ენერგოდამოუკიდებლობა _ მითი თუ რეალობა, ინვესტიცია თუ საფრთხე?

რამდენად სჭირდება საქართველოს ჰესების აშენება და რეალურად შეგვიძლია თუ არა ალტერნატიული ენერგოწყაროებიდან მოვიპოვოთ ენერგოდამოუკიდებლობა?
„ქრონიკა+“-ის კითხვებს იურისტმა დიმიტრი ტორაძემ უპასუხა:

_ ბ-ნო დიმიტრი, თქვენ ხშირად ამბობთ, რომ საქართველოში აუცილებელია ჰესების მშენებლობა, თუმცა მოსახლეობას ეშინია, რომ ჰიდროელექტროსადგურები არა ენერგოდამოუკიდებლობისა და პროგრესის მომტანია, არამედ ბუნების განადგურებას ემსახურება და ხალხის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. განვუმარტოთ ჩვენს მკითხველს, რატომ ფიქრობთ, რომ ჰესების მშენებლობა აუცილებელია?
_ ჰესების მშენებლობა ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. „ეროვნული მოძრაობის“ გარიჟრაჟზე სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა და ვხედავდი, ვინც პოლიტიკაში იმკვიდრებდა ადგილს, ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. მესმოდა, რომ ეს ეკოლოგიურ კატასტროფას იწვევდა. იმ დროს მეც მეჩვენებოდა, რომ ისინი ეროვნულ საქმეს აკეთებდნენ. ამის შემდეგ ამ მიმართულებით საერთაშორისო პროექტებზე მუშაობა მომიწია, ვიყავი ადგილობრივი ექსპერტი იურიდიულ დონეზე და იურიდიული საკითხების კვლევის დროს ყველა ტექნიკურ საკითხს ვეხებოდი. აღმოვაჩინე, რომ, რეალურად, ყველაფერი სხვაგვარად იყო, _ ჰესები, ეს არის განახლებად ენერგიაზე მომუშავე საინჟინრო ნაგებობა, რომელსაც შემდეგ სხვა მნიშვნელოვანი ბენეფიტები მოყვება. ავიღოთ ენგურჰესი: გარდა იმისა, რომ ის ელექტროსადგურია, მას ასევე შეუძლია სეზონური წყალტევადობის შენარჩუნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის რაღაც რაოდენობის წყალს აკავებს და შემდეგ იყენებს, როცა წყალუხვობა უკვე აღარ არის. რატომ გააჩერეს ნამოხვანჰესის მშენებლობა, არავინ არ იცის… მნიშვნელოვანია ასეთი ობიექტების მშენებლობა. ჰესებს პირიქით, სტიქიის პრევენციაც შეუძლია. აბსოლუტურად ყველა ის ექსპერტი, ვინც აცხადებს, რომ თითქოს ჰიდროელექტროსადგურს ქვეყნისთვის ეკოლოგიური ზიანი მოაქვს, მათი კომპეტენცია, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა.
_ თუმცა რისკებსაც ვერ გამოვრიცხავთ, რომელიც, რეალურად, ნამდვილად შეიძლება იყოს საფრთხე…
_ ეს დათვლადი რისკებია და ყველაფერი, რაც დათვლადია, შესაძლებელია მისი პრევენციაც. საქართველოში რასაც „სარკის ზედაპირს“ ეძახიან, ანუ რასაც წყალი იკავებს, იმდენად პატარა მოცულობისაა, რომ არანაირ რისკს არ წარმოქმნის. უმეტესად გვაქვს ხეობები და რეალურად იქ ვაკეთებთ საინჟინრო ნაგებობებს, კეთდება წყლის რეზერვუარი და, ასე ვთქვათ, შემდეგ დანარჩენი წყალი უნდა მივმართოთ კალაპოტში. თუ სწორად დაგეგმარდება, რა თქმა უნდა, ეკოლოგიურ კატასტროფას არ გამოიწვევს და ვიმეორებ, ეკონომიური ეფექტიანობის მომტანიც იქნება. მეტიც: შეიძლება, რაღაც მოცულობის ხე-ტყე გაიჩეხოს, თუმცა ისიც კი რეგენერაციას განიცდის წყალსაცავის ირგვლივ განვითარების პირობებში და უკეთეს ტყეს ვღებულობთ.
