ნიკა ჩიტაძე: „ივანიშვილს იმ ადამიანების იმედი აქვს, რომლებიც იყიდებიან“

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს იხდიდა პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის. ამასთან, შეწყალებულთა სიაში არიან დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე და ზურაბ ნადირაძე, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 23 წლის განმავლობაში ითხოვდა.

დაუსწრებლად მისჯილი 15 წლიდან ზურაბ ნადირაძემ გისოსებს მიღმა მხოლოდ ორი წელი გაატარა. 1994 წელს ზურაბ ნადირაძეს გრიბოედოვის ქუჩაზე შელაპარაკება მოუვიდა ახალგაზრდებთან, მან რამდენიმე გასროლა განახორციელა და მოკლა ერთ-ერთი ახალგაზრდა _ იოსებ ქოიავა, სამი კი დაჭრა. ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე ალაპარაკდა, თავად პრეზიდენტი კი ზედმეტ კითხვებს გაურბის.
რამდენად რეალურია პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი? რა სახის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“? რა შანსები აქვს პოლტიკურ ველზე მამუკა ხაზარაძეს? და არის თუ არა იმის შანსი, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდეს?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა:

_ ბატონო ნიკა, პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებას საზოგადოებისა და ოპოზიციის, ასევე მმართველი ძალის კრიტიკა მოყვა, „ევროპული საქართველოს“ განცხადებით, შეწყალების საკითხი ფინანსური გარიგების სანაცვლოდ წყდებოდა, რაშიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია ფიგურირებდა. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს და რამდენად რეალურია მისი იმპიჩმენტი?
_ პრეზიდენტს ბევრი პასუხისმგებლობა მხრებზე არ აწვება, აქედან გამომდინარე, მას თითოეული საქმე უნდა შეესწავლა. ამ საქმეში მისი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ის, რომ პროკურატურამ აღნიშნული საქმის შესწავლა დაიწყო, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ნამდვილად ბადებს ეჭვებს, რაც მოხდა. ქალბატონმა ზურაბიშვილმა ჯერ პოლიციელის მკვლელი, შემდეგ კი ბატონი ოთხმეზურის მკვლელი შეიწყალა. პრეზიდენტის ცინიკური განცხდება მოვისმინეთ, თითქოს მან იცის, რასაც აკეთებს და ეს მისი პრეროგატივაა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ აღშფოთებას, ვეთანხმები, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმაზე, რომ მათ ხელი შეუწყვეს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას. თავიდან სალომე ზურაბიშვილი ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ კი გაჩნდა ბილბორდები, რომელზეც „ქართული ოცნების“ სახეებისა და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სურათი იყო ზურაბიშვილის მხარდასაჭერად. შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ თქვას, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმაც შეიწყალა გირგვლიანის მკვლელები. ამ შემთხვევაში კი აბსოლუტურად განსხვავებულ ვითარებასთან გვაქვს საქმე _ ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული მკვლელების შემთხვევაში განზრახ მკვლელობა მოხდა, რაც შეეხება სააკაშვილის მიერ გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას, არ არის დამტკიცებული, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო. მომხდარი აბსოლუტურად მიუღებელი იყო და გულგრილი ვერ ვიქნებით ჩვენი თანამოქალაქის დაღუპვის მიმართ ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში. რა პროცედურები გაიარა კონკრეტული ადამიანის საქმემ, სანამ პრეზიდენტის ხელში მოხვდებოდა, ეს აუცილებლად უნდა გამოიძიონ, „ქართულმა ოცნებამ“ კი პასუხისმგებლობა უნჰდა აიღოს, თავის დროზე ზურაბიშვილს რომ უჭერდა მხარს, ხოლო დღეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. რაც შეეხება მოსალოდნელ იმპიჩმენტს, მგონია, რომ მმართველი ძალის ინტერესში არ შედის ქალბატონი ზურაბიშვილის იმპიჩმენტი, „ქართული ოცნება“ აღიარებს, რომ 2018-ში არასწორი არჩევანი გააკეთა, მაგრამ იმპიჩმენტის საკითხი, შესაძლოა, ამ ხელისუფლების პირობებში არ დადგეს. თუ ზურაბიშვილის ბრალეულობა დამტკიცდა და მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მაშინ უზენაესი სასამართლო განიხილავს ამ საქმეს და პარლამენტის 1/3-ს შეუძლია, იმპიჩმენტის პროცედურა აღძრას. თუ დამტკიცდა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, მაშინ _ საკონსტიტუციო სასამართლო და იმპიჩმენტს 3/4-მა უნდა დაუჭიროს მხარი. არ მგონია, ეს პროცედურა დაიწყოს, მაგრამ ფაქტია, რომ პასუხისმგებლობა უნდა გადაინაწილონ, როგორც ქალბატონმა ზურაბიშვილმა, ასევე მმართველმა ძალამ.
