სანდრო ბრეგაძე: „ივნისში საქართველოს მთავრობა გასაქცევად ემზადებოდა“

რამდენიმე თვის წინ „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. მისი მტკიცებით, ამერიკელებმა ბიძინა ივანიშვილს გიგა ბოკერიას გუნდისთვის ხელისუფლების გადაბარება მოსთხოვეს. ბრეგაძის განმარტებით, ამ გეგმის ამოქმედების შემთხვევაში გიორგი გახარია და ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან საერთოდ გაქრებოდნენ.

არის თუ არა გახარია-ღარიბაშვილის დაწინაურება ამერიკის წინააღმდეგ წასვლა? რატომ დანიშნა აშშ-მ ელჩი საქართველოში სასწრაფოდ, რასაც დიდი ხანი აჭიანურებდა? შეიცვლება თუ არა არჩევნებამდე მთავრობა და ვის ემუქრება „ოცნებიდან“ საარჩევნო სიის მიღმა დარჩენა?
„ქრონიკა+“-ს სანდრო ბრეგაძე ესაუბრება:

_ ბატონო სანდრო, თქვენ ვარაუდობდით, რომ ივანიშვილი ხელისუფლების გადაბარებას აპირებდა და აღნიშნავდით, ამას აუცილებლად შეეწირებიან ღარიბაშვილი და გახარიაო. პირიქით მოხდა: გახარია პრემიერია, ღარიბაშვილს სამხედრო უწყება ჩააბარეს. რა ხდება, ივანიშვილმა გადაიფიქრა ხელისუფლების გადაბარება?
_ რა ხდება და ივანიშვილმა საარჩევნო მთავრობა მოამზადა. საარჩევნო მთავრობა, როგორც წესი, იმ ადამიანებით კომპლექტება, ვინც ლიდერის ერთგულია და, ამავე დროს, ხალხში პოპულარობით სარგებლობს.
„ოცნების“ ლიდერმა ძალოვანი უწყებები მის ერთგულ ხალხს ჩააბარა. ვახტანგ გომელაურს, ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ივანიშვილი თვალდახუჭული ენდობა.
ის ასევე ენდობა გიორგი გახარიას, რომელსაც პრემიერ-მინისტრის პოსტი ჩააბარა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მთავრობის ახალი მეთაური საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
_ ადრე შეიძლება სარგებლობდა, მაგრამ 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ, არა მგონია.
_ ამ ღამის შემდეგ გახარიამ ბევრი რადიკალური მოწინააღმდეგე შეიძინა, მაგრამ, ამავე დროს, მას ჰყავს ბევრი მომხრეც. ის განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში უყვართ. ამ რეგიონში მისი რეიტინგი ძალიან მაღალია. მას ის მოქალაქეებიც უჭერენ მხარს, რომლებიც დასანახად ვერ იტანენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ნარჩენებსა თუ განაყოფებს.
აქედან გამომდინარე, ივანიშვილმა ამ სამთავრობო ცვლილებით სწორი ნაბიჯი გადადგა. მან შექმნა საარჩევნო მთავრობა, რომელსაც 2020 წელს სრულად დაეყრდნობა.
_ რაც შეეხება ხელისუფლების გადაბარებას, რომელზედაც თქვენ ხშირად საუბრობთ, აღარ მოხდება? გადაიფიქრა ივანიშვილმა? ამბობდით, რომ ის იძულებული იყო, შეთავაზებას დასთანხმებოდა.
_ გეგმა, რომლის თანახმადაც ხელისუფლება ბოკერიას უნდა გადაბარებოდა, ივანიშვილს რამდენიმე თვის წინ დაუდეს. ეს გეგმა მას აშშ-დან ჩამოუტანეს. ასეთივე სქემა დაუდო, თავის დროზე, ჯეიმს ბეიკერმა ედუარდ შევარდნაძეს 2003 წელს. შევარდნაძემ თავის მეგობარ ბეიკერს ყური არ უგდო და მას გაჯიუტება „ვარდების რევოლუციად“ დაუჯდა.
