გიორგი თაქთაქიშვილი: „ჩვენმა თაობამ ქვეყანაში შექმნილ დღის წესრიგს გაუსწრო“

დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულმა თაობამ იცის თავისუფლების ფასი, ეს თაობა ყოველთვის დგას ქვეყნის ღირსების სადარაჯოზე. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ჩვენი თაობის პატრიოტიზმში, 20-21 ივნისის მოვლენებმა დაგვანახა, რომ გულანთებული ახალგაზრდები საკუთარი სიცოცხლით რისკავდნენ ქვეყნის ინტერესების დაცვას, _ დიახ, ეს არის 13 ივნისის თაობა.
13 ივნისის თაობის წარმომადგენელია გიორგი თაქთაქიშვილი, რომელიც „კანტის აკადემიის“ პირობებში მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნავს. როგორც თავად ამბობს, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და იდეალისტია, მას სჯერა დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული პირველი თაობის.

რა გამოწვევების წინაშე დგას და რა შესაძლებლობები აქვს 13 ივნისის თაობას და რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობა? როგორია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი თაობის პოტენციალი?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ „კანტის აკადემიის“ აღმასრულებელ დირექტორ გიორგი თაქთაქიშვილს ესაუბრა:

_ ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მთავარი გამოწვევა განათლების სისტემაა. ეთანხმებით თუ არა ამ პოზიციას და როგორ ფიქრობთ, რა არის ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების მთავარი პრობლემა?
_ ახალგაზრდებზე ყოველთვის ვამბობ, რომ თავისუფალ საქართველოში დაბადებული პირველი თაობაა, რომელმაც უნდა შექმნას დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი ოფიციალურად 1991 წელს დაინგრა, ჩვენ ახლა გვაქვს შანსი, საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო ავაშენოთ, სწორედ იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც დავიბადეთ თავისუფალ საქართველოში. რაც შეეხება გამოწვევას, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტური გამოწვევა განათლების სისტემაა, მაგრამ მთავარი გამოწვევა არის თავისუფლების სწორად აღქმა და იმ ღირებულების გააზრება, რაზედაც უნდა დავაფუძნოთ თანამედროვე ქართული სახელმწიფო, რომელიც, ადრე თუ გვიან, სამშვიდობოს უნდა გავიდეს. აუცილებლად უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან და წარმატების, დასავლურ, შეუქცევად გზაზე დავდგეთ.
_ ახალგაზრდებზე საუბრისას მათ ხშირად მოიხსენიებენ 13 ივნისის თაობის სახელით, გავიხსენოთ 13 ივნისი, 20 ივნისის ღამე, ჩვენმა თაობამ სათანადო სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოავლინა, ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი. როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს ჩვენს თაობას იმის რესურსი, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წავიყვანოთ?
