დათო გამცემლიძე: „მესამე ძალის“ რესურსი ამ ქვეყანაში არ არსებობს!“

ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე „ქრონიკა+“ ისტორიკოსსა და ჟურნალისტ დათო გამცემლიძეს ესაუბრა:

_ მოგესალმები, საკმაოდ დიდი დრო გავიდა „ქრონიკა+“-სში ბოლო ინტერვიუს შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროცესი განვითარდა და მიმდინარეობს კიდეც. შეძლებისდაგვარად, შევეცადოთ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილებას. ჯერ კიდევ 2013 წლის ივნისში, მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვების შედეგად, საკმაოდ მძიმე მასალა გამოაქვეყნე, მაგრამ იმ დროისთვის ბევრისთვის გაუგებარი სათაურით _ „ქვეყანა გაჩერდა!“ გაუგებარი იმიტომ დავწერე, რომ მაშინ მოსახლეობა და, გნებავთ, პოლიტიკური კლასი ვერ გრძნობდა ამას. „ნაციონალური მოძრაობა“, ჯერ კიდევ, შოკში იყო, ხოლო „ქართული ოცნება“ _ კვლავაც გამარჯვების ეიფორიაში. საუბარი სწორედ აქედან დავიწყოთ. დღეს რა ხდება ქვეყანაში?
_ გმადლობ. დღეს ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესში შედის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის საპარლამენტო საარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ ნიშანდობლივი იქნება როგორც სამომავლო პერსპექტივის, ასევე წარსულისა და დღევანდელობის გააზრების თვალსაზრისით, რადგან საქართველოს უახლეს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა, ხელისუფლებას „მოეგო“ მესამე საარჩევნო ციკლი.
აბა, გავიხსენოთ: ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ მოიგო 1995-1999 და 1999-2003 წლების საარჩევნო ციკლი, მაგრამ პოლიტიკურადაც და ელექტორალურადაც 2003 წელს დამარცხდა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ასევე ორი საარჩევნო ციკლი მოიგო 2004 წლიდან 2012 წლამდე. თუ „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაიმარჯვებს („გამარჯვებაში“ ვგულისხმობ „სამთავრობო უმრავლესობის“ გაფორმებას საკანონმდებლო ორგანოში), ეს უპრეცედენტო მოვლენა იქნება საქართველოს ისტორიაში. შესაბამისად, ძალიან დიდი რისკის შემცველიც.
_ რისკში რას გულისხმობ?
_ ამ რისკთა შინაარსი „უმრავლესობა“-„უმცირესობით“ არ განისაზღვრება. ვინც კარგად იცნობს საქართველოს უახლეს ისტორიას, მისთვის „სათქმელი უთქმელადაც“ გასაგებია. ვიმეორებ: „მესამე ციკლი“ ამ ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა! ეს ისეთი წყალგამყოფია, რომ „უკანდასახევი გზა“ არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას არ დარჩება.
ბუნებრივია, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას. ამ არჩევნებზე შედეგის „გაუმჯობესების“ ნებისმიერი ისეთი მცდელობა, რაც, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნებზე კიდევ „გავიდა“ და „გატარდა“, უკვე ვეღარ და აღარ „გატარდება“ _ ამჯერად „სამკვდრო-სასიცოცხლო“ არგუმენტად იქცევა! მით უმეტეს, თუ შედეგი წკიპზე იქნება წაგება-მოგებას შორის.
_ რატომ?
_ ამის მიზეზი კი მხოლოდ ერთია, რაც თქვენს კითხვაშიც ჟღერდა: ნებისმიერი ხელისუფლება, დროთა განმავლობაში, „იჟანგება“. მით უმეტეს, „დაიჟანგება“, თუკი ჯიუტად არ სურს ან არ შეუძლია გამოიყენოს თანამედროვე სოციალური კომუნიკაციის ინსტრუმენტები, როგორიცაა „დრაივი“ და „ლიდერშიპი“, ანუ მთლიანობაში, შესძინოს საზოგადოებას პერსპექტივის განცდა.
ადამიანიც და საზოგადოებაც ყველაფერს მოითმენს, ყველაფერს აიტანს უიმედობისა და უპერსპექტივობის, ანუ ჩიხურობის განცდის გარდა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
ბოლო გამოკითხვებით პოტენციურ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი „გადაუწყვეტელია“. და თუ ქვეყანაში „ცნობიერი კრიზისი“, საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური დეპრესიის განცდა გაძლიერდა, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ეს „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი“ საშუალებას არ მისცემს „ქართულ ოცნებას“, თუნდაც „პატრიოტთა ალიანსთან“ კავშირში შექმნას „სამთავრობო უმრავლესობა“ მომავალ პარლამენტში, რაც მარცხის ტოლფასი იქნება, რაკი ოპოზიცია, ყველა განსხვავებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, უეჭველად შეძლებს ასეთ შემთხვევაში კოალიციის ჩამოყალიბებას. მით უმეტეს, „პროპორციული არჩევნებისა“ და „ნულოვანი ბარიერის“ პირობებში.
