მთავარი პოლიტიკა სამი მკვლელი, ორი ნარკორეალიზატორი, სამი ჯგუფური მოძალადე, _ კიდევ ვინ შეიწყალა სალომე...

სამი მკვლელი, ორი ნარკორეალიზატორი, სამი ჯგუფური მოძალადე, _ კიდევ ვინ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა?

175
0
გაზიარება

პრეზიდენტი ზურაბიშვილი მორიგ სკანდალში ეხვევა, _ მარიამობას მან 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მართალია, პრეზიდენტს არც შეწყალების კომისია ჰყავს და ადმინისტრაციის უფროსი, პრესსპიკერთან ერთად, კარგა ხანია, სახლში გაუშვა, მაგრამ შეწყალების განკარგულებას მან ისე მოაწერა ხელი, რომ დაზარალებულის ვინაობა არც კი გაუკითხავს.

პირველი ინფორმაცია პოლიციელის მკვლელის, რამაზ დევაძის შეწყალების შესახებ სექტემბრის პირველ ნახევარში გახმაურდა. პრეზიდენტის უტიფრობამ საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა, _ რატომ შევიწყალე, არ გეტყვით, მაგრამ ეს ჩემი დისკრეციული უფლებააო.
თარაშ მუკბანიანის მკვლელობა ბათუმში 2014 წლის 27 დეკემბერს მოხდა. ცნობილია, რომ 22 წლის პოლიციელი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, მაგრამ თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. იგი ღამის კლუბში მყოფ ქალბატონებს გამოექომაგა, რა დროსაც რამაზ დევაძემ ამ იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლა.
გამოძიების ინფორმაციით, დევაძე ქვეყნის დატოვებას აპირებდა და ის სარფის საბაჟოზე იმავე ღამეს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმთავითვე გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ რამაზ დევაძე „კანონიერი ქურდის“, მინდია გორაძის, იგივე „ლავას ოღლის“ მეგობარი იყო. ეს ინფორმაცია „ტაბულას“ მისმა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემაც დაუდასტურა და განმარტა, რომ დევაძე არ არის კრიმინალური ავტორიტეტი, ის, „ლავას ოღლი“ და ყოფილი შს მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე, წლების წინ მოჭიდავეების ერთ გუნდში იყვნენ. ადვოკატი იმასაც ამბობდა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელ უფროს დავით თამაზაშვილს დევაძის მიმართ პირადი წყენაც ჰქონდა, ამიტომ გამოძიება სულ სხვა მუხლით წარიმართა.
რამაზ დევაძემ შეწყალებისთვის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა, მაგრამ მარგველაშვილმა ის არ შეიწყალა.
მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული მეორე შეწყალებული ასლან ბეჟანიძეა. იგი სასჯელს 18 წლის დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობის ბრალდებით იხდიდა, რომელიც 2016 წლის მარტში დააკავეს. ბეჟანიძე 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა: შემთხვევა 2004 წელს მოხდა პეკინის გამზირზე. ოთხმეზურსა და ბეჟანიძეს შორის მობილური ტელეფონის გამო დაწყებული კონფლიქტი ოთხმეზურის სასტიკი მკვლელობით დასრულდა. გამოძიების ინფორმაციით, ბეჟანიძემ ოთხმეზურს დანით რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დავით ოთხმეზური მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2018 წლის 29 მარტს, ორი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენის მერე, უზენაესმა სასამართლომ მას განზრახ მკვლელობისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით მას სასჯელის ზომა შეუმცირდა და საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 9 თვის ვადით.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის რეაქცია არც ამ შეწყალების აქტის გამო იყო ადეკვატური, _ დაზარალებულის გვარი ოთხმეზური არსად წაგვიკითხავს, არც ვიცოდით, შეწყალებული ვინ იყოო. მოგვიანებით, ოთხმეზურების ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მათთან დარეკეს. სალომე ზურაბიშვილმა გიორგი ოთხმეზურს შეხვედრა შესთავაზა, მაგრამ მისგან უარი მიიღო, პრეზიდენტს დანარჩენი დაზარალებულების ოჯახებისთვის არ მოუბოდიშებია და არც შეხვედრა შეუთავაზებია.
კიდევ ერთი შეწყალებული, ზურაბ ნადირაძე, მკვლელობისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში იძებნებოდა, ის ჩეხეთს აფარებდა თავს და პოლიტიკურ თავშესაფარსაც ითხოვდა. შემთხვევა 1994 წელს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე მოხდა. ნადირაძემ ჩხუბში ოთხი ადამიანი დაჭრა, ერთი მათგანი, გიორგი ქოიავა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნადირაძე 23 წლის განმავლობაში იმალებოდა. მის მიმართ დევნას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდა იმის გამო, რომ პრეზიდენტ გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი იყო. 2017 წელს ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა ნადირაძის საქართველოში ექსტრადირებაზე გადაწყვეტილება მიიღო, მას 11 წლით პატიმრობა შეეფარდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ მარიამობის შეწყალების სიაში ერთი არასრულწლოვანი და 8 ქალია, შეწყალებულთა შორისაა ორი მსხვილი ნარკორეალიზატორი. ისინი სასჯელს 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით იხდიდნენ, რაც 8-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
ერთი ნარკორეალიზატორი 1994 წელსაა დაბადებული. არსებობდა დაუსაბუთებელი ვარაუდი, რომ შეწყალებულთა შორისაა სამუდამო პატიმრობამისჯილი ნარკორეალიზატორი მალხაზ თალაკვაძე, რომელიც სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა დააკავა, თუმცა ამ ინფორმაციას თალაკვაძის ადვოკატი არ ადასტურებს. ის აცხადებს, რომ თალაკვაძე არ შეუწყალებიათ, მათ საჩივარი აქვთ შეტანილი გენერალურ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში შესაძლო გადაცდომების შესწავლის მიზნით.
პრეზიდენტის შეწყალების სკანდალი „ქართული ოცნების“ შიგნითაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მიყოლებით გაემიჯნენ პრემიერი გახარია, თბილისის მერი კახი კალაძე, ვიცესპიკერი გია ვოლსკი და სხვა დეპუტატები. ოთხმეზურის მკვლელის შეწყალების ფაქტმა „ოცნების“ მომხრეებში იმდენად დიდი აგრესია გამოიწვია, გენერალური პროკურატურა იძულებული გახდა, შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაეწყო.
„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ შეწყალების სკანდალში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და მისი პარტნიორი პაატა სალია ფიგურირებენ. ეს ტანდემი კარგა ხანია, ერთად მუშაობს, ჯერ კიდევ პატარკაციშვილ-ჩხარტიშვილის ქონებრივი დავის საქმეში გაბუნია-სალია ვანო ჩხარტიშვილის მხარეს წარმოადგენდა.
გაეროს ასამბლეიდან დაბრუნების შემდეგ პროკურატურაში სალომე ზურაბიშვილი უნდა დაიკითხოს. ეს პრეზიდენტის დაკითხვის პირველი ფაქტი იქნება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოძიების დაწყების ფაქტს მიესალმა, დიმიტრი გაბუნია კი აცხადებს, რომ მასაც აინტერესებს, ვინ ურჩია პრეზიდენტს აღნიშნული პირების შეწყალება.
სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების სკანდალის მერე კიდევ ერთი ანტიკონსტიტუციური ქმედება ჩაიდინა _ შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
დაიწყებს თუ არა „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას? გააჩნია, რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი.

ელისო კილაძე

 

დატოვეთ კომენტარი