ანა რეხვიაშვილი: „თუ ოქრუაშვილი დამნაშავეა, მეც დამნაშავე ვარ!“

„თუ 2015 წლის 13 ივნისს ახალგაზრდობა ბუნებრივ სტიქიას ებრძოდა, წელს, 20 ივნისს, ახალგაზრდები პოლიტიკურ სტიქიას შეებრძოლნენ და საკუთარი ქვეყნის ღირსება დაიცავეს! ამიტომ 20 ივნისის შემდეგ სრულიად ახალი პოლიტიკური პროცესი დაიწყო“, _ აცხადებს ანა რეხვიაშვილი, რომელიც „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და, ზოგადადაც, ქართული პოლიტიკის სრულიად ახალი სახეა.

მართალია, პოლიტიკა უცხო ნამდვილად არ არის _ წლების განმავლობაში ევროსტრუქტურებში მოღვაწეობდა, ამასთან, დედამისი, ნესტან კირთაძე, ცნობილი პოლიტიკოსია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა ანამ პოლიტიკაში ჩართვა მაინცდამაინც ახლა და მაინცდამაინც ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად? _ „ქრონიკა+“-მა ანასთან საუბარი, რა თქმა უნდა, ამ თემით დაიწყო.

_ ანა, პოლიტიკაში ერთობ რთულ დროს ჩაერთეთ და პირდაპირ ორომტრიალში აღმოჩნდით. ირაკლი ოქრუაშვილის გვერდით დადგომა რატომ გადაწყვიტეთ?
_ მე, თქვენ და ირაკლიც, პრაქტიკულად, ერთი თაობის წარმომადგენლები ვართ.
_ დიახ, ასეა.
_ ყველაფერი, რაც აქამდე იყო, ერთად ვნახეთ და გავიარეთ, ამიტომ მინდა, რომ საქართველოში პოსტრევოლუციურ ვითარებას, ასევე მაშინდელ ლიდერებს თვალი გავუსწოროთ და სწორად შევაფასოთ.
_ კარგი, შევაფასოთ.
_ მაშინდელი ლიდერებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ირაკლი ოქრუაშვილი გახლდათ, რომელიც, ალბათ, დამეთანხმებით, რომ მხოლოდ ლიდერი არ იყო, ანუ იმ დროის საქართველოში, თავისი მკაცრი ხასიათითა თუ პრინციპულობით, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი იყო, თუმცა ყველაფერ ამის მიუხედავად, მაშინაც ვაღიარებდი და ახლაც ვაღიარებ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკოსია.
სხვათა შორის, პირადად თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვანი წლები უცხოეთში გავატარე და ზუსტად ვიცი, საქართველოში მაშინ განხორციელებული რეფორმების გამო დასავლეთი როგორი აღტაცებულიც იყო. ამ რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმახორციელებელი კი სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი გახლდათ.
_ შეიძლება, მაგრამ, ანა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს რეფორმატორი ოქრუაშვილი ჯარისკაცებს აგინებდა, თქვენი მოგებული ომის დედაცო. ასევე ისიც გვახსოვს, ოკუპანტ რუსეთს ფეკალიებით რომ ემუქრებოდა და, პარალელურად, იქადნებოდა, ახალ წელს ცხინვალში შევხვდებითო. ამასაც თავი რომ დავანებოთ, ოქრუაშვილი ის პირველი რევოლუციონერი იყო, რომელმაც ძალადობის დამკვიდრება დაიწყო _ ჯერ იყო და, ბორდელში შევარდა, მერე _ ბონდო შალიკიანის სახლში. მოკლედ, შეიძლება, უკანონობას ებრძოდა, მაგრამ უკანონობასთან ძალადობით ბრძოლა ნორმალურია?
_ სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ ამ კითხვას დამისვამდით და ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ პოსტრევოლუციური პერიოდი იყო და ის ლიდერებიც რევოლუციის პროდუქტები იყვნენ! საერთოდ, რევოლუცია კონსტიტუციიდან გასვლაა, ანუ რევოლუციის დროს საუბარი კანონებზე კი არა, იდეების გარშემო შექმნილ სიტუაციაზეა. შესაბამისად, ეს ადამიანებიც რაღაც პოსტრევოლუციურ ეიფორიაში იმყოფებოდნენ და, ცხადია, გადაცდომებიც იყო და ძალადობაც… რასაც ახლა გეტყვით, არ ვიცი, ვისთვის მისაღები იქნება და ვისთვის _ არა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი კითხვის მიუხედავად, ამ ადამიანებმა შეძლეს, რომ პოსტსაბჭოთა „გრუზია“ თანამედროვე ევროპულ „ჯორჯიად“ ექციათ! დიახ, მათ თანამედროვე ევროპული სახელმწიფო შექმნეს და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია!
_ ანა, პოსტსაბჭოთა „გრუზია“ ევროპულ „ჯორჯიად“ „ვარდოსნების“ ხელისუფლებამ აქცია. ჩვენ კი ოქრუაშვილზე ვსაუბრობთ.
_ ოქრუაშვილი იმ ხელისუფლების ნაწილი და, წეღანდელი თქმისა არ იყოს, რევოლუციონერებს შორის ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერი იყო!
ისე, არ ვიცი, საზოგადოებამ იცის თუ არა, მაგრამ შს სამინისტროში ვმუშაობდი.
_ ოქრუაშვილის მინისტრობის დროს?
_ არა, არა, გიორგი მღებრიშვილის დროს და შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პატრულის რეფორმაა, რომელიც ვანო მერაბიშვილს მიეწერა, თუმცა ეს ტყუილია! პატრულის რეფორმა სწორედ ოქრუაშვილის შს მინისტრობის დროს გატარდა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ინსტიტუციით საქართველომ მომავლისკენ ყურება და იქიდან გამოსვლა დაიწყო, სადაც მანამდე ვიყავით!
მოკლედ, თუ ყველაფერ ამას სწორად განვსჯით, ჩემი არჩევანი ძალიან მკაფიო და პრინციპულია _ მეც და, ზოგადად, ოქრუაშვილის ყველა თანაგუნდელმა ზუსტად იცის, რომ ეს ახალი საქართველოს პოლიტიკური პროცესია და ამ ავანგარდში ჩვენ ოქრუაშვილთან ერთად ვდგავართ!
_ ანა, ვის გვერდით იდგებით, ეს, რასაკვირველია, თქვენი არჩევანია, მაგრამ წეღან თქვით, ოქრუაშვილმა და, ზოგადად, „ვარდოსნებმა“, პოსტსაბჭოთა „გრუზია“ ევროპულ „ჯორჯიად“ აქციესო. ამაში სიმართლის მარცვალი არის, მაგრამ 2010 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ ფარული ჩანაწერები გაავრცელა, რომლითაც გამოიკვეთა, რომ „ოქროს“ რუს სამხედროებთან პირდაპირი თუ ირიბი კავშირი ჰქონდა. ამასთან, ისიც ცნობილია, რომ პარიზში ცხოვრების დროს თქვენი ლიდერი რუსული ტელეარხების ხშირი სტუმარი იყო. ყველაფერ ამაზე რა პასუხი გაქვთ?
_ ყველაფერ ამას სიღრმეში არ ჩავყვები.
_ რატომ?
_ ოქრუაშვილის ყველა შეცდომას ვაღიარებ, მაგრამ სწორედ წარსულზე ჩაბღაუჭება მომავლისკენ სიარულის საშუალებას არ გვაძლევს, ანუ თუ მხოლოდ წარსულზე ვილაპარაკებთ, ისევ იქ მივალთ, საიდანაც დავიწყეთ, თან იმაზეც შევთანხმდეთ, რომ არც ერთი პოლიტიკოსი ფრთიანი ანგელოზი არ არის და ვერც იქნება! აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანი ძალიან ხამამაღალი ან ხმადაბალი შეცდომებით მოვდივართ, თუმცა გითხარით და კიდევ გეუბნებით: პირადად ჩემთვის ამოსავალი წერტილი ის იყო და არის, რომ ამ ადამიანებმა, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილმაც, რომელიც თაფლი და მურაბა ნამდვილად არ არის, ჩემი ქვეყნის რეალობა შეცვალეს. ამიტომაც მე იქ ვარ, სადაც ჩემი ქვეყნის მომავალია და არა _ წარსული!
