მთავარი ინტერვიუ გადათხრილი გზის საფარი და პარალიზებული ქუთაისი

გადათხრილი გზის საფარი და პარალიზებული ქუთაისი

146
0
გაზიარება

„ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე, გოგი წულაია:

_ ბ-ნო გოგი, რა ხდება ქუთაისში, სოციალურ ქსელში კრიტიკას ვერ უძლებს გადათხრილი გზები და პარალიზებული ქალაქი _ რა კეთდება ან რა ვერ კეთდება?
_ ჯერჯერობით მარტო თხრიან და მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, კარგია მოწესრიგებული გზა, მაგრამ დაიწყებენ და დასრულებით ვეღარ ასრულებენ. ქუთაისის ქუჩებში რომ გახვიდეთ, სამუშაოები მიტოვებულია, მაგალითად, ტაბიძის, ნინოშვილის, ასათიანის ქუჩაზე. სამი მუშა დაკინკილობს, ერთი მხრიდან მზე მოადგებათ, გადავლიან მეორე მხარეს და ასე… მუშებს რას ვერჩი, ყველა მთავარ ქუჩაზე დაიწყეს ერთდროულად გადათხრა და ქალაქში გადაადგილება პარალიზებულია. თითქმის ერთი წელია, ქალაქი საშინელ მდგომარეობაშია. ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ მომავალი წლიდან საკანალიზაციო სისტემის კეთებას იწყებენ და ეს მეორე უბედურება შეიქმნება, ამ გაკეთებულ გზებს თუ დააყენეს საშველი, ხელახლა დაიწყება გადათხრები. ჯერ კანალიზაცია გაეკეთებინათ, ასე როგორ შეიძლება ქალაქის გაუბედურება?!
_ არაერთი პროექტი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც არასასურველი შედეგით დასრულდა. მაგალითად, თეთრი ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც დღესაც არ არის ბოლომდე დასრულებული და ათასობით ლარია დახარჯული…
_ ეს არის უპასუხისმგებლობა, საქმის არცოდნა, ფულის სიყვარული და ფულის მოტეხვა. როდესაც კომპანიას აგებინებ ტენდერს და მერე აცხადებ, რომ თითქოს ცუდი კომპანია ყოფილა, ჩვენ ის დავაჯარიმეთო… ვერ გავიგე, მე ჩავუტარე ტენდერი? არ შეეძლოთ შეესწავლათ, რამდენად სანდო იყო კომპანია, მერე რომ აღმოუჩენენ დარღვევებს? სუსი მართავს მერიას და ეკითხათ სუსისთვის, ადრე თუ კომპანიას დარღვევები ჰქონდა და უპასუხისმგებლო იყო, დღეს რატომ იგებენ ამას?.. ისეთ კომპანიას ამარჯვებინებენ, რომელსაც არ გააჩნია ტრაქტორი, არც მუშები ჰყავს დაქირავებული და არც გამოცდილება აქვს.
_ ახლახან ქუთაისის მერი ერთ-ერთ ცენტრალურ არხზე იუმორისტულ გადაცემას სტუმრობდა, სადაც თქვა: გოგი წულაია აღარ ჩანს, დაიკარგა, მაქსიმალურად ვმუშაობთ, მთავარი გზები გადათხრილი გვაქვს და არ ჩანს, მეშინია, არ გადავაბეტონოთო. ხომ არ შეგეშინდათ „დაბეტონების“?
_ ვინ ექაჩებოდა, რა უნდოდა, რომ წავიდა?! შეიძლება, იუმორი არ გაგაჩნდეს, მარა, ხომ შეიძლება, იმხელა ტვინი გქონდეს, არ მიხვიდე მსგავს გადაცემაში? იუმორის არქონა იმას არ ნიშნავს, რომ ქალაქის მერი არ უნდა გახდე, თუმცა ვინ გექაჩება, რომ მიდიხარ და ამჟღავნებ, რომ იუმორი არ გაგაჩნია? რატომ სულელობ? მოყვა ისეთი ამბავი, თითქოს მას გადახდა თავს, რაც ხუთი წლის წინ მოყვა ყოფილმა ქალაქის მერმა მურღულიამ, რომელიც მტრად ჰყავს გამოცხადებული. პირველი მტერი იყო მურღულიასი და მისი სიტყვები გაიმეორა. ახალი წელი მოგვილოცა და გორის საკრებულოს თავჯდომარის ტექსტი გადმოიწერა სიტყვა-სიტყვით, აღდგომა მოდიოდა და ახალ წელს გილოცავთო, იაკობ ნიკოლაძის ძეგლზე ნიკო ნიკოლაძის ძეგლიაო, საერთოდ დაანებოს, კაცო, თავი ლაპარაკს…
_ ხუთი დღის წინ ქუთაისის მერიის მიერ სარესტორნო მომსახურებაში გახარჯული თანხები გააპროტესტეთ, თქვით, რომ ქალაქის მერიამ მიმდინარე წლის ექვს თვეში სარესტორნო მომსახურებაში 87 112 ლარი დახარჯა…
