რომან გოცირიძე: „სალომე ზურაბიშვილი მოსიარულე საფრთხედ გადაიქცა“

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 28 აგვისტოს, მარიამობას, 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის ორი მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, ერთი მათგანი კი ძებნაში იყო. აღნიშნულმა ფაქტმა პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში, პროტესტი გამოიწვია, ოპოზიცია კი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ალაპარაკდა. ამ მოვლენების პარალელურად, NDI-მ კვლევები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 9%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 4% უჭერს მხარს.

რამდენად რეალურია პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი? როგორ აღიქვამს ოპოზიცია სკანდალურ შეწყალებას? რაზე მეტყველებს NDI-ის კვლევები და როგორ აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ესაუბრა:

_ ბატონო რომან, პრეზიდენტი მორიგ სკანდალში გაეხვია, მან სამი მკვლელი შეიწყალა. „ევროპული საქართველო“ კორუფციის ნიშნებზე მიუთითებს და ერთ-ერთ ფიგურანტად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან დიმიტრი გაბუნიას ასახელებს, თქვენ როგორ ხსნით ამ რეალობას და იქცევა თუ არა ეს ფაქტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიზეზად?
_ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას არ აქვს არავითარი რაციონალური ახსნა, ვერც ჰუმანურობის თვალსაზრისით, ვერც პოლიტიკური მიზანშეწონილობით და ვერც სხვა რაიმე ლოგიკით. თავი დავანებოთ იმას, რომ ძალიან დააზარალა ის პარტია, რომლის სახელითაც იყრიდა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებზე და თუნდაც ესეც უნდა გაეთვალა, თუ, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების წყარო თავად „ქართული ოცნება“ და მისი ხელმძღვანელი არ არის, მაგრამ თუ ეს ასე არ გახლავთ, ბუნებრივია, პირველ რიგში, კორუფციაზე უნდა ვიფიქროთ, ანუ იმ ადამიანებზე, რომლებმაც მოახერხეს პრეზიდენტის მაგიდამდე მისვლა და მიიტანეს დოკუმენტი, რომელზეც მან ხელი მოაწერა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი პრეზიდენტია. მან, რეალურად, 1 წელიწადია, მოშალა ის სისტემა, რომელიც, ავად თუ კარგად, არსებობდა. 1 წელიწადია, არ არსებობს შეწყალების კომისია და არავითარი წინასწარ მოსამზადებელი სამუშაო; ე. წ. ფილტრი, რომელიც ობიექტურად განსაზღვრავდა შესაწყალებელ ადამიანთა სიას და საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებდა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს აქვს უფლება, ყოველგვარი კომისიის გარეშე, მისი გვერდის ავლით მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ საქმის გაცნობის, კონსულტაციების გავლისა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შიდა მექანიზმი უნდა არსებობდეს. ვიღაცამ ხომ უნდა ურჩიოს, ვიღაცას ხომ უნდა ჰკითხოს, დოკუმენტები ხომ უნდა გამოითხოვოს და, საბოლოო ჯამში, მან გაცნობიერებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დღეს ასეთი მექანიზმიც კი არ არსებობს. პრეზიდენტი არ ამბობს, თუ ვინ მოამზადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატში ეს დოკუმენტები საიდან გაჩნდა ამ ადამიანების შეწყალების იდეა? ეს იდეა როგორ მივიდა პრეზიდენტამდე? ადმინისტრაციაში