კიდევ ერთ რამეს გეტყვით: ოქრუაშვილი, სხვა დანარჩენი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ის იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც ზუსტად იცის, თავისმა პოლიტიკურმა ბედმა რა ამოცანებისა და პასუხისმგებლობის წინაშე დააყენა!
_ კეთილი, მაგრამ ოქრუაშვილმა ერთ მდინარეში შესვლა მეორედ გადაწყვიტა, ანუ 2007 წლის მსგავსად ინგა გრიგოლიას სკანდალური ინტერვიუ მისცა და რამდენიმე დღეში დააპატიმრეს. ახლა გრიგოლიას ეთერში წარმოუდგენელი ამბები გამოამზეურა და სამართალდამცველებმაც მიაკითხეს. მოკლედ, ბევრს და, მათ შორის, მეც პოლიტიკური დეჟავიუს განცდა გაგვიჩნდა.
_ იცით, რა ხდება? _ ყველაფერი ეს მთლად იგივე არ იყო, თუმცა ჩემი გადასახედიდან ოქრუაშვილმა ივანიშვილი, ღარიბაშვილი, შოთაძე და სხვა ადამიანები ამხილა, ანუ ისევ იქ მივდივართ, საიდანაც დავიწყეთ: ხელისუფლებაში ისინი მოვიდნენ, რომელთა იმედიც მთელ საქართველოს ჰქონდა, მაგრამ მაღალჩინოსნები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც 2012 წლამდე. აქედან გამომდინარე, ოქრუაშვილის გულწრფელ აღიარებას თუნდაც იმიტომ მივესალმები, რომ ყველაფერი ის, რაზედაც ილაპარაკა, სხვა დროს აღარ განმეორდეს!
ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას, ვფიქრობ, რაღაც დოზით ირაკლი ოქრუაშვილის რეაბილიტაციაა!
_ სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რეაბილიტაცია რა შუაშია. ამასთან, ყველამ ვიცოდით, რომ დაჭერა გარდაუვალი იყო და, საინტერესოა, საფრანგეთიდან რატომ დაბრუნდა?
_ ეს ოქრუაშვილის დაგეგმილი ვიზიტი იყო, ანუ განაცხადა, ამ დროს მივდივარ და ამ დროს უკან დავბრუნდებიო. ამასობაში, შეუთვალეს, საქართველოში არ ჩამოხვიდე, თორემ დაგიჭერთო. სხვათა შორის, ირაკლი საფრანგეთში რომ წავიდა, სოციალურ ქსელში ვიღაცები წერდნენ, აი, გაქცეული ლიდერიო, მაგრამ ოქრუაშვილი გაქცეული არ იყო და, როგორც თქვა, დაბრუნდა, თუმცა დაბრუნებამდე ორი დღით ადრე მისი დაცვის წევრი დააპატიმრეს, რაც პირდაპირი პროვოცირება იყო.
_ რისი?
_ იმისი, რომ ან მისი ჩამოსვლა დაეჩქარებინათ, ან საერთოდ არ ჩამოსულიყო და მერე ეთქვათ, აი, ხედავთ, აღარ დაბრუნდაო. სხვათა შორის, ამ თემაზე გვისაუბრია და ოქრუაშვილმა იცოდა, რომ მისი დაჭერის რისკი არსებობდა _ ივანიშვილის მიმართ შეურიგებლობას თავი რომ დავანებოთ, „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით მოცემულობა სწორედ მან ამოატრიალა.
