დემურ დვალიშვილის მკვლელობისა თუ თვითმკვლელობის ანატომია

ეს გასული საუკუნის 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ბნელით მოცული ისტორიაა. მართალია, ოფიციალური ვერსიით, თვითმკვლელობა მოხდა, მაგრამ ადამიანების უმეტესობას არ სჯერა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, დემურ დვალიშვილმა, თავი მოიკლა. ისე, გავლენიანი საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, შესაძლოა, მართლაც, სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ საგამოძიებო ორგანოებს არ დაუდგენიათ ან, უფრო სწორად, არ გაუციათ კითხვაზე პასუხი: დვალიშვილი თვითმკვლელობამდე ხომ არავინ მიიყვანა? ასეა თუ ისე, ამ ტრაგედიიდან ორი ათეული წლის შემდეგაც ბანკირის გარდაცვალება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა არსებობს ვერსია, რომ დვალიშვილს ე. წ. დავთარი ჰქონდა, რომელშიც ყველა იმ ადამიანის გვარი ეწერა, ვისაც სახელმწიფოსგან კრედიტი ჰქონდა გატანალი. სხვათა შორის, დვალიშვილის „შავი სიის“ არსებობას ზოგი ეჭვქვეშ აყენებს, მაგრამ რომან გოცირიძე, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, ამბობს, რომ ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის საცავში ეს „შავი სია“ ნანახი აქვს.

ზოგადად, დვალიშვილის მკვლელობასა თუ თვითმკვლელობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს გახმაურებული საქმე მაინც აქტუალურია, მით უფრო, ახლა, როცა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, დვალიშვილის საქმე წამოსწია და ეროვნულ ბანკს ზემოხსენებული დოკუმენტაციის გასაჯაროება სთხოვა.
მოკლედ, რა მოხდა 1994 წლის 9 სექტემბერს შსს-ში, სადაც დვალიშვილი დაკითხვაზე იყო მისული? _ „ქრონიკა+“ ქართულ მედიაში გამოქვეყნებული მასალებისა და ასევე თვითმხილველების ნაამბობზე დაყრდნობით, დვალიშვილის საქმის ერთგვარ რეტროსპექტივას გთავაზობთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ „დვალიშვილის საქმის“ ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად ყოფილი პრემიერი, თენგიზ სიგუა ითვლება, თუმცა თავად სიგუა მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

მაშ, ასე! _ 1994 წლის 9 სექტემბერი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, დემურ დვალიშვილი, შსს-ში დაკითხვაზე მიდის და გაურკვეველ ვითარებაში იღუპება, თუმცა, ოფიციალური ვერსიით, მან ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი. ამ ამბავს, ცხადია, დიდი გამოხმაურება მოყვება, თუმცა ოჯახი ტრაგედიიდან მხოლოდ 20 წლის შემდეგ დაარღვევს დუმილს და გარდაცვლილი ბანკირის ქალიშვილი, ნინო დვალიშვილი, ერთ-ერთ ქართულ გამოცემასთან იტყვის:
„ინფლაცია, რომელიც ეროვნული ბანკიდან მამას წამოსვლის შემდეგ დაიწყო და მან კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია, თურმე, მხოლოდ დვალიშვილის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ბრალი ყოფილა. შემდეგ წამოიწია სხვა ვერსია და უნდოდათ, რომ მომხდარი ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და გაუცემელი ანაბრებისთვის დაეკავშირებინათ“.
დიახ, როგორც ვთქვით, დვალიშვილის საქმეში კრედიტების თემა დომინირებს. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 1994 წელს, ანუ მაშინ, როცა დვალიშვილი თავს იკლავს, იმდრონდელი ქართული ფულის ერთეული _ კუპონი _ ლამის, წელიწად-ნახევრის გამოშვებულია. ამასთან, კუპონი ისეა გაუფასურებული, რომ, მაგალითად, მილიონ კუპონად მხოლოდ ერთი პურის ყიდვა შეიძლება, ანუ ეჭვი, რომ დვალიშვილი გარკვეული ფინანსური მაქინაციების მსხვერპლი გახდა, არცთუ არარეალურია, მით უმეტეს, რომ, მოგვიანებით, ბანკირის ოჯახი იტყვის, რომ მოიპოვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაღალჩინოსნების მიერ გაცემულ კრედიტებზე.