ვისთან ჰქონდათ ამ მკვლელობისთვის მსჯავრდებული ადამიანების წარმომადგენლებს შეხვედრა? რა დოკუმენტები მიიტანეს? როგორც იუსტიციის მინისტრი ამბობს, იუსტიციის სამინისტროდან არავითარი დოკუმენტები არ ყოფილა გამოთხოვილი. რამდენად იყო სანდო ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო? ინიციატორი თავად პრეზიდენტი იყო თუ ადმინისტრაციის მუშაკები? ხომ შეიძლება, შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს შინაურებმა უთხრეს და სანაცნობო წრე გამოძებნეს, ეს იქნებოდა მისი ახლობლები, დაქალები თუ ძმაკაცები, თუ ინიციატივა მოდიოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან? ამ თემის ირგვლივ უამრავი შეკითხვაა. ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში აშკარად იკვეთება დანაშაულის ნიშნები. თუ ვინ არის დამნაშავე, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ვინაიდან გამოძიება დაიწყო, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ დანაშაულის ნიშნებია. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ გახარებულია გამოძიების დაწყებით და ჩირქს, რომელიც მოეცხო, ამას გამოძიება ჩამორეცხავს, ეს ასე არ არის, გამოძიების დროს ჩნდება ეჭვი, ამ შემთხვევაში იმდენად გაურკვეველი პროცედურები გაიარა ამ გადაწყვეტილებამ, რომ რომელიღაც ერთ ეტაპზე აუცილებლად გამოვლინდება ვიღაც, როგორც ამ პროცესის ხელშემწყობი, ეს იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი თუ თავად პრეზიდენტი, რომელმაც შესაძლოა, ამ მაღალჩინოსებს დაავალა შესაბამისი დოკუმენტების მომზადება ხელმოსაწერად. შეიძლება, ადამიანს მოუვიდეს ერთი, მეორე, მესამე შეცდომა, მაგრამ როდესაც ეს უკვე განმეორებად ხასიათს იღებს და ერთმანეთზე უფრო სკანდალურს, ბუნებრივია, აქ საუბარი არ არის მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების ჯანსაღი მექანიზმების მოშლაზე, არამედ აქ საუბარია აშკარა დაინტერესებაზე. ამ დაინტერესების მოტივი, უმრავლეს შემთხვევაში, ფინანსურია. ამ შემთხვევაში რა იყო ეს მოტივი, გამოძიებამ უნდა გამოარკვიოს. მით უმეტეს, ვიცით, რომ პოლიციელის მკვლელი დაკავშირებული იყო დანაშაულებრივ სამყაროსთან და ცნობილია, რომ ის იყო ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ ახლობელი, რომელიც ახლა თურქეთშია დაპატიმრებული. ეს საქმე ძალიან გახმაურებული და სკანდალური იყო. როდესაც პრეზიდენტი რისკავს, ასეთ შემთხვევაში, მოტივი ძალიან დიდი უნდა იყოს _ ან დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს არის დიდი ჰუმანური აქტი, რომელიც საზოგადოებას სჭირდება, ან ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა და ამით ფული გააკეთა, ან, უბრალოდ, პრეზიდენტი არის ძალიან ზედაპირული ადამიანი, რომელიც უპასუხისმგებლოდ იქცევა. მეორე შემთხვევაშიც ასევე მკვლელი გაათავისუფლა, რასაც პრეზიდენტის მხრიდან ძალიან ცუდი განცხადება მოყვა, რომ მან არ იცოდა, თუ ვისი მკვლელი გაათავისუფლა. პრეზიდენტმა გაიგო, რომ შეწყალებული იყო „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის აქტიური მხარდამჭერი ოჯახის წევრის მკვლელი. ამ შემთხვევაში მან მოიბოდიშა და, ფაქტობრივად, საზოგადოებას უთხრა, _ რომ მცოდნოდა, ვინ იყო მოკლული, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდიო. ბოდიშიც არ უთქვამს, უბრალოდ, ამ განცხადებით