ერთლარიანი წამლების პროგრამის კორუფციული ხვრელები

20 ივნისის მოვლენების შემდეგ ხელისუფლებამ, კერძოდ, პრემიერმა ბახტაძემ, საზოგადოებას ზარზეიმით ამცნო, _ პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და შშმ პირები გარკვეულ პრეპარატებს ერთ ლარად მიიღებენო. ამ ინიციატივამ ხალხი გაახარა, თუმცა, როგორც ამბობენ, ე. წ. ერთლარიანი წამლების მისაღებად ათასი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვაა საჭირო. ამას გარდა, არსებობს ეჭვი, რომ ერთლარიანი წამლების პროგრამაში კორუფციული ხვრელებიცაა. ამ ეჭვს, პირდაპირ თუ ირიბად, „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი, ყოფლი დეპუტატი, მანანა ჯებაშვილიც იზიარებს. ამასთან, ქალბატონი მანანა, რომელიც პროფესიონალი ექიმია, ჯანდაცვის სფეროში არსებულ იმ სხვა პრობლემებზეც გვესაუბრება, რომლის აღმოფხვრასაც „ოცნება“ არ თუ ვერ ახერხებს.

_ ქალბატონო მანანა, წამლების ე. წ. ერთლარიანი პროგრამა, რეალურად, გაჭირვებული მოსახლეობის დახმარებაა თუ „ოცნების“ ისეთივე პიარია, როგორიც, ვთქვათ, ვალების განულება იყო?
_ UNICEF-ის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მონაცემებით, მოსახლეობის 27,8%-ისთვის უმთავრესი პრობლემა მედიკამენტების შეძენაა. UNICEF-ის კვლევების თანახმადვე, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული მთლიანი დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც, ძირითადად, მედიკამენტებზე ფასების ზრდითაა გამოწვეული. მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის დანახარჯების დიდი წილი, ანუ 69%, მედიკამენტებზე მოდის, მაგრამ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა დაბალია, რაც განკურნების პროცესის შეფერხების მთავრი მიზეზია.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ანუ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2017 წლის პირველი ივლისიდან, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. ორი წლის განმავლობაში პროგრამა არაერთხელ გაფართოვდა, მაგრამ მოსახლეობის ჩართულობა აღნიშნულ პროგრამაში მაინც დაბალი დარჩა. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამის ბიუჯეტის ათვისებას ვერ ახერხებს.
ჯანდაცვის სამინისტროს გათვლებით, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამა 150 000-დან 200 000-მდე პაციენტზე უნდა გავრცელებულიყო, თუმცა ამის მაგივრად, ორი წლის (2017-2019 წლები) განმავლობაში, ამ პროგრამით სულ 56 400 ადამიანმა ისარგებლა. უფრო დეტალურად, 2017 წელს, პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა 13 010 ადამიანი იყო. 2018 წელს – 22 651. 2019 წლის 6 თვეში კი პროგრამაში მხოლოდ 20 748 ადამიანი ჩაერთო.
რაც შეეხება პროგრამის ბიუჯეტს, სამინისტრო მას მოსახლეობის დაბალი ჩართულობის გამო ვერ ითვისებს. 2017 წელს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბიუჯეტი 3.3 მილიონი ლარია, თუმცა აქედან მხოლოდ 2.6 მილიონი ლარის ათვისება მოხდა. 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 11 თვის განმავლობაში პროგრამის შესრულების მაჩვენებელი მხოლოდ 590 000 ლარი იყო. მოკლედ, როდესაც გამოჩნდა, რომ ბიუჯეტის ათვისება ვერ ხდება, ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამის ფარგლებში მედიკამენტები შეისყიდა და დაასაწყობა (დასაწყობებულ მედიკამენტებს რა ბედი ეწია, არ ვიცით, მაგრამ ვიცით, როგორ გაანადგურეს c  ჰეპატიტის ელიმინაცის პროგრამისთვის განკუთვნილი უძვირფასესი მედიკამენტები ვადაგასულობის გამო და ასობით მილიონი ლარი წყალს გაატანეს).
2019 წლის ბიუჯეტში პროგრამის დაფინანსება გაორმაგდა და 20 მილიონი ლარით განისაზღვრა. 6 თვეში კი რეალურმა ხარჯმა მხოლოდ 1.2 მილიონი ლარი შეადგინა.
