ემზარ კვიციანი: „ყველაფრის მთავარი იდეოლოგი ბოკერიაა თავის იგორა გიორგაძესთან ერთად!“

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი, რომელიც შემოდგომის პოლიტიკური სეზონის მთავარ გმირად იქცა, „ქრონიკა+“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სკანდალურ განცხდებებს აკეთებს. კერძოდ, ემზარ კვიციანი, რომელსაც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებთან ახალი პრემიერისა და მთავრობის დამტკიცების დღეს სიტყვიერი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოუვიდა, ამბობს, რომ #სირცხვილიას უკან _ არც მეტი, არც ნაკლები _ სუსი დგას. მეტიც, დეპუტატი ვრცელ ინტერვიუში რამდენჯერმე ახსენებს 150 მილიონს, რომელიც საქართველოში ანტირუსული პროპაგანდის გასაძლიერებლად გამოიყო და განმარტავს, რომ ბრძოლა ამ ფულისთვის მიდის, ანუ კვიციანი აქცენტს ფულის გათეთრებაზე აკეთებს და არც იმის თქმას ერიდება, რომ ამ ფინანსურ მაქინაციაში, დასავლეთთან ერთად, რუსეთიც არის ჩართული!

ამას გარდა, კვიციანი კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ლიდერ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და პირდაპირ ამბობს, რომ მელიაზე, უბრალოდ, ჯოხი გადატეხეს, თორემ, სინამდვილეში, დამნაშავე გიგა ბოკერიაა.
სხვათა შორის, ბოკერიას კონტექსტში დეპუტატი კვიციანი იგორ გიორგაძესაც ახსენებს და ამასთან, წინა წლების პერიპეტიებსაც გვიყვება და დეტალურად გვიხსნის, თუ რატომ დაუწყეს დევნა და ვინ და რა მიზნით ცდილობს, რომ მას პრორუსი პოლიტიკოსის იმიჯი ჰქონდეს.

_ ბატონო ემზარ, ისე მოხდა, რომ შემოდგომის პოლიტიკური სეზონის მთავარ გმირად იქეცით.
_ არ ვიცი…
_ შეიძლება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: სექტემბრის პირველივე კვირა დღეს, როცა პარლამენტი მთავრობის ახალ ძველ შემადგენლობას ნდობას უცხადებდა, სკანდალში გაეხვიეთ, ანუ აქცია #სირცხვილიას წევრებსა და თქვენ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თქვენ მიმართ ასეთი აგრესიის მიზეზი რა არის?
_ აგრესია ახლა არ გაჩენილა და ყველაფერი 1993 წლის 27 სექტემბერს დაიწყო, ანუ როგორც კი სოხუმი დაეცა, შეიარაღებული ძალები, პროკურატურა, უშიშროება და, საერთოდ, ყველა ძალოვანი უწყება აფხაზეთიდან გამოიხვეტა, ჩვენ კი ჩვენი ტერიტორიები არ დავთმეთ და იქ დავრჩით. ამის გამო ძალოვანი სტრუქტურების იმ ხელმძღვანელობამ, რომელსაც დავალება ჰქონდა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთელი ტერიტორია უნდა ჩაებარებინათ, ჩემ წინაამდეგ ბრძოლა დაიწყო, რადგან დავალება ვერ შეასრულა.
დავაკონკრეტებ, ძალოვან სტრუქტურებში ვის ვგულისხმობ, რადგან ვინმეს თავდაცვა არ ეგონოს: ვსაუბრობ უშიშროებაზე, კერძოდ, КГБ-სა და მის დაქვემდებარებაში მყოფ დანარჩენ ძალოვან სტრუქტურებზე, სადაც მისი ემისრები იყვნენ. ყველაფერ ამის მთავარი შემსრულებელი კი იგორ გიორგაძე იყო.
ერთი სიტყვით, ღიად ვერ მიპირისპირდებოდნენ, მაგრამ ხან ვინ შემოაგზავნეს და ხან რა გააკეთეს, მაგრამ უფლის ძალით, ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ და ბოლოს, იქამდე მივედით, რომ იძულებული გახდნენ, რუსეთის სამხედრო ძალები ჩაერთოთ.
_ ანუ?
