ლია მუხაშავრია: „ზურაბიშვილის პრეზიდენტად დატოვება საშიშია!“

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კამპანიის დროს დადებულ პირობას „პირნათლად“ ასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი, რომელიც ხალხთან უნდა იყოს, ხალხზე ზემოთ დგას. დიახ, ლუდოვიკოსი არ იყოს, „პარიჟანკას“ მკვლელების, ძებნილებისა თუ სხვა ათასი ჯურის კრიმინალის უფრო კარგად ესმის, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებმაც ხუთი ან, სულაც, ერთი კილო ხახვისა თუ კარტოფილის სანაცვლოდ მისცა ხმა!

ეს კი არადა, „მადამმა“ იმედი გულმხურვალე „ორმოზდარვებსაც“ გაუცრუა. ჰოდა, ყველა _ „ნაცი“ თუ „ქოცი“ იმ სკანდალური შეწყალებებით არის აღშფოთებული, რომელიც ზურაბიშვილმა გამოსცა.
„სალომე ზურაბიშვილი არის უვარგისი ადამიანი!“ _ ამბობს მოკლული დავით ოთხმეზურის მამა, ისტორიკოსი გოგი ოთხმეზური, რომელიც ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერი იყო.
ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, ანუ მარიამობას, სხვა 35 პირთან ერთად, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძეც შეიწყალა. ასლან ბეჟანიძე, რომელიც 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა, 18 წლის დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2016 წლის მარტში დააკავეს.
ბეჟანიძისთვის პროკურატურა თავიდანვე პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ორი ინსტანციის სასამართლომ იგი გაამართლა. 2018 წლის 2 მარტს კი ბეჟანიძე კვლავ დააკავეს და იმავე წლის 29 მარტს, უზენაესი სასამართლოს განაჩენით, განზრახ მკვლელობისთვის თავისუფლება 9 წლით აღუკვეთეს.
2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, ბეჟანიძეს სასჯელი შეუმცირდა და, საბოლოოდ, თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით განესაზღვრა.
ბეჟანიძესთან ერთად ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულიც შეიწყალა. იუსტიციის მინისტრმა კი საზოგადოებას ამცნო, რომ პრეზიდენტმა შეწყალება ძებნილსაც „უფეშქაშა“. შესაბამისად, ოპოზიციას გაუჩნდა ეჭვი, რომ ყველაფერ ამას კორუფციული გარიგების სუნი ასდის. მთავარმა პროკურატურამ თვალის დახუჭვა ვერ გაბედა და შეწყალებებზე გამოძიება დაიწყო.
„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძისა და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სხვათა შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ გამოძიების დაწყებას მიესალმა, რაც თავისთავად ნონსენსია:
„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციებისა და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა“, _ ნათქვამია ზურაბიშვილის ადმინისტრაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
ამასობაში კი ოპოზიცია და საზოგადოების უმეტესობა ითხოვს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი დაიწყოს. იმპიჩენტის მომხრეა იურისტი ლია მუხაშავრიაც, რომელსაც მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შეწყალების კომისიასთან გარკვეული შეხება ჰქონდა.
„ეს ქალი არცხვენს სახელმწიფოს!“ _ ამბობს ლია მუხაშავრია „ქრონიკა+“-სთან საუბრისას და განმარტავს, თუ რატომ უნდა შეუწყდეს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის უფლებამოსილება:

_ ქალბატონო ლია, პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებზე რას ფიქრობთ, თქვენც უშვებთ ალბათობას, რომ საქმე, შესაძლოა, კორუფციულ გარიგებებთან გვქონდეს?
_ ძალიან აღშფოთებული ვარ იმიტომ, რომ შეწყალება სახელმწიფოს ერთადერთ გამონაკლის ჰუმანურ ინსტიტუტად მიმაჩნია და პრეზიდენტის მიერ მისი ასე წახდენა, გნებავთ, წაბილწვა აღმაშფოთებელია და კორუფციის გარეშე ეს არ მოხდებოდა.
რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებ, რომ კორუფციული დანაშაული პირადად სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა, მაგრამ ფაქტია: მის უკან, ვინც ეს ქაღალდები პრეზიდენტის მაგიდაზე დადო და დაარწმუნა, რომ ხელი უნდა მოეწერა, კორუფციული გარიგება და სქემა დგას, მით უმეტეს, ირკვევა, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არაა.
_ სხვათა შორის, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს შეწყალების სკანდალი პირველი არ არის, ანუ გვახსოვს, თავის დროზე, ეს თემა ალეკო ელისაშვილმა გაააქტიურა, თუმცა მაშინ საქმეში იმდროინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი არა, ექსოცნებელი ეკა ბესელია და ყოფილი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ფიგურირებდნენ.
_ დიახ.
_ ყველაფერ აქედან გამომდინარე, როგორც იურისტი, ხომ არ ფიქრობთ, რომ შეწყალების ეს ფორმა გადასახედია?
_ შესაცვლელი არაფერია.
_ დამისაბუთეთ, რატომ?
_ მთავარია, პრეზიდენტის ნება და სურვილი არსებობდეს, რომ გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივდეს.
_ ანუ?
_ ეს გადაწყვეტილება სანდო უნდა იყოს და თუ საზოგადოებას კითხვები გაუჩნდება, ამ კითხვებზე პასუხი გასცეს.
მოკლედ, პრეზიდენტმა არც კომისია შექმნა, არც დებულება დაწერა და ადამიანებს ხელაღებით იწყალებს, თან ისე, რომ კითხვაზე, _ რატომ იწყალებს? _ პასუხი არ აქვს. აი, სწორედ ეს არის შესაცვლელი და აღმაშფოთებელი, თორემ მსოფლიოს ყველა ქვეყნის პრეზიდენტს ჰყავს დამხმარეების ჯგუფი, რომელიც განცხადებებისა და თხოვნების გაფილტვრაში ეხმარება მას. სხვანაირად არც შეიძლება, რადგან შეწყალებაზე ათასობით თხოვნა შედის და პრეზიდენტს იმის დრო არ აქვს, ყველა სათითაოდ, ინდივიდუალურად შეისწავლოს და გადაწყვეტილება ასე მიიღოს.
სალომე ზურაბიშვილმა ის მექანიზმიც არ გამოიყენა, რომელიც არსებობდა. სხვათა შორის, მარგველაშვილსა და შეწყალების იმდროინდელ კომისიას ძალიან აკრიტიკებდნენ, თუმცა მაშინ ერთხელაც არ გვქონია შემთხვევა, რომ საზოგადოების შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი არ გაგვეცა, ესა თუ ის პირი რატომ შევიწყალეთ.
_ გასაგებია, რომ პრეზიდენტი ყველა განცხადებას ინდივიდუალურად ვერ შეისწავლის, მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ ზურაბიშვილი სკანდალურ მსჯავრდებულებს იწყალებს, ანუ, წესით, ხომ უნდა დაფიქრდეს, გახმაურებულ საქმეზე გადაწყვეტილებას რომ იღებს, ამას საზოგადოების მხრიდან როგორი რეაქცია მოჰყვება?
_ დიახ, ეს პრობლემაა. მართალია, მარგველაშვილს კომისია ჰქონდა, მაგრამ ჩვენ მიერ, ასე ვთქვათ, გადარჩეული ხალხი განცხადებებს ჩვენგან დამოუკიდებლად სწავლობდა.
_ ანუ მარგველაშვილი კომისიას არ ენდობოდა?
_ ცხადია, ენდობოდა და პატივსაც სცემდა, მაგრამ საქმეებს პირადადაც სწავლობდა. სალომე ზურაბიშვილი კი, როგორც ირკვევა, არც კომისიის მიერ გადარჩეულ საქმეებს სწავლობს და არც _ აპარატის. შეწყალების საქმეებს ხელს ისე აწერს, რომ არც კი იცის, ვინ შეიწყალა და შეწყალებულს რა დანაშაული აქვს ჩადენილი.
_ ისე, ქალბატონო ლია, თქვენ, როგორც იურისტს, თუ გახსენდებათ პრეცედენტი, როცა ქვეყნის პირველმა პირმა ძებნილი შეიწყალა?
