დიმიტრი ბიძინაშვილი: „ოცნების“ ლიდერს კალაძეზე კომპრომატები აქვს შემონახული“

ქართველი ახალგაზრდები რამდენიმე თვის მანძილზე გიორგი გახარიას სახლში გაშვებას ითხოვდნენ, ერის მამად წოდებულმა ივანიშვილმა კი ის პრემიერად მოუვლინა ქვეყანას. სამოქალაქო აქტივისტ დიმიტრი ბიძინაშვილს ეს ოპოზიციისა და ახალგაზრდების დამარცხებად სულაც არ მიაჩნია. იგი დარწმუნებულია, რომ ამის გამო მთავარ მეოცნებეს მწარედ მოხვდება ცხვირში.

რა აძლევს ოპტიმიზმის მიზეზს? რით გააკონტროლებს გახარიას ივანიშვილი? რა კომპრომატებს ფლობს კალაძეზე? რა უნდა შეიგნოს ხალხმა? _ ამის შესახებ მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი, „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო დიმიტრი, მთელი ზაფხული გარეთ გაატარეთ და ითხოვდით, რომ გიორგი გახარია სახლში გაეშვათ, ივანიშვილმა კი ის მთავრობის მეთაურად დასვა. გრძნობთ თუ არა ამის გამო თავს იმედგაცრუებულად?
_ არა, თავს იმედგაცრუებულად არ ვგრძნობ. ზაფხულის მოვლნებმა გვაჩვენა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი _ „ოცნება“ მაჟორიტარულ სისტემას არ თმობდა, მაგრამ როცა ხალხის ძალა ნახა, დასთანხმდა არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას. დათმობაზე წასვლა ხელისუფლებას კიდევ არაერთხელ მოუწევს.
გახარიას გაპრემიერებას რაც შეეხება, ეს სიჯიუტე და ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილს ძალიან ცუდად მოუბრუნდება უკან.
რაც უფრო მეტად გაწელავ ზამბარას, უფრო მწარედ მოგხვდება ის ცხვირში. ივანიშვილსაც ასე მოხვდება მწარედ გახარიას გაპრემიერება. ის ისევე ინანებს ამ კაცის მთავრობის მეთაურად დასმას, როგორც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას ნანობს მთელი „ოცნება“.
სრულიად საქართველო აცხადებდა, რომ ამ ქალის პრეზიდენტობა არ შეიძლებოდა, „ოცნების“ ლიდერმა კი თავისი მაინც გაიტანა. ჯერ პრეზიდენტად დაასახელა მისი კანდიდატურა და მერე ყველაფერი იკადრა, რათა მას გაემარჯვა.
არ მოერიდა არც ზეწოლას, არც შანტაჟს, არც მოსყიდვას. ამის მიუხედავად, მხოლოდ მეორე ტურში შეძლეს სასურველი შედეგის მიღება.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გახარიამ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას ია კერზაიას სიცოცხლე შესწირა. ამ ადამიანის სიკვდილზე პასუხი დღემდე არავის უგია.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველაფერი იკადრეს, რომ მათ კანდიდატს გაემარჯვა, ახლა კი გამოდიან და ცდილობენ, ყველაფერი მას აჰკიდონ _ არ გამოვა, სალომე ზურაბიშვილის ნამოქმედარზე „ოცნებამაც“ უნდა აგოს პასუხი.
_ რაზე უნდა აგოს პასუხი?
_ იმაზე, რომ მათი რჩეულის წყალობით მკვლელები თავისუფლები არიან. გარდა იმისა, რომ ეს ქალი მკვლელებსა და ძებნილებს იწყალებს, ის საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნის. გავიხსენოთ, რა განცხადებებს აკეთებდა, ჯერ კიდევ, პრეზიდენტად არჩევამდე. მან 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა, მისი წიგნი კი შეიძლება მოსკოვმა ქართველების წინააღმდეგ გამოიყენოს, როგორც ჩვენება.
ყოველი მისი ნაბიჯი საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია. დავით გარეჯაში სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც ეს ქალი იქ ჩავიდა და რაღაც განცხადებები გააკეთა.
ეს ქალი რასაც გაეკარა, ყველაფერი დაანგრია და ყველაფერში ქაოსი შეიტანა. ამ ქაოსზე პასუხისმგებელია, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი და მერე _ „ქართული ოცნება“. პარტიის ლიდერები არჩევნების დროს სალომეს სპიკერებად გადაიქცნენ და ბილბორდებზე იყვნენ გაკრულები იმ ქალის ნაცვლად.
„ქართული ოცნება“ არის მავნებელი ძალა. სხვა რა უნდა დავარქვა ხელისუფლებას, რომელიც მკვლელებს იწყალებს? სამაგიეროდ, პატრიოტებს აპატიმრებს. ამ შემთხვევაში „გავრილოვის ღამის“ დროს დაკავებულებზე მოგახსენებთ. მათ 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
და რისთვის უნდა გაატარონ ამდენი წელი ციხეში? მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს დაუძინებელი მტერი გააგდეს პარლამენტის შენობიდან და ქვეყნიდან? გააგდეს ის ადამიანი, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ძირძველი მიწების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, დამოუკიდებლობის აღიარებას.
ტყუილად ნუ ყვებიან ზღაპრებს. ყველაფერზე მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება. ხალხი მათ მოსთხოვს პასუხს. ხალხს მათი აღარ სჯერა. ამაზე ბოლო კვლევებიც მეტყველებს. ამ კვლევების თანახმად, საზოგადოება ყველაზე უარყოფითად პარლამენტის საქმიანობას აფასებს.
_ პარლამენტი მართლა ისეთი გვყავს, მტერსაც რომ არ უსურვებს კაცი.
_ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა. შესაბამისად, პარლამენტი უნდა იყოს ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ საკანონმდებლო ორგანო ფარსია.
პარლამენტარები იმას ამოიძახებენ, რასაც მათ ბიძინა ივანიშვილი ჩასძახებს. ისინი ოლიგარქის ნოტარიუსები არიან. ყველაფერზე წავლენ, ყველაფერს იკადრებენ, რათა ის გააკეთონ, რასაც „ოცნების“ ლიდერი უბრძანებს. ესენი არიან ჩვეულებრივი მონები და არც ერთ მათგანს ჭკუა არ მოეკითხება.
_ ჭკუა რატომ არ მოეკითხებათ?
_ ჭკუა რომ ჰქონოდათ, იმ კაცს ნამდვილად არ დაუჭერდნენ მხარს, რომელმაც ახალგაზრდებსა და ბავშვებს თვალები დასთხარა. იმ კაცის დაწინაურებას მისცეს ხმა, რომლის შს მინისტრობის დროს დანაშაული 55%-ით გაიზარდა. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი 18%-ით შემცირდა.
_ სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილს მართლაც შეუქმნა პრობლემები, ამ მხრივ გიორგი მარგველაშვილიც არ აკლებდა სიურპრიზებს „ოცნებას“. გახარია თუ გახდება ერის მამად წოდებულის თავის ტკივილი? წინა პრემიერისგან განსხვავებით, მთავრობის ახალი მეთაური „ბულკის“ შთაბეჭდილებას სულაც არ ტოვებს.
_ პირდაპირ ვთქვათ _ გახარიაზე ივანიშვილს იმდენი კომპრომატი აქვს, რომ ახალი პრემიერი თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ ოლიგარქის „ბულკად“. „ოცნების“ ლიდერს ისეთი მასალები აქვს ხელში, რომ მას დღესვე შეუძლია, გახარიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.
გახარია რომ ივანიშვილის „ბულკია“, ამაზე 20 ივნისის ღამეც მეტყველებს _ უსიტყვოდ ასრულებდა მაშინდელი შს მინისტრი ლიდერის დავალებებს. ამის მიუხედავად, ივანიშვილს შეუძლია, მის წინააღმდეგ ამ საქმეზე გამოძიება დააწყებინოს, იგივე შეიძლება მოხდეს ია კერზაიას საქმეზე, ბიზნესის დატერორებაზე.
ახალი პრემიერი ისედაც არის ივანიშვილის „ბულკი“, მაგრამ ოლიგარქი კომპრომატებს თუ ამოწევს, პრემიერი კიდევ უფრო მორჩილი გახდება.
_ გახარია უმწიკვლო არ არის და რა გასაკვირია, რომ „ოცნების“ ლიდერს მასზე კომპრომატები აქვს, მაგრამ პრემიერსაც ხომ აქვს ერის მამად წოდებულზე კომპრომატები? თუნდაც ზაზა ოქუაშვილის საქმე ავიღოთ. ბიზნესმენი ამბობს, რომ როცა მას ივანიშვილმა 4 თითის კომბინაცია აჩვენა, ანუ 4 მილიონი მოსთხოვა, გახარიაც იქ იყო. მას სხვა რამეებიც ექნება ლიდერზე შემონახული.
_ რაღაცები როგორ არ ეცოდინება გახარიას, მაგრამ არა მგონია, შანტაჟზე წავიდეს. ივანიშვილს ვინც გაეჭიმა, ყველამ ცუდად დაამთავრა. „ოცნების“ ლიდერი ვერ იტანს, როცა ვინმე მასზე მეტი ძალაუფლებით სარგებლობს. როცა ხედავს, რომ ვიღაცის ხელში ხვდება ოდნავ მეტი ძალაუფლების კონცენტრაცია, მაშინვე აჩერებს და უკან აჩოჩებს იმ ადამიანს.
ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. იყო ასეთი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც პირდაპირ ეთერში ტირილით მოგვიყვა, რომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებდა, მაგრამ ივანიშვილმა გაუშვა. მერე ივანიშვილისგან მოვისმინეთ, თუ რატომ გაუშვა კვირიკაშვილი პრემიერობიდან.
ოლიგარქმა უსირცხვილოდ განაცხადა, ვტიროდი, როცა გავიგე, საქართველოში ბავშვები შიმშილობენო. კვირიკაშვილის გადაყენების შემდეგ ბავშვები ისევ შიმშილობენ, მაგრამ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად არაფერი კეთდება.
კვირიკაშვილი წავიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილს გაეჭიმა. ის ვერ იტანს ადამიანებს, რომლებსაც იმის უნარი აქვთ, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება მას პრობლემები შეუქმნან.
ამიტომ ის არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ გახარიამ საჭიროზე მეტი ძალაუფლება მოიპოვოს. ამის ილუზიები არც მთავრობის სხვა წევრებს უნდა ჰქონდეთ.
არც ის ადამიანები უყვარს, ვისაც რაღაც კაპიტალის დაგროვება შეუძლია. ივანიშვილი არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ დიდი კაპიტალი დააგროვოს. ამის მაგალითებიც მრავლად გვაქვს. თუნდაც მამუკა ხაზარაძე ავიღოთ. ხაზარაძე ვახსენეთ და გახარიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი ბიზნესმენისთვის გაგზავნილი მუქარის წერილიც შეიძლება გახდეს.
ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ და შევიგნოთ, რომ ეს კაცი ძალაუფლებას არ დათმობს. ხალხმა თუ არ აიძულა, ის საკუთარი ნებით დემოკრატიულად არავის გადააბარებს ხელისუფლებას.
_ საზოგადოებამ როგორ უნდა აიძულოს ივანიშვილი? ადამიანებს ეს ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ ქუჩაში გამოსვლა და პროტესტის გამოხატვა მაინც არავის უნდა.
_ ხალხმა, პირველ რიგში, ის უნდა გააცნობიეროს, რომ ძალა მათშია. ხალხი თუ ისევ სახლში დარჩება, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება, კიდევ უფრო გაიზრდება საწვავის, წამლების, პროდუქტებისა და კომუნალურების ფასები.
როცა ხალხი ივანიშვილს დაარწმუნებს, რომ ძალა მათშია, ოლიგარქს აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვლა. 20 ივნისის მერე უამრავი ხალხი რომ გამოვიდა ქუჩაში, „ოცნება“ დათმობაზე წავიდა. კარგად გვახსოვს, რომ ირაკლი კობახიძე არსად წასვლას აპირებდა და გადადგომაზე უარს ამბობდა.
ივანიშვილმა როგორც კი დაინახა ხალხის ძალა, მაშინვე გადააყენა კობახიძე. მისი აზრი არც უკითხავს. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებაზე განცხადება კახა კალაძეს გააკეთებინეს, ზაქარია ქუცნაშვილს კი დეპუტატის მანდატი ამოაცალეს ჯიბიდან.
როდესაც ქვეყანაში სამართლიანობა არ არსებობს, როცა სასამართლოს 0%-იანი ნდობა აქვს, მაშინ კეთილი უნდა ვინებოთ და ხელისუფლებას ჩვენი ძალა დავანახოთ. ივანიშვილმა მიტაცებული ხელისუფლება უნდა დათმოს.
_ ზემოთ თქვენ კვლევები ახსენეთ. ამ კვლევების თანახმად ყველაზე პოპულარობით ხალხში კახა კალაძე სარგებლობს. რატომ მიიჩნევა თბილისის მერი ასეთ პოპულარულად, _ განსხვავებულად რომ აცვია, თუ კარგ საქმეებს აკეთებს?
_ რატომ არის კალაძე „ოცნებაში“ ყველაზე პოპულარული, ეს ჩემთვის სერიოზულ ამოცანას წარმოადგენს. მართლა მიკვირს მისი პოპულარობა იმიტომ, რომ კაცი სადღაც არის ჩარჩენილი და „მებელს“ ვერ გასცდა.
უყვარს რუსული რეპის მოსმენა და მანქანასაც, სავარაუდოდ, ნასვამი მართავდა. ეს ვიდეო მან ჯერ თავად დადო ინსტაგრამზე და შემდეგ სასწრაფოდ გააქრო. აი, მაშინ გაჩნდა ეჭვი, რომ ის მანქანას არაფხიზელ ვითარებაში მართავდა.
ახლა რაც შეეხება მის საქმეებს: ყველა პროექტს, რომელიც თბილისის მერმა დაიწყო, სერიოზული პრობლემები შეექმნა.
კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია ხომ დაიწყო, ცოტა ხანში გამოვიდა და გვითხრა, _ 15 მილიონი, რაც სათადარიგო გზაში გადავიხადეთ, წყალში გადაყრილიაო. მიზეზად კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.
მერე ამავე კომპანიას ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები ჩააბარა. იგივე კომპანიას ჩააბარა 43-მილიონიანი პროექტი, რომელიც კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის რეაბილიტაციას გულისხმობს.
ბუნებრივია, იბადება კითხვა, _ რატომ არის ეს კომპანია ასეთი გამორჩეული, რომ ყველა ტენდერს იგებს? როცა დოკუმენტებში ჩავიხედავთ ვნახავთ, რომ ამ კომპანიის დირექტორი გახლავთ კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელი.
თბილისის მერი თან გვეუბნება, რომ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს, თან ათეულობით მილიონი ლარის კონტრაქტს უფორმებს მას.
თქვენს მკითხველს, ალბათ, ემახსოვრება, რა ამბავი გვქონდა საბავშვო ბაღებში კვების ხარისხზე. არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ 60.000 ბავშვს წამლავენ, რადგანაც მათ უხარისხო საკვებს აჭმევენ. ამის საპასუხოდ კალაძე გამოდიოდა და მატყუარებს გვეძახდა.
ცოტა ხანში თავადვე დაითხოვა ის კომპანია, რომელიც ბაღებს საკვებით ამარაგებდა. კალაძემ საკუთარი პირით აღიარა, რომ ის კომპანია არღვევდა შეთანხმებას და ბაღებში ისეთი საკვები შეჰქონდა, რაც ბავშვებისთვის მიზანშეუწონელი იყო.
უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, მაგრამ ძალიან შორს წავალთ. გეტყვით იმას, რომ მის მიერ დაწყებული არც ერთი პროექტი დათქმულ ვადებში არ დასრულებულა და როცა დამთავრდა, მათ უამრავი ხარვეზი ჰქონდა.
ეს მარტო თბილისის მერის ხელწერა არ არის, მთელი „ოცნება“ ასე მუშაობს. ვერ გეტყვით, რატომ გამოარჩია ხალხმა კალაძე სხვა მეოცნებეებისგან. ყველა თითქმის ერთნაირია.
_ კალაძის პოპულარობა თავად კალაძისთვის ხომ არ გახდება საშიში? როგორც ამბობენ, ივანიშვილს არც რეიტინგებში დაწინაურებულები უყვარს. ამ მხრივ თბილისის მერს რა სიურპრიზები ელოდება?
_ სიურპრიზებს ვერ გადაურჩება _ ივანიშვილს არ უყვარს, როცა ვინმე მასზე რეიტინგულია. „ოცნების“ ლიდერს მასზეც უამრავი კომპრომატი აქვს. პირდაპირ შეგვიძლია იმის თქმა, რომ კალაძე კორუმპირებული მერია. მისი მამხილებელი კორუფციული სქემები „მედიატორსაც“ არაერთხელ დაუდევს.
ჩვენ ვიკვლევდით, როგორ შოულობენ მერიის მაღალჩინოსნები „ატკატებით“ და ერთ პირთან მოლაპარაკებების გზით მილიონებს. საუბარია ათეულობით მილიონზე.
ფულს კიდევ იცით, რით აკეთებს მერია? _ უფასო სასადილოებით. უფასო სასადილოებში ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს აცლიან ლუკმას. ათასობით ადამიანია რიგში, რომ უფასო სასადილოს ბენიფიციარი გახდეს, მაგრამ მათ ამის საშუალებას არ აძლევენ, რადგან მათ ადგილზე ტყუილად ჰყავთ ადამიანები ჩაწერილი და ამაშიც ფულს ტეხენ. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რა საშინელ საჭმელს აჭმევენ გაჭირვებულ ადამიანებს.
საჭიროების შემთხვევაში ივანიშვილს თბილისის მერზე ბევრი რამის ამოქექვა შეუძლია. კალაძის ფანებს ძალიანაც ნუ გაუხარდებათ რეიტინგებში მისი დაწინაურება.
ჩვენი ჯიბიდან ვიხდით ფულს, რომ კალაძემ საკუთარ თავს პიარი გაუკეთოს. კალაძე იმიტომ არის ყველაზე რეიტინგული, რომ პიარში ყველაზე მეტ ფულს ეგ ხარჯავს.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კაცი მილანში ჩვენი ფულით დადის თმების შესაჭრელად. ამაზე როცა ამბავი ავტეხეთ, კალაძემ განაცხადა, მილანში ოფიციალური ვიზიტით ვიყავიო. გამოვითხოვეთ დოკუმენტები და მილანში მას არანაირი ოფიციალური შეხვედრა არ ჰქონია და იქ მხოლოდ თმის შესაჭრელად იყო ჩასული.
ამ კაცის გაშავება ივანიშვილს ყველაზე ადვილად შეუძლია, მასზე უამრავი კომპრომატი აქვს. სუსში მისი ცოლისძმის საქმეებიც აქვთ თაროზე შემოდებული. თბილისის მერი თუ ბევრს მოინდომებს, რაღაც ამბები გასკდება.
_ ჯერჯერობით არ აშავებს და ვხედავთ, რომ დედაქალაქის მერი მეოცნებეთა შორის ყველაზე პოპულარულია.
_ ჯერ მისი პოპულარობა არ აწუხებს. ეტყობა, კალაძე ჯერ ისევ ივანიშვილის სადავეების ქვეშაა. როგორც კი ამ სადავეებს გაექცევა, მაშინვე გააშავებს ივანიშვილი.
მკითხველმა ისე არ გაიგოს, რომ მარტო კალაძეა ასეთი და სხვები წმინდანები არიან. „ოცნებაში“ თითქმის ყველა კორუმპირებულია და ივანიშვილს ყველა მათგანის გაშავება ხელის ერთი მოსმით შეუძლია.
ივანიშვილიც კორუმპირებულია. ფულს ისიც აკეთებს. მერე რა, რომ მილიარდერია? ხელისუფლებაში ბევრი უქონელი მოვიდა, მაგრამ ისინი დღეს მილიონერები არიან.
ამის შედეგებს კი ჩვენ ვიმკით. ამათი გამდიდრების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ეკონომიკა გაჩერებულია და უკან-უკან მიდის.
როდესაც ჩინოვნიკები ბიუჯეტიდან იპარავენ ფულს, ბიუჯეტი ვეღარ უძლებს ამხელა დაწოლას. ბიუჯეტი რაღაცით ხომ უნდა შეავსონ, ამიტომაც ზრდიან გადასახადებს.
იქ კალაძემ ტაქსისტებს ჩაუყო ჯიბეში ხელი, აქეთ დამატებით 2%-ს აჭრიან ადამიანებს დაგროვებითი პენსიისთვის. არც ეს აღმოჩნდა საკმარისი და აქციზის გადასახადის გაზრდა მოიგონეს. კომუნალურების გაზრდაც გადაწყვიტეს, არადა, ხელისუფლებაში მოსვლამდე მათ განახევრებას გვპირდებოდნენ.
„ოცნება“ ბიუჯეტიდან ფულის მოპარვის მეტს არაფერს აკეთებს. ამ მოპარულის დაბრუნება კი ჩვენი ჯიბიდან ჩვენვე გვიწევს.
ასე გაგრძელდება მანამდე, სანამ ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნება“ იქნება. მინდა, ყველამ კარგად გაითავისოს, რომ მანამდე არფერი გვეშველება, სანამ ივანიშვილი იქნება ხელისუფლების სათავეში.
ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, რომ ხალხი რაც შეიძლება მეტად გაღატაკდეს. გაღატაკებული ხალხის მოსყიდვა უფრო იოლია. წინ კი ძალიან სერიოზული არჩევნები გველოდება.
ბევრს უჭირს, მაგრამ საკუთარ ხმებს არ გაყიდის. ასეთ ადამიანებს ივანიშვილი დააშინებს. დაშინების მაგალითებიც უამრავი გვინახავს. მარტო დაშინებას რომ სჯერდებოდნენ, რა გვიჭირს. ია კერზაია პირდაპირ ზვარაკად შესწირეს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას.
„ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი თავისი ნებით არაფერს დათმობენ. ეს ხალხმა უნდა გამოსტაცოს მათ ხელიდან ძალაუფლება.
საქართველოს კონსტიტუცია შემდეგი სიტყვებით იწყება: ხალხი არის ხელისუფლების წყარო. ხალხმა ხელისუფლებას ეს უნდა დაანახოს. ჩვენ მათ უნდა ვაგრძნობინოთ, _ იმიტომ ავირჩიეთ, რომ ხალხსა და ქვეყანას ემსახურონ და და არა პირიქით, ხალხი ემსახუროს ხელისუფლებას.
ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ასეთი ხელისუფლებები. ჩვენ არჩევნებით უნდა გავუშვათ „ქართული ოცნება“, რომელიც საკუთარი კეთილდღეობის გარდა არაფერზე ფიქრობს.

შორენა მარსაგიშვილი