ბეჟან ნათელაშვილი: „ხვალ ვანო ჩხარტიშვილი და კახა ოქრიაშვილი მოისურვებენ ხელისუფლებაში მოსვლას“

ქართული პოლიტიკა ფულიანი პერსონების ნაკლებობას არ უჩივის. ფულიანთა რიგებს, მამუკა ხაზარაძის სახით, კიდევ ერთი მოთამაშე შეემატა. ლეიბორისტულ პარტიაში ფიქრობენ, რომ ფულიანებმა პოლიტიკიდან პოლიტიკოსები განდევნეს და ქვეყანა სავაჭრო დახლს დაამსგავსეს.

რატომ ვერ ვითარდება ქვეყანა? რატომ უნდა გააძევონ ვაჭრები პოლიტიკიდან? რა უნდა შეიგნოს ხალხმა? როდის აივსება ქართველების მოთმინების ფიალა? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ლეიბორისტული პარტიის წევრი, ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება:

_ ბატონო ბეჟან, ლეიბორისტები ძალიან მწვავედ შეხვდით პოლიტიკაში მამუკა ხაზარაძის შემოსვლას. მიგაჩნიათ, რომ მისნაირების წყალობით ქვეყანა სავაჭრო დახლს დაემსგავსა?
_ კი არ მიგვაჩნია, რეალურად ასეა. ქვეყანა მართლა ერთ დიდ სავაჭრო დახლს დაემსგავსა. საქართველოში ფულიანი ადამიანები პოლიტიკაში იმიტომ მოდიან, რომ კიდევ უფრო მეტი ფული იშოვონ. ისინი იტალიური ჩოსა Nოსტრა-სგან არაფრით განსხვავდებიან.
რიგ შემთხვევაში მათზე უარესებიც არიან. მათ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამათ ოლიგარქები ჰქვიათ და კიდევ ცოტა უფრო დავარცხნილები არიან. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ არც იტალიელი მაფიოზები უჩიოდნენ და უჩივიან ელეგანტურობას.
მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლა ნორმალურ ადამიანს როგორ უნდა გაუხარდეს?! მის ძველ ცოდვებს რომ თავი დავანებოთ, გასული წლის მიწურულს მან ამაზრზენი დანაშაული ჩაიდინა, _ ხაზარაძემ მონაწილეობა მიიღო საშინელი ქალის გაპრეზიდენტებაში.
„ქოცებთან“ ერთად მოუწოდებდა სრულიად საქართველოს, პრინციპული არჩევანი გააკეთეთ და ზურაბიშვილი აირჩიეთო. რა ამბებიც დაატრიალა ამ პრინციპულობით არჩეულმა ზურაბიშვილმა საქართველოში, ამას ყველა ვხედავთ.
ბარემ, აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს ამბები მხოლოდ მისი დატრიალებული არ არის. მარტო ამდენს ვერ გაბედავდა. ამ ქალს „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები უმაგრებენ ზურგს. ყველაფრის სათავე კი ივანიშვილი იქნება, ის ასეთი ბინძური საქმეების დიდოსტატია.
ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლას ივანიშვილის 2011 წლის გამოცხადებას დავარქმევდი. ოღონდ ახლა უფრო მცირე მასშტაბის ოლიგარქი გამოვიდა ასპარეზზე. ამ ბატონისგან განსხვავებით, ივანიშვილი პოლიტიკაში მთლად შელახული ავტორიტეტით არ შემოსულა.
მასზე ლეგენდები დადიოდა: ბევრს საუბრობდნენ ოლიგარქის მიერ აყვავებულ საჩხერეზე, გარემონტებულ თეატრებზე, მის მიერ აშენებულ სამებაზე.
_ სამება მარტო ივანიშვილს არ აუშენებია. ამ მშენებლობაში, ლამის, მთელი საქართველო იყო ჩართული.
_ მთელი საქართველო იყო ჩართული, მაგრამ, რატომღაც, ამბობენ, რომ სამება მისი აშენებულია. ივანიშვილის კაიკაცობაზე ბევრს ლაპარაკობდნენ ის ცნობადი სახეები, ვისაც ივანიშვილი სერიოზულ თანხას უხდიდა სტიპენდიის სახით. ასეთი ხალხი სპეციალურად შეარჩია. იცოდა, რომ მათ სიტყვას საზოგადოებაზე გავლენა ჰქონდა და მის კეთილშობილებაზე ბევრს ისაუბრებდნენ.
