ქართული ისტერია _ NATO შორს და NATO ახლოს

11 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტიდან და NATO კვლავ შორსაა. ამ დროს საქართველოს კონსტიტუცია ღიად დეკლარირებს, ქვეყანა საით უნდა წავიდეს, ანუ ჩვენს სრულ ინტეგრაციას ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

მრავალი კითხვა დაისვა NATO-ს ყოფილი გენმდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებების ირგვლივ. ისე, რასმუსენის მიერ მე-5 მუხლის ხსენებამდე იყო ტექსტი იმის შესახებ, რომ „თუ საქართველო ნატოს მომავალი წევრი უნდა გახდეს, თქვენ უნდა განაგრძოთ რეფორმები დემოკრატიაში, რომელიც მოწოდებულია, იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ, გარანტირებული იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობების უფლებების დაცვა“. მხოლოდ ამის შემდეგ ითქვა ოკუპირებულ ტერიტორებზე. აი, ამას კი მოყვა ნატოისტებისა და ანტინატოისტების ისტერია. ისტერია რომ იყო ორივე მხრიდან, ეს ცხადია და განა, ასე არ უნდა ხდებოდეს საქართველოში, სადაც საგნობრივად არავინ არაფერზე ფიქრობს?
სწორედ ამ ისტერიის გამო მოუხდა ჯეიმს აპატურაის შემდეგი განცხადების გაკეთება: „ვნახე აზრთა გაცვლა საქართველოში მეხუთე მუხლის ორ რეგიონზე გავრცელების გარეშე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ამ დროისთვის არ არის შესაფერისი დრო ამ საკითხის განხილვისთვის. მე ვერც ნატოში ვხედავ ამ საკითხის განხილვის სურვილს და არ მიმაჩნია, რომ არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს პირობებში ეს იდეა დროული იყოს“.
ეს განცხადება არ იყო „ცივი შხაპი“, როგორც ნატოისტებმა მონათლეს და არც აღტყინების საფუძველი ანტინატოელებისთვის, თითქოს კარი ცხვირწინ მოგვიხურა ვინმემ. ეს აბსოლუტურად სწორი და გამართული განცხადებაა, თავისი შინაარსით და არსებული რეალობის, სტატუს-კვოს გათვალისწინებით.