ის ექსპერტები, რომლებიც საწინააღმდეგოს აცხადებენ და ადამიანები, ვინც მათ უჯერებს, არც ერთი მათგანი არ არის ნამყოფი შვეიცარიაში. კარგი, ბატონო, ანანურში წავიდნენ და იქ ნახონ, დააზიანა თუ არა გარემო წყალსაცავმა?! პირიქით, უფრო ლამაზი ლანდშაფტი შექმნა, ბუნება აბსოლუტურად მიმზდიველია არა მარტო იმ საქმისთვის, რისთვისაც აშენდა, არამედ ტურიზმის განვითარებისთვის არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა შექმნა. საქართველოში ჰიდრორესურსების მხოლოდ 20%-ია ათვისებული, შვეიცარიაში კი 80%-მდეა და მინდა, რომ საქართველოც ისე განვითარდეს, როგორც _ შვეიცარია.
_ იგივე ექსპერტები ხშირად მიანიშნებენ, რომ საქართველოში არის ძველი ჰესები, რომლებსაც განახლება ესაჭიროება…
_ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი არ უნდა აშენდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, მათი კომპეტენცია ძალიან საეჭვოა და იცით, რატომ? _ ფაქტია, საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, მხოლოდ ბოლო სამი თვის მონაცემებით ეს ზრდა, დაახლოებით, 5%-ია და 10 წელიწადში ჩვენი გამომუშავებული სისტემის ნახევარი იქნება. საქართველოში ენერგოსისტემა დეფიციტურია, დღეს შეიძლება არ გვაქვს დეფიციტი, მაგრამ ზამთარში უარეს დღეში ვიქნებით. ბოლო სამმა წელიწადმა გვიჩვენა, რომ ენერგიის მოხმარება სტაბილურად მზარდია და ჩვენს სისტემას აუცილებლად სჭირდება მეტი გასტაბილურება.
_ ხშირად აპელირებენ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე, რაც ნაკლებად აბინძურებს გარემოს. ენერგიის ალტერნატიული წყაროების რა რესურსი გვაქვს, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია?
_ პირველ რიგში ავიღოთ ქარის ენერგია: ჩვენ უკვე გვაქვს 21-მეგავატიანი სისტემა გორში და სამასიანი შენდება საჩხერეში. ეს კარგია, მაგრამ მისი მოცულობა არ შეიძლება, საერთო ენერგოსისტემაში ძალიან დიდი იყოს. და თუ ქარი არ იქნება ერთ დღეს, რა ვქნათ? იგი არასტაბილურია, ეს შეიძლება იყოს სისტემის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ არა ძირითადი. იმისთვის, რომ სისტემა ძლიერი გქონდეს და ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა იყო, სისტემის გენერაცია უნდა ხდებოდეს განახლებადი ენერგიებით და ჩვენ ამის უდიდესი პოტენციალი გვაქვს. ძალიან იოლი სათქმელია, რომ არ გვინდა კომუნისტური წარსული, კი ბატონო, არ გვინდა, მაგრამ დღეს ვართ სწორედ კომუნისტურ წარსულში და თუ იმ წარსულიდან შეგვიძლია მივიღოთ ის სასარგებლო ეკონომიკური ნაწილი, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ? ღვთის მადლით საქართველოს ჰიდრორესურსი შესწავლილია, აბსოლუტურად ყველა მდინარე გამოკვლეულია. გასაგებია, შეიძლება იფიქრო, რომ იმდროინდელ რუსეთს არ აინტერესებდა ჩვენი ეკოლოგია, მაგრამ რაც მთავარია, ჰიდრორესურსები გვაქვს შესწავლილი და მოდი, გააკეთე დღეს შენ მისი სეგრეგაცია, გამოყავი ის, რაც ეკოლოგიას მეტად აზიანებს და მოიხმარე ის დანარჩენი, რაც ხელს შეუწყობს ენერგოდამოუკიდებლობას და ამაზე უარის თქმა შეიძლება?! თუ რომელიმე ექსპერტი ამაზე იტყვის, არ გავაკეთოთო, ე. ი. მას არ ესმის საქმის არსი! დღეს ყველაფერი მიბმულია ეკონომიკაზე, ენერგეტიკა კი ყველაფრის მამოძრავებელი ძალაა და ჩვენ ეს გვჭირდება, არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვაზე, თუნდაც იმიტომ, რომ უნდა გავიხსენოთ, რა მდგომარეობა გვაქვს რუსეთთან და აზერბაიჯანთან!
