გურამ ჩალაგაშვილი: „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გავუშვათ!“

პატიმრობაში მყოფ ირაკლი ოქრუაშვილს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმონ. მისი თანაპარტიელები ამბობენ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ჩვენება მისცენ. ჩვენების მიცემა სთხოვეს გურამ დონაძესაც და ამის სანაცვლოდ მას თავისუფლებას დაჰპირდნენ.

რატომ უმძიმებენ ოქრუაშვილს ბრალს? რატომ არ უნდა ივანიშვილს, რომ ის თავისუფალი იხილოს? რატომ დუმს ოპოზიცია? რა შეთავაზებას აპირებენ სასამართლოსთვის დაკავებულის თანაპარტიელები და მეგობრები? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ჩალაგაშვილი ესაუბრება:

_ ბატონო გურამ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თქვენ ინფორმაცია გაავრცელეთ, რომ პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის დამძიმებას აპირებს. დღეს არავინ დაობს, რომ თავდაცვის ექსმინისტრი გისოსებს მიღმა „რუსთავი 2-ის“ გამო აღმოჩნდა. „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია და რისთვის სჭირდებათ ოქრუაშვილისთვის ბრალის დამძიმება?
_ „რუსთავი 2“ ერთ-ერთი მიზეზია, რისთვისაც ხელისუფლებამ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. დღეს ეს ტელეკომპანია ხელისუფლების ხელშია, მაგრამ ირაკლის წინააღმდეგ ბრძოლა მაინც გრძელდება. ბრძოლა გრძელდება იმიტომ, რომ „ოცნებამ“ კარგად იცის მისი წარსული, _ რა რეფორმები გაატარა იმ უწყებებში, რომელსაც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა. ეს რეფორმები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„ოცნებამ“ ისიც კარგად იცის, თუ რა ავტორიტეტი აქვს დღეს ირაკლი ოქრუაშვილს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილიც საქმის კურსშია. ის ძალიან კარგად ხვდება, რომ თუ ვინმეს შეუძლია, მის ხელისუფლებას პრობლემები შეუქმნას, ეს ირაკლი ოქრუაშვილია.
მან ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ადამიანი ციხეში გამოემწყვდია. თავდაცვის ყოფილი მინისტრი შეთითხნილი ბრალდებებით ზის საპატიმროში. საქართველოში ყველა ხვდება, რომ 20-21 ივნისის ღამეს არანაირი გადატრიალების მცდელობა არ ყოფილა.
იმისთვის, რომ გადატრიალება მოაწყო, ელემენტარულად, იარაღია საჭირო, რომელიც არსად ჩანს. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ვინმეს ადანაშაულებენ, ცოტა მეტი სერიოზულობა გამოიჩინონ. გადატრიალება ხაჭაპურის გამოცხობა არ არის, რომ ერთ გვერდზე როცა დაბრაწავ, მეორე გვერდზე გადაატრიალო.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები გურამ დონაძეს ესაუბრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ყოფილი უფროსი ბუტა რობაქიძის საქმეზეა დაკავებული. ბუტა რობაქიძე როდესაც მოკლეს, ირაკლი ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრად ითვლებოდა, თუმცა ის უკვე გადასული იყო თავდაცვის სამინისტროში.
გურამ დონაძეს შესთავაზეს, თუ ოქრუაშვილის წინააღმდეგ მისცემდა მათთვის სასურველ ჩვენებას, მას საპროცესოს გაუფორმებდნენ და თავისუფლებაზე გამოუშვებდნენ.
_ რა უნდა ეთქვა დონაძეს ოქრუაშვილზე?
_ მას მოსთხოვეს, რომ ეთქვა, თითქოს ყველაფერი ირაკლი ოქრუაშვილის დავალებით გააკეთა და იძულებული იყო, მინისტრის ბრძანება შეესრულებინა. დონაძისგან ხელისუფლებამ სასურველი ჩვენება ვერ მიიღო, ამიტომაც გადავიდა „გავრილოვის ღამის“ საქმეზე დაკავებულებზე, რომლებიც პოლიტპატიმრები არიან.
დაზუსტებულ ინფორმაციებს ვფლობთ იმაზე, თუ კონკრეტულად ვისზე ახორციელებს ხელისუფლება ზეწოლას. ვიცით, რომ ამ ეტაპზე ორ პატიმართან მიდის მოლაპარაკებები. ისინი, პრაქტიკულად, მზად არიან, ირაკლის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცენ.
მათ უნდა თქვან, რომ 20-21 ივნისის ღამეს ოქრუაშვილი პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა. ასეც რომ ყოფილიყო, საიდან ჩანს, რომ საქმე გვაქვს გადატრიალების მცდელობასთან? პარლამენტი არ არის კერძო საკუთრება, ის ეკუთვნის სახელმწიფოს და იქ შესვლის უფლება ყველას აქვს. ვთქვათ და შესულიყო იმ ღამეს ხალხი პარლამენტში, რა მოხდებოდა ამით? სხდომა არ მიმდინარეობდა, რომ რამე ჩაეშალათ.