ამონარიდი ნინო დვალიშვილის ინტერიუდან:
„ლაპარაკია მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრების _ თენგიზ სიგუასა და რომან გოცირიძის რეზოლუციებით გაცემულ სოლიდურ კრედიტებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადარიცხულ თანხებზე. ეროვნულ ბანკში არის ყველა ინფორმაცია, რა ოდენობის სესხები გაიცემოდა მათი ნებართვით, ვისზე და რომელ ქვეყნებში. ე. წ. ჟურნალი და „შავი სიაც“, რომელიც, თურმე, მამას ჰქონდა, სიგუას მოგონილია.
მამაჩემის მკვლელობა დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. მას ხშირად უწევდა მივლინებით საზღვარგარეთ გამგზავრება. ერთხელ ჩეხეთში იმყოფებოდა და როგორც ითქვა, აპირებდნენ, რომ თვითმფრინავი, რომლითაც იგი საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩამოეგდოთ. ამის შემდეგ თვითმფრინავი საიდუმლო მარშრუტით დაბრუნდა თბილისში. ხშირად ყოფილა მუქარის ზარები: მაგას შუბლს გავუხვრეტთ, ქუჩაში გავაგორებთო“.
ვერ გეტყვით, გამოძიება ამ დეტალებით დაინტერესდა თუ არა, თუმცა დვალიშვილის ოჯახი ვარაუდობს, რომ დვალიშვილი ყოფილ ჩინოსნებზე ისეთ ინფორმაციას ფლობდა, რომლის გახმაურებაც არავის აწყობდა. ამასთან, ოჯახი თვითმკვლელობასაც არ უშვებს და ამბობს, რომ დვალიშვილს თავის მოსაკლავი არაფერი სჭირდა.
რატომ მივიდა დვალიშვილი შსს-ში? _ ეს ამ ბურუსით მოცულ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კითხვაა. როგორც ირკვევა, დვალიშვილისთვის უთქვამთ, კონკრეტული საკითხების გარკვევა გვაინტერესებსო. ვინ უთხრა ეს დვალიშვილს? _ აი, ალბათ, აქედან უნდა დაიწყოს დვალიშვილის „გორდიას კვანძის“ გახსნა.
„ტელევიზიით მაშინვე გავრცელდა ვერსია, რომ მამაჩემმა იარაღი თითქოს პიჯაკის ჯიბიდან ამოიღო. არადა, რეანიმაციაში სანიტარი შეესწრო, თუ როგორ ცდილობდნენ მისი პიჯაკის ჯიბეში იარაღის ჩადებას, მაგრამ როგორც ჩანს, არ ჩაეტია და ამიტომ შემდეგ თქვეს, დვალიშვილმა იარაღი შარვლის სარტყლიდან ამოიღოო“, _ იხსენებს ბანკირის ქალიშვილი.
საინტერესო დეტალი: გამოძიება ისე დამთავრდა და საქმეც ისე დაიხურა, რომ იარაღის წარმომავლობა არ დადგენილა. შესაძლოა, ვინმემ თქვას, ალბათ, პისტოლეტი ბანკირის საკუთრება იყოო, მაგრამ აქ ერთი „მაგრამ“ არსებობს. კერძოდ, ოჯახის მტკიცებით, დვალიშვილმა პისტოლეტი ერთი წლით ადრე ჩააბარა და იმ დროს, როცა გარდაიცვალა, ეს იარაღი ბანკის სეიფში იდო.
ამას გარდა, გამოძიებამ კიდევ ერთ დეტალს არ მიაქცია ყურადღება, ანუ ჭრილობა გამჭოლი იყო, რომლითაც ნათლად ჩანდა, რომ დვალიშვილი შორი მანძილიდან ნასროლმა ტყვიამ შეიწირა!
სხვათა შორის, ტრაგედიის შემდეგ ზოგი ამბობდა, დვალიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით იმიტომ დაამთავარა, რომ ეროვნულ ბანკში ბევრი დარღვევა ჰქონდა და ციხეს სიკვდილი ამჯობინაო, მაგრამ ეს ვერსიაც იმთავითვე საფუძველს იყო მოკლებული და აი, რატომ: თუ დვალიშვილს დარღვევები ჰქონდა, მაშინ ფიჩხაძესთან ერთად დააკავებდნენ.
