მთავარი ინტერვიუ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა _ ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი!

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა _ ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი!

271
0
გაზიარება

რამდენად იცავს ქართული კანონმდებლობა ინვესტორს, რა ხარვეზები არსებობს და ვინ უშლის ხელს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?!
„ქრონიკა+“-ის კითხვებს იურისტი დიმიტრი ტორაძე პასუხობს:

_ დიმიტრი ,საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანია ენერგოდამოუკიდებლობა, ეს ღიადაც აქვს გაცხადებული, ათობით ინვესტორთან გაფორმდა ხელშეკრულებები ამ მიმართულებით, თუმცა როდესაც რეალურად უნდა დაიწყოს აქტიური სამუშაოები, სწორედ იქ იჩენს თავს პრობლემები. როცა ბაზარზე კეთილსინდისიერი ინვესტორი შემოდის და იმედგაცრუება ხვდება, რამდენად იცავს მას ქართული კანონმდებლობა? რა ხარვეზები არსებობს ამ მხრივ?
_ მნიშვნელოვანი საკითხია ნების გამოვლენა და განვითარებაზე ფიქრი. ეს ცალსახად სიკეთის მომტანი მდგომარეობაა, თუმცა თავს იჩენს საზოგადოებრივი უკმაყოფილება, რომელიც უფრო მენეჯმენტის პრობლემა მგონია. ადამიანებს სწორად უნდა აუხსნან იმ სიკეთეებსა და ბენეფიტებზე, რაც ამ დარგის განვითარებას მოყვება. გარდა ამისა, ის წარმოდგენები და შიშები, რომელიც ჰესების მშენებლობასთან მიმართებით არსებობს, გასაგებად უნდა აიხსნას, რომ ეს ყველაფერი ფანტასტიკის სფეროდანაა და არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან. სწორედ ეს ინფორმაცია უნდა იყოს სწორად მიწოდებული მოსახლეობამდე. რაც შეეხება საკანონმდებლო მდგომარეობას, ეს რთული თემაა. ამ მიმართულებით ვვითარდებით, თუმცა არც განვითარების ტემპებია საკმარისი და არც _ შინაარსი. ფუნდამენტურად რომ ავიღოთ კანონმდებლობა, ეს არის საზოგადოების ცხოვრების წესიდან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე. საზოგადოებრივ ფორმაციაში ყოველთვის არსებობს რეგულაციის წესები. სწორედ ასე ვითარდება ქვეყანა და საზოგადოება. ეს წარმოქმნის გარკვეულ სამართლებრივ გამოწვევებს, რომელიც კონკრეტულ კონცეპტუალურ ასახვას ჰპოვებს საზოგადოების ფასეულობების მიხედვით. ეს დღის წესრიგი გვიდგას დიდი ხანია, რის შესრულებასა და განვითარებაშიც სერიოზული ხარვეზები გვაქვს. ხარვეზი ნაწილობრივ სწორდება საერთაშორისო შეთანხმებებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით. იქ ეტაპები გვაქვს, უკვე 2019 წელს უნდა გვქონდეს ჰარმონიზაციისა და დაახლოების კანონმდებლობა _ ეს საქმიანობა ძალიან ინტელექტუალური და ძვირადღირებულია. თუ ქართული კანონმდებლობისა და ქართული სახელმწიფოებრივი განვითარების ბოლო პერიოდის ისტორიას ავიღებთ, აქ სახარბიელო სურათი ნამდვილად არ გვაქვს, რომ ვთქვათ, განვვითარდითო _ ასე არაა! არ გვქონდა კონცეპტუალური ხედვები და ამიტომ სწორი ნაბიჯებიც ხშირად რეგრესულად მოგვიბრუნდა უკან. დადებითი მომენტებია, როდესაც იმ კანონებს ვღებულობთ, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს. ეს ზრდის სწორედ ინვესტორების დაინტერესებას ამ საკანონმდებლო მოცემულობის ფარგლებში. თუმცა, მეორე მხრივ, 21-ე საუკუნეში სერიოზულად ჩამოვრჩებით სამეწარმეო კოდექსში, მას არაფერი ჰქვია, ეს არის გამოშიგნული და დერეგულირებული კოდექსი. ეს იყო კონცეპტი იმისთვის, რომ საქართველოში მეწარმეობა განვითარებულიყო და სრული დერეგულიზაცია მოვახდინეთ, ამ კოდექსში უმეტესობა მუხლებს აწერია „ამოღებულია“, „ამოღებულია“. ვთქვათ, იმ საბჭოთა კოდექსიდან თუ იღებდნენ და ამოსაღები იყო, ეს არ ნიშნავდა, რომ იქ რეგულაციები არ ყოფილიყო და ამის საჭიროება არ არსებობს. დღეს სასამართლო პრაქტიკა ადასტურებს, რომ პრობლემა აღმოჩენილია, რაზეც სწორი რეაგირება არ მომხდარა.
ქართული სამეწარმეო კოდექსი მეწარმეს არაფრის საშუალებას არ აძლევს, მხოლოდ _ სამეწარმეო სუბიექტის ფორმების დეფინიციას და დამთავრდა. არ არსებობს დომინანტი პარტნიორის სტატუსი და ამ საკითხზე რეგულაცია. მაგალითად, ორივე ვფლობთ კომპანიის 50%-50%-ს და პარტნიორები ვართ, ნებისმიერი ჩვენი დავა სასამართლოში იმით დამთავრდება, რომ სასარჩელო მოთხოვნაზე უარს მეტყვიან და თუ თქვენც გექნებათ შესაგებელი სასარჩელო მოთხოვნა, უარს გეტყვიან. ეს იმას ნიშნავს, რომ იგივე მდგომარეობაში დაგვტოვებენ, რაშიც დავის დასაწყისში ვიყავით და ეს დავა არასდროს გადაწყდება, რადგან არ გვაქვს შესაბამისი ინსტრუმენტები და არც საკანონმდებლო რეგულაციაები, როგორც ეს ხდება ევროპის ქვეყნების სამართალში. იქ დომინანტი პარტნიორი არსებობს, რომელიც კომპანიის მმართველია და ამ შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობა მმართველზე გადადის.
რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსს, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალური კი არა, სოციალისტურია.
თვითონ კანონიც ამბობს, ჩემი მიზანი არის კერძო ხასიათის დავების გადაწყვეტა და რატომ წყვეტს და მიზანი რა არის, კანონში არ წერია. ბევრი კანონი განმარტავს, თუ რა მიზანი აქვს მას, თუმცა ჩვენი სამოქალაქო კოდექსი _ არა! რატომ?! _ იმიტომ, რომ თავიდანვე არ ჰქონდა ეს მიზანი, ჩასამატებლად თუ გადასასწორებლად ეს მუხლი არავის შეხვდა და არავის გადაუსწორებია. თუ სამოქალაქო დავაში კოდექსი ბევრ ქვეყანაში შეიცავს სოციალურ შინაარსს, იმ ქვეყნებში მიღებულია კომერციული კოდექსი. კომერციულ და სამოქალაქო კოდექსში ორივეშია იპოთეკა, სესხი, გადაზიდვა, ნებისმიერი ყიდვა, ნასყიდობა და ა. შ.
მაგრამ აქ სხვაობაა კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტებს შორის. თუ სამოქალაქო კოდექსით სოციალურად ერევა ევროპული სასამართლო კვალიფიციურ და არაკვალიფიციურს შორის, მაგალითად ბანკსა და მოქალაქეს შორის დავაში, მოქალაქის სოციალური დაცვისთვის სასამართლო აუცილებლად ჩაერევა, მაგრამ თუ ერთმანეთს ედავებიან A კლასის ბანკი და სადაზღვევო კომპანია, სოციალურად ის არაფერში ჩაერევა და ეს ცალსახად სწორია _ იმან უკვე გამოკვეთა კვალიფიციური სუბიექტი და თქვა, რომ კვალიფიციურ სუბიექტებს ჩემზე მეტი ცოდნა აქვთო. როცა ინვესტორზე ვლაპარაკობთ, ეს ინვესტორები ვინ არიან? _ ისინი განვითარებული ქვეყნების კვალიფიციური სუბიექტები არიან, მათთვის გაუგებარია, რომ უთხრა, პირგასამტეხლოს არ ჩავწერ, რადგან საქართველოს სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა მაქვს და მაინც არ დავაკისრებთ ამდენ და ამდენ პროცენტზე მეტსო. რატომ? ვინ ხარ შენ, საქართველოს სასამართლო? მე, კომპანიას, მყავს ტოპ-რისკ და ფინანსური მენეჯერები და ასევე ჩემს მოწინააღმდეგე მხარესაც. მთელი სასამართლო კორპუსი რომ შევკრიბოთ, გინდა ჩემი კომპანიის და შენი კონტრაქტორის, ნებისმიერი რისკმენეჯერის დონესაც ვერ გაქაჩავს ვერც ერთი.
რატომ არის ეს ასე კალკურირებული და რატომ ერევი? იმიტომ, რომ შენი კოდექსი ასე გეუბნება, უნდა ჩაერიოო და ის კომერციული კოდექსი კი ამას გამორიცხავს, არც ფიქრობს ამაში ჩარევას, რადგან მან იცის, რომ დავა ეხება ამ შემთხვევაში კვალიფიციურ სუბიექტებს შორის წარმოშობილ ურთიერთობას. ზუსტად ეს ინვესტორები ასეთ საკანონმდებლო ფორმაციებს უყურებენ საქართველოში, მათ ასეთ დროს შიშები უჩნდებათ, იმაზე ბევრად მეტი კითხვები ებადებათ რეალური გადაწყვეტილების მიღებამდე, ვიდრე საჭიროა, ინვესტორს ძალიან ცუდი საკანონმდებლო ბაზით ხვდები. კანონის ხარისხზე ბევრი რამეა დამოკიდებული და თუ კანონი უხარისხოა, არა განჭვრეტადი, ის ვერ გაიგებს, რას გადაწყვეტს მოსამართლე.
_ პრობლემებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, ინვესტორი მაინც არ კარგავს ინტერესს. ისინი ევროპის წამყვან ქვეყნებში პოზიციონირებენ ბაზარზე და მათ მაღალი სტანდარტები აქვთ. გავიხსენოთ პანკისის მოვლენები, ათობით დამტკიცებული და შემდეგ შეჩერებული პროექტი გვინახავს. ასეთ არასტაბილურ გარემოში რატომ მიდიან რისკზე?
_ ბიზნესი ძალიან მოქნილია. როცა არ გაქვს კარგი კანონმდებლობა და ინვესტორს ჯანსაღი და სერიოზული ბიზნესინტერესი აქვს, ეს მისთვის არსებითად ხელის შემშლელი არ გახდება, ისევ შენ გიშლის ხელს: ის გაზრდის თავის რისკებს, პროექტის რისკმენეჯერები უფრო მაღალი რისკის ნიშანს შექმნიან და რაც უფრო მაღალი იქნება მისთვის ეს რისკნიშა, მით უფრო ძვირი იქნება შენთვის ინვესტორის ჩადებული ინვესტიცია, მომსახურების მისაღები და მისი საოპერირო ხარჯები, ანუ ინვესტორი აუცილებლად გათვლის რისკებს, დათვლის და გააძვირებს პროექტებს. შესაბამისად, რამდენადაც გაძვირდება პროექტი, იმდენად რთულად მოგყავს ინვესტორი _ იმის თქმა, რომ საერთოდ ვერ მოგყავს, არ არსებობს! ჩვენი კანონმდებლობა თანამედროვე რომ ყოფილიყო, კონკურენციის უფრო მაღალი ხარისხი გვექნებოდა, უფრო მეტ წინადადებას მივიღებდით და არ ვიქნებოდით ერთ წინადადებაზე ჩამოკიდებული. გარდა ამისა, არსებობს ძალიან საინტერესო პროექტი PPP _ კერძო და საჯარო სექტორი, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, საერთო ინტერესებით ფორმატს ნახულობენ, როგორ მიიღონ ეფექტიანი გადაწყვეტილება და ოპერირება. ბევრი ფორმაა PPP-ში, თუმცა საქართველოში არ არსებობს. PPP იმდენად თანამედროვე ინსტიტუცია და მოვლენაა, რომ გინდა თუ არა, გჭირდება. მაგალითად, უცხოელი მოვიდა და საკანონმდებო დონეზე მოითხოვა, მანახეთ თქვენს კანონმდებლობაში PPP-ს ფორმაციაო, ვერ ვაჩვენებთ, რადგან დეფინიციის დონეზეც არ არის, არათუ ინსტიტუციურად და ზუსტად ესეც მიანიშნებს კანონმდებლობის ჩამორჩენილობას. გარდა იმისა, რომ არ გვაქვს, ეს იმაზეც მოქმედებს, რომ ჩვენ ამას არავის ვასწავლით. ხვალაც დაამთავრებს იურიდიულს ვიღაც, გუშინაც დაუმთავრებია და დღესაც და არც ერთს ექნება ნასწავლი.
არ ეცოდინებათ PPP-ს სხვადასხვა ფორმა, რა შემთხვევაში რომელია ოპტიმალური, რომელი პროექტის მიხედვით რომელი შეთავაზება სჯობს და ა. შ. მაგალითად, საგზაო ინფრასტრუქტურაში PPP-ს რომელი ფორმატი სჯობს ან, იქნებ, ჩვენს ენერგეტიკის სფეროში სხვა ფორმატია უფრო მისაღები. ვართ ისევ უცხოელი კონსულტანტების იმედად, იქნებ ვინმემ დაგვაკვალიანოს. ისევ ჩვენთვის აძვირებს ყველა პროექტს. ეს ისეთი სფეროა, ჰაერზე არავინ არაფერს გაგიკეთებს.
_ ენერგოწარმოებისა და მისი გამოყენების წახალისების შესახებ ცალსახაა, რომ უფრო მოქნილი მიდგომა გვჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა საზოგადოებისა და ინვესტორის ინტერესი გათვალისწინებული იყოს? თუ ჰესებს არ ავაშენებთ, ჩვენ ვერ გავხდებით ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა…
_ ენერგოდამოუკიდებლობა ცოტა რთული თემაა. ზოგადად, ეს არის შორეულ მომავალში კონცეპტუალური ხედვა. მეორე მხრივ, პირდაპირი საჭიროებაა, რომ 6-7 წელიწადში არსებული სისტემის ნახევარი და სიმძლავრის დამატება დაგვჭირდება. გინდა თუ არ გინდა, ენერგოდამოუკიდებლობამდეც კი გჭირდება უკვე სიმძლავრეების გაზრდა, რომ არ იყიდო 5.7-ცენტიანი დენი, როცა შენივე ენერგორესურსებითც შეგიძლია აწარმოო ენერგია. ეს არის ცალსახად დათვლილი და შესწავლილი. შესაბამისად, ამისთვის აუცილებლად უნდა მოძებნო ინვესტორი ან შენ უნდა გქონდეს იმდენი შესაძლებლობა, რომ ამ ბიზნესში თავად ჩადო ფინანსური რესურსი.
როდესაც კერძო და საჯარო ინსტიტუციების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვევა და საერთო საზოგადოებრივი ინტერესებისთვის იღვაწებენ ერთად შეთახმებულად, ეფექტსაც მივაღწევთ. ენერგოდამოუკიდებლობა არა მარტო ეკონომიკურ დონეზეა გაცხადებული, ასევე პოლიტიკის დონეზეც. ეს მაინც გახდება საფუძველი იმისა, რომ თემა სამართლებრივადაც მიმზიდველი გავხადოთ, შესაბამისი გარემო შევქმნათ. ზუსტად ეს კონცეპტუალური ცოდნა აუცილებლად უნდა გადავიტანოთ საკანონმდებლო ჭრილში და საკანონმდელო ბაზა უნდა შევქმნათ.
მინიმუმ, კარგი გადმოწერის შემთხვევაში, ოღონდ ეს უნდა იყოს საუკეთესოდ ახსნილი, განჭვრეტადი და ასე მიტანილი საზოგადოებამდე, _ მოქალაქეებამდე და აკადემიურ წრეებამდე, რომლებმაც წლების შემდეგ უნდა დაგვაწიონ რაღაც დონეზე მომზადებული კადრებიც. ასეთი ხედვა და ქმედებები გაზრდის ინვესტორის რაოდენობას, ხარისხს და შენც გაგიზრდის ოპერირების საშუალებას.
_ ქვეყანას აქვს კანონი დაცული ტერიტორიების შეახებ და ბუნებრივია, იქ ჰესები არ შენდება უნებართვოდ. ჰესების მშენებლობის, ერთი შეხედვით, მოწინააღმდეგე ექსპერტებიც ამბობენ, რომ ისინი არ არიან ჰესების მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგნი, თუმცა ჩვენ მაინც ვხედავთ ქაოსს ამ მიმართულებით, რასაც პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ. ხელისუფლებას ხშირად უწევს თავის მართლება და შემდეგ უკვე ვისმენთ განცხადებას, რომ ჰესი აღარ აშენდება…
_ სერიოზულ და რესპექტაბელურ ფინანსურ ინსტიტუტსა თუ დაინტერესებულ ფინანსურ მონსტრს ასეთი თამაშები არ აინტერესებს, მეტიც: ის ქვეყანაში შემოსვლამდე უკვე სამართლებრივი დახმარებისთვის იურისტების ჯგუფს ქირაობს,
უკვეთს ანალიტიკურ ბაზას მისთვის საინტერესო საკანონმდებლო გამოკვლევის მოსამზადებლად. მეც მქონდა მსგავსი გამოცდილება რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან და თვითონ გამიკვირდა, _ კაცი, რომელიც საქართველოში არ იყო მყოფი, საზღვარგარეთიდან როგორ მწერდა იმ კანონებსა და მიმართულებებზე, რაც მისთვის საინტერესო იყო.
და თუ სერიოზული ინვესტორია, ის ყველაფერს გაიგებს და მხოლოდ მომზადებული მიდის ახალ გარემოში ინვესტიციების ჩასადებად და დიდი კაპიტალდაბანდების გასაკეთებლად. რაც შეეხება კანონით დაცულ ტერიტორიებს, მგონია, რომ ვერაფრით შევეხებით, რადგან დაცული ტერიტორიები ხელშეუხებელია _ თავიდანვე უნდა იყოს შეფასებული, რომ არ არის საჭიროება, უხეშად ჩავერიოთ, მათ ძალიან დიდი მიმზიდველობა უნდა ჰქონდეთ.
სხვა კუთხით ვიცი, სერიოზულად არის ქართული ჰიდრორესურსები შესწავლილი და მისი 20%-იც კი არ არის ათვისებული. არ არის აუცილებელი, რესურსების 80%-დან მაინცდამაინც ისეთი პროექტები ამოვარჩიოთ, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე გააკეთებს უხეშ კვეთას. სხვანაირადაც შეიძლება ბევრგან მოიძებნოს ასეთი პროექტები. პირადად ჩემი აზრია და აბსოლუტურად სუბიექტური, იმაზეც თანახმა ვარ, რომ გადაიხედოს დაცული ტერიტორიები, რამდენად წარმოადგენს ისეთ მნიშვნელოვან ობიექტს, რომ იქ ჰესის აშენება არ შეიძლებოდეს?! თუმცა სანამ აქამდე მივალთ, ისეთი ტერიტორიები არსებობს, რომელიც არ არის დაცული და შესაძლებელია იქ ჰესის აშენება და აუცილებლად უნდა აშენდეს. ვიმეორებ: 5-6 წელიწადში დღევანდელი ენერგოსისტემის ნახევარი სიმძლავრე დაგვჭირდება დამატებით.
ძალიან დიდ ფულს ვიხდით ელექტროენერგიაში იმ დროს, როდესაც თავად უნდა ვიყოთ ჩვენი რესურსებით იმპორტიორი ქვეყანა.
არ მესმის იმ ექსპერტების და მათ კომპეტენციაში არ ჩავერევი, რატომ უშლიან ხელს ასეთი ტიპის განვითარებას?
სწორად უნდა ავხსნათ, რომ პანიკური შიშები არარეალურია და ბუნებაზე ზემოქმედების კოეფიციენტი ჰესის მშენებლობის შემთხვევაში დაბალია. უნდა ავხსნათ, რომ რეგენერაციის პირობებში ბუნება არსად ქრება, პირიქით, უკეთეს ლანდშაფტს მივიღებთ. 5-10 წელიწადში ისევ განახლდება და აღდგება.
ბუნებრივი კატაკლიზმის დროსაც არსებობს რისკი, რომ განადგურდეს, მაგრამ მე რასაც გავჩეხავ, ისიც რეგენერირებადია. ამ შიშებს უნდა ახსნა, სწორი ოპერირება. თუ ვამბობთ, რომ სახელმწიფოს ცალსახად აქვს ენერგოდამოუკიდებლობის პოლიტიკა, მან ენერგო სიმძლავრეები უნდა გაზარდოს. ეს ერთი ნებაა, მაგრამ ამ ნებას თუ აქვს გვერდითი მოვლენები _ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება არასაკმარისია. როცა არსებობს დათესილი პანიკა, საჭიროა მეტი აკადემიურობა, მეტი ვიზუალური ინფორმაცია, სპეციალური გადაცემების მომზადება მედიაში, სწორედ ეს უნდა დააფინანსოს მთავრობამ, შეარჩიოს სწორი და ეფექტიანი კომუნიკაციის პოლიტიკა საზოგადოებასთან.
_ გასაგებია ის დადებითი ეფექტები, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მივიღოთ და მოგვიტანოს ენერგოდამოუკიდებლობა, პირდაპირ გკითხავთ: ხომ არ ფიქრობთ, რომ მტრულად განწყობილ რუსეთს არ აწყობს, საქართველო ამ მიმართულებით დამოუკიდებელი იყოს. რამდენად იზიარებთ ამ ეჭვს?
_ არა მარტო მტრულად განწყობილი ქვეყნის, არამედ ძალიან კეთილად განწყობილი ქვეყნების ინტერესშიც შედის, თუკი შენ არ იქნები ენერგოდამოუკიდებელი და თუკი შენი ენერგიის სიმძლავრე არ იქნება იმ დონის, რომ საკმარისი ენერგია მოგაწოდოს. რადგან აზერბაიჯანს პოტენციალი აქვს, იყოს ექსპორტიორი, ბუნებრივია, ყველაზე კარგად გაყიდვადი ბაზარიც შენ ხარ, თუ არ იქნები ექსპორტიორი ქვეყანა, იმიტომ რომ სომხეთთან არ აქვს მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა, რომ პირდაპირ ურთიერთვაჭრობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის სიმძლავრეებზე გავიდეს. მეორე მეზობელი რუსეთი ჰყავს და არც მას სჭირდება აზერბაიჯანის მიწოდებული ელექტროენეგია, ყველაზე ახლოს კასპიის ზღვა ესაზღვრება და იმის იქით არც ჩინეთს სჭირდება და არც _ ირანს. შენ ხარ ერთადერთი და მის ინტერესებშიც სრულად შედის, თუ შენ ამ კუთხით არ განვითარდები. როდესაც რუსულ ნარატივზე ვსაუბრობთ, გარდა იმისა, რომ სუფთა კომერციულადაც არ უნდა, არც პოლიტიკურად სურს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა. ეს ქვეყანა ყოველთვის გვევაჭრებოდა ენეგორესურსებით და ამას პოლიტიკურ ბერკეტადაც იყენებდა _ ეს ცალსახაა! დავანებოთ თავი პოლიტიკას: არც თურქეთს უნდა, არც სომხეთს უნდა და არც _ აზერბაიჯანს _ შენც თუ არ გინდა და გსურს, ჩამოკიდებული იყო სხვაზე და იყიდო ძვირიანი ელექტორენერგია, ამ ქვეყნებს მარაგი აქვთ. ყველა ერთად თუ არა, ცალ-ცალკე რომ მოგყიდიან, არაფერს წააგებენ, ამით მხოლოდ საქართველო იზარალებს.
_ თქვენ ისაუბრეთ გამართული კანონმდებლობის აუცილებლობაზე, თუმცა მთავარი მაინც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. გასაგებია, რომ სახელმწიფოს ინტერესია ჰესების მშენებლობა მაგრამ არ მინდა დავტოვო ჩემი სოფელი. ამ შემთხვევაში რისი უფლება აქვს მოქალაქეს?
_ გარკვეულწილად გეთანხმებით, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით როგორც მოქალაქე და იურისტი. ჩვენ გვჭირდება კარგი კანონმდებლობა, იმიტომ კი არა, რომ ჰესი აშენდეს, იმიტომ რომ ქვეყანა აშენდეს და ყველა დარგი განვითარდეს, ყველა სფეროში ინვესტორი მოვიზიდოთ. თუ ჩვენ ამ მიმართულებით ნაბიჯებს გადავდგამთ, არა მარტო მოვიზიდავთ ინვესტორებს, არჩევანიც გაგვეზრდება, კარგი კანონმდებლობა გარანტიაა მეტი არჩევანისა და მეტი ხარისხიანი ინვესტორის.
კარგი კანონმდებლობა იმისთვის გვჭირდება, რომ კანონის ხარისხი ცალსახად მისი შორსმჭვრეტელობაა. რაც უფრო გასაგებია კანონი, მოქალაქესაც მისი უფლება გააზრებულად უნდა ესმოდეს, ეს არ არის დარგისთვის მორგებული კანონი, კანონი უნდა იყოს ყველასთვის: საზოგადოებისთვის, მთავრობისთვის, ინვესტორისთვის, უცხოსთვის, შინაურისთვის, ყველასთვის განჭვრეტადი, ყველასთვის თანაბარი, ყველასთვის სოციალური დამცველი.
გასახლების შესახებ კანონი კი უპირობოდ უნდა აღსრულდეს. როდესაც ეს კანონი ამოქმედდება და ვინმეს გასახლების, ქონების საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის ჩამორთმევის საკითხი დადგება, სასამართლომ მაღალი სტანდარტით უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს იგი.
ეს სახელმწიფოსაც სჭირდება და მოქალაქესაც. ყველას გვჭირდება, ეს კარგი კანონია და მის შეფასებაში ყველა მონაწილეობს, მოქალაქეც ადვოკატს ქირაობს და თავის პოზიციას იცავს. თუ მისი პოზიცია უფრო წონადი და რელევანტურია, სასამართლომ მის სასარგებლოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ ეს არის პრივატული სურვილი, რომ არ მინდა ჰესის მშნებლობა, ხატზე გვაქვს დაფიცებულიო, ხატზე დაფიცებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ჰესის მშენებლობა, ბოდიში ყველა იმ ადამიანთან, პატივს ვცემ მათ დამოკიდებულებას სალოცავების მიმართ, მაგრამ ეს განვითარებისა და წინსვლის ფორმულაში არანაირად ჯდება, სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან შორს დგას, ლოკალური აზროვნებაა, საზოგადოებრივი აზროვნებაც არ არის. სასამართლომ უნდა იმსჯელოს, როგორი უნდა იყოს ასეთ დროს ანაზღაურება, მოქალაქის უფლებები უფრო მეტად იყოს დაცული. ქართული კანონმდებლობაც ამას აღნიშნავს, რომ რეალური უნდა იყოს ანაზღაურება, საბაზრო ფასისთვის შესაბამისი. ევროკონვენციებიც იგივეს აღნიშნავს.
თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის დროსაც გაასახლეს მოსახლეობა საჭირო საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით და კანონმა ეფექტიანად იმუშავა. თუ ყველა პროექტზე მუშაობს ეს კანონი, რატომ ჰესის აშენებაზე არ მუშაობს? ყველას უყვარს თავისი სოფელი, არა მარტო სოფელი _ უბანიც, მაგრამ უპერსპექტივო სოფელი და მიმდებარე ტერიტორია ჰესის აშენებით შეგვიძლია განვავითაროთ, ინფრასტრუქტურა შევქმნათ და ახალი მიმზიდველობა შევძინოთ მას. ხატზე დაფიცებამდე არ უნდა დავიდეს ეს საკითხი. ამიტომ არსებობს ეს კანონი, როგორც რომაელები ამბობდნენ, _ კანონი მკაცრია, მაგრამ ის კანონია! მოგწონს-არ მოგწონს, აქ უვე აღარ არის სხვა ალტერნატივა.

ლევან ქემოკლიძე

 

დატოვეთ კომენტარი