როგორც ჩანს, არც ივანიშვილი აპირებს ამერიკიდან გამოგზავნილი გეგმის მიხედვით მოქმედებას, თუმცა არა მგონია, რომ მან შევარდნაძის ბედი გაიზიაროს. იმ დროს, როცა ბეიკერმა ხელისუფლების გადაბარების გეგმა თბილისში ჩამოიტანა, შევარდნაძე უკვე ღრმა მოხუცი იყო და არც ძველებურად ჰქონდა ბრჭყალები. მას აღარც გუნდი ჰყავდა. მისი გუნდი კორუფციის ჭაობში იხრჩობოდა _ ფულის გარდა მას არაფერი აინტერესებდა.
ივანიშვილი კი ბევრად ახალგაზრდაა, ვიდრე მაშინ შევარდნაძე იყო და გუნდიც ჰყავს. ეს გუნდი მობილიზებული და მოტივირებულია.
ამ გუნდში „ქართულ ოცნებას“ არ ვგულისხმობ, მისი უშუალო გარემოცვა მყავს მხედველობაში, რომელსაც ის ბოლომდე ენდობა. ამიტომაც იკავებს თავს ამერიკელების მოთხოვნის შესრულებაზე.
ისიც ვთქვათ, რომ მარტო საკუთარი თავისა და ამ გუნდის იმედად არ არის. აქ რუსეთის ფაქტორიც გასათვალისწინებელია და მან ეს ფაქტორიც გაითვალისწინა.
_ რუსული ფაქტორის გათვალისწინებაში რას გულისხმობთ?
_ რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია ისეთი ოდიოზური ფიგურისთვის ხელისუფლების გადაბარება, როგორიც გიგა ბოკერიაა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოკერიას ვერც ევროპელი პოლიტიკოსები იტანენ.
მართალია, ხელისუფლების გადაბარების გეგმა ამერიკელებმა ჩამოიტანეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს თეთრი სახლის პოზიციაა. ეს გეგმა ობამას ადმინისტრაციის ნარჩენებმა დაუდეს ივანიშვილს. ეს ხალხი ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგაც კი იბრძვის.
აქედან გამომდინარე, საქართველოში ხელისუფლების გადაბარების პროცესი შეჩერდა. ამერიკელმა ჩინოსნებმა უარი მიიღეს გადაბარებაზე. ამის გამოძახილი იყო ის, რაც ივნისში მოხდა.
გავრილოვი რომ არ ყოფილიყო, ოპოზიცია სხვა საბაბს გამოძებნიდა არეულობის მოსაწყობად. 20 ივნისს ივანიშვილს პირდაპირ უთხრეს, რომ თუ გადაბარებაზე არ დათანხმდებოდა, მას რევოლუციას მოუწყობდნენ.
რატომღაც, ეგონათ, რომ „ოცნების“ ლიდერი უკან დაიხევდა, მაგრამ ის შეთავაზებას არ დასთანხმდა და გამწვავებაზე წავიდა. არადა, იმ დღეებში მან და საქართველოს ხელისუფლებამ ბეწვის ხიდზე გაიარეს.
„ოცნების“ მთავრობის წევრი ვიყავი და ბუნებრივია, იქ ბევრი ნაცნობი მყავს. მმართველი პარტიის წარმომადგენლებს იმ დღეებში ჩემთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ. დეტალებში ვიცი, თუ რა ხდებოდა იმ დღეებში ხელისუფლების კულუარებში. იყო დღეები, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ზღვარზე იყო.
_ რის ზღვარზე იყო?
_ „ოცნების“ მთავრობა გასაქცევადაც კი ემზადებოდა.
_ ეს როდის ხდებოდა?
_ 22-23 ივნისს. იმ დღეებში ქუჩაში განსაკუთრებით ბევრი ხალხი გამოვიდა. „ოცნების“ ხელისუფლება არჩევნების პროპორციულად ჩატარების წესს რომ არ დასთანხმებულიყო, არ ვიცი, რა მოხდებოდა. ამ შეთავაზებამ ხალხის მღელვარება ცოტა გაანეიტრალა და მმართველმა გუნდმაც შეძლო აზრზე მოსვლა.