ცნობისთვის: ფიჩხაძე, რომელიც დვალიშვილის მოადგილე იყო, იმ დროს, როცა ამ უკანასკნელმა თავი მოიკლა, უკვე პატიმრობაში გახლდათ. სხვადასხვა ვერსიით, უკანონო კრედიტებს სწორედ ფიჩხაძე გასცემდა, თუმცა გარდაცვლილი ბანკირის ოჯახის ინფორმაციით, დვალიშვილის ტრაგედიიდან ცოტა ხნის შემდეგ ფიჩხაძე ისრაელში გამოჩნდა.
„ჩემთვის თენგიზ სიგუა მამაჩემის მკვლელთან ასოცირდება. ამის თქმის საფუძველს ყველაფერი ის მაძლევს, რასაც სიგუა 1993 წლის დასაწყისიდან აკეთებდა…
1992-93 წლებში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ლიბერალურ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე ლაპარაკობენ, რაც თითქოს დაკავშირებულია გაუცემელ საბჭოთა ანაბრების თემასთან, მაგრამ, რატომღაც, არ ითვალისწინებენ ქვეყანაში მაშინ შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ანუ 1992 წლის იანვრიდან რა ხდებოდა ეროვნულ ბანკსა და საბანკო სისტემაში. ნახონ, რა რაოდენობის კრედიტი გაიცა ნაღდი ფულის სახით 1993 წლის ოქტომბრიდან და ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ შემდეგ ილაპარაკონ. მამა არასოდეს გაურბოდა პასუხისმგებლობას და ამბობდა, შესაძლოა, რამე მეც შემეშალა და რაღაც ბოლომდე ვერ გავთვალეო, მაგრამ ეს შეცდომა უმნიშვნელო იქნებოდა“, _ აცხადებდა რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ქართულ გამოცემასთან გარდაცვლილი ბანკირის ქალიშვილი.
სხვათა შორის, ყოფილი პრემიერი, თენგიზ სიგუა, დვალიშვილის ოჯახის ბრალდებას ყოველთვის უარყოფდა და ამბობდა, კრედიტების 90% დვალიშვილის მიერაა გაცემულიო:
„შევარდნაძე ურეკავდა დვალიშვილს, დეპუტატები რომ მოვლენ, გაეცი კრედიტიო. დეპუტატები კრედიტს თავისთვის კი არ იღებდნენ, არამედ, სხვადასხვა ფირმას შუამავლობდნენ. დვალიშვილს კი ყველაფერი ეს ჟურნალში ჰქონდა აღრიცხული. ისიც ცნობილი იყო, რომელი ფირმების სახელზე იყო გაცემული კრედიტები, მაგრამ არ უნდოდათ გამჟღავნებულიყო, ვინ იყო გასვრილი ამ საქმეში და ჟურნალი ამიტომაც გადამალეს.
ჟურნალში რეგისტრირებულია ყველა დეპუტატი, ვინც დვალიშვილთან კრედიტის სათხოვნელად მიდიოდა. ეს ჟურნალი დღემდე გამქრალია. როდესაც საპარლამენტო სპეციალურმა კომისიამ დვალიშვილი პარლამენტში დაიბარა და ჟურნალი მოსთხოვა, პროკურატურამ არ გადასცა. ჟურნალი უნდა მოსთხოვონ იმჟამინდელ პროკურორ ბაბილაშვილს, ვინაიდან პროკურატურამ ის შსს-დან ამოიღო. დვალიშვილი შევარდნაძემ გამოიყენა და შემდეგ მოსაკლავად გაიმეტა, პასუხიც იმას მოსთხოვონ, მე რას მერჩიან!“ _ ეს განცხადება თენგიზ სიგუამ, ჯერ კიდევ, ედუარდ შევარდნაძის სიცოცხლის დროს გააკეთა.
იცოდა თუ არა რამე ექსპრეზიდენტმა დვალიშვილის უცნაურ სიკვდილზე? _ ამას ვერასოდეს გავიგებთ, რადგან შევარდნაძე ცოცხალი აღარ არის. ისე, საგულისხმოა, რომ თენგიზ სიგუა იმ „ტროიკიდან“ ერთადერთია, რომელიც საქართველოში დაბრუნებულმა შევარდნაძემ არ დაიჭირა(!).