_ იმ ფონზე, როდესაც ქუთაისი პირველ ადგილზეა მიგრაციით, არ არსებობს სამუშაო ადგილები, უმუშევრობას მოსდევს სიღარიბე და ა. შ., ქუთაისში რვა აფთიაქი მუშაობდა და მოსახლეობა იყო 250 000 ადამიანი, აფთიაქში რიგი არ მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში, ახლა რვაასი აფთიაქია, ქალაქში მოსახლეობა განახევრებულია და აფთიაქებში რიგები დგას. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში კატასტროფული სიტუაციაა, სიკვდილიანობა ინსულტით, სიკვდილიანობა კიბოთი, სიკვდილიანობა ნარკოტიკებით, ქალაქი გადაშენების პირასაა და ამ ფონზე შენ საჭმელს ჭამდე ბიუჯეტის ხარჯზე, ეს არის უზნეობა. მარტო 157 000 ლარი იხარჯება მერიის მანქანების შეკეთებაზე, ამას ახლა რა ჰქვია?! შე, კაიდედმამიშვილო, ცხოვრებაში „პივა“ არ გიკისრებია და ახლა, რომ გადეირიე, მერი გახდი, ამ ჩვენს ხარჯზე ქეიფი დეიწყე და მპატიჟებელი გახდი?! ეს ჩემთვის მიუღებელია, ამას ჰქვია ღალატი ერის, ბერის და ქალაქის…
_ გამოსავალს სად ხედავთ?
_ სხვათა შორის, ჭიღვარიას არ გაემტყუნება, როდესაც ქვეყანაში არ გაქვს რეალური თვითმმართველობა და შენ არაფრის გამკეთებელი ხარ და არაფერს წარმოადგენ, რეალურად რამის გადაწყვეტილების მიმღები არ ხარ, ფიქრობ, რომ მაინც ვერაფერს ვაკეთებ, მაინც თბილისი წყვეტს და ერთი ამის დედაც ვატირე, ჩემს ცხოვრებას მოვიწყობო, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. რეალური უნდა იყოს თვითმმართველი და რეალურად უნდა ვირჩევდეთ ხელისუფლებას, ქალაქის თავებს, საკრებულოს, რეალურად უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე. ეს ხალხი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ფულის არჩეულია, ისინი მხოლოდ ფულის წინაშე არიან პასუხისმგებლები. ამ ხელისუფლებამ ერთადერთი რაც გააკეთა და დააანონსა, არის პროპორციული არჩვენები, რომელიც მართლა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ გააკეთეს. მეორე: უნდა მოასწრონ რეალური თვითმმართველობის ცვლილება, უნდა მოასწრონ კანონმდებლობაში ცვლილება. ამას თუ მოახერხებენ, კიდევ ექნებათ შანსი, რაღაც დადებითით შევიდნენ ისტორიაში. სანამ ქუთაისის ტერიტორიაზე ყველა შენობა-ნაგებობა, ყველა ქონება არ იქნება ქუთაისის და იქნება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, სულ ფეხებზე არ კიდიათ? ახლა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბალანსზეა ქუთაისის ყოფილი ციხე, მიტოვებულია, უბედურების ბუდეა ქალაქის ცენტრში, 13 წელია, ეს ხრონგი არსებობს შუაგულ ქალაქში და მსგავსად უამრავი შენობაა, რომელიც ლპება და უბედურება ხდება იმ ნაგებობებში! რამდენი წელი უნდა იყოს ასე?! ქალაქს არ აქვს იმის უფლება, რომ რამე მოუხერხოს ამ შენობებს და ეკონომიკის სამინიტროს ელოდებიან, როდის გაახსენდება მათი არსებობა. სანამ არ დაინგრევა და უბედურება არ მოხდება, მანამდე არავინ არ მიაქცევს ყურადღებას. ერთი წერილი მანახოს ქალაქის მერმა, რომ ამ საშიში შენობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ეკონომიკის სამინისტროს!
_ შენობებზე გამახსენდა: ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს ქუთაისის მერიის შენობის შესყიდვას და მის ადგილზე სასტუმროს აშენებას. თუ ეს ასე მოხდება, ეს თქვენთვის მისაღები იქნება?