ისე, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამაში გათვალისწინებული ნოზოლოგიების მიხედვით ექიმების მიერ პაციენტებისთვის გამოწერილი წამლები ხშირად პროგრამის მედიკამენტების ნუსხაში არ შედის. პროგრამას აქვს ბიუროკრატიული ბარიერები, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემები და სხვა მრავალი ხარვეზი.
ერთი მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო ახდენს დეკლალირებას, რომ ზრუნავს ადამიანებზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს დეკლარირებული ზრუნვა არ მიდის ადამიანებამდე და ვერ მოიცავს არათუ სრულად იმ ადამიანებს, ვინც ამ დახმარებას საჭიროებს, არამედ მის მეოთხედსაც კი. ერთი სიტყვით, ამ პროგრამის შედეგი მინიმალურია.
_ როგორც ცნობილია, ერთლარიანი წამლების პროგრამით მხოლოდ ის პენსიონერები, შშმ პირები და სოციალურად დაუცველები სარგებლობენ, რომელთაც დიაბეტი ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ, თუმცა არანაკლებ ძვირი ჯდება სხვა დაავადებების მკურნალობაც. თქვენი აზრით, მთავრობამ აქცენტი მაინცდამაინც ამ ორ ნოზოლოგიაზე რატომ გააკეთა?
_ თავდაპირველად, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა“ ქრონიკული დაავადებების მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ვრცელდებოდა. პროგრამის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებებისა და „ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის“ სამკურნალო მედიკამენტები (სულ 23 დასახელება) ფინანსდებოდა. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და პენსიონერებსა და შეზღუდული შესაძლებლობების პირებზეც გავრცელდა. 2018 წლის დეკემბერში პროგრამას პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებიც დაემატა. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, 6 ქრონიკული დაავადების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტი ფინანსდება.
ბუნებრივია, ექვსი ნოზოლოგიის გარდა, მრავალი დაავადებაა, რომლის მკურნალობაც არანაკლებ ძვირი ჯდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ ექვსი ნოზოლოგიის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაც კი სათანადო შედეგს ვერ იძლევა, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პროგრამა არასწორადაა დაგეგმილი, გაუმართავია მისი დიზაინი, არაეფექტიანია მენეჯმენტი. მესამე წელია, პროგრამა მიმდინარეობს და საინფორმაციო კამპანიის რაღაც ელემენტები მხოლოდ ახლა გამოჩნდა.
სახელმწიფოს მიერ მედიკამენტებით უზრუნველყოფამ შესაბამისი შედეგი რომ გამოიღოს, საამისოდ მთელი ჯანდაცვის სისტემის გლობალურად შეცვლა და, განსაკუთრებით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაა საჭირო, პაციენტებზე ორიენტირებული სწორი პოლიტიკით.
_ ქალბატონო მანანა, ამ პროგრამაზე ბიუჯეტიდან მილიონებია გამოყოფილი. შესაბამისად, ხომ არ არსებობს ერთგვარი კორუფციის რისკები, ანუ, ვთქვათ, კონკრეტული პრეპარატების მწარმოებლებსა და მთავრობის ცალკეულ პირებს შორის ფინანსური გარიგება?
_ როგორც გითხარით, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ბიუჯეტი 2019 წელს 20 მილიონი ლარით განისაზღვრა. ექვს თვეში კი, რეალურად, მხოლოდ 1.2 მილიონი ლარი გაიხარჯა. იმის თქმა, თუ რამდენადაა ფინანსური გარიგება კონკრეტული პრეპარატების მწარმოებლებს ან რეალიზატორებსა და მთავრობის ცალკეულ პირებს შორის, სპეციფიკური გამოძიების გარეშე შეუძლებელია, თუმცა ერთი ცხადია: კორუფციის რისკების მინიმალიზაციისთვის სამინისტროს ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა ყველა ფარმაცევტულ კომპანიასთან და წამლების ნუსხაშიც პროგრამით გათვალისწინებული ნოზოლოგიების ყველა ის მედიკამენტიც უნდა შესულიყო, რომელსაც ექიმები ნიშნავენ. ასეთი მოწყობის პირობებში ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროცესი უფრო ღია და გამჭვირვალე იქნებოდა, შესაბამისად, კორუფციულ გარიგებაზე ეჭვიც გამოირიცხებოდა.