რატომ? _ ესეც პასუხგაუცემელი კითხვაა.
„1992 წლის ივლისში, როცა საქართველოში ინფლაცია დაიწყო, მთავრობამ მიიღო დადგენილება ანაბრების 50%-ით გაზრდის თაობაზე. თანხების გაცემა უნდა დაწყებულიყო ნახევარ წელიწადში, ანუ 1994 წლის დასაწყისისთვის… არ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ფული ვინმემ საქართველოდან გაიტანა. მართალია, რუსეთიდან ფულის ნიშნები აღარ შემოდიოდა, მაგრამ საკმაოდ დიდი თანხა იდო ეროვნულ ბანკში, რაც შემდეგ კრედიტების სახით გაიცა… დემურ დვალიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად 1992 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მანამდე ეროვნული ბანკი მთავრობის დაქვემდებარებაში იყო. დვალიშვილის დანიშვნის შემდეგ კი სახელმწიფო მეთაურისა და პარლამენტის დაქვემდებარებაში გადავიდა. დვალიშვილი მეორე დღესვე გამოვიდა პარლამენტის სხდომაზე და განაცხადა, რომ ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მომხრე იყო და ამაში ედუარდ შევარდნაძე უჭერდა მხარს. ამ დღიდანვე ეროვნულმა ბანკმა უზომოდ დიდი კრედიტების გაცემა დაიწყო. რადგან ეროვნული ბანკი მთავრობის დაქვემდებარებაში აღარ იყო, ჩვენ მის საქმიანობაში ჩარევის უფლება აღარ გვქონდა. 1993 წლის მარტში მინისტრთა კაბინეტში შსს-დან შემოვიდა პირველი ინფორმაცია, რომ ბანკში ცუდი ამბები ხდებოდა. მაშინვე დავნიშნე სამთავრობო კომისია, რომელმაც ეს ინფორმაცია პირველი აპრილის დასკვნაში დაადასტურა. ამის შემდეგ შევარდნაძეს ვთხოვე, სასწრაფოდ მოეწვია თათბირი ბანკების თანდასწრებით. საერთოდ, სესხად გასაცემი თანხების ზღვრული ნორმა სახელმწიფოს მიერ უნდა დაწესებულიყო. იმ დროისთვის ეს ნორმა წელიწადში 170 მილიარდ მანეთს შეადგენდა, მაგრამ 6 თვეში 400 მილიარდს გადააჭარბა. ეს იყო კატასტროფა. თათბირს ჩემ გარდა ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერები _ რომან გოცირიძე და ზურაბ კერვალიშვილი, ეკონომიკის იმჟამინდელი მინისტრი მიხეილ ჯიბუტი, ფინანსთა მინისტრი პოპიაშვილი და პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თემურ ბასილია. ჩემ გამოსვლას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი, მაგრამ შევარდნაძემ განაცხადა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა სწორიაო. ამის შემდეგ უკვე პარლამენტის სხდომაზე გავაკეთე მოხსენება, სადაც სპეციალური კომისია შეიქმნა, მაგრამ პარლამენტმა 1995 წელს ისე დაამთავრა მუშაობა, რომ ეს საკითხი აღარ განხილულა.
…დაიწყეს „პირამიდის“ თამაში, ბევრი კერძო ბანკი გაიხსნა, ფული აიღო და მერე გაქრა. რას ნიშნავს „პირამიდა“, ამის საილუსტრაციოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ერთ-ერთმა ფირმამ (სამწუხაროდ, სახელი არ მახსოვს) აიღო კრედიტი 2 მილიარდი მანეთი, ამით იყიდა საქონელი, გაყიდა საზღვარგარეთ, მიიღო მოგება 4 მილიონი დოლარი, რომელიც ვარშავის ერთ-ერთ ბანკში შეინახა. არსებული კრედიტის, ანუ 2 მილიარდი მანეთის დაბრუნების დროისთვის, რადგან ფირმა აღწერილი ფინანსური ოპერაციების ბოლომდე მიყვანას ვერ ასწრებდა, შეიქმნა ე. წ. პადსტავნოი ფირმები „ლანა“ და „მედა“. ეროვნული ბანკიდან მათაც გამოიტანეს მილიარდმანეთიანი კრედიტი და იმ პირველ ფირმას მისცეს. მან გატანილი 2 მილიარდი მანეთი დააბრუნა, მაგრამ ამ ორ ფირმასაც ხომ ჰქონდა გადასახდელი კრედიტი? ამიტომ ვარშავის ბანკში შეტანილი 4 მილიონი დოლარიდან მოიხსნა 600 000 დოლარი, რაც 2 მილიარდი მანეთის ტოლფასი იყო, ოპერაცია დამთავრდა. ფირმას ზუსტად 3 მილიონ 400 ათასი სუფთა მოგება დარჩა.
თქვენ გგონიათ, დვალიშვილმა თავი მოიკლა? _ არა, მოკლეს! შსს-ში წასვლის წინ დამირეკა და მითხრა, დაკითხვაზე მივდივარ და სიმართლე უნდა ვთქვაო. მის მდივან ქალს ჰქონდა ჟურნალი, სადაც ყველა გვარი ეწერა, ვისთვისაც შევარდნაძემ კრედიტის მიცემა დაავალა. ჩემი ყვირილის შემდეგ, როცა ეს ამბავი გასკდა, პარლამენტში რომან მიმინოშვილის ხელმძღვანელობით, საგამოძიებო კომისია შეიქმნა, ორი წელი იწვალა ბატონმა რომანმა, მაგრამ ჟურნალის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა. ბოლოს, ეს ჟურნალი დვალიშვილს შსს-ში მიატანინეს. მან დაკითხვაზე ყოფნისას თავის მდივანს დაურეკა და უთხრა, ჟურნალი მოიტანეო. ასე ჩაიგდეს ხელში დვალიშვილის ე. წ. შავი სია, დაკითხვიდან გამოსული დვალიშვილი კი მოკლეს და ეს ჟურნალიც გაქრა“, _ ამ განცხადების ავტორიც თენგიზ სიგუაა.
გავყვეთ ვერსიას, რომ დვალიშვილმა თავი კი არ მოიკლა, არამედ, მოკლეს. მაშინ საინტერესოა, ვის აწყობდა ბანკირის თავიდან მოცილება? _ თუ სიგუას ნათქვამს გავიხსენებთ, რომ დვალიშვილთან კრედიტის სათხოვნელად მაშინდელი დეპუტატები მიდიოდნენ, მაშინ ეჭვმიტანილი შესაძლოა, ნებისმიერი ის ადამიანი იყოს, რომელიც იმდროინდელ საკანონმდებლო ორგანოში მოღვაწეობდა, თუმცა ეჭვმიტანილთა წრე დვალიშვილის მეუღლემ შეამცირა, რომელმაც ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ ბანკირის მკვლელი პირდაპირ დაასახელა.
„დვალიშვილის მკვლელობა დაიგეგმა შოთა კვირაიას კაბინეტში, სადაც ძალიან ბევრი ბნელი საქმე იგეგმებოდა“, _ განაცხადა 2013 წელს ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში დვალიშვილის მეუღლემ.