მან ეს მიანიშნა. ანუ ის გადაწყვეტილებას ღებულობს არა სამართლიანობის პრინციპით, არამედ მიზანშეწონილობის პრინციპით. მესამე შემთხვევა კი საერთოდ უპრეცედენტოა, იშვიათად თუ ხდება ასეთი რამ, როდესაც პრეზიდენტმა შეიწყალა ადამიანი, რომელიც ძებნილია მრავალი წლის განმავლობაში, რომელსაც ერთი დღეც კი არ მოუხდია საპატიმრო სასჯელი. როგორც არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, შეწყალების აქტი ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანმა ნახევარი სასჯელი მოიხადა საპატიმროში, მოინანია და თავი გამოიჩინა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კარგი ქცევით და ა. შ. ეს არის ის შემთხვევები, როცა ზოგადად შეწყალების საფუძველი შეიძლება განიხილოს. თუმცა პრეზიდენტს ნებისმიერი ადამიანის შეწყალების უფლება აქვს და ამისთვის მას ვერავინ დასჯის, თუკი დანაშაული არ ჩანს კორუფციის ან სხვა სახით. ასე რომ, პრეზიდენტმა სამივე შემთხვევაში ერთმანეთზე უფრო მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. ამ შემთხვევაში გამოძიების დაწყების პროცესი კარგია, ვინაიდან თავად ეს პროცესი მომავალ ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს, ობიექტურად გამოიძიოს საქმე და ამ საქმის ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში არსებობს დიდი სამართლებრივი საფუძველი, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი დაიწყოს. დღეს, ბუნებრივია, პოლიტიკური მიზნით ივანიშვილის მიერ გაკონტროლებული პროკურატურა, რა თქმა უნდა, არ დაადგენს დანაშაულს ან პროცესი დიდი ხნით გაიწელება, ან ხელისუფლებისგან იგივე პასუხებს მოვისმენთ, რომ „დაველოდოთ გამოძიებას“. ეს ამ ხელისუფლების ცინიკური, საფირმო სიტყვაა. „დაველოდოთ გამოძიებას“ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი დამნაშავეა და გამოძიება არ დაადგენს სიმართლეს ან გამოძიება ხანგრძლივი დროით გაიწელება, რათა თემის დეზაქტუალიზაცია მოხდეს, მიფუჩეჩდეს და საზოგადოებრივი აქტიურობა დაეკარგოს. „დაველოდოთ გამოძიებას“ დღემდე გვეუბნებიან: სარალიძის მკვლელობის საქმეზე, მაჩალაკაშვილის მკვლელობის საქმეზე, აფგან მუხთარლისთან დაკავშირებით გამოძიებას 2 წელიწადია, ველოდებით და არავითარი შედეგი არ არის. ამ ბოლო წლებში ოპოზიციამ მწვავე საკითხებზე, დაახლოებით, 20-მდე საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა და არც ერთხელ კომისია არ შეიქმნა, რადგან გვეუბნებოდნენ, რატომ უნდა გამოიძიოს პარლამენტმა ის საქმე, რომელსაც მშვენივრად იძიებს პროკურატურა და სხვა სამართალდამცველი ორგანოები? დაველოდოთო, _ ამბობდნენ. ზოგ შემთხვევაში 5 წელიც კი გავიდა და საქმე ჯერ კიდევ გამოუძიებელია.
_ პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა, როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?
_ რა თქმა უნდა, ეს კანონის დარღვევაა, ვინაიდან პრეზიდენტს ვალდებულება აქვს, რომ მან გამოიყენოს ან არ გამოიყენოს შეწყალების უფლება. ერთი მხრივ, ეს არის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, მეორე მხრივ, ეს არის მისი ვალდებულება. ხანდახან საზოგადოებაში შეწყალება გამოიყენება, როგორც ბოლო ინსტანციის მექანიზმი ჰუმანიზმის თვალსაზრისით. მას აქვს უფლება, რომ თავისი პრეზიდენტობის ვადის განმავლობაში არავინ შეიწყალოს, მაგრამ მას არ აქვს უფლება, შეაჩეროს