მარიამ ციმინტია: ზუსტად ვიცი, რომ ბევრი შოკში ჩავარდება, როდესაც გაიგებს, სინამდვილეში ვინ ვარ.

მარიამ ციმინტიას ქართული საზოგადოება სხვადასხვა შოუდან იცნობს, როგორც ქართველ მერლინ მონროს, მომღერალსა და მსახიობს, თუმცა ის ახლა რუსეთში იმყოფება და ერთ-ერთ გრანდიოზულ პროექტში მონაწილეობს, არა როგორც მომღერალი.

_ ვინ არის მარიამ ციმინტია?
_ დაახლოებით 5 წლის წინ საზოგადოებამ გამიცნო მერლინ მონროს სახელით, როდესაც სატელევიზიო შოუებში გამოვჩნდი, მაგრამ მერლინის უკან დგას მარიამ ციმინტია, მეგრელი გოგონა, ძალიან ემოციური, მხიარული, შრომისმოყვარე, სხვათა შორის, მკვეთრად განსხვავებული მერლინისგან, რადგან მერლინი უფრო ფაფუკი, ქალური არსება იყო. მიწევს ვითამაშო შოუსთვის.
_ რატომ მაინცდამაინც მერლინი?
_ ხანდახან საკუთარ თავსაც ვეკითხები, _ რატომ მერლინი? არ ვიცი, ალბათ, ბედისწერა იყო ასეთი, ყველას თავისი ბედი აქვს ცხოვრებაში. ბავშვობაში დედას ვამსგავსებდი მერლინს და მართლა ძალიან ჰგავს. მე უფრო სხვა ტიპაჟი ვიყავი, როკ მუსიკას ვუსმენდი, სულ სხვა იმიჯი მქონდა. ერთ მშვენიერ დღეს რეკლამისთვის მომიწია იმიჯის შეცვლა, რის შემდეგაც ყველა ძალიან მამსგავსებდა მერლინ მონროს. თუმცა მე მსგავსებას მაშინ ვერ ვხედავდი. ამ პერიოდში მეგობრის თხოვნით მომიწია მერლინის განსახიერება ერთ-ერთ საღამოზე, რის შემდეგაც ეს როლი მოვირგე, იმიტომ, რომ ხალხმა ძალიან ემოციურად და პოზიტიურად მიიღო ჩემი პერფორმანსი. ამის შემდეგ მიმიწვიეს სატელევიზიო შოუებშიც.
_ ყველაზე გრანდიოზული პროექტი რომელი იყო, რომელშიც მონაწილეობა მიგიღია?
_ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გრანდიოზულ პროექტში ახლა ვმონაწილეობ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ მაქვს პროექტის სახელწოდების დასახელების უფლება, რადგან პირველი გადაცემა 28 სექტემბერს გავა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პროექტი საზღვარგარეთ, განსაკუთებით რუსეთის ფედერაციაში, საქართველოშიც საზოგადოების დიდი ნაწილი უყურებს. ერთ მინიშნებას გავაკეთებ: საქართველოშიც იყო მსგავსი პროექტის გაკეთების სურვილი, თუმცა ვერ განხორციელდა და მალევე დახურეს.
_ რუსი მაყურებლისთვის მერლინი ხარ თუ მარიამი?
_ ამ პროექტში ხაზს უსვამენ, რომ მერლინს ვგავარ, რომ ვარ პარალელურად მომღერალი, ვინაიდან ეს არ არის ვოკალური პროექტი. მაყურებელი ჩემს მეორე მხარეს დაინახავს, ნამდვილ მეს. მოკლედ, დიდი ინტრიგა იმალება. ზუსტად ვიცი, რომ ბევრი შოკში ჩავარდება, როდესაც გაიგებს, სინამდვილეში ვინ ვარ. გარდა იმისა, რომ ვარ მომღერალი, მერლინი, ჩემში სხვა ადამიანი იმალება.
_ როდის აღმოაჩინე შენში ეს ნიჭი?
_ საწყისი ბავშვობიდან იყო, რომელსაც დროსთან ერთად ვავითარებდი, ახლაც განვითარების პროცესში ვარ. ვერ გეტყვით, რომ ამ ეტაპზე მაღალი დონის პროფესიონალი ვარ ამ კუთხით. სწორედ ეს პროექტი მაძლევს საშუალებას, რომ ხალხმა ჩემი კიდევ ერთი ნიჭი დაინახოს, რომელსაც ვმალავდი, მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა ამის შესახებ.
_ ეს ნიჭი ხელს გიწყობს ცხოვრებაში თუ პირიქით?
_ ვერ ვიტყვი, რომ ხელს მიშლის, პირიქით, ყველაფერში მეხმარება. ინტუიცია მაქვს განვითარებული, როდესაც რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება მიწევს, მეხმარება, საით წავიდე.