თენგიზ სიგუამ კი, თავის დროზე, არანაკლებ საინტერესო მინიშნება გაკეთა და დვალიშვილის უცნაურ გარდაცვალებაზე საუბრისას ცხონებული ზურაბ ჟვანია, უფრო სწორად, მისი „მწვანეთა მოძრაობა“ ახსენა:
„1993 წლის 2 მარტს ეროვნულ ბანკში შევიდა ფირმა „თრიალეთის“ ფარატინა წერილი, რომელშიც ფირმის პრეზიდენტი 102 მილიარდ 700 მილიონი მანეთის სესხს ითხოვდა, ეს ფირმა „მწვანეთა მოძრაობის“ შექმნილი იყო და დემურ დვალიშვილთან მის შუამავალს ზურაბ ჟვანია წამოადგენდა… ეს წერილი ეროვნულმა ბანკმა „აგრობანკს“ დააწერა. ეს იყო საუკუნის აფერა. წარმოუდგენელია, 103 მილიარდი მანეთი მისცე რაღაც ახალშექმნილ ფირმა „თრიალეთს“, თანაც უპროცენტოდ და ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე. წერილში ეწერა, რომ ფულს რუსეთის ცენტრალურ ბანკში გადარიცხავდნენ, კონვერტაციას გაუკეთებდნენ და უკან დააბრუნებდნენ. ეს იყო სისულელე, რადგან 103 მილიარდს კი არა, 1 მილიონსაც ვერავინ ვერსად გადარიცხავდა. განათლების მაშინდელმა მინისტრმა, თამაზ კვაჭანტირაძემ, მოსკოვში ატესტატები დააბეჭდვინა, ამისთვის 8 მილიონი მანეთი გვქონდა გადასარიცხი, ვინ აღარ ჩავრიეთ, ძლივს მოვახერხეთ და 103 მილიარდის გადარიცხვა როგორ წარმოგიდგენიათ? ეს აფერა შემდეგნაირად გასკდა: ჩემთან მოვიდნენ შსს-ს წარმომადგენლები და მითხრეს, რომ მოსკოვიდან მიიღეს МУР-ის ტელეფონოგრამა, რომლის შინაარსიც სიტყვა-სიტყვით მახსოვს: „У центрального банка России подвязались два московских афериста: гомосексуалист в очках и московская шлюха, у них на руках фальшывое авизо банка Грузии на 103 миллиардов рублей…“ ისინი ამ საქმის გახსნაში ჩვენს შსს-ს თანამშრომლობას სთავაზობდნენ. როგორც შემდეგ გაირკვა, „მწვანეებს“ ფული რუსეთის ცენტრალურ ბანკში გადასახურდავებლად ვიღაც მოსკოველი ჰომოსექსუალისა და მეძავისთვის მიუციათ. შსს-ს წარმომადგენლებს დავალება მივეცი, რომ დილის 8 საათისთვის 2 ოპერმუშაკი გადაეფრინათ მოსკოვში. დარწმუნებული ვიყავი, რომ ავიზო ყალბი იყო, თუმცა დილის 7 საათზე მაინც დავურეკე დვალიშვილს, დავიბარე და მოვუყევი, რომ ასეთი ამბავი მოხდა. ბატონი დემური სკამზე უხერხულად შეიშმუშნა და მითხრა, ბატონო თენგიზ, ავიზო ყალბი არაა, მე გავეციო. გავბრაზდი და რაღაც უხეშად ვუთხარი. ახლაც მახსოვს, როგორ განერვიულდა, კედელთან დადგა და გაწბილებულმა მითხრა, _ ბატონო თენგიზ, არ იცით, მე რა პრესის ქვეშ ვარო“.

„საგარეო ვალები _ რესტრუქტურიზებული ავანტიურა“, _ ამ სათაურით გაზეთ „ახალი 7 დღე-ში“, „ვარდების რევოლუციამდე“ ორი წლით ადრე, ანუ 2001 წლის 10 დეკემებრს გამოქვეყნებულ სტატიაში, თენგიზ სიგუა ამბობს:
„1992 წლის დასაწყისში ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთი პრობლემებს შეგვიქმნიდა ენერგომატარებლების მოწოდებასთან დაკავშირებით. დავიწყეთ ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე ფიქრი. მაზუთის მოწოდებაზე ხელშეკრულება გავაფორმეთ აზერბაიჯანთან, ბუნებრივი აირის მოწოდებაზე კი _ თურქმენეთთან. ამ ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ბუნებრივი აირის ღირებულება უნდა დაეფარა როგორც თანხით, ასევე _ შემხვედრი საქონლით. ჩვენ თურქმენეთისთვის უნდა მიგვეწოდებინა ჩაი, ალკოჰოლური სასმელები, ქუთაისის ავტოქარხნის, გაერთიანება „აზოტის“, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პროდუქცია, მსუბუქი მრეწველობის ნაწარმი.
1992 წელს საქართველომ თურქმენეთისგან 5 მილიარდი კუბმეტრი ბუნებრივი აირი მიიღო. ამ პერიოდში ჩვენ არანაირი ვალი არ დაგვდებია. 1993 წლის პირველ კვარტალში კი, პირიქით, თურქმენეთს ჰქონდა ჩვენი ვალი.