მოკლედ, საქართველოში ჩამოსული ოქრუაშვილი სასამართლოში მიდის, სადაც მეც ვიყავი და გამოკითხვა ზუსტად 15 წუთი გრძელდება. ისე, თუ საჭირო იყო, შეეძლოთ, იქვე დაეკავებინათ, მაგრამ გამოკითხვაზე კონკრეტული არაფერი ყოფილა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ვითარება შეიცვალა.
საერთოდ, როცა ამ თემებზე ვსაუბრობთ, ყველაფერი დეტალურად უნდა გავიხსენოთ, ანუ ჯერ პირდაპირი და დაუფარავი შეტევა ანაკლიის პორტზე განხორციელდა, ერთი დღის შემდეგ კი დარტყმა „რუსთავი 2-ზე“ მიაქვთ და უცებ, ოქრუაშვილს აპატიმრებენ.
_ ე. ი., ანა, ამ სამ მოვლენას შორის კავშირს ხედავთ?
_ რა თქმა უნდა.
_ ნება მომეცით, არ დაგეთანხმოთ, რადგან იგივე ანაკლიაზე შეტევა 20 ივნისის მოვლენებამდე დაიწყო. ოქრუაშვილს კი სწორედ იმაში სდებენ ბრალს, რომ „გავრილოვის ღამეს“ ჯგუფურ ძალადობასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდა.
_ კი ბატონო, ანაკლიაზე შეტევა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მაგრამ კრიზისი ბოლო დროს გაღრმავდა _ ხაზარაძე-ჯაფარიძე პორტს ჩამოაშორეს. პარალელური დარტყმა განხორციელდა „რუსთავი 2-ზე“, ანუ იმ ტელეკომპანიაზე, რომელიც ანაკლიის პროექტის პირდაპირი ლობისტია.
_ ანა, მომიტევეთ, მაგრამ ფაქტები არ დავამახინჯოთ, ანუ იმის თქმა მინდა, რომ „რუსთავი 2-ზე“ შეტევა „ოცნებამ“ კი არ მიიტანა, გადაწყვეტილება ევროსასამართლომ გამოიტანა.
_ გასაგებია, მაგრამ ისიც ხომ ვნახეთ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან ზუსტად ერთ საათში რაც მოხდა _ ხალვაში რაღაც თავის უფლებებს იბრუნებს. პარალელურად, ცნობილი ხდება ე. წ. ოქრუაშვილისა და „რუსთავი 2“-ის ქეისი, რომელზეც სარჩელი შევიტანეთ და რამაც რეალობა ამოატრიალა. მოკლედ, მთელი აურზაური დაიწყო _ ხალვაშის ხელმოწერაზე სამი ექსპერტიზის დასკვნა გვიჭირავს, რომელიც მოწმობს, რომ ხელმოწერა ნამდვილია. ისიც ზუსტად ვიცით, რომ ამ ხელმოწერის ნამდვილობაზე სამხარაულს დასკვნა აქვს, მაგრამ არ ასაჯაროებს, რადგან მასზე ორმაგი წნეხია, ანუ ერთი წნეხი ხელისუფლებისაა, მეორე კი _ კანონის. თვაურმა ზუსტად იცის, რომ გაყალბებული დასკვნა სისხლის სამათლის კოდექსით ისჯება.
_ ანა, მთელ ამ ამბავში, ჩემი აზით, კიდევ ერთი საკანონმდებლო კაზუსია, კერძოდ, იგივე ბრალდება ნიკა მელიასაც წაუყენეს, რომელიც არ დააპატიმრეს და სამაჯური აკმარეს, ოქრუაშვილი კი ციხეში გაუშვეს. ამას რით ხსნით?
