ლელა ჯეჯელავა: „ოქრუაშვილი „გაგებებით“ კი არა, პოლიტიკური მიზანშეწონილობებიდან გამომდინარე ცხოვრობს და ივანიშვილისთვის მისი გაკონტროლება შეუძლებელია!“

მართალია, არსებობდა მოლოდინი, რომ გასულ კვირას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, წინასწარი პატიმრობიდან განთავისუფლდებოდა, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა _ „ოქრო“ ისევ სატუსაღოშია. სხვათა შორის, მოსამართლემ არც ის გაითვალისწინა, რომ ოქრუაშვილის მეგობრები, მისი გირაოთი განთავისუფლების სანაცვლოდ, ნახევარი მილიონის გადახდას აპირებდნენ და არც ის, რომ თავდებად ისეთი ცნობილი ჟურნალისტები დაუდგნენ, როგორებიც არიან ინგა გრიგოლია და ნანუკა ჟორჟოლიანი. სხვათა შორის, ოქრუაშვილის თავდებობა ერთადერთმა ოპოზიციონერმა, პაატა დავითაიამ ითავა, ანუ ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვი, რომ ოქრუაშვილი, ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციამაც გაწირა.

ამ მოსაზრებას „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და ოქრუაშვილის თანამებრძოლი, ლელა ჯეჯელავა, მაინცდამაინც არ იზიარებს, თუმცა „ქრონიკა+“-სთან საუბრისას ხაზგასმით ამბობს, რომ ოქრუაშვილის სიმართლეს სრულიად სხვა სიმძაფრე აქვს.
რას ნიშნავს ოქრუაშვილის სიმართლის სიმძაფრე? _ ამას დეტალურად წინამდებარე ინტერვიუდან შეიტყობთ, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე დააკავეს. ეს მუხლები კი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ამასთან, ამავე საქმეზე, დაახლოებით, 20-მდე ადამიანია ბრალდებული.
აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ოქრუაშვილი უცხოეთში წავიდა, თუმცა „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით სასამართლო დავა დაიწყო, ანუ თქვა, რომ „რუსთავი 2-ის“ 100%-იანი წილი მას ეკუთვნოდა, ქიბარ ხალვაში კი იმთავითვე ნომინალური ფიგურა იყო. ოქრუაშვილი იმასაც ამბობდა, რომ დოკუმენტი ჰქონდა, რომელიც ამ ინფორმაციას ადასტურებდა და რომელსაც ქიბარ ხალვაში აწერდა ხელს, თუმცა ამ დოკუმენტზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობა არ დაადასტურა.
ასეა თუ ისე, მოცემულობა ასეთია: ოქრუაშვილს მისი თანაპარტიელები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ. ლელა ჯეჯელავა კი იმასაც ამბობს, რომ საზოგადოებამ რეალური მიზეზი, თუ რის გამო დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, არ იცის. ასე რომ, ამ სიმართლეს ახლა გაიგებთ!

_ მართალია, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ცნობილი ჟურნალისტები _ ნანუკა ჟორჟოლიანი და ინგა გრიგოლია _ თავდებში დაუდგნენ, მისმა მეგობრებმა კი სასამართლოს, გირაოს თანხად, ნახევარი მილიონი შესთავაზა, მაგრამ ამის მიუხედავად, მოსამართლემ ირაკლი ოქრუაშვილი მაინც პატიმრობაში დატოვა. ქალბატონო ლელა, თქვენი აზრით, ხელისუფლებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელი რატომაა, რომ ოქრუაშვილი ციხეში იყოს?
_ ნებიმისმიერი პოლიტიკური ძალის, მათ შორის, ხელისუფლების მხარდაჭერა შეცდომებზე, დანაშაულზე, წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობის გაზიარებასაც ნიშნავს, რაც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის გაუგებარი მარტივი მიზეზის გამოა, რადგან საზოგადოებას პასუხისმგებლობა რომელიმე პოლიტიკური ძალის ქმედებებზე კი არა, პირად ცხოვრებაზეც არ აქვს გაცნობიერებული.