_ მივესალმები, თუ ასე მოხდება, ცენტრი უნდა განიტვირთოს, მსოფლიოში არ არსებობს ადმინისტრაციული შენობები, ცენტრში იყოს გამოჭიმული, გამოიტანონ გარეუბნებში, არ ვარ წინააღმდეგი. ნამგალი და ურო ახლაც არის იმ შენობაზე შემორჩენელი, ეკლესიაზეა აშენებული და ვთვლი, რომ იქ ადმინისტრაციული შენობა არ უნდა იყოს, უზარმაზარ ადგილს იკავებს და თუ იქ რამე ისეთი აშენდება, რომელიც სამუშაო ადგილებს შექმნის, მივესალმები. ლპება ქუთაისში მთავრობის სახლი, პარლამენტის შენობა და თუ იქ შევლენ და მიხედავენ, შესანიშნავია. კარგი იქნება, თუ გაიყიდება, ბიძინა იყიდის, პეტრე თუ პავლე, სატუმროს გააკეთებენ თუ რას, ამაზე მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რა მოუხდება იმ ადგილს. ის, რომ აუცილებლად უნდა გაიყიდოს, ამაზე თანახმა ვარ!
_ ქუთაისის ტურისტული პოტენციალი ის თემაა, რაზედაც დიდ იმედებს ამყარებენ. გასულ წელს რეკორდული რაოდენობის ტურისტი სტუმრობდა ქალაქს. წელს რა ხდება, რა სიახლე დახვდა ან დახვდებათ ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს?
_ ტურისტს ვახვედრებთ დათხრილ ხეებს, მოუწესრიგებელ გზებს, ინფრასტრუქტურას, უტუალეტობას. მერამდენე წელია გავყვირი, ტუალეტი რაფერ ვერ უნდა გააკეთო ქალაქის მერმა, ამას თბილისის თანხმობა ხომ არ უნდა?! ორი საზოგადოებრივი ტუალეტი არ უნდა იყოს ქალაქის ცენტრში, სადაც უამრავი ტურისტი მოძრაობს?! მოუწესრიგებელს ვაკეთებთ ყველაფერს, საერთოდ საქართველოში ტურისტს რა იზიდავს? _ ბუნება, ადამიანები, კულინარია, ღვინო, ისტორიული ძეგლები… ეს ყველაფერი, ღმერთის წყალობით, გვაქვს და ხომ შეიძლება, მომზადებული შევხვდეთ ტურისტულ სეზონს და ქალაქის სტუმრებს არ დავახვედროთ ყველაფერი გადათხრილი?! არ ვიცი, რა გითხრათ! ქუთაისს ნამდვილად უდიდესი პოტენციალი აქვს ტურისტული განვითარების თვალსაზრისით… საერთოდ, ქუთაისი დასავლეთ საქართველოს ცენტრია და აქ იკრიბება ყველაფერი, ყველა ტურისტები ჩვენი ქალაქიდან ნაწილდებიან და ამით უნდა ვისარგებლოთ.
_ დაბოლოს, ბ-ნო გოგი, დასვენება ყველას უნდა, მათ შორის, პოლიტიკოსებსაც. ცხელი პოლიტიკური ზაფხულის მიუხედავად, თუ გაქვთ უკვე დაგეგმილი, სად დაისვენებთ?
_ „ვინ დაგასვენებს, სანამ არ გაგასვენებო“, _ ასეა ნათქვამი. არ ვიცი, მოვახერხებ, ალბათ, ორი დღით გასვლას სადმე, ქობულეთში ვაპირებ წასვლას. ორი კვირით წასვლას სადმე ნამდვილად ვერ მოვახერხებ, სხვადასხვა მიზეზის გამო. რაც შეეხება პოლიტიკურ ცხელ ზაფხულს, ასეთი ცხელი ზაფხული არ გვქონია. პოლიტიკაში 1988 წლიდან ვარ. პირველი აქცია იყო 1988 წლის 3 დეკემბერს ქუთაისში, იმ დღიდან ვდგავარ აქციებზე, არც ერთი პოლიტიკური მოვლენა არ გამომიტოვებია, აქტიური მონაწილეც ვიყავი… იმ წლიდან მახსოვს ყველა ზაფხული და ასეთი ცხელი პოლიტიკური ზაფხული მართლა არ მახსოვს, როგორიც წელს. იმედს ვიტოვებ, სწორ განვითარებას მიიღებს ეს ყველაფერი და არჩევნებით მივალთ ხელისუფლების ცვლისკენ. ყოველდღე ვლოცულობ, ღმერთო, ამ ხელისუფლებას რამე სისულელეს ნუ ჩაადენინებ, ჩამოსაგდები არ შეიქნენ-მეთქი. ყოველ დილით შიშით და ლოცვით ვრთავ ტელევიზორს, რამე ისეთი ამბავი არ გავიგო, რომელიც რევოლუციურ სიტუაციებს გამოიწვევს. ამ ქვეყნისთვის აჯობებს, მშვიდობიანად ჩატარდეს 2020-ში პროპორციული არჩევნები და კოალიციური მთავრობით, მრავალპარტიული პარლამენტით შევცვალოთ ხელისუფლება.

ლევან ქემოკლიძე

 

დატოვეთ კომენტარი