წელს თურქეთმა ყველაზე დიდი თაღოვანი კაშხლის მშნებლობა დაიწყო, ალბათ კავკასიაში ყველაზე დიდი, ენგურზეც საკმაოდ დიდი და ერთი კვირა ზეიმობდნენ. ის დღე კი, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, სამუდამოდ გამოაცხადეს დასვენების დღედ, რომ ასეთი პროექტის განხორციელება დაიწყეს და ჩვენ კიდევ იმას ვამბობთ, ეს არ უნდა გვქონდეს და არ უნდა გავაკეთოთ?! არადა, საქართველოში ამის გაკეთება ბევრად იოლია, რადგან ყველაფრის რესურსი გვაქვს, შესწავლილია ყველაფერი, თუ სად რა და როგორ გაკეთდეს. დამუშავებულია საინჟირნო პროექტები, დასკვნები, კვლევები მზად გვაქვს. ავიღოთ ახლა ესენი და გადავარჩიოთ, ეკოლოგიურად რა იქნება ნაკლები ზიანის მომტანი და ა. შ.
არც ერთზე უარის თქმა არ შეიძლება! საქართველოში არსებობს კანონი განსახლების შესახებ და ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან სიკეთე, რასაც ის მოიტანს, ისევ ჩვენზე აისახება და რაც ყველაზე მნიშნველოვანია, _ მომავალზე.
_ თუმცა, გარკვეულწილად, მაინც ვერ ავუვლით გვერდს ჰესების მშენებლობით გამოწვეულ საფრთხეებს, რომელზედაც საუბარია ჩვენს საზოგადოებაში – უამრავი მითი არსებობს და კონკრეტულად მინდა მიპასუხოთ, რა არის მითი და რა არის რეალობა?
_ მითია სოფლების გაქრობა, მაგრამ თუ საუბარია დიდ, მძლავრ ჰიდროელექტროსადგურზე, შესაძლებელია გააქროს ერთი სოფელი. სწორედ ამ პრობლემის ალტერნატივაა საქართველოში განსახლების კანონის არსებობა, მოსახლეობის კომპენსაცია სასამართლოს წესით. ეს არ არის ჩემი აზრი და ჩემი შეთავაზება, არამედ ამ საკითხზე ევროკონვენციები არსებობს. მოსახლეობისადმი შეთავაზება აუცილებლად ღირსეული და შესაბამისი უნდა იყოს. მაგრამ ის კი ნამდვილად მითია, რომ კონკრეტული მდინარე სადაც მიედინება, ყველაფერს გაანადგურებს. არაფერს ანადგურებს! _ პირიქით, ყველაფერს ავითარებს, რადგან მას სჭირდება ბევრი მომსახურე პერსონალი, კვალიფიციური მუშახელი, გადამზადების ცენტრი, განათლება, რაც ქმნის ახალ ინფრასტრუქტურებს. ჰესი რომ სტეპზე შენდებოდეს, იქ მართლა ვერ გავთვლით, რა ფართობს დატბორავს მძლავრი კაშხალი, მაგრამ საქართველოს რელიეფიდან გამომდიანრე, ჰესი შენდება ხეობებში, სადაც ყველაფერი აბსოლუტურად დათვლადია. იმიტომ მომწონს და ყველაზე მეტად ვიყენებ ხოლმე შვეიცარიისა და ავსტრიის მაგალითებს. ავსტრიაში მანქანით ვმოგზაურობდი და ამ კუთხით ყველაფერს ვაქცევდი ყურადღებას: დავინახე ძალიან ბევრი გაჩეხილი ხეობა, რომელიც ივსებოდა წყლით, ე. წ. სარკის ზედაპირით, რასაც წყალი დაიკავებს და ეს იმდენად უმნიშვნელო ფართობია, სალაპარაკოდაც არ ღირს, თითქოს რაღაც ზიანის მომტანია, პირიქით, _ ისევ და ისევ ანანურის მაგალითს მოვიყვან.