_ განახლებულ სამთავრობო კაბინეტს საომარ კაბინეტად მოიხსენიებენ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება განახლებული მთავრობა?
_ მმართველმა ძალამ თავისი მდგომარეობა გაირთულა იმიტომ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ითხოვდა გიორგი გახარიას გადადგომას, იმავე ნაწილი სწორედ ხელისუფლებასა და პირადად გიორგი გახარიას ადანაშაულებდა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებში. ამ შემთხვევაში მხოლოდ ის ხალხი არ იგულისხმება, ვინც რუსთაველის გამზირზე დგას, ვიღაც შეიძლება ფიზიკურად ვერ მივიდა აქციაზე, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, თვალს ადევნებს მიმდინარე პროცესებს მასმედიის საშუალებებით თუ სოციალური ქსელის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, მოსახლეობის 60%-ზე მეტი ფიქრობს, რომ 20 ივნისის მოვლენებში ხელისუფლებაა დამნაშავე. ერთია ის ფაქტი, რომ 20 ივნისს ძალას გადაამეტეს, თუმცა მეორეა ის, რომ ხელისუფლება ამაზე არ იღებს პასუხისმგებლობას და პირიქით, ადამიანს, რომელიც აცხადებს, რომ პირველად მან გასცა ბრძანება ძალის გამოყენებაზე, აწინაურებს. ეს ფაქტი დამატებით გაღიზიანებას გამოიწვევს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში და, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნით ხელისუფლებამ საქმე გაირთულა. მინისტრების უმრავლესობა თანამდებობაზე რჩება. მგონია, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება ვითარებას უკეთესობისკენ რადიკალურად ვერ შეცვლის, რადგან მთავარი პრობლემა ქვეყანაში არსებული არაფორმალური მმართველობაა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ქვეყანამ რამდენიმე პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა, ჯერ თავად ბატონი ივანიშვილი იყო, შემდგომში ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი, ბახტაძე და დღეს გახარიაა, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ რადიკალურ წინსვლას სოციალურ-ეკონომიკური თუ იგივე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა არაფორმალურ მმართველობას უკავშირდება და სანამ ქვეყანაში არსებული მანკიერი სისტემა არ შეიცვლება, მანამ, ბუნებრივია, პროგრესი ვერ მიიღწევა.
_ პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილის აზრით, გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა პირდაპირ რუსეთის ინტერესებით ხდება, პოლიტოლოგები კი მიიჩნევენ, რომ ივანიშვილი ამ ნაბიჯით ცდილობს, საზოგადოებიდან წამოსული უარყოფითი განწყობა აიცილოს და გახარიასკენ გადაამისამართოს, თქვენ რით ახსნით 20-21 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ გახარიას გაპრემიერებას?