_ ისე, ერთლარიანი წამლების პროგრამა ჯანდაცვის ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ დაიწყო. სერგეენკო ამ წლების განმავლობაში „ოცნების“ საფიცარი იყო, მაგრამ თანამდებობიდან, პრაქტიკულად, მადლობის გარეშე გაუშვეს. თქვენი ინფორმაციით, რატომ?
_ სერგეენკო წარმატებული მინისტრი არ იყო. ის, უბრალოდ, საყოველთაო ჯანდაცვის იდეასთან ასოცირდებოდა, რითიც „ქართული ოცნება“ ამაყობდა. არადა, სინამდვილეში, რომელ საყოველთაო ჯანდაცვაზეა ლაპარაკი, როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის ფინანსური შესაძლებლობებიც არ აქვს. მოკლედ, აღნიშნული პროგრამა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ პროგრამას ყოველწლიურად ასეული მილიონობით ლარის გარღვევა აქვს. მეტიც: გაფართოების ნაცვლად სულ უფრო მეტ ადამიანს ეზღუდება ამ პროგრამით სარგებლობა, სერვისების ჩამონათვალი კი სულ უფრო მცირდება, სამაგიეროდ, პროგრამის ბიუჯეტი იზრდება, მაგრამ პროგრამა მაინც დეფიციტურია, ხარჯები კი უფრო მეტად უკონტროლო ხდება. ამავე დროს, სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების დიდი დავალიანებები აქვს, რაც საფრთხეს უქმნის მათ გამართულ ფუნქციონირებას. ამ დროს სამედიცინო დაწესებულებები გადადის ეკონომიური ხარჯვის რეჟიმზე, რაც სამედიცინო პერსონალის ხელფასებზე, შესასყიდი სამედიცინო მასალებისა და მედიკამენტების ხარისხზე აისახება. ასეთი რეჟიმის პირობებში კლინიკები იძულებული ხდება, იმ პაციენტებისთვის, ვინც არ მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამაში, მომსახურების ფასი გაზარდოს. ყოველივე ეს აზარალებს, ერთი მხრივ, სამედიცინო პერსონალს და, მეორე მხრივ, _ პაციენტს. ამასთან, სამედიცინო მომსახურების ხარისხზე ლაპარაკიც ზედმეტია!
გარდა ამისა, არსებული ვითარება კორუფციის რისკებსაც ზრდის.
სერგეენკომ სწორად ვერ დაგეგმა და ასევე ვერ მართა ორი წლის წინ დაწყებული „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაც“. ყოველ შემთხვევაში, ამ პროგრამაში ბენეფიციართა ჩართულობა ვერ უზრუნველყო და ვერც პროგრამის ბიუჯეტი აითვისა. ასევე ჩავარდნა მოხდა c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში. აქაც იგივე პრობლემა გამოჩნდა _ პროგრამაში ვერ მოხერხდა პაციენტთა საჭირო რაოდენობის ჩართვა, რამაც რამდენიმე ათასი სამკურნალო დოზის (მედიკამენტის) განადგურება გამოიწვია ვადაგასულობის გამო. ისე, თითო სამკურნალო დოზის საბაზრო ღირებულება 80 000 დოლარია („ქრონიკა+“ ამ თემაზე მრავალგზის წერდა, _ რედ.), ანუ, ალბათ, ხვდებით, ამ გაღატაკებულ ქვეყანაში როგორ განიავდა c ჰეპატიტით დაავადებულთა სამკურნალოდ გათვალისწინებული კოლოსალური თანხები.
ჯანდაცვის სამინისტრომ და მისმა მინისტრმა, სერგეენკომ, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ვერ მოახერხეს, ბიუჯეტის მრავალი მილიონები და მილიარდები იმ ადამიანებამდე მიეტანათ, ვისთვისაც ეს თანხები იყო გამოყოფილი.
თუ ახლანდელი მინისტრი შეძლებს სიტუაციის გამოსწორებას, ჩავთვლი, რომ სერგეენკო მინისტრობის პოსტიდან დამსახურებულად გაათავისუფლეს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მისი განთავისუფლების სხვა მიზეზიც არსებობდეს, რის შესახებაც კულუარული ინფორმაცია არ გაგვაჩნია.