_ მოსკოვში საერთაშორისო ოთხმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს _ გაერომ, აფხაზებმა, ქართველებმა და რუსებმა. იმის პარალელურად, რომ კოდორის ხეობაში მოწინააღმდეგე მთელი კავკასიელი „ბოევიკებით“, კაზაკებით, სომხური „ბაგრამიანის“ ბატალიონით და რუსული სპეცსამსახურებით გვებრძოდა, საქართველომ იურიდიულადაც მისცა იმის საბაბი, რომ დამნაშავეები ჩვენ ვყოფილიყავით, მაგრამ ამასაც არ შევეპუეთ და, უფლის წყალობით, იქამდე მივედით, რომ 1994 წლის 30 ივნისს გადაწყდა _ რუსეთის სამშვიდობო ძალები ხეობაში კი არ შემოვიდოდნენ, არამედ შუაში დადგებოდნენ. ეს ჩვენს გამარჯვებას ნიშნავდა.
_ გამარჯვებას რატომ ნიშნავდა?
_ რუსები შუაში დადგნენ და აფხაზეთის ტერიტორიის 30% საქართველოს იურისდიქციაში დარჩა. ამის შემდეგ კი ყველაფერი ტექნიკისა და ღალატის საქმე იყო, ანუ რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთმა ხელისუფლებაში მოღალატე სააკაშვილი და მისი ჯგუფი მოიყვანა, ზურგში ჩაგვარტყეს და დალის ხეობა წაგვართვეს.
ადრე კონვენციებში გაცნობიერებული არ ვიყავი და არ ვიცოდი, რომ ჟენევის კონვენციით, სეპარატისტებს, თუ ავტონომიური რესპუბლიკის მთელ საზღვარს ვერ აკონტროლებს, არავინ აღიარებს. იმ შემთხვევაში კი, თუ მთელ საზღვარს აკონტროლებენ, საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუძლიათ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარონ.
სხვათა შორის, ეს ნაბიჯი ღიად რუსეთმა გადადგა.
ამასთან, წარმოიდგინეთ, აშშ აფხაზეთის მოსახლეობას აშშ-ს ვიზებს აძლევს. ქართველები სად არ დაძრწიან და რამდენ ფულს იხდიან იმისთვის, რომ აშშ-ს ვიზა აიღონ, ამ დროს კი მოსკოვში მდებარე აშშ-ის საელჩო აფხაზეთის მცხოვრებლებს ვიზებს უპრობლემოდ აძლევს.
_ ბატონო ემზარ, საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით კრემლი და თეთრი სახლი შეთანხმებულად მოქმედებენ?
_ ეს, პრაქტიკულად, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაა და უკვე რამდენი ხანია, ვამბობ, რომ რუსეთი და აშშ შეთანხმებულად მოქმედებენ!
შეიძლება, ვერ ვთქვა, ჭკვიანი კაცი ვარ-მეთქი, მაგრამ ყოველთვის სიმართლეს ვამბობ.
_ ჭკვიანი რატომ არ ხართ?
_ ჭკვიანი კაცი ასეთ რამეს რომ მიხვდება, გაჩუმდება, რადგან საკუთარ თავს, ოჯახს უფრთხილდება და შენი სამშობლო სულ ფეხზე ჰკიდია. მე კი ჭკვიანი არ ვარ და ჩემს თავზე არ ვფიქრობ. მთელი ცხოვრება ეს ჩემი უბედურებაა და ამიტომ არის, რომ ყველა განცხადებას, მინიმუმ, ორი წლით ადრე ვაკეთებ და მერე სრულდება, რადგან იმას ვამბობ, რაც რეალობაა. ამ რეალობას სხვაც ხედავს, მაგრამ ვერ ბედავს, რომ თქვას და იმ მომენტს ელოდება, როცა მისთვის მომგებიანი დრო დადგება!
_ ბატონო ემზარ, სააკაშვილის რუსულ კავშირებზე სხვა დროსაც გისაუბრიათ, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები გაქვთ?
_ ამის დამადასტურებელი ფაქტი სააკაშვილის ცხოვრებაა. დაიწყეთ 18 წლიდან, მოყევით დღემდე და სულ რუსული საქმეები აქვს ნაკეთები! ბოლოს და ბოლოს, „КГБ“-ში მსახურობდა!
ახლა ერთ რამეს გეტყვით: კარგი, იყო პერიოდი, როცა მის კაცობაში ეჭვი შემეპარა, მაგრამ პრეზიდენტი გახდა და აფხაზეთის დასაბრუნებლად დალის ხეობის გამოყენება რომ სდომებოდა, ხომ შეეძლო, ჩემი გამოცდილება გამოეყენებინა, მაგრამ თავიდანვე ჩემ წინაამდეგ ბრძოლა დაიწყო იმიტომ, რომ ამ დავალებით იყო მოსული!