მათ ასევე უნდა თქვან, რომ ოქრუაშვილთან წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, რომ „გავრილოვის ღამეს“ ასე მოიქცეოდნენ, რაც სრული აბსურდია. საიდან უნდა სცოდნოდა ირაკლის, რომ იმ ღამეს ასეთი რამე მოხდებოდა? კაციშვილი ვერ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში გავრილოვი ჩაჯდებოდა.
_ თუ ოქრუაშვილმა ამის შესახებ წინასწარ იცოდა, ე. ი. მასთან ზაქარია ქუცნაშვილი და ირაკლი კობახიძეც შეკრულები არიან. მათი დამსახურებაა, რომ გავრილოვი სპიკერის სავარძელში აღმოჩნდა, რასაც ათეულობით ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა მოყვა.
_ ასე გამოდის. თუ ირაკლი ვინმეს წინასწარ შეუთანხმდა, ასე და ასე მოიქეცითო, ე. ი. მას ქუცნაშვილმა და კობახიძემ უთხრეს, _ გავრილოვს სპიკერის სავარძელში ჩავსვამთ და მღელვარება დაიწყებაო, _ ეს არასერიოზულია. ამ ადამიანს ბრალს იმიტომ უმძიმებენ, რომ „ოცნებას“ მისი გარეთ გამოსვლა არ სურს.
ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს მისი ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია და ამიტომაც არ სურს მისი გარეთ გამოშვება.
ირაკლის დაპატიმრების ერთ-ერთი მიზეზი „ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევაც გახდა. ამ კვლევით მმართველმა პარტიამ ნახა, რომ ოქრუაშვილს, ოპოზიციის სხვა ლიდერებთან შედარებით, ბევრად მაღალი რეიტინგი ჰქონდა.
ვარწმუნებ ივანიშვილსა და მის გუნდს, რომ ოქრუაშვილი მათ მაინც შეუქმნის პრობლემებს. თუ ის ადამიანები, ვისთვისაც დასავლური ღერებულებებია მთავარი და „დედარუსეთში“ დაბრუნება მიუღებელია, გაერთიანედებიან, ხელისუფლება შავ დღეში აღმოჩნდება.
ჩვენ თუ პირად ამბიციებს გვერდით გადავდებთ და პირველ ადგილზე ქვეყნის ინტერესებს დავაყენებთ, ამ ხელისუფლებას მხოლოდ პრობლემებს კი არ შევუქმნით, არამედ მის პოლიტიკურ სანაგვეზე გაშვებას შევძლებთ.
19 სექტემბერს ოქრუაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ მოსამართლე მას არანაირი პირობით არ გაათავისუფლებს. ამის თვალსაჩინოებისთვის ოქრუაშვილის მეგობრებმა გადავწყვიტეთ, სასამართლოს გირაოს სახით შევთავაზოთ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა 500.000 ლარის ოდენობით, რათა ირაკლი ოქუაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ.
ასეთი თანხის გირაო დღემდე მხოლოდ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის მიმართ გამოიყენეს და ჩვენ მზად ვართ, ეს თანხა შევთავაზოთ. ეს ყველაფერი მოხდება 19 სექტემბერს და თქვენ ყველა დაინახავთ, რომ ივანიშვილს ოქრუაშვილი მხოლოდ ციხეში სჭირდება და არც ამ თანხის გირაოს სანაცვლოდ აპირებს მის განთავისუფლებას. ივანიშვილმა დაინახა, რომ ოქრუაშვილი ნომერ პორველი მტერია, რომელსაც შეუძლია, ეს ხელისუფლება პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვას.
„ოცნების“ ლიდერი ყველაფერს გააკეთებს, რომ ირაკლი ციხეში დარჩეს, მაგრამ არ გამოუვა. ასეთი ქმედებები საბოლოოდ ძალიან ცუდად მთავრდება მოძალდე ხელისუფლებებისთვის. არც „ქართული ოცნება“ იქნება ამ მხრივ გამონაკლისი.
_ თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილს არ სურს ირაკლი ოქრუაშვილის გარეთ გამოსვლა. შეიძლება თქვენ არ დამეთანხმოთ, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ციხიდან მისი გამოსვლა არც ოპოზიციის ნაწილს სურს. ამდენი ხანია, ეს ადამიანი ციხეშია და მისი მხარდამჭერი განცხადებაც კი არ გაკეთებულა.
_ სამწუხაროდ, ასეა. არ ვიცი, რა არის მათი დუმილის მიზეზი. ეტყობა, რაღაც მიზეზით არ აქტიურებენ. არადა, ბევრ მათგანს იგივეს ედავებოდნენ, რის გამოც ირაკლი ზის ციხეში.
ირაკლისა და სხვა პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით ჩვენ პატარ-პატარა აქციებს ვგეგმავთ და ოპოზიციის დამოკიდებულება იქაც გამოჩნდება. არ ვიცი, ისინი რას იზამენ, ჩვენ ჩვენი ძალებით შევეცდებით, დისკომფორტი შევუქმნათ ხელისუფლებას.