_ უკაცრავად, სხვა რამე გკითხეთ და ეს რა შუაშია?
_ გეტყვით: ზოგადად, სამართლისა და სამართლიანობის მიმართ დამოკიდებულება საზოგადოების მდგომარეობის დიაგნოსტირებისთვის უტყუარი ტესტია. მურუსიძის სასამართლო (პერსონალურად მურუსიძეს, რომელიც უსამართლობის სიმბოლოდ საკუთარი ნებით იქცა, არ ვგულისხმობ) ის ლოდია, რომელზედაც ფეხის წამოკვრამაც მიხეილ სააკაშვილზე, როგორც დემოკრატიის შუქურაზე, მითი დაამსხვრია და მის მიერ განხორციელებული ყველა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის ღირებულება გააფერმკრთალა.
ამასთან, მურუსიძის სასამართლომ დაამსხვრია მითი ქვეყანაზე შეყვარებული ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილის შესახებ, თუმცა ამ კონტექსტში სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ასეთს, სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ.
_ ე. წ. მურუსიძის სასამართლო ასეთი რა ფენომენია, რომ სააკაშვილიც მიწასთან გაასწორა და _ ივანიშვილიც?
_ მე თუ მკითხავთ, მურუსიძის სასამართლო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან ერთად არ დასრულდება.
_ ასე რატომ ფიქრობთ?
_ ეს ჩემთვის სრულიად ცხადი ირაკლი ოქრუაშვილის საქმიდან გამომდინარე გახდა.
_ თქვენი სათქმელი უფრო დააკონკრეტეთ.
_ ვინმესთვის რაიმე სახის სენტიმენტებისა და ემოციების მოხვევას არ ვაპირებ. ისიც გასაგებია, რომ ოქრუაშვილის მიმართ ჩვენს საზოგადოებას წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს ან ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას _ არა, ვიღაცას სძულს, ვიღაცას უყვარს, მაგრამ ყველაფერი ეს ემოციაა, რომელსაც სამართალსა და სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს.
მოცემულობა კი ძალიან მარტივია _ ოქრუაშვილი უსამართლოდ არის დაპატიმრებული, ანუ ის პოლიტპატიმარია, ხოლო პოლიტპატიმარი, არც ერთი ხელისუფლებისთვის პოზიტივი კი არა, იძულებითი მოვლენაა.
მოვლენათა განვითარების ლოგიკას გავყვეთ.
_ კი ბატონო, გისმენთ, თუმცა, აქვე, ჩაგეკითხებით: თუ პოლიტპატიმარი იძულებითი, ასე ვთქვათ, მოვლენაა, „ოცნება“ რამ აიძულა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა?
_ „გამარჯვებული საქართველო“ 11 ივნისს დაარსდა, 20-ში კი „გავრილოვის ღამე“ მოხდა. ამ ცხრა დღის განმავლობაში ირაკლი ოქრუაშვილი ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის ფორმირების ტექნიკური საკითხებით იყო დაკავებული. ამასთან, უცხოელ დიპლომატებთან რამდენიმე შეხვედრაც გამართა და, შესაბამისად, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, 20 ივნისამდე გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია. 20 ივნისს კი, თავისი მოძრაობის წევრებთან ერთად, სხვა ათასობით ადამიანის მსგავსად, სხვა ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების მიერ დაანონსებულ მიტინგზე მივიდა. სხვათა შორის, ხელისუფლებაც ადასტურებს, რომ აღშფოთებისა და მიტინგზე მისვლის მიზეზი მარტო ოქრუაშვილს კი არა, ხალხსაც ჰქონდა.