_ ხელისუფლება ამას ვერაფრით გაამართლებს და დროის გაყვანას ცდილობს, ანუ იმ მასალებში, რაც წარმოადგინა, მხოლოდ რაღაც წითელი ისარი ჩანს. გამოძიება ამბობს, ოქრუაშვილი პარლამენტთან 30-კაციანი რაზმით იყო მისულიო. არადა, ამ „რაზმში“ ჩვენც ვართ _ ათი ადამიანი. დიახ, ჩვენ, ყველანი პარლამენტის წინ დილის 7 საათამდე ვიყავით. შესაბამისად, თუ ოქრუაშვილი დამნაშავეა, მეც და ყველა სხვა ადამიანიც, ვინც იქ იდგა, დამნაშავეა!
ერთი სიტყვით, გამოძიებას არაფრისმთქმელი ვიდეოს გარდა არაფერი აქვს. ასევე არსებობს სამართალდამცველთა შეთითხნილი ჩვენებები და ეს ჩვენებები, როგორც გავიგეთ, 24 ივნისსაა მიცემული. ყველაფერ აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ჩიხშია. სხვათა შორის, იმის შესახებ, რაც შიგნით ხდება, ინფორმაციაც გვაქვს. ამიტომ აგონიაში არიან და ცდილობენ, როგორმე დრო გაწელონ, თან „რუსთავი 2-ის“ საქმეც გაუგონარ კრიზისში შედის და ზუსტად ვიცი, ეს კრიზისი ეკრანის ჩაქრობით და „რუსთავი 2-ის“ დახურვით დამთავრდება! ამასობაში კი ეკონომიკა თავზე გვემხობა და ყველაფერი ეს ლოგიკურად ვერ გაგრძელდება.
_ „გამარჯვებულ საქართველოში“, როგორც ცნობილია, საერთაშორისო ურთიერთობებს კურირებთ. ანა, უცხოელი პარტნიორები ოქრუაშვილის დაჭერაზე რას ამბობენ?
_ ცუდი დროა _ დიპლომატიური კალენდარი იმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ მობილიზებულად ყველა დავაყენოთ ფეხზე, მაგრამ სტრატეგიული გეგმა შევიმუშავეთ და დაგეგმილი გვაქვს, რომ საქმის კურსში ჩავაყენოთ სტრასბურგი, ბრიუსელი, ვენა და ვაშინგტონი, ანუ დადასტურებული თარიღები უკვე გვაქვს, როცა ყველაფერი ეს საერთაშორისო თანამეგობრობამდე მივა, მაგრამ ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ დიპლომატებს ძალიან ბევრი კითხვა აქვთ და ყველა იმაშია დარწმუნებული, რაშიც საქართველოს მთელი საზოგადოება, ანუ ოქრუაშვილი ივანიშვილის პირადი მძევალი და პატიმარია!
_ ივანიშვილს ოქრუაშვილის მძევლად აყვანა რისთვის სჭირდება?
_ არ ვიცი, ეს შეიძლება, მისი აგონიით ან შიშით არის გამოწვეული!
_ ისე, ანა, გამორიცხავთ, რომ ისტორია ისევ განმეორდეს და ოქრუაშვილმა, რომელსაც პოლიტიკურ პატიმრად აცხადებთ, 2007 წლის მსგავსად, საკანში აღიარებითი ჩვენება მისცეს და ყველაფერი, რაც თქვა, უარყოს?
_ დიახ, ამას სრულიად გამოვრიცხავ!
სხვათა შორის, რისკები და ხიფათები არსებობს და ჩვენც ყველანაირ ვერსიას განვიხილავთ, მაგრამ ამის მიუხედავად, ის, რაც 2007 წელს ვიხილეთ, გამორიცხულია! ირაკლი ოქრუაშვილი ყველანაირ წნეხს გაუძლებს იმიტომ, რომ დღეს აბსოლუტურად სხვა რეალობა და მოცემულობაა!
_ სოციალურ მედიაში, როგორც თვალი მოვკარი, დაიწერა, საპყრობილეში ოქრუაშვილი შესაძლოა, მოწამლონო. თქვენც ამ ხიფათზე მიანიშნებთ?