***
სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმდენს ხომ უნდა მიხვდეთ, რომ რასმუსენმა შედეგი დაგვანახა და არა სხვა უამრავი ნიუანსი, თუ გნებავთ გზა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს.
რა გგონიათ, NATO-ს ექსგენმდივანმა არ იცის, რომ MAP-ის გარეშე NATO-ში ვერ შევალთ? MAP-ს კი არ სჭირდება არც მე-5 მუხლი და არც სხვა დათქმა.
სწორად შენიშნა ჟურნალისტმა და ისტორიკოსმა დათო გამცემლიძემ: „რა შუაშია „მეხუთე მუხლი სად გავრცელდება“. MAP-ი ხომ არაფერს არღვევს? NATO-ს წესდების არც ერთ მუხლს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება არ არღვევს! MAP-ი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას დიდი და რთული სამუშაო აქვს ჩასატარებელი პრობლემების გადასაჭრელად, სანამ სრულფასოვანი წევრი გახდება. ჯერ მოგვეცით MAP-ი, ანუ გვაღიარეთ კანდიდატად(!) და „საგზაო რუკის“ ფარგლებში მერე ვიმსჯელოთ ყველაფერზე _ მეხუთე მუხლი სად გავრცელდება, რა ტერიტორია, რა ვალდებულებები იქნება ორმხრივი, ე. ი. კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისა და ა. შ და ა. შ., რაც საქართველომ უნდა გადაჭრას, სანამ ალიანსის სრულფასოვანი წევრი გახდება.
თუნდაც 20 წელი იყოს, თუნდაც 50 წელი სრულფასოვან წევრობამდე, მაგრამ… მაინც რატომ არ გვაძლევთ MAP-ს?..“
დიახ, რელევანტური კითხვაა, რატომ არ გვაძლევენ MAP-ს? აქ პასუხად ვერ გამოდგება ევროპაში რუსული გავლენები, გერმანიისა და საფრანგეთის ახირებები, როგორც ეს ბუქარესტის სამიტზე მოხდა და მერეც სტანდარტულად გრძელდება. არც მოწოდებების დონეზე დაზუთხული ფრაზები, რომ უნდა გავაგრძელოთ დემოკრატიული რეფორმები. მესმის, ჩვენ გვსიამოვნებს ისრების სხვაგან გადატანა და ძნელად გვიჭირს აღიარება, თუნდაც იმის, რომ სხვა უამრავ კომპონენტთან ერთად ჩვენ არადისციპლინებული სახელმწიფო და მისი უპასუხისმგებლო მოქალაქეები ვართ. მოქალაქეები, რომლებიც ხელისუფლებებს საკუთარი თავით მანიპულირების უფლებას აძლევენ და უარესიც _ რომელთაც შეუძლიათ, ხელისუფლებებს ტაში დაუკრან მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე, თვალი დაუხუჭონ უფლებების შელახვაზე, მისცენ მოპარვის უფლება, რათა თავად მოიპარონ. უფრო მკაცრი თუ ვიქნები შეფასებაში _ ჩვენ ვართ, მაგალითად, დანიური ბომბონერის თვალისმომჭრელ ყუთში მოთავსებული საბჭოთა წარმოების „ირისი“. გახსოვთ ეს კანფეტი? ზოგი რბილი და ადვილად საღეჭი, ზოგი კი კბილებს რომ ეკროდა, გვაწვალებდა, მაგრამ მაინც მოგვწონდა და არ ვეშვებოდით. მერე გაუთავებლად მივირთმევდით, თუნდაც იმიტომ, რომ ის ერთი, რბილი შეგვხვედროდა მრავალთა შორის. ჩვენ შემთხვევაში შესაძლოა ასეთი შედარებაც _ ის ძნელად საღეჭი საბჭოთა მენტალობაა, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების არცთუ უმნიშვნელო ნაწილში ბუდობს, ხოლო ის „რბილი“ _ კანონმორჩილი და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები არიან, რომელთა სიხალვათესაც განვიცდით.
ანუ, პირველ რიგში, ჩვენი პრობლემა ჩვენი საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილის ჯერ კიდევ საბჭოთა მენტალობაა. სად ჩანს? ყველგან, პირველ რიგში, იქ, რომ არ გვაქვს სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების განცდა. ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის აუცილებელი უნარები. ბრძოლაში თოფს ან ავტომატს კი არ ვგულისხმომ, ამის უნარიც რომ დაგვიკარგავს, არადა გვქონია _ ესეც ცხადია. ბრძოლაში, პირველ რიგში და უმთავრესად, გონიერ ქმედებებსა და საქმეს ვგულისხმობ, ვგულისხმობ ფიქრისა და საღი განსჯის უნარს. ჩვენ არ გვაქვს ერთიანი შეთანხმებული ეროვნული იდეა. განცხრომაში ცხოვრების სურვილზე არ ვსაუბრობ. არამედ თავისუფლებაზე _ როგორც იდეაზე.