_ რუსეთში, კერძოდ მოსკოვში, სადაც ახლა იმყოფები, რამე პრობლემა ხომ არ გქონია პოლიტიკური ფონის გამო?
_ მეც გამიკვირდა, მაგრამ არა. როდესაც რუსეთში მიმიწვიეს, ვფიქრობდი, რომ პრობლემები მექნებოდა, რის გამოც დილემის წინაშე ვიდექი, წამოვსულიყავი თუ არა. უამრავ ხარჯთანაც არის ეს დაკავშირებული. მეშინოდა, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ არანაირი პრობლემა არ შემქმნია. რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ მე ქართველი ვარ, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, პირიქთ, დიდ პატივს მცემენ. მარიამით მომმართავენ.
_ ჩვენს მკითხველს რამე საიდუმლოს ხომ არ გაუმხელდი ამ პროექტთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობ?
_ ამ პროექტში უკვე ოფიციალური მონაწილე ვარ, წარმატებით გავიარე პირველი სამი საცდელი ტური. აქამდე არ ვიცოდი, ზუსტად რა იქნებოდა, რადგან ცუდი გამოცდილება მაქვს ქართული სატელევიზიო შოუებიდან, სადაც თავის ნებაზე ჭრიან გადაცემებს და ძალიან მაწყენინეს. მეც გამიკვირდა, მაგრამ ძალიან კარგად გავიარე ეს ტურები. დასაწყისში პატარა პრობლემები იყო, თუმცა შემდეგ უკვე თავისუფლად გადავლახე დაბრკოლებები. კვირაში ორჯერ მიმდინარეობს ვიდეო-ფოტო გადაღებები. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა 28 სექტემბერს გავა ეთერში, ხალხი უკვე გვცნობს ქუჩაში.
_ როგორ მიგიღო რუსულმა საზოგადოებამ?
_ სხვათა შორის, როცა ჩამოვედი, ვფიქრობდი, როგორც მერლინი, ისე გამეცნო თავი, მაგრამ პროექტის ორგანიზატორებმა მირჩიეს, მარიამ ციმინტიას სახელით წარვდგენილიყავი, რადგან ქართველ ერს მეტად ეამაყა ქართველის წარმატებით. მეც სიამოვნებით დავთანხმდი.
_ რამდენად ძლიერი კონკურენტები გყავს?
_ ძალიან ძლიერი კონკურსანტები არიან. მე არ მაქვს იმხელა პრაქტიკა, როგორიც _ მათ. ჩემს კონკურენტებს საკმაოდ დიდი სპექტრი აქვთ აღებული, რომელზედაც სულ მუშაობენ. შორიდან როდესაც ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ იქნებოდა ჩაწყობა, პროტექცია, მაგრამ მსგავსი არაფერი აქ ჩამოსულს არ დამხვედრია. ძალიან ძნელია ამ პროექტში მონაწილეობა, რადგან ბევრი რამ არის დამოკიდებული შენს კონცენტრაციასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რამდენად ძლიერი ხარ. დროში შეზღუდული ხარ, კვირაში ორი გადაღებაა, რომელიც შეიძლება 24 საათიც გაგრძელდეს, რაც ძალიან დამღლელია, მაგრამ, ამავდროულად, საინტერესო პროცესია.
_ როგორ მოხვდი ამ პროექტში?
_ დიდი ხანი ვფიქრობდი ამ პროექტში მონაწილეობაზე, მინდოდა მეცადა. მიუხედავად იმისა, რომ ვიწრო წრემ თბილსში იცის ჩემი ამ ნიჭის შესახებ და მოდიოდნენ კიდეც ჩემთან, ჩემი თავისთვის მინდოდა დამემტკიცებინა. ანკეტა ერთი წლის წინ შევავსე და 7 თვის წინ დამირეკეს. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი და ძალიან გამიხარდა. ონლაინ ტესტირება გავიარე, რომლის შედეგადაც 100 ქულიდან 75 მივიღე, ეს საკმაოდ მაღალი ქულაა ამ პროექტისთვის. შემდეგ ივლისში დამიკავშირდნენ და პროექტში მიმიწვიეს, ბილეთები გამომიგზავნეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ დღეს მე აქ ვყოფილიყავი. ბევრი ვიფიქრე წამოსვლაზე, მაგრამ დღეს აქ ვარ და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ წარმატებას მივაღწიო. საქართველოში უკვე სხვა სახით ჩამოვალ.
_ იმიჯის შეცვლას ხომ არ აპირებ?
_ წლებია ვფიქრობ, ხალხს ვუთხრა, გარდა იმისა, რომ ვარ მომღერალი და მსახიობი, ვთქვა ის, ვინც ვარ. ბებერი მერლინი არავის სჭირდება, ამიტომ ცვლილებებიც იქნება მომავალში. სულ მინდოდა პროდიუსერობა, ამ კუთხითაც ვგეგმავ განვითარებას, მინდა გამოვცადო ჩემი თავი, უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს საქართველოში და რატომაც არა. თუმცა, ჯერჯერობით, ამ სფეროთი, რა ტიპის შოუშიც ვმონაწილეობ ახლა, ვაპირებ ხალხი დავაინტერესო. ზუსტად ვიცი, რომ ეს სფერო ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით ქალბატონებში.