სანამ „ვარდების რევოლუცია“ მოხდებოდა, სახელმწიფო მინისტრი, თუ გახსოვთ, ავთო ჯორბენაძე იყო.
_ დიახ, მახსოვს.
_ ჰოდა, მაშინ ძალიან მაგარი დაკა-დაკა მქონდა.
_ რაზე?
_ 2002-ში მარუხიდან აფხაზები და სომხები სროლით გავყარე, მერე გელაევისა და დესანტის ამბები იყო. აი, მაშინ ითქვა ასეთი ფრაზა: „სანამ კვიციანი ცოცხალია, კოდორს ვერავინ წაიღებს და ჩააბარებს!“ შეგიძლიათ, ჯორბენაძეს ჰკითხოთ და მასაც ეხსომება.
_ ეს ფრაზა თქვენ თქვით?
_ არა.
_ აბა, ვინ?
_ ასე ითქვა საქართველოში… იქ ჩემი ძმები და მეგობრები, რომლებმაც ერთგულება შემომფიცეს, ჩემი ხელით დავმარხე. მათ, ჩემთან ერთად, ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ დაიღუპნენ, მე ცოცხალი გადავრჩი და, როგორ ფიქრობთ, ტერიტორიას რანაირად დავთმობდი?!
აი, ამის გამო იყო, რომ ამერიკელები, რუსები, ქართველები, უფრო სწორად, საქართველოს ხელისუფლება და სხვები, ჯანდაბა მათ თავს, ერთმანეთს შეეკრნენ და ის მომიწყვეს, რაც მომიწყვეს!
_ ბატონო ემზარ, ყველაფერი ეს, რასაც მიყვებით, წარსულში ხდებოდა, ახლა კი სააკაშვილი კი არა, ანტისაოკუპაციო აქციის ახალგაზრდა აქტივისტები დაგიპირისპირდნენ…
_ ერთი წუთით… ანტისაოკუპაციო მოძრაობა რას ნიშნავს?
_ ოკუპაციასთან ბრძოლას, მეტს რას უნდა ნიშნავდეს?
_ რამდენი წელია, რაც ტერიტორიები დავკარგეთ?
_ თითქმის 30 წელია.
_ რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის, თუ არ ვცდები, 26 აგვისტოს აღიარა, ანუ რუსები კოდორის ხეობაში 2008 წლის 13 აგვისტოს შემოვიდნენ, უფრო სწორად, სააკაშვილმა დაუთმო და გადასცა. 13 დღის შემდეგ კი რუსებმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს, ანუ ამდენი წლის განმავლობაში აღიარებაში ხელს რა უშლიდათ?
_ რა?
_ კოდორის ხეობა.
იმ ადამიანებისა და მათი შვილებისგან, რომლებიც ამ ამბავში სპეცსამსახურების მეშვეობით იყვნენ ჩართულები, ახლა ანტისაოკუპაციო მოძრაობა შექმნეს! ყველაფერი ეს ბლეფი, თავსლაფი და, უბრალო ენით რომ ვთქვათ, აფერისტობაა! ამ აფერისტობას გინდათ პოლიტიკური დაუძახეთ და გინდათ _ სხვანაირი!
ესენი იმ ფულის ირგვლივ ტრიალებენ, რომელიც საქართველოსთვის გამოიყო. რუსეთი ცდილობს, რომ ამ ფულიდან ერთი კაპიკიც არ დაკარგოს და ამას თავისი აგენტურით აკეთებს.
_ რომელი ფული, ბატონო ემზარ?
_ ის 150 მილიონი, რომელიც საქართველოს ანტირუსული პროპაგანდისთვის გამოუყვეს. აი, ყველაფერი ეს ამ ფულისთვისაა, თორემ თუ ეს მოძრაობა ანტისაოკუპაციოა, მაშინ მე რას მერჩიან?
_ ჩვენი საუბარი სწორედ ამ კითხვით დავიწყე…
_ ლოგიკას დავაკვირდეთ: იმ დღეს, თავს რომ დამესხნენ, რას აპროტესტებდნენ?
_ გიორგი გახარიას გაპრემიერებას და ძველი ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას.