ისიც მნიშვნელოვანია, რომ ოქრუაშვილი მიტინგზე თავისი ორგანიზაციისა და ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა და ამის დადასტურება ყველა ვიდეოკამერის ჩანაწერით შეიძლება, ანუ მოწმე პოლიციელები ცრუობენ, რომლებიც ამბობენ, რომ ოქრუაშვილი მიტინგზე თითქოს 20 „ზონდერთან“ ერთად მივიდა და ამ სიცრუის დამტკიცება სასამართლოს, სურვილის შემთხვევაში, მარტივად შეუძლია.
_ სასამართლოს, ცხადია, ბევრი რამის დამტკიცება შეუძლია, მაგრამ იმ კადრებს რა ვუყოთ, ქალბატონო ლელა, რომელიც შსს-მ მტკიცებულების სახით წარმოადგინა?
_ ამ კადრებით მხოლოდ ის დასტურდება, რომ ოქრუაშვილი ჭყლეტაშია მოყოლილი და ისიც კარგად ჩანს, რომ ხალხის ნაკადი ხან ერთ მხარეს აგდებს, ხან _ მეორე. შესაბამისად, ოქრუაშვილი ამ ნაკადისგან თავის დაღწევას ცდილობს.
ყველაფერ ამის მიუხედავად, ირაკლი ოქრუაშვილი დასაკითხ პოლიტიკოსთა სიაში აღმოჩნდა და 2 ივლისამდე შსს-ს გულმოდგინებით მიმართავდა, დამკითხეთო.
_ ოქრუაშვილი დაკითხვას გულმოდგინებით რატომ ითხოვდა?
_ იმიტომ, რომ უცხოეთში აპირებდა წასვლას და ეს ვიზიტი დიდი ხნით ადრე ჰქონდა დაგეგმილი. ამ თხოვნის მიუხედავად, შსს ჯიუტად დუმდა. გამგზავრების წინ კი, როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ, ირაკლი ოქრუაშვილმა, შესაბამის უწყებას კიდევ ერთხელ შეატყობინა და ის, ოჯახთან ერთად, საზღვარზე უპრობლემოდ გაატარეს.
_ ანუ რა გამოდის?
_ დიახ, ეს არის კითხვა, რომელიც ყველა სამართლიან ადამიანს უჩნდება, _ რატომ გაუშვეს ქვეყნიდან მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი, მით უმეტეს, რომ მართლმსაჯულებისგან მიმალვის რეალური შესაძლებლობა არსებობდა?
_ ამ კითხვაზე თქვენი პასუხი როგორია?
_ აი, კვანძის გახსნაც აქედან იწყება, ანუ მთელი სიმძლავრით ამუშავდა სახელისუფლებო მანქანა თავისი „ტროლებით“, „ბოტებით“, ექსპერტებითა და თუ ე. წ. ცნობადი სახეებით. თავად განსაჯეთ, საქმეში თავისი იდუმალი ღიმილით დოდოშკა ხურცილავაც კი ჩაერთო, _ ოქრუაშვილი გაიქცა, მშიშარაა და დაბრუნებას ვერ გაბედავსო. პარალელურად, სახელისუფლებო ტელევიზიების ეკრანებიდან 2007 წლის ე. წ. მონანიების კადრები არ ჩამოდიოდა, სახელისუფლებო ექსპერტები კი ოქრუაშვილს ისე მოიხსენიებდნენ, როგორც „მოკაიფე ლიდერს“.
_ ყველაფერი ეს რას ემსახურებოდა?
_ ხელისუფლებას გაქცეული ოქრუაშვილი ჰაერივით სჭირდებოდა, მაგრამ ოქრუაშვილი დაბრუნდა და ცხადია, სწორედ ეს არ აპატიეს. ამის შემდეგ მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ზოგმა აღიარებითი ჩვენება უწოდა, ზოგმა კი უფრო მძიმე შეფასება მოძებნა.
_ რას გულისხმობთ, ქალბატონო ლელა?