_ დეტალურად არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს რიგითი სისხლის სამართლის საქმე არაა, არც ოქრუაშვილია რიგითი პატიმარი და ამიტომ შესაძლებელია, რომ ნებისმიერი სურათი განვითარდეს. შესაბამისად, როგორც კი გავიგეთ, რომ პატიმრობაში დატოვეს, სახალხო დამცველს შევხვდით, რომლის წარმომადგენლებმაც ირაკლი იმავე ღამეს მოინახულეს… ხიფათებზე ინფორმაცია შიგნიდანაც გვაქვს.
_ ანუ ხელისუფლებისთვის ოქრუაშვილი უფრო საშიშია, ვიდრე _ მელია?
_ ნიკა მელიას მიმართ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივისცემას გამოვხატავ _ მისი შინაპატიმრობა იგივე ციხის ტოლფასია, ანუ ასეთი ენერგიული პოლიტიკოსი პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორებულია, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილთან ყველაფერი „რუსთავი 2-ის“ ქეისმა გაამძაფრა.
_ ცნობილია, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ჰოდა, შექმნილი ვითარებიდან ოქრუაშვილი და, შესაბამისად, ხელისუფლებაც როგორ უნდა გამოვიდეს?
_ დიახ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. საერთოდ, ირაკლი ოქრუაშვილი დამოუკიდებლად არ განიხილება და იგივე დიპლომატიურ კორპუსს ყველა პოლიტპატიმრის ქეისზე ველაპარაკებით, ანუ მთავარია, ეს ადამიანები ციხიდან როგორმე განთავისუფლდნენ და ხელისუფლებამ თავისი ფარსი გამოძიება ისე გააგრძელოს. მოსამართლემ და პროკურორმა, თავიანთი უსუსურობა რომ დაეფარათ, ჯერ პროცესი დახურეს, მერე კი ის გადაწყვეტილება გამოიტანეს, რომელიც წინასწარ ყველასთვის ცნობილი იყო. არ ვიცი, ასეთი რამ ადამიანმა როგორ უნდა აიტანოს და მოითმინოს!
ზოგადად, ხელისუფლებას, ადრე თუ გვიან, მხოლოდ იმის კი არა, რომ პოლიტპატიმრები ჰყავს, არამედ სხვა ბევრი რამის აღიარება მოუწევს.
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ?
_ ქვეყანაში არსებული კრიზისი უფრო და უფრო გაღრმავდება და გამწვავდება. დიახ, ქვეყანა ჩიხშია და ყველაფერი თავზე ჩამოგვენგრევა, მაგრამ ვიმედოვნებ, ხელისუფლებაშიც არის ისეთი ვინმე, ვინც გონს მოეგება!
_ ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო. ჰოდა, ყველაფერი ეს, რაზედაც ვსაუბრობთ, ოქრუაშვილსა და მის „გამარჯვებულ საქართველოს“ ე. წ. მესამე ძალად ხომ არ აქცევს?
_ ასე არ განვიხილავ, მესამე ძალა ვინმე გახდება თუ არა, მაგრამ „გამარჯვებული საქართველოს“ პრეზენტაცია 16 ივნისს იყო და თვე-ნახევარში ოქრუაშვილი ხელისუფლებისთვის საშიში გახდა! ამას, არ მგონია, კიდევ რამის დამატება სჭირდებოდეს. ამ ქვეყნისთვის ირაკლი ოქრუაშვილის საჭიროება საზოგადოებამ, მგონი, ძალიან კარგად დაინახა და მომავალში კიდევ უფრო მეტად დაინახავს!
_ „გამარჯვებული საქართველო“ საშიში მხოლოდ ხელისუფლებისთვისაა თუ ოპოზიცის ნაწილისთვისაც?
_ არ ვიცი… საშიშს ვერ ვიტყვი, თუმცა ოპოზიციისთვის „გამარჯვებული საქათველო“, ალბათ, უფრო გამოწვევაა. სხვათა შორის, ოპოზიციის ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს _ 24 საათი თანამშრომლობის რეჟიმში ვართ, თუმცა თუ შორს წავედით, არავინ იცის, რა იქნება.