_ არა! საერთოდ, ძებნილის შეწყალება აბსურდია!
_ რატომ?
_ ძებნილი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მართლმსაჯულებას თავს არიდებს, იმალება ან ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის და ყოვლად წარმოუდგენელია, ის შეიწყალო.
როგოც წესი, იმ ადამიანს იწყალებენ, რომელსაც სასჯელისა თუ პატიმრობის გარკვეული ვადა მოხდილი აქვს, თან დაამტკიცა, რომ მისთვის სასჯელის ბოლომდე მოხდა აუცილებელი არაა ან არსებობს სხვა განსაკუთრებული გარემოება, რის გამოც უნდა შეიწყალო.
_ და ეს განსაკუთრებული გარემოება რა შეიძლება იყოს?
_ ვთქვათ, ოჯახური მდგომარეობა ან მსჯავრდებულის პიროვნული, ინდივიდუალური თვისებები, მაგრამ ძებნილი, რომელიც სასჯელს შეგნებულად და განზრახ არიდებს თავს, როგორ უნდა შეიწყალო?!
აი, სწორედ ამიტომ ვაბობ, ზურაბიშვილის შეწყალება სახელმწიფოს ერთადერთ ჰუმანურ და, მართლაც, არაძალადობრივ ღონისძიებას ძირს უთხრის.
_ ისე, თუ ძებნილების შეწყალების ლოგიკას გავყვებით, მაშინ სავსებით დასაშვებია, რომ ზურაბიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტიც შეიწყალოს _ მიხეილ სააკაშვილიც ხომ ძებნილია?
_ ნაკლებად მგონია, რომ ეს მოხდეს.
_ რატომ?
_ მათი წარსული ურთიერთობიდან გამომდინარე, სააკაშვილს იმის შესაძლებლობა არ ექნება, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს გულმოწყალება მიიღოს, თუმცა გამორიცხული არაფერია და სრულიად ვეთანხმები ალეკო ელისაშვილის შეფასებას, რომელმაც თქვა, ბავშვს გადატენილი იარაღი რომ მისცე, ის რა საშიშროების წინაშეც დადგება, ზუსტად ასეთივე საშიშია სალომე ზურაბიშვილის ხელში შეწყალების უფლებაო.
_ საქმე ასე საგანგაშოდაც არ უდა იყოს, რადგან ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ეს კონსტიტუციის დარღევა ხომ არაა?
_ თუ ეს მორატორიუმი დიდხანს გაგრძელდება და ამით რომელიმე პატიმრის უფლება, რომელსაც შეწყალება ყველა კრიტერიუმით ეკუთვნის, დაირღვევა, მაშინ ეს მორატორიუმი, რა თქმა უნდა, ანტოკონსტიტუციური იქნება.
ამას გარდა, მორატორიუმის გამოცხადება ყოველგვარი ვადის დათქმის გარეშე და იმის დაყოლებით, აი, აწი ვიფიქრებ და რამეს გავაკეთებო, თავისთავად ძალიან აღმაშფოთებელია, ანუ ყველაფერი ერთ რამეზე მიუთითებს.
_ რაზე?
_ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სანამ ინაუგურაცია გაიმართებოდა და ფიცს დადებდა, ზურაბიშვილს უნდა მოეფიქრებინა, შეწყალების უფლებამოსილებას როგორ განახორციელებდა.
ახლა ირკვევა, რომ მაშინ კი არა, ამ საკითხზე მას შემდეგაც არ უფიქრია, რაც პრეზიდენტია და რომ არა ეს სკანდალები, ამ გადაწყვეტილებამდე ვერც მივიდოდა.
_ დავუშვათ, მორატორიუმი დაუსრულებლად გაგრძელდა და ამით კონსტიტუცია დაირღვა, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩენტის საკითხი უნდა დადგეს თუ არა?
_ იმპიჩმენტის საკითხი დღესაც უნდა დადგეს.
_ რატომ?
_ ჯერ ერთი, გამოძიება უნდა ჩატარდეს და დადგინდეს, კორუფციული გარიგება ვისი წყალობით და ვის მიერ იყო.
_ ზურაბიშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილება მე მივიღეო. ამასთან, გამოძიების დაწყებასაც მიესალმა.
_ იცით, რა ხდება? _ თუ პრეზიდენტს არ შეუძლია, რომ აპარატში ისეთი ადამიანები ჰყავდეს, რომლებიც სამარცხვინო გადაწყვეტილებებს არ მიაღებინებენ და თავს არ მოჭრიან, ეს, ცხადია, მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა ზურაბიშვილს არ უთქვამს, მოკვლევას ჩავატარებ და გავარკვევ, ასეთ სისულელეზე ვისი წყალობით მოვაწერე ხელიო.
მეტიც: ზურაბიშვილს არც უღიარებია, რომ არასწორი აქტი გამოსცა და ეს ცალკე პრობლემაა, ანუ უშეცდომო არავინაა, მაგრამ იმპიჩმენტი აუცილებელი იმიტომ არის, რომ ეს ადამიანი ვერც ხვდება, უფლებამოსილების განხორციელების დროს რამდენად მძიმე შეცდომა დაუშვა!
ზურაბიშვილს რომ ეღიარებინა, შეცდომა დავუშვი, გავერკვევი, რა მოხდა, დამნაშავეს დავსჯიო, შეიძლებოდა, გვეფიქრა, რომ ეს პრეზიდენტი მომავალში აღარ შეცდება, მაგრამ ის არც აღიარებას აპირებს, არც შეცდომის გამოსწორებას და ამიტომაა საშიში მისი პრეზიდენტად დატოვება!
_ ქალბატონო ლია, გამორიცხავთ, რომ შელახული იმიჯის აღსადგენად სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი თავად „ოცნებამ“ დაიწყოს?
_ იმპიჩმენტის გამოცხადების უფლება მე და თქვენ რომ გვქონდეს, ცხადია, ამას გავაკეთებდით.
_ „ოცნება“ რას იზამს?
_ მომხდარზე გადაწყვეტილება ჯერ გამოძიებამ უნდა მიიღოს და პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურა ამის შემდეგ უნდა დაიწყოს!
ისე, არაფერს გამოვრიცხავ, რადგან „ოცნებას“ ძალიან სჭირდება საზოგადოებაში დაკარგული ნდობის დაბრუნება. საარჩევნოდ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებები იმ ცეცხლზე, რომელიც „ოცნების“ წინააღმდეგ გიზგიზებს, ნავთს ასხამს!
_ ამ შეწყალებებით ზურაბიშვილი „ოცნების“ წინააღმდეგ წავიდა?
_ ამ აქტებით ზურაბიშვილი მთლიანად სახელმწიფოს ანგრევს და იმას ლაპარაკი რად უნდა, სახელმწიფო ხელისუფლების სათავეში მყოფი ორგანიზაცია ძალიან მძიმე დარტყმის ქვეშ რომ აღმოჩნდა!
_ ქალბატონო ლია, იქნებ, ყველაფერს ჩვენ ვამძაფრებთ და ცუდი არაფერი მომხდარა? ყოველ შემთხვევაში, ზურაბიშვილი საზოგადოებას აქეთ გვამუნათებს, რა დაგემართათ, რა აჟიოტაჟი ატეხეთ, მით უმეტეს, მაშინ, როცა უცხოეთში ვარ, რით ვერ შეიგნეთ, რომ „ზაგრანიცას“ მე მე არ ვარო?!
_ აი, სწორედ ამიტომ არის ზურაბიშვილი იმპიჩმენტის ღირსი! ის არ ფიქრობს, რომ შეცდომა მოუვიდა, რომელიც უნდა გამოასწოროს. შესაბამისად, თავს არც დამნაშავედ გრძნობს და არც იმაზე უფიქრია, რომ დაზარალებული ოჯახებისთვის ბოდიში მოეხადა. ეს ხალხი უკიდურესად აღშფოთებულია!
პრეზიდენტი, პირველ რიგში, ადამიანი უნდა იყოს და ადამიანების ესმოდეს! ადამიანი, რომელსაც შვილი მოუკლეს, ამბობს, რომ მკვლელის შეწყალება შვილის სიკვდილზე არანაკლები ტრაგედიაა!
_ ჩვენში დარჩეს და, ერთი-ორმა ზურაბიშვილის გამართლება სცადა, ადამიანი ციხეში კი არ გაუშვა, შეიწყალა და რას ერჩით, რა ჯვარს აცვითო.
_ ზოგადად, მეც ჰუმანიზმის მომხრე ვარ და არ ვამბობ, რომ ადამიანები ციხეში უნდა დავალპოთ და თავისუფლება არ ვაღირსოთ, მით უმეტეს, არსებობს მეცნიერული ექსპერიმენტები, რითაც დადასტურებულია, რომ უსასრულო პატიმრობა შედეგს არ იძლევა.
სხვათა შორის, მთელი სამყარო იქითკენ მიისწრაფის, რომ უვადო პატიმრობა გაუქმდეს, მაგრამ აქ იმაზეა ლაპარაკი, რომ პრეზიდენტს პასუხისმგებლობის ელემენტარული გრნობა არ აქვს.
მკვლელის შეწყალება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ, პირველ რიგში, თავად პრეზიდენტისთვის უნდა იყოს დამაჯერებელი, თუ რატომაა ესა თუ ის ადამიანი შესაწყალებელი, ანუ პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება საზოგადოებას ცხადად და დამაჯერებლად უნდა აუხსნას და განუმარტოს, თორემ ვიმეორებ: იმის წინააღმდეგი არ ვარ, რომ ჰუმანური აქტი განხორციელდეს. შეიძლება, უმძიმესი დანაშაულისთვის მსჯავრდებული შეიწყალონ, მაგრამ ეს ადამიანი შეწყალებას უნდა იმსახურებდეს და საზოგადოებაც დარწმუნებული იყოს, რომ ამ შეწყალების აქტის შედეგად მას ზიანი არ მიადგება, ასევე დაზარალებულები არ აღშფოთდებიან და სახელმწიფო ინსტიტუტი საფრთხის წინაშე არ დადგება!
_ ქალბატონო ლია, მედალს, როგორც წესი, ორი მხარე აქვს, ანუ, მაგალითად, ოთხმეზურის შემთხვევაში მსჯავრდებულის ადვოკატები ამბობენ, რომ ადამიანი, რომელიც ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, უდანაშაულოა და აქამდეც უნდა შეეწყალებინათ. ჰოდა, ზურაბიშვილმა, იქნებ, საგამოძიებო უწყებების შეცდომა გამოასწორა?
_ კი ბატონო, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: სააკაშვილის რეჟიმის დამხობის შემდეგ, მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, როცა შეწყალების საკითხების განხილვას შევუდექით, ძალიან ბევრი პატიმარი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა, მაგრამ შეწყალების აქტი განაჩენის გადასინჯვის ინსტიტუტი არ არის, ანუ შეწყალების დროს ის კი არ ფასდება, სწორად მიესაჯა თუ არა ან დანაშაული დაუმტკიცდა თუ არა. შეწყალება განსაკუთრებული კრიტერიუმების მიხედვით ხდება და ეს კრიტერიუმებია: პატიმარი ციხეში გამოსწორდა, კარგად იქცევა, რეჟიმს არ არღვევს, დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულება ადეკვატურია, ანუ ინანიებს და ცდილობს, რომ გამოსწორდეს.
ასევე შეწყალება მაშინ ხდება, თუ პატიმარი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და მისი მცირეწლოვანი შვილები ყოველგვარი მზრუნველობის გარეშე არიან დარჩენილები, ანუ ასეთ დროს ოჯახის წევრების სასიცოცხლო ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე _ პატიმრის მიერ სასჯელის ბოლომდე მოხდა.
ვთქვათ, ოჯახს სტიქიური უბედურება დაატყდა და მხოლოდ პატიმარს შეუძლია ოჯახის წევრების კრიზისული ვითარებიდან გამოყვანა. ასე დროს, ცხადია, უნდა შეიწყალო, ადამიანი ციხიდან გამოუშვა და შესაძლებლობა მისცე, ახლობლებზე იზრუნოს, ანუ ოჯახის მოვლა უპირატესია, ვიდრე სასჯელის მოხდა, მაგრამ ყველა ეს გარემოება უნდა ითქვას და არ უნდა დაიმალოს!