_ იმ მანკიერებაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში სამართალთან მიმართებით არსებობს, ოქრუაშვილმა სიმართლე თქვა, ანუ მან პრიორიტეტულად პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი მიიჩნია, რადგან სიმართლე, რომელიც თქვა, სახელმწიფოებრიობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო!
ზოგადად, ოქრუაშვილი არც „კანონიერი ქურდია“ და არც ე. წ. ავტორიტეტი, რომ „გაგებით“ ცხოვრობდეს! სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ახლა ამ პრინციპით იმართება, რაც გასაკვირი არაა, რადგან ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, თავისი ცხოვრების გზაზე, თავის დამკვიდრება სწორედ ასე უწევდა _ 90-იანების რუსეთში სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობდა და ამით ახალს არაფერს ვამბობ!
ოქრუაშვილი, თავისი შეცდომებითა და დანაშულით, თუ ასეთი არსებობს, პოლიტიკოსია. სხვათა შორის, ციხეში მეხუთედ ზის, მაგრამ ნასამართლეობა არ აქვს და ყველაფერი ეს ყოველთვის მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იყო განპირობებული. ამჯერადაც, ოქრუაშვილმა სიმართლის სამსხვერპლოზე თავისი პოლიტიკური რენომე და თავისუფლება მიიტანა!
მოკლედ, მიმაჩნია, რომ ოქრუაშვილი პატიმარი მხოლოდ სიმართლის გამოა და სასამართლომაც შუამდგომლობა ამის გამო არ დააკმაყოფილა, ანუ მას ის სიმართლე არ აპატიეს, რომელიც იმ სამართალზე თქვა, ჩვენი ქვეყანა რომ იმართება!
_ უსამართლო სამართალზე სხვა ოპოზიციონერებიც საუბრობენ, მაგრამ ამის გამო არავის იჭერენ. ამას რით ხსნით?
_ ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ვარ და არ მინდა, სუბიექტური ვიყო, მაგრამ მოვლენათა განვითარების ლოგიკა და თქვენი კითხვაც იმაზე მიანიშნებს, რომ დიახ, ოქრუაშვილი ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველია.
_ რატომ?
_ ოქრუაშვილს ნამდვილად აქვს რესურსი, რომ „ოცნების“ სერიოზული საპირწონე იყოს! კი ბატონო, სიმართლეს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ამბობენ, მაგრამ ოქრუაშვილის სიმართლე განსხვავებულია!
_ ეს როგორ?
_ ოქრუაშვილი ამბობს, რომ ის თავადაა ამ მანკიერების მომსწრე და ზოგჯერ მონაწილეც. შესაბამისად, ამ სიმართლეს სრულიად სხვა სიმძაფრე აქვს. ხომ გესმით, რაც ხდება?
_ ცხადია, მესმის, მაგრამ უნდა ჩაგეკითხოთ: ოქრუაშვილის თავისუფლება ოპოზიციისთვისაც მიუღებელია?
_ ოპოზიციასთან მიმართებით ასეთი მკაცრი არ ვიქნები, თუმცა უფრო შორს წავალ და ვიტყვი, რომ ესაა ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება სამართლიანობასა და სიმართლესთან.
ერთ პარალელს გავავლებ: როგორც კი სალომე ზურაბიშვილის შეწყალება „ოცნების“ მხარდამჭერ ოჯახებს შეეხო, ხომ ნახეთ, მთელი გუნდი როგორი სოლიდარული აღმოჩნდა, თუმცა ამ სოლიდარობის განცდა ის უსამართლობა კი არაა, რომელიც ამ ჰუმანური აქტის დროს გამოიკვეთა, არამედ შიში, რომ ამის გამო, შესაძლოა, „ოცნების“ მხარდამჭერთა რიგები შეთხელდეს!