_ ზოგადად, ქართული ჯანდაცვის ერთ-ერთი აქილევსის ქუსლი დაზღვევაა, აი, მაგალითად, თვალის ოპერაცია თითქოს ფინანსდება, მაგრამ, სინამდვილეში, ე. წ. სახელმწიფო დაზღვევა მიზერულ თანხას აძლევს პაციენტს. აქაც კორუფციული ხვრელებია?
_ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 4 მილიარდი ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის მესამედი ერთი სამინისტროს ხელშია. გაზრდილი ბიუჯეტის მიუხედავად, ჯანდაცვის მიმართულებით ქვეყანაში დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის მონაცემები არ შემცირდა, პირიქით, ზოგიერთ ნოზოლოგიაში გაიზარდა კიდეც. სოციალური მიმართულება კი სრულად ჩავარდნილია, რაც თვითონ სამინისტრომაც აღიარა. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა, სოციალური მომსახურების ხარისხი დაბალია, სოციალურ მუშაკებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა.
თუ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ან, უბრალოდ, არაეფექტიანად იხარჯება, ან კორუფციული ხვრელებითაა სავსე, თუმცა ამის გარკვევა რთულია, ვინაიდან ყველაფერი, პრაქტიკულად, უკონტროლოა. 2015 წლის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის აუდიტის შედეგებიც კი აღარ გამოქვეყნებულა.
_ ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო პაციენტზე ზრუნავს, თუ ჯანდაცვის სამინისტროც და კერძო კლინიკებიც ფულის კეთებაზე არის გადასული?
_ სახელმწიფოს მიერ გატარებული ჯანდაცვის პოლიტიკა და ეკონომიკა იმდენად არასწორი, არათანამედროვე და არაეფექტიანია, რომ შეუძლებელია, პაციენტზე იყოს ორიენტირებული. ეს მოდელი მხოლოდ პიარისთვის შეიქმნა და სრულიად აცდენილია ჯანდაცვის ისეთ პროგრესულ სისტემებს, როგორიც თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში არსებობს. რაც შეეხება კლინიკებს, სახელმწიფოს მხრიდან დავალიანებების გამო ისეთ პირობებში უწევთ მუშაობა, რომ ძნელია, მათ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვა, ექიმების საზღვარგარეთ გადამზადება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა მოსთხოვოთ, რისთვისაც სერიოზული ინვესტიციაა საჭირო.
_ ქალბატონო მანანა, უშუალოდ ამ პრობლემასთან არაა კავშირში, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტს არასწორ დიაგნოზს უსვამენ, ანუ ეუბნებიან, რომ სიმსივნე აქვს, თუმცა უცხოეთში წასვლის შემდეგ ირკვევა, რომ სიმსივნე ფეიკი დიაგნოზია. ამას რით ხსნით _ ექიმთა ნაწილის არაპროფესიონალიზმით, თუ იმით, რომ სამედიცინო დანაშაულისთვის მკაცრი სასჯელი არ არსებობს?
_ მართალი ბრძანდებით, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს არასწორ დიაგნოზს უსვამენ და ის უცხოეთში მიდის. პირადად მე ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად ეს პრობლემა მაწუხებს. არაპროფესიონალიზმი უმწვავესი და უდიდესი პრობლემაა, რასაც მკაცრი სასჯელით ვერ მოვერევით, სრულიად განსხვავებული მიდგომაა საჭირო.
არაპროფესიონალიზმი საქართველოსთვის გლობალური პრობლემაა, რომელიც მარტო მედიცინის დარგს კი არა, ყველა სფეროს მოიცავს. იგი კომპლექსურად უნდა აღმოიფხვრას.
მთელი რიგი რეგულაციებია შესაქმნელი და სისტემებია ჩამოსაყალიბებელი, რომ განათლებული, მოაზროვნე, გულისხმიერი და პროფესიაზე ორიენტირებული ექიმები გვყავდეს. ასევე საჭიროა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა ნოვაციური მეთოდის დანერგვა, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში არსებობს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამაზე ოცნებაც შეუძლებელია.
_ საქართველოში ე. წ. სამედიცინო მაფიაც ხომ არ მოქმედებს, რომელსაც მაღალჩინოსნები მფარველობენ?