_ ერთი ციტატა მინდა მოვიხმო სწორედ ამ სტატიიდან. მართალია, მისი კონტექსტი სხვა არის, მაგრამ არსებულ ვითარებაში, ვგონებ, განზოგადებაც არ იქნება ურიგო: „ალბათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევძლოთ სტერეოტიპებზე უარის თქმა და მივეჩვიოთ პარადოქსულ აზროვნებას. ძალიან ძნელია, მაგრამ ამის გარეშე ინტელექტუალურ ჭაობში ჩავრჩებით, რომელიც სხვა ყოველმხრივ დაჭაობებასაც განაპირობებს“. ცხადია, რომ ჩვენ ისევ და ისევ ინტელექტუალურ და მეტიც _ ფსევდოინტელექტუალურ ჭაობში ვართ… რთული იქნება ამაზე პასუხის გაცემა, მაგრამ როგორ ამოვიდეთ ამ უიმედო ვითარებიდან? ეს ჭაობი უფრო და უფრო გვიწოვს და ვერც კი ვხვდებით, რომ შესაძლოა, დაგვახრჩოს.
_ ჩემი აზრით, უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და მმართველ პარტიას, მაგრამ სამომავლო პერსპექტივისა და განვითარების თვალსაზრისით დიდია ასევე ოპოზიციის, მთელი „პოლიტიკური კლასის“ პასუხისმგებლობაც, რათა ქვეყანას განვითარების „ალტერნატიული პროექტი“ შესთავაზონ.
ეს ძალიან ძნელია… ბევრად იმაზე რთულად წარმოსადგენი, ვიდრე ხელისუფლების წარმატება _ დღეს მაინც შექმნას ქვეყანაში განვითარების ატმოსფერო, რათა ადამიანებს დაახლოებით იმ სულისკვეთებით არ უხდებოდეთ ცხოვრება, როგორც 2003 წლის სრული დეგრადაციისას.
რეალურად, ვინც არ უნდა ამტკიცოს საპირისპირო, ჩემი ღრმა რწმენით, განსხვავებით ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებისგან, საქართველოში საარჩევნო ციკლისა და ხელისუფლებების ბედს არა ყბადაღებული „მაცივარი“, არა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკა, არამედ სწორედ ეს „ატმოსფერო“ წყვეტს. ასევე პერსპექტივის განცდა და მომავლის ხედვა.
სწორედ ამიტომ, უთანხმოებათა მიუხედავად, პოლიტიკური ელიტა ვალდებულია, განვითარების მკაფიო „ალტერნატიული პროექტი“ შეიმუშავოს, ანუ ის ძირითადი პროგრამული დებულებები, რაც აღემატება ჩვეულ ფორმულას, „ყველა ერთის წინააღმდეგ“ და „ოღონდ ეს მოვიშოროთ და მერე ვნახოთ“.
„მესამე ციკლისთვის“ ამან, შეიძლება, „იმუშაოს“ კიდეც, მაგრამ მეტისმეტად ტრავმული გამოდგეს, რაც კარგს არაფერს გვიქადის 2020 წლის არჩევნების დროს, როცა უეჭველად გაჩნდება კითხვები არჩევნების ლეგიტიმურობის, გაყალბების, მოსყიდვის შესახებ.
_ ამ შემთხვევაში ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური კლასი საზოგადოებას ახალს არაფერს სთავაზობს და ერთ წრეზე ატრიალებს…
_ ქართველ პოლიტიკოსთა უდიდეს ნაწილს ჯიუტად არ სურს გაითვალისწინოს, რომ კატასტროფულად საშიშია, ამომრჩეველს გაუჩნდეს განცდა არჩევანისა „ძველსა“ და „ყოფილს“ შორის. ნორმალური, ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში ეს არანაირი კატასტროფა არ არის, მაგრამ ჩვენი ქვეყნის პირობებში, ჩვენი უახლესი ისტორიისა და დღევანდელობის გათვალისწინებით, ამგვარი დილემის წინაშე ამომრჩევლის დაყენებამ შესაძლოა, რისკები კიდევ უფრო გაზარდოს. ამიტომ, ჩემი აზრით, ქართულმა პოლიტელიტამ უნდა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ „ოცნების“ ალტერნატივა არის არა „ყოფილი“, არამედ „სხვა“, რაც გამორიცხავს იმ მტკივნეული პრობლემების გაცოცხლებას, რამაც 2012 წლის გარდატეხა განაპირობა.
ეს, ვიმეორებ, ძალიან ძნელია, ვინაიდან „ახალი სახეებისა“ და „ახალი ლიდერების“ პერსპექტივა სათუოა. ბოლო დროს ყველაზე სერიოზული განაცხადი, ამ მხრივ, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა, თუმცა ჯერ მაინც ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა ეს წარმატებული ბიზნესმენი, ასეთივე წარმატებული იყოს პოლიტიკურ ასპარეზზეც. ბიზნესის ნიჭი რომ საამისოდ საკმარისი არ არის, იმავე ბიძინა ივანიშვილის მაგალითი ადასტურებს.
_ როგორ ფიქრობ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს გააზრებული აქვს განსხვავება სახელმწიფოსა და ქვეყანას შორის?
_ საინტერესო კითხვაა, რომელიც შინაარსობრივად სხვა კითხვას უკავშირდება: რამდენად აქვთ გააზრებული სხვაობა საკუთარ პარტიულ და ქვეყნის ინტერესებს შორის? შემდეგ, აქედან გამომდინარე, რამდენად აქვთ გააზრებული სხვაობა საკუთარ პარტიულ სტრუქტურებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის მაშინ, როდესაც ამ ინსტიტუტებს პარტიული კადრებით აკომპლექტებენ და პარტიული ინტერესებისთვის იყენებენ?
ეს მართლაც ძალიან აქტუალური კითხვაა მაშინ, როდესაც პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, პროპორციული არჩევნებისთვის ვემზადებით. შესაბამისად, ნებისმიერი კონფიგურაციისას, პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები, შესაძლოა, ათზე მეტიც იყოს _ აუცილებლად შეეცდებიან თავიანთი საკანონმდებლო წარმომადგენლობის „კონვერტაციას“ _ აღმასრულებელ და რეგიონულ ინსტიტუტებში საკუთარი „კადრების“ ინკორპორირებით. ამ საკითხებს ისინი აუცილებლად დააყენებენ თავიანთი პარტიების გასაძლიერებლად ადგილებზე.
თუმცა ამ პრობლემას ვერ გავექცევით _ ეს გარდაუვალია და მრავალპარტიულობის „გვერდით მოვლენად“ უნდა ჩაითვალოს დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის ისეთი მყიფე ტრადიციის ქევყანაში, როგორიც საქართველოა.
_ და ამ ყველაფერს როგორ აღიქვამს საზოგადოება? ჩვენ ხომ ეს უკვე გავიარეთ არაერთხელ _ პოლიტიკური ვაჭრობა, გარიგებები…
_ ბუნებრივია, მედიაც და საზოგადოებაც ამას, ალბათ, „ვაჭრობად“ აღიქვამს, მაგრამ პასუხისმგებელმა ელიტებმა ხალხს უნდა აუხსნან, რომ მრავალპარტიულ დემოკრატიაში პოლიტიკური ვაჭრობა, გარიგებები, შერიგებები, გაყოფანი და ა. შ., უბრალოდ, გარდაუვალია.
ამას დრო მოუვლის. თუ, რასაკვირველია, საუბარია პოლიტიკურ ვაჭრობაზე თუნდაც პარტიული გავლენის გასაზრდელად და არა კორუფციაზე, კანონის დარღვევით ეკონომიკის „მსუყე ნაჭრების“ ხელში ჩაგდებასა და ა. შ.
აქ მედიას განსაკუთრებული როლი ეკისრება. ოღონდ, ჩემი აზრით, თვით „პოლიტიკური ვაჭრობის“ თემის მეტისმეტმა გამწვავებამ შესაძლოა, კოალიციურობის, როგორც ასეთის და თვით მრავალპარტიულობის დისკრედიტაცია გამოიწვიოს. ეს კი, პოსტსაბჭოური მენტალობის პირობებში, ისევ ერთპარტიულობისა და „ძლიერი ხელისკენ“ მისწრაფებას განაპირობებს. ამ პრობლემას, ვიმეორებ, დრო და დემოკრატიული განვითარება უმკურნალებს. ამგვარი გზა ყველა დემოკრატიამ გაიარა.
_ გვერდს ვერ ავუვლით გახარიას პრემიერად დანიშვნის ფაქტს. გასაგებია, რომ ხალხს უყვარს ძლიერი ხელისუფლება, უფრო სწორად, ანგარიშს უწევს ძალას. თუმცა საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი, რომელიც ღიად არ გამოხატავს პოზიციებს, პრივატულ საუბრებში ამ დანიშვნას ფსიქოლოგიურ ძალადობას უწოდებს. რამდენად არის გახარია ივანიშვილის წარმატების საიდუმლო, რომელმაც 2020 წელს გამარჯვება უნდა უზრუნველყოს?
_ გიორგი გახარიას დაწინაურება, ჩემი აზრით, რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა. ჯერ ერთი, გახარიას, განსხვავებით მისი წინამორბედებისგან, „თვითკმარი პოლიტიკური რესურსი“ აქვს. არც ღარიბაშვილს, არც კვირიკაშვილს, არც ბახტაძეს ამგვარი რესურსი არ გააჩნდათ, ანუ არანაირი, თუნდაც მცირე ქარიზმა არ ჰქონდათ, რომელიც ხალხში მათ აღქმას განაპირობებდა ბიძინა ივანიშვილის სახელისუფლებო ქარიზმასთან „მიბმის“ გარეშე.
მარტივად თუ ვიტყვით, მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის გამოთქმა, „გახარია მაგარია“, ისე აბსურდულად არ ჟღერს, როგორც წინამორბედებთან დაკავშირებთ გაიჟღერებდა.
მართალს ბრძანებთ, რომ მოსახლეობის ეს ნაწილი ხელისუფალს იმის მიხედვით აფასებს, თუ მისი აზრით, რამდენად „გამკეთებელია“ და „ძლიერი“. ვერც ამ რეალობასა თუ მოცემულობას გავექცევით; ეს ჩვენი ქვეყანაა _ მისი მენტალობით და საბჭოური დანატოვარით.
მეორე მიზეზი, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებისა, როგორც ჩანს, ის იყო, რომ მას არ სურდა საკუთარი სისუსტის დემონსტრირება: იმავე მენტალური მიზეზით, ნებისმიერი ხელისუფალისთვის საქართველოში ძალიან საშიშია, როდესაც იგი ოპოზიციის ულტიმატუმს თანხმდება და ამით „უკან იხევს“, „სისუსტესა და შიშს ამჟღავნებს“. 20 ივნისის შემდეგ პროპორციულ არჩევნებზე თანხმობა ხომ ისედაც „უკანდახევად“ აღიქვა ამომრჩევლის იმ ნაწილმა, რომელიც, ტრადიციულად, პოლიტიკას აკვირდება, როგორც „გლადიატორთა ბრძოლას“ და საბოლოოდ ხმასაც „გამარჯვებულს“ აძლევს კენჭისყრისას.
არის კიდევ მესამე მიზეზი: ზოგიერთი სიმპტომი მეტყველებს, რომ გიორგი გახარია, რთული გადაწყვეტილებების მიღებისას, უფრო ნაკლებად შეეცდება პასუხისმგებლობის ბიძინა ივანიშვილზე „გადაკისრებას“, ვიდრე მისი წინამორბედნი. არადა, მმართველი პარტიის ლიდერმა ერთხელ ღიად თქვა, რომ არ არის ვალდებული, ყველაფერზე თავად იკისროს პასუხისმგებლობა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში.
გიორგი გახარია მილიარდერს წარმოუდგენია ისეთ ლიდერად, რომელიც მისი გავლენის არეალიდან არ/ვერ გავა, ანუ კონტროლს დაექვემდებარება, მაგრამ გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს.
დაბოლოს, გიორგი გახარია, ცნობილი მიზეზების გამო, ყველაზე „კომფორტული“ ფიგურაა მოსკოვთან დიალოგისთვის მაშინ, როდესაც „ჩრდილოური წნეხი“ იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება საარჩევნოდ.
_ საკმაოდ ამომწურავი პასუხია. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობენ, ამის გენერატორი ყოველთვის ოპოზიციაა. როგორი აფასებ ამ ფლანგზე არსებული ძალებს? რა პოზიტივებს ხედავ მათ ქმედებებში და რა არის მათი აქილევსის ქუსლი? რამდენად უნდა ველოდოთ „ნანატრი“ მესამე ძალის გამოჩენას და როგორი უნდა იყოს, ზოგადად, ოპოზიციის სტრატეგია? ბარემ, აქვე ვიკითხავ, რამდენად ეფექტიანი და წარმატებული აღმოჩნდება ფორმულა „ყველა მინუს ერთი“?
_ „მესამე ძალის“ რესურსი ამ ქვეყანაში არ არსებობს! 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა წარმატებით „გაკრიფა შუა“, ახლა კი მისი მთავარი მოწინააღმდეგე, ე. ი. მიხეილ სააკაშვილი, იმავეს „ახერხებს“ არანაკლები წარამტებით, ანუ „შუას გაკრეფას“.
ბევრს ძალიან არ მოსწონს, იქნებ, ჩვენც არ მოგვწონდეს, რომ ამგვარი რეალობა, მოცემულობა, ალტერნატივა ჩამოყალიბდა: „ან ბიძინა, ან მიშა“. ე. ი. პოლიტიკურ მოცემულობაში გვაქვს ძალები, რომელიც ან ერთ პოლუსთან ოსოცირდება, ან _ მეორესთან. მაგრამ რეალობაა და რეალობას უნდა შევურიგდეთ.
ზემოთ ვახსენე „ყოფილი“ და „ძველი“. ვიმეორებ: სწორედ ეს არის ოპოზიციური სპექტრის ამჟამინდელი პასუხისმგებლობა, რომ ამ პოლარიზების პირობებში და იმ მოცემულობის გათვალისწინებით, როცა ნამდვილად არ გვაქვს „ახალი“ ან „მესამე“ ძალის რესურსი, მოახერხონ იმგვარი პროექტის შემუშავება, რაც ოპოზიციურად განწყობილ ან გადაუწყვეტელ ამომრჩეველს მისთვის სასურველი არჩევანის გაკეთების საშულებას მისცემს არა „ყოფილის“, არამედ „სხვა ალტერნატივის“ სასარგებლოდ. თუნდაც კარგად ნაცნობი სახეებით.
„სხვა“ ამ კონტექსტში სულაც არ ნიშნავს მაინცდამაინც „ახალსა“ და „უცნობს“. საიდან უნდა მოვიდეს ან ერთი ან მეორე? განა, იგივე მამუკა ხაზარაძე „უცნობია“? განა, საზოგადოებრივი რენომე და ცნობადობა არ ჰქონდა? მაგრამ მისი შემოსვლა პოლიტიკაში იმიტომაც არის საინტერესო, რომ ის არა „პერსონიფიცირებულად ახალ“, არამედ შინაარსობრივად, პროგრამულად „სხვა“ ალტერნატივას ქმნის.
_ 2012 წლიდან დღემდე არც ერთი არჩევნების დროს ოპოზიციამ სტრატეგია არ შეცვალა და დიახაც, საკუთარ თავს წარმოაჩენდა, როგორც „ყოფილი“ ძლიერი და „ყოფილი“ წარმატებული. ამ პირობებში მას და მის მხარდამჭერებსაც მუდამ ავიწყდებოდა, თუ რა მიზეზების ერთობლიობამ განაპირობა მისი „ყოფილობა“. და არის კი შანსი, რომ ახლა გაიაზრებს ამოცანას და სტრატეგიას სხვაგვარად?
_ ისევ და ისევ, შეუძლებელია, არ ვაღიაროთ, რომ ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ექნება მიხელ სააკაშვილის პოზიციას: რამდენად დაეხმარება იგი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, შეუქმნას მოსახლეობას ასეთი ალტერნატივა: არა „ძველსა და ყოფილს“, არამედ „ძველსა“ და შინაარსობრივად, პროგრამულად, დოქტრინალურად „სხვას“ შორის. თუნდაც ნაცნობი სახეებით და გამოცდილი პოლიტიკოსებით. წინააღმდეგ შემთხევვაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ამას არ დაეთანხმება და ამას არ მოინდომებს, მაშინ ალტერნატივაში _ „ძველი“ თუ „ყოფილი“? _ 2020 წლის არჩევნებზე ისევ „ძველი“ გაიმარჯვებს, ყველაფრის მიუხედავად!
მოსწონს ვინმეს თუ არა, სააკაშვილი რჩება ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ფიგურად ქართულ პოლიტიკაში. შესაბამისად, მის გადაწყვეტილებაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
_ როგორ ფიქრობ, იმუშავებს ფორმულა, „ყველა მინუს ერთი“, თუნდაც ერთიანი ოპოზიციური პლატფორმის შესაქმნელად და იმ სტრატეგიის წარმოსაჩენად, რაზეც ზემოთ ისაუბრე?
_ იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ, ვიმეორებ: ეს არ იქნება არჩევანი „ძველსა“ და „ყოფილს“ შორის, არამედ არჩევანი „სხვა ალტერნატივის სასარგებლოდ“, თუნდაც ეს „სხვა“ არა ახალმა სახეებმა, არამედ ცნობილმა პოლიტიკოსებმა შექმნან, ოღონდ ისეთი „პროექტით“, რაც არა მხოლოდ „ოცნების“, არამედ მათივე ადრინდელი პროექტის ალტერნატივად აღიქმება და ამ მხრივ განიხილება „განსხვავებულად“. უფრო რომ დავაზუსტოთ: არ არის აუცილებელი, ეს ალტერნატივა მაინცდამაინც „ახალმა სახეებმა“, „ახალმა ძალამ“ შექმნან. მაგრამ ყოვლად აუცილებელია, ეს იყოს „ახალი პროექტი“ და, რაც მთავარია, ხალხმა ირწმუნოს, რომ ეს სწორედ „ახალი პროექტია“ _ განსხვავებული არა მხოლოდ „ოცნების“ 2012-2020 წწ.-ების, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ 2004-2012 წწ.-ების პროექტისგან.
_ და თუ ეს ვერ მოხერხდა?
_ თუ ქართული პოლიტელიტა ამას ვერ მოახერხებს ერთი წლის განმავლობაში, მაშინ მომავალ შემოდგომაზე სერიოზულ პრობლემებს უნდა ველოდოთ. მათ შორის რევოლუციური სცენარის განხორციელების ალბათობასაც.
_ ისე, რევოლუციას პოლიტიკოსებისთვის თავისი ხიბლი აქვს. ლოკალურ პერიოდში უკიდურესი პოლიტიკური ნაბიჯების საშუალებას იძლევა, მაგრამ ახლა არ განვავრცობ ამ თემას. სხვა რამეს ვიკითხავ: NDI-ის ბოლო კვლევა: „ქართული ოცნება“ – 19%, ენმ _ 9%, „პატრიოტთა ალიანსი“ _ 5%. ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მომხრე _ 78% და საბჭოთა ნოსტალგიის მქონე _ 41%. როგორ გააანალიზებდი ამ ციფრებს, მით უფრო, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე? ძალთა რა განლაგებას უნდა ველოდოთ საარჩევნოდ და არჩევნების შედეგად?