_ რაც შეეხება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, მას შემდეგ, რაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, მან თავიდანვე აირიდა პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. მან არ დაიკავა სახელმწიფო თანამდებობა, მოგვიანებით, ივანიშვილმა პარტიული თანამდებობა დაიკავა, თუმცა არა სახელმწიფო. ივანიშვილი ამ საქციელით ძალიან კარგად აცნობიერებდა, რომ ის დაპირებები, რომელიც უხვად გასცა „ქართულმა ოცნებამ“, ვერ შესრულდებოდა, რადგან ეს დაპირებები ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით გაიცა. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ სიმბოლო გახლდათ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი და ბევრმა ადამიანმა სწორედ მისი ფულის ხათრით მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“, ამიტომაც შემდგომში ივანიშვილმა აიცილა პასუხისმგებლობა და შემდეგნაირი ტაქტიკა აირჩია: რომ თითქოს რაც შეეძლო გააკეთა, „სისხლისმსმელი“ „ნაციონალური მოძრაობა“ მოგვაშორა, მაგრამ მისმა პრემიერ-მინისტრებმა არ გაამართლეს. 2015 წელს ივანიშვილი ღარიბაშვილს ესაუბრა და უთხრა, რომ შენი წასვლის დროაო, ეს შემდგომში დადასტურდა; კვირიკაშვილთან დაკავშირებითაც ყველას გვახსოვს, ის შედარებით უფრო დამოუკიდებელი ფიგურა იყო, ვიდრე ღარიბაშვილი, მანაც ღარიბაშვილის ბედი გაიზიარა; ბახტაძე საერთოდ ისე წავიდა, რომ ოფიციალური განცხადებაც არ გაუკეთებია, მან „ფეისბუქის“ მეშვეობით შეატყობინა მოსახლეობას, რომ პოსტიდან გადადგებოდა, რის შემდეგაც არავინ იცის მისი ასავალ-დასავალი. საბოლოოდ კი ასეთ ვითარებას ვიღებთ, თითქოს ივანიშვილი ნდობას გამოხატავს ცალკეული ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ ნდობას არ ამართლებენ, თითქოს თვითონ არაფერ შუაშია, მას უბრალოდ განტევების ვაცი სჭირდება პრემიერ-მინისტრის სახით, რომელსაც შემდგომში ყველაფერს დააბრალებს.
რაც შეეხება გახარიას დანიშვნას, ამ შემთხვევაში რამდენიმე ვერსია შეგვიძლია განვიხილოთ: პირველი ის, რომ ივანიშვილი გახარიას განიხილავს შედარებით ძლიერ ფიგურად, რომელიც ყოველთვის ანგარიშვალდებული იქნება ივანიშვილის წინაშე. თავის მხრივ, ძლიერი ფიგურის პრემიერად დანიშვნამ ხელი უნდა შეუწყოს „ქართული ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნებას. მამუკა ბახტაძე არ იყო ისეთი ძლიერი ფიგურა, როგორიც დღეს გახლავთ გიორგი გახარია, ამიტომაც ივანიშვილს ის სჭირდება და ვერ შეელია კიდეც. ივანიშვილი გახარიას ძლიერ ფიგურად განიხილავს, რომელსაც შეუძლია ძალაუფლების განმტკიცება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. გახარია მთავარ ოპოიზიციურ ძალას ემუქრება და ივანიშვილს ასეთი კადრი სჭირდება, შედარებით უფრო რადიკალური, _ ეს არის ერთი ვერსია, თუ რატომ დანიშნეს გახარია პრემიერად. რაც შეეხება მეორე ვერსიას, რუსეთის ფაქტორი, რა თქმა უნდა, არ გამოირიცხება, რადგან გახარია დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში მოღვაწეობდა, განათლებაც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მოგეხსენებათ, მოსკოვსა თუ რუსეთის სხვა ქალაქებში მოღვაწე ქართველებზე რუსეთის სპეცსამსახურები მუშაობდნენ, მათი მიზანი იყო, ეს ადამიანები უშუალოდ საქართველოში პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, რომლებიც შედარებით უფრო ლოიალურები იქნებოდნენ რუსეთის მიმართ. ჩვენ ვიცით იგივე ლევან ვასაძე, რომელსაც ამერიკაში აქვს განათლება მიღებული, მაგრამ შემდეგ თავისი ბიზნესი რუსეთში განავითარა და იქ იგი გადაიბირეს, ამის საფუძვლიანი