ასე იყო თუ ისე, შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი და ეს კაცი, ლამის, მესიად გამოგვიცხადეს. იმას ვერ უარვყოფთ, რომ როცა ის ხელისუფლებაში მოვიდა, ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა.
ხაზარაძისგან განსხვავებით, მას არავინ აბრალებდა, რომ ხალხს მაღალი საბანკო პროცენტებით ძარცვავდა და ქონებას ართმევდა. არც იმას ამბობდნენ ოლიგარქზე, რომ ხაზარაძის მსგავსად მცირე და საშუალო ბიზნესის პირდაპირი მუხრუჭი იყო.
შედარებით მცირე ზომის ოლიგარქი პოლიტიკაში, ალბათ, არც მოვიდოდა, მაგრამ ივანიშვილთან მოუვიდა უთანხმოება _ მათ გავლენის სფეროები ვერ გაიყვეს. ორ მაფიოზს შორის დაწყებული ჩხუბი იმით დამთავრდა, რომ ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი მაფიოზი შეემატა.
თან ნახეთ, რა ეშმაკურად იქცევა ეს მცირე მასშტაბის მაფიოზი! _ ნიკა გვარამიამ ვერაფრით ათქმევინა მთავარ ოლიგარქზე, რომ ის საქართვერლოს მტერია.
საზოგადოებამ ერთი რამე კარგად უნდა დაიმახსოვროს: ერთი ოლიგარქის მეორით ჩანაცვლება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ეს თხა გავყიდე _ თხა ვიყიდეა. ის ნამდვილი თხა იწველება მაინც და ადამიანს სარჩოს აძლევს. ეს მაფიოზები კიდევ აქეთ წველიან გამშრალი ძროხის მდგომარეობაში მყოფ საქართველოს.
_ ხაზარაძეზე ამბობთ, რომ ივანიშვილთან უთანხმოება მოუვიდა და ამიტომ მოდის პოლიტიკაში. ჩვენში, ზოგადად, რატომ მოდიან ფულიანი ადამიანები პოლიტიკაში?
_ იმიტომ, რომ ფული იშოვონ. ეს რუსული ოლიგარქიიდან არის გადმოღებუული, რუსული სტილია და იმის ძახილი არ უშველის, პროდასავლური ვარო, როგორც ამას მცირე ზომის ოლიგარქი გვეუბნება.
დასავლეთში მდიდარი ადამიანები პოლიტიკაში არ მიდიან. ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი დონალდ ტრამპია, რომელსაც ძალიან ცუდად აქვს საქმე _ მთელი ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი აუჯანყდა.
ჯვარი გვწერია და ხაზარაძე თუ მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ხვალ ამის ამბიცია წამლების მაფიოზ კახა ოქრიაშვილს გაუჩნდება.
დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს _ პოლიტიკიდან პოლიტიკოსები გაძევებული არიან, საქართველო კი სავაჭრო დახლად გადაიქცა, თითოეული ჩვენგანი კი _ ამ დახლზე დადებულ ხორცის ნაჭრებად და მწვანილის გორებად.
_ დახლი და ვაჭრობა ახსენეთ და, ალბათ, სიმბოლურიც იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე კარტოფილით და ხახვით ყიდულობდნენ ამომრჩევლის ხმებს.
_ გეუბნებით, სავაჭრო დახლად არის ქვეყანა გადაქცეული-მეთქი.
_ ამბობთ, რომ პოლიტიკიდან პოლიტიკოსები განდევნეს. პოლიტიკოსები თუ აკეთებენ იმისთვის რამეს, რომ პოლიტიკა პოლიტიკოსებს დაუბრუნდეს?
_ არაფერსაც არ აკეთებენ. ისინი ნებისმიერი ფულიანი კაცის გამოჩენას მიესალმებიან. ახლო წარსული თუ არავის ახსოვს, ახლა რა მოხდება, ეს ხომ მაინც ვიცით. ბიძინას მიერ გამოდევნილი პოლიტიკოსები დიდი ზარზეიმით შეეგებენ პოლიტიკაში ხაზარაძის შემოსვლას.
ეს ხალხი სანამ ბიძინასთან იყო, ხმას არ იღებდა და მას შემდეგ დაინახა უკანონობა, რაც ოლიგარქმა გამოყარა. ახლა დგანან და მცირე ზომის ოლიგარქს უგორებენ კოჭს.
პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მიესალმება იმას, რომ ერთი ოლიგარქი მეორემ ჩაანაცვლოს და ქვეყანა სავაჭრო დახლად დარჩეს.
დღე არ გავა, რომ ფეისბუქით არ გამოვაქვეყნო მოწოდება: არც ერთი ვაჭარი პოლიტიკაში, დაეტიონ თავიანთ დახლებში!
_ მართლა ხშირად გამოდიხართ ამ მოწოდებებით, მაგრამ არავინ გისმენთ.
_ რას მომისმენენ?!! ერთი სული აქვთ, რომელიმე ოლიგარქის მზისქვეშ იპოვონ ადგილი. ერთადერთი, ლეიბორისტები დავრჩით, მგონი, ვისაც ვაჭრების პოლიტიკაში შემოსვლა არ გვსურს.
დარწმუნებული ვართ, რომ ხაზარაძის გამარჯვების შემთხვევაში არაფერი შეიცვლება. რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ეგეც იმავეს გაიმეორებს. რა მნიშვნელობა აქვს, მგელი შეგჭამს თუ მგლისფერი ტურა?
დაიმახსოვრეთ, ჩემო ძვირფასო ქართველებო, ყველა ვაჭარი ერთნაირი იქნება _ ივანიშვილი, ხაზარაძე, ოქრიაშვილი, მაკრახიძე თუ სხვ. მათ შორის განსხვავება მხოლოდ გვარებსა და სახის ნაკვთებშია.
იმედი მაქვს, ჩხარტიშვილიც არ მოინდომებს ღიად პოლიტიკაში შემოსვლას. ვაჭარ და ოლიგარქ ჩხარტიშვილზე მოგახსენებთ, თორემ ჩვენი ლაშასნაირები პოლიტიკაში მრავლად უნდა იყვნენ.
_ ბევრი ვისაუბრეთ, თუ რატომ მოდიან ფულიანები პოლიტიკაში. ფულიანებით დაკომპლქტებულმა პარლამენტმა კანონი მოამზადა, რომლის თანახმადაც ადამიანებს ორ სამსახურში მუშაობის უფლება არ ექნებათ. ამაზე რას ფიქრობთ?
_ ეს არის მავნებლობა! სად არის ამ ქვეყანაში იმდენი სამუშაო ადგილი, რომ ადამიანებს ორ-ორი სამსახური ჰქონდეთ? ვისაც გაუმართლა და იშოვა ორი სამსახური, ორივე მათგანი ექსპლუატაციურია, რადგან ამ ქვეყანაში შრომის კანონი, რეალურად, არ არსებობს და დასაქმებულები დაუცველები არიან.
ადამიანები ორ სამსახურში იმიტომ მუშაობენ, რომ გროშებს უხდიან. ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად მუშაობენ, რომ პურის ფული იშოვონ და ესენი ამის უფლებასაც ართმევენ.
თქვე ქვეყნისა და ხალხის მტრებო, ადამიანებს ერთი ხელფასი რომ ჰყოფნიდეს ოჯახის გამოსაკვებად, ორგან ვინ იმუშავებდა? რა უფლებით უკრძალავთ ხალხს პურის ფულის შოვნას?!!
_ ისე, რა ნამუსით გამოიტანეს პარლამენტში ეს პროექტი? დეპუტატებს ყველას თავისი ბიზნესი აქვს და ნათესავი არ დატოვეს დაუსაქმებელი.
_ განუკითხაობა და უბედურებაა, მეტი არაფერი, ხელისუფლება მართლაც საზიზღრად იქცევა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ხალხის ბრალია. ჩვენი ხალხი არაფერზე რეაგირებს. არ გამოვლენ ქუჩაში და არ გააპროტესტებენ უსამართლობას? უარესს მიიღებენ.
დასავლეთის ქვეყნებში მსგავსი რომ გაებედა ხელისუფლებას, ხალხი მათ ქვებით ჩაქოლავდა და დიდი ხნის წინ დაამხობდა. ასეთ რამეს აფრიკის ქვეყნებშიც კი არ აპატიებენ ხელისუფლებას.
კონსტიტუციაში პირდაპირ გვიწერია: ხელისუფლება, რომელიც შენზე ძალადობს და თვალებს გთხრის, უნდა გააგდო. კანონი გვაძლევს აჯანყების უფლებას. ჩვენ კი საპროტესტო აქციაც არ გვინდა, რომ მოვაწყოთ.
