ვისთან ერთად დადებს მამუკა ხაზარაძე ლელოს

საზოგადოებრივმა მოძრაობა „ლელომ“ გასულ კვირას გუნდის პირველი 12 წევრი დაასახელა, გაზაფხულისთვის კი მამუკა ხაზარაძე უკვე ჩრდილოვან კაბინეტს წარმოგვიდგენს. მანამდე „ლელომ“ პარტიაც უნდა ჩამოაყალიბოს.
თავად „ლელო“ პარტიად არ გარდაიქმნება. ხაზარაძე აღნიშნავს, რომ „ლელო“ იქნება მოძრაობა და მაყურებელი.

„ლელოს“ დამფუძნებელი მედიასთან საუბარში ამბობს, რომ როგორც კი „ლელოს“ ბაზაზე პარტია ჩამოყალიბდება, მისი მმართველი ბირთვი შეირჩევა.
ხაზარაძე აღნიშნავს, რომ ხელმძღვანელ ბირთვს ისინი პრაიმერის მეშვეობით გამოავლენენ, რაც, მისივე თქმით, საქართველოს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა.
„ლელოს“ დამფუძნებელი გვპირდება, რომ გაზაფხულზე შექმნილი ჩრდილოვანი კაბინეტი 12 ლიდერის მიერ შემუშავებულ პროგრამას დაეყრდნობა.
რაც შეეხება 12 ლიდერს, რომლის შემუშავებული პროგრამითაც უნდა იმოქმედოს ჩრდილოვანმა კაბინეტმა, ხაზარაძე განმარტავს, რომ ისინი იქნებიან სხვადასხვა სფეროს საუკეთესო წარმომადგენლები.
სანამ თავისი საქმის საუკეთესო პროფესიონალებს გამოავლენენ, „ლელომ“ გუნდის პირველი თორმეტი წევრი წარადგინა.
ესენი არიან: ლანა გალდავა (იურისტი); ლევან ბოძაშვილი (უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი); თეონა დოლენჯაშვილი (მწერალი); კახა კოჟორიძე (იურისტი); მედეა მეტრეველი (ფილოლოგი); გია გუგუშვილი (მხატვარი); საბა ბუაძე (სამოქალაქო მოძრაობის წევრი); გიგლა მიქაუტაძე (ეკონომისტი); ქეთი ენუქიძე (ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელი); ელენე მელიქიშვილი (საგარეო პოლიტიკის მკვლევარი); გია მორდეხაშვილი (ბიზნესმენი) და დავით გელაშვილი (ეკონომისტი).
„ლელოს“ ლიდერთა შორის იქნება ბადრი ჯაფარიძეც, რომელიც ამ მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელია.
პირველი თორმეტეულის წარდგენისას ხაზარაძემ განაცხადა, რომ მოძრაობის პარალელურად ისინი შექმნიან პარტიასაც:
„ეს არის მოძრაობა, პარტია იქნება ცალკე დაფუძნებული. ზოგიერთი ის ადამიანი, ვისაც ახლა თქვენ აქ ხედავთ, შეიძლება ვიხილოთ პარტიაში, ზოგიერთი მოძრაობაში დარჩება მათი სურვილის გათვალისწინებით.
ჩვენ მოძრაობას პარტიად არ გარდავქმნით, რადგან მოძრაობა იქნება ის მაყურებელი და იმ პოლიტიკის მაკონტროლებელი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს გამარჯვებისკენ სიარულს“.
ის გვპირდება, რომ მისი მოძრაობა და პარტია, პროდასავლური ორიენტაციის იქნება. ამბობს, რომ ითანამშრომლებენ ყველასთან, ვისაც დასავლური ღირებულებები ამოძრავებს და ქვეყნის სწრაფი განვითარება უნდა.
ის იმ ხალხთანაც აპირებს თანამშრომლობას, ვინც სხვადასხვა ხელისუფლების დროს სახელმწიფო უწყებებში მუშაობდა:
„განსაკუთრებით იმ ადამიანებთან ვითანამშრომლებთ, რომლებიც წინა ან ახლანდელი მთავრობის დროს სხვადასხვა უწყებაში მუშაობდნენ. მათ კისერზე გადაიარა ძალიან ბევრმა რამემ. ისინი არიან პროფესიონალები და არავინ გამოიყვანა წინა პლანზე“.
რაკი ხაზარაძე ამ გუნდის ლიდერია, ბუნებრივია, თანაპარტიელები მას პრემიერის პოსტზე განიხილავენ. თავად ხაზარაძე ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ამბობს, რომ ეს პარტიის გადასაწყვეტია.
„ლელოს“ დამფუძნებელი მოწადინებულია იმ ხალხთან თანამშრომლობით, რომელიც სახელმწიფო უწყებებში მუშაობდა. აქედან გამომდნარე, არ არის გამორიცხული, მის გუნდში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ვიხილოთ.
გიორგი კვრიკაშვილს „ლელოს“ დამფუძნებელთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
როგორც „ოცნების“ კულუარებში ამბობენ, სწორედ კვირიკაშვილის რჩევით და წახალისებით გადაწყვიტა ხაზარაძემ პოლიტიკაში მოსვლა.
ამის შესახებ მედიაში ინფორმაციები, ჯერ კიდევ, გასული წლის დასაწყისში გაჩნდა. მაშინ კვირიკაშვილი პრემიერის პოსტზე მყარად იჯდა და როგორც თავად ამბობდა, არც ყვავ-ყორნების ეშინოდა.
ხაზარაძისა და სხვების დახმარებით ის საკუთარი გუნდისა და დასაყრდენის შექმნას ცდილობდა.
სწორედ ხაზარაძესთან და სხვებთან ერთად ინტრიგების ხლართვას გადაჰყვა კვირიკაშვილის თანამდებობა. გასული წლის გაზაფხულზე თბილისში დათუნა სარალიძის მკვლელების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო. იმ დღეებში თბილისში სერიოზული დაძაბულობა იყო. ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა.
თავიდან აქციის მონაწილეები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ, მოგვიანებით კი კვირიკაშვილს თავი დაანებეს და გიორგი გახარიაზე შეჩერდნენ.
მაშინ „ოცნებამ“ ივანიშვილი დაარწმუნა, რომ იმ აქციების უკან პრემიერი იდგა. „ოცნების“ ლიდერს ისიც უთხრეს, რომ აქციებს მამუკა ხაზარაძე აფინანსებდა.
ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის კორუფციული სკანდალების გამო კვირიკაშვილის ბედი ისედაც სასწორზე იდო. ივანიშვილი პრემიერის გამოსაცვლელად საბაბს ეძებდა და როცა ეს დრო დადგა, კვირიკაშვილი სახლში გაუშვა.
თუმცა მისი და მისი თანაგუნდელების საქმეები პროკურატურაში თაროზეა შემოდებული. საუბარია გამქრალ 700 მილიონ დოლარზე, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას უნდა მოხმარებოდა.
მონასტერში ცოდვებმონანიებული კვირიკაშვილი პოლიტიკაში რომ აპირებს დაბრუნებას, ეს ამბავი ყველამ იცის. ცალკე გუნდით მას გამოსვლა გაუჭირდება. ამიტომ გამორიცხული არაა, ის ხაზარაძის გვერდით ვიხილოთ.
სადაც კვირიკაშვილია, იქ ქუმსიშვილი და ალავიძეც არიან, მაგრამ ამ ორეულს აკრძალული აქვს პოლიტიკაში შემოსვლა.
მამუკა ხაზარაძის გუნდში „ლელოს“ დასადებად შესაძლოა, სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც შევიდნენ, მათ შორის, ექსმინისტრებიც. საუბარი იყო ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიაზეც, მაგრამ ის ივანიშვილმა მკაცრად გააფრთხილა, რომ „ლელოს“ ახლოსაც არ გაეკაროს.
მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლას სერიოზული ვნებათაღელვა მოყვა. ის არც „ოცნებას“ მოსწონს და არც ყოფილ ხელისუფლებას. მის წინააღმდეგ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიც გამოდიან.
ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენა, როგორც წესი, არ უყვართ. ამ მხრივ გამონაკლისი ბიძინა ივანიშვილი იყო. ის 2011 წელს ტაშით მხოლოდ იმიტომ მიიღეს, რომ მას ბევრი ფული ჰქონდა.
მამუკა ხაზარაძეც არ უჩივის ფინანსების ნაკლებობას, მაგრამ ბიძინამდე ბევრი უკლია. ამიტომაც ის ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. თანაც არის შანსი, რომ მან მათი ხმები წაიღოს.
„ოცნების“ წარმომადგენლები განსაკუთრებით ჩრდილოვანი კაბინეტის ხსენებამ გააღიზიანა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ხუმრობის ხასიათზე დადგა, მაგრამ ძალიან უკბილო გამოუვიდა:
„ჩვენ ისეთი კაბინეტის შექმნაზე ვმუშაობთ, რომელსაც საერთოდ არ ექნება ჩრდილი“, _ უთხრა მან ჟურნალისტებს.
ამხელა კაცმა ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ჩრდილი ყველაფერს აქვს და როგორც იურისტს, ჩრდილოვან კაბინეტზე სულ სხვა წარმოდგენა უნდა ჰქონდეს.
პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონში ჩრდილოვან კაბინეტზე ასეთი განმარტებაა მოცემული:
_ ალტერნატიული მთავრობა, რომელიც ჩამოყალიბებულია არსებული მთავრობის საპირისპიროდ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ლიდერების მიერ. რეალური მთავრობის ყოველ წევრს ჰყავს თავისი ჩრდილოვანი ოპონენტი ოპოზიციურ მთავრობაში. იდეის მიხედვით, ოპოზიციის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში ჩრდილოვანი კაბინეტი ლეგიტიმურ მთავრობად იქცევა, თუმცა ამგვარი პრაქტიკა, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მრავალფეროვან თავისებურებათა ზეგავლენით, ხშირად გარკვეულ კორექტირებას განიცდის.
მემარცხენე პარტიები კაბინეტის წევრებს ირჩევენ, მემარჯვენეებთან კი გავრცელებულია პოტენციური მინისტრების პარტიული ხელმძღვანელობის მიერ დანიშვნა. ჩრდილოვანი კაბინეტის ჩამოყალიბება, როგორც წესი, ორპარტიული სისტემებისთვის არის დამახასიათებელი, როდესაც ერთი პარტია, ადრე თუ გვიან, შეცვლის მეორეს ხელისუფლების სათავეში. იმ პოლიტიკურ სისტემებში, სადაც მრავალპარტიულობა ჭარბობს და, შესაბამისად, მთავრობებიც კოალიციურად შედგება, ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნა მიზანშეუწონელია.

შორენა მარსაგიშვილი