***
რატომ შორი? იმიტომ, რომ რასმუსენის განცხადება არის შედეგი. თუ ზემოთ ჩამოთვლილ _ სახელმწიფოსა და მისი მოქალაქის დამოკიდებულებას, თავისუფლების იდეის გააზრებასაც გვერდზე გადავდებთ _ თითქოს ეს ყველაფერი საუკეთესო მდგომარეობაშია _ დღის წესრიგში დგება სხვა უმრავი საკითხი. პირველ რიგში, დამოკიდებულება ოკუპირებული ტერიტორიებისადმი. როგორ ვიქცევით ამ მხრივ და რა არის ჩვენი პოლიტიკა? _ სასარგებლო იდიოტობა!!! _ „გაღმა“ ჩვენი ძმები ცხოვრობენ, თუ სწორი სახელის დარქმევა მოვლენებისა და ფაქტებისათვის? სამი ათეული წლის განმავლობაში ჩვენ ვერ მივხვდით, რომ მტერი არის მტერი და არ ვეშვებით იდიოტურ სახალხო დიპლომატიას. სახალხო დიპლომატია მუშაობს მხოლოდ, ვიმეორებ, მხოლოდ მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგესთან ხარ თანაბარ ვითარებაში. ახლა რუს-აფხაზი და რუს-ოსი არის მტერი და აქ გარდასულ დღეთა მოგონებები ან ცალკეული ადამიანური სენტიმენტები, ნათელ-მირონობა ვერაფერს ცვლის.
მოდით, სამხედრო სტრატეგიული და პოლიტიკური პრიზმით დავინახოთ საკითხი. დავუშვათ, ხვალ გავხდით ნატოს წევრები, ასე _ პირდაპირ, ყოველგვარი მაპ-ის გარეშე. ავტომატურად ამოქმედდა მე-5 მუხლი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ზეგ რუსეთმა გააგრძელა ბორდერიზაციის პროცესი რომელიმე სოფელში, ანუ კიდევ შემოიწია საქართველოს ტერიტორიაზე. რა უნდა გააკეთოს ნატომ? რა თქმა უნდა, მეხუთე მუხლის საფუძველზე დაიწყოს ომი! მას ამას ალიანსის წესდება ავალდებულებს. დაიწყებს? ანუ მესამე მსოფლიო ომს დაიწყებს საქართველოში? არა! რატომ? თუ ომი უნდა დავიწყოთ და ამისთვის გვჭირდება ნატო, ისინი იდიოტები კი არ არიან, მარტივი კითხვა გაუჩნდებათ, _ თქვენ რატომ არ იწყებდით ომს, როდესაც გუშინწინ იგივეს აკეთებდა რუსეთი?
ეს უკვე ცუნგცვანგია, ხვდებით? ეს მდგომარეობაა სწორედ შორი გზა ნატომდე. ანუ გზა, როდესაც კარი ღიაა და ვერ შევდივართ. და ვის აწყობს ეს მდგომარეობა ყველაზე უფრო? რა თქმა უნდა, რუსეთს და რა თქმა უნდა, საქართველოს პრორუსულ ძალებს, რომლებიც მუდამ დიალოგს გაიძახიან. კიდევ ეს მდგომარეობა აწყობს აფხაზ და ოს სეპარატისტებს, რომლებიც რუსული ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ თურმე განცხრომით და საქართველოში _ სახაროვის ტერმინს თუ გამოვიყენებ _ „პატარა იმპერიაში“, მათი უფლებები თურმე შელახული ყოფილა. კიდევ ეს მდგომარეობა აწყობს ყველა ხელისუფლებას, რომელიც მტერს ძმას ეძახის და ათას სულელურ პროგრამასა და პროექტს იგონებს „შესარიგებლად“, რეალურად კი მტერს კვებავს საქართველოს მოსახლეობის, გადასახადის გადამხდელის ფულით. ვომეორებ, არსებული სტატუს-კვო არის შორი გზა NATO-მდე, ანუ გზა არსად. და ამ „გზას არსად“ რომ ვერ ხედავენ, მაგრამ შედეგი სურთ, მხოლოდ ემოციებით განმსჯელ ქართველ მოქალაქეებს მოეჩვენათ აპატურაის განცხადება „ცივ შხაპად“. ამიტომაც არის ამ ადამიანების, მოქალაქეების ფსევდოინტელექტუალიზმი და პატრიოტიზმი საშიში და სახიფათოც კი.

