საქართველომ შეიძლება, ჯავახეთი დაკარგოს

სომხეთის ხელისუფლებაში პაშინიანის მოსვლის შემდეგ სეპარატისტული ორგანიზაცია „ჯავახკი“ ცოტა დაოკდა. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟამიდან ჟამზე, ჯავახეთის ავტონომიას, ზოგჯერ კი დამოუკიდებლობასაც ითხოვდნენ.
ოფიციალური ერევანი მათ პოზიციას ღიად არასდროს ეთანხმებოდა, მაგრამ ამის გამო ჯავახკელები არც შეუჩვენებია.

ყველამ ვიცით, რომ „ჯავახკისა“ და მისი მონათესავე ორგანიზაციების უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან. ეს ორგანიზაციები მაშინ აქტიურდებიან, როცა თბილისი ნატოზე იწყებს ლაპარაკს.
ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ნატოს მიმართ დიდ სიმპათიებს აღარ ამჟღავნებს და სეპარატისტებიც მიყუჩდნენ. საკმარისი იყო ოფიციალურ თბილისს ნატო ეხსენებინა, რომ ჯავახკელები ჩამწკრივდნენ და საქართველოს ღიად დაემუქრნენ.
სომეხი დეპუტატი შირაქ ტოროსიანი, რომელიც საქართველოშია დაბადებული, გვპირდება, რომ თუ ნატოში შესვლას გავბედავთ, ჯავახეთი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.
საქართველოში ნაშობი სეპარატისტი დეპუტატი (ეს ჩვენი ცოდვით სავსე ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძაშია დაბადებული) ამბობს, რომ თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, არის იმის ალბათობა, რომ საქართველოში თურქული ჯარი ჩადგეს, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, სომხეთსა და თურქეთს კი ძალიან დიდი მტრობა აქვთ ერთმანეთშიო.
თუმცა, ამ შემთხვევაში, ტოროსიანს თურქეთის ფაქტორი სულ არ ადარდებს. ის კრემლის დავალებას ახმოვანებს. კრემლს კი საქართველო არ ეთმობა.
გამოცემა „პანორამა.ამ“-თან საუბარში შირაქ ტოროსიანმა განაცხადა, რომ თუ საქართველო ნატოს არ შეეშვება, სომხური თემის აჯანყება გარდაუვალი იქნება:
„მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველომ შესაძლოა, ნატოში გაწევრიანების გეგმა მიიღოს. სომხეთის ექსპერტთა წრეებში ჯავახეთის სომხური სათვისტომოს პოზიციებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ყირიმის რუსეთთან მიერთების მაგალითზე ჯავახეთის სომხურმა დიასპორამ შესაძლოა, დამოუკიდებლობა მოითხოვოს“, _ იტყობინება გამოცემა „პანორამა.ამ“.
გამოცემასთან საუბარში ტორიოსიანი სომხური მოსახლეობისგან სეპარატისტულ ქმედებებს გამორიცხავს, მაგრამ დასძენს, რომ ყველაფერი შესაძლებელია:
„საქართველო თუ ნატოს წევრი გახდა, მოსალოდნელია, რომ ჯავახეთში თურქული ჯარი გამოჩნდეს, რასაც ეთნიკური სომხები მშვიდად ვერ შეხვდებიან. სომხური საზოგადოების მხრიდან სეპარატისტულ ქმედებებს გამოვრიცხავ, მაგრამ ეს შესაძლებელია“.
ორგანიზაცია „ჯავახკის“ ლიდერი საქართველო-რუსეთის ახალ კონფლიქტსაც წინასწარმეტყველებს და კვლავ თურქული ჯარის შესაძლო შემოსვლაზე მოსთქვამს:
„ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება გლობალური პრობლემაა. ზუსტად ამ ასპექტში დაიწყება საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი კონფლიქტი. საქართველოში თურქული ჯარის შესაძლო შემოსვლა შემაშფოთებელია“.
საქართველოში ნაშობი ტოროსიანი საქართველოს ყველანაირ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას უკრძალავს.
ბოლომდე ასეთი სასტიკიც არაა, აღიარებს რა ჩვენს დამოუკიდებლობას, ამბობს, რომ უფლება გვაქვს, სადაც გვინდა, იქ შევიდეთ, მაგრამ გვემუქრება, რომ ნატოს ტრფიალი ძვირი დაგვიჯდება:
„საქართველო სუვერენული ქვეყანაა, მას თავისი ამოცანები აქვს და შეუძლია, გახდეს ალიანსის წევრი. ამასთან, საქართველომ უნდა იცოდეს, რომ სომხური ეთნოსი არასდროს აიტანს სომხებით დასახლებულ ადგილებში თურქ ჯარისკაცებს. მნიშვნელობა არ აქვს, სად ცხოვრობენ სომხები.