_ საინტერესო კითხვაა. ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე ღრმად კონსერვატორულ საზოგადოებაში გავიზარდეთ _ მაშინ, როდესაც ქართული სახელმწიფო, ფაქტობრივად, ჩამოშლილი იყო. ჩვენ ვიზრდებოდით ისეთ საზოგადოებაში, სადაც ჩვენი მისამართით ამბობდნენ, რომ თურმე პატრიოტიზმი, განათლება გვაკლდა, თურმე არ გვქონდა ის მუხტი და ემოცია, რაც ქვეყნის ასაშენებლად იყო საჭირო. ხშირად გვსმენია ჩვენი მშობლებისა და მათი მშობლების მხრიდან ჩვენი მისამართით: „რა თაობა მოდის“. გვესმოდა მსგავსი ფრაზები და 13 ივნისამდე ფრთხილად, მოთმინებით მივედით. 13 ივნისი კი იყო ერთგვარი თვითპრეზენტაცია იმ თაობისა, რომელსაც ძალიან ბევრი წელი აკრიტიკებდა უფროსი თაობა, რომელმაც ძალიან ბევრ დაპირისპირებაში ამყოფა ქვეყანა, მათ შორის, სამოქალაქო ომში. 13 ივნისის თაობა კი არის ფერადი, თავისუფალი თაობა, რომელიც უთქმელად, ჩუმად, ყველანაირი ყვირილის გარეშე გამოვიდა და საქმე გააკეთა. სწორედ, ამ დროს გაჩნდა იმედის ნაპერწკალი, რომ შეიძლება თავისუფალ საქართველოში დაბადებულმა თაობამ ქვეყანას რაღაც სასარგებლო გაუკეთოს. 13 ივნისის შემდეგ კი ჩვენი თაობის მიმართ საყვედურები შემცირდა. პირადად მე გამიჩნდა იმედი, რომ არ ვართ მარტო და ერთმანეთის თანადგომით შეიძლება ეს ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ. 13 ივნისის შემდეგ, როცა ქვეყანას რთული პერიოდები ჰქონდა, მაგალითად, გავრილოვის ვიზიტი, რაზედაც გადიოდა სახელმწიფოს ღირსების საკითხი, ეს ახალგაზრდები ყოველთვის იდგნენ ქვეყნის ღირსების სადარაჯოზე. ეს არის ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად მოძრავი ენერგია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს თავის შეუქცევად, მდგრადი განვითარების კალაპოტში ჩადგება და ჩვენს ქვეყანას აბსოლუტურად ყველა სფეროში მოედებიან 13 ივნისის თაობის ახალგაზრდები, რომლებიც ერთობლივად შეძლებენ ქვეყნის განვითარების სწორ კალაპოტში ჩაყენებას. იმ მეტასტაზების გადინება და ალაგმვა, რაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დარჩა და ყველა სფეროში ვხვდებით, სწორედ, „13 ივნისის თაობას“ შეუძლია. ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდექი 13 ივნისს და 20 ივნისსაც, მე მინდა ჩემი თანატოლების მიმართ თქვენი გაზეთის საშუალებით დიდი პატივისცემა გამოვხატო და თანადგომა გამოვუცხადო მათ. ასეთი კითხვა ისმის ხშირად: „გვეშველება რამე?!“ უკვე გვეშველა, ამაში 13 ივნისსაც და გავრილოვის ღამესაც დავრწმუნდი. უბრალოდ, ყველაფერს დრო უნდა, რომ „აღსრულდეს ნება ქართველთა“ და ქვეყანა განვითარების შეუქცევად გზას შეუდგეს. ჩვენს თაობას საშუალება აქვს, დასავლეთში მიიღოს განათლება, ჩვენს დროს შემოვიდა ინტერნეტი, ჩვენ ვიცით თავისუფლებისა და იმ ღირებულებების ფასი, რაზედაც დგას ყველაზე წარმატებული ქვეყნები, საითაც ვიყურებით. ჩვენ მაღალი მოთხოვნები და მაღალი თამასა გვაქვს, დღევანდელი პოლიტიკური ელიტა კი არათუ ვერ აკმაყოფილებს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, არამედ ძალიან ჩამორჩება კიდეც. ჩემი აზრით, ჩვენმა თაობამ ძალიან გაუსწრო ქვეყანაში შექმნილ დღის წესრიგს და ამიტომ არის სრული დისონანსი თაობებს შორის. თუმცა სრული მზაობა გვაქვს იმისა, რომ არათუ ეს ხიდჩატეხილობა გავაღრმავოთ, არამედ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ეფექტიანად გამოვიყენოთ ქვეყნის საშენებლად.
_ აღნიშნეთ, რომ არსებული პოლიტიკური ელიტა ვერ პასუხობს გამოწვევებს. ამ პირობებში რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენა? ცხადია, არ ვგულისხმობ მდინარაძე-თალაკვაძის მსგავს სახეებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ რუპორებად იქცნენ.