მოღალატე და გაუმაძღარ ხელისუფლებასაც მეტი რა უნდა?! ერთმანეთის მიყოლებით ღებულობს ანტისახელმწიფოებრივ და ანტიხალხურ გადაწყვეტილებებს.
არ ვიცი, რატომ ვართ ასეთი მომთმენები. ყველაფერს გვართმევენ: ტერიტორიას, სინდის-ნამუსს, თვალის ჩინს, ლუკმა-პურს. ჩვენ კი მაინც ჩუმად ვართ. მხოლოდ საკუთარ სამზარეულოებში ვბრაზდებით. გარეთ გამოსვლა არავის გვინდა. გვგონია, რომ ამას ჩვენ ნაცვლად ვინმე სხვა გააკეთებს.
_ იმ სხვის გარდა მესიის ლოდინიც გვჩვევია, გვჯერა, რომ ის ყველა პრობლემას მოგვიგვარებს.
_ მესიის ლოდინი კარგს არაფერს მოგვიტანს. ბიძინას ხელის ბიჭები, რომლებსაც პიარი კარგად ეხერხებათ, ახლა ხაზარაძესთან გადმობარგდნენ. დააბოლებენ ხალხს, რომ მათი ახალი ბატონია მესია და საქართველოს ჩიხიდან გამოყვანა მხოლოდ მას შეუძლია. რაც არ უნდა დაბოლდეს ხალხი, გარანტიას გაძლევთ, ხაზარაძე ხელისუფლებაში ვერ მოვა, მაგრამ ოპოზიციის ხმებს კი ბევრს წაიღებს.
_ ხალხს დააბოლებენო, ამბობთ და ყოველი არჩევნების წინ ვბოლდებით. როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩვენი დაბოლება? თან იმაზე გვაქვს პრეტენზია, რომ ბრძენი ერი ვართ. ბრძენი ერი შეიძლება ერთხელ მოტყუვდეს, მაგრამ სისტემატურად არ ბოლდება.
_ ვინ გითხრათ, რომ ქართველები ბრძენი ერი ვართ? ეს არსად წერია. ისტორიული ფაქტებიდან ცნობილია, რომ ჩვენ შორის 5% თუ იყო ბრძენი და გმირი. ასე იყო საუკუნეების მანძილზე, ასე ვართ ახლაც.
მკითხველი იკითხავს, თუ მხოლოდ 5% იყო გმირი და ბრძენი, როგორ ვახერხებდით ამდენი დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლასო? როგორ ვახერხებდით და ის 5% აიძულებდა დანარჩენს სამშობლოს დასაცავად გასვლას.
საქართველოს ახლაც დამპყრობლებთან უწევს ბრძოლა. სახლში დარჩენა ახლაც სირცხვილი და ღალატია. ყველანი ბრძოლის ველზე უნდა ვიყოთ და ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ვიბრძოდეთ.
_ სად არის ახლა ეს ბრძოლის ველი? ეს მაინც თუ ვიცით?
_ ახლა ბრძოლის ველი თითქმის ყველა კუთხეშია. თბილისში რუსთაველის გამზირია ბრძოლის ველი, სამტრედიაში _ სამტრედიის მოედანი, დუშეთში _ იქაური მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია და ა. შ.
ისეთი დრო დაგვიდგა, რომ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე ბრძოლით ვერ გავიმარჯვებთ, ყველა საკუთარ მუნიციპალიტეტში უნდა მიადგეს ხელისუფლებას. ერთდროულად უნდა ვიმოქმედოთ.
ერთად როცა ვიქნებით, ხელისუფლება ვერც სისულელის ჩადენას გაბედავს და ვერც ხალხს აიგდებს აბუჩად. იგივე ეს კანონი, რომელიც ორ ადგილზე მუშაობას კრძალავს, ხალხის აბუჩად აგდებაა.
როცა ერს საღათას ძილით სძინავს, როცა შენს ყველა ხუშტურს წინააღმდეგობის გარეშე ღებულობს, დადგები კარგ ხასიათზე, აბა, რა იქნება. ეგენიც ამიტომ არიან სულ მხიარულად და კარგი ცხოვრებისგან კანში ვეღარ ეტევიან. გაჭირვებულ ხალხს მოერივნენ? რამის შნო თუ აქვთ, ოლიგარქს დაუწესონ შეზღუდვები და აუკრძალონ ქვეყნის არაფორმალურად მართვა.