არავის არაფერს ვაბრალებ, მაგრამ ოპოზიციისგან მეტი აქტიურობაა საჭირო. ყველას მინდა შევახსენო, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციის ყველა ლიდერის მაგივრად ზის ციხეში. და თუ მართლაც რამე მოხდა 20 ივნისის ღამეს, ყველაფერი მან აიღო საკუთარ თავზე.
როცა იცი, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ზის ციხეში, ერთი საპროტესტო განცხადება მაინც უნდა გააკეთო. აქ მნიშვნელობა არ აქვს, მოგწონს თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურად. პოლიტიკის მიღმა არსებობს ადამიანობა. ადამიანისთვის კი სხვა ადამიანის უკანონოდ ციხეში გამომწყვდევა პროტესტის მიზეზი უნდა გახდეს.
ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ვალდებულები არიან, პროტესტი გამოხატონ და „გავრილოვის ღამის“ საქმეზე დაკავებულების განთავისუფლება მოითხოვონ.
„ქართული ოცნება“ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას რომ არ მოითხოვს, დარწმუნებული ვარ. ამას არც „ოცნების“ საპარლამენტო გუნდი გააკეთებს. მათი იმედი როგორ უნდა გქონდეს, როცა თავიანთ კოლეგას იმუნიტეტი ისე მოუხსნეს, თვალიც კი არ დაუხამხამებიათ. „ოცნების“ 93-მა დეპუტატმა ნიკა მელია ციხისთვის გაიმეტა.
„ოცნებას“ არავის უფლებების დაცვა აინტერესებს. მათთვის უმნიშვნელოა ისიც, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს. მმართველი პარტიის წევრებისთვის მთავარია საკუთარი ჯიბეების გავსება. ცდილობენ, დარჩენილ დროში რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ.
მათ იმედი აქვთ, რომ როცა ხელისუფლება შეიცვლება, ამ ფულით მშვიდად იცხოვრონ, რაც ასე ნამდვილად არ იქნება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დადგეს დრო, როცა ყველამ უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულზე. „ოცნება“ აუცილებლად აგებს პასუხს.
_ ისევ ოქრუაშვილს დავუბრუნდეთ: იმაში, რომ ის ხელისუფლებამ დააკავა, საზოგადოებასაც ხომ არ მიუძღვის წვლილი? სანამ მას დაიჭერდნენ, სოციალურ ქსელებში მის წინააღმდეგ ნამდვილი ომი გაჩაღდა. ძალიან ბევრი ლანძღავდა მას.
_ ირაკლისთვის ფეისბუქზე გამოცხადებულ ომს მეც ვადევნებდი თვალყურს. თითქმის ყველა კომენტარი და სტატუსი წავიკითხე. ვერ ვიტყვი, რომ ირაკლის ხალხი ლანძღავდა, ეს იყო ხელისუფლების მართული ტროლებისა და ბოტების აქტიურობა. მათ შექმნილი აქვთ ათასობით ფეისბუქგვერდი და იქ სიბინძურეებსა და სისულელეებს წერენ.
ყველა ოპოზიციურ ლიდერზე იწერებოდა ასეთი სიბინძურეები, მაგრამ ირაკლი განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი გახდა, იმიტომ რომ ხელისუფლებისთვის ის ყველაზე საშიშია.
კარგი იქნება, თუ საზოგადოებაც იაქტიურებს და ტროლებს არ აჰყვება. საზოგადოებამ უნდა დაიცვას პოლიტპატიმრები. საზოგადოებამ პროდასავლურ ძალებთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანა დასავლეთისკენ წავიდეს და არა _ რუსეთისკენ.
საქართველოს რომ რუსული გზით უპირებენ წაყვანას, ეს უკვე ნათელია და ამაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმაც დამარწმუნა.
არც ნატოს ყოფილი გენერალურ მდივან რასმუსენის განცხადება ყოფილა შემთხვევითი. ასეთი რანგის ფიგურები განცხადებებს შემთხვევით არ აკეთებენ. მეეჭვება, რომ მისი ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლებასთან არ ყოფილიყო შეთანხმებული. აქამდე ჭორის სახით გვესმოდა, რომ „ოცნება“ ოკუპირებული რეგიონების დათმობას აპირებდა. ამ სკანდალური განცხადების შემდეგ დამატებითი ეჭვები გაჩნდა.
არც ინაშვილი შევარდნილა საერთაშორისო კონფერენციაზე თავისი სურვილით. ესეც იმ გეგმის ნაწილი იყო, რა გეგმასაც ივანიშვილის ნარკომანი „პიარშიკები“ ადგენენ. ეს ამბავი მათ ტვინში მოიხარშა. მათ მოიფიქრეს სცენარი და ირმა ინაშვილს დაავალეს, შევარდნილიყო და ჩაეშალა საერთაშორისო კონფერენცია. ამის სანაცვლოდ ის შემდეგ არჩევნებზე საჩუქარს მიიღებს _ მას კიდევ ერთხელ შეიყვანენ პარლამენტში.
საქართველოს რუსული გზით წასვლა არ უნდა დავუშვათ. პროდასავლურმა ძალებმა და საზოგადოებამ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გავუშვათ.

შორენა მარსაგიშვილი