პროპორციულზე დათანხმება ეს იყო ერთი ნაბიჯი უკან, რათა შემდეგში ორი ნაბიჯი წინ გადაედგათ. მართალია, ხელისუფლება არ გაიქცა, მაგრამ ივანიშვილმა სერიოზული ზარალი ნახა.
_ მატერიალურ ზარალს გულისხმობთ?
_ არა. იმ დღეებში ივანიშვილის იმიჯი მნიშვნელოვნად შეილახა. შეილახა „ოცნების“ იმიჯიც. ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასავით არ მოიქცეოდნენ, მაგრამ მოუწიათ ამის გაკეთება.
რაც არ უნდა უკანონო იყოს მიტინგი, რაც არ უნდა აგრესიულად იქცეოდნენ აქციის მონაწილეები, მაინც ხელისუფლება ზარალდება, როცა დაშლის გადაწყვეტილებას იღებს.
აქციის დაშლა ძალის გამოყენების გარეშე ვერ მოხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენს მოქალაქეებზე უნდა აღმართო ხელი, რაც ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მძიმედ სატარებელი ტვირთია. ეს არც „ოცნებისთვის“ იქნება იოლი ტვირთი. ივანიშვილისა და მისი გუნდის სახელი მნიშვნელოვნად შეიბღალა. „ოცნების“ ლიდერმა იმ დღეებში ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ გადარჩა.
თავადაც გადარჩა და საქართველოც გადაარჩინა. აქ რომ იმ დღეებში ხელისუფლება დამხობილიყო, ქვეყანა სისხლის ტბებში ჩაიხრჩობოდა.
_ აშშ კარგა ხნის მანძილზე საქართველოში ელჩს არ ნიშნავდა, მაგრამ როგორც კი გიორგი გახარია პრემიერად წარადგინეს, ვაშინგტონმა სასწრაფო წესით დანიშნა ელჩი. ამაზე რას ფიქრობთ, უბრალო დამთხვევაა თუ?..
_ ეს დამთხვევა არ არის. აშშ არც გახარიას მიიჩნევს თავის კაცად, არც _ გომელაურს და არც _ ღარიბაშვილს. ჩემი აზრით, ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნამ უფრო იმოქმედა ვაშინგტონზე.
ამ მხრივ მოხდა უპრეცედენტო რამ: ვარდიკო ნადიბაიძის შემდეგ საქართველოში ყველა თავდაცვის მინისტრი უშუალოდ აშშ-ს დანიშნული იყო. ღარიბაშვილის უკან კი არც ამერიკა დგას და არც _ რუსეთი.
_ ბევრზე ამბობდნენ, აშშ-ს კაციაო, მაგრამ მინდია ჯანელიძეზე ყველა ამბობს, რომ ის რუსეთის რეკომენდაციით დაინიშნა თავდაცვის მინისტრად.
_ მინდია ჯანელიძე არ იყო ამერიკის კადრი, დანარჩენი ყველა ვაშინგტონის მითითებით დაინიშნა. თინა ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში რა უნდოდა?! მაგრამ ამერიკელებმა გაიგიჟეს თავი და „ოცნებაც“ იძულებული გახდა, დასთანხმებოდა.
თავდაცვის მინისტრებთან ერთად აშშ-ს რეკომენდაციით ინიშნებიან საქართველოში გენშტაბის უფროსებიც. ეს არასდროს მოხდება, მაგრამ საქართველოსა და აშშ-ს შორის ომი რომ დაიწყოს, ისინი ამერიკელების მხარეს იქნებიან. ვარდიკო ნადიბაიძის დროს სამხედრო უწყებას რუსები მართავდნენ, მას მერე უკვე ამერიკისგან ვიღებთ მითითებებს.
_ რუსებისგან განსხვავებით ამერიკელები ჯარის აშენებაში გვეხმარებიან და მითითებებიც არ უნდა გაგვიკვირდეს.