გარდა ამისა, ტყეებში მიუვალი ადგილები იხსნება და თავისუფალი ზონები ჩნდება, რაც ძალიან საინტერესო და მიმზიდველია ტურიზმის განსავითარებლად. გაუვალ ადგილებში არც ტურისტები მოძრაობენ და არც ეკონომიკური აქტივობა შეინიშნება, მაგალითად, სადმე რომ ჯიხური ჩაიდგას. სადაც ხალხი მოძრაობს, ჯიხურსაც იქ ჩადგამ და ეკონომიკურად მიმზიდველი ადგილიც ამიტომ არის ანანური, სადაც ხალხი მუდმივად მოძრაობს. წყალსაცავი აუცილებლად შექმნის იმ ზონას, სადაც ტურიზმიც განვითარდება და სხვა აქტივობები წარმოიშობა _ ეკონომიკურად აქტიურ ზონად იქცევა. წყალი ყოვლისშემძლეა, სადაც წყალია, იქ ყველაფერი ვითარდება. წყალი ვერ იქნება ზიანის მომტანი. კონტრარგუმენტად უდაბნოს მოტანა შეგვიძლია.
ზოგიერთი ამბობს, ტრაქტორი მიადგება და ლადშაფტს დააზიანებსო, რა თქმა უნდა, დააზიანებს, „სადაც ხე იჭრება, იქ ნაფოტიც ცვივა“, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში გამორიცხულია რამის დაზიანება.
_ ხშირად ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება _ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ქულებს იწერენ…
_ საქმეც ეგ არის, გენერაცია ჩვენს ხელთ არაა, რუსული კომპანიები ფლობენ და ეს ძალიან ცუდია. ენერგო დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ და ჯერ კიდევ ჩვენი ენერგორესურსების უმეტესობა რუსების ხელშია. კონცეპტუალური ხედვა უნდა არსებობდეს და იგი არ უნდა მოიცავდეს ერთ მიმართულებას. გრძელვადიანი გეგმა უნდა გვქონდეს და ეს არ უნდა იყოს ვინმეს პირადი ან პოლიტიკური ექსკლუზივი _ მოვიდა ეს მთავრობა და ეს ხედავს ასე _ არა! ეს საზოგადოებრივი ხედვა უნდა იყოს და ამიტომ სპეკულაციები უნდა დასრულდეს. თუ მე ვარ ხელისუფლებაში, შეიძლება ჰესის მშენებლობა და როცა ოპოზიციაში ვარ, არ შეიძლება? უნდა შევთანხმდეთ და დიახ, ხალხს ეშინია და უნდა ავუხსნათ. გინდა პოლიტკური სპკულაციები დაარქვი, გინდა სხვა რამე, იმის გამო, რომ არ არსებობს კონტექსტური და სწორად მიწოდებული ინფორმაცია, ამიტომაც არსებობს აპოკალიფსის შიში. როცა მოსახლეობა კითხვებს სვამს და ამ კითხვებზე არსებობს ეფექტიანი პასუხი და ეს პასუხი ხალხამდე არასწორად მიდის, აუცილებლად უნდა იმუშაოს ყველამ ამ მიმართულებით.
_ თქვენ სწორი კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება ახსენეთ. ამ შემთხვევაში ხომ არ ფიქრობთ, ის კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჰესების მშენებლობით და სახელმწიფოც ერთგვარი მხარდამჭერია მათი, რომ ქვეყანამ ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწიოს, რა უნდა გაკეთდეს, რომ თუნდაც ის შედეგი არ მივიღოთ, რაც მაგალითისთვის პანკისში ვიხილეთ?