_ ამ მთავრობას მე და ჩემმა პარტიამ ხმა არ მივეცით. თუ დავალება არ ჰქონდათ, მაშინ თავს რატომ დამესხნენ? მოკლედ, ის, რასაც აპროტესტებდნენ, გასაპროტესტებელი ჩემთან არ ჰქონდათ, მაგრამ თავს მაინც დამესხნენ! ეს დავალება ჰქონდათ!
_ დავალება ვისგან ჰქონდათ?
_ წინა დღეს სუსს მაგრად დავარტყი და ყველაფერ იმაში, რასაც აკეთებს და საიდანაც იმართება, ვამხილე და ყველაფერი სწორედ აი, ამის გამო მოხდა.
_ ანუ იმას ამბობთ, რომ ანტისაოკუპაციო აქციის წევრებს დავალება აქვთ, თქვენგან პრორუსის ხატი შექმნან?
_ რასაც ახლა გეტყვით, თქვენი ჭირიმე, კარგად დააკვირდით: როგორც გითხარით, საქართველოში ანტირუსული პროპაგანდისთვის 150 მილიონია გამოყოფილი და ამხელა თანხა ოდესმე ყოფილა დაფიქსირებული? დიახ, ვიღაცისგან პრორუსულობა უნდა შექმნა იმისთვის, რომ აშშ-დან და ევროპიდან საქართველოში რაც შეიძლება, მეტი თანხა წამოვიდეს.
სხვათა შორის, ამას ისევ რუსები აკეთებენ და ამ ფულს აქ თავიანთი ხალხით „იჭერენ“.
_ ე. ი., ფული თეთრდება?
_ რა თქმა უნდა, ფულის გათეთრება მიდის, აბა, რა მიდის, თუ ძმა ხართ! აბა, ტვინის კუთხე-კუნჭულში ოდნავ პატრიოტული რომ ჰქონდეთ, მე რას მერჩიან? კარგი, ყველაფერს თავი დავანებოთ, მაგრამ მე 15 წელიწადი ჩვენს ტერიტორიებს თავგამოდებით ვიცავდი და რუსებს დალის ხეობის ოკუპაციის საშუალება არ მივეცი. გონებაში საქართველოს ოდნავი სიკეთე რომ ჰქონდეთ, მე უნდა მერჩოდნენ?
ისე, თუ გახსოვთ, იმ დღეს რამდენი ჟუნალისტი და კამერა დამდევდა?
_ არ დამითვლია, მაგრამ ბევრი.
_ დაახლოებით, 10-12 კამერამდე დამდევდა. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ჩვენს ფერეიდნელ ძმებთან იყო შეხვედრა, რომლებმაც 31 დღე იარეს და საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ. ეს 31 დღე 400 წელიწადთან ასოცირდება, ანუ ეს ხალხი საქართველოში დაბრუნებას 400 წელი ელოდა, მაგრამ აბა, გადაახვიეთ და ნახეთ, ერთმა ტელევიზიამ მაინც თუ გააშუქა? შეხვედრაზე სულ ერთი კამერა იყო და ისიც, მგონი, მოყვარულის.
მთელი ტელევიზიების 90% და ეს ანტისაოკუპაციო აქციებიც ჩვენი ქვეყნის დასაღუპად არის მომართული! ჰგონიათ, რომ ამას ქართველობა ვერ ხვდება!
_ ბატონო ემზარ, დავუშვათ, ყველაფერი ის, რასაც ამბობთ, სიმართლეა, მაგრამ ამ სიმართლეში საზოგადოება როგორ უნდა დაარწმუნოთ?
_ არავის არაფერში ვარწმუნებ! თუ უნდათ, თვალები დახუჭონ, დახუჭონ და არც გაუღიათ, კაცო, სულ ფეხებზე მკიდია!
ისე, აბა, სოციალურ ქსელს გადახედეთ, სადაც 80% და უფრო მეტიც ჩემ მიმართ დადებითი განწყობაა. იცით, ასე რატომ არის? _ იმიტომ, რომ კვიციანი კი არ არის კარგი ბიჭი, უბრალოდ, მათ საზოგადოებას თავი შეაძულეს!
მოკლედ, დასამტკიცებელი არავისთვის არაფერი მაქვს, რაშიც ვარ დარწმუნებული, რასაც ვუყურებ და რა აზრშიც დარწმუნებული ვარ, იმას ვამბობ!