არა მგონია, ეთნიკური სომხების მხრიდან სეპარატისტული მოქმედებები დაიწყოს, თუმცა თურქული ჯარების შემოყვანა სერიოზულ დაპირისპირებას გამოიწვევს.
სამცხე-ჯავახეთში თურქული ჯარის შემოყვანის შემთხვევაში სერიოზული სომხური აჯანყება მოხდება. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“, _ გვემუქრება ტოროსიანი.
წლების წინათ „ჯავახკის“ ლიდერმა საქართველოსგან მოითხოვა, უარი ეთქვა სამშობლოში თურქი-მესხების დაბრუნებაზე. 1944 წელს საქართველოდან დეპორტირებული მესხები, ძირითადად, ჯავახეთში სახლობდნენ.
საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ვალდებულება აქვს აღებული, რომ დეპორტირებულებს სამშობლოში დააბრუნებს. რამდენიმე წლის წინ ტოროსიანი ასევე აჯანყებით და წინააღმდეგობით დაგვემუქრა, თუ თურქ-მესხებს დავაბრუნებდით.
მის ანგარიშზე კიდევ მრავალი ანტიქართული გამოხტომაა. სწორედ ამიტომ გამოაცხადა საქართველომ ის პერსონა ნონ გრატად და წლების მანძილზე მას ჩვენს ტერიტორიაზე არ აჭაჭანებდნენ.
მას საქართველოს საზღვრის გადმოლახვა 2009 წელს აუკრძალეს. 2013 წელს კი საოცნებო ხელისუფლებამ „ჯავახკის“ ლიდერს საქართველოში შემოსვლის ნება დართო.
ტოროსიანის უკუღმართ ბუნებას არც ამან უშველა. ის ისევ ანტიქართული განცხადებების ჭაობში ჩაიძირა და მას „ოცნებამაც“ დაუხურა საქართველოს კარი.
ამის მიუხედავად, ტოროსიანმა ორჯერ მაინც მოახერხა საქართველოში შემოსვლა. „ქრონიკა+“-ს სანდო წყარომ ინფორმაცია მიაწოდა, რომ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ჯავახკელი საქართველოში დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ შემოიყვანა.
უფრო სწორად თუ ვიტყვით, ჭიჭინაძე დაუდგა მას თავდებად, რომ ტოროსიანი მცირე ხნით შემოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე. მაშინ ჯავახკელს საქართველოზე აუგი არ დასცდენია.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ერთხელ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ახლობლის დაკრძალვას დაესწრო, მეორედ _ სახალხო დღესასწაულს.
მას არც ახლა უნდა გაეკეთებინა ანტიქართული განცხადებები, მაგრამ, ეტყობა, ძვირფასმა რუსეთმა დაავალა.
როგორც თავში უკვე აღვნიშნეთ, ის პაშინიანის ხელისუფლებამ გააფრთხილა, რომ საქართველოზე ცუდს არაფერს იტყოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პაშინიანი ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართ დადებითად არის განწყობილი.
სომხეთის ახალ პარლამენტში ტოროსიანი სწორედ პაშინიანის პარტიული სიით შევიდა, მაგრამ მისთვის ნატო ისევ მიუღებელი დარჩა.
აღსანიშნავია ისიც, რომ განძელი შირაქა სომხეთში თითქმის ყველა ხელისუფლებას მოერგო. პაშინიანამდე ის ქოჩარიანის პარტიამ შეიყვანა პარლამენტში, მანამდე კი _ სერჟ სარგსიანმა.
სარგსიანიც და ქოჩარიანიც საქართველოს მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილები, თუმცა მათ თანაპარტიელს ეს ხელს არ უშლიდა, რომ ჩვენი ქვეყანა ელანძღა. ათას სისულელეს იგონებდა, თითქოს საქართველოში ეთნიკურ სომხებს ჩაგრავდნენ.
განსაკუთრებული შემოტევები მას მაშინ ეწყებოდა, როცა თბილისი ნატოსთან დაკავშირებით აქტიურდებოდა.
ახლაც ასე მოხდა და ალიანსში შესვლის შემთხვევაში სომეხი დეპუტატი სომხური აჯანყებით დაგვემუქრა.
იმედია, საქართველოს ხელისუფლება ამაზე ოფიციალური ერევნისგან პასუხს მოითხოვს. ტოროსიანი ოფიციალური პირია, სომხეთის მმართველ პარტიას წარმოადგენს და მისი განცხადების გატარება არ ეგების.

შორენა მარსაგიშვილი