნებოდა და დღეს ასეთ გაურკვევლობასაც ავიცილებდით თავიდან.

_ დიახ, მაგრამ „ნაცები“ ხომ დემოკრატობანას თამაშობდნენ, – პრეზიდენტი თუ ეყოლებოდა ქვეყანას რაღაც ვითომდა უფლებებით, ეს სავიზიტო ბარათივით იქნებოდა „ნაცებისთვის“ მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების თვალში. ეს ვერანაირად ვერ შეუშლიდა სააკაშვილს ხელს, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ერთპიროვნულად ემართა ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი მისი მარიონეტი იქნებოდა.   შესაბამისად, რამე შეუთანხმებლობა და სკანდალი შეუძლებელი იყო. ამიტომ აღარ ინებეს კონსტიტუციის დალაგება. „ნაცებს“ ეგონათ, რომ საუკუნოდ ესხდებოდნენ თავს ქვეყანას და ასეთ შემთხვევაში მართლაც აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რა ეწერებოდა კონსტიტუციაში, მაგრამ მათი გეგმები არ ახდა. სამაგიეროდ, პირველივე შემთხვევაში კონსტიტუციამ გაჭედა და კრიზისი მოგვცა.

პრეზიდენტ მარგველაშვილს, ცხადია, გონება უჭრის. ის რასაც ლაპარაკობს, ფორმალურად სწორია, იმიტომ რომ უფლებები იურიდიულად კი აქვს, მაგრამ შედეგობრივად არ არის სწორი, რადგან არანაირი განხორციელების მექანიზმი არ გააჩნია. გარდა საკუთარი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისა და უშიშროების საბჭოსი, მას არავინ არაფერს ეკითხება.

_ ისეთი რამე თუ არსებობს, რის უფლებასაც კონსტიტუცია ანიჭებს პრეზიდენტს?

_ პრეზიდენტს დღეს, ფაქტობრივად, გარდა იმისა, რომ იწოდებოდეს პრეზიდენტად, იჯდეს პრეზიდენტის სასახლეში და იღებდეს პრეზიდენტის ჯამაგირს, არაფერი არ შეუძლია. კონსტიტუციით ასეა.

_ რეფერენდუმის ჩატარება არ შეუძლია?

_ მას შეუძლია, წინადადება შეიტანოს პარლამენტში რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, მაგრამ ესეც ფორმალურია. თუ   მოინდომებს მთავრობა, აქვს უფლება, რომ არ ჩაატაროს რეფერენდუმი. ასე მიიყვანა საქმე ამ კონსტიტუციამ, სადაც პირველი, მეორე და მესამე თავის გარდა, სინამდვილეში, აღარაფერი წერია. 1-ლი თავია ზოგადი დებულებები, მე-11 მუხლის ჩათვლით. მე-12 თავი 47-მდე არის ადამიანის უფლებები, რომელსაც საქართველოში არავინ იცავს და მე-3 თავია საქართველოს პარლამენტი. ამის იქით აღარაფერი არ არის მაშინ, როცა სულ 11 თავია. ეს, ფაქტობრივად, კიდევ ვიმეორებ, რომ არც არის კონსტიტუცია. და ისევ ვიტყვი, რომ ეს გახლავთ დემეტრაშვილისა და მისი კომისიის დამსახურება.

_ შეუძლია თუ არა პრეზიდენტს, რომ პარლამენტი დაითხოვოს?

_ შეუძლია და მთავრობის მეთაურის გადაყენებაც შეუძლია. „ნაციონალების“ ინტერესიც ეს არის: მათ მარგველაშვილის გამოყენება უნდათ, რომ საქმე აქამდე მივიდეს და გადააყენოს პრემიერ-მინისტრი, რისი უფლებამოსილებაც აქვს, რომ მერე მარგველაშვილის დახმარებით თავისთვის სასურველი კანდიდატი მოიყვანონ პრემიერ-მინისტრად. ეს ყველაფერი აქეთ მიდის, მაგრამ საქმე ის არის, რომ თავიანთ გათხრილ ორმოში ჩაცვივდნენ „ნაციონალები“. დემეტრაშვილის ცვლილებებით ისეთი მექანიზმებია ჩადებული კონსტიტუციაში, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა შეიძლება არ დათანხმდეს გადადგომაზე, ანუ პრეზიდენტის სურვილი არ არის საკმარისი.