_ დიდი ხანია, ახალი სახეების გამოჩენაზე საუბრობენ, მაგრამ ეს პროცესი ბუნებრივად უნდა მოხდეს. „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წელს თავისი გუნდი „ახალი სახეებით“ დააკომპლექტა, პარლამენტის თავმჯდომარით დაწყებული, წამყვანი თანამდებობებით დასრულებული. სულ „ახალი სახეები“ ჰყავდათ, ისინი იქ ბუნებრივად არ მოხვედრილან, უბრალოდ, მათ სიმბოლურად პოლიტიკური მაკიაჟი გაუკეთეს და თქვეს, რომ „ახალი სახეები“ არიანო. ამიტომაც არ იმუშავა ამან. ახალი სახეები ბუნებრივად ჩნდებიან. „გავრილოვის ღამეს“ ჩვენმა თავისუფალმა თაობამ ბუნებრივად ჩაანაცვლა ის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ელიტა, რომელიც აქამდე იდგა პარლამენტის წინ. ამ ახალგაზრდებმა „ძალაუფლება“ ბუნებრივად აიღეს ხელში, ეს ახალგაზრდები იქნებიან ის ახალი სახეები, რომლებზედაც მომავალში ფსონი უნდა დაიდოს. ახალგაზრდას პიჯაკს რომ ჩავაცმევთ და პოლიტიკოსის რეგალიას დავუმატებთ, ეს არ არის ახალი სახე, ახალი სახე ჩემთვის ახალ ხედვას, ახალ გამოცდილებასა და ღირებულებებს ნიშნავს. მე მინდა პროფესიონალები და არა კომკავშირლები, რომლებიც უბრალოდ სიტყვებს კარგად აბამენ ერთმანეთზე. ჩვენ გვჭირდება ახალი საქმის მკეთებლები, რომელთაც კარგად აქვთ გააზრებული, ამ 30 წლის განმავლობაში რა არ მოგვეწონა, რა იყო ცუდი და მომავალში საით და როგორ უნდა ვიაროთ. ჩვენი თაობა უკვე იმ ასაკში ვართ, როცა დამოუკიდებლად ვცხოვრობთ, ვქმნით ოჯახს, გვაქვს ჩვენი ბიზნესი, ვიღებთ გადაწყვეტილებებს, მაგალითად, როგორც, თავის დროზე, ქმნიდა დავით უსუფაშვილი „საიას“, ან ხაზარაძე „თიბისის“, ანალოგიურად ვქმნით ჩვენც ჩვენს ორგანიზაციებს და სწორედ ჩვენი საქმეებით უნდა შემოვიდეთ საჯარო პოლიტიკაში.
_ თქვენ ხშირად გიწევთ მოზარდებთან მუშაობა, რა პოტენციალი აქვს მომავალ თაობას?
_ „კანტის აკადემია“ დღეს ლიდერი პლატფორმაა მოზარდებისთვის, სადაც 1 წლის განმავლობაში 1000-მდე ბავშვი იყრის თავს და 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის 20-მდე საგანმანათლებლო პროექტი გვაქვს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ყოველი მომდევნო თაობა აუცილებლად სჯობს წინა თაობას, სჯობს შესაძლებლობებით, ხედვებით, ბევრად უფრო თავისუფალი და კრეატიულია. „კანტის აკადემია“ არის ის პლატფორმა, სადაც თავისუფალი თაობა იზრდება. დღეს თუ რამე მაძლევს ამ ქვეყნაში დარჩენის საშუალებას და თუ უკეთესი ცვლილებების იმედი მაქვს, _ ეს არის ის ათასობით ახალგაზრდა „კანტში“, რომელიც მზად არის შეცვალოს ქვეყნის დღის წესრიგი გეზით _ თავისუფლებისკენ. მათ აქვთ უზარმაზარი პოტენციალი, როგორც უნარ-ჩვევების, ასევე ხედვის დონეზე. მათთან ვმუშაობთ კრეატიული აზროვნების კუთხით, ასევე ვამუშავებთ ბიზნესიდეებს და გვაქვს ასევე პოლიტიკის, ანალიტიკის, დიპლომატიის, ლოგიკის სკოლები. ვცდილობთ შევქმნათ ის დღის წესრიგი, რომელშიც ცხოვრება ხვალ მოგვეწონება. თუ მეკითხებით, არის თუ არა პოტენციალი, თამამად გპასუხობთ, _ უზარმაზარი პოტენციალია. ეს არის თაობა, რომელიც გამოიყენებს ქვეყნის თაროზე შემოდებულ შესაძლებლობას.
_ ახსენეთ ასეთი ფრაზა: „თუ რამე მაძლებინებს ამ ქვეყანაშიო“, _ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ქვეყნიდან გარბის, რამდენად საგანგაშო გგონიათ ეს პრობლემა? ასევე არის მოსაზრება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ახალგაზრდები უფრო ხედავდნენ პერსპერქტივას ჩვენს ქვეყანაში. ეთანხმებით თუ არა ამ პოზიციას?
_ ქვეყანა ნამდვილად დგას სტრესის ზღვარზე. სოციალურ ქსელში პოსტი დავწერე კიდეც, _ ისეთი განცდა მაქვს, 3 მილიონი ქართველი საბაჟოზე დგას და შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, ერთბაშად დატოვებდნენ ქვეყანას, მინიმუმ 1 კვირით მაინც, რომ ამ სტრესს გაერიდონ-მეთქი. ახალგაზრდები უყურებენ, სად მიდის მსოფლიო, ქართველებს კი ბუნებრივად გვაქვს თავისუფლებისკენ სწრაფვა და საუკეთესოები გვინდა ვიყოთ. შეუძლებელია, ქართველი ახალგაზრდა თანხვედრაში იყოს თავისი შესაძლებლობებით და უნარებით ჩვენი ქვეყნის არსებულ დრაივთან. ჩვენს ქვეყანას არც დრაივი აქვს და არც მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ მე მთელი ოჯახით წინა ხელისუფლების აქტიურ ოპოზიციაში ვიყავი და დღემდე ყოველთვის ვამბობ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ბევრი რამით დააზიანა ქვეყანა, მაგრამ თუ „ოცნებას“ ვადარებთ სააკაშვილის ხელისუფლებას, სააკაშვილის დროს ქვეყანას საჯარო პოლიტიკაში მიზანი მაინც ჰქონდა, ოღონდ ამ მიზნისკენ სააკაშვილი ისე მირბოდა, რომ ამ სირბილში გადაგვჩეხა და დაგვაზიანა. თუმცა ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით ის მირბოდა მაინც, ესენი არათუ სადმე მირბიან, არამედ ერთ ადგილზე დგანან და მინდორში ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ იყურებიან. დღეს ქვეყანა არ მოძრაობს, მეტიც, შეიძლება ვთქვათ, რომ უკან მიდის. ერთი ნაბიჯი წინ, ორი _ უკან, _ ასეთი მოცემულობა გვაქვს. ყველას თავისი გაჭირვება და გამოწვევა აქვს, ამიტომ ყველას გმირობას ვერ მოვთხოვთ, ახალგაზრდებს სურთ, დააგროვონ ცოდნა, განვითარდნენ როგორც პიროვნულად, ისე ფინანსურად, შექმნან ოჯახი და ა. შ. ხანდახან არ აქვთ ადამიანებს იმის ფუფუნება, რომ ისეთ ხელისუფლებას დაელოდონ, რომელიც მეტ დრაივს შემოიტანს ქვეყანაში და ქვეყნის განვითარებაზე იზრუნებს. ამიტომ ბევრი გადის ქვეყნიდან, ჩემი მეგობრებიდან ყოველი მეორე უცხოეთშია და იქ მუშაობს. თუ 10 წლის წინათ ჩემს მეგობრებთან ერთად ვსაუბრობდით, რა პროექტები გაგვეკეთებინა და რა აქტივობებში ჩავრთულიყავით, დღეს ჩვენს მეგობრულ „ბირჟაზე“, ძირითადად, იმაზე ვსაუბრობთ, ვინ რომელ ქვეყანაში წავიდეთ, ვიზა როგორ ავიღოთ, სად ვისწავლოთ და ა. შ. ეს უმძიმესი რეალობაა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, მაგრამ გულწრფელად მჯერა, ვინც იდეალისტები ვართ, ამ რუბიკონს აუცილებლად გადავლახავთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი დაბრუნდება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დრაივი იქნება. ნამდვილად ვერ ვუსაყვედურებ მათ, ვინც ვერ გაუძლო და წავიდა ქვეყნიდან, ისინი დიდ ცოდნასა და გამოცდილებას დააგროვებენ, როგორც კი ქვეყანა მათ დაუძახებს, აუცილებლად დაბრუნდებიან. რაც შეეხება პოლიტიკურ პერიოდს, ვფიქრობ, გარდამავალი პერიოდია, რაღაც ახალი უნდა დაიბადოს. ის, რაც ახლა გვჭირს, ეს არის „სამშობიარო ტკივილები“, რადგან იბადება თავისუფლება _ ყველაზე დიდი და ღირებული რამ. თავისუფლება, რომელიც ნიჭიერი ბავშვი იქნება და ყველა ერთად გავზრდით. საქართველოს მოჯადოებულ წრეს ახალი ადამიანები გაარღვევენ, რომლებიც ეტაპობრივად სხვადახვა სფეროებს ჩაიბარებენ. საჯარო პოლიტიკა არის ქვეყნის ორიენტირი, თუმცა ამ ეტაპზე მე ვაკეთებ „კანტს“, თქვენ გააკეთებთ „ქრონიკა+“-ს, ჩვენს პროდუქტებს უკვე ეტყობა ახალი ხედვები. რამდენი სტარტაპია, რამდენი გენიოსი ბავშვი გვყავს, რომლებიც NAშA-ში საოცრებებს აკეთებენ, ამიტომ ნუ დაველოდებით, რომ ხუჭუჭა პარლამენტის თავმჯდომარე გვეყოლება და ჩვენს გასაკეთებელს ის გააკეთებს. ჩვენ არ უნდა მივაჩერდეთ პარლამენტის ტრიბუნას, მოვიდა ახალგაზრდა თმახუჭუჭა, კონსტიტუციონალისტი კობახიძე და ყველანი გაღიმებულები დაგვტოვა, რაც ადეიშვილ-სააკაშვილ-ივანიშვილს არ უქნია ერთად, ამ კაცმა გაგვიკეთა. მამუკა ბახტაძე ახალგაზრდა კაცია, ის ქვეყნის „მთავარი სპეციალისტია“, არათუ პრემიერ-მინისტრია, არამედ პრემიერ-მინისტრის აპარატში მუშაობს. ამიტომ ქვეყანას შეცვლის ფონი, ფონის შეცვლას კი გარკვეული დრო სჭირდება. მიუხედავად ბევრი სირთულისა, რაც პოლიტიკაშიც გავიარე, მაინც წარმოუდგენლად იდეალისტი ვარ. 13 ივნისის თაობა და „გავრილოვის ღამეს“ თვალებდათხრილი ახალგაზრდები ჩემთვის სწორედ იდეალიზმთან ასოცირდება. ეს იდეალები გაგვიყვანს სამშვიდობოს. მესამე ძალა იცით, ვინ არის? _ გვერდით, რომ გავიხედავთ და „კანტის აკადემია“ საოცრებებს აკეთებს, მესამე ძალის 10% ამ საქმით მოდის, 10% „ქრონიკა+“-ია და ა. შ., ბოლო 10-20% იქნება პოლიტიკა, რომელშიც ღირსეული ადამიანები მოვლენ.

ნენე ინჯგია