_ ადრე, ანუ წინა ხელისუფლების დროს, ჯანდაცვის მოძრაობა სახელმწიფოდან ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებამდე სადაზღვევო სისტემის გავლით ხდებოდა. ეს ევროპაში დანერგილი, კარგად აპრობირებული და პროგრესული მოდელია, რითაც კორუფციის რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. ამავე დროს, ეს მოდელი კონკურენტულია და ხელს უწყობს მომსახურების დიაპაზონის გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებას; ასევე სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებას, რაც წარმატებული ჯანდაცვისთვის უმნიშვნელოვანესია.
არსებულმა ხელისუფლებამ კი ძველი, შევარდნაძისეული მოდელი დააბრუნა, ანუ სადაზღვევო კომპანიები პროცესიდან განდევნა, რითაც დიდი დარტყმა მიაყენა, ერთი მხრივ, სადაზღვევო ინდუსტრიას და, მეორე მხრივ, კორუფციის რისკი გააჩინა.
_ სხვათა შორის, სერგეენკო ივანიშვილის პირადი ექიმი იყო. ჯანდაცვის ახალი მინისტრიც საჩხერელია. ეს რამე კლანურ მმართველობაზე მიგვანიშნებს?
_ სერგეენკო, როგორც ვიცი, საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო, ახალი მინისტრიც ყოფილი დირექტორია. საინტერესოა, ახლა ვინ დანიშნა ბიძინამ საჩხერის საავადმყოფოს დირექტორად, ანუ ვინ იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შემდეგი მინისტრი?
კლანია, აბა, სხვა რა შეიძლება დავარქვათ იმას, რომ საჩხერის საავადმყოფო მომავალი მინისტრების სამჭედლოა!
_ ქალბატონო მანანა, შემთხვევით ვისარგებლებ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც გკითხავთ, _ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ხართ, შესაბამისად, გეცოდინებათ, იგივე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ ამ გაერთიანებას რა ბედი ელის, ხომ არ დაიშლება?
_ ზოგადად, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა დადებითი მოვლენაა. რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოდან გამომდინარე, იდეალურ მოდელად არ მიმაჩნია, მით უმეტეს, რომ ევროპის ქვეყნებში ბარიერი სხვადასხვა პროცენტით არის წარმოდგენილი, მაგალითად, საბერძნეთში, იტალიასა და ესპანეთში _ 3-3%, ავსტრიაში, შვედეთსა და ბულგარეთში _ 4-4%, ბელგიაში, გერმანიაში, უნგრეთში, პოლონეთში, ესტონეთში, ლატვიასა და რუმინეთში _ 5-5%, თურქეთში _ 10%.
ვფიქრობ, ნულოვანი ბარიერი „ქართულ ოცნებას“ აწყობს, ვინაიდან არაჯანსაღი საარჩევნო გარემოს (მოსყიდვა, შანტაჟი, გაყალბება და ა. შ.) არსებობის პირობებში, მარტივად გაიყვანოს სატელიტი პარტიები და მათთან ერთად შექმნას უმრავლესობა. ამას ერთადერთი, რაც შეიძლება, დაუპირისპირდეს, პროდასავლური პარტიების დიდი გაერთიანება, ანუ ძლიერი ბლოკია, მაგრამ ეს რომ არ მოხდეს, საარჩევნოდ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და ბლოკებს კრძალავენ, რაც სწორედ „გაერთიანებული ოპოზიცია _ ძალა ერთობაშიას“ გამო კეთდება, მაგრამ ვერ გავახარებთ სახელისუფლებო პარტიასა და მის მეთაურს, ბიძინა ივანიშვილს იმით, რომ დავიშლებით მარტივ მამრავლებად, დავქუცმაცდებით და გავქრებით რადარებიდან. ნურას უკაცრავად! ბიძინა ივანიშვილის მართვის პრინციპი _ „დაშალე და იბატონე“, რისთვისაც მოინდომა ნულოვანი ბარიერის შემოღება და ბლოკების აკრძალვა, შედეგს ვერ გამოიღებს. ჩვენ არ დავიშლებით, პირიქით, შევიერთებთ სხვა პროდასავლურ ძალებს! თუ ვინმე მოინდომებს ამ ერთობის დაშლას, თვითლუსტრაციას მოახდენს. სხვათა შორის, ახლა იწყება ლუსტრაციის ეპოქა _ ვის იყიდის ბიძინა და ვინც არ გაიყიდება, დარჩება ქვეყნის პატრიოტად და სახელმწიფოს ერთგულ ღირსეულ მოქალაქედ. იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციური ძალები გაუძლებენ მოსყიდვის ცდუნებას, ზოგჯერ _ მუქარას, დევნას, ზეწოლას, შანტაჟსაც და ამაყად გააგრძელებენ ბრძოლას საქართველოს სახელით.
_ ქალბატონო მანანა, ადასტურებთ მოარულ ინფორმაციას, რომ „ევროპული საქართველო“, კერძოდ, გიგა ბოკერია, „ოცნებასთან“ შეთანხმებით გაერთიანებული ოპოზიციის ჩაძირვას ცდილობს?
_ ამ ინფორმაციის დადასტურება ნამდვილად გამიჭირდება, თუმცა საინტერესოა, რა პრინციპია, რის გამოც არ ითანამშრომლებს „ევროპული საქართველო“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“? გასაგებია, რომ „პატრიოტთა ალიანსთან“ არ გინდოდეს ურთიერთობა, რადგან პრორუსული ორიენტაციის პარტიაა, მაგრამ არ ითანამშრომლებ მთავარ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალასთან, რომელიც ამ ეტაპზე წარმოდგენილია გაერთიანებული ოპოზიციის სახით და, მთლიანობაში, 12 პოლიტიკურ სუბიექტს მოიცავს, ცოტა უცნაურია.
_ ბოლოს, ისევ ჯანდაცვაზე გკითხავთ: ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურების გამო, როგორც ცნობილია, მედიკამენტები გაძვირდა. ეს გაძვირება ხელოვნური ხომ არ არის და, საერთოდ, ჯანმრთელობაშერყეული ხალხის რევოლუციას ხომ არ უნდა ველოდოთ?
_ ლარის გაუფასურება მწვავედ აისახება მედიკამენტების ფასზე. წამლების ფასი, ყოველწლიურად, საშუალოდ, 10-15%-ით იზრდება. ბუნებრივია, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა იმის საშუალებას არ იძლევა, რომ მოსახლეობამ მარტივად გადალახოს ჯანმრთელობის აღსადგენად და მის შესანარჩუნებლად საჭირო მედიკამენტებზე ფასების არცთუ მცირე მატების პროცესი. წამლებზე ხელმისაწვდომობა (მიუხედავად ე. წ. წამლების 1-ლარიანი პროგრამისა) უფრო და უფრო მცირდება და ირღვევა ჯაჭვი დაავადების განვითარებიდან გამოჯანმრთელებამდე. ამ ჯაჭვის ერთი რგოლი, რასაც მკურნალობა ჰქვია, ყველაზე ხშირად ამოვარდნილია იმის გამო, რომ პაციენტების უმრავლესობას სამკურნალოდ არასაკმარისი თანხა აქვს ან საერთოდ არ გააჩნია. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამით დიაგნოსტიკისთვის (ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, ვიზიტები ოჯახისა და სხვადასხვა პროფილის ექიმთან) გათვალისწინებული ხარჯები წყალში გადაყრილია. პროცესი დაავადების განვითარებიდან გამოჯანმრთელებამდე უწყვეტია და იქიდან ერთი პუნქტის ამოღებაც არ შეიძლება. თუ სახელმწიფოს ნამდვილად სიკეთე უნდა მოსახლეობისთვის, ეს პროცესი სრულად უნდა უზრუნველყოს. ეს არა მხოლოდ ხელისუფლების კეთილი ნება უნდა იყოს, არამედ მოვალეობაც, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითაა გამყარებული.
რაც შეეხება კითხვას, ჯანმრთელობაშერყეული ხალხის რევოლუციას უნდა ველოდოთ თუ არა, ვნახეთ, ჯანმრთელების აქციას 20 ივნისს ხელისუფლებამ რა უქნა და ჯანმრთელობაშერყეულების რევოლუციას რას უზამს, ადვილი წარმოსადგენია. ამიტომ, რომ არავინ დაზარალდეს, პაციენტებმაც და ჯანმრთელებმაც (არავინ იცის, ვინ როდის გახდება პაციენტი) არჩევნებზე სიბრძნე და გონიერება უნდა გამოიჩინონ და მათთვის საუკეთესო არჩევანი გააკეთონ!

გიორგი აბაშიძე