ირაკლი ოქრუაშვილის სიმართლე კარგად მოსასმენი არც წინა ხელისუფლებისთვისაა და არც _ ახლანდელი და აი, სწორედ ეს განაპირობებს მის მიმართ დამოკიდებულებას, ანუ ოქრუაშვილი, ნებსით თუ უნებლიეთ, ის პოლიტიკური ფიგურა აღმოჩნდა, რომელმაც გუნდურობასა თუ, დავუშვათ, სხვადასხვა პოლიტიკურ თანამშრომლობაზე მაღლა შიშველი სიმართლე დააყენა!
_ ანუ ირიბად მეთანხმებით, რომ ოქრუაშვილი ოპოზიციამაც გაწირა, არა?
_ იცით, რა ხდება? _ ჩვენ სამართლიანი საზოგადოება არ ვართ და თუ საზოგადოება არაა სამართლიანი, მაშინ სამართლიანი არც ხელისუფლებაა და არც _ ოპოზიცია, ანუ უსამართლო სასამართლოს ჩვენი დამოკიდებულებებით ჩვენვე ვშობთ, რადგან არ გვინდა, რომ შიშველი სიმართლე დავინახოთ!
_ გეთანხმებით, რომ ადამიანებს სიმართლეს ხშირად მწარე ტყუილი გვირჩევნია, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, ოქრუაშვილის პატიმრობის მიზანი რა არის, მით უმეტეს, სოციალური ქსელების ეპოქაში, როცა იგივე თქვენი ლიდერი პოსტს პოსტზე აქვეყნებს და თავის სათქმელს მაინც ამბობს?
_ ოქრუაშვილი ციხეში დიდხნას ვერ დარჩება და ეს გამორიცხულია, თუმცა ვეჭვობ, ხელისუფლებამ მის დასასჯელად კანონით დადგენილი ვადა სრულად გამოიყენოს და წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვე გაწელოს, თორემ ის, რაშიც ეჭვმიტანილია, აბსურდია და ეს ძალიან მალე გაირკვევა! ისე, ალბათ, ხელისუფლებასაც არ აწყობს, რომ ოქრუაშვილი ბოლომდე პოლიტპატიმრად ჰყავდეს. მას იმისთვის დასჯიან, რაც თქვა. მარტივი კი ეს სასჯელიც არ არის _ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ადამიანს თავისუფლება აქვს შეზღუდული, რის გამოც მისი პოლიტიკური ორგანიზაცია ძალიან ზარალდება და ესეც ხელისუფლების მიზანი იყო.
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ, კერძოდ, 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულთაგან ერთ-ერთმა ბრალდება აღიარა და გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდა, ანუ ეს ხომ ოქრუაშვილის მდგომარეობას ამძიმებს?
_ როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ადამიანების ჩვენებებში ირაკლი ოქრუაშვილზე არაა საუბარი, ანუ ეს ახალგაზრდები ადასტურებენ, რომ ოქრუაშვილს არ იცნობენ. ასე რომ, ეს აღიარებითი ჩვენებები ოქრუაშვილს არაფრით უკავშირდება!
_ სხვათა შორის, „გამარჯვებული საქართველო“ შეიქმნა თუ არა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ოქრუაშვილს აუცილებლად დააკავებდნენ და ამის შესახებ მე და თქვენც ვისაუბრეთ. ეს მოლოდინი გამართლდა _ ოქრუაშვილი ციხეშია. მოკლედ, თუ ასეთი საშიში იყო, „ოცნებამ“, თავის დროზე, ოქრუაშვილს საქართველოში დაბრუნების უფლება რატომ მისცა?
_ საქმე ისაა, რომ ამ ხელისუფლებამ ოქრუაშვილს ყველა ბრალდება, რაც ჰქონდა, მოუხსნა, ანუ გაამართლა და თუ მართალი იყო, აბა, საქართველოში რატომ არ უნდა შემოეშვა?
_ მეც სწორედ მაგას გეკითხებით: თუ „ოცნებისთვის“ საფრთხეს წამოადგენდა, რატომღა გაამართლა?