_ ბატონო ემზარ, დავაკონკრეტოთ: ანტისაოკუპაციო აქციების უკან, თქვენი აზრით, სუსი დგას?
_ დიახ, რა თქმა უნდა. სუსს რომ არ უნდოდეს, ნებისმიერ ადამიანს დავენიძლავები, ხუთ სტუდენტსაც ვერ გამოიყვანდნენ!
საერთოდ, საქართველოში და მთელ მსოფლიოშიც ყველაზე მეტად ახალგაზრდობა კონტროლდება!
ყოველთვის ვა-ბანკზე მივდივარ და რადგან ასეა, კიდევ ერთ რამეს გეტყვით.
_ იმაზე მეტი რაღა უნდა მითხრათ, რაც უკვე მითხარით?
_ ვერავინ დამწამებს, ამ კაცმა ოდესმე ითამაშაო. ჰოდა, აბა, კარგად დააკვირდით: საქმე რევოლუციამდე მივიდა, მხედველობაში მაქვს 20 ივნისი _ გავრილოვი ჩამოიყვანეს, პარლამენტში დასვეს და უშიშროების მინისტრი ამბობს, _ ვიცოდით, გავრილოვი რომ ჩამოდიოდა, მაგრამ არ გვეგონა, პარლამენტში თუ დაჯდებოდაო. პროტოკოლი ვინ შეადგინა?
_ ალბათ, პროტოკოლის სამსახურმა.
_ პროტოკოლის შედგენაში მთავარი როლი სუსს არ ეკისრება? აბა, ერთი მითხარით, სუსის რომელიმე თანამშრომელი თუ დაისაჯა ან საყვედური მაინც თუ გამოუცხადეს? _ არავის იმიტომ, რომ ის დავალება, რაც ჰქონდა, ფრიადზე შეასრულა და, პირიქით, პრემიასაც გამოუწერენ! ამ დროს, პარალელურად, მომზადებული იყო „ნაციონალური მოძრაობა“ დროშებით, პლაკატებით, მოკლედ, ყველაფრით და ხუთ წუთში იქ გაჩნდნენ!
_ ანუ „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ერთადაა?
_ დღეს „ოცნება“ სხვა ცნებაა. „ოცნებაში“ არიან ადამიანები, რომლებიც იმის გაგებაში, რასაც ახლა გელაპარაკებით, არ არიან. ისინი თავიანთ სამშობლოს ემსახურებიან და ცდილობენ, ის გააკეთონ, რაც შეუძლიათ, მაგრამ არსებობს ისეთი დაჯგუფება, რომელსაც „ჩანერგილებს“ და „ჩაჩენილებს“ ვეძახით.
ზოგადად, უცხო სპეცსამსახურებს ყველაფერი დალაგებული აქვთ, ვინ სად უნდა იყოს და თავიანთ საქმესაც ასე აკეთებენ, ანუ საქართველოში სიტუაცია რევოლუციასა და პარლამენტში შეჭრამდე სუსმა მიიყვანა, გახარიამ კი შეაჩერა. აბა, დააკვირდით: გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, სუსზე კი ხმას არ იღებდნენ, მაგრამ გახარია ვერ გადააყენეს, რადგან ხალხის დიდი მხარდაჭერა აქვს _ დააწინაურეს და პრემიერი გახდა, მის ადგილას კი სუს-ის ის ხელმძღვანელი გადაიყვანეს, რომელმაც საქმე გადატრიალებამდე მიიყვანა.
სუსში თუ რეფორმა არ ჩატარდა და ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში საქმე რევოლუციამდე მიიყვანეს, სუსიდან არ გაუშვეს, უეჭველი დამხობას ამზადებენ!
კიდევ ერთხელ დავალაგოთ, საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს: ე. ი., საქმე გადატრიალებამდე მივიდა, სომხეთიდან „ბოევიკები“ ჩამოიყვანეს და პარლამენტში რომ უნდა შეჭრილიყვნენ, აქამდე საქმე ვინ მიიყვანა? ყველაფერ ამაზე პასუხისმგებელი უსაფრთხოება არაა?
_ უკაცრავად, რა იცით, რომ 20 ივნისს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სომეხი „ბოევიკები“ იყვნენ?
_ დაგავიწყდათ, 1994 წელს დაბადებული ნერსეს ნერსესიანი რომ ჰყავდათ დაჭერილი?
_ სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს.