ეჭვი არსებობს. დღეს ის პრორუსულ თამაშს ეწევა; ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ასევე რუსეთში მოღვაწეობდა, ის გახლდათ ასპირანტი, სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ბატონი ზურაბ ნოღაიდელი _ მან დისერტაცია მოსკოვში დაიცვა. ვიცით, რომ ეს ადამიანები შემდგომში საქართველოში რუსულ თამაშს თამაშობდნენ, ამიტომაც ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ გახარია გადაიბირეს, თუმცა ჩვენ ამას ვერ დავამტკიცებთ. ფაქტია, რომ გახარია რუსეთისთვის შედარებით მისაღები ფიგურაა, მაგრამ მგონია, რუსეთი უფრო სხვა ტაქტიკას მიჰყვება, როგორიცაა რბილი ძალის გამოყენება. ქართული ექსპორტის მოცულობამ რუსულ ბაზარზე იანვარ-აგვიტოს მონაცემებით, 20%-ს გადააჭარბა, რის შედეგადაც საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე გაიზარდა. გახარია რუსეთისადმი შედარებით ლოიალურად განწყობილია, მან შეიძლება თქვას, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია არის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, მაგრამ თავისივე თუნდაც არადემოკრატიული მეთოდებით მართვის შემთხვევაში ის, ძალაუნებურად, რუსეთის თამაშს ითამაშებს. არ არის აუცილებელი, ადამიანი პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურებთან იყოს დაკავშირებული, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახუროს, _ ეს არის მეორე ვერსია. რაც შეეხება მესამე ვერსიას, შეიძლება ივანიშვილმა მოსახლეობას გახარიას გაპრემიერებით აჩვენა, რომ ის წყვეტს, ვინ იქნება პრემიერი და ვინ _ არა. მოსახლეობის ნაწილს კი მოთხოვნა ჰქონდა, რომ გახარია გადამდგარიყო, მაგრამ ივანიშვილის გადასაწყვეტია, ვის დანიშნავს პრემიერად. ეს დაანახა მან საზოგადოებას, ასევე დაანახა, რომ მის ხელშია ფინანსური რესურსი, ბერკეტები და არჩევნების დროს მოსახლეობის ნაწილის ყიდვაც შეუძლია. გარდა ამისა, საჯარო უწყებებში, სამინისტროებში, მუნიციპალიტეტებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, ყველა აღნიშნულ სტრუქტურაში, დაახლოებით, 320 ათასამდე სახელმწიფო მოხელე მსახურობს და ბიუჯეტიდან იღებს ხელფასებსა და დანამატებს. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, ხელფასების, დანამატებისა და დახმარების სახით, 735 მილიონი ლარი გაიცა. ამიტომაც 320 ათას ადამიანს ჰყავს თავისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები, _ ესეც დამატებითი რესურსია. რამე რომ იყოს, როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოიყვანეს ხალხი, ისევე გამოიყვანს ახლაც, ბერკეტები ივანიშვილის ხელშია. თუ რატომ მიიჩნევს გახარიას ივანიშვილი ძლიერ ფიგურად, ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება მოვყვანოთ ის, რომ გახარიამ, თავის დროზე, სამეგრელოში დიდი სამუშაო ჩაატარა. მართალია, არაკანონიერი, მაგრამ ეს დიდი სამუშაო იყო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, რათა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მოსულიყო ხელისუფლებაში. საბოლოო ჯამში, გახარიას პრემიერის პოსტზე დამტკიცებით ხელისუფლება პრობლემებს აწყდება, ბევრი ადამიანი გახარიას მხარს არ დაუჭერს, თუმცა ივანიშვილს იმ ადამიანების იმედი აქვს, რომლებიც იყიდებიან.
_ მამუკა ხაზარაძის სახით პოლიტიკურ სივრცეში ახალი მოთამაშე გამოჩნდა, რომელსაც, როგორც ჩანს, გათვლა სწორედ ნეიტრალურ ამომრჩეველზე აქვს, თუმცა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ბანკირის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის, თქვენ როგორ შეაფასებთ მის შანსებს?