_ ამას მე კი არ ვთვლი, არამედ თავად ხელისუფლება ამტკიცებს ოქრუაშვილის მიმართ ჩადენილი უსამართლო ქმედებებით.
ზოგადად, ამ ხელისუფლებას, პირველ რიგში, სააკაშვილის წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტი სჭირდებოდა და ოქრუაშვილის გამართლება იმის მაჩვენებელი გახლდათ, თუ როგორი უსამართლო იყო „ოცნების“ წინამორბედი. ამას გარდა, „ოცნებამ“, ცხადია, არ იცოდა, ოქრუაშვილის პოლიტიკური პრეტენზიები რამდენად შორს იქებოდა წასული.
აქვე, არც ის დაგავიწყდეთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ოქრუაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე საკმაოდ სერიოზულ გუნდსა და წონიან ადამიანებთან ერთად გამოჩნდა! ამიტომაც ხელისუფლებისთვის საფრთხე გაჩნდა!
სხვათა შორის, ოქრუაშვილი ბევრი რამის მომსწრე, თანამონაწილე და მცოდნეა. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს: ოქრუაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, „გაგებებით“ კი არა, პოლიტიკური მიზანშეწონილობებიდან გამომდინარე ცხოვრობს. ამიტომ მისი გაკონტროლება ივანიშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის შეუძლებელია!
სიმართლე გითხრათ, არ მინდა, ირაკლი ოქრუაშვილის, როგორც პოიტიკური ფიგურის შეფასებებში შევიდე, მაგრამ ფაქტია და ყველამ კარგად იცის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყველაზე ბოლო ფიგურა არ იყო და თავისი რესურსით ხელწამოსაკრავი არც ახლაა და ამას რეალობაც ადასტურებს!
ამას გარდა, ოქრუაშვილი მებრძოლი პერსონა და ძლიერი პოლიტიკოსია.
_ ამ მოსაზრებაში შესაძლოა, ვინმე არ დაგეთანხმოთ, მაგრამ პირადად მე თქვენი შეფასების რევიზიას არ ვაპირებ, ამიტომ საუბრის თემას შევცვლი: „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები შემოდგომიდან გააქტიურებას აანონსებდნენ, ანუ ამბობდნენ, რომ ოქრუაშვილის ქეისით დიპლომატიურ კორპუსსა და მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას დააინტერესებდნენ, თუმცა, აგერ, სექტემბერი მიიწურა, დასავლეთს კი თქვენი ლიდერი არამცთუ პოლიტპატიმრად არ უღიარებია, არამედ ამ თემაზე ხმამაღალი განცხადებაც არ გაუკეთებია. რატომ?
_ პარტიაში ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული, ვის რა ფუნქცია და როლი აქვს. საერთაშორისო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი ადამიანების გარკვეული ჯგუფია და თუ აღმოჩნდება, რომ ამ კუთხით რამე ხარვეზებია, ვიმედოვნებ, პარტია და მოძრაობა ამაზე იფიქრებს და ეს ხარვეზები გამოსწორდება.
_ ანუ ხარვეზები არის?
_ ყოველ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ არათუ საერთაშორისო, არამედ ჩვენმა საზოგადოებამაც კი არ იცის, ოქრუაშვილი, რეალურად, რის გამოა დაპატიმრებული!
დიახ, მიმაჩნია, რომ ოქრუაშვილზე, როგორც პოლიტპატიმარსა და იმ მიზეზებზე, რის გამოც დააკავეს, მეტი საუბარია საჭირო.
ისევ ვიმეორებ: ჩვენი პრობლემა სიმართლესა და სამართლანობასთან დამოკიდებულებაა. შეიძლება, სიმართლე მძიმეა, მაგრამ ჩვენი არჩევანი მაინც სიმართლე უნდა იყოს! სხვა შემთხვევაში, ნორმალურ სახელმწიფოს ვერასოდეს შევქმნით და უსამართლობას, რომელიც სიკვდილის აქლემივით ყველასთან იჩოქებს, მხოლოდ სიმართლის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება ამარცხებს!