_ დავუშვათ, არ დათანხმდა მთავრობა და მერე რა ხდება, ან გადადგომაზე უარის თქმას იურიდიულად რით გაამყარებენ?

_ ვიქნებით კრიზისში, სანამ ვინმე ისეთი არ მოვა, ვინც გადაწყვეტს. რაც შეეხება გადადგომაზე უარის თქმას, გადაყენებას ხომ უნდა საფუძველი, თუ რატომ არის ამის აუცილებლობა? ახლა, თუ იმიტომ უნდა გადააყენო, რომ შენ გულმოსული ხარ, გაეროში ვერ წახვედი და გაბრაზებული ხარ, რომ ხელი ვერ მოაწერე ასოცირებაზე, ასე არ გამოვა. ერთი სიტყვით, ისეა საქმე, რომ პრეზიდენტი აღარ არის საჭირო. დატოვეს მხოლოდ იმისთვის, რომ ფული უხადონ. რაც მთავარია, სახალხო დემოკრატია არ გვაქვს. ცუდი კიდევ ის არის, რომ გვაქვს ოლიგარქის დემოკრატია. მაგალითად, ბრიტანეთში არსებობს არისტოკრატიული დემოკრატია. ის მართლა დემოკრატიაა, იმიტომ, რომ, ამავე დროს, სახალხოც არის, მაგრამ ჩვენ ის ხალხი და ქვეყანა ვართ, სადაც „მოჯამაგირეების“ დიქტატურაა, ანუ ჯამაგირს ვინც იღებს სახელმწიფოსგან, იმათი დიქტატურაა – ასეთია დღევანდელი კონსტიტუცია.

_ ანუ პრეზიდენტის უფლებები ნულია. როცა დგებოდა პრეზიდენტად, არ უნდა ჩაეხედა ამ საკითხებში? არადა, როგორც ჩანს, უჭკუო კაცი არ არის.

_ არ არის უჭკუო კაცი, მაგრამ თუ კარგი კონსულტანტი არ ეყოლებოდა, ის ნორმები, რაც უნდა ამოქმედებულიყო  არჩევნების შედეგების დადგომისთანავე, ამაში მას ვერ გაათვითცნობიერებდნენ. ჩანაწერი იმისა, რომ ის არის საგარეო ურთიერთობებში ხელმძღვანელი და  წარმმართველი, არაფერს ნიშნავს. რომ ნიშნავდეს, მაშინ უნდა იყოს, რომ მთავრობა არ ერევა ასეთ საკითხებში და საგარეო საქმეთა სამინისტროც უნდა დაექვემდებაროს პრეზიდენტს.

_ თეორიულად თითქოს აქვს რაღაც მექანიზმები, მაგრამ პრაქტიკულად ვერაფერს ახორციელებს.

_ იცი, რა? თეორიულიც არ აქვს. მხოლოდ ჩანაწერი აქვს, რომ პრეზიდენტია, მაგრამ თეორიულადაც არაფერი შეუძლია, იმიტომ რომ მთავრობაში გადავიდა ყველაფერი. დაახლოებით ისეთივე ფიგურაა, როგორც გერმანიაში არის პრეზიდენტი, ან თურქეთში. მხოლოდ რაღაც ცერემონიებში და დაჯილდოებებში შეუძლია მონაწილეობის მიღება და ამით ამოიწურება მისი უფლებამოსილება. მოკლედ, რა ფუნქციასაც ასრულებს თავის აპარატთან ერთად, მის რეალურ ღირებულებაზე გაცილებით მეტ ფულს ვიხდით ჩვენი ჯიბიდან პრეზიდენტის შესანახად. ტყუილ ფულს ვიხდით. 2012 წლის 5 იანვრიდან სააკაშვილსაც ტყუილად ვუხდიდით ფულს 2013 წლამდე, იმიტომ, რომ მეხუთე წელი 5 იანვარს დაიწყო და აპრილში უნდა ჩატარებულიყო პრეზიდენტის არჩევნები. მოქმედი კონსტიტუციით ასე იყო, მაგრამ მაშინდელი პარლამენტი ბაქრაძის თაოსნობით იმას იტყოდა, რომ სააკაშვილს ვადა ამოეწურა? მისცეს საშუალება, რომ ინაუგურაციის ჩათვლით პრეზიდენტი ყოფილიყო, რაც ასევე ანტიკონსტიტუციურია.

_ გავიგე, რომ მარგველაშვილს არაფრის უფლება არ აქვს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ღარიბაშვილს აქვს ყველაფრის უფლება?

_ ღარიბაშვილს, დიახაც, ყველაფრის უფლება აქვს. რაც თითოეულ სამინისტროს ფუნქცია აქვს, იგივე უფლებების მაკონტროლებელი არის ღარიბაშვილი. შესაბამისად, სწორედ ის არის პასუხისმგებელი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე. ავიღოთ კონსტიტუციის 73-ე მუხლი _ საქართველოს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს… ე. ი. ყველგან ჩაუწერეს მთავრობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი არის მხოლოდ ნომინალური ფიგურა.

_ მოდით, ოპონირებას გაგიწევთ, მაგ მუხლით პირდაპირ გაწერილია, რომ პრეზიდენტი აწარმოებს მოლაპარაკებებს.

_ მაგრამ იქვე წერია მთავრობასთან შეთანხმებითო. მარგველაშვილმა კი არ უნდა იძახოს, რომ გინდა თუ არა მე უნდა წავიდე, ვთქვათ, გაეროშიო და მკერდზე მჯიღები ირტყას, არამედ უნდა მივიდეს და უთხრას, რომ მინდა წავიდე და იქნებ, შემიქმნათ დელეგაციაო. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მთავრობამ გამოიჩინოს კეთილი ნება და გაუშვას, თორემ კონსტიტუციით მთავრობა რასაც უნდა აკეთებდეს, აკეთებს იმას და არ არის ვალდებული, რომ პრეზიდენტს დაეკითხოს.

_ ე. ი. პიროვნული ურთიერთობის დონეზე დადის ეს ყველაფერი. თუ კარგ ურთიერთობაში იქნებიან პრემიერი და პრეზიდენტი, შეუძლიათ საკითხის მოგვარება, ხოლო თვითონ კონსტიტუცია კი ვერაფერსაც ვერ არეგულირებს და ეს არის პრობლემის ალფა და ომეგა. 

_ კონსტიტუციამ პირადი ურთიერთობების დონეზე დაიყვანა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რამაც აჟიტირებული სიტუაცია შექმნა. ეს აჟიტირებული სიტუაცია კი გამოიწვია იმან, რომ ოლიგარქიული დემოკრატია გაუნაწყენდა მარგველაშვილს და უარი თქვა მასზე. სხვა საკითხია, რამდენად სამართლიანია ეს განაწყენება. ფაქტია, რომ ეს მაშინ დაიწყო, როცა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადავიდა, რაც ჩემი, როგორც მოქალაქის, იურისტის, თუ კონსტიტუციონალისტის აზრით, არ უნდა გაეკეთებინა, იმიტომ რომ არჩევნებამდე სულ სხვა რამე იყო მისგან განცხადებული. რაც არჩევნებზე ცხადდება, ის უნდა დარჩეს ძალაში. კონსტიტუციამ ეს საკითხიც უნდა არეგულიროს: კონსტიტუციის ახალი ცვლილებები არ უნდა მოარგო მოქმედი ხელისუფლების არც ერთ შტოს, მათ შორის, პრეზიდენტსაც. დემეტრაშვილმა კი ყოველთვის მოარგო მოქმედ პრეზიდენტს და მეორეცაა, რასაც აგიტაცია-პროპაგანდის დროს ამბობ, მერე იმის საწინააღმდეგო მოქმედება არ უნდა შეასრულო. ეს არის კონსტიტუციონალიზმის აქსიომა, რაც ასევე დარღვეულია საქართველოში.

_ ე. ი. ჩვენი კონსტიტუციით მარგველაშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო წასვლა, თუ კარგად მოიქცეოდა და ხელისუფლების თვალში „კაი ბიჭი“ იქნებოდა?

_ ერთხელ ასეთ ფაქტსაც ჰქონდა ადგილი: დელეგირება გააკეთა კონკრეტულ თემაზე, რომ პრემიერ-მინისტრმა გააკეთოს ეს საქმეო. ეს სწორი ნაბიჯი იყო. ასე რომ გაეგრძელებინა, პრეზიდენტის რეალურ უფლებამოსილებას განახორციელებდა. ახლა კი გამოდის, რომ რასაც აკეთებს, განგებ აკეთებს. რადგან შენ პრემიერ-მინისტრად დანიშნე ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ რაც მას ეკუთვნის კონსტიტუციით, ეს უკვე იმის ხელში გადავიდა, ხოლო შენ თუ გინდა რამე პირადად გააკეთო, მაშინ უნდა შეუთანხმდე მთავრობას. ერთი სიტყვით, დემეტრაშვილისა და „ნაციონალების“ მიერ შედგენილი კონსტიტუცია არა მარტო გვაძლევს მთავრობის ცალკეულ ხელმძღვანელებს შორის დაპირისპირებას, არამედ ეს დაპირისპირება პირდაპირ არის ჩადებული კონსტიტუციაში.

_ ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ეს დაპირისპირება დემოკრატიულობის ხარისხის მაჩვენებელია.

_ არავითარი დემოკრატიულობა.  დემოკრატია არის უმრავლესობის ნება. ჩვენთან დემოკრატიულობასთან დაკავშირებით საუბარი არ შეიძლება, ერთადერთი ფაქტის გამო: ვიცით, რომ ჩვენი დემოკრატია დაფუძნებულია  ოლიგარქ ივანიშვილის ნება-სურვილიდან გამომდინარე არჩეულ პარლამენტზე, პრეზიდენტზე თუ დანარჩენ ყველაფერზე. მხოლოდ აქედან გამომდინარეობს. სახალხო დემოკრატია დამკვიდრდება მაშინ, როდესაც ასეთი წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი გარემოება არ იქნება. ხოლო სანამ იქნება, მანამდე ასეთ სიტუაციაში ვიქნებით. ამიტომ არის აუცილებელი ახალი პარლამენტის არჩევნების დღის წესრიგში დასმა. რაც შეეხება კონსტიტუციას, აქ კიდევ ფუნდამენტურად არის ყველაფერი შესაცვლელი. სულ ცოტა, კონსტიტუცია დასაბრუნებელია თავის საწყის პოზიციებზე, როგორიც იყო 2004 წლის 6 თებერვლამდე. უნდა შეიქმნას საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ლაფსუსებს მოაცილებს და ნამდვილ კონსტიტუციას მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ კონსტიტუციით გამოწვეული კრიზისი სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

P.S. „ქრონიკა+“ ავთანდილ დემეტრაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა და საქართველოს კოსტიტუციაში არსებულ ყველა ხარვეზთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით ინტერვიუ სთხოვა. ბატონი ავთანდილი ჯერ დათანხმდა „ქრონიკა+“-ს, თუმცა, მოგვიანებით, უკვე აღარ პასუხობდა სატელეფონო ზარებს.

 

                                                                                                    დავით დევიძე