კანონის მოქმედება. კანონის მოქმედების დროებითი შეჩერების, ანუ მორატორიუმის უფლება, მხოლოდ და მხოლოდ, პარლამენტს აქვს. ამიტომ პრეზიდენტის განცხადება მორატორიუმთან დაკავშირებით არის ანტიკონსტიტუციური! მაგრამ კარგი, სიტყვაზე ნუ გამოვეკიდებით, მას შეეძლო, ასე ეთქვა: სანამ არ შეიქმნება რაღაც ფილტრი, შესაბამისი კომისია, მე არ გამოვიყენებ შეწყალების უფლებას. ამიტომ პრეზიდენტს მისი განცხადება ჩავუთვალოთ იურიდიულ ლაფსუსად. მას უამრავი იურისტი ჰყავს, ახლა ერთ-ერთ იურისტს აბრალებენ ყველაფერს. არ მინდა, წინასწარ ვთქვა, ვინ იყო ამ ამბებში დამნაშავე და ვიღაც გვარებს რომ ახსენებენ, ისინი მოვიხსენიო ამ პროცესში კორუფციაში მონაწილეობის კუთხით. საქართველოში არ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, მაგრამ ჩემთვის არსებობს. ჩვენ არ ვიცით, ვინ მოუმზადა პრეზიდენტს ეს დოკუმენტები, თავად პრეზიდენტი ძალიან ექსცენტრიკული პიროვნებაა და არ არის გამორიცხული, თავისმა დაქალებმა მოუმზადეს სამზარეულოში ყავის დალევისას. პოლიციელის მკვლელის ადვოკატმა გააკეთა განცხადება, _ კი მოკლა, მაგრამ რესტორანში რაღაც ჩხუბი მოხდა და შემთხვევით შემოაკვდაო. შეიძლება, ასეთი სურათი დაუხატეს პრეზიდენტს სამზარეულოში, მასაც ცრემლები მოადგა და ემოციურ ფონზე მიიღო გადაწყვეტილება. ახლა რასაც ვამბობ, ძალიან სასაცილოა და, ამავე დროს, სატირალიც, რადგან არ შეიძლება, ასეთ გადაწყვეტილებას ასე იღებდეს ქვეყნის პირველი პირი. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მოსიარულე საფრთხედ გადაიქცა. გადადგამს ნაბიჯს _ საფრთხეა, მოაწერს ხელს _ საფრთხეა, გამოვა ტელევიზიით ან უცხოეთის რადიოს მისცემს ინტერვიუს _ მეორე დღეს სკანდალი მოყვება. „ფეისბუქზე“ იწერება ხუმრობით, მაგრამ შეიძლება უკვე ხუმრობაც აღარ იყოს, რომ გვაჩვენოს პრეზიდენტმა ტექსტი, რომელსაც გაეროში წაიკითხავს. არ არის გამორიცხული, გაეროში მის გამოსვლას მორიგი სკანდალი მოყვეს, რადგან არ ყოფილა ჯერ შემთხვევა, რომ მის ინტერვიუს ან ქმედებას ხმაური არ გამოეწვიოს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გარეჯის მონასტრის წინ სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა გააკეთა განცხადება, სადაც გვერდით ავტომატიანი ჩვენი მესაზღვრეები ედგნენ. ეს იყო პირდაპირი გზავნილი აზერბაიჯანისთვის, რომ მოეგვარებინათ გარეჯის პრობლემა, თორემ ამას ძალით გავაკეთებთო. სამხედრო ფორმის მესიჯი არის პრობლემის ძალით მოგვარების მცდელობა. ამის შედეგად ჩვენ გაცილებით უარესი მდგომარეობა მივიღეთ, უამრავი მესაზღვრე დააყენეს აზერბაიჯანელებმა, გაგვირთულდა ურთიერთობა და რაც მთავარია, გზა გაიყვანეს, საზღვარი გაამაგრეს და ახალი სასაზღვრო ბაზა ააშენეს. ახლა კი გულისფანცქალით უნდა დაველოდოთ, რას იტყვის პრეზიდენტი გაეროს მაღალი ტრიბუნიდან.
_ ამ პროცესების პარალელურად კი NDI-ის კვლევების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ემხრობა ამომრჩევლის 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ _ 9%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ _ 4%, პოლიტოლოგების უმრავლესობის აზრით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელია როგორც მმართველი ძალა, ასევე ოპოზიცია. ამომრჩეველი ნიჰილისტურადაა განწყობილი. ამ პირობებში რა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანა?