ვალის დაგროვება დაიწყო 1993 წლის მეორე და მესამე კვარტალში. როგორც ცნობილია, 1992 წლის ბოლოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაინიშნა დემურ დვალიშვილი. მან რადიკალურად შეცვალა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული უმკაცრესი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. ჩემი პრემიერობის დროს მთავრობას უმკაცრესი კონტროლი ჰქონდა დაწესებული ეროვნული ბანკის მიერ გაცემული კრედიტების რაოდენობაზე. დაწესებული იყო გასაცემი კრედიტების რაოდენობის ზღვრული ნორმა _ 140 მილიარდი მანეთი. ეროვნულ ბანკს ამ ნორმისთვის არასდროს გადაუჭარბებია. დვალიშვილის მიერ გამოცხადებული ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შედეგად კი ბანკიდან ყოველგვარი კონტროლის გარეშე გადიოდა თანხები. მაგალითად, 1993 წლის მხოლოდ მაისის თვეში 461 მილიარდი გაიცა. ამ რაოდენობის კრედიტის გაცემის უფლება დვალიშვილს, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა. ის, რასაკვირველია, მხოლოდ საკუთარი ინიციატივით არ იჩენდა ასეთ გულუხვობას. ყველაფერი ზემოდან, შევარდნაძისგან, იყო დაშვებული. ამდენი უკანონობის ჩადენას მხოლოდ დვალიშვილი, უბრალოდ, ვერ გაბედავდა.
„დვალიშვილის კრედიტების საქმე“ პირდაპირ კავშირშია თურქმენეთის ვალის დაგროვების საკითხთან. საქმე ის არის, რომ დიდი რაოდენობის კრედიტის მქონე ფირმები შეუდგნენ იმ პროდუქციის შესყიდვას, რომლითაც სახელმწიფო თურქმენეთს ბუნებრივი აირის ღირებულებას უხდიდა. მათ ეს პროდუქცია რუსეთის ბაზარზე გაჰქონდათ, გაყიდული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხის კონვერტაციას ახდენდნენ და საზღვარგარეთულ ბანკებში აბანდებდნენ. ეს ფირმები, ფაქტობრივად, სახელმწიფოს კონკურენტებად იქცნენ. საქართველოს მთავრობას თურქმენეთისთვის ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის არანაირი საშუალება აღარ ჰქონდა. ამის მიუხედავად, თურქმენეთი ბუნებრივ აირს მაინც გვაწვდიდა. ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს უკვე ჰქონდა კეთილსინდისიერი გადამხდელის იმიჯი, მაგრამ როცა საქართველოს დავალიანება კატასტროფულად გაიზარდა, თურქმენეთმა ბუნებრივი აირის მოწოდება შეგვიწყვიტა.
1992 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებული გახდა არა მთავრობის, არამედ პარლამენტის წინაშე. მთავრობისთვის კარგა ხანს უცნობი იყო დვალიშვილის ე. წ. ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შედეგები. 1993 წლის მარტში, მთავრობას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის უკანონო ქმედებების შესახებ. ჩემი ინიციატივით შეიქმნა კომისია, რომელსაც დვალიშვილის მიერ კრედიტების გაცემის კანონიერების საკითხი უნდა შეესწავლა. პარალელურად, იმავე საკითხის შესწავლა დაევალა კონტროლის პალატას. სამთავრობო კომისიისა და კონტროლის პალატის დასკვნები უმკაცრეს ბრალდებებს შეიცავდა. მე ვაიძულე შევარდნაძე, რომ საკითხის დეტალურად გარჩევის მიზნით მოეწვია თათბირი, რომელსაც მთავრობის წევრების გარდა ბანკირებიც დაესწრებოდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, შევარდნაძემ ბანკირების მოწვევისგან თავი შეიკავა. თათბირს ჩემ გარდა ესწრებოდნენ ბატონები: რომან გოცირიძე (ვიცე-პრემიერი), ზურაბ კერვალიშვილი (ვიცე-პრემიერი), მიხეილ ჯიბუტი (ეკონომიკის მინისტრი), კახა პოპიაშვილი (ფინანსთა მინისტრი), თემურ ბასილია (პარლამენტის ფულად-საკრედიტო კომისიის თავმჯდომარე), თავად დემურ დვალიშვილი. თათბირზე ყველა გამომსვლელმა მკაცრად დაგმო დვალიშვილის მიერ განხორციელებული ე. წ. ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. მოვითხოვეთ დვალიშვილის განთავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან. ედუარდ შევარდნაძე მას, შეიძლება ითქვას, რომ მკერდით გადაეფარა. ერთი წლის შემდეგ კი, 1994 წლის ივნისში, მთავრობის სხდომაზე იმავე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა: „ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ლიბერალური ვუწოდეთ, დამღუპველი აღმოჩნდა ქვეყნისთვის“. მანვე მოითხოვა დვალიშვილის გადაყენება. ამას მოყვა დვალიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ერთ-ერთი დაკითხვის დროს მისი გარდაცვალება. დვალიშვილის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა.