თუ ყველაფერ ამას პრეზიდენტი განაცხადებს, საზოგადოება დაიჯერებს, თუმცა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის ვადამდე გამოშვება საზოგადოებისთვის ,შეიძლება, სახიფათო იყოს, ანუ ადამიანი ციხეში იმიტომ მოხვდა, რომ მისი საზოგადოებისგან იზოლირება აუცილებელი იყო და მისი ვადაზე ადრე გამოშვება საზოგადოებას საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს, ანუ სხვა ადამიანებს სიკვდილისა და ძალადობის შიში არ უნდა გაუჩნდეთ!
სხვათა შორის, ჩვენ დაზარალებულების თხოვნასაც ვითვალისწინებდით, რომლებიც კონკრეტულ მსჯავრდებულზე ამბობდნენ, არ გვინდა, შეიწყალოთო.
ასევე ანგარიშს ვუწევდით დაზარალებულის თხოვნას, რომელიც მსჯავრდებულის შეწყალებას ითხოვდა, თუმცა ზოგჯერ გვეჩვენებოდა, რომ დაზარალებულზე ზეწოლა იყო და ასეთ დროს, ცხადია, ამ თხოვნას არ ვითვალისწინებდით.
_ ე. ი., შეწყალების დროს დაზარალებულის ნებართვაც საჭიროა, ქალბატონო ლია?
_ შეწყალების დროს ძალიან კარგია, თუ დაზარალებული წინააღმდეგი არ არის, განსაკუთრებით ისეთი დანაშაულის დროს, როცა დაზარალებული და მსჯავრდებული მეზობლები არიან, ანუ შეწყალების დროს იმაზეც უნდა ვიფიქროთ, მსჯავრდებულის განთავისუფლების შემდეგ დანაშაული შურისძიების ან სხვა მოტივის გამო ისევ ხომ არ მოხდება.
_ იგივე ოთხმეზურის შემთხვევაში დაზარალებულის ნებართვა არ არსებობდა.
_ დიახ და სწორედ ამიტომ გაჩნდა კორუფციული ვარაუდები, თორემ თუ დაზარალებული დაწერდა, თანახმა ვარ, ვადაზე ადრე გაათავისუფლოთო, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი, ცხადია, ყველა კითხვაზე თამამად გასცემდა პასუხს!
_ ზოგადად, ვის შეუძლია, რომ პრეზიდენტს მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნით მიმართოს?
_ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ასეთ პირთა წრე გაფართოვდა და პატიმრის გარდა შეწყალებაზე მიმართვა ოჯახის წევრს, ასევე ახლობელსაც შეუძლია.
_ ისე, ზურაბიშვილი მკვლელებს იწყალებს, დეკანოზ მამალაძეს კი _ არა. ამას რით სხნით, ქალბატონო ლია?
_ პრეზიდენტი საზოგადოების აზრსა და განწყობას საერთოდ არ ითვალისწინებს, თორემ დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე უნდა ეფიქრა!
_ ამ სკანდალს სახელმწიფომ როგორ უნდა დააღწიოს თავი?
_ ეს მათ იდარდონ, ვისაც ამის პასუხისმგებლობა აკისრია!
მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, პრეზიდენტის იმპიჩენტს ვითხოვ, რომ ეს ქალი პრეზიდენტის სასახლიდან გააძევონ! ამ ქალს პრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა ჩამოერთვას, რადგან მას ბოროტად იყენებს, ამ ინსტიტუტს ანგრევს და სახელმწიფოს არცხვენს!
ისე, საქმე ისე მიდის, რომ სალომე ზუაბიშვილს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ხელსაც არავინ ჩამოართმევს!
_ მოკლედ, „ოცნება“ დიდ შარშია, არა?
_ „ოცნება“, მგონი, დიდი ხანია, დეპოშია და დროა, ამას მიხვდეს!

გიორგი აბაშიძე