***
და არსებობს კი ახლო გზა?
დიახ, ჩვენ უნდა დავიწყოთ ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციის პოლიტიკა. შევწყვიტოთ ყოველგვარი ჰუმანიტარული მისიები. „გაღმა“ დარჩენილ ქართველობას ნათლად უნდა განვუმარტოთ, _ დაბრუნდით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ვინც დაბრუნდება, იმათ შევუქმნათ საცხოვრებელი პირობები, მივცეთ დახმარებები. სხვა რომ არაფერი, ეს ჩვენი თანამოქალაქეები იმათ არჩევნებში მონაწილეობენ და ირჩევენ იმ ხელისუფლებებს, რომელიც კლავს ოთხოზორიას, ტატუნაშვილს… მათ არა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, არამედ ქართული სახელმწიფოს წინაშეც. მესმის, ეს დიდი ტვირთია, მაგრამ უფრო დიდი ტვირთი უზიდავთ ჩვენს წინაპრებს ამ ქვეყნის ჩვენამდე მოსატანად. ვინც უარს იტყვის ამ შეთავაზებაზე, ესეც მათი შეგნებული არჩევანი იქნება და ვერავინ დაძრახავს. უბრალოდ, მათ იმ რეჟიმში მოუწევთ ცხოვრება, რომელშიც იცხოვრებენ იქ დარჩენილი „გაღმა“ მყოფნი.
შემდეგ, ადმინსაზღვარზე ჩვენ უნდა ავაშენოთ „კედელი“ ისე, რომ ჩიტიც ვერ გადმოფრინდეს. მხოლოდ მერე აღგვიქვამს ყველა საერთაშორისო მოთამაშე სახელმწიფოდ და მტერიც _ ანგარიშგასაწევ ძალად. ეს არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას. ეს ნიშნავს მათ იზოლაციას იმ არჩევანით, რაც გააკეთეს. ეს ნიშნავს საქართველოს სწორ განვითარებას. აი, ამ ვითარებაშია შესაძლებელი სწორედ „მეხუთე მუხლის გარეშე“.
პარალელურად ჩვენმა სპეცსამსახურებმა და სახელმწიფომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა სახლმწიფოს, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, უნდა მიმართოს კონკრეტული მოთხოვნით _ არ დაუშვან საკუთარ ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა, თუნდაც რუსული პასპორტის მფლობელები. ამ სიის გაკეთება ადვილია, თუმცა პირველ ეტაპზე საკმაოდ შრომატევადი იქნება. მართალია, ეს უშუალო კავშირში არ არის მე-5 მუხლთან და გნებავთ ნატოში გაწევრიანებასთან, მაგრამ ეს სახელმწიფოს იდენტობისა და მისი ნების გამომხატველი ქმედებაა. მოუნდება ვინმეს უცხოეთში სწავლა, მკურნალობა და ან სხვა მიზნით გასვლა? მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტით და მხოლოდ საქართველოს გავლით.
იზოლაციის პოლიტიკაზე ერთ-ერთი დისკუსიისას კითხვა დამისვეს, _ რა ვუყოთ ენგურის ჰიდროელექტროსადგურს? გამოსავალი აქაც მარტივი გახლავთ, _ ჩვენ ის გრძელვადიან მართვაში უნდა გადავცეთ საერთაშორისო ტენდერით, ხოლო ელექტროსადგურის საქმიანობის მონიტორინგი ევროკავშირის შესაბამისმა კომისიამ უნდა განახორციელოს. ესეც რუტინული სამუშაოა რაღაც ეტაპზე, მაგრამ აბსოლუტურად მიღწევადი.
ეს გახლავთ მოკლე გზა NATO-სკენ. ეს გახლავთ სახელმწიფოს იდენტობის მადემონსტრირებელი ქმედებები და არა სულელური დიალოგი, რომელიც არაფერს გვაძლევს მესამე ათეული წელია.
იმ კედლის არსებობის პირობებში მერე ეცოდინება NATO-ს, რა უნდა დაიცვას და რუსეთსაც ეცოდინება, რა მოჰყვება მის თავხედურ „ინიციატივებს“. ამის მერე ნებისმიერი დემარში იქნება არა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული დემარში, არამედ NATO-ს წინააღმდეგ მიმართული და მერე კრემლმა იმკითხაოს, აამოქმედებს თუ არა ბრიუსელი მე-5 მუხლს. ჩვენ ამაზე საფიქრალი არ გვექნება, რადგან ზუსტად გვეცოდინება, რომ დიახ _ აამოქმედებს.

***
რაც რასმუსენმა თქვა, არის შედეგი და ამ შედეგს ვერ მივაღწევთ, თუ არ გადავდგით სწორი ნაბიჯები და მტერს მტერი არ დავარქვით და სწორად არ გავიგეთ, რას ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიები.
დროა, სისულელეს და ტყუილში ცხოვრებას თავი დავანებოთ. რასმუსენმა დაგვანახა შედეგი, რომელზეც საუბარი არსებული სტატუს-კვოს პირობებში დავიწყეთ, რასაც აპატურაის არ იყოს, არავინ განიხილავს არანაირ ვითარებაში. ეს სტატუს-კვო ჩვენ უნდა შევცვალოთ.
რაც შეეხება „ანტინატოისტების“ განცხადებებს, „არ დავთმობთო“, რომ გაჰკივიან, აბა, აქეთ შემომხედეთ _ NATO-მ წაგვართვა რამე? ეს განცხადებები ოკუპანტი რუსეთის პირობებში, მინიმუმ, მრაზმია, რადგან, შეგნებულად თუ შეუგნებლად, სწორედ რუსეთის ინტერესებს იცავთ, პატივცემულო თანამოქალაქე ანტინატოისტებო.

***
მოკლედ, ეს სანახაობა, მისტერია, რომელსაც NATO -ში შესვლა ჰქვია, ისტერიად არ უნდა ვაქციოთ, არამედ საქმედ. საქმედ, რომელიც უნდა დავიწყოთ დღეს. საქმედ, რომელიც ძალიან მკაცრად და შესაძლოა, სასტიკადაც ჩანს, მაგრამ პოლიტიკაში სენტიმენტების ადგილი არ არის. პოლიტიკა ყოველთვის სასტიკია. შედეგი კი ამ შემთხვევაში რასმუსენმა გვითხრა, რაც არის _ NATO!

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი