გიგლა ბარამიძე: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის სხვაობა არ არის, მაგათ ერთი ბიზნესი აქვთ!“

„ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგლა ბარამიძე, „ოცნების“ მიმდევარი არასოდეს ყოფილა, მაგრამ იმაზე, რასაც მმართველი გუნდი ბოლო დროს აკეთებს, ჩვენს რესპონდენტს ძალიან მძაფრი რეაქცია აქვს. მეტიც, ბარამიძე, რომელიც „ნაციონალების“ მმართველობის დროს რეპრესირებული იყო და ქვეყნის დატოვებაც მოუწია, პირდაპირ ამბობს, რომ ძალიან ბევრ რამეში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ოცნების“ წარმომადგენლებზე უკეთესად გამოიყურებიან.

ამას გარდა, ბარამიძე აცხადებს, რომ „ოცნება“ პოლიტიკური პარტია კი არა, ერთი კაცის გარშემო გაერთიანებული დაჯგუფებაა, რომლის წევრებმაც პირადი ოცნებები აიხდინეს და ახლაც იმას ცდილობენ, რომ 2020-ის საარჩევნო სიაში მოხვდნენ და „მზის“, ანუ ივანიშვილის ორბიტაზე ადგილი შეინარჩუნონ. სწორედ ამით ხსნის ჩვენი რესპონდენტი „ოცნების“ მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას და არც იმის თქმას ერიდება, რომ იგივე ეკა ბესელიას საზოგადოებისგან უფრო მეტი მხარდაჭერა ექნებოდა, ზარდიაშვილებისა და თუ სხვების წინააღმდეგ თავის დროზე რომ აემაღლებინა ხმა.
სხვათა შორის, გიგლა ბარამიძე „ტკბილ სიტყვებს“ არც სალომე ზურაბიშვილის მისამართით იშურებს და მას „მატრონას“, ასევე „პირადი განდიდებით შეპყრობილს“ უწოდებს.
ერთი სიტყვით, რა ბიზნესი აქვთ „ნაცმოძრაობასა“ და „ოცნებას“? _ ამის შესახებ გიგლა ბარამიძის საკმაოდ მწვავე ინტერვიუდან შეიტყობთ!

_ ბატონო გიგლა, ცხადია, საუბარი გასული პოლიტიკური კვირის მთავარი სკანდალით უნდა დავიწყოთ _ ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს სილა გააწნა! თქვენ, როგორც გარე დამკვირვებელი, ყველაფერ ამას როგორ ხსნით, რა ვითარებაა, „ოცნება“ აქამდე რატომ მივიდა?
_ კი არ მივიდა, დაეცა და დახოხდა! საერთოდ, „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას, კარგა ხანია, სახე აქვს დაკარგული. მეტიც: ყველამ ძალიან კარგად იცის, იქ ადამიანები რის და ვის გარშემოც არიან გაერთიანებულნი. უბრალოდ, ამ ადამიანების კრებულმა „ქართული ოცნება“ დაირქვა, თორემ, სინამდვილეში, საქართველოს საოცნებო ვერაფერი გაუკეთა, ანუ ამ გაერთიანების თითოეულმა წევრმა საკუთარი პირადი ოცნებები აისრულა და ქვეყანა არც ახსოვს!
ისე, ის, რაც პარლამენტში მოხდა, უმძიმესი შემთხვევა იყო, მაგრამ განა, დღე ისე გავა, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა _ ქალებმა თუ კაცებმა _ ერთმანეთი სამარცხვინოდ არ დაჭამონ და ერთმანეთს ყველანაირი სიბინძურე არ წამოაძახონ? მოკლედ, ის, რაც მოხდა, არ გამკვირვებია, თუმცა მამაკაცების ქცევა, კომიტეტის თავმჯდომარის იქედნური სისინი და ზარდიაშვილის გატრუნვა საოცრად დამამცირებელი და შემარცხვენელი იყო.
სიმართლე რომ ვთქვათ, ბესელიაც ცუდ მდგომარეობაში იყო. ზოგადად, მანდილოსნის მიმართ ასეთი ქცევა სწორად არ მიმაჩნია, თუმცა გამართლებული არც ისაა, რაც მანდილოსანმა გააკეთა, მაგრამ ეს უკვე „ოცნების“, ანუ სექტადქცეული ჯგუფის კლასიკაა _ იმას აჩენენ, რაც სინამდვილეში არიან! 2020 წლამდე ბევრი დრო არ არის დარჩენილი და ნახავთ, კიდევ რას იზამენ და ჩაიდენენ!
_ ამბობთ, რომ ოცნებელებს ივანიშვილის ფული აერთიანებთ. აბა, ერთმანეთს რატომღა ჭამენ? არ ურჩევნიათ, მშვიდად იყვნენ და იმ „ბრძენი კაცის“ ფული შეირგონ?
_ იმიტომ ჭამენ, რომ ყველას უნდა, თბილად იყოს! ბესელია თითქოს მოსამართლეების გამო დაუპირისპირდა, მაგრამ, მთლიანობაში, ამ ადამიანთან თბილ ადგილს ეძებენ.
_ „ამ ადამიანში“ ივანიშვილს გულისხმობთ, არა?
_ დიახ. უნდათ, რომ სიაში ისევ „ჩაჯდნენ“, სასახლეები აიშენონ, შეღავათიანი კრედიტები აიღონ და სიმდიდრე დააგროვონ, ანუ ისევ ჩვეულებრივი მუქთახორები იყვნენ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ სრული პოლიტიკური არარაობები არიან! შესაბამისად, მათგან ერთმანეთის არც დედის ერთი ადგილის გინება მიკვირს, არც _ თმების წეწვა და არც _ წივილ-კივილი!
სხვათა შორის, ის დროც კარგად მახსოვს, ერთმანეთთან ძალიან გადახვეულები რომ იყვნენ და ჟურნალისტებს მომაბეზრებელი ტონით გელაპარაკებოდნენ, ნუ შეგვაწუხეთო, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა და უკვე ერთმანეთს ისე ჭამენ, როგორც _ ვირთხები! ხომ გახსოვთ, „დათა თუთაშხიაში“ კაციჭამია ვირთხები რომ გამოიყვანეს?
_ დიახ, ამის დავიწყება როგორ შეიძლება!
_ აი, ასე გამოჰყავს ერთმანეთისჭამია დეპუტატები მათ უფროსს! ეს არის და ეს!
_ თქვენს მოსაზრებაში ლოგიკა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ერთმანეთის ჭამის გარდა, ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაც იჩენს თავს, ანუ „ოცნება“ ერთი ხელით „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძვის და, მიუხედავად იმისა, რომ უკვე შვიდი წელია, ხელისუფლებაშია, ყველაფერს „ნაცებს“ აბრალებს, მეორე ხელით კი იგივე „ნაციონალებს“ „აპრავებს“ _ სხვა თუ არაფერი, ზარდიაშვილი, როგორც ამბობენ, ყოფილი „ნაციონალია“. ჰოდა, რა გამოდის _ „ოცნება“ ხალხს თვალში ნაცარს აყრის?
_ დიახ, „ოცნების“ მიზანია, რომ ხალხს თვალში ნაცარი შეაყაროს.
_ რატომ?
_ ალბათ, გახსოვთ „ოცნების“ თავმჯდომარის ფრაზა, რომელიც რამდენიმე წლის წინ თქვა.
_ რომელი ფრაზა?
_ შუა უნდა გაიკრიფოსო, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ საფრთხობელასავითაა დატოვებული, რათა მისი შიშით ხალხმა არჩევანი ისევ „ოცნებაზე“ გააკეთოს, მაგრამ ეს „ტრიუკი“ აღარ ჭრის!
ისე, თუ დააკვირდებით, მე და ჩემს კოლეგებს ტელევიზიები დიდად არ გვანებივრებენ.
_ ეს იმ თემასთან, რაზეც ვსაუბრობთ, რა კავშირშია, ბატონო გიგლა?
_ იციან, რომ ჩვენ ბევრ საკითხში მართლები ვართ და, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, პოზიციებს არ ვიცვლით!
ამას გარდა, „ნაცების“ მიმართ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულებაც ცნობილია, მაგრამ ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი უფრო სიმპათიურად გამოიყურება, ვიდრე „ოცნების“ ესა თუ ის გაუგებარი წევრი.
იცით, რა ხდება? _ „ნაციონალური მოძრაობის“ ახლანდელ თუ ყოფილ წარმომადგენლებს, მაგალითად, ბოკერიას თავისი ხედვები მაინც აქვს, ანუ იმაზე კი არ ვსაუბრობ, ეს ხედვა კარგია თუ ცუდი ან ადრე რას და როგორ აკეთებდა, ხაზს იმას ვუსვამ, რომ პრინციპები აქვს. „ოცნებას“ კი არაფერი გააჩნია! მის წევრებს მხოლოდ ის უნდათ, რომ კარგად იყვნენ და მეტი არაფერი აინტერესებთ _ საქართველო და ხალხი წყალსაც წაუღია!
სწორედ ამის დასტურია, რომ ვერ ჩერდებიან და მეჯვარეებსა თუ ნათესავებს საჯაროდ რას აღარ აძახებენ! მაინტერესებს, დეპუტატებს ფულს ამისთვის ვუხდით?
_ ცხადია, არა! ისე, სექსისტურ განცხადებად თუ არ ჩამითვლიან, ვიტყვი, რომ პირველად მოხდა, როცა პარლამენტში მუშტი-კრივი ქალმა გამართა. მოკლედ, ბატონო გიგლა, მაინც ვერ გავიგე, „ოცნება“ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის იმ კანდიდატებს, რომლებიც არცთუ შორეულ წარსულში მგზნებარე „ნაციონალები“ იყვნენ, ასე თავგადაკლული რატომ იცავს?
_ ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ და სისხლიანი საქმეების გათეთრება, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, მძიმე ტვირთად აწევთ! შესაბამისად, ფარული გარიგება მოხდა, ყველაფერს გაპატიებთ და არ შეგეხებით, მაგრამ თუ დაგვჭირდება, კიდევ უფრო ბინძურად უნდა იმუშაოთო.
_ ანუ ფარული გარიგება „ოცნებასა“ და ამ მოსამართლეებს შორის მოხდა?
_ დიახ. ეს მოსამართლეები ნებისმიერ შეკვეთას შეასრულებენ და ბოლო წლებში ამის უამრავი მაგალითი ვნახეთ.
_ კონკრეტულად?
_ თუნდაც ის, რომ გაყალბებული არჩევნების დროს საარჩევნო ურნებს არ ხსნიდნენ.
საერთოდ, ასეა: ბინძურ რეჟიმებს ბინძური ადამიანები სჭირდება, ანუ „ხელი ხელს ჰბანს“ პრინციპით მოქმედებენ და „ოცნება“ ამ მოსამართლეებს ამიტომაც არის ჩაფრენილი!
სხვათა შორის, ამას წინათ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: მოსამართლეობას მედროვენი ჩემულობენ, სამართლიანობაზე კი დამნაშავენი ლაპარაკობენ! აი, ეს არის „ოცნების“ სრული აბსურდისა და კოჰაბიტაციის კლასიკური ნიშანი!
ერთი სიტყვით, დღეს „ქართულ ოცნებას“ ისე არავინ სჭირდება, როგორც „ნაციონალურ რეჟიმზე“ მომუშავე გამთეთრებელი მოსამართლეები! მათზეც გადაფოფრილი ამიტომაცაა!
_ ისე, ბესელია, შესაძლოა, სიმართლეს ამბობს, როცა ზარდიაშვილს „ადეიშვილის ღამის მორიგეს“ ეძახის, მაგრამ განა, მაშინ არ უნდა ამოეღო ხმა, როცა ზარდიაშვილი „ოცნების“ სიაში ნახა, შემდეგ კი, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, მოადგილედ დაუნიშნეს?
_ საქმეც სწორედ ეს არის _ ბესელიას პოზიცია ბევრად მყარი იქნებოდა, ყველაფერი ის, რასაც ახლა ამბობს, თავის დროზე რომ ეთქვა! აქამდე რატომ არ ლაპარაკობდა? მათიკაშვილები, ოხანაშვილები, კილაძეები თუ ზარდიაშვილები გვერდით ესხდნენ და წინა პარლამენტში, შობაზე, თეთრ ტანისამოსსა და ფეხსაცმელში გამოწყობილები საჩუქრებს ერთად არ არიგებდნენ?
ზოგადად, ასეთი რამეები „ოცნებისთვის“ დამახასიათებელია _ თუკი ვინმე „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო, ახლა ყველა „ოცნებაშია“ პორტირებული! მოკლედ, მათი ქმედებები მაინცდამაინც დამაჯერებელი არაა და ამიტომაც საზოგადოება ყველაფერ ამას გულაღრენით, ცინიკურად და ნიშნისმოგებით უყურებს, ერთმანეთიც დაგიჭამიათო!
ყველაფერ აქედან გამომდინარე, ჩემი პოლიტიკური ძალა ამბობდა და ახლაც ამბობს: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის სხვაობა არ არის! მაგათ ერთი ბიზნესი აქვთ.
_ ანუ?
_ ერთმანეთი როგორმე აცოცხლონ, მორჩა და გათავდა!
_ ჰოდა, ამ რეალობიდან გამომდინარე, თქვენი პარტიის რეიტინგი ხომ უნდა გაიზარდოს, ანუ რას აკეთებთ საიმისოდ, რომ ეს მოცემულობა სათქვენოდ გამოიყენოთ?
_ კანონის, წესიერებისა და ღირსების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ!
_ მაინც?
_ არ ვიცი, „ენდიაი“ და „აირაი“ რა გამოკითხვებს ატარებს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ძალის ავტორიტეტი ყოველდღე იზრდება _ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი მოდის, ვინც მხოლოდ თანადგომას კი არ გვიცხადებს, არამედ პარტიაში წევრიანდება და ერთ-ერთ სტამბაში პარტიის წევრობის ასეულობით წიგნაკს ვბეჭდავთ!
არ იფიქროთ, რომ ვტრაბახობ. მიუხედავად იმისა, რომ ისევ დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ და უფინანსობასაც განვიცდით, ყველაფერი ის, რასაც ვამბობ, არჩევნებზე გამოჩნდება!
მოკლედ, ჩვენ ჩვენს პრინციპებს არ ვღალატობთ და არც ამომრჩეველს ვატყუებთ! შეიძლება, ვინმეს ჩვენი პოზიცია მოსწონს ან არა, მაგრამ ხომ გამოჩნდა, რომ ის, რასაც 2012 წელს ვამბობდით, მართალი ყოფილა?
_ გამახსენეთ, რას ამბობდით?
_ აუცილებელია, რომ საქართველოს საგარეო კუთხით კონტაქტი ყველასთან ჰქონდეს, მაგრამ ეს პრორუსობა არ არის!
_ აბა, რა არის?
_ ღმერთმა ქნას, 2020 წლის არჩევნებამდე ვინმემ რამე პროვოკაცია არ მოაწყოს და სისხლი არ დაიღვაროს…
_ ანუ სისხლისღვრას ელოდებით, ბატონო გიგლა?
_ არა. გვინდა, რომ 2020 წლის არჩევნებამდე კონსტიტუციური გზით მივიდეთ და იმედი გვაქვს, რომ ეს ორი ძალა შეიცვლება!
ისე, ათასი პროვოკაციაა შესაძლებელი და ბევრს უნდა, რომ სიტუაცია აირიოს.
_ სიტუაციის არევა „ოცნებასაც“ აწყობს და „ნაცმოძრაობასაც“?
_ შესაძლებელია, თუმცა ამის თქმა ძნელია.
სხვათა შორის, „ნაციონალებისგან“ განსხვავებით „ოცნება“ სპონტანურად ცოცხლობს, ანუ მკვეთრი სტრატეგია არ აქვს შემუშავებული _ მეოცნებეები უნიჭო და არაპროფესიონალ მეხანძრეებს ჰგვანან: თუ სადმე ცეცხლი გაჩნდება, სპონტანურად გავარდებიან და ჩააქრობენ! აი, „ოცნებას“ თავი ასე გააქვს და თავიდან ბოლომდე იმ ერთადერთ დამიანზეა ჩამოკონწიალებული! იმ კაცის იქით „ოცნება“ ჩვეულებრივი არარაობაა!
_ 2020-ის არჩევნები აქამდე ჩატარებული ყველა არჩევნებისგან განსხვავებული თუნდაც იმიტომ იქნება, რომ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. ამას გარდა, საარჩევნო ბლოკების შექმნაც იკრძალება. ჰოდა, რას აპირებთ, ბატონო გიგლა, ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ თქვენს სახელზე უარს იტყვით და რომელიმე სხვა პარტიას შეერწყმებით?
_ არა! ისე, ძალიან კარგია, რომ საარჩევნო ბლოკები აღარ იქნება _ პარტიას თუ თავი აქვს, არჩევნებზე მარტო უნდა გამოვიდეს! უბლოკობა ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი იქნება, ანუ პარტია, რომელიც 12 ათასზე მეტ ხმას ვერ მოაგროვებს, პარტია არ არის!
მოკლედ, ჩვენ ვაპირებთ, რომ 2020 წლის არჩევნებში ძალიან დიდი რაოდენობით ხმა ავიღოთ, დანარჩენზე კი პარლამენტში შესვლის შემდეგ ვილაპარაკოთ! „ევროპულ საქართველოს“ ვინ ეკითხება, არჩევნების შემდეგ კოალიციაში ვინ ვისთან იქნება? ამას თავი რომ დავანებოთ, ვის გაუგია, ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა და კოალიციაზე ილაპარაკო?
მოკლედ, არჩევნების შემდეგ გადაწყდება, ვინმესთან კოალიციაში ვიქნებით თუ არა. ამ ეტაპზე კი ამბიცია გვაქვს, პარლამენტში სამი და ოთხი კი არა, თხუთმეტი და მეტი ადამიანი გვყავდეს! დიახ, დადგა დრო და საზოგადოებაც ხედავს, ვისთან აქვს საქმე, ანუ პრინციპი _ ან „ოცნება“, ან „ნაცმოძრაობა“ _ აღარ მუშაობს და ეს პრეზიდენტის დანიშვნამაც ძალიან კარგად გამოაჩინა.
_ პრეზიდენტი კი არ დანიშნეს, ავირჩიეთ, ბატონო გიგლა!
_ სადმე გაგიგიათ, მმართველ პარტიას ამდენი პრემიერი და ორი პრეზიდენტი შეეცვალოს და თან ამბობდეს, შეცდომები დავუშვიო? აი, ამ პარტიას როგორ უნდა ვენდოთ? „ოცნება“ თავად ამბობს, მარგველაშვილმა არ გაამართლაო. ან ის სადმე გინახავთ, პლაკატზე პრეზიდენტობის კანდიდატის გვარი ეწეროს და სხვა ადამიანების, კერძოდ, მამაკაცების ფოტოები იყოს გაკრული?
მოკლედ, დაინტერესებული იყვნენ, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტად დაენიშნათ, მაგრამ ამ „მატრონამ“, საქართველოს პრეზიდენტს რომ უწოდებს თავს, უამრავი სისულელე ჩაიდინა და „ოცნება“ ახლა ამბობს, შეგვეშალა, არ მოგვწონსო. „ოცნების“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა იმპიჩენტიც კი მოითხოვა!
ერთი სიტყვით, „ოცნება“ თანმიმდევრული არაფერში არაა და ამიტომ მისი ნდობა არ შეიძლება! შეაბამისად, მუშტი-კრივს, ფურთხებას, აბერკოტებსა და გალაწუნება-გამოლაწუნებას კიდევ უნდა ველოდოთ!
_ მოკლედ, თუ პარლამენტში სოლიდური წარმომადგენლობა ეყოლება, „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობა“ შესაძლოა, იმაზე წავიდეს, რომ მთავრობა „ოცნებასთან“ ერთად დააკომპლექტოს?
_ ამას ვერ ვიტყვი.
_ რატომ ვერ იტყვით?
_ პოლიტიკოსისგან ამის თქმა ახლა სწორი არ იქნება! გააჩნია, „ოცნებაში“ ვინ იქნება ან რატომ, მაინცდამაინც, „ოცნება“? ისე, ამ ეტაპზე კოალიციური მთავრობა აუცილებელია, რადგან ასეთი საკრალური და საბედისწერო შეცდომები აღარ დავუშვათ!
_ საბედისწერო შეცდომად რას მიიჩნევთ?
_ ყველაფერს, გარეჯიდან დაწყებული, ბორდერიზაციით დამთავრებული!