_ ალბათ, დროა, ვაღიაროთ, რომ ეს კვლევები, რაოდენ ავტორიტეტული ორგანიზაციებიც არ უნდა იყოს მათი დამკვეთი, ქართული პოლიტიკური რეალობის შესაფასებლად სრულიად არარელევანტური და გამოუსადეგარია.
_ რატომ?
_ მთავარი მიზეზი ასევე სისტემურია, თანაც იოლად გაზომვადი, გასაგები და შესაფასებელი: როდესაც რესპონდენტთა არათუ ნახევარი, არამედ ორი მესამედი საერთოდ უარს აცხადებს გამოკითხვაში მონაწილეობაზე, ე. ი. „კარიდან უკან აბრუნებს“ მასთან მისულ ექსპერტს _ არ აგვერიოს იმ კატეგორიაში, რომელიც თანხმდება, თუმცა კითხვებს არ პასუხობს ან უარს ამბობს დაასახელოს არჩევანი, ან ამბობს, რომ გადაწყვეტილება „ჯერ“ არ მიუღია, პოლიტიკურ ძალთა რეალურ დისპოზიციაზე მსჯელობა ფუჭია!
არჩევნების ბედს სწორედ ხსენებული ორი მესამედი გადაწყვეტს. ხოლო გადაწყვეტილებას, ეს კატეგორიული უმრავლესობა, საარჩევნო კამპანიის ბოლოსკენ მიიღებს, როგორც ყოველთვის და მისი გადაწყვეტილება ზემოხსენებულ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული; გააჩნია, რა ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდება საბოლოოდ, სანამ საარჩევნო ყუთთან მივა ან საერთოდ არ მივა და ესეც მისი არჩევანი იქნება.
აქედან გამომდინარე, სავსებით შეიძლება მოხდეს ის, რაც მოხდა 2012 წელს, ანუ „ქართული ოცნების“ 19% იქცეს 10%-ად, ხოლო ოპოზიციის ჯამური პროცენტი გაორმაგდეს ან გასამმაგდეს.
რაც შეეხება „ევროოპტიმისტებსა“ და „საბჭოთა ნოსტალგით შეპყრობილებს“, საქართველოში ეს საარჩევნო ფაქტორი საერთოდ არ არის, რადგან, მაგალითად, „საბჭოთა ნოსტალგიით“ ან „ევრაზიულ კავშირში შესვლის“ სურვილით შეპყრობილი ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივა იმ უბრალო მიზეზით, რომ შესაბამისი „პროექტის“ მატარებელი პარტია ქვეყანაში არ არსებობს და ვერც იარსებებს ოკუპაციის, ბორდერიზაციის, არჩილ ტატუნაშვილის მსგავსი მხეცური მკვლელობებისა და განგრძობადი გენოციდის პირობებში… მაგალითად, გალში, სადაც ადამიანებს აიძულებენ ეთნიკური იდენტობის შეცვლას.
ირმა ინაშვილი და თარხან-მოურავიც არ ამბობენ, რომ „ევრაზიულ კავშირში“ ან „რუსეთ-ბელარუსის კავშირში“ აპირებენ შესვლას. „გულის სიღრმეში ეს უნდათო“ არ ითვლება _ ღიად არ ამბობენ, ანუ პოლიტიკურ დისკურსს არ ქმნიან ამ თვალსაზრისით. ეს არის მთავარი.
_ საქართველოს საგარეო ვექტორი, ანუ საქართველო და რუსეთი, საქართველო და დასავლეთი. თავი დავანებოთ ოპოზიციის ნარატივს, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსულია, არამედ შევეცადოთ, ფაქტებზე დაყრდნობით ავხსნათ, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი საით არის მიმართული.
_ ურთიერთობას „გეოპოლიტიკურ სამკუთხედში“ რუსეთი-დასავლეთი-საქართველო განსაზღვრავს ის სტატუს-კვო, რაც ჩამოყალიბდა 2008 წლის კატასტროფის შედეგად.
პირველ რიგში, დიდი მადლობა გვეთქმის ევროკავშირისადმი, რომელმაც პოსტსაბჭოური სივრცისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და სწორედ ამ სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად, ანუ მისი გაუარესების თავიდან ასაცილებლად განალაგა საოკუპაციო ზოლზე ასეულობით დამკვირვებელი.