_ არ არის სწორი, როცა ერთ რამეზე ვაკეთებთ ფოკუსირებას, მაგალითად, იმაზე, თუ რამდენი პროცენტი აქვს რომელიმე პარტიას, ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა იყოს შეჯამებული, რომ მთლიანი სურათი დავინახოთ. ნახატს თუ ახლოდან შეხედავთ, დიდ ნახატზე მხოლოდ ცხვირი შეიძლება დაინახოთ. NDI-ის დასკვნის პირველ ნაწილში საუბარი იყო იმაზე, რომ გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის; მეორე დასკვნის მიხედვით საქართველოში ადამიანები არ ენდობიან სახელმწიფო ინსტიტუტებს; მესამე დასკვნით, კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ თუ არა იმაზე უკეთესად, ვიდრე 6 თვის წინ? როგორც გაირკვა, 6 თვის განმავლობაში კატასტროფულად გაუარესდა სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის შეფასების ხარისხი. ყველა ამბობს, რომ ძალიან ცუდად მუშაობს პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, ხელისუფლების სამივე შტო: აღმასრულებლი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. ამასთანავე, მათი ხელმძღვანელობის მუშაობის ხარისხი ამ 6 თვის განმავლობაში საზოგადოების თვალში გაუარესებულია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მმართველი ხელისუფლების მიმართ უნდობლობაა. თუ ამას დავუმატებთ მეოთხე ხელისუფლებას, ანუ მედიას, ჩვენ ვხედავთ, რა მოხდა „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით. „რუსთავი 2-ის“ ამბავს ხალხი მთავრობას აბრალებს, ისევე როგორც 20 ივნისს მომხდარს აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებას აბრალებს, 0% კი _ ნიკა მელიას. ჩვენ ვხედავთ, რომ ის დღეს შინაპატიმრობაშია. აბსოლუტურად არაფრის გამო ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს, მისი დაპატიმრების მიზეზი კი ის არის, რომ მიაჩნიათ, თითქოს ოქრუაშვილი საფრთხის მატარებელია. ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს აბსურდული ბრალდებით, მას ეკონომიკურ დანაშაულში სდებენ ბრალს, ამ დროს ჩვენ ვიცით, რა კორუფციული ფაქტები ხდებოდა ყოფილ პროკურატურებსა თუ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ადამიანებში. ასევე გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი 20 ივნისს მომხდარ ამბავს პირადად გახარიას აბრალებს. რაც შეეხება პარტიების რეიტინგებს, დიახ, „ქართული ოცნების“ უფრო მეტია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“, მაგრამ როცა ამბობენ, ნიჰილიზმი ხომ არ არის პარტიების მიმართო, პირველ რიგში, ნიჰილიზმი ხელისუფლების მიმართაა. უბრალოდ, საზოგადოება ითხოვს, რომ ერთი პარტია არ იყოს მმართველი, არ იყოს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“ ან რომელიმე სხვა, საზოგადოების შეკვეთაა მრავალპარტიული კოალიცია. ეს მრავალპარტიული კოალიცია შეიძლება იყოს „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“. ჩვენ ვხედავთ, როგორ გააფუჭეს მათ სიტყვა პატრიოტი! ვხედავთ, ისევე როგორც სიტვა ოცნება, პარტიებს უნდა აუკრძალონ ისეთი სახელების დარქმევა, როგორიც არის ოცნება, პატრიოტიზმი, ერთგულება. მაგალითად: ასლან აბაშიძემ თავის პარტიას დაარქვა „აღორძინება“ და სანამ ასლან აბაშიძე საქართველოში იყო, სიტყვა აღორძინებას არავინ ახსენებდა, რადგან ძალიან დააკნინა ეს სიტყვა. ასევე სასაცილოა „პატრიოტთა ალიანსს“ პატრიოტებს რომ ვეძახით. „ქართულ ოცნებასთან“ და „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად მოიაზრება რუსეთის მეხუთე კოლონა, წვრილ-წვრილი პარტიები, მაგრამ ეს არ უნდა ხალხს. ამ ხელისუფლების მიმართ საზოგადოების შეფასება კარგად ჩანს, ზემოხსენებულ გამოკითხვაში. დარჩა მეორე შანსი: ყველა პარტია, ვისაც ივანიშვილი არ უნდა, შეიკრას ივანიშვილის წინააღმდეგ. დღეს მთავარი არ არის იდეოლოგიების ყურება, დღეს მთავარია ივანიშვილის ჩამოცილება და მის გარეშე კოალიციის შექმნა. იმედია, ხაზარაძის პარტიაც, რომელიც ამბობს, რომ ივანიშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არასდროს ითანამშრომლებს, ოპოზიციაში არსებულ პარტიებთან ითანამშრომლებს, რომელთანაც ასევე იქნება „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არ ნიშნავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას, ეს იქნება სხვა პარტიებთან თანამშრომლობა, რომელთანაც „ნაციონალური მოძრაობაც“ იქნება. ხაზარაძეს შეუძლია, წითელი ზოლის ნათელ მხარეს დადგეს და არა წითელი ზოლის ბნელ მხარეს.
_ ხაზარაძეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში ადანაშაულებენ, „ნაციონალები“ კი _ პირიქით. პოლიტოლოგების აზრით, ამან, შესაძლოა, ხაზარაძის გაძლიერება გამოიწვევს. როგორც ჩანს, მას ასევე გათვლა აქვს ნეიტრალურ ამომრჩეველზე. ამ პირობებში როგორია ხაზარაძის შანსები?
_ NDI-ის გამოკითხვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ ამომრჩევლების 57%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭერს მხარს. ანუ ეს ადამიანები ადრე ვიღაცას აძლევდნენ ხმას, მაგრამ ახლა აღარ უჭერენ. ეს ადამიანები მხარს უჭერდნენ, ძირითადად, „ქართულ ოცნებას“, ახლა უკვე მათ ზურგი აქციეს მას. „ქართული ოცნების“ მიმართ ზურგშექცეული ადამიანების ნაწილი, რა თქმა უნდა, ხაზარაძესთან წავა, ისევე როგორც სხვა პარტიებში, მათ შორის, ჩვენთან, ასევე ისეთ პარტიებში, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ახლოსაც არ არის, თუნდაც ელისაშვილის, უსუფაშვილის პარტიებში. ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში გაჩნდება უამრავი პატარა პარტია, რომელიც აღარ იქნება „ნაციონალებთან“ დაახლოებული, მაგრამ მოიზიდავს „ქართულ ოცნებაზე“ გულაცრუებული ადამიანების ხმებს. რაოდენობრივად ამ ხმების მობილიზების უფრო დიდი შანსი ჩამოთვლილი პარტიებიდან, რა თქმა უნდა, ექნება მამუკა ხაზარაძის პარტიას, ამიტომ „ოცნების“ ყოფილი წევრების ხმები მამუკა ხაზარაძემ რატომ უნდა ჩააბრუნოს „ოცნების“ ყულაბაში?! ხმები, რომელიც ივანიშვილთან არასდროს მივიდოდა, თუ კვლავ ხაზარაძის ხმების მეშვეობით დაბრუნდება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხაზარაძის პოლიტიკური პარტია ნეგატიური როლის შემსრულებელი იქნება საქართველოს განვითარების კონტექსტში. მაგრამ ეს ხმები თუ ხაზარაძემ შემოიტანა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ ჩამოყალიბებულ, პროდასავლურ, დემოკრატიულ, მრავალპარტიულ კოალიციაში, ბუნებრივია, მაშინ ამ პარტიის ჩამოყალიბება პროგრესულად შეფასდება, თუმცა წინ არის ერთი წელი. არ დაგვავიწყდეს, რა მოუვიდა პაატა ბურჭულაძეს, ისიც ძალიან პოპულარული იყო. მამუკა ხაზარაძეს დამოუკიდებელი კაპიტალი აქვს, მაგრამ ნუ გვავიწყდება, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და შეიძლება დააკავონ, ამიტომ ვითარება რთულია. ხელისუფლებას დღეს არ ჰყოფნის ძალა, აშკარა რეპრესიებზე გადავიდეს. რაც დრო გადის, უფრო სუსტდება და მას არ ეყოფა ის რესურსი, რომ ჯაფარიძე-ხაზარაძე წინასაარჩევნო პერიოდში დააკავოს, მაგრამ ხელისუფლება სხვადასხვა მექანიზმით, „ტროლებით“, შიდაპარტიული განხეთქილების მოწყობით შეეცდება, ზიანი მიაყენოს მათ. პაატა ბურჭულაძის შემთხვევაშიც ეს მოხდა, როდესაც არჩევნების წინა დღეებში პარტია დაეშალათ. დაშლის ძირითადი მოტივი ფინანსურიც იყო, ამიტომ ბუნებრივია, რისკი არსებობს. ხაზარაძემ უნდა მიიღოს ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ის არასდროს ითანამშრომლებს იმ პარტიასთან, რომელიც რუსეთთან ასოცირდება. ამის შემდეგ უკვე დრო გვაჩვენებს ყველაფერს. იმედი მაქვს, რომ ის მრავალპარტიულ კოალიციურ შემადგენლობაში იქნება. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან მოთანამშრომლე პარტიებს, ბუნებრივია, მთავარი ოპოზიციური ძალა „ნაციონალური მოძრაობაა“, შემდეგ მოდის „ევროპული საქართველო“. მგონია, რომ სხვა პროევროპულმა, მათ შორის, პატარ-პატარა პარტიებმა, შესაძლოა, 1-2 ხმა მიიღონ, მაგრამ ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში წარმოუდგენლად დიდი კონკურენცია იქნება, იმდენად დიდი, რომ თითოეულ ხმას ოქროს ფასი დაედება. როდესაც ყველა პატარა პარტია საკუთარი 10 000 ხმისთვის და ერთი კაცის გასაყვანად დაიწყებს მუშაობას, სერიოზულ კონკურენციას შეუქმნის ყველა დიდ პარტიებს, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და „ქართულ ოცნებასაც“. ამიტომ ამ პატარ-პატარა პარტიებში მომავალი გაერთიანების საკმაოდ დიდი რესურსია. „გავრილოვის ღამემ“ ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის ცვლილება გამოიწვია, იცვლება საზოგადოების განწყობაც, ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პატარა პარტიები, რომლებიც ცალკე გავლენენ, პროევროპულები იქნებიან. მით უმეტეს, ეს აქციები, რაც რუსთაველზე ამ თვეების განმავლობაში იმართებოდა, ახალგაზრდების გამოცოცხლება, მნიშვნელოვანია! ახალგაზრდობა ფაქტორი გახდა. აქციები, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იმართებოდა, შემოქმედებითი ფორმით გამოვიდა უკვე საზოგადოებრივ სივრცეში. მათ ძალიან კარგი იდეა აქვთ, რომ რაიონებში გადაინაცვლებენ და პერიფერიებში გადაიტანენ საზოგადოებრივ აქტიურობას. ამიტომაც ეს მოძრაობა ივანიშვილის რეჟიმის შესაცვლელად ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი იქნება.
გასათვალისწინებელია ასევე ივანიშვილს პოლიტიკური შეცდომები, რასაც დასავლეთში აშკარად ხედავენ: მაგალითად, „ქართული ოცნების“ მარჯვენახელი თუ მისი გაგრძელება, „პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც ანტიამერიკული მიტინგი მოაწყო. ისინი ბათუმშიც ხშირად გამოდიან თურქეთის წინააღმდეგ, ვითომ პატრიოტულ მოტივები ამოძრავებთ, სინამდვილეში, რუსეთის ინტერესებს ახორციელებენ. დასავლეთშიც უკვე იწერება კრიტიკული სტატიები და ხელისუფლების მაღალ შტოებშიც ჩნდება განწყობა, რომ ივანიშვილმა ამოწურა თავისი ვადა და უნდა წავიდეს. ეს ყველაფერი იმის ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომ მომავალ არჩევნებში ხელისუფლებაში მოვა ახალი მთავრობა და პირველად საქართველოს ისტორიაში ეს იქნება მრავალპარტიული მმართველობა, სადაც ერთმანეთის კონკურენტი პარტიები ერთმანეთს დააბალანსებენ. შესაბამისად, მთავრობა რომელიმე ერთ პარტიაზე არ იქნება დამოკიდებული.