_ ბატონო გიგლა, თუ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი მმართველი გუნდის ინიციატივით დაიწყება, ამით „ოცნება“ ე. წ. მარგველაშვილის სცენარს მძაფრი ფორმით გაითამაშებს, ანუ ხალხს ეტყვის, მე რა შუაში ვარ, ეს ქალი „ოცნების“ წევრიც კი არ არისო?
_ ამათ ამის თავი არ აქვთ!
_ რატომ არ აქვთ?
_ ოცი კაცი რომ შეიკრიბება, აღარ იციან, ვინ რომელ სოროში შეძვრეს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ვერ გაბედავენ, რადგან იციან, რომ მთლიანად გაბითურდებიან!
ისე, წეღან ბილბორდი ტყუილად არ ვახსენე _ იმპიჩმენტის შემთხვევაში კალაძემ ან კობახიძემ ივანიშვილს რა უნდა უთხრას? რამდენიც უნდა იძახონ, ზურაბიშვილი „ოცნების“ წევრი არ არისო, ფაქტია, რომ თავის დროზე ამ ქალისთვის ყველაფერი გადაიბდღვნეს და არ გამოვა, რომ ახლა გაუშვან!
სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტთან მიღებაზე გადაღებული ამ ქალის ფოტო რომ ვნახე, გულს შემომეყარა!
_ რატომ?
_ მეტს არაფერს ვიტყვი!
_ ისე, თქვენი აზრით, ზურაბიშვილი იმას, რასაც აკეთებს, რატომ აკეთებს?
_ ამის მიზეზი სიჯიუტე, არაპროფესიონალიზმი და საკუთარი თავის განდიდების კომპლექსია! ალბათ, უთხრეს, შენ დისკრეაციული უფლება გაქვსო, მაგრამ ის არ უთხრეს, დისკრეაციულ უფლებას რომ გამოიყენებს, ეს უნდა ახსნას და საზოგადოებას დაელაპარაკოს. ამას ვერ ხვდება _ საკუთარ თავზე შეყვარებული და გადარეულია!
გაიძახის, ევროპელი ვარო, მაგრამ ევროპის რომელი ქვეყნის პრეზიდენტი უნახავს, ჟურნალისტებს ზურგი შეაქციოს და უთხრას, _ არ მინდა და კითხვებზე არ გიპასუხებთო?
მოკლედ, ამ ქალისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მით უმეტეს, რომ პოლიტიკურად აბსოლუტურად უვიცია!
_ ბატონო გიგლა, გამორიცხავთ, რომ იგივე შეწყალების სკანდალში კორუფციის ელემენტები იყოს?
_ არა, როგორ უნდა გამოვრიცხო? ის ახალგაზრდები არ შეიწყალა, რომლებიც მობილური ტელეფონის ან ჯართის ქურდობაზე იხდიან სასჯელს და ამ დროს მკვლელებს და ნარკობარიგებს იწყალებს? რა, ეს ადამიანები ლამაზი თვალებისთვის შეიწყალა? შეიძლება, კორუფცია იყო, მაგრამ ამას „ოცნება“ გამოიძიებს?
_ ე. ი., უშვებთ ალბათობას, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე ზურაბიშვილიც დაიბარონ?
_ პრეზიდენტები გამოკითხვაზე ჩვენზე უფრი ძლიერ ქვეყნებშიც დაუბარებიათ, მაგრამ ეს დაბარება ხალხის თვალის ასახვევად იქნება და მეტი არაფერი!
მოკლედ, დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს არ კი არა, ვერ დააყენებს და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მათი ბატონი იტყვის!
_ ამ ვითარებიდან გამოსავალს სად ხედავთ, ბატონო გიგლა?
_ საზოგადოება, რომელიც უღირს ხელისუფლებას ირჩევს, ამ უღირსობის თანამონაწილე ხდება. ამიტომაც, ძვირფასო მეგობრებო, გამიხარდება, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას დაუჭიროთ მხარი, მაგრამ აქვე მოგიწოდებთ, რომ იმ საკენკს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ყრის, ნუღარ წამოეგებით!
„ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ბევრი ღირსეული პარტიაა და სწორედ მათ მიეცით ხმა! მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ქვეყნისთვის ძალიან ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს!

გიორგი აბაშიძე