რაც შეეხება იმ მასალებს, რომელიც ზემოთ დასახელებულმა მთავრობის კომისიამ მოიპოვა: კომისიამ აღმოაჩინა, რომ, მაგალითად, ფირმა „თრიალეთს“ (ეს ის თრიალეთი არ არის, რომლის უკანაც „მწვანეები“ იდგნენ და რომლის სახელსაც ცნობილი „რუბლის აფერა“ უკავშირდება) დიდი რაოდენობით კრედიტი ჰქონდა გატანილი ეროვნული ბანკიდან. ფირმის მეპატრონე საქართველოდან გაქცეული იყო. საქართველო იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ გახლდათ „ინტერპოლის“ წევრი ქვეყანა. ამის მიუხედავად, ჩვენ თხოვნით მივმართეთ „ინტერპოლს“, დაედგინა „თრიალეთის“ პატრონის ადგილსამყოფელი, აგრეთვე მისი საბანკო ანგარიშები. აღმოჩნდა, რომ „თრიალეთის“ დამფუძნებელი ცხოვრობდა ვარშავაში და ვარშავის „ამერბანკში“ 4 მილიონი დოლარი ჰქონდა შეტანილი. „ინტერპოლმა“ ერთობლივი ჯგუფის შექმნა შემოგვთავაზა, რომელიც დააპატიმრებდა „თრიალეთის“ პატრონს, მის ანგარიშს ვარშავის ბანკში ყადაღას დაადებდა და ამ თანხას საქართველოში გადმორიცხავდა. იმ პერიოდში, როცა ამ ოპერაციის მზადება დაიწყო, პარლამენტი იხილავდა კანონს პოლიციის შესახებ. ამ კანონით შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველო, რომელიც „ინტერპოლთან“ ერთად იძიებდა „თრიალეთის“ საქმეს, საერთოდ, გააუქმეს. იმჟამად ამ სამმართველოს უფროსი იყო ბ-ნი ჯემალ ჯიქურაული, მისი მოადგილე კი _ ბ-ნი კახა თარგამაძე. მათ, სხვათა შორის, „თრიალეთის“ საქმის გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვით. საქმის მასალების მიხედვით, პროკურატურა ვალდებული იყო, საქმე აღეძრა. ბაბილაშვილმა თავი შეიკავა. არანაირი რეაქცია არ გამოუმჟღავნებია საქართველოს პარლამენტსაც. სხვათა შორის, პარლამენტს (ვგულისხმობ 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტს) არ განუხილავს საპარლამენტო კომისიის მიერ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ გაკეთებული საკმაოდ მკაცრი დასკვნა. კომისია 1993 წლის ივნისში თემურ ბასილიას ხელმძღვანელობით შეიქმნა. მას დასკვნა 1993 წლის სექტემბერში უკვე მზად ჰქონდა, მაგრამ დასკვნა არასდროს გამომზეურებულა. ჩემი ინფორმაციით, დასკვნა პარლამენტის არქივშიც კი არ ინახება…“
ასეა თუ ისე, ბანკირის მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ისევ ბურუსითაა მოცული და, როგორც კულუარებში ამბობენ, ამ ამბის რეალური გამოძიება მშვიდ ძილს ძალიან ბევრ ბიზნესმენსა და ყოფილ თუ მოქმედ პოლიტიკოსს დაუფრთხობს!

გიორგი აბაშიძე