_ სად შეიძლება ამ გადაცემის ხილვა? რამდენი ტურისგან შედგება და რამდენი კონკურსანტი ხართ?
_ ამ გადაცემის ხილვა შესაძლებელი იქნება 28 სექტემბრიდან თNთ-ზე, იგი 18 ტურისგან შედგება და 12 კონკურსანტი ვართ.
_ წასვლის წინ გეგონა თუ არა, რომ ამ ეტაპამდე მიხვიდოდი?
_ კი, მზად ვიყავი, შინაგანად მეგონა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა, რაც ჩემი ინტუიციის დამსახურებაა. აქ ერთ-ერთ ინტერვიუშიც დამისვეს ეს შეკითხვა და აღვნიშნე, რომ უახლოესი მეგობარი გარდამეცვალა, რომლის დიდი დამსახურებაცაა, მე რომ დღეს აქ ვარ. იგი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ საქართველოს გავცდენოდი. საქართველოში არ არის შოუბიზნესი, არ არსებობს შოუ, არის მხოლოდ ბიზნესი, თუმცა ბიზნესსაც ვერ დავარქმევდი.
ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ მე დღეს აქ ვარ.
_ რამდენად ახერხებ მანდ სიმღერას?
_ სიმღერასაც ვახერხებ. ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში, რომელიც დამეხმარა, აქ რომ მემღერა და მემუშავა.
_ რამდენადაც ვიცი, სამეულში მოხვედრის დიდი იმედი გაქვს. როგორ ფიქრობ, შენი ქართული წარმომავლობა იქნება თუ არა ხელის შემშლელი ფაქტორი გამარჯვებისთვის?
_ არანაირად, ვფიქრობ, პირიქით, დამეხმარება. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში ხალხმა უნდა დამიჭიროს მხარი. დაიდება სურათები და მათ რჩეულს ხმა უნდა მისცენ. რეტინიგებით წყდება, ვინ უნდა მივიდეს ბოლომდე.
_ ქართველ ხალხს თუ ექნება შენთვის ხმის მოცემის საშუალება?
_ დიახ, შეიძლება ინტერნეტ გვერდის საშუალებით. როგორც უკვე ვთქვი, 28 სექტემბრიდან დაიწყება და მესამე გადაცემიდან დაიდება მათ ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია, რის მიხედვითაც ხალხი ხმის მიცემას შეძლებს.
_ რა გეგმები გაქვს პროექტის დასრულების შემდეგ?
_ პირველ რიგში, დავბრუნდე საქართველოში, მაგრამ რადგან აქ უკვე ცნობადობას მოვიხვეჭ, სავარაუდოდ, ხშირად ჩამოვალ მოსკოვში ჩემი შოუპროგრამით. ჩავატარებ კონცერტებს, დაწერილი მაქვს ახალი შოუპროექტიც, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდანაც მივიღე მოწვევები, რომელსაც სამომავლოდ განვიხილავ.
_ როგორ მიიღებს ქართველი მაყურებელი შენს რუსულ პროექტში მონაწილეობას?
_ არ უნდა ჰქონდეთ ცუდი რეაქცია. პირადად მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ, თუმცა რუსული პოლიტიკა ჩემთვის მიუღებელია, უბრალოდ ვმონაწილეობ ამ პროექტში, ჩემთვის ეს, მხოლოდ პროექტია, სადაც მიმიღეს, სადაც მოხვედრა მინდოდა და ქვეყანას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია.
_ საქართველოში თუ მიიღებდი მსგავსს პროექტში მონაწილეობას?
_ საქართველოში სულ რამდენიმე გადაცემა იყო, თუ არ ვცდები, შემდეგ პროექტი დაიხურა, თუმცა რომ გაგრძელებულიყო, აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას. უბრალოდ, ვერ მოვასწარი.
_ რუსეთში შენი პროდიუსინგით თუ დაინტერესდნენ?
_ დიახ, სხვადასხვა შემოთავაზება მივიღე ამ პერიოდის განავლობაში პროდიუსერებისგან, ზოგი ზედმეტადაც აქტიურობდა. ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს იმდენად გრანდიოზული პროექტია, ისედაც და ასედაც ცნობადი ვხვდები. ასევე მაქვს შემოთავაზებები, როგორც ფოტომოდელს. ოქტომბერში ერთ-ერთი ბრენდის ფოტოსესიაა დაგეგმილი, სადაც ვმონაწილეობ. ვემზადები.

მარი გოჩილაიძე