_ გასაგებია, რომ ამერიკა გვეხმარება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ვაშინგტონმა უნდა დანიშნოს თავდაცვის მინისტრი ან გენშტაბის უფროსი. ამერიკის საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ჯერ შენი ქვეყნის ინტერესი უნდა გაატარო და მერე _ მეგობარი სახელმწიფოსი.
დავუბრუნდები ისევ ელჩის ამბავს: ამ მიმართულებით სასწრაფო გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ძალოვან სტრუქტურებზე ამერიკას ძველებურად დიდი გავლენა აღარ აქვს.
პირდაპირ გეტყვით, აშშ-ში არ გახარებიათ საქართველოს მთავრობაში მომხდარი ცვლილებები და ელჩიც სასწრაფოდ გამოაგზავნეს.
_ გომელაურზე ასეთი აგრესია არ ყოფილა, მაგრამ გახარიას გაპრემიერება და ღარიბაშვილის მთავრობაში დაბრუნება „ოცნების“ ნაწილსაც არ გახარებია. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?
_ სანამ „ოცნებაზე“ მივალ, ისევ ამერიკის თემაზე მინდა, რაღაც ვთქვა. ამერიკას იმიტომ არ გაეხარდა ეს ცვლილებები, რომ არც გახარია, არც ღარიბაშვილი და არც გომელაური არ არიან მათი აგენტები. ისინი არც რუსეთის აგენტები არიან. ეს იმიტომ დავაკონკრეტე, რომ ჩვენთან ეგრევე რუსეთის აგენტად გნათლავენ, თუ აშშ არ გიყვარს ან მას არ წარმოადგენ.
ასევე მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დადებითად უყურებს ამ ცვლილებებს. აქვე მინდა იმასაც გავუსვა ხაზი, რომ ტრამპი არ არის ერთპიროვნული მმართველი და მას რეიგანობამდე ბევრი უკლია. მას ჰყავს სერიოზული ოპოზიცია, რომელიც ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში პოლიტიკური ამინდის შექმნაში დიდ როლს თამაშობს.
რაც შეეხება „ოცნებას“, იქ მართლა ვერ იტანენ ღარიბაშვილსა და გახარიას, ასევე გომელაურსაც. ეს, ჩემი აზრით, სრულიად ნორმალური ამბავია. ნუ გვავიწყდება, რომ ეს პარტია არ არის ერთი გუნდი. მის წარმომადგენლებს ერთმანეთთან არ აკავშირებთ ბრძოლის წლები.
„ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთის თანამოაზრეები და თანამებრძილები არ არიან. დღევანდელი მმართველი პარტია საარჩევნოდ შეკოწიწებული მახინჯი წარმონაქმნია. საპარლამენტო სიაში ისეთი ხალხი ჰყავთ შეყრილი, რომელთა შესახებ არავინ არაფერი იცის. ისიც კი არ ვიცით, საიდან მოდიან და ან რა უნდათ.
ასეთ გუნდში რა გასაკვირია, რომ ადამიანები დასანახად ვერ იტანდნენ ერთმანეთს. ყველაზე მიუღებელი ძალა ე. წ. ლიბერალები არიან. მათ თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს.
იმედია, რომ 2020 წლის საპარლამენტო სიაში ამ ადამიანებს ვეღარ ვიხილავთ. ამას თავადაც გრძნობენ და ამიტომაც არიან გადასული თანაგუნდელების ჩაძირვაზე. ისინი მთავრობის წევრებსაც მტრობენ. ბოლო სამთავრობო ცვლილებები ყველაზე მეტად მათთვის არის მიუღებელი.
მიუხედავად ამისა, მათ შორის სიტუაციის გამწვავებას ჯერ არ ველოდები, მაგრამ გაზაფხულიდან სერიოზული ამბები დაიწყება.
_ გაზაფხულზე რა ხდება?
_ „ქართული ოცნება“ საარჩევნო სიის შედგენაზე დაიწყებს მუშაობას. ეს პროცესი ნებისმიერი პარტიისთვის ძალიან მტკივნეულია. მშრალად ვერც მმართველი პარტია გამოვა და მათ რიგებში აუცილებლად მოხდება განხეთქილება.