_ ზემოთაც ვთქვი და გავიმეორებ: როცა ადრე ამ საფრთხეების შესახებ მესმოდა და საქმეში ღრმად ჩახედული არ ვიყავი, ტექნიკურად შესწავლილი არ მქონდა, მეც ვფიქრობდი, რომ პატრიოტულ საქმეს აკეთებდნენ მოწინაღმდეგეები. მოსახლეობამ არ იცის და მის ყურს ძალიან ცუდად ხვდება ეს საკითხი, იჯერებს, რომ საშინელებები დაგვემართება, ამიტომ ზუსტი ინფორმაცია უნდა მივიტანოთ მოსახლეობამდე, რადგან საზოგადოება თვითგანვითარებადია და მასაც აქვს მოტივაცია, უფრო წარმატებული გახდეს. თუ მთავრობა ფიქრობს, რომ ეს ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის კარგია და ვერ უხსნის ვერ უსაბუთებს, ეს უკვე მენეჯმენტის სერიოზული პრობლემაა. საქართველოში ბევრი კარგი სპეციალისტი არსებობს და სწორედ მათი ჩართულობით შესაძლებელია გრძელვადიანი კამპანია. მთავრობამ ეს საინტერესო ფორმატით უნდა დაუკვეთოს, გაამზადონ საინფორმაციო კამპანია, ჰქონდეთ მჭიდრო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, გადაცემები გაკეთდეს ამ თემაზე, გვაჩვენონ სხვა ქვენების მაგალითები… კარგი იქნება, თუ ჟურნალისტებსაც გაუშვებენ ავსტრიასა და შვეიცარიაში _ იქ აბსოლუტურ ისტორიას მოუყვებიან, როგორ უნდა განვითარდეს ეს სფერო, ყველაფერი შენახული აქვთ, მუზეუმებიც კი გააკეთეს, ყველაფერს ნახავენ იმ ბუნებაში რა იყო მანამდე და დღეს როგორ ვითარდება ყველაფერი. ზუსტად ის შიშები, რაც წლების წინათ მქონდა, სწორედ შვეიცარიისა და ავსტრიის ნახვის შემდეგ გამიქარწყლდა და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც მაწვეთებდნენ. ადგილზე ნახავენ, როგორ განვითარდა ბუნება, იქაც გაიჩეხა მშენებლობისას გარკვეული მონაკვეთი, მაგრამ წლების შემდეგ უკეთესი სილამაზე წარმოიშვა. შვეიცარიას რესურსების 80% აქვს ათვისებული და იგი უკვე ექსპორტიორი ქვეყანაა, გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად ურზუნველყოფილია. საქართველო კი თავისი გეოგრაფიით და ლანდშაფტით ძალიან ჰგავს შვეიცარის, ჩვენც შეგვიძლია ზუსტად იგივენაირად ავითვისოთ ჰიდროელექტრორესურსი და ინფრასტრუქტურა. იქ ნახავთ, რომ გარდა ენერგოდამოუკიდებლობისა, სხვა სიკეთეებიც ახლავს: ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავებზე საიალქნო სპორტის განვითარება, ამ წყალსაცავების ირგვლივ ტურიტული ზონებია მოწყობილი…
იქ თუ მუშაობს, ჩვენთან რატომ გვეშინია? ჩვენთანაც იმუშავებს. თუ ბუნება დავიცავით ერთი სოფლისთვის და არ დავტბორეთ, რეალურად, იმ სოფელს დენი არ აქვს და თუ აქვს, გაჭირვებით, იქ არაფერი ხდება, ერთ თეთრსაც ვერ შოულობს ხალხი და რაღაც კანონზეა დამოკიდებული, არიქა, მაღალმთიანი რაონებისთვის რამე შეღავათს დავაწესებთო, ამ დახმარებას მიიღებენ, დოტაციაზე იცხოვრებენ. ეს ხომ რეგრესია? მთავრობას ბერკეტი უნდა ჰქონდეს, მე რომ ინვესტორი ვიყო, შეიძლება, ერთი ჰესის აშენების სურვილი მქონდეს, მაგრამ როცა შენ სახელმწიფო ხარ და სახელმწიფო პოლიტიკას აწარმოებ, არ შეილძება, ერთჯერადად გქონდეს გათვლილი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ეს გრძელვადიანი მუშაობა უნდა იყოს, რათა ადამიანებს შიში მოეხსნას. დავუშვათ, დაიტბორა ერთი სოფელი და გაასახლეს, მაგრამ დანარჩენი ორი სოფელი ხომ აშენდება?
ჩვენ ჰიდროელექტროსადგურები გვჭირდება, ეს ცალსახაა! მთავრია, ხალხს ინფრომაცია სწორად მივაწოდოთ…
რატომ უნდა ვიხდიდეთ ჩვენი რესურსების პატრონები დიდ ფულს, როცა შეგვიძლია, პირიქით _ ექსპორტიორი გავხდეთ და ეკონომიკურად გავძლიერდეთ.

ლევან ქემოკლიძე