_ „შორს წასვლაში“ რას გულისხმობთ?
_ თუნდაც არჩევნებს, თუმცა მანამდე დიდი დროა. დღეს კი ოპოზიციას მადლობას ვუხდი, რადგან ამ დღეებში სრულ თანადგომას ვგრძნობთ!
_ თანადგომას ბოკერიას გუნდისგანაც გრძნობთ?
_ ყოველ შემთხვევაში, ბოკერიამ და უგულავამ განცხადებები გააკეთეს, რაც ოქრუაშვილის მიმართ სოლიდარობის დასტურია.
_ ანა, ემოციების გარეშე რომ მიპასუხოთ: „რუსთავი 2“ იმად ღირდა, რომ ოქრუაშვილი ციხეში წასულიყო?
_ რა თქმა უნდა. საერთოდ, ყველაფერი ღირს, როცა საქმე თავისუფალ სიტყვასა და ქვეყანას ეხება! „რუსთავი 2-ის“ დახშობით თავისუფალი სიტყვა იხშობა!
„რუსთავი 2“ ერთადერთ შემთხვევაში არ ჩაქრება _ თუ თავის რეალურ მესაკუთრეს, ირაკლი ოქრუაშვილს დაუბრუნდება, რომელიც „რუსთავი 2-ს“ არ განიხილავს, როგორც კომერციულ და ბიზნესკომპანიას, არამედ როგორც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტსა და პლატფორმას.
მეტიც, ირაკლი ოქრუაშილმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ „რუსთავი 2-ის“ დაბრუნებისთანავე მას საკუთრებაში „რუსთავიორელებს“ გადასცემს, როგორც საზოგადოებრივ სიკეთეს, რომელიც კვლავ გააგრძელებს თავისუფლების მედროშეობას საქართველოსა და, საერთოდ, მთელ რეგიონში!
_ კი ბატონო, „რუსთავი 2“ ფლაგმანია, მაგრამ ამ ქვეყანაში თავისუფალ სიტყვას ვერავინ ჩაახშობს, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არსებობს „ქრონიკა+“! მოკლედ, პოლიტიკური ვერტიკალი, მგონი, შეცდომას უშვებს, როცა თავისუფალი სიტყვის დამცველად მხოლოდ ერთ მედიასაშუალებას აცხადებს!
_ პოლიტიკური ვერტიკალი დიფერენციაციას ყოველთვის ახდენს. უბრალოდ, „რუსთავი 2“ მუდამ ყურადღების ქვეშ იყო და ეს საქმე გახმაურებულია! ისე, მე თუ მკითხავთ, „რუთავი 2-მა“ თავისი რესურსი ამოწურა, ანუ ის საქმე შეასრულა, რაც უნდა შეესრულებინა, თუმცა, რა თქმა უნდა, მივესალმები, რომ ამ არხმა ფუნქციონირება ისე გააგრძელოს, როგორც აქამდე ფუნქციონირებდა!
_ ბოლოს, ანა, როგორ ფიქრობთ, საქართველო გაიმარჯვებს?
_ დღეს საქართველოს სინდისი, სამწუხაროდ, არც ერთი პიროვნება არაა, მაგრამ, საბედნიეროდ, დღეს საქართველოს სინდისი ივნისის თაობაა, ორივე ივნისს ვგულიხმობ _ 13-საც და 20-საც. თუ 13 ივნისს ახალგაზრდობა ბუნებრივ სტიქიას ებრძოდა, 20-ში ახალგაზრდები პოლიტიკურ სტიქიას შეებრძოლნენ და საკუთარი ქვეყნის ღირსება დაიცვეს! ამიტომ 20 ივნისის შემდეგ სრულიად ახალი პოლიტიკური პროცესი დაიწყო. ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი დღეც სწორედ ეს არის!

გიორგი აბაშიძე