ლიბერალები რომ ვეღარ მოხვდებიან „ოცნების“ სიაში, ეს უკვე გითხარით. სიაში მოხვედრის იმედი არც კოჰაბიტაციის პირმშოებს უნდა ჰქონდეთ. ეს ამბავი ასე მშვიდად არ ჩაივლის და წინ დიდი ომები გველოდება.
_ კოჰაბიტაციის პირმშოებში ვის გულისხმობთ?
_ ვის და ადეიშვილისა და მერაბიშვილის ხელის ბიჭებს. „ქართული ოცნების“ პარტიული საარჩევნო სია მათგანაც გაიწმინდება. მათ პირდაპირ გააპანღურებენ ეს, ამბავი რყევების გარეშე არ ჩაივლის. იმედია, ივანიშვილს ამაზე ნაფიქრი აქვს და სათანადო ზომებსაც მიიღებს.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მმართველ პარტიაში გახარიას გაპრემიერებამ ძალიან ბევრი გაანაწყენა. როგორც „ოცნებაში“ მითხრეს, ბევრი მათგანი გიორგი კვირიკაშვილს ცხარე ცრემლებით მისტირის.
_ კვირიკაშვილს რატომღა მისტირიან?
_ იმიტომ მისტირიან, რომ ძალიან ბევრი მათგანი კვირიკაშვილის რეკომენდაციით მოხვდა საქართველოს პარლამენტში.
_ თქვენ ვარაუდობთ, რომ „ოცნებიდან“ ერთ ნაწილს გააპანღურებენ. ამ ხალხმა 2015 წელს ირაკლი ღარიბაშვილს ერთხელ უკვე აჯობა და ივანიშვილს ის პრემიერობიდან გააშვებინა. ახლა ეს ადამიანები ბრძოლის გარეშე დანებდებიან? თან როგორც ამბობენ, გახარიას, ღარიბაშვილსა და გომელაურს შორისაც არ არის კარგი ურთიერთობები.
_ რამდენადაც ვიცი, ღარიბაშვილი და გომელაური ახლო მეგობრები არიან. ისინი დიდი ხანია, ერთად მოდიან. მათ ერთმანეთი „ოცნებაში“ არ გაუცნიათ. მათ შორის წინააღმდეგობა არ მოხდება. ყველანაირ დაპირისპირებას გამოვრიცხავ.
გახარიას რაც შეეხება, არა მგონია, რომ შს და თავდაცვის მინისტრები მას ვერ იტანდნენ. პირიქით, მათ ახალი პრემიერი ესიმპათიურებათ. ეს ადამიანები მენტალურად ერთმანეთს ჰგვანან.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში რაიმე განსაკუთრებულ რყევებს გამოვრიცხავ. არჩევნებამდე ნამდვილად არაფერი მოხდება, მერე ვნახოთ. არჩევნების შემდეგ სერიოზული ცვლილებები და ამბები იქნება.
_ არჩევნებამდე რატომ არ იქნება რყევები?
_ პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის. ამ წლების განმავლობაში მმართველი პარტიის რეიტინგი ძალიან დაეცა და მათ სულ სხვა რეალობაში უწევთ ცხოვრება. ამ რეალობაში, სურთ თუ არა, ერთად უნდა იყვნენ.
ივანიშვილის გუნდში ძალიან კარგად იციან, რომ 2020 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 35%-ზე მეტს ვერ აიღებენ. არჩევნები პროპორციული წესით ტარდება და თავიანთ რიგებს მაჟორიტარებითაც ვეღარ შეავსებენ.
ამ ვითარებაში მმართველმა პარტიამ საარჩევნო სიის შედგენაზე ძალისხმევა არ უნდა დახარჯოს. არ არის საჭირო იმაზე ბრძოლა, თუ ვინ მოხვდება გამსვლელ ადგილებზე. მათთვის შეიძლება ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამომრჩევლისთვის ეს არაფრისმომცემია.