_ ერთი მხრივ, ხაზარაძე, შეიძლება, წარმატებული ბიზნესმენია, მაგრამ, მეორე მხრივ, მას არ გააჩნია პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება. შეიძლება, აღნიშნული ერთმანეთს ავსებდეს, რადგან პოლიტიკა და ბიზნესი ნაწილობრივ ერთმანეთთან თანხვედრაშია, თუმცა ფაქტია, რომ ხაზარაძეს არ გააჩნია პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება, მას არ ჰყავს ძლიერი გუნდი. ყოველ შემთხვევაში, ის 12 ადამიანი, ვინც მან დაასახელა, შეიძლება თავის სფეროში პროფესიონალია, მაგრამ მათ პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება არ გააჩნიათ, ამიტომაც ეს მეორე მინუსია. მესამე მინუსს რაც შეეხება, იგი დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ხაზარაძეს, ფინანსური რესურსების მიუხედავად, სახელმწიფოს მხრიდან მაინც ექმნება პრობლემები, _ როგორც ხაზარაძეს, ასევე ჯაფარაძეს, 700 ათას ლარზე მეტი გირაოს სახით შეუფარდეს. ამიტომაც შესაძლებელია, ხელისუფლებამ ძალისხმევა მოახმაროს იმას, რომ „ლელოს“ გარკვეული ფინანსური პრობლემები შეუქმნას და მის წინააღმდეგ საინფრომაციო პოლიტიკა აწარმოოს, რომ სწორედ ხაზარაძე უქმნიდა პრობლემას ანაკლიის პორტის განვითარებას; რომ ის კომპანიები, რომლებიც კონსორციუმს წარმოადგენდნენ, რუსეთს იყვნენ ამოფარებულები. მგონია, რომ ხაზარაძის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია წარიმართება, რაც ართულებს მის წარმატებას. კიდევ ერთი საკითხია მისი მხრიდან უარყოფა, რომ ის არ ითანამშრომლებს ოპოზიციასთან. ეს, გარკვეულწილად, იმის ალბათობას ზრდის, რომ მას დამოუკიდებლად გაუჭირდება. თუ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ჩატარებულ გამოკითხვას დავეყრდნობით, შესაძლოა, ხაზარაძეს გათვლა აქვს იმ 45%-ზე, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის სასარგებლოდ მისცეს ხმა. ეს ხაზარაძის პარტიის შანსებს შეიძლება ზრდიდეს. ხაზარაძის მეორე პლუსად შეიძლება ჩაითვალოს, რომ მან მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი ბანკის კაპიტალიზაცია, მან 90-იანი წლების დასაწყისში დააარსა „თიბისი“, თუმცა დიდ წარმატებას მიაღწია, ამიტომაც ნიჭიერი და გონებაგახსნილი ადამიანია. შეიძლება, მისი პიროვნული თვისებები გავაკრიტიკოთ, რადგან, თავის დროზე, ივანიშვილს აქებდა და მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა, დღეს კი პირიქით, ივანიშვილს უპირისპირდება, ამიტომაც ჩნდება კითხვა, როდის იყო ხაზარაძე გულწრფელი, _ მაშინ თუ ახლა? ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხაზარაძეს ფინანსური რესურსი აქვს, რომლითაც ის შეძლებს ფილიალების დაარსებას საქართველოს რეგიონებში და აქტივისტების შემოკრებას.
_ NDI-ის კვლევების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ _ 9%, „ევროპულ საქართველოს“ _ 4%. რაზე მეტყველებს ეს ციფრები?
_ ფაქტია, რომ პოლიტიკური პარტიების მიმართ მოსახლეობის ნიჰილისტური დამოკიდებულება იზრდება. NDI-ის კვლევების მიხედვით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, საზოგადოების ეს ნაწილი ნეგატიურ დამოკიდებულებას აფიქსირებს „ქართული ოცნების“ მიმართ. ვნახოთ, როგორი პრინციპული იქნება ეს მოსახლეობა არჩევნების დროს. NDI-იმ 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველი სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, მაშინ „ქართული ოცნების“ რეიტნგი 63% იყო. იმ პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამაყობდნენ, რომ მათი რეიტინგი მაღლა მიიწევდა, თუმცა ახლა უკვე ეს რეიტინგი 20%-მდე ჩამოვიდა, მათ შორის, შესაძლოა, ბევრი არც იყოს იდეური მხარდამჭერი. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, მათი ერთ-ერთი შეცდომაა ის, რომ ისინი მოსახლეობაში არასაკმარისად მუშაობენ მათზე ჭორებისა და ეჭვების გაფანტვაზე. მაგალითად, 7 ნოემბერზე განაცხადონ, რომ მისი დარბევა მიუღებელია, მაგრამ ამ მოვლენებზე სააკაშვილმა აიღო პასუხისმგებლობა და გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან, რაც შეეხება 20 ივნისს, ამაზე ამჟამინდელ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა არ აუღია, პირიქით, ადამიანი, რომელმაც აქციის დარბევის ბრძანება გასცა, დააწინაურეს და პრემიერი გახდა. ასევე 20 ივნისის აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც სამართლიანად იბრძოდნენ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ, 7 ნოემბრის აქციები კი ფინანსდებოდა პატარკაციშვილის მიერ და შემდეგ პატარკაციშვილი ამხილეს კიდეც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“. NDI-იმ, როდესაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კვლევა ჩაატარა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 15-20%-ის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათ 27% მიიღეს, კერძოდ 477 ათასი ხმა, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პირველ ტურში 600 ათასამდე ხმა მიიღო, მეორე ტურში კი თითქმის _ 800 ათასი ხმა, ამიტომაც მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა მხოლოდ მას, ზოგადად, ოპოზიციასაც აქვს შანსი. მით უმეტეს, ამ ოპოზიციურ გაერთიანებას ჰქვია „ძალა ერთობაშია“, ამიტომაც აუცილებელია მათი გააქტიურება და თანამშრომლობა „ევროპულ საქართველოსთან“, თუ მათ სურთ, რომ წარმატებას მიაღწიონ. მით უმეტეს, 2020 წელს ნულოვანი ბარიერი უნდა იყოს, არ დაგვავიწყდეს და აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით პარლამენტს შესწორებები საქართველოს კონსტიტუციაში არ დაუმტკიცებია, შესაძლებელია, მოვლენათა ეპიცენტრმა რუსთაველის გამზირიდან პარლამენტში გადაინაცვლოს, სადაც საპარლამენტო სხდომებზე კონსტიტუციაში შესატანი ცვლილება უნდა იყოს განხილული. ჯერჯერობოთ, ნულოვანი ბარიერი იდეის დონეზე არსებობს.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ჯერჯერობით ნულოვანი ბარიერი იდეის დონეზეა. არის თუ არა იმის შანსი, რომ 2020 წლისთვის ვერ მოხერხდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა?
_ ეს არის ყველაზე პესიმისტური სცენარი. გამორიცხული არ არის, რადგან „ქართულ ოცნებას“ მონოპოლიური ძალაუფლების შენარჩუნება სურს. „ქართულ ოცნებას“ 20%-იანი რეიტინგი აქვს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები, მეტ-ნაკლებად, დემოკრატიულად ჩატარდა. ის იძულებული იქნება, კოალიციური მთავრობის შექმნას დასთანხმდეს. ამიტომაც არ არის გამორიცხული, ეს ივანიშვილის მორიგი ხრიკი იყოს, რომ თითქოს მათ სურდათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭიროა აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ 2/3-ზე მეტმა უნდა დაუჭიროს მხარი, ბევრი მათგანი კი ეწინააღმდეგება აღნიშნულ იდეას. მეორე მხრივ, შეიძლება, „ქართული ოცნების“ გათვლა იყოს, რომ მათ მხარი დაუჭირონ ცვლილებებს, პირიქით, განაცხადონ, რომ დემოკრატიის მიმართულებით გადადგეს ნაბიჯი პროპორციულ სისტემზე გადასვლის თვალსაზრისით, თუმცა 320 ათასამდე სახელმწიფო მოხელეზე ექნებათ გათვლა, ასევე ფინანსურ რესურსს გაუკეთებენ მობილიზებას. ასე რომ, ორი სავარაუდო სცენარი შეიძლება იყოს განხილული, თუმცა თუ ეს პროპორციული სისტემა ამოქმედდა, რა თქმა უნდა, ეს პროგრესი იქნება.
_ 93-დღიანი ანტისაოკუპაციო აქციები რუსთაველის გამზირზე დასრულდა. ახალგაზრდები ახალ სამოქმედო გეგმაზე გადადიან. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, რამდენად სწორი კურსი აიღეს მათ?
_ მგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ რუსთაველის გამზირზე კონცენტრაცია არ არის საკმარისი, აუცილებელია რეგიონებში ჩასვლა, მოსახლეობასთან შეხვედრა და მათთვის სხვადასხვა იდეების გაცნობა. ეს ეხება როგორც სამოქალაქო აქტივისტებს, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ოღონდ ამ შემთხვევაში აუცილებელია, მოსახლეობას შესთვაზონ ალტერნატივა. თუ „ქართული ოცნება“ წავიდა, არის რაიმე პროგრამა მომავლისთვის განსაზღვრული? ვიმეორებ: მნიშვნელოვანია, ჭორების გაქარყწლებაზე მუშაობა, ხშირ შემთხევევაში ხელისუფლება მის მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებს, ტროლებს იყენებს და დეზინფორმაციას ავრცელებს ხელისუფლებისადმი ნეგატიურად განწყობილ ადამიანებზე.

ნენე ინჯგია