_ გეთანხმებით, მაგრამ სანამ საუბარს დავასრულებთ, ქალბატონო ლელა, ერთ კითხვას კიდევ დაგისვამთ: „გამარჯვებულ საქართველოში“ ერთიანობის პრობლემა ხომ არ დგას? იცით, ამას რატომ გეკითხებით? _ აი, მას შემდეგ, რაც გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა, ოქრუაშვილის გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს ნახევარ მილიონს ვთავაზობთო, თქვენი გუნდის ზოგიერთმა წევრმა მედიას უთხრა, ამის შესახებ არაფერი ვიცოდიო…
_ ნახევარმილიონიანი გირაოს შეთავაზება ირაკლის მეგობრების გადაწყვეტილება იყო და არა _ პარტიის განხილვის თემა, რაც ბუნებრივ მოვლენად მიმაჩნია.
სხვათა შორის, ჩემთვისაც არავის უთქვამს, ამას ვაპირებთო, მაგრამ ამაზე პრეტენზია არც მაქვს, რადგან, ჩემდა სამწუხაროდ, ამ ნახევარმილიონიანი გირაოს უზრუნველყოფაში მონაწილეობას ვერ მივიღებდი.
საერთოდ, პარტიაში არიან ადამიანები, რომლებსაც ირაკლისთან პარტიული თანამებრძოლობის გარდა, ხანგრძლივი მეგობრობაც აკავშირებთ და თუ მათ გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ საქმის კურსში ყველა არ ჩააყენეს, ეს მაინცდამაინც განხეთქილებას არ ნიშნავს!
_ ანუ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს?
_ აზრთა სხვადასხვაობა, რასაკვირველია, ბევრ რამეზე არსებობს და, საერთოდ, არ მეგულება სოციუმი, სადაც აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობდეს. აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ სასაფლაოზე არ არსებობს. იქ კი, სადაც სიცოცხლეა, აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არის!
მხოლოდ ერთი რამის დადასტურება შემიძლია: ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებამ მისი მოძრაობა და პარტია ნამდვილად დააზიანა! ამას უამრავი მიზეზი აქვს, მაგრამ სანამ ირაკლი პატიმარია, ამ საკითხებზე საუბარი არც მიზანშეწონილია და სწორიც არ იქნება. ჩვენთვის, პარტიის ყველა წევრისა და არაწევრისთვისაც, ნომერ პირველი ამოცანა ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან განთავისუფლებაა!
ამ ამოცანაში პარტია ერთიანია და განსხვავებული აზრი არ არსებობს. ეს სწორი პოზიციაა.
რაც შეეხება პარტიის საქმიანობას, ანუ როგორ და რა ფორმით გააგრძელებს, ამის შესახებ მოგვიანებით, ანუ მას შემდეგ ვისაუბრებთ, რაც ჩვენს პირველ ამოცანას _ ირაკლის განთავისუფლებას მივაღწევთ!
_ და ამ ამოცანას როგორ უნდა მიაღწიოთ?
_ ყველა იმ შესაძლებლობით, რაც გვაქვს _ პარტიის საქმიანობით, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წრეებთან კერძო ურთიერთობით და ა. შ., ანუ ბევრი შესაძლებლობა არსებობს. ყველაზე მთავარი კი მაინც საზოგადოებისთვის სიმართლის თქმაა!
შეიძლება, ოქრუაშვილი არ მოგწონდეს და ამის გამო მის მიმართ ჩადენილ უსამართლობას წაუყრუო, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ხვალ ისევ ჩვენი სახელმწიფოს პრობლემა იქნება!

გიორგი აბაშიძე