ამომრჩეველმა იცის, რომ ამის უკან ივანიშვილი დგას. ხალხს საერთოდ არ აინტერესებს, სიაში ქიბროწაშვილი იქნება თუ ბელიჩიძე. ისინი ივანიშვილს უჭერენ მხარს და ნებისმიერ შემადგენლობას მისცემენ ხმას.
მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ ლიდერს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მისი პარტია 35%-ზე მეტს მაინც ვერ აიღებს. არ გამოვრიცხავ, რომ „ოცნება“ 30%-ზე შეჩერდეს.
ასეთ შემთხვევაში ისინი ვერც საპარლამენტო უმრავლესობას შექმნიან და, შესაბამისად, ვერც მთავრობას დააკომპლექტებენ. მეტიც: მათ მთავრობის დასაკომპლექტებლად 51%-იც კი არ ეყოფათ.
_ 51% რატომ არ ეყოფათ?
_ არ ეყოფათ. ერთი-ორი სხვა დეპუტატის იმედად ყოფნა სარისკოა. სხვა პარტიებს ყოველთვის შეუძლიათ ამ დეპუტატების გადაბირება და მთავრობის დაშლა.
იმისთვის, რომ ახალი მთავრობა მშვიდად დააკომპლექტოს, „ოცნებას“ 2020 წლის არჩევნებზე თავის ფლანგზე 55% სჭირდება. თავადაც 35%-ზე მეტს ვერ აიღებენ. ამიტომ სხვა პარტიებიდან დასჭირდებათ 20%, რათა მთავრობა დააკომპლექტონ.
_ ვინ შეიძლება დაახმაროს ხალხი „ოცნებას“?
_ დღეს ამის პროგნოზირება, ცოტა არ იყოს, ძნელია. მომავალი პარლამენტი საკმაოდ ჭრელი იქნება და იქ ივანიშვილს სერიოზული მუშაობის ჩატარება მოუწევს.
ყველაზე რეალური ძალა, რომელიც მომავალში „ოცნებასთან“ ითანამშრომლებს, „პატრიოტთა ალიანსია“. მან წინა არჩევნებზე პარლამენტში 6 კაცის გაყვანა მოახერხა. ახლა შეიძლება ეს შედეგი გააუმჯობესოს. წინა წლებთან შედარებით მათმა რეიტინგმა სერიოზულად მოიმატა.
სხვა პარტიებთან ივანიშვილს ვაჭრობა და საერთო ენის გამონახვა გაუჭირდება. მთელი ოპოზიციური სპექტრი მეორე მხარეს არის გადასული. მეორე მხარეში „ნაციონალებს“ ვგულისხმობ. მართალია, პარტიებს სხვადასხვა სახელი აქვთ, მაგრამ ისინი მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ.
„ნაციონალებთან“ არ არიან, მაგრამ ივანიშვილი ვერც ლეიბორისტებთან ითანამშრომლებს. ისინი „ოცნებასთან“ გარიგებაში არ შევლენ.
არც ახალი პარტიები უნდა დავივიწყოთ. რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძემ შექმნა პარტია, სადაც ბევრი წავა და მას ბევრი დაუჭერს მხარს. სხვა ფულიანი ტიპებიც გამოჩნდებიან.
არჩევნების წინ საქართველო ერთ დიდ დახლად იქცევა ხოლმე, სადაც ღიად მიდის ხმებით ვაჭრობა. უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფ ადამიანს შეუძლებელია, პრაგმატული და სახელმწიფოებრივი აზროვნება მოსთხოვო. პურის ფულის ნაცვლად ისინი მზად არიან, საკუთარი ხმები გაყიდონ. მდიდრებიც ყიდულობენ ამ ხმებს და ამიტომაც ვერ ამოვიდა საქართველო ვერასდროს ამ უბედურებიდან.
„ოცნებას“ წინ სერიოზული პრობლემები ელოდება და ასეთ დროს შიდა დაპირისპირებების ფუფუნება ნამდვილად არ აქვს.

შორენა მარსაგიშვილი