_ 13 დღე იჯდა და მერე გაუშვეს. სხვათა შორის, ორი სვანიც დაიჭირეს. ეს სვანები, სხვები და თუნდაც ის ბავშვები, რომლებმაც თვალები დაკარგეს, სათავისოდ ვინ გამოიყენა?
_ ვინ?
_ გავრილოვის ამბები სათავისოდ მან გამოიყენა, ვინც ყველაფერი ეს დაგეგმა, მაგრამ მთავარი დამნაშავეები დღემდე დასჯილები არ არიან და ნიკა მელიას ეტაკნენ, რომელიც „ნაციონალი“ 2012 წლიდან არის და რომელსაც ხელები სისხლში არ აქვს გასვრილი. მელიას ეტაკნენ და არა _ ბოკერიას, რომელიც ყველაფერ ამის მთავარი იდეოლოგია თავის იგორა გიორგაძესთან ერთად! აი, ამ ქვეყანაში ეს უბედურება იმიტომაა, რომ მას არ ეხებიან, ვინც მთავარი მოთამაშეა და ვიღაცებს ქვევით ეძებენ, რომელიც ყველაზე ალალი და, შეიძლება ითქვას, იქ მოტყუებითაა მიყვანილი!
სწორედ ამიტომ არ დავუჭირე მხარი მელიას დაპატიმრებას. გამოეძიათ, დაჭერა რა საჭირო იყო? გამოიძიე, დაუმტკიცე, რომ რაღაცას მართლა აპირებდა და კი ბატონო, ციხეში მერე ჩასვი!
_ ე. ი., ჯოხი მელიაზე გადატეხეს?
_ დიახ და ამას, სხვათა შორის, „ოცნების“ ბევრი მინისტრიც უწყობდა ხელს! როცა მინისტრი ან რომელიმე თანამდებობის პირი ამას პირადი ანგარიშსწორების გამო აკეთებს, ეს დამღუპველია!
მე და მელია ერთმანეთზე რამდენჯერ ვართ გაწეულები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რამე პიროვნული უთანხმოება მაქვს. მთავარი საქმე და ქვეყანაა. რა შუაშია ჩემი და მელიას დაპირისპირება იმასთან, რასაც ვხედავ _ ამ ამბებში მთავარი მელია არაა! მთავარი სხვა ვინმეა, მაგრამ იმ მთავარს ტოვებენ და უნდათ, მელიათი „გაგვაძღონ“, აი, ხომ ხედავთ, დავსაჯეთო.
ასე გადატეხეს ჯოხი მარტო მერაბიშვილსა და ახალაიაზე, ქვეყნის მთავარი დამღუპველები და დამაქცევრები კი გარეთ ჰყავთ!
აი, სწორედ ეს მეტყველებს, რომ კარტები საქართველოში კი არა, საქართველოს ფარგლებს გარეთ ლაგდება!
ყველაფერ ამას სუსი, კონტრდაზვერვა და უსაფრთხოება უნდა უყურებდეს, რომელიც ქვეყნის ხერხემალი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ხერხემალში ვართ გადატეხილები!
_ ამ შექმნილი ვითარებიდან, თქვენი აზრით, გამოსავალი რა არის, ბატონო ემზარ?
_ სუსის უფროსად, სავარაუდოდ, გიორგი ლილუაშვილი დაინიშნება და მან, პირველ რიგში, რეფორმები უნდა გაატაროს, ანუ ისინი, ვინც გავრილოვის ამბებში არიან მონაწილენი, იქიდან უნდა გახვეტოს, თან ის, რაც მოხდა, ძირფესვიანად გამოიძიოს!
პროფესიონალიზმი ძალიან კარგია და განათლებაც, მაგრამ როცა ეს პროფესიონალიზმი და განათლება ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, დამღუპველია! ამას სჯობია, თანამდებობაზე გაუნათლებელი და ბრიყვი პატრიოტი გყავდეს, რომელსაც ვინმეს მიუჩენ და საქმეს გააკეთებინებ!
როცა გაუნათლებელი ბრიყვი საქმის გაფუჭებას შეეცდება, უცებ მიხვდები, მაგრამ როცა პროფესიონალი და განათლებული თაღლითი ცუდ საქმეს დაგეგმავს, ამის მიხვედრა ძნელია!
მოკლედ, მთავარი გამოსავალი სუსის რეფორმაა, მორჩა და გათავდა! აი, ესაა გასაკეთებელი და ჩვენს ქვეყანასაც ეშველება!

გიორგი აბაშიძე