_ თქვენ ახსენეთ ანტისაოკუპაციო აქციები, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა „გავრილოვის ღამის“ შემდეგ. ჩვენ 20 სექტემბერს მოვისმინეთ ორგანიზატორების გეგმები, მათ აქტიურად დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისი. რას უპასუხებთ ამ პოზიციის მქონე ადამიანებს?
_ რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად არასწორია. ეს „ქართული ოცნების“ მიერ დაფინანსებული „ტროლების ფაბრიკის“, „ფეისბუქ ჯგუფებისა“ თუ ტელევიზიების პროპაგანდა, რომ ეს პროცესი პარტიულ მოძრაობად წარმოაჩინონ და ქუჩის სამართლლიანი, სტიქიური პროტესტი, რომელიც „გავრილოვის ღამეს“ მოყვა, პოლიტიკური პარტიების მიერ მართულად გააიგივონ, რის შედეგადაც მათი დისკრედიტაცია მოახდინონ. ბოლო შეხვედრამ გვაჩვენა, რომ იქ იდგა საქართველოს საზოგადოების ყველა ნაწილი: ახალგაზრდული, პოლიტიკური, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ა. შ. დღეს საქართველოში ყველა მეტ-ნაკლებად გავლენიანი საზოგადოებრივი ჯგუფი მთავრობის წინააღმდეგია. არ არსებობს არც ერთი არასამთავრობო სერიოზული პროსახელისუფლებო ორგანიზაცია. ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც იოტისოდენა ავტორიტეტი აქვს, ის ანტისახელისუფლებოა, ისევე როგორც აკადემიური წრეები, პროფესურა, ასევე მედია, თუ არ ჩავთვლით მთავრობის მიერ აშკარად დაფინანსებულ ტელეკომპანიებსა და სააგენტოებს. ასევე პარტიებიც, ზოგიერთი პრორუსული პარტიაც კი ივანიშვილის წინააღმდეგ გამოდის, თუნდაც ბურჯანაძის პარტია და ა. შ. როგორც ყოველთვის, ეკლესია ორჭოფობს, ეკლესიას ყოველთვის უყვარს მთავრობასთან სიამტკბილობა, რადგან ეკლესიას ყველა მთავრობა და განსაკუთრებით ეს მთავრობა საკმაოდ კარგად უმასპინძლდება, მაგრამ არც ეკლესიაში იკლავენ თავს ამ ხელისუფლების სასარგებლოდ. ბიზნესასოციაციების განცხადებებს ვისმენთ და ვხედავთ, რომ ბიზნესიც არ უყურებს მთავრობას დადებითად _ სასამართლოში და სხვაგან მიმდინარე პროცესების გამო, საკუთარი ბიზნესმენებისა და ელიტარული ბიზნესის გამოჩეკის გამო, რომლებიც საზრდოობენ ბიუჯეტით და სახელმწიფო ტენდერებში უკონკურენტოდ მიღებული ფულით. ანუ ვინ არის ამ ხელისუფლების მომხრე? _ არავინ! ყველა, ვინც მოწინააღმდეგეა, 20 სექტემბერს აქციაზე იდგა. ასე რომ, ეს სხვა ტიპის მოძრაობაა. საბოლოოდ, ამ ახალგაზრდების მონაპოვარია პროპორციული სისტემა. ჩვენ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით და ეს რეალობა არ ასხამს „ოცნების“ წისქვილზე წყალს.
ატმოსფეროში რომ ცვლილებების სურნელი ტრიალებს, ცხადია და ეს რევოლუციური განწყობილება საზოგადოებაში წლების განმავლობაში ყალიბდება. ხელისუფლების ცვლილების დრო მოვიდა _ ასეთია საქართველოში განწყობა.

ნენე ინჯგია