იმას რომ რამე აკადრონ, იციან, რაც მოუვათ. ასევე იციან, რომ ხალხისგან წინააღმდეგობა არ შეხვდებათ და ყველაფერზე მიდიან. ჩვენ რომ ამათთვის ძალა დაგვენახვებინა, ბავშვების თვალებისმთხრელ გიორგი გახარიას პრემიერად ვერ დააწინაურებდნენ. ამაზე მეტი დაცინვა რაღა გინდა, ჯალათს პრემიერად ნიშნავენ და ხალხი ამაზე არც კი რეაგირებს.
რაღაც საცოდავ მასად გადავიქეცით, რომელმაც ყველაფერზე რეაგირების უნარი დაკარგა.
მამაჩემს სოფელში ღორები ჰყავს. სადღაც წავიდა და ორი დღით მოუწია იქ დარჩენა. ეს ღორები დარჩნენ მშივრები. შიმშილისგან ისე გამწარდნენ, რომ გამოანგრიეს საღორე და სახლის პირველი სართულიც დაარბიეს.
ბოდიშს ვიხდი ასეთი შედარებისთვის, მაგრამ ადამიანური ინსტინქტი თუ არა, პირუტყვის ინსტინქტი მაინც გამოიყვანს ხალხს ქუჩაში.
_ ისე, ქართველებს ასეთი დაშვება გვახასიათებს, მაინცდამაინც ფსკერამდე უნდა დავიდეთ, რომ გამოვფხიზლდეთ და ბრძოლა დავიწყოთ. ბევრი გვიკლია ფსკერამდე?
_ ჯერ მთლად ფსკერამდე არ მიგვიღწევია… შევარდნაძეს 11 თუ 12 წელი ვუთმინეთ, „ნაციონალებს“ _ ცხრა წელი. ესენი უკვე შვიდი წელია, რაც ხელისუფლებაში არიან.
_ ვერ დაგეთანხმებით, რომ „ოცნება“ 7 წელია, რაც ხელისუფლებაშია. ბევრი მისი ლიდერი 9 წელი „ნაციონალების“ რიგებში ყელყელაობდა.
_ ასეა. მკითხველი ჩამონათვალით რომ არ გადავღალოთ, მარტო ბიძინა ივანიშვილის მაგალითის მოყვანაა საკმარისი. ეს კაცი „სისხლიანი რეჟიმის“ მთავარი დამფინანსებელი იყო. ამას არც თავად მალავს („ის სოროსი“ მე ვიყავიო, _ რედ.) და არც ყოფილი ხელისუფლება.
ეს „ნაცებს“ ფულს აძლევდა და „ნაცები“ მის ხუშტურებს სიამოვნებით ასრულებდნენ. ზურაბ ადეიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილი გვირეკავდა და გვეუბნებოდა, ესა და ეს პიროვნება დაიჭირეთო.
ადეიშვილის დიდად არ მჯერა, მაგრამ ამ განცხადების სისწორეში ეჭვი არ მეპარება. პოლიტიკაში მოსულმა ივანიშვილმა ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში განაცხადა, თუ როგორ უკვეთდა ის მერაბიშვილს ხალხის დაჭერას.
ის მოყვა, თუ როგორ დაურეკა 2007 წელს მერაბიშვილს და უკმაყოფილომ უთხრა, _ რატომ არ იჭერთ შალვა ნათელაშვილსო?!
შალვას დაჭერა ძალიანაც კი უნდოდათ, მაგრამ ვერ გაბედეს. მთელი დასავლეთი ჩაერია, თორემ მერაბიშვილი ივანიშვილის სურვილს აასრულებდა.
ოლიგარქებს არასდროს ამოძრავებდათ ქვეყნის გადარჩენის სურვილი, ეს ხალხმა უნდა გაითავისოს. საქართველოს არაფერი ეშველება, თუ ყველამ ხმალი არ ავლესეთ. ხმლის ალესვაში ნამდვილი ხმლის აღებას არ ვგულისხმობ. ჩვენი ხმალი უნდა იყოს მტკიცე პროტესტი ნებისმიერი უსამართლობის წინაშე.
იმასაც უნდა მივეჩვიოთ, რომ აქციაზე საკუთარი ინიციატივით უნდა წავიდეთ და იმაზე არ ვიყოთ ორიენტირებული, რომ ვიღაც ხაჭაპურს და ლიმონათს დაარიგებს.
იცოდეს ყველამ, ვინც აქციებზე ხაჭაპურისა და ლიმონათის შესაძენად ფულს დახარჯავს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ დახარჯული ფულის ამოღებას შეეცდება.

შორენა მარსაგიშვილი