მართალია, ევროკავშირის მონიტორები და ოფიციალური ბრიუსელი ვერ უშლიან და ვერც შეუშლიან ხელს მოსკოვსა და სეპარატისტულ ცხინვალს, ააგონ მავთულხლართები ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ საზღვარზე 1984 წლის საბჭოთა რუკების შესაბამისად, ანუ განახორციელონ „ბორდერიზაცია“, მაგრამ ეს სწორედ იმ სამწუხარო და სავალალო „სტატუს-კვოს“ შედეგია, რაც რუსული აგრესიის შედეგად დადგინდა 2008 წელს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, დასავლეთში არადეკლარირებულად მიაჩნაით, რომ სანამ ეს „მავთულხლართი“ 1984 წლის „საზღვარს“ რეალურად არ გადმოსცდება, მოსკოვი სტატუს-კვოს შესახებ არაფორმალურ(!) შეთანხმებას არ არღვევს. აი, თუკი დაარღვევს, მაშინ დასავლეთის პოზიცია, ალბათ, იმედია, ბევრად აქტიური იქნება.
ეს არის, ვიმეორებ, ძალიან სამწუხარო, ძალიან მტკივნეული რეალობა, მაგრამ რეალობაა.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, განალაგოს პოლიციის პოსტი სოფელ წნელისთან, 1984 წლის „საზღვრის“ მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იყო თამამი, სარისკო, თუმცა, ალბათ, გარდაუვალი, რადგან მოსკოვი და ცხინვალი გუგუტიანთკარის შემდეგ უკვე ხაშურის რაიონის ტყის მასივის „შემოღობვას“ იწყებდნენ იმავე „რუკების“ შესაბამისად.
ეს სიტუაცია მკაფიო ილუსტრაციაა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ვართ მართლაც და რამდენად ძნელია თბილისისთვის ეროვნული ინტერესების დაცვა მაშინ, როდესაც ხსენებული „სასტუს-კვო“ სხვა მრავალი რისკის შემცველიცაა.
თუმცა სისტემური მოცემულობა მაინც ის გახლავთ, რომ ხსენებული „სამკუთხედის“ ორ მხარეს არ აქვს თანაბარზომადი სტრატეგიული ინტერესი მესამე მხარის _ საქართველოს მიმართ. ანუ რუსეთის ინტენცია, აღადგინოს სრული კონტროლი საქართველოზე და მოაქციოს ჩვენი ქვეყანა ახალი იმპერიის ფარგლებში, შესაბამისად, დაბლოკოს სამხრეთ კავკასიის „კვანძის“ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო-კომუნიკაციური დერეფანი საქართველოს სახით, ვაითუ იმაზე აღმატებული აღმოჩნდეს, ვიდრე დასავლეთის ნება, ეს არ დაუშვას მაშინ, როცა მოსკოვთან სხვა უამრავი პრობლემაც აქვს განსახილველი და „სავაჭრო“: უკრაინა, ირანი, ჩრდ.კორეა… ბირთვული არსენალის შემცირება, ბირთვული ტექნოლოგიების გაუვრცელებლობა, საშუალო სიშორის რაკეტათა განლაგება კიონინგსბერგში, ენერგეტიკა და ა. შ.
ამიტომაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, საქართველოში იყოს მრავალპარტიული დემოკრატია და მუდმივად გვქონდეს საშუალება აპელირებისა არა მხოლოდ და არა იმდენად გეოპოლიტიკური ინტერესებისადმი, რაც შესაძლოა ვაჭრობის საგნად აქციოს ამა თუ იმ დასავლელმა პოლიტიკოსმა, არამედ დასავლური ღირებულებებისადმი.
თვით „დასავლური ვექტორი“, საბედნიეროდ, ეჭვს არ იწვევს. მარტივი კითხვა დავსვათ ტესტის სახით: დღეს რომ ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლებას NATO-ს წევრობა ან თუნდაც MAP-ი შესთავაზონ შესაბამისი სამხედრო-პოლიტიკური გარანტიებთ, ივანიშვილ-გახარიას მთავრობა უარს ეტყვის? გამორიცხულია! წინადადება დამთავრებულიც არ ექნებათ ჩვენს მეგობრებს, რომ დადებით პასუხს მიღებენ იმის მიუხედავად, რა ეკონომიკურ ან სატრანსპორტო სანქციებს განახორციელებს საპასუხოდ მოსკოვი.
ან, დავუშვათ, დღეს ამერიკამ რომ შესთავაზოს საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო ბაზების განლაგება ქვეყნის „გადარჩენილ ტერიტორიაზე“, ივანიშვილ-გახარიას ხელისუფლებისგან უარს მიიღებენ? გამორიცხულია, ისევ და ისევ, იმის მიუხედავად, რა ეკონომიკურ, სავაჭრო, სატრანსპორტო თუ ენერგეტიკულ სანქციებს გამოიყენებს მოსკოვი.
მაგრამ, ჯერჯერობით, ცხოვრება გვიწევს იმ სტატუს-კვოსა და „სამკუთხედის“ პირობებში, რომელიც შევეცადე, აღმეწერა.
_ NATO ახსენე… ექსგენმდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გამოთქმული მოსაზრების შემდეგ წერდი, „რატომ არ გვაძლევთ MAP-ს?“ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფრაზა: „ამერიკამ წაგვართვა რამე?“. აქვე ნურც ის დაგვავიწყდება, რომ პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ერთი ნაწილი კულუარულ საუბრებში აცხადებს, რომ MAP-ი იქნება წითელი ნაჭერი, რომელიც რუსეთს კი არ შეაჩერებს, არამედ გაავეშებს და შესაძლოა, მორიგი აგრესიისკენ უბიძგოს. ეს თემა გავშალოთ და ისიც ავხსნათ, როგორ უნდა დაჩქარდეს ნატოში ინტეგრაციის პროცესი?
_ MAP-ი არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური და ადმინისტრაციული „ინსტრუმენტი“, ანუ იმ პროცესის პოლიტიკურად და ადმინისტრაციულად „აღმძრავი“ მექანიზმი, როდესაც ჯერ ხდება ქვეყნის ოფიციალურად, მაშასადამე, პოლიტიკურად „კანდიდატად“ აღიარება, შემდეგ კი ამ ინსტრუმენტის მეშვეობთ იწყება კონკრეტული „ინჟინერინგი“ ქვეყნის მოსამზადებლად სრულუფლებიანი წევრობისთვის, ე. ი. მის ჩასართავად ალიანსის სამხედრო-პოლიტიკურ სისტემაში. MAP-ი არის ამ მიმართულებით ალიანსის წევრთა პოლიტიკური კონსენსუსის გამოხატულება და ამიტომაცაა შეუცვლელი.
ვიმეორებ: უპირველესი, მაინც, პოლიტიკური შემადგენელია. ე. ი. საქართველოს ოფიციალურად _ კონსენსუსურად, აღიარება „კანდიდატ ქვეყნად“. აქედან გამომდინარე, ვერანაირი „ყოველწლიური პროგრამები“ MAP-ს ვერ შეცვლის, რადგან ეს და მსგავსი პროგრამები ამგვარ „ინსტრუმენტად“ არ განიხილება. საბჭოთა ბლოკის დაშლის შემდეგ, როცა ევროპაში ახალი წონასწორობა დამყარდა, არც ერთი ქვეყანა NATO-ში არ გაწევრებულა MAP-ის გვერდის ავლით.
თუ დასავლეთი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს „კანდიდატ ქვეყნად“ აღიარების შესახებ, სწორედ ამის შემდეგ MAP-ის ფარგლებში შეიძლება ვიმსჯელოთ რასმუსენის აბსოლუტურად კეთილგანწყობილ წინადადებაზე, რომ თბილისი კისრულობს ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და თანახმაა, NATO-ს წესდების მეხუთე პუნქტი დროებით არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ოღონდ ელემენტარული ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ასეთი შიდა და გარე პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან სარისკო, საშიში „ინტერპრეტაციების“ მრავალი საფრთხის შემცველი ინიციატივით და განცხადებით საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექნება 1000%-იანი გარანტია, რომ სანაცვლოდ ნამდვილად მიიღებს თუნდაც MAP-ს!
იმ ვითარებაში კი, როდესაც რასმუსენის წინადადებას „ოფიციალურმა ბრიუსელმა“ მხარი არ დაუჭირა _ იხილეთ ჯეიმს აპატურაის შინაარსობრივად ერთმნიშვნელოვანი და ტონალობით საკმაოდ „მკვახე“ რეაქცია, _ ამგვარი განცხადება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არა მხოლოდ პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნებოდა, ეს კიდევ არაფერი, არამედ ქვეყნის ინტერესებსაც დააზიანებდა.
_ ანუ?
_ უკაცრავად, მაგრამ „ეგება-იქნებას“ იმედად ოფიციალური თბილისი ასეთი ინიციატივით ვერ გამოვიდოდა და ვერც გამოვა, რაოდენ მადლობელიც არ უნდა ვიყოთ NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნისა მისი კეთილგანწყობილი წინადადებისთვის, რომელიც, სინამდვილეში, იოტისოდენად არ აყენებს ეჭვქვეშ „დე-იურე“ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
_ ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპირებული ტერიტორიები _ ჩვენ არაერთხელ გვიმსჯელია ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე. რამდენად სასარგებლო და ეფექტიანია ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ამ მიმართებით ატარებს? „შერიგების მინისტრის“ არსებობის პირობებში არის კი შერიგების რაიმე ნიშანწყალი და რა არის ის კონკრეტული ქმედება, რომელმაც ამ მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილება უნდა გამოიწვიოს?
_ ჩემი შთაბეჭდილებით, საქართველოს ხელისუფლება ამჟამად გაფაციცებით ცდილობს, როგორმე შეინარჩუნოს ის სტატუს-კვო, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, ანუ არ დაუშვას მისი თუნდაც გაუარესება.
ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს!
რაც შეეხება შერიგებას სეპარატისტულ რეჟიმებთან, ეს მიმართულება სრულიად უპერსეპექტივოა: არც სოხუმში, არც ცხინვალში არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მოსკოვის „წარბის აქნევის“ გარეშე